Home Blog Page 11

გამოვდივართ ინიციატივით, პუტინის, ტრამპისა და ზელენსკის სამიტი თურქეთში გაიმართოს – ერდოღანი

ანკარა ინიციატივით გამოდის, ვლადიმერ პუტინის, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამიტი თურქეთში გაიმართოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთსა და უკრაინას შორის შეხვედრას შესანიშნავი უწოდა და მიესალმა პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმებას.

„დღეს, როგორც იცით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები სტამბოლში ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაქან ფიდანის თავმჯდომარეობით შეიკრიბნენ. და ეს მართლაც ბრწყინვალე შეხვედრა იყო. შედეგად, არსებობს შეთანხმებები წინა შეხვედრაზე მიღწეულის მსგავსად, ათასზე მეტი პატიმრის გაცვლის შესახებ. პატიმრების გაცვლის გარდა, ასევე არსებობს შეთანხმებები გარდაცვლილთა ცხედრების გადაცემაზე”, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

,,ნიკა გვარამიამ გადაწყვიტა, კანონს კიდევ ერთხელ არ დაემორჩილოს”- ნინო წილოსანი

გვარამიას გადაწყვეტილება, შესაძლოა ეპატაჟურიც იყოს, რომ ვიღაცას გმირად წარმოუდგინოს თავი, მაგრამ მისი მსგავსი ანტიგმირები გმირები ვერასოდეს იქნებიან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, ნიკა გვარამიამ გადაწყვიტა, კანონს კიდევ ერთხელ არ დაემორჩილოს.

„მის ირგვლივ არაერთი ბრალდება და დანაშაულია, რაზეც გასამართლებულია. თამამი იქნება საკუთარ გადაწყვეტილებაში, რომ გირაოს ნაცვლად პატიმრობა შეეფარდოს, რადგან იცის, რომ მათი სისტემისგან განსხვავებით, პენიტენციური სისტემა შევქმენით, სადაც ადამიანი ღირსეულად თვლის თავს და სათანადოდ ეპყრობიან. ამიტომ, შესაძლოა, მისი გადაწყვეტილება ეპატაჟურიც იყოს, რომ ვიღაცას გმირად წარმოუდგინოს თავი, მაგრამ მისი მსგავსი ანტიგმირები გმირები ვერასოდეს იქნებიან. მეორე მხრივ, ალბათ, პატარა დასვენებასაც მოიწყობს იმ პოლიტიკური საგიჟეთიდან, რაც მათი გადამკიდე ქუჩებში ხდება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღეს ირაკლი კობახიძემ პარლამენტს წლიურ ანგარიში წარედგინა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიურ მოხსენებაში, რომელსაც ის პარლამენტს 27 ივნისს წარუდგენს, ნათქვამია, რომ ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების ეფექტიანი კოორდინაციისთვის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების ვალდებულებებს განსაზღვრავს.

მოხსენების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, ევროპის ქვეყნებთან განხორციელდა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები.

„ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის მიზნით, დაიწყო მუშაობა ევროკომისიის 2024 წლის გაფართოების ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე. კერძოდ, მიმდინარეობს სამეწარმეო სამართლის სფეროში არსებული ორი დირექტივისა (აქციონერთა გრძელვადიანი ჩართულობის ხელშეწყობის შესახებ და სამეწარმეო სამართალში ციფრული ინსტრუმენტებისა და პროცესების დანერგვის შესახებ) და შიდა ბაზარზე მომსახურებების შესახებ დირექტივის შესწავლა, მათი საქართველოს კანონმდებლობაში შემდგომი ტრანსპოზიციის მიზანშეწონილობის დადგენის მიზნით.

ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების ეფექტიანი კოორდინაციისთვის შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების ვალდებულებებს.

შექმნილია სამართლებრივი დაახლოების ელექტრონული ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომია სახელმწიფო უწყებებისთვის და მოიცავს 600-ზე მეტ დასაახლოებელ აქტს ასოცირების შეთანხმებისა და სხვა ხელშეკრულებების ფარგლებში. ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მაჩვენებელი 50%-ს აღემატება.

ჰარმონიზებული ქართული ნორმების ევროკავშირის სამართალთან შესაბამისად გამოყენების ხელშეწყობის, ასევე სამართლებრივი განჭვრეტადობის გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს ამ ნორმებში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებების ეტაპობრივად ასახვა. ამ ეტაპზე, ხელმისაწვდომია 10-ამდე გადაწყვეტილების ამონარიდი”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში საუბარია ნატო-ზე, ამავე დოკუმენტში აღინიშნება, რომ საანგარიშო პერიოდში, გაიმართა ნატოს 75-ე წლისთავის აღსანიშნავი საიუბილეო სამიტი. „საქართველოს დელეგაციამ, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

შემუშავდა საქართველოს 2024 წლის რიგით მე-16 წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) თვითშეფასების დოკუმენტი და გაიგზავნა ნატოს შტაბ-ბინაში.

ასევე შემუშავდა 2023-2024 წ.წ. ნატო-საქართველოს ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამის (ITPP) შეფასების დოკუმენტი და გაიგზავნა ნატოს შტაბ-ბინაში. საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით ჩაერთო ნატოს აღნიშნულ პროგრამაში.

საანგარიშო პერიოდში, ევროპის ქვეყნებთან განხორციელდა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები. კერძოდ, საქართველოს, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, ეწვია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. უნგრეთის თავმჯდომარეობის დაწყებისას გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც. დამატებით, საგარეო საქმეთა მინისტრი ორჯერ ესტუმრა უნგრეთს, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიწურულს და ასევე − მარტში, როდესაც სიტყვით გამოვიდა ამბასადორიალზე. შედგა მინისტრის ვიზიტი ლუქსემბურგში და ასევე განხორციელდა მინისტრის სამუშაო ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრა ფედერალურ მინისტრთან. საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით, ესწრებოდა ვატიკანში, რომის პაპის − ფრანცისკეს დაკრძალვისა და ახლადარჩეული პაპის − ლეონ XIV-ის ინტრონიზაციის ცერემონიებს.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განახორციელა ვიზიტები გაერთიანებულ სამეფოში (2024 წლის 18 ივლისი), უნგრეთსა (2024 წლის 7 ნოემბერი) და ალბანეთში (2025 წლის 16 მაისი), ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტებში მონაწილეობის მისაღებად.

ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გამოყენებულ იქნა ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების ფართო სპექტრის განხილვის მიზნით. კერძოდ, გაიმართა კონსულტაციები ნიდერლანდებთან, სლოვაკეთთან, სერბეთთან, მალტასთან, იტალიასთან; ამასთან, შედგა მინისტრის მოადგილის სამუშაო ვიზიტები უნგრეთსა და ლატვიაში.

აქტიურად გაგრძელდა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმების გამოყენება ევროპელ ლიდერებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრების გამართვის მიზნით.

დასავლეთ ბალკანეთის რეგიონთან გაზრდილი ჩართულობის შემდგომი მკაფიო გამოხატულება იყო 2025 წელს სერბეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის თაობაზე.

საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა ვიზიტები და ორმხრივი შეხვედრები აშშ-ის მიმართულებით:

2024 წლის 10 − 13 ივლისს საქართველოს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, ეზრა ზეია;

2024 წლის 9 − 11 აგვისტოს თბილისს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული და ორპალატიანი საპარლამენტო დელეგაცია, დემოკრატი სენატორის, ჯინ შაჰინისა და რესპუბლიკელი კონგრესმენის, მაიკ ტერნერის შემადგენლობით;

2025 წლის 22 აპრილს ვაშინგტონში გაიხსნა სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ციკლი, რომლის ფარგლებშიც აშშ-ს ეწვია საქართველოს ოფიციალური დელეგაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით. დელეგაციამ შეხვედრები გამართა როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან: პირველი ვიცე-პრემიერი აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს გლობალური ბაზრების მიმართულებით − აშოკ პინტოს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილეს. მოგვიანებით, ასევე გაიმართა ვიცე-პრემიერის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწის მოადგილესთან, სილვია სავიჩთან. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ასევე გაიმართა თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტსა და უფროს დირექტორთან ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში − ენდრიუ პიკთან.

2024 წლის შეერთებული შტატების კონსოლიდირებული ასიგნებების აქტში (Consolidated Appropriation’s Act FY24), ზედიზედ მერვედ, კვლავ დაფიქსირებულია საქართველოს მხარდამჭერი ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თაობაზე. კანონი ასევე ითვალისწინებს დაფინანსებას საქართველოს ყოველწლიური დახმარებისთვის.

2024 წლის 23 დეკემბერს ძალაში შევიდა აშშ-ის 2025 წლის თავდაცვის ავტორიზაციის ეროვნული აქტი − NDAA FY25. კანონის საბოლოო ვარიანტში, საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი მოხვდა შეჯერებული ტექსტის განმარტებით ნაწილში.

მნიშვნელოვანია საქართველოსა და კანადას შორის ურთიერთობების მიმდინარე დინამიკის შენარჩუნება და გაღრმავება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში (მათ შორის, ერთობლივი წვრთნებისა და სამხედრო განათლების გაგრძელების კუთხით). საანგარიშო პერიოდში განხორციელდა შემდეგი ვიზიტები:

2024 წლის 12 ივნისს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა კანადის გლობალურ საქმეთა სამინისტროს არქტიკის, ევრაზიისა და ევროპულ საქმეთა გენერალური დირექტორი, რობერტ სინკლერი;

2024 წლის 31 ოქტომბერი-1 ნოემბრის პერიოდში, საქართველომ (ადგილსამყოფელ ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობის დონეზე) მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, სახელწოდებით − Ministerial Conference on the Human Dimension of Ukraine’s Peace Formula და მიუერთდა კონფერენციის ერთობლივ კომუნიკეს;

2025 წლის 11 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრმა კანადელი კოლეგის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ქალი საგარეო საქმეთა მინისტრების ჯგუფის (WFMG) შეხვედრაში“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ მოხსენებაში.

,,აშშ-ში „ფარა“ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე არ ვრცელდება და არც საქართველოშიც გავრცელდება” – არჩილ გორდულაძე

ყველას მოვუწოდებთ, კეთილი ინებონ, წაიკითხონ [„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“] და დაემორჩილონ. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც აშშ-შია“, – აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. არჩილ გორდულაძე კანონთან დაკავშირებით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციებს ეხმიანება. დეპუტატი განმარტავს, რომ ამერიკული „ფარას“ ანალოგიურად, ქართული კანონი არ ვრცელდება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე.

„დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე „ფარა“ აშშ-ში არ ვრცელდება და საქართველოშიც, ანალოგიურად, არ გავრცელდება. ასევე, კანონით მთელი რიგი გამონაკლისებია განსაზღვრული და ყველას მოვუწოდებთ, კეთილი ინებონ, წაიკითხონ და დაემორჩილონ. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც აშშ-შია და მის ანალოგ, იდენტურ ქართულ კანონში შავით თეთრზეა გათვალისწინებული“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, ე.წ. ამერიკული „ფარას“ ასლი უკვე ამოქმედებულია. კანონი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და ეხება როგორც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ნაწილს, ისე ფიზიკურ პირებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 3 ივნისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7328 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7328 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7334 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი 3.1200 კურსი ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0969 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0231 ლარი შეადგინა.

ევროპის გეგმები: როგორ უნდა წაართვას შავი ზღვა რუსეთს – The Daily Telegraph

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 31 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ევროპის გეგმები: როგორ უნდა წაართვას შავი ზღვა რუსეთს“ (ავტორი – ჯო ბარნსი). პუბლიკაციაში განხილულია ევროკავშირის მიერ შემუშავებული „სამმაგი სტრატეგია“ შავ ზღვაზე რუსეთის გავლენის დასრულების მიზნით, რომელიც სხვადასხვა ნაბიჯებსა და მიმართულებებს ითვალისწინებს.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ბა-შეწყვეტის ის ტს რუსეთის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქმის არაფერი არ გაკეთებულა რუსეთის ბატონობის შესაკავებლად შავი ზღვის აკვატორიაში. საბჭოური ბლოკისაგან რუსეთმა მემკვიდრეობით მიიღო შავი ზღვის სამხედრო ფლოტის უდიდესი ნაწილი – იმ რეგიონული საზღვაო ძალებისა, რომელიც მოსკოვმა კიევს გაუყო და შეთანხმება დადო უკრაინასთან სტრატეგიული სამხედრო-საზღვაო ბაზის – სევასტოპოლის (ყირიმში) იჯარით სარგებლობის თაობაზე.

ვლადიმერ პუტინის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიამ შესაძლებლობა მისცა რუსეთს არამარტო სრულად დაექვემდებარებინა ბაზა და ნახევარკუნძულის ტერიტორია, არამედ გაბატონებული მდგომარეობა მოეპოვებინა შავ ზღვაზეც.

შესაბამისად, ამგვარი სიტუაციის წყალობით, მოსკოვს მიეცა შესაძლებლობა გაეკონტროლებინა უკრაინის საზღვაო გზები, ხოლო ყირიმის ნახევარკუნძულზე მისი ყოფნის მოდერნიზება-გაფართოებამ შედეგად მოიტანა ის, რომ განმტკიცდა სანაპირო დაცვა, გაიზარდა წყალქვეშა ნავების და რაკეტების „მიწა-ჰაერის“ კომპლექსების რაოდენობა, რომლებიც მიმართულნი იყვნენ შავი ზღვის აკვატორიაში ნატოს ყოფნის წინააღმდეგ.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის პირველი დღეებიდანვე პუტინის ფლოტმა შეძლო ხელში ჩაეგდო კუნძული „ზმეინი“ – შავ ზღვაში, უკრაინის კონტინენტური ნაწილის სამხრეთით მდებარე ტერიტორია. როგორც იმ დროს კიევის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა თქვა, კუნძულის ფლობა უზრუნველყოფდა უკრაინის სამხრეთში სახმელეთო და საზღვაო, გარკვეულწილად კი საჰაერო უსაფრთხოებასაც.

მაგრამ მოგვიანებით „ზმეინი“ ისევ უკრაინელებმა დაიკავეს, ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ კი, როცა კრემლის ფლოტს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა, რუსეთის ბატონობა შავ ზღვაზე პრაქტიკულად დასრულდა.

უკრაინამ წარმატებით გამოიყენა სამამულო წარმოების საზღვაო დრონები და დასავლური რაკეტები – ისეთები, როგორებიცაა Storm Shadow-ენი და Atacms-ენი, რის შედეგადაც მოსკოვი იძულებული გახდა თავისი გემები სევასტოპოლიდან გაეყვანა და ისინი რუსეთის კავკასიის ნაპირზე მდებარე ნავსადგურებში შეეფარებინა.

დღეს, როცა შავი ზღვის აკვატორიას ისევ დაემუქრა რუსული ბატონობის საფრთხე, ევროკავშირმა შეიმუშავა თავისი პირველი „შავი ზღვის სტრატეგია“ იმ იმედით, რომ წინააღმდეგობას გაუწევს რეგიონში რუსეთის სამხედრო გემების ნებისმიერ ახალ გამოჩენას.

შავი ზღვის მონაპირე ექვსი ქვეყნიდან ორი – ბულგარეთი და რუმინეთი – ევროკავშირის წევრებს წარმოადგენენ. უკრაინა ბრიუსელის მოკავშირეა და ბლოკში გაწევრიანების კანდიდატი. იგივე სტატუსი აქვს საქართველოსაც, თუმცა ბოლო წლებში თბილისმა ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან თითქმის გადაუხვია. თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და ფორმალურად კვლავ ევროკავშირში მიღების კანდიდატად ითვლება. რაც შეეხება რუსეთს, ეს ქვეყანა დღესაც, ისევე როგორც მრავალი თაობის განმავლობაში, ევროკავშირის დაუძინებელ მტრად ითვლება.

ამას წინათ კაია კალასმა, მაღალჩინოსანმა დიპლომატმა, ევროკავშირისათვის შავი ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, ისაუბრა ბრიუსელის გეგმებზე, თუ როგორ პოზიციონირებას აპირებს  რეგიონში ევროკავშირი – როგორც გეოპოლიტიკური ძალა და დაინტერესებული სუბიექტი.

როგორც ჩანს, ბრიუსელი, „შავი ზღვის სტრატეგიის“ პროექტით, სამმაგ მიზნობრივ მიდგომას ცდილობს: პირველი მიზან-დაპირება არის შავი ზღვის სავაჭრო მარშრუტებზე და უკრაინის ნავსადგურების ინფრასტრუქტურაზე რუსეთის „ნულოვანი“ გავლენის შენარჩუნება, მეორე – მათი მომზადება სამომავლო თავდაცვისათვის (რუსეთის სავარაუდო თავდასხმის შემთხვევაში) და მესამე, ყველაზე ნათელი მიზან-დაპირება – ინვესტიციები ნავსადგურების, რკინიგზებისა და აეროპორტების განვითარებისათვის, რათა საომარი მოქმედებების გამწვავების შემთხვევაში დაჩქარდეს და გაიოლდეს სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირება.

„შავი ზღვის სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზება უზრუნველყოფს ჯარების ყოფნას იქ, სადაც აუცილებელია და როცა აუცილებელია. განხორციელდება სამხედრო პროდუქციის უფრო სწრაფი მიწოდება რეგიონში, რომელიც საჭიროა რუსეთის შესაკავებლად და ნატოს რგავლენის განსამტკიცებლად“, – განაცხადა კაია კალასმა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

[შავი ზღვის ნატოს წევრი და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების] უკვე დანგრევის პირას მისული ინფრასტრუქტურა დიდი ხანია დასავლეთისათვის ერთ-ერთ სერიოზულ დამაბრკოლებელ მიზეზს წარმოადგენს – სწრაფად გადაისროლოს სამხედრო ნაწილები აღმოსავლეთ ფლანგზე, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში.

მოსკოვის თავდასხმის შესაკავებელი ხუთი საკვანძო ლოჯისტიკური მარშრუტიდან ორი ბულგარეთზე გადის და რუმინეთში ბოლოვდება. ბრიუსელი პასუხისმგებლობას იღებს იმ სამოქალაქო სატრანსპორტო კომუნიკაციების მდგომარეობაზე, რომლებიც სამომავლოდ შეიძლება სამხედროებმაც გამოიყენონ.

წინასწარი შეფასებით, ევროპის კონტინენტის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ისეთ მოდერნიზებას, რომ გზები სამხედრო მიზნებითაც იქნას გამოყენებული, სულ მცირე 75 მილიარდი ევრო დაჭირდება. რუმინეთში და ბულგარეთში ჩადებული ინვესტიციები მკაცრად იქნება გაკონტროლებული, რათა ნავსადგურები, სარკინიგზო ხაზები და აეროპორტები საეჭვო უცხოურ საკუთრებაში არ გადავიდეს (ცნობილია, რომ ჩინეთი საქართველოში საზღვაო ნავსადგურების ინფრასტრუქტურის შესყიდვას ცდილობს).

ბრიუსელს განზრახული აქვს გახსნას მონიტორინგის ცენტრი სახელწოდებით Black Sea Maritime Security Hub, რათა ბლოკის წევრები უკეთ ფლობდნენ ინფორმაციას რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ.

ევროკავშირის სტრატეგია მიმართულია ინფორმაციის მისაღებად რეალური დროის რეჟიმში – „კოსმოსიდან ზღვის ფსკერამდე“ – რუსეთის სამოქალაქო (სავაჭრო) და სამხედრო გემების გადაადგილების შესახებ.

თეორიულად ასეთ სტრატეგიას შეუძლია რუსეთის პოტენციური დივერსიების ადრეული გაფრთხილების უზრუნველყოფა, ვთქვათ, ელექტროკაბელების წყალქვეშა უბნებზე, რომლებიც აზერბაიჯანსა და ევროპას აკავშირებს, ან რუმინეთისა და ბულგარეთის კუთვნილ ნავთობისა და გაზის მოპოვების საზღვაო კოშკურებს შორის გაყვანილ წყალქვეშა კომუნიკაციებზე.

სავაჭრო მარშრუტების მონიტორინგი აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა აცვენა, თუ რაოდენ იოლად შეუძლია უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის შეწყვეტა შავი ზღვის გავლით. საბოლოო ჯამში, კიევმა მოახერხა ისეთი დაცული დერეფნით სარგებლობა, რომელიც რუმინეთისა და ბულგარეთის [ტერიტორიულ წყლებსაც] მოიცავს, თუმცა უკრაინის შემოსავლების ძირითად წყაროს საფრთხე მაინც ემუქრება.

მონიტორინგის ცენტრის კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქცია იქნება როგორც რუსეთის „ჩრდილოვანი საზღვაო ფლოტის“ გემების (ნავთობის ტანკერების, რომლებიც სანქციებს არღვევენ) გადაადგილებაზე დაკვირვება, ასევე ნებისმიერი სამომავლო შეთანხმების (მათ შორის უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ) პირობების შესრულებაზე კონტროლი.

„მონიტორინგის ცენტრის მოცულობა, ფორმა და ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს“, – განაცხადა კაია კალასმა.

ევროკავშირის სხვა პროექტები, რომლებიც შავ ზღვას ეხება, შეიძლება გაფართოვდეს და მათ დაემატოს განნაღმვის სამუშაოები, ანუ იმ ნაღმების გაუვნებელყოფა, რომლებიც თავის დროზე ზღვაში უკრაინამ და რუსეთმა ჩაალაგეს.

და ბოლოს, ევროკავშირის სტრატეგია ითვალისწინებს პარტნიორული ურთიერთობის გააქტიურებას მთლიანად რეგიონში, რომელიც პროექტში „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სავაჭრო არტერიად“ არის შეფასებული – ევროკავშირს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის. „ჩვენ გვსურს ახალი ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული დერეფნების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობენ ჩვენი კავშირების გაფართოებას სამხრეთ კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან“, – განაცხადა მარტა კოსმა, ევროკავშირის კომისარმა ბლოკის გაფართოების საკითხებში.

თურქეთთან პარტნიორობა, პროექტის თანახმად, ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იქნება. თურქეთს, რომელიც ნატოს წევრია და ოფიციალურად ითვლება ევროკავშირში მიღების კანდიდატ ქვეყანად, თავისი მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს შავ ზღვაზე, რუსეთთან ვაჭრობის ჩათვლით.

ასევე ძალზე მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ანკარა უშუალოდ აკონტროლებს შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ერთმანეთთან დამაკავშირებელ არტერიას – ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს, რომელთა მეშვეობით რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ვაჭრობის  უზრუნველყოფა ხდება. ეს ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში შავი ზღვის აკვატორიაში ევროპული სამხედრო-საზღვაო ძალების სწრაფი გადასროლა და იქ მათი სტაბილური ყოფნა პრაქტიკულად არ მოხდება.

მონტრეს კონვენციის მიხედვით, თურქეთს აქვს უფლება ფაქტიურად ჩაკეტოს შავი ზღვა უცხოური სამხედრო გემებისა და წყალქვეშა ნავებისათვის ომის დროს. იქ ყოფნის ნება აქვთ მხოლოდ იმ ქვეყნების გემებს, რომლებიც შავი ზღვის ქვეყნებს ეკუთვნით.

როგორც კაია კალასმა განაცხადა, ახალი სტრატეგია ასევე გულისხმობს მიწვევას უფრო ფართო თანამშრომლობისათვის ყველა იმ საკითხებში, რომელთა მიმართ შავი ზღვის ქვეყნებს, თურქეთის ჩათვლით, ინტერესები აქვთ. „განზრახული გვაქვს მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან, ასევე ერთმანეთს გავუცვალოთ ინფორმაციები იმაზე, თუ რა ხდება შავი ზღვის აკვატორიაში. რა თქმა უნდა, ძალიან ვართ დაინტერესებული თურქეთის ჩართვით“, – ხაზი გაუსვა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა.

ამასთან, თუ რეგიონში თურქეთის ინტერესებსა და გავლენას გავითვალისწინებთ, ანკარა, ალბათ წინააღმდეგობას გაუწევს ევროპის ნებისმიერ მსხვილმასშტაბიან მცდელობას შავ ზღვაზე ბრიუსელის გავლენის განმტკიცების მიზნით. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირმა პირდაპირ გამოიწვიოს რუსეთი და, როგორც ჩანს, ის იმით დაკმაყოფილდება, რომ რეგიონში გავლენის დაბალანსება მოხდეს.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

————–

სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა დაიწყო

თურქეთის ქალაქ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე ალექსანდრ დიაკოვი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცია და სხვები.

რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა იგივეა, როგორიც მოლაპარაკებების წინა რაუნდში იყო. დელეგაციას პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს, დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან : საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე. ალექსანდრ ფომინი.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებების დაწყებამდე, უკრაინის დელეგაციის წევრები: საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსანდრ ბევზი უკრაინის ევროპელი პარტნიორების – გერმანიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს – წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის წინ პოზიციები შეათანხმეს. ამასთან, უკრაინის დელეგაციის წევრებმა სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ უკრაინის ერთგულება დაადასტურეს.

პანტოპრა ჩააქრობს ხანძარს თქვენს კუჭში და მოგიტანთ შვებას!

როგორ დავიცვათ თავი გულძმარვისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემებისგან?

თანამედროვე ცხოვრების ტემპი, არარეგულარული კვება და სტრესი ხშირად უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ამას ემატება ჩვენი საყვარელი “მავნე” ჩვევებიც, რომლებსაც არანაკლები გავლენა აქვს ორგანიზმის ზოგად ფუნქციონირებაზე. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის, შეხვედრებით სავსე დღეების ან უბრალოდ ქრონიკული დაღლილობის ფონზე, როცა დრო არ გვრჩება სრულფასოვან საკვებზე ფიქრისთვის, ხშირად მივმართავთ სწრაფ და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს: დღის მანძილზე არც რამდენიმე ჭიქა ყავის დალევაზე ვამბობთ უარს და არც სწრაფი, არაჯანსაღი საკვების მიღებაზე – განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს “მარტივი გამოსავალია” შიმშილის დასაკმაყოფილებლად. ალბათ დამეთანხმებით, რომ გვიან ღამით ჭამა იმ აქტივობებს შორისაა, რომლის გარეშეც საყვარელი ფილმის ან გადაცემის ყურება წარმოუდგენელია, რომ არაფერი ვთქვათ ფეხბურთზე, რომლის გულშემატკივრობა ლუდის ან სხვა ალკოჰოლური სასმლის გარეშე არც წარმოგვიდგენია.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეს ჩვევები, მიუხედავად მათი გარეგნული უწყინარობისა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ყოველდღიურ უარყოფით ზეგავლენას ახდენს. ალბათ ბევრისთვის ნაცნობი გამოცდილებაა გულძმარვა, სიმძიმე ან წვის შეგრძნება კუჭის არეში. ხშირად ეს სიმპტომები გასტროეზოფაგური რეფლექსის (GERD) ნიშნებია, რომლის განვითარებას სწორედ ჩვენი ყოველდღიური „მავნე“ ჩვევებიც უწყობს ხელს.

გასტროეზოფაგური რეფლუქსი (GERD) დღევანდელ რეალობაში სულ უფრო ხშირი დიაგნოზია. ეს არის მდგომარეობა, როცა კუჭის შიგთავსი უკუამოედინება საყლაპავსა და პირის ღრუში და აზიანებს ლორწოვან გარსს. შედეგად, ჩნდება ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმპტომები – გულძმარვა, წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან და ყელის მიდამოში, მჟავე გემო პირის ღრუში, დისკომფორტი ყლაპვის დროს. რაც უფრო ხშირად ვაწყდებით მაპროვოცირებელ ფაქტორებს, როგორიცაა დიდი ულუფებით კვება, ცხარე და ცხიმიანი საკვები, გვიან ჭამა, თამბაქო, ალკოჰოლი, დიდი რაოდენობით კოფეინი და ქრონიკული სტრესი – მით უფრო დიდია რეფლუქსის განვითარების რისკი.

თავდაპირველად, სიმპტომები შესაძლოა არც ისე მკვეთრად გამოვლინდეს და მათი გამომწვევი მიზეზიც ბუნდოვანი იყოს. ხშირ შემთხვევაში, დისკომფორტს კონკრეტულ საკვებს ვაბრალებთ – მაგალითად, ზედმეტად ცხარე წვნიანს, ნაჯერი ცხიმებით მომზადებულ კერძს ან თუნდაც გვიან ღამით ვახშამს. თუმცა, როდესაც ასეთი შემთხვევები ხშირდება, სიმპტომები კი მწვავდება, გულძმარვა, წვა და ყელში მჟავე გემო ნელ-ნელა ყოველდღიური ცხოვრების შემაწუხებელი ნაწილი ხდება.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ გასტროეზოფაგური რეფლუქსი ზემოქმედებს არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის სისტემაზე, არამედ შეიძლება აისახოს სასუნთქ სისტემაზეც. ხშირი ხველა, ხმის დაკარგვა, ბრონქოსპაზმი, ქრონიკული ლარინგიტი – ეს ყველაფერი შესაძლოა GERD-ის გართულებული მიმდინარეობის შედეგი იყოს. ასევე, საყურადღებოა საყლაპავის ლორწოვანზე კუჭის მჟავე შიგთავსის მუდმივი ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებები, მათ შორის ეზოფაგიტი (საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთება), ეროზიები და ღრმა წყლულოვანი გართულებები საყლაპავის ლორწოვანზე, რაც შესაძლოა უმნიშვნელო ჩივილებით დაიწყოს, თუმცა დროთა განმავლობაში სერიოზულ პათოლოგიებში გადაიზარდოს.

მაშინ როგორ დავიცვათ თავი გულძმარვისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემებისგან?

სპეციალისტები გვირჩევენ ვაკონტროლოთ კვების რეჟიმი და რაციონი, მივირთვათ მცირე ულუფებით, მაგრამ ხშირად, მოვერიდოთ ცხიმიან, მჟავე, ცხარე და შებოლილ პროდუქტებს, გვირჩევენ ალკოჰოლისა და გაზიანი სასმელებისგან თავის არიდებას, კოფეინისა და შოკოლადის რაოდენობის შემცირებას, ვახშამსა და ძილს შორის მინიმუმ 2-3-საათიანი ინტერვალის დაცვას, ჭარბი წონის შემთხვევაში – წონის კორექციას.

თუმცა, როდესაც სიმპტომები ყოველდღიური დისკომფორტის ნაწილია და მხოლოდ ცხოვრების წესის გაჯანსაღება საკმარისი აღარ არის პრობლემის დასაძლევად, მკურნალობის ერთ-ერთ ეფექტურ გზას მედიკამენტოზური თერაპია წარმოადგენს.

თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში, გასტროეზოფაგური რეფლუქსის მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად და ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები – მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ კუჭში მჟავას გამომუშავებას და საიმედოდ იცავენ ლორწოვან გარსს მისი გამაღიზიანებელი ზემოქმედებისგან. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი გასტროეზოფაგური რეფლუქსის სამართავად პანტოპრაა (პანტოპრაზოლი 40 მგ), რომელიც თურქეთში იწარმოება და მისი სავაჭრო ლიცენზიის მფლობელია საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA.

პანტოპრა მიეკუთვნება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორთა ჯგუფს და ეფექტიანად ამცირებს კუჭის მჟავიანობას, რაც სიმპტომების სწრაფად შემსუბუქებასა და მდგომარეობის ხანგრძლივ კონტროლს უზრუნველყოფს. სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან შედარებით, პანტოპრა გამოირჩევა განკურნების მაღალი მაჩვენებლით ეზოფაგიტის (საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელსაც საყლაპავში კუჭის მჟავას ხშირი ამოდინება იწვევს) დროს, რეფლუქს-ეზოფაგიტის ღამის სიმპტომების ეფექტური კუპირებით, წამალთაშორის ურთიერთქმედების მინიმალური მაჩვენებლით, რაც ზრდის მის თავსებადობას სხვა მედიკამენტებთან. ამავდროულად, პანტოპრა იცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს სხვადასხვა მედიკამენტით (მაგ. ტკივილგამაყუჩებლები, სისხლის „გამათხიერებლები“) გამოწვეული ისეთი გართულებებისგან, როგორიცაა გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სხვა.

პანტოპრა მიიღება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლიდან და ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. რეკომენდებულია მისი მიღება ჭამამდე დაახლოებით 1 საათით ადრე, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. თუმცა, თუ სიმპტომები მძაფრია, ექიმთან კონსულტაციით, შესაძლებელია დაინიშნოს დღეში 2-ჯერაც. განსაკუთრებით მაშინ, როცა რეფლუქს-ეზოფაგიტის სამკურნალო სხვა პრეპარატები უშედეგოა. რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა, როგორც წესი, 4-კვირიან კურსს საჭიროებს. თუ ეს საკმარისი არ არის, მაშინ სამკურნალო ეფექტი შემდგომი 4 კვირის განმავლობაში მიიღწევა.

პანტოპრა ჩააქრობს ხანძარს თქვენს კუჭში და მოგიტანთ შვებას!

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.

R

თიბისი x კინო გზაზე – თანამედროვე ქართული კინო თქვენს ქალაქში

მოემზადეთ კინომოგზაურობისთვის – თანამედროვე ქართული ფილმები თქვენს ქალაქებში მოდიან.

კინო გზაზე – ქართველი დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტების მიერ შექმნილი პროექტია, რომელიც რეგიონებში ღია კინოჩვენებების სერიას იწყებს და წელს, თიბისის მხარდაჭერით განხორციელდება.

6 ივნისიდან, კინო გზაზე საქართველოს 10 ქალაქს ესტუმრება. პროექტის გამხსნელი კინოჩვენება კახეთში, თელავში გაიმართება. სწორედ, აქედან დაიწყებს თანამედროვე ქართული კინო ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობას.

თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, გურჯაანი, ახალციხე, ქუთაისი, ზესტაფონი, ფოთი, ქობულეთი, ვანი – ეს ის ლოკაციებია, სადაც მოძრავი ეკრანი ივნისსა და ივლისში გაიშლება. ფილმის ჩვენების შემდეგ კი, მოეწყობა ღია დისკუსია პროექტის ავტორებთან და ფილმის რეჟისორებთან ერთად. კინოჩვენებებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კინო – საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კულტურული მედიუმია. ის აერთიანებს და აჩვენებს ადამიანურ ისტორიებს, ქმნის საერთო ემოციურ გამოცდილებას. კინო იწყებს დიალოგს, აჩენს კითხვებს, გვაწვდის პასუხებს და ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას; ინსპირაციას აძლევს ახალ იდეებს და აყალიბებს საზოგადოებრივ ცნობიერებას.

კულტურის განვითარება და ხელოვნების მხარდაჭერა, რეგიონებში სოციალურ-კულტურული ცხოვრების გაძლიერება და შესაძლებლობების შექმნა, რომ ყველამ შეძლოს თანამედროვე ხელოვნების განცდა და მასში თანამონაწილეობა, თიბისის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია.

გვჯერა, რომ ხელოვნებას შეუძლია ადამიანების დაახლოება, ახალი შესაძლებლობების შექმნა და საერთო ღირებულებების გაღრმავება.

კინო გზაზე იწყება – ემოციებით, საინტერესო ისტორიებითა და ახალი თავგადასავლებით!

მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი და ვინ გაიმარჯვებს – კახა კალაძე ოპოზიციაზე

„მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი, ვინ გაიმარჯვებს“, – ასე პასუხობს ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერი კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

დედაქალაქის მერის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა.

„მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი და ვინ გაიმარჯვებს. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: რა თქმა უნდა, ჩვენ გვყოლია წარმატებული ადამიანები, განხორციელებულა წარმატებული პროექტები, მაგრამ ამ მასშტაბის პროექტები, რაც დედაქალაქში 2017 წლიდან მოყოლებული გაკეთდა, მე არ მახსოვს. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ უარყოფით დამოკიდებულებას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, თბილისის მერი ამბობს, რომ ეს საკითხი მისთვის საინტერესო არ არის და დისკუსიაში შესვლას არ აპირებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ – ეს არის რადიკალური დაჯგუფება. მათი ან რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტიის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხზე პოლემიკაში შესვლა მე არ მინდა, ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი. ჩვენ, „ქართულ ოცნებას“, დაწყებული გაქვს მზადება საარჩევნოდ. დედაქალაქში და რეგიონებშიც არის უამრავი გამოწვევა, პრობლემები და ამ ყველაფერს სჭირდება ღირსეული პასუხი, კონკრეტული პროექტების წარმოდგენა, თუ რა გაკეთდება მომდევნო წლების განმავლობაში და რა შეიცვლება მოსახლეობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

„ზოგადად, ოპოზიცია არის გარედან შეკოწიწებული რაღაც ერთობა, ასე დავარქმევდი. არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფება, თუმცა წლების წინ, ისინი იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული კონკრეტული პიროვნებები, რომლებიც შემდეგ გამოეყვნენ „ნაცმოძრაობას“, თითქოს არანაირი კავშირი არ ჰქონდეთ ამ პარტიასთან. ეს იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, თუმცა, რომ გავაანალიზოთ ინდივიდუალურად, ვინ ვინ არის და რა წარსულის მქონეა, მივდივართ ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – იმ ბინძურ და კრიმინალურ ორგანიზაციასთან, რომელიც 2012 წლამდე იყო ქვეყანაში. ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და მოხალისეთა ორგანიზაციის- ა(ა)იპ ”ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის” ორგანიზებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და, ასევე, სოფელ რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანადგომით, მიმდინარე წლის 31 მაისსა და 1 ივნისს, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისა და ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა- საქართველოს ექიმებმა, სამსახურსა და ამ კლინიკებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.

აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური და ოფთალმოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს, ექიმის კონსულტაციას და ლაბორატორიულ კვლევებს.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციის ფარგლებში, კარდიოლოგიური კვლევები ჩაუტარდა სამსახურის 114 ბენეფიციარს, ხოლო უფასო ოფთალმოლოგიური კვლევებით ისარგებლა 147-მა ვეტერანმა და მათი ოჯახის წევრმა; უსასყიდლოდ გაიცა 441 ოპტიკური სათვალე და 30 გლუკომეტრი.

აქციაში, ტრადიციულად, ჩართული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტიც.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, ა(ა)იპ ”ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის” ტერიტორიული და ექსტერიტორიული დანაყოფების სამსახურის უფროსის მოადგილე, გია ედილაშვილი, ამავე ორგანიზაციის აფხაზეთის ტერიტორიული დანაყოფის მეთაური, კობა გეგია, აფხაზეთს ა/რ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი, ლაშა ქარდავა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

ინფორმაციისთვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეის ჩათვლით, 32 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 3763 ბენეფიციარს, უსასყიდლოდ ჩაუტარდა კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური გამოკვლევები; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც და ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უფასოდ გადაეცათ 5732 სათვალე; ხოლო, რაც შეეხება ჩაფიძის გულის ცენტრს-ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და, ასევე, ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის გაფორმებიდან დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, კლინიკის ექიმებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 184 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის -15054 ბენეფიციარს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებას აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა ”საქართველოს,” ასევე, ყველა იმ უწყებისა და პირის მიმართ, ვინც აღნიშნული საქველმოქმედო-სამედიცინო აქციების ჩატარებაში თანადგომა გაუწია სამსახურს და მხარდაჭერა გამოუცხადა ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე ზრუნვაში.

პუტინი იძულებული გახდა თავისი მწარე წამალი თვითონვე გაესინჯა – კრემლმა გამანადგურებელი დარტყმა განიცადა – The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) ორი ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია-კომენტარი სათაურით „როგორც იქნა, პუტინი იძულებული გახდა თავისი მწარე წამალი თვითონვე გაესინჯა – კრემლმა გამანადგურებელი დარტყმა განიცადა. რა გავლენას მოახდენს ეს რუსულ საზოგადოებაზე?“ (ავტორი – ჰემიშ ბრეტონ-გორდონი, ექსპერტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

ის, რაც კვირას, პირველ ივნისს მოხდა, რუსეთ-უკრაინის ომის ისტორიაში შეტანილი იქნება როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა – მანიშნებელი იმისა, რომ შესაძლოა სიტუაცია, როგორც იქნა, უკრაინისათვის პოზიტიურად იცვლება და ისარი კიევის სასარგებლოდ გადაიხარა. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა, როგორც ჩანს, საშინელი დარტყმა მიიღეს: უკრაინისაგან ათასობით კილომეტრის მოშორებით, ირკუტსკის ოლქში  განადგურებული იქნა 40 სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის შორის რადიუსის მოქმედების მქონე ბირთვულ იარაღმზიდი სტრატეგიული ბომბდამშენები.

გარდა ამისა, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე რუსეთის ოლქებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა – კიევის მიზანმიმართული შეტევის შედეგად დაინგრა საავტომობილო და სარკინიგზო ხიდები… ხოლო პოლარული წრის მიღმა, არქტიკაში, კოლის ნახევარკუნძულზე უკრაინულმა დრონებმა რუსული სტრატეგიული ავიაციის ბაზებს შეუტიეს… ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ეს ყველაფერი წარმოუდგენელი ჩანდა ყველასთვის და, მათ შორის, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვისაც.

რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის მანქანა მთელი ძალებით შეეცდება მომხდარი ფაქტის მნიშვნელობა შეამციროს, სიმართლე მიჩქმალოს და ისე წარმოადგინოს, რომ თითქოსდა არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა – ეს იყო რუსეთ-უკრაინის ომის („სპეცოპერაციის“) მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი დღე და მეტი არაფერი…

საინტერესოა, სად იყო რუსეთის ჰაესაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რომლებსაც აეროდრომები და სარკინიგზო ხაზები უნდა დაეცვათ? იქნებ ისინი ვლადიმერ პუტინის სასახლეების დასაცავად არიან გადატანილნი, ან ჩრდილოეთ კორეას მისცეს საბრძოლო მასალების სანაცვლოდ?

უკრაინის მიერ შეტევებისათვის შერჩეული დრო მნიშვნელოვანია: რუსეთში მატულობს რიგით მოქალაქეთა უკმაყოფილება. რუსული ეკონომიკის კრიზისისა და ცხოვრების დონის გაუარესების კვალობაზე საზოგადოების მემაბოხური განწყობის ჩახშობა ადვილი არ იქნება.

რასაკვირველია, ომის დროს „ცალმხრივი მოძრაობა“ არ არსებობს. ცხადია, რუსეთიც ცდილობს დარტყმები მიაყენოს უკრაინას, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ მოსკოვი  ძირითადად სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს. ვლადიმერ პუტინი, ალბათ, დარწმუნებულია, რომ რაც მეტ მშვიდობიან უკრაინელ მოქალაქეს მოკლავს, უკრაინა მით უფრო სწრაფად დამარცხდება, მაგრამ კრემლის ბინადარს ინტინქტები ღალატობს და სულ უფრო მეტ შეცდომებს უშვებს – ტაქტიკურს და სტრატეგიულს.

ახლა როცა რუსეთის თითქმის მთელი ტერიტორია უკრაინის არმიისთვის მისაწვდომი ხდება და შეიძლება ითქვას, სამხედრო მოქმედების არეალში ექცევა  – დრონებისა თუ დასავლური რაკეტების მეშვეობით, ან თუნდაც უკრაინის დაზვერვის მიერ დაქირავებული თუ გადაბირებული პირების დახმარებით, საინტერესოა, რას მოიმოქმედებს კრემლი, როგორ საპასუხო ნაბიჯს გადადგამს??

სხვათა შორის, უკრაინის გაბედული ნაბიჯი პესიმისტურ ფიქრებს იწვევს დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ნაკლოვანებებზე. შეძლებს თუ არა ბრიტანეთი მსგავსი ეფექტური ოპერაციების განხორციელებას დაფინანსების 20-წლიანი შემცირებებისა და საკუთარი არმიისადმი მთავრობების გულგრილი დამოკიდებულების შემდეგ? როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი კუნძულები? თავის დროზე ბრიტანეთმა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რომ თავისი ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღი გაანადგურა – საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვითომდა აღარ დაჭირდებოდა. ჰოდა, ახლა ვლადიმერ პუტინი მშვენივრად სარგებლობს ჩვენი სუსტი პოზიციებით…

რადგანაც კრემლი პატივს სცემს ძალას, ამიტომ ისევ უნდა დავიწყოთ ჩვენი ბირთვული პოტენციალის აღდგენა, ტაქტიკური ბირთვული იარაღის კვლავწარმოების ჩათვლით.

უკრაინის შეტევების დონე, ინტენსივობა და მასშტაბურობა იმას მიანიშნებს, რომ კიევს, რუსული არმიის შეტევების სამწლიანი მოგერიების შემდეგ, უკვე თვითონაც შეუძლია კატატროფული დარტყმების მიყენება, თანაც ისეთ ადგილებში და ისეთი დონით, რომ კრემლს არც დაესიზმრება. ჩვენ მოგვიწევს უკრაინის გამოცდილების შესწავლა, რათა ხვალინდელ დღეს მზად შევხვდეთ. ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი იარაღი, რომელიც  პლაცზე დაწყობილი მხოლოდ ლამაზად კი არ გამოიყურება, არამედ მაღალი საბრძოლო თვისებებიც აქვთ… ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი ტირანების შეჩერება, როგორიც ვლადიმერ პუტინია.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ