რეჟიმისთვის ახალი წელი არ არსებობს, ამ წუთებშიც ათეულობით საჯარო მოხელეს სამსახურიდან ათავისუფლებენ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მისი შეფასებით, ახლოა დრო, ბიზნესი გვერდით დაუდგეს საჯარო მოხელეებს და პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, მათი აღდგენა მოითხოვოს.
„ოცნებამ“ ამ მხრივაც რეკორდი მოხსნა. არასოდეს ყოფილა განსხვავებული აზრის (მითუმეტეს, კონსტიტუციის დაცვის) გამო, მოხელეების მიმართ ამ მასშტაბის რეპრესიები. რეალურად ფეხში ისვრიან იმიტომ, რომ სახელმწიფოს აცლიან ხერხემალს. რაც მეტს გაუშვებენ, უფრო სწრაფად ჩამოიშლებიან. ახლა არის დრო, ბიზნესი გვერდით დაუდგეს მოხელეებს და პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, მოვითხოვოთ მათი აღდგენა. ივანიშვილი ეცდება ყველა სიბნელე ახალი წლის დღეებში ააკეთოს. ამიტომ, ფხიზლად უნდა ვიყოთ“, – წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“.
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელს და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალ თანახელმძღვანელს, ილონ მასკს ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერით სუსტი ევროპის ხილვა სურს, – განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა.
ჰაბეკის თქმით, რომელიც „მწვანეთა“ პარტიიდან გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ერთ-ერთი პრეტენდენტია, მასკი ასეთ განცხადებებს უგუნურობის გამო არ აკეთებს.
„ეს ლოგიკური და სისტემატურია. მასკი აძლიერებს მათ, ვინც ევროპას ასუსტებს. სუსტი ევროპა მათ ინტერესშია, ვისთვისაც რეგულაცია მათი ხელისუფლების შეზღუდვაა“, – აღნიშნა ჰაბეკმა.
ცნობისთვის, გუშინ გერმანიის მთავრობამ მასკი პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მისამართით გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებების გამო ქვეყნის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.
სიცრუეა, თითქოს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში არ იმოძრავებს, – იტყობინება თბილისის მერია.
“გაცნობებთ, რომ არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ახალი წლის ღამეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო განრიგი არ გახანგრძლივდება. როგორც ყოველთვის, ახალი წლის ღამეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს. გახანგრძლივებული რეჟიმი შეეხება, როგორც მეტროპოლიტენს, ისე ავტობუსებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება. რაც შეეხება შობის ღამეს, მეტროპოლიტენით მგზავრთა მომსახურება 6 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 7 იანვრის 03:00 საათამდე და მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ცენტრალური კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნებათ.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებები 26 დეკემბრით თარიღდება.
ცესკო-ს თავმჯდომარისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა „გაუგრძელდეს-დაენიშნოს შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2025 წლის პირველი იანვრიდან, პირველ ივლისამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად“.
რაც შეეხება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნას, განკარგულებში აღნიშნულია, რომ კაციტაძეს „2025 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად“ სახელმწიფო დაცვა დაენიშნება.
ორივე დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „დაცვის ღონისძიებათა განხორციელებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური“ უზრუნველყოფს.
პოლიცია მოქმედებდა ჩვენი ქვეყნის კანონის, კანონმდებლობის, საერთაშორისო საერთაშორისო სტანდარტებითა და კონვენციებით, მათ შორის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციის ზედმიწევნით დაცვით – ინტოქსიკაცია, ცრემლდენა და ა.შ სიმპტომები, ეს ბუნებრივი თანმხლები პროცესია , – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც შსს-ს მიერ მიმდინარე აქციების დროს მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზის კაფსულებისა და წიწაკის სპრეის გამოყენებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, რაიმე საბუთი, რომელიც ამტკიცებს, რომ შსს-ს წარმომადგენლებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერებები გამოიყენეს, არავის არ წარმოუდგენია.
„არავის აქვს რაიმე საბუთი, რომლის მიხედვითაც შსს-ს წარმომადგენლები მიმდინარე აქციების დროს რაიმე არასტანდარტულ საშუალებებს იყენებდნენ, ან რაიმეს, რომელიც არ არის დაშვებული, ნებადართული და გამართლებული კონვენციებით და ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით, აქედან გამომდინარე, ამ თემაზე საუბარი, რადგან მითქმა-მოთქმას არ სცდებოდა, უფრო სერიოზულად ამ საკითხის განხილვის საჭიროება არ არის.
პოლიცია მოქმედებდა ჩვენი ქვეყნის კანონის, კანონმდებლობის, საერთაშორისო საერთაშორისო სტანდარტებითა და კონვენციებით, მათ შორის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციის ზედმიწევნით დაცვით, ეს არის რა თქმა უნდა, ცრემლსადენი კაფსულები თუ წიწაკის სპრეის საშუალებები, რომელიც ნებადართულია მართლსაწინააღმდეგო მიტინგის დასაშლელად. ინტოქსიკაცია, ცრემლდენა და ა.შ სიმპტომები, ეს ბუნებრივი თანმხლები პროცესია“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჩინური კალენდრით მომავალი წელი ხის მწვანე გველის წელია, რომელიც 2025 წლის 25 იანვარს შევა ძალაში და 2026 წლის 16 თებერვლამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ დასავლურისგან განსხვავებით, აღმოსავლური ჰოროსკოპი 12 ცხოველურ ნიშანს აერთიანებს, რომლებიც თვეების ნაცვლად წლებს განასახიერებენ და ხუთიდან (ცეცხლი, მიწა, მეტალი, წყალი და ხე) ერთ-ერთ სტიქიასთან, გარკვეულ ფერთან ასოცირდებიან, საერთო ჯამში 60 კომბინაციას ქმნიან და 12-წლიანი ციკლით ენაცვლებიან ერთმანეთს.
გველი აღმოსავლურ კულტურაში
მართალია, გველი მეტწილად არასასიამოვნო შეგრძნებას იწვევს, მაგრამ აღმოსავლურ კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული და დაფასებული არსებაა, რადგან სიბრძნისა და გონიერების, მოქნილობისა და მოხერხებულობის სიმბოლოდ ითვლება. მეტიც, თანდაყოლილი გონებაგამჭრიახობის წყალობით, გველი ყოველთვის მსუბუქად ეგუება ახალ გარემოს და ერგება ცვლილებებს, მარტივად ერევა პრობლემებს და ნებისმიერი ხაფანგიდან ახერხებს თავის დაღწევას, ამიტომ “მხოლოდ ფრთხილი და გააზრებული მოქმედებით, მოვლენების ანალიზითა და ყოველი ნაბიჯის წინასწარ გათვლით შეიძლება მომავალ წელს წარმატების მოპოვება”, – ამტკიცებენ ასტროლოგები, რომლებიც 2025 წელს გრანდიოზული მიზნებისგან თავის შეკავებას და მხოლოდ რეალისტური გეგმების დასახვას გვირჩევენ.
რა თქმა უნდა, გველი საშიში და სახიფათო ქვეწარმავალია, თუმცა მწვანე შეფერილობა, რომელიც სიმშვიდესა და ჰარმონიას განასახიერებს, განვითარებასა და წინსვლასთან ასოცირდება, მეტ-ნაკლებად არბილებს მის “შხამიან ხასიათს”. ამასთანავე, მშვიდობის მოყვარე გველი, რომლის სახლთან პოვნა აღმოსავლური ტრადიციით იღბლისა და კეთილდღეობის მაუწყებელია, მხოლოდ გაღიზიანებული ან დამფრთხალი გადადის თავდასხმაზე, როცა აგრესიითვე პასუხობს აგრესიას, ამიტომ არც მისი გაბრაზება ღირს, არც მოთმინების გამოცდა, რადგან ნებისმიერს დაუნდობლად “დაგესლავს”.
2025 წლის პროგნოზი
გველის მთავარი განმასხვავებელი თავისებურების – ტყავის მოცვლის წყალობით, 2025 წელი განახლებასა და ტრანსფორმაციის წელი იქნება, ამიტომ ყველა უნდა მოემზადოს მოულოდნელი ცვლილებებისთვის, თუმცა ექსპერტების მტკიცებით, კონტრასტებისა და ზოგჯერ რთული გამოცდების მიუხედავად, მომავალი წელი მაინც გლობალური კატასტროფების გარეშე ჩაივლის. ამასთანავე, ხელგაშლილი გველი ყველას მისცემს დასახული მიზნებისა და სურვილების ასრულების საშუალებას, პირველ რიგში კი, მათ უწყალობებს, ვინც მეტ მოქნილობასა და გონიერებას გამოიჩენს, აქტიურად, თუმცა საღი გონებით იმოქმედებს და სპონტანურ, დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს მოერიდება. რა თქმა უნდა, წლის მთავარი ფავორიტები გველისა და მისი მონათესავე დრაკონის ნიშნით დაბადებულები იქნებიან, ღორისა და კურდღლის ზოდიაქოს ნიშნის მატარებლებს კი, ნაკლებად გაუმართლებთ, რადგან გველის ტრადიციულ მსხვერპლად მიჩნეული ცხოველები მომავალ წელსაც მის მთავარ ნადავლად იქცევიან.
მართალია, გველი სიმტკიცითა და მიზანდასახულობით ხასიათდება, მაგრამ უსაზღვრო მოთმინება აქვს და ძალიან არ უყვარს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება. “მომავალ წელს გადამწყვეტი საღად აზროვნებისა და პერსპექტივების ობიექტურად შეფასების უნარი იქნება”, – გვარწმუნებენ ჩინელი ასტროლოგები, რომლებიც მხოლოდ კარგად მოფიქრებული გეგმით მოქმედებას, სასიკეთო შანსების მოთმინებით ლოდინსა და მიზნის მისაღწევად ნებისმიერი შესაძლებლობის გამოყენებას გვირჩევენ.
ანალიტიკური აზროვნებითა და სტრატეგიული მოქმედებით გამორჩეული გველის დამსახურებით, 2025 წელი კარგად გათვლილი ინვესტიციებისა და ეტაპობრივი, თუმცა სტაბილური ფინანსური ზრდის წელი იქნება, თუმცა სწრაფ მოგებაზე ორიენტირებულ სფეროებს, რომელთა საქმიანობა რისკსა და ავანტიურისტულ მოქმედებას უკავშირდება, სერიოზული სირთულეების დაძლევა მოუწევთ. საგრძნობლად გაუმჯობესდება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობაც, რადგან პოლიტიკურ ლიდერებს სწორედ გველის სიბრძნე დაეხმარება მოზომილი გადაწყვეტილებების მიღებაში. ამასთანავე, გაძლიერდება მორალური პრინციპები და იდეალები, აქტუალური გახდება ოჯახური და საზოგადოებრივი ურთიერთობები. “თუ დრაკონის წელი ძიებებისა და რეფორმების წელი იყო, მაშინ გველის წელი უკვე მოძიებულისა და რეფორმირებულის მოწესრიგებისა და სტრუქტურირების წელი იქნება”, – პროგნოზირებენ ასტროლოგები, რომლებიც ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედებას, გაუაზრებელ რისკს მორიდებას და არსებულ რეალობაზე მორგებას გვირჩევენ, რადგან მოუთმენლობასა და იმპულსურობას ნებისმიერი საქმის გაფუჭება შეუძლია, მით უფრო, რომ მცირე შეცდომასაც შეუძლია კატასტროფის გამოწვევა.
რიტუალები იღბლისა და წარმატების მოსაზიდად
მართალია, ხის მწვანე გველი მოკრძალებული და ნაკლებად პრეტენზიული არსებაა, მაგრამ უყურადღებობა და უპატივცემულობა მაინც არ ივარგებს, ამიტომ “ძვირფას სტუმარს”, რომელსაც მასპინძლობაც შესაფერისი სჭირდება, ახალი წლის ღამეს ფანჯრის რაფაზე რძით სავსე ფიალა დაახვედრეთ, რათა კეთილად შემობრძანდეს თქვენს სახლში და სიხარულიც უხვად შემოიტანოს. მოარიდეთ მომავალი წლის მფარველს გასული წლების სიმბოლოების ფიგურები და გამოსახულებები, რადგან ეჭვიან გველს ძალიან არ უყვარს, როცა პირველობაში ეცილებიან.
რა თქმა უნდა, ახალ წელს ყველა სიმშვიდისა და კეთილდღეობის დაბედებას ნატრობს, ამიტომ არ ღირს დღესასწაულის შეხვედრა წარსულის “მძიმე ტვირთით”. გაისტუმრეთ ძველი ვალები, შეასრულეთ გაცემული დაპირებები და მოაგვარეთ უთანხმოება ახლობლებთან, დაივიწყეთ უსიამოვნებები, პრობლემები და მტკივნეული მოგონებები. სხვათა შორის, მომავალი წელი განსაკუთრებით მათთვის იქნება იღბლიანი, ვინც დაქორწინებას ან სამსახურის შეცვლას გადაწყვეტს, თუმცა, ნაკლებად გაუმართლებთ მათ, ვისაც ახალი ავტომობილის შეძენა ან ახალ ბინაში გადაბარგება აქვს გადაწყვეტილი, მათ კი, ვისაც ფინანსური წარმატების დაბევება უნდა, აუცილებლად ახალი ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვას, რომელშიც მონეტას დამალავს.
ბინის დეკორირება
მართალია, გველმა გართობის ფასიც კარგად იცის და ყოველდღიური წვრილმანებით ტკბობაც, მაგრამ ფარულ ცხოვრებას ჩვეული მაინც მაქსიმალურად გაურბის ალიაქოთსა და ხალხმრავლობას, ამიტომ დიდად ასიამოვნებთ, თუ ახალ წელს ახლობლებთან ერთად შეხვდებით მშვიდ ოჯახურ გარემოში. “მაქსიმალური სიმშვიდე და კომფორტი!” – გვაფრთხილებენ ფენ-შუის სპეციალისტები, რომლებიც ბინის ზონებად დაყოფას და რამდენიმე მყუდრო კუთხის მოწყობას გვთავაზობენ. გველს ყველაფერი ბუნებრივი უყვარს, ამიტომ საახალწლო დეკორიც მაქსიმალურად ნატურალური უნდა იყოს. გამოიყენეთ ბინის გასაფორმებლად ხის ნაკეთობები, ბუნებრივი მინერალები, ქოთნის ყვავილები და მცენარეები, განსაკუთრებით ტროპიკული ჯიშები. არ დაივიწყოთ წლის მფარველისთვის არც ძღვენის – ხის ყუთში მოგროვილი ჩინური მონეტების მირთმევა, ნაძვის ხე კი, პირველ რიგში, მისი ფიგურით ან გამოსახულებით დაამშვენეთ, მერე კი, ბრჭყვიალა სათამაშოებით შეავსეთ, რომლებიც სინათლეზე გველის ქერცლის ბზინვარებას განასახიერებენ.
სამოსი
რა თქმა უნდა, მწვანე გველის მასპინძლობისას სამოსიც მისივე ფერის ტონალობაში უნდა შეარჩიოთ – ღია სალათისფრით დაწყებული, კაშკაშა ზურმუხტისფრით დამთავრებული. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ სამოსი, რომელსაც შეიძენთ არა მხოლოდ დღესასწაულის ღამეს, არამედ მთელი წლის მანძილზე უნდა გამოგადგეთ, ამიტომ მოერიდეთ ზედმეტ პომპეზურობას და ექსტრავაგანტურობას, მით უფრო, რომ სერიოზულ და ჭკუადამჯდარ გველს, რომელიც დიზაინერების მტკიცებით თავშეკავებული და ელეგანტური სტილის ეტალონია, ძალიან არ უყვარს გამომწვევად “მატრაკვეცობა”, მათ კი, ვისთვისაც წარმოუდგენელია სადა სამოსის მორგება, შეუძლია სხვადასხვა ზომის კილიტების გამოყენება, რომლებიც გველის ფერისა და ქერცლის იმიტაციას შექმნიან.
მართალია, წითელი ფერი აღმოსავლურ კულტურაში წარმატების სიმბოლოდ ითვლება, მაგრამ მომავალ წელს მაქსიმალურად მოგიწევთ მისი შეზღუდვა, რადგან ცეცხლის სტიქიასთან ასოცირებული ფერი ნაკლებად ერგება ხის სტიქიას.
სადღესასწაულო ვახშამი
გააწყვეთ სადღესასწაულო სუფრა მწვანესა და ნაცრისფერში, მრავალფეროვნებისთვის კი, გააფორმებთ თეთრი და ყვითელი დეტალებით, თუმცა შეინარჩუნეთ ზომიერება, რადგან არ ღირს მოკრძალებული გველის თვალის მოჭრა ფერებით. გაუმასპინძლდეთ “საპატიო სტუმარს” მისი საყვარელი – ვეგეტარიანული კერძებით და სალათებით, ხორცეულიდან კი, მხოლოდ ფრინველის და ღორის ხორცი შესთავაზეთ.
* “გველის” ფენოვანი სალათი – ძალიან გაახარებთ წლის მფარველს თუ მისივე სალათით გაუმასპინძლდებით, რომლის მთავარი ინგრედიენტი ქათმის ფილეა, თუმცა თევზითაც შეიძლება მომზადება, მთავარია, კერძს გველის ფორმა ჰქონდეს.
მომზადების წესი: გააცივეთ მაგრად მოხარშული კვერცხი, გახურებულ ტაფაზე დაასხით ზეთი და შეწვით ჩხირებად დაჭრილი ქათმის ფილე, მოაყარეთ მარილი, პილპილი და კარგად მოურიეთ, გაცივების შემდეგ კი, გადმოიღეთ ბრტყელ თეფშზე.
წვრილ კუბიკებად დაჭრილი ხახვი ჩაყარეთ ფიალაში, დაუმატეთ მარილი, შაქარი და ძმარი, დაასხით 200 მილილიტრი ცხელი წყალი და მოურიეთ, 5-10 წუთის შემდეგ მსუბუქად გადაწურეთ, თხელ ფენად დადეთ ქათმის ფილეზე და მორთეთ მაიონეზის ბადით.
მსხვილ სახეხზე გახეხეთ საშუალო ზომის კიტრი, ფრთხილად გაწურეთ, მოაფინეთ ქათმის ფილეს და კიდევ ერთხელ მორთეთ მაიონეზის ბადით. მორიგ ფენად მსხვილად გახეხილი ყველის ნაწილი გამოგადგებათ, რომელსაც ისევ მაიონეზის ბადით დაფარავთ, შემდეგი ფენისთვის კი, ჯერ მსხვილად გახეხილი ვაშლი, მერე ყველის დარჩენილი ნაწილი გამოიყენეთ და თანაბრად გაანაწილეთ მაიონეზი.
შეურიეთ მაიონეზს მდოგვი და კარგად აურიეთ. წვრილ სახეხზე ცალ-ცალკე გახეხეთ კვერცხის გული, ცილა და მარილთან ერთად ფენებად მოაყარეთ სალათს. სპეციალური ან ჩვეულებრივი დანით გააკეთეთ კიტრზე გრძივი ღარები, გაჭერით ჯერ შუაზე, მერე თითოეული ნახევარი სიგრძეზე ორ ნაწილად და დაჭერით 5-მილიმეტრიან ნახევარწრეებად, მთლიანი ბოლოები კი, შეინახეთ გველის თავისა და კუდისთვის. მოათავსეთ დაჭრილი კიტრი და ბოლოები წრეზე გველის ფორმით, თვალების ადგილას მოარგეთ შუაზე გაჭრილი ზეთისხილის მარცვლები, ენა კი ძეხვის ნაჭრით გაუკეთეთ და მორთეთ ოხრახუშის ფოთლებით.
საჩუქრები
პრაგმატულ გველს საჩუქრებიც პრაქტიკული უყვარს, ამიტომ თამამად შეგიძლიათ უსახსოვროთ ახლობლებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სამოსი და ძვირფასი სამკაული, განსაკუთრებით ბუნებრივი ქვებითა და მინერალებით გაწყობილი ბეჭედი, სამაჯური და ყელსაბამი, რომელიც გველის მომრგვალებულ ფორმას გაიმეორებს ან სამკაული თავად წლის მფარველის გამოსახულებით, რითაც განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავთ მის მიმართ. რა თქმა უნდა, სასარგებლო საჩუქრად ჩაითვლება სასწავლო პროგრამის ან კურსების სერტიფიკატიც, რადგან მომავალი წელი თვითგანვითარებისა და ახალი შესაძლებლობების წელი იქნება, თუმცა საუკეთესო სიურპრიზად მაინც მოცულობითი კონვერტი ჩაითვლება სოლიდური თანხით, რომლითაც წლის მფარველსაც გაახარებთ და საჩუქრის ადრესატსაც.
სპეციალისტები რუსეთიდან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან ბრაზილიაში ჩავლენ იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) ყაზახეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთების გაშიფვრაში, – ინფორმაციას რუსული მედია ბრაზილიის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის მე-13 დანართის შესაბამისად და ყაზახეთის საავიაციო შემთხვევების გამოძიების დეპარტამენტის მოთხოვნის საპასუხოდ, საავიაციო შემთხვევების გამოძიებისა და მოხსენების ცენტრი მიიღებს მათ სამ წარმომადგენელს და ამ ქვეყნის მიერ მოწვეულ სპეციალისტებს – სამს აზერბაიჯანიდან და სამს რუსეთიდან“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, შავი ყუთები ბრაზილიაში სამშაბათს ჩავა.
„სამუშაოს დასრულების შემდეგ, მოპოვებული მონაცემები გადაეცემა ყაზახეთის საავიაციო შემთხვევების გამოძიების დირექტორატს, ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია ამ კატასტროფის გამოძიებაზე“, – აცხადებენ ბრაზილიის საჰაერო ძალებში.
შეგახსენებთ, 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი. წინასწარმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია.
ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინები, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებდა, ან ინაუგურაციის დღეს აღარ გამოვიდოდა სასახლიდან, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი ინტერესი ქვეყანაში პროცესების რადიკალიზაციაა, რასაც ყოფილი პრეზიდენტის მიერ ბოლო დღეებში გადადგმულმა ნაბიჯებმა ხელი არ შეუწყო.
„ეს იყო მათი გეგმა, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო დაძაბულიყო სიტუაცია. ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებს მხოლოდ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესები ამოძრავებთ, მათთვის არ არის მნიშვნელოვანი ქვეყანა და ქართველი ხალხი“, – აღნიშნა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა.
31 დეკემბერს და პირველ იანვარს საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, 2 იანვრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 31 დეკემბერს და 1 იანვარს იწვიმებს, 2 იანვრიდან კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 31 დეკემბერს და 1 იანვარს ზოგან იწვიმებს, 2 იანვრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 2 იანვრამდე ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება, შემდგომში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 31 დეკემბერს და 1 იანვარს ზოგან მოთოვს, 2 იანვრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1, -3 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 31 დეკემბერს ზოგან იწვიმებს, 1-3 იანვარს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 2 იანვრამდე ზოგან მოთოვს, შემდგომში კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 2 იანვრამდე ზოგან მოთოვს, 2 იანვრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც შსს-ში აღნიშნავენ, მას შემდეგ, რაც ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა.
„დაპირისპირება მოხდა როგორც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე, მოქალაქეებსა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს შორის.
შეკრებილებმა გადააბრუნეს როგორც შეჯახებაში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი.
ასევე, მათ დააზიანეს და ფანჯრები ჩაუმსხვრიეს ადგილზე მყოფი სხვა მოქალაქეების ავტომობილებს.
შეკრებილი პირები ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების მგზავრებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ, ასევე, სამართალდამცველებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში უშლიდნენ ხელს. ამასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.
სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის საპატრულო, კრიმინალური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლები“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელმა და დაშავდა რვა მოქალაქე, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათი ნაწილი ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებებში.
მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ორი მოზარდი ემსხვერპლა, რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარს ადგილზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება.
ბოლნისის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა და ისინი თბილისში გადაჰყავთ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, საავტომობილო გზაზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა , რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად, ქვეითად მოძრავი ორი მოზარდი, აქედან ერთ-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს,” – აღნიშნულია განცხადებაში.
ბოლნისის საავადმყოფოში მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული ცხრა პირი შეიყვანეს.
როგორც პირველ არხს ბოლნისის საავადმყოფოში განუცხადეს, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმე იყო. ერთი დაშავებული თვალ-გუგის დაზიანებით თბილისში გადაიყვანეს, ხოლო მეორეს ყბა-სახის მძიმე დაზიანება აქვს და ასევე თბილისში ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, ექიმების ინფორმაციით, მათ ძირითადად ნეკნების მოტეხილობა და დაჟეჟილობები აღენიშნებათ.
ბოლნისის საავადმყოფოსთან ამ დროისთვის დაშავებულთა ახლობლები არიან შეკრებილი. ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ორი მოზარდი ემსხვერპლა, რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარს ადგილზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება.