Home Blog Page 11

გივი მიქანაძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს განათლების მინისტრმა პირველი ოფიციალური შეხვედრა მეზობელ ქვეყანაში გამართა. აზერბაიჯანსა და ჩვენს ქვეყანას შორის, განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. მინისტრებმა შეხვედრაზე ყურადღება უწყებებს შორის ურთიერთობების გააქტიურებასა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენაზე გაამახვილეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გივი მიქანაძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრსაც შეხვდა. ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობებზე.

“ახალგაზრდობის როლი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განმტკიცებაში” და “ციფრული რევოლუცია: გამოწვევები და შესაძლებლობები მომავლისთვის”- ეს ის თემებია, რომელიც ორი ქვეყნის ახალგაზრდები დააკავშირა და ფორუმზე გააერთიანა. ფორუმის ჩატარება საქართველოშიც იგეგმება.

ფორუმის გარდა, საქართველოს განათლების მინისტრი ქალაქ გუბაში, საზაფხულო ბანაკში, ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა. პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებას.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, უმაღლესი განათლების სისტემაში განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს საქართველოს განათლების მინისტრმა და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის – ADA-ს უნივერსიტეტის რექტორმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი, 3-დღიანი ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასრულებულია.

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს ვერძებისთვის ხელსაყრელი დღეა – საერთო ენას ყველასთან მარტივად გამონახავთ. ფინანსების მართვას და განაწილებას სწორად ახერხებთ, მაგრამ ცდუნებებთან გამკლავება გიჭირთ. გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელად ახალი საქმით დაინტერესდეთ. საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

კურო

ეს დღე შემოქმედი კუროებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას ზეწოლას და უხეშობას უნდა მოერიდოთ, თორემ საქმე სანანებლად გაგიხდებათ. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიკატების გამოყენების დროს.

ტყუპები

შესანიშნავი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. გირჩევთ, საკუთარ მენიუში ცვლილებები შეიტანოთ და, ზაფხულში მაინც, ხორცი ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ. ამ დღეს შეძენილი ნივთი იმედებს გაგიცრუებთ. დაუქორწინებელ ტყუპებს მალე ახალი რომანტიკული ურთიერთობა გელით.

კირჩხიბი

დროა, სამსახურის პრობლემების გადაჭრას მეტი ყურადღება მიაქციოთ. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა წარმატებული იქნება და სასიამოვნო ემოციებს გაჩუქებთ. თუ დაქორწინებული არ ხართ, მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა შორიდან ჩამოსულ ადამიანთან.

ლომი

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. შეიძლება ოჯახის წევრმა სახლში დაბრუნება დააგვიანოს და ბევრი ინერვიულოთ. ხანმოკლე სამსახურებრივ რომანს შეიძლება, კოლეგებისა მხრიდან ღია კრიტიკა მოჰყვეს. საღამოს ეცადეთ, კარგად დაისვენოთ. ძილის წინ თბილი აბაზანა დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

ქალწული

დღევანდელ საქმეებს სწრაფად და ეფექტურად მოაგვარებთ, თუმცა მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯები. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მოუცლელობას საყვარელი ადამიანი უყურადღებობად აღიქვამს, რამაც შეიძლება, სერიოზული გაუგებრობა გამოიწვიოს. თუ დაქორწინებული არ ხართ, მაშინ შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობის დაკანონება დაგჭირდეთ. ამ დღეს შორეულ მოგზაურობაში წასვლისგან თავი შეიკავეთ.

სასწორი

ამ დღეს ენერგიის ნაკლებობას არ უჩივით; მთავარია, არ გადადოთ საქმის გაკეთება, მაგრამ ნუ ენდობით მაცდურ შეთავაზებებს – ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მორიელი

თქვენი მუხლჩაუხრელი შრომა და ანგელოზის მოთმინება აუცილებლად დაფასდება. ალბათ დროა, რომ სიკეთით გადაუხადოთ ადამიანს, ვინც უანგაროდ დაგეხმარათ. საყოფაცხოვრებო ქიმიკატების გამოყენების დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით მცირე შფოთვა გელით.

მშვილდოსანი

ამ დღეს კოლეგებთან, მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში გაუგებრობა გელით. ხელოვნურად ნუ გაირთულებთ ცხოვრებას, ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც თქვენს გემოვნებას შეეფერება. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. სავარაუდოდ, ახალი ნაცნობობა დიდ სიყვარულში გადაიზრდება.

თხის რქა

ამ დღეს სამსახურში ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ და კარგ შედეგს მიიღებთ. გირჩევთ, საკუთარ მენიუში მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვების რაოდენობა შეზღუდოთ. თ დაქორწინებული არ ხართ, დროა, პირადი ცხოვრებისთვის მოიცალოთ – უახლოეს ხანებში შორიდან ჩამოსულ ადამიანთან სასიყვარულო ურთიერთობა გელით.

მერწყული

ბიზნესისთვის რთული დღეა. მოერიდეთ კონფლიქტის მხარეების შერიგებას, რადგან ეს მხოლოდ გაამწვავებს ვითარებას. ეცადეთ, თქვენ მიმართ გამოთქმული კრიტიკა კონსტრუქციულად მიიღოთ და სწორი დასკვნები გააკეთოთ. საღამოს კარგად დაისვენეთ. ძილის წინ თბილი აბაზანა დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

თევზები

თქვენი საოცარი ინტუიცია არ გღალატობთ. თუ მოინდომებთ, ამ დღეს დიდი ხნის წინ დაწყებული საქმის დასრულებას შეძლებთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას უხეშობას უნდა მოერიდოთ, თორემ სინანული მოგიწევთ.

დონალდ ტრამპის ცნობით, ტაილანდსა და კამბოჯას შორის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ცდილობს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტაილანდსა და კამბოჯას შორის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ცდილობს.

როგორც დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, სატელეფონო საუბარი გამართა ორივე ქვეყნის ლიდერთან და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა სურთ.

„მათ „სავაჭრო მოლაპარაკებებზე“ დაბრუნება სურთ აშშ-თან, რაც, ვფიქრობ, უადგილოა, ვიდრე ბრძოლა არ შეწყდება. ისინი დათანხმდნენ დაუყოვნებლივ შეხვდნენ და შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე და, საბოლოო ჯამში, მშვიდობაზე. ჩემთვის პატივია ორივე ქვეყანასთან საქმის წარმართვა“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 4.48 გრ.  ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინ“-ს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკულ საშუალება  „გამომშრალი მარიხუანა”, რომლის რეალიზაციაც მოახდინა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ქუთაისში დააკავეს. ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა)  წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეორე პირს ბრალდება 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 260 ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (მარიხუანის უკანონო რეალიზაცია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ  ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

,,საქართველოში ევროკავშირის მიზნების თაობაზე „ქართული ოცნების” ტყუილები და დეზინფორმაცია წარმატებული ვერ იქნება”- ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოში ევროკავშირის მიზნების თაობაზე „ქართული ოცნების” ტყუილები და დეზინფორმაცია წარმატებული ვერ იქნება, – ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოში ევროკავშირის მიზნების თაობაზე „ქართული ოცნების“ ტყუილები და დეზინფორმაცია წარმატებული ვერ იქნება. მხარს ვუჭერთ ქართველებისთვის მშვიდობიან და კეთილდღეობით სავსე მომავალს, რომელიც დამყარებული იქნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და რეფორმების მყარ საფუძველზე,” – ნათქვამია განცხადებაში.

,,ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ჩინოვნიკთა ხელში”- ირაკლი ჭეიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჭეიშვილი ევრო ბიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პოზიციას „დღის ქრონიკაში“ ეხმიანება. ჭეიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ჩინოვნიკთა ხელში, რისი გამოყენებაც მათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ სურთ, რათა შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა, რომ მეორე დღესვე გააჩაღონ ომი რუსეთთან და გახსნან მეორე ფრონტი.

„სანამ ევროკავშირში კონსერვატორული ძალები უმრავლესობაში არ იქნებიან, ვერ ვხედავ რაიმე ტიპის ურთიერთობის გადატვირთვას ევროპასთან. ისინი მოწადინებულები არიან, რომ საქართველოში არეულობა იყოს. ახლანდელი გამოქვეყნებული ევროკომისიის მოთხოვნაც ამაზე მეტყველებს. გვთხოვენ, გავიწვიოთ „ოჯახის ღირებულებების“ შესახებ კანონი, გავაუქმოთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. რა შუაშია ეს ყველაფერი უვიზო მიმოსვლასთან, მე ვერ ვხვდები. ეს არის ის ნაბიჯი, რომ შეეცადონ, წინასაარჩევნოდ ბოლო ბერკეტი გამოიყენონ იმისთვის, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ, მალე დაასრულონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მოიყვანონ თავისი აგენტურული ხელისუფლება და მეორე დღესვე ქვეყანა რუსეთთან ომში ჩართონ. მაგრამ, ჩვენ არ ვაპირებთ არცერთი ნაბიჯით უკან დახევას, ჩვენ არ ვაპირებთ მშვიდობის საპირწონედ რაიმე დავაყენოთ ჩვენს ქვეყანაში. “. აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

დიმიტრი ხუნდაძე – ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით ირჩევს არა პარტნიორულ ურთიერთობებს, არამედ საბჭოთა მეთოდებს იყენებს და ყველაფერს რუსულს არქმევს

სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით ირჩევს არა პარტნიორულ ურთიერთობებს, არამედ იყენებს საბჭოთა მეთოდებს და ყველაფერს რუსულს არქმევს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო არჩევნებში სასურველი შედეგი რომ ვერ მიიღეს, ამომრჩეველს დაემუქრნენ, რომ ვიზალიბერალიზაციას გაუუქმებდნენ.

„ევროკავშირის პრესსპიკერის თავის მართლება მესმის, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. გვახსოვს იგავ-არაკი „მამლის ქურდი“, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. გვახსოვს ფაქტები – უსამართლო რეზოლუციები, სანქციებში საქართველოს ჩართვის იძულება, ასევე ქუჩაში აურზაურის წახალისება, მიხეილ სააკაშვილის დემოკრატიის შუქურად გამოცხადება და მისი თითქოსდა წამების ლეგიტიმაცია, მარშები ელჩების ჩართულობით, დემარშები და ა.შ. გვახსოვს, ასევე, მაგალითად დასავლეთის მიერ დაფინანსებული „ისფედის“ მიერ არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობა. გვახსოვს ასევე, აქტიური მცდელობა, გაეხლიჩათ საზოგადოება და ხელისუფლება, თითქოს ერთი სხვა იყო და მეორე – სხვა. ბოლო არჩევნებში სასურველი შედეგი რომ ვერ მიიღეს, სადაც პირდაპირ პაველ ჰერჩინსკი უშუალოდ ერეოდა და მოუწოდებდა ამომრჩეველს, მათთვის სასურველი შედეგი დაეყენებინათ, შემდეგ უკვე დაემუქრნენ, რომ ვიზალიბერალიზაციას გაუუქმებდნენ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით ირჩევს არა პარტნიორულ ურთიერთობებს, არამედ საბჭოთა მეთოდებით იყენებს და ყველაფერს რუსულს არქმევს.

„აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა დეპარტამენტმა ევროკავშირი დაადანაშაულა იმაში, რომ ცალმხრივ ცენზურას ეწევიან, ეს არის უსამართლობის ერთ-ერთი ფორმა. ჩვენ მზად ვართ პარტნიორული ურთიერთობებისთვის, მაგრამ მიუღებელია დესტრუქციული წახალისებები, შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში პირდაპირი ჩარევები, ამომრჩევლისადმი მუქარა. იარაღად რუსული იარლიყის გამოყენება აპრობირებული პრაქტიკაა არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, აშშ-შიც ხედავთ, რომ რუსული იარლიყია ბრძოლის იარაღად გამოყენებული. თითქოსდა მარტივი ინსტრუმენტია, რომ ყველაფერი გადაფარო და ყველაფერს დაარქვა რუსული“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან რუსული იარალიყის გამოყენებას აშშ-ის პოლიტიკურ წრეებშიც ხედავენ.

„ეს არის დასავლური ბიუროკრატიის, „დიფ სთეითის“ სცენარი, რომელიც არა მხოლოდ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას უშლის ხელს, არამედ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ამას უყურებს საფრთხედ და განიზრახა „დიფ სთეითის“ დამარცხება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თავად ამერიკა გახდეს დამარცხებული. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ეს არის გლობალური პრობლემა. ამას სჭირდება საერთაშორისო საზოგადოების, თანამეგობრობის, ობიექტური და ფხიზელი დამოკიდებულება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კონვოი სენაკიდან ვაზიანში ჩავიდა 

საერთაშორისო სწავლების, „მტკიცე სული 2025“-ის ფარგლებში, ამერიკული სამხედრო ტექნიკა, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილ ჯავშანმანქანებთან ერთად, სენაკიდან ვაზიანში თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გავლით ჩავიდა.

ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კონვოი დაკომპლექტებული იყო ამერიკული მაღალმობილური, მრავალმიზნობრივი ჯავშანმანქანებით და საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანმანქანებით – ქართული წარმოების „დიდგორი“ და „კობრა“. მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) ოფიციალურად 25 ივლისს გაიხსნა. სწავლებაში ჩართული ამერიკული მანქანები ფოთის პორტში რუმინეთიდან, კონსტანცას პორტიდან ბორნით შემოვიდა, ფოთის პორტში გადმოიტვირთა და სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში განლაგდა.

უწყების ცნობით, „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) 6 აგვისტოს ოფიციალურად დაიხურება. სწავლებას საქართველო მეთორმეტედ მასპინძლობს. Agile Spirit 2025 მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას.

უსუფაშვილი აგრძელებს რეჟიმთან კოლაბორაციას ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით, “ვგიჟდები” ასეთ ხალხზე, ყველა დროს რომ მართლები არიან და ყველა დამნაშავეა მათ გარდა -მიხეილ სააკაშვილი

უსუფაშვილი აგრძელებს რეჟიმთან კოლაბორაციას ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით, „ვგიჟდები“ ასეთ ხალხზე, ყველა დროს რომ მართლები არიან და ყველა დამნაშავეა მათ გარდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

მისივე თქმით, არგუმენტი, რომ დავით უსუფაშვილის დროს არაფერი ცუდი არ ხდებოდა, ბოლომდე სიცრუეა.

„დავით უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო. კი, „მოიშორეთ“ ხელისუფლება რომელმაც ნანგრევებიდან შექმნა ქართული სახელმწიფო, დაამარცხა კორუფცია, კრიმინალი, დაუბრუნა აჭარა, ტურიზმი გაზარდა 50 ათასიდან 7 მილიონამდე, ქართული სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა 2008 წელს, საქართველო აქცია მსოფლიოს N1 რეფორმატორად და მთელს პლანეტას გააცნო მსოფლიოს დემოკრატიის შუქურად; შექმნა განათლების და ჯანდაცვის სრულიად ახალი სტრუქტურები, შექმნა ახალი ჯარი და პოლიციაა, ააშენა ბათუმი. აი ასეთი ხელისუფლება „მოიშორეთ“ და მოიყვანეთ კლასიკური მაფიოზი, რომელმაც ჩამოგვაშორა ევროპულ გზას, დაასრულა ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობები, რომელსაც ჩემს დროს მოეწერა ხელი, გააქცია ნახევარი საქართველო და გააღატაკა ქართველები. დაიჭირა ამდენი პოლიტიკური ლიდერი (ჩემს დროს არცერთი არ იყო დაპატიმრებული), დაანგრია ქართული ჯარი, გააბანდიტა პოლიცია და ღიად გვაბარებს რუსეთს. ახლა უსუფაშვილი ამაყობს, რომ მონაწილეობა მიიღო ამათ მოყვანაში

პირდაპირ „ვგიჟდები“ ასეთ ხალხზე, ყველა დროს, რომ მართლები არიან და ყველა დამნაშავეა მათ გარდა. თან უსუფაშვილი აგრძელებს რეჟიმთან კოლაბორაციას ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის სახით. ის არგუმენტი, რომ მის დროს არაფერი ცუდი არ ხდებოდა, ბოლომდე სიცრუეა, უსუფაშვილის დროს გაუშვეს რუსი ჯაშუშები, როგორც პოლიტპატიმრები, ჩახალიანის ჩათვლით. დახურეს ამერიკული მასწავლებლების პროგრამა და ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. რუსებს გადასცეს 2008 წლის ომში მონაწილე ჩვენი მებრძოლების სიები, შემოუშვეს „სპუტნიკი“ და დახურეს რუსეთზე მაუწყებელი „პირველი კავკასიური არხი“, რუსებს ასევე გადასცეს ჩვენი სადაზვერვო დეპარტამენტის კონტაქტების სია რუსეთში, რამაც გამოიწვია მათი დაპატიმრება და განადგურება.პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი წყნარად უყურებდა მასობრივი რეპრესიების დაწყებას და ბოლომდე დარჩებოდა თანამდებობაზე, ივანიშვილს რომ არ მოესროლა“, – აღნიშნავს სააკაშვილი.

როგორც ყოფილი პრეზიდენტი წერს, უნდა დავივიწყოთ იმ ყოფილი „ქოცების“ ცუდი, რომელთან შეცდომები აღიარეს და პასუხი გავცეთ მათ, ვინც ამტკიცებს, რომ 2012 წელსაც და ახლაც მართალი არიან.

„მე მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით, მიუხედავად იმისა, რომ არ შეიძლება, არ იცოდეს, რომ დღე ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მთლიანობაში პოზიტიურად აფასებს ჩემს საქმიანობას და უკიდურესად უარყოფითად დღევანდელ მაფიოზურ კლანს. გაერთიანების მომხრე მართლაც არის ბევრი ყოფილი „ქოცი“, მაგალითად მურმან დუმბაძე, რომელმაც ღირსება შეინარჩუნა და აღიარა თავისი შეცდომები. მე მინდა ხალხს მოვუწოდო, რომ ყველაფერი ცუდი დავივიწყოთ იმ ყოფილი „ქოცების“, რომელიც აღიარებს თავის შეცდომებს და სათანადო პასუხი გავცეთ მათ, ვინც ამტკიცებს რომ 2012-შიც მართალი იყო და ახლაც. შევახსენოთ მათ ყველაფერი თუ მაინც არ შეისმენენ თქვენს ხმას, მოვახდინოთ მათი სრული პოლიტიკური მარგინალიზაცია. მხოლოდ სრული სიმართლის პირობებში გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ ცამდე მართალი“, – წერს სააკაშვილი.

საქართველოს მოსახლეობა მადლიერია ევროკავშირის ელჩის, რომელიც დიდ როლს თამაშობს ჩვენი ინტერესებს გატარებაში, “რუსულ ოცნებას” ბოდიში აქვს მოსახდელი ჩვენი პარტნიორების მიმართ-ელენე ხოშტარია

ინტერესებს გატარებაში, „რუსულ ოცნებას“ ბოდიში აქვს მოსახდელი ჩვენი პარტნიორების მიმართ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებამ „რუსული ოცნება“ ტყუილში ამხილა.

„„კოალიცია ცვლილებისთვის“ სახელით მინდა, გამოვეხმაურო ჩვენი პარტნიორების ორ მნიშვნელოვან საერთაშორისო გადაწყვეტილებას. მოქმედებას, რომელიც, ერთი მხრივ, გამოხატავს უპრეცედენტო მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და, მეორე მხრივ, ხაზს უსვამს ე.წ მთავრობის რუსულ ბუნებას. უპირველესად, ვართ ძალიან ბედნიერები, რომ საქართველოში ტარდება ნატო-ს მრავალეროვნული წვრთნები „მტკიცე სული“, რომლის მიზანია უსაფრთხოების გამყარება და ჩვენს საფრთხეებზე სწრაფი რეაგირება, საქართველოს ინტერესების დაცვა. ეს წვრთნები ტარდება მიუხედავად იმისა, რომ „რუსული ოცნება“, ე.წ. ხელისუფლება უკვე მესამედ ემიჯნება ნატო-ს წვრთნებს. ემიჯნება და ამ წვრთნების გახსნაზე არ გამოცხადნენ რუსეთის მსახური ბიუროკრატები, როგორებიც არიან ირაკლი ჩიქოვანი და ე.წ გენშტაბის უფროსი. მიუხედავად ამისა, ამ წვრთნების ჩატარება ხაზს უსვამს, რომ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების „რუსული პოზიციები“ ვერ შეაჩერებს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას, ვერც ჩვენი უსაფრთხოებისა და ვერც ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების;

მეორე, არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება ჩვენი ევროპელი პარტნიორების, ევროკავშირის სპეციალური განცხადება, სპიკერის განცხადება, რომელიც პირდაპირ ტყუილში ამხელს „რუსულ ოცნებას“. ისინი პირდაპირ საუბრობენ, რომ „რუსული ოცნება“ ვიზალიბერალიზაციის საფრთხეზე, რუსული კონსპირაციული თეორიების მსგავსად, ავრცელებს სრულ ტყუილებს, თითქოს ვიღაცა რაღაცას გვახვევს თავს. ამ დროს ჩვენი პარტნიორები პირდაპირ საუბრობენ, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ხალხის ევროპულ მისწრაფებას. ამასთანავე, მინდა სრულად დავგმო კალაძის, ასევე რუსეთის მსახურის, სრულიად შეურაცხმყოფელი განცხადებები ჩვენი უდიდესი მეგობრის, აქ ევროკავშირის ელჩის მიმართ. საქართველოს მოსახლეობა, რომლის სრული უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპაში გაწევრიანებას, არის მადლიერი ევროკავშირის ელჩის. ჩვენ ვიცით, თუ რამხელა როლს თამაშობს ის ჩვენი ინტერესების გატარებაში. „რუსულ ოცნებას“ ბოდიში აქვს მოსახდელი და აუცილებლად მოიხდიან ჩვენი პარტნიორების მიმართ. მე მინდა, ევროკავშირმა იცოდეს, რომ კახი კალაძის განცხადება აბსოლუტურად არ ასახავს ქართველი ერის პოზიციას, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და ვინმე ჩიქოვანის არგამოცხადება წვრთნებზე, არ ასახავს ქართველი ხალხის მისწრაფებას, გავხდეთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების, მშვიდობის, განვითარების სივრცის ნაწილი“, – განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადება, სადაც ნათქვამია: „ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოში ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს“.

ტალიაშვილისა და ტრამპის შეხვედრა არის დასტური, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები პოზიტიურ რელსებზე გადავა, ოპოზიციას ელდა ეცა, ეს მათ ინტერესებში არ შედის -დიმიტრი ხუნდაძე

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში შეხვედრა არის პოზიტიური პოლიტიკური ნაბიჯი, რაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს წაადგება.

მისივე შეფასებით, „ოპოზიციას ელდა ეცა, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა შედგა“.

„ამ შეხვედრას აქვს მაღალი პოლიტიკური ფასი. ეს არის დასტური, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები პოზიტიურ რელსებზე გადავა. ამისთვის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს, რასაც ორივე მხარე მიჰყვება. მე მწამს და ამას ვნახავთ, რომ ელდა ეცა ოპოზიციას, მით უმეტეს წინასაარჩევნოდ, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა შედგა. ეს მათ ინტერესებში არ შედის. ეს არა მხოლოდ მათი, არამედ საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალების ინტერესს აბსოლუტურად სცდება, მაგრამ ეს არის მაღალი პოზიტიური პოლიტიკური ნაბიჯი, რაც წაადგება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ქრთამის აღების ფაქტზე ლენტეხის კულტურის ცენტრის დირექტორი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, დაკავებულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის“ დირექტორი ნ.ს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სახელით ასრულებდა საჯარო ფუნქციებს, რომლის დაქვემდებარებაში იყო კულტურის ცენტრი და მასთან არსებული ერთ-ერთი ანსამბლი. ბრალდებულმა, დიდი ოდენობით ქრთამის აღების მიზნით, საკონცერტო პროგრამითა და დარბაზის ათი დღით ქირავნობით დაინტერესებულ ერთ-ერთ პირს, ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 ლარი.

დაკავებულის მოთხოვნით, 5 000 ლარი ოფიციალურად უნდა ჩარიცხულიყო ა(ა)იპ-ს ანგარიშზე, ხოლო 15 000 ლარი უნდა გადაეცათ მისთვის. დანაშაულებრივი განზრახვის შენიღბვის მიზნით, ნ.ს.-მ დაამზადა ორი ხელშეკრულება, ერთი ფართის ქირავნობის, ხოლო მეორე ფიქტიურად კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით.

ნ.ს. დაკავებულ იქნა მოთხოვნილი თანხის ნაწილის, 7 000 ლარის აღების ფაქტზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

აქტიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივ ქმედებაში შესაძლო ჩართული მუნიციპალიტეტის სხვა მოხელეთა მხილების მიზნით.

საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული იქნება უმკაცრესი ზომები, განსაკუთრებით სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მითვისებისა და კორუფციის ფაქტებზე.