Home Blog Page 11

რა ეღირება დოლარი და ევრო 17 სექტემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6985 ლარი დარჩა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6985 ლარი დარჩა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6984 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0010 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9939 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0071 ლარი შეადგინა.

მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, წვლილი შეიტანოს რეგიონული და საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში – ნიკოლ ფაშინიანი

ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი მთავრობა გააგრძელებს ძალისხმევას, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის მთავრობა  მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ წვლილი შეიტანოს ამ პროცესში.

„პრემიერ-მინისტრო, მჯერა, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, დავხუროთ კონფლიქტების თავი სამხრეთ კავკასიაში და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მშვიდობა სასარგებლოა არა მხოლოდ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, არამედ საქართველო, თურქეთი და ირანიც მიიღებს სარგებელს თანაბრად. ამიტომაც, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი მთავრობა გააგრძელებს ძალისხმევას, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. თქვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ წვლილი შეიტანოთ რეგიონული  და საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში”, –  განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მწამს, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების თავი დავხუროთ და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში – ფაშინიანი კობახიძეს

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მე ნამდვილად მწამს, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების თავი დავხუროთ და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში – ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ რეგიონალური და საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში წვლილი შეიტანოს.

როგორც ფაშინიანი აღნიშნავს, სამხრეთ კავკასიაში მიღწეული მშვიდობის ბენეფიციარები არა მხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანი, არამედ საქართველო, თურქეთი და ირანი არიან.

„მოხარული ვარ, რომ მეგობრულ საქართველოში კიდევ ერთხელ ვარ ჩამოსული. ძალიან დიდი მადლობა ტრადიციული თბილი მიღებისა და სტუმარმასპინძლობისთვის, რომელიც ჩემმა დელეგაციამ მიიღო უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში. ჩვენ მოვახერხეთ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში გაგვეფართოებინა ყოვლისმომცველი თანამშრომლობა, ყველა სფეროში. ამის საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ, რომ ამ წლის იანვარში, საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ავიდა უფრო მაღალი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. ჩვენ ამგვარად მოვახერხეთ შეგვექნა ეფექტური და პერიოდული კონტაქტების სიცოცხლისუნარიანი მექანიზმი, რომელიც ემყარება ორმხრივ ინტერესებს, ისევე როგორც პრინციპებს და დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელიც მიღებულია ჩვენი ქვეყნების ბრძენი ხალხების მიერ.

ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ გვქონდა საშუალება განგვეხილა მთელი რიგი საკითხები, რომელიც ეხება ჩვენს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის მიღწევას. მე ჩემს კოლეგას წარმოვუდგინე უკანასკნელი განვითარების ინფორმაცია სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის პროცესში. მე უნდა აღვნიშნო, რომ რთული მოლაპარაკების დროს, აზერბაიჯანთან ჩარჩოებში, დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ჩვენ მოვახერხეთ მიგვეღწია გარკვეული პროგრესისთვის. სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწია ხელშეკრულებას, რომელიც უნდა მოქმედებდეს დელიმიტაციის პროცესის ჩარჩოებში, რომელიც ეყრდნობა 1991 წლის ალმატის დეკლარაციის დებულებებს. რაც ნიშნავს, რომ ამ პროცესისთვის საფუძველი იქნება ადმინისტრაციული საზღვრების განსაზღვრა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის. ჩვენ ველით, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ მივაღწევთ პრაქტიკულ პროგრესს სომხეთი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციაში. გვაქვს საერთო პოზიციები ამასთან დაკავშირებით გამოხატული.

მე ვფიქრობ, თქვენ იცით, რომ თითქმის 2 წლიანი მოლაპარაკების შედეგად, სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო და ქვეყანათაშორისი ურთიერთობის დამყარების ხელშეკრულების 80%-ზე შეთანხმდნენ. ჩვენ შევთავაზეთ აზერბაიჯანს ხელი მოეწერა იმ დებულებისთვის, რომელიც უკვე იყო შეთანხმებული. ასევე შეთავაზებული იყო დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება და ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება, რომელიც ორმხრივ ინტერესებში შედის. მთელი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურის და კომუნიკაციების განბლოკვა და სრული ოპერაცია გახლავთ რეგიონის სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ის თემა, რომელსაც ჩვენ ვთვლით პრიორიტეტად ჩვენი მთავრობისა. ჩვენი იდეა ამ საკითხზე საუკეთესოდ არის ასახული სამშვიდობო პროექტის გზაგასაყარზე, რომელიც სომხეთის მთავრობამ შექმნა და რომელიც პირველ რიგში გავუზიარე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს თბილისში კონფერენციის დროს.

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მე ნამდვილად მწამს, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების თავი დავხუროთ და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ბენეფიციარები ამ მშვიდობისა არა მხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანია, არამედ საქართველო და თურქეთი. ასევე, ირანიც მიიღებს სარგებელს. ამიტომ ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მდგრადად და მუხლმოუხრელად გააგრძელებს ყველა ძალისხმევის განხორციელებას, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს შესაძლებელი. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ თქვენი წვლილიც იყო შეტანილი. თქვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ იყოს განხორციელებული წვლილი რეგიონალური და საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მისაღწევად,“ – განაცხადა ფაშინიანმა.

ჩვენ მზად ვართ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ჩვენი როლი შევასრულოთ – პრემიერი

დღევანდელ შეხვედრაზე მე მადლობა გადავუხადე ჩემს კოლეგას, ბატონ პრემიერ-მინისტრს, ისტორიული გადაწყვეტილებისთვის, გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რომელიც უკავშირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ურთიერთობებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავის სომეხ კოლეგასთან ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას მათ ისაუბრეს საქართველო სომხეთის ურთიერთობის ყველა ასპექტზე, ასევე რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და გლობალურ საკითხებზე. კობახიძემ ფაშინიანს ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად გიმასპინძლოთ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოში. ჩემთვის პატივია გიმასპინძლოთ წარმომადგენლობით დელეგაციას სომხეთიდან.

კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო მარტში, ჩემი ვიზიტი სომხეთში და მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძლებს გულთბილი მასპინძლობისთვის. ჩვენი ურთიერთობა, საქართველოს და სომხეთის ურთიერთობა, ეფუძნება მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას და მეგობრობას ჩვენს ხალხებს შორის და მრავალსაუკუნოვან პატივისცემას. მოხარული ვართ, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდა პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. მოხარული ვარ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ გარდამტეხი როლი უკვე შეასრულა ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით და ამ ყველაფერს აქვს კონკრეტული პრაქტიკული შედეგები. დღევანდელ შეხვედრაზე მე მადლობა გადავუხადე ჩემს კოლეგას, ბატონ პრემიერ-მინისტრს, ისტორიული გადაწყვეტილებისთვის გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რომელიც უკავშირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ურთიერთობებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის. მე, ასევე, შეხვედრისას მადლობა გადავუხადე კოლეგას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მინდა აღვნიშნო ჩვენი ურთიერთობების ძალიან მაღალი დინამიკა, ჩვენ გვაქვს ძალიან ხშირი ორმხრივი ვიზიტები უმაღლეს დონეზე, მაღალი დონის ვიზიტები არის ძალიან ხშირი და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა შევინარჩუნოთ ეს ძალიან კარგი დინამიკა ჩვენს ურთიერთობებში და მაღალი ინტენსივობა ამ ურთიერთობებში. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებაზე ყველა მიმართულებით, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობა თუ თანამშრომლობა კულტურის, განათლების თუ სხვა სფეროების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ყველა ეს სფერო არის თანაბრად პრიორიტეტული ჩვენთვის,“ – განაცხადა კობახიძემ.

მან ისაუბრა საქართველოს მხარდაჭერაზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ.

„საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას და ამ კუთხით მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესს და კონკრეტულად სომხეთის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ. ჩვენ მზად ვართ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ჩვენი როლი შევასრულოთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. დასასრულს მსურს კმაყოფილება იმ შეხვედრებით, რომელიც გაიმართა დღეს. გვქონდა ძალიან საინტერესო საუბრები. მოხარული ვარ, რომ მქონდა კიდევ ერთხელ საშუალება გაგვეცალა მოსაზრებები ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ქართულ -სომხურ ურთიერთობებს, რეგიონში მიმდინარე პროცესებს, გლობალურად მიმდინარე პროცესებს და ბატონ პრემიერს კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოში ჩამობრძანებისთვის და მისი წვლილისთვის ქართულ-სომხური ურთიერთობების განვითარებაში“, – განაცხადა კობახიძემ.

ზურა ბერიკაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

მსახიობი ზურა ბერიკაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მსახიობი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.

ბერიკაშვილს პატივი მოქალაქეებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიაგეს, მათ შორის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა.

ცნობისთვის, ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბერიკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა.

თიბისი დაზღვევა – Fitch Ratings-ის ,,BB სტაბილური”- ს მფლობელია

„თიბისი დაზღვევა“ საქართველოში პირველი სადაზღვევო კომპანიაა, რომელსაც საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-მა, საქართველოს სუვერენული რეიტინგის მაქსიმუმი BB სტაბილური პროგნოზით მიანიჭა.

„თიბისის დაზღვევის“ რეიტინგი განპირობებულია სტაბილურად ძლიერი და მზარდი   ფინანსური მაჩვენებლებით. კომპანიის კაპიტალი, დღეისთვის, 50 მილიონს აღემატება, 2024 წლის მეორე კვარტლის, გადახდისუნარიანობის მაჩვენებელი კი,  207%-ია , – წერია Fitch Rating-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ანგარიშში.

ანგარიშში, ასევე, ვკითხულობთ, რომ რეიტინგის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი დივერსიფიცირებული პორტფელია, Fitch-ი დადებითად აფასებს, რომ კომპანია მხოლოდ  “A” კატეგორიის საერთაშორისო გადამზღვეველებთან პარტნიორობს.

„თიბისი დაზღვევა“ ბაზარზე 7 წელია საქმიანობს და, დაარსების პირველივე წლებიდანვე, სადაზღვევო ინდუსტრიაში მოწინავე პოზიციები უჭირავს. დღეის მდგომარეობით, საქართველოში დაზღვევის საცალო ბაზარზე, პირველ ადგილზე ვართ, როგორც ბაზრის წილით, ასევე, მომხმარებლის კმაყოფილებითა და ანაზღაურების ოდენობითაც. დაარსებიდან დღემდე, მომხმარებლებისთვის, 300 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს ანაზღაურებული.


„თიბისი დაზღვევა“, ყოველთვის წარმოადგენდა ინოვატორ სადაზღევევო კომპანიას, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული მიდგომებით, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე და მათი ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაზე. – დავით კიღურაძე – გენერალური დირექტორი

„თიბისი დაზღვევა“ თიბისი ჯგუფის წევრი სადაზღვევო კომპანიაა, რომელმაც მხოლოდ 2024 წელს, მომხმარებლებზე 53 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხა აანაზღაურა.

 სანამ მიხაილ როთი ბოდიშს არ მოიხდის, არ შევხვდებით – ნიკოლოზ სამხარაძე

მიხაილ როთმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ ეკლესიას, ქართველ ხალხს, „ქართულ ოცნებას“ და ქართველ ფეხბურთელებსაც კი – როთს სწორედ ამ მიზეზის გამო არ ვხვდებით და სანამ ბოდიშს არ მოიხდის, არ შევხვდებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას სამხარაძემ აღნიშნა, რომ „ჩვენ ამაყი, თავმოყვარე ხალხი ვართ და როცა ქვეყანაში უცხოელი პოლიტიკოსი ჩამოდის, საკუთარ თავს შეურაცხყოფის უფლება არ უნდა მისცეს“.

„თავი დავანებოთ იმას, რომ ის ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მიტინგზე იყო და იქ ოპოზიციის მისწრაფებებს მხარი დაუჭირა, რაც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა. ეს ყველაზე ნაკლები უბედურებაა. ყველაზე მთავარი იყო ის, რომ მან საკუთარი განცხადებებით შეურაცხყოფა მოგვაყენა ჩვენ, ჩვენს ხალხს და ეკლესიას.

ძალიან მაინტერესებს, მას შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლები რომ დაუსხდებიან, აპირებენ თუ არა სთხოვონ, რომ გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიში მოიხადოს.

გაგახსენებთ, როთმა თქვა, რომ მართლმადიდებლობა არის სიბნელე, მართლმადიდებლობასთან ერთად საქართველოს და ახალგაზრდებს ევროკავშირში მომავალი ვერ ექნებათ. ასევე თქვა, რომ „ქართული ოცნება“ არის ქართული კოშმარი და რუსული ხელისუფლება. როთმა ასევე ქართველებზე ფეხბურთელებზე თქვა, რომ სამარცხვინოა, რომ მათ თანხა „ქართუ“ ფონდიდან აიღეს.

ვინც ამას საჯაროდ ამბობს, მასთან შეხვედრის ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ – კრიტიკა ერთია, შეურაცხყოფა სხვა რამეა. ვინც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს, მათთან ვსხდებით და დისკუსიას ვაგრძელებთ, რადგან კრიტიკა ჩვეულებრივია, როცა პარტნიორებს ესაუბრები. ამიტომ, ჩვენ კრიტიკას კი არ ვებრძვით, არამედ შეურაცხყოფას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

“რატომ არ ჩადის რუსეთის პრეზიდენტი თურქეთში?- უცხოური პრესა

ბრიტანულ გაზეთ Middle East Eye-ში („ახლოაღმოსავლური ხედვა“) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “რატომ არ ჩადის რუსეთის პრეზიდენტი თურქეთში? პუტინი ითხოვს, რომ ანკარაში ვიზიტის დროს მას ესკორტად რუსული ავიაგამანადგურებლები ახლდნენ” (ავტორი – რაჰიფ სოილუ).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთში ვიზიტი რამდენჯერმე გადადო. ოფიციალური პირები მიზეზად მრავალ გარემოებას ასახელებდნენ. ზოგიერთების თქმით, ვლადიმერ პუტინი მას შემდეგ, რაც უკრაინასთან ომი დაიწყო, თავს არიდებს ისეთ ქვეყნებში ვიზიტს, რომლებიც სსრკ-ის შემადგენლობაში არ შედიოდნენ, ან ახლა რუსეთის მხარდამჭერები არ არიან. უფრო ადრე ამბობდნენ იმასაც, რომ როცა რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და ისევ ვლადიმერ პუტინის ლიდერობა დადასტურდება, პრეზიდენტი ანკარას მაშინ ეწვევა და თურქ კოლეგას შეხვდებაო.

არჩევნებიც ჩატარდა, პუტინის პრეზიდენტობაც დადასტურდა, მაგრამ „ურემი ისევ იქ დგას“ – რუსეთის ლიდერი არა და არ ჩადის თურქეთში.

უჩვეულო პირობა: მხოლოდ სამხედრო ავია ესკორტით…

როგორც Middle East Eye-ს კრემლის ადმინისტრაციასთან ახლოს მდგომმა წყაროებმა შეატყობინეს, ვიზიტის მუდმივად გადადების ძირითად მიზეზად ის პირობები ითვლება, რომელთა საფუძველზეც ვლადიმერ პუტინი ანკარას უნდა ეწვიოს.

წყაროების თქმით, რუსეთის პრეზიდენტს თურქეთში რუსული ავიაგამანადგურებლების ესკორტით სურს ჩაფრენა: იმიტომ, რომ იგი შეშფოთებულია უკრაინის შესაძლებლობებით – კიევს საფრენ მარშრუტზე თვითმფრინავების ჩამოგდება შეუძლია.
მოსკოვის მოთხოვნა, რომ პრეზიდენტი რუსული ავიაგამანადგურებლების თანხლებით ჩაფრინდეს – მათი თურქეთის ტერიტორიაზე დაშვებით, საკმაოდ რთულ საკითხს წარმოადგენს: ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო ერთიან სისტემას, რომელიც თურქეთსაც მოიცავს, შეუძლია რუსული სამხედრო თვითმფრინავები მტრულ სამიზნედ აღიქვას.
ამ საკითხზე რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკების მცოდნე ერთ-ერთი პიროვნების თქმით, საეჭვოა, რომ თურქეთმა ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მოქმედება შეაჩეროს, კრემლის თხოვნის შესასრულებლად.

ბოლო სამუშაო შეხვედრაზე რუსი და თურქი ოფიციალური პირები ვლადიმერ პუტინის ვიზიტის სავარაუდო თარიღად ოქტომბრის პირველ კვირას ასახელებდნენ, მაგრამ რადგანაც მოსაგვარებელი დარჩა პრობლემა ავიაგამანადგურებლებთან დაკავშირებით, ვიზიტის რეალიზება ნაკლებად არის შესაძლებელი. გავიხსენოთ, რომ სულ ბოლოს ვლადიმერ პუტინი თურქეთში 2014 წელს იმყოფებოდა.

რისი ეშინია ვლადიმერ პუტინს?

ორმა ყოფილმა თურქმა ელჩმა, რომლებიც ადრე მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული დიპლომატიურ პროტოკოლთან უცხო სახელმწიფოების მეთაურთა ვიზიტების თაობაზე, Middle East Eye-ს უთხრეს, რომ რუსეთის მოთხოვნა ძალზე უჩვეულო იყო. „ანკარას თეორიულად შეუძლია „კეთილი ნების“ ჟესტის სახით ნება დართოს უცხო სახელმწიფოს მეთაურის ესკორტის თვითმფრინავებს თურქეთის საჰაერო სივრცეში შემოსვლაზე და დაშვებაზე, თუმცა მე ვერ ვიხსენებ ვერცერთ ვიზიტს, რომლის დროსაც უცხო ქვეყნის ლიდერებს თავისი ქვეყნის ავიაგამანადგურებლების ესკორტით ჩამოსვლა სურდათ“, – აღნიშნეს ყოფილმა თურქმა დიპლომატებმა.
მესამე ელჩმა, რომელსაც Middle East Eye-მ კომენტარისთვის მიმართა, განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით, არ არსებობს რაიმე სპეციალური პროტოკოლი, რომელიც მსგავს თხოვნას არეგულირებს, ამიტომ საკითხი განხილვის საგნად რჩება.
მაგრამ რუსეთის მოთხოვნა მხოლოდ ავიაგამანადგურებლებით არ შემოიფარგლება: რუსი ოფიციალური პირები ჩივიან, რომ სამი უდიდესი ზეთანამედროვე სასტუმრო ანკარაში – „ჰილტონი“, „შერატონი“ და „მარიოტი“ – აშშ-ის კომპანიებს ეკუთვნით, მოსკოვი კი ამერიკულ სასტუმროებს რუსეთის პრეზიდენტისათვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს.

დღის წესრიგში დგება საკითხი – უზრუნველყოფს თუ არა თურქეთის ხელისუფლება იმას, რომ ვლადიმერ პუტინს სამთავრობო სასტუმრო სახლი დაუთმოს? მსგავსი ფაქტი თურქეთის უახლეს ისტორიაში ჯერ არ მომხდარა.
ერთი შეხედვით, ღამისთევის საკითხი არავითარი პრობლემა არ უნდა იყოს, თუ ვლადიმერ პუტინი ერთდღიანი ვიზიტით ჩაფრინდება თურქეთში, მაგრამ რადგანაც მოსკოვს და ანკარას ბევრი საკითხი აქვთ მოსაგვარებელი და პირადი „ტეტ-ა-ტეტ“ მოლაპარაკება აუცილებელია, ვიზიტი ორდღიანი იქნება. გარდა ამისა, თურქეთი ნატოს წევრ ქვეყანას წარმოადგენს, რუსი ოფიციალური პირები კი, ომიანობის დროს, პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხზე განსაკუთრებით ზრუნავენ.

მოსკოვი-ანკარა: აღმასვლები და დაღმასვლები

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი და რუსეთს ერთმანეთთან სტრატეგიული ურთიერთობები აქვთ, რომელიც ძირითადად სტაბილურია და ეკონომიკას – ენერგეტიკას, ვაჭრობას და ტურიზმს ემყარება, მათ პოლიტიკურ კავშირებში პერიოდულად აღმასვლებიც ხდება და დაღმასვლებიც.

რამდენიმე წლის წინათ მოსკოვ-ანკარის ურთიერთობა რუსი ელჩის მკვლელობამ და სირიის ამბებმა დაძაბა, როცა თურქეთის თვითმფრინავმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო. მორიგი კრიზისი უკრაინის ომის დაწყების შემდეგ განვითარდა, როცა თურქეთმა კიევისათვის იარაღის მიწოდება დაიწყო, თან ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში არ აღიარა. მართალია, ამის მიუხედავად, მოსკოვ-ანკარის ეკონომიკური ურთიერთობა ვითარდებოდა, მაგრამ აშშ-ის სანქციებმა თურქეთიც გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა – ანკარა იძულებული გახდა ანგარიში გაეწია აშშ-ის გაფრთხილება-მუქარებისათვის… შესაბამისად, ორმხრივი ვაჭრობა გარკვეულად შემცირდა. და მაინც, ორივე მხარე აცხადებს, რომ აკუიას ატომური ელექტროსადგურის გარდა, გეგმებში აქვთ კიდევ ერთი აეს-ის მშენებლობა შავი ზღვის ნაპირზე, სინოპთან ახლოს, ასევე გაზის ჰაბის მოწყობა თურქეთის დასავლეთ ნაწილში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

“ბერლინის ბორდელებში დასაქმებული ქალების 50% უკრაინელია”-Die Welt

გერმანული გაზეთი „ველტი“ (Die Welt) ბეჭდავს სტატიას სათაურით: “ბერლინის ბორდელებში დასაქმებული ქალების 50% უკრაინელია” (ავტორი – უმა სოსტმანი), რომელშიც გადმოცემულია რუსეთთან ომს გაქცეული უკრაინელი ლტოლვილი ქალების ბედი – მათი მნიშვნელოვანი რაოდენობა ბორდელებშია დაკავებული და თავს სხეულის ვაჭრობით ირჩენს.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

გერმანიაში მყოფ უკრაინელ ლტოლვილ ქალებს უფლება აქვთ სოციალური დახმარება მიიღონ, მაგრამ ბევრი მათგანი საბოლოო ჯამში ბორდელებში „სამუშაოდ“ მიდის: ბერლინის მსგავსი დაწესებულებების პერსონალის 50%, შეიძლება ითქვას, უკრაინელი ქალბატონებისაგან შედგება. რასაკვირველია, ისინი თავდაპირველად იმედოვნებენ, რომ ბორდელებში მხოლოდ დროებით იქნებიან, მაგრამ „დროებითი“ თანდათან „ხანგრძლივად“ გადაიქცევა ხოლმე.

სოციალური სფეროს მუშაკები, რომლებიც გერმანიის დედაქალაქში მყოფ მიგრანტთა და ლტოლვილთა უზრუნველყოფით არიან დაკავებულები, ჰყვებიან, თუ როგორ შეიცვალა ბორდელებში მყოფ მოსამსახურეთა ეთნიკური შემადგენლობა:

„ადრე უკრაინელი ქალები პროსტიტუციით ნაკლებად იყვნენ დაკავებულნი. ქალთა უმრავლესობა წინა წლებში ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან იყო წარმოდგენილი – ბულგარელები, რუმინელები და უნგრელები, ახლა კი მათ უკრაინელებიც დაემატნენ.
ისინი უკვე თითქმის ყველგან დომინირებენ: მათი რაოდენობა 50%-ს აღწევს და ხშირად უფრო მეტიცაა. ძალიან ბევრია ახალგაზრდა ქალები – გოგონები, რომლებიც უკრაინიდან ომს გამოექცნენ“, – ამბობს „ველტთან“ საუბარში სოციალური მუშაკი მია.

„როგორც ჩანს, მათ არ იციან თავიანთი უფლებები გერმანიაში. ალბათ, გარკვეული შიში აქვთ დასაქმების ცენტრის მიერ წამოყენებული პირობების მიმართ და იქ არ მიდიან – ერიდებიან, რომ მათი პროსტიტუციური საქმიანობა ყველასათვის ცნობილი გახდება“, – ამბობს მია.

ლტოლვილებს არ ჰყოფნით საცხოვრებელი ფართობი, ეცოტავებათ სოციალურად გარანტირებული თანხა და ამიტომ ზოგიერთები თავშესაფრებში ცხოვრებასთან შედარებით უპირატესობას ბორდელებში მუშაობასა და იქ დღედაღამ ყოფნას ანიჭებენ.
არცთუ იშვიათად ქალებს სექსით დაკავებას მამაკაცები აიძულებენ, რომლებიც მათ უფასო საცხოვრებელს ჰპირდებიან და ამ მიზნით ბორდელებში სამუშაოდ მიჰყავთ. ჯერ კიდევ 2022 წელს წერდა გერმანული პრესა, რომ უსახლკაროდ და უფულოდ დარჩენილ უკრაინელ ლტოლვილ გოგონებს ჩეხი სუტენერები „მფარველობენ“ და პროსტიტუციაში ითრევენ.

გარდა ამისა, არის ცნობები, რომ უშუალოდ უკრაინაშიც მუშაობენ ქალების ე.წ. „დამქირავებლები“, რომლებიც ახალგაზრდა ქალებს ჯერ კარგ პირობებს ჰპირდებიან, ხოლო შემდეგ, როცა ისინი გერმანიაში ჩადიან, იქ უკვე ბორდელებში მიჰყავთ სამუშაოდ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

პროკურატურამ, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე სამშენებლო კომპანიის დირექტორს და ამავე კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების მქონე პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, სამშენებლო კომპანიის დირექტორს და ამავე კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების მქონე პირს ბრალდება წარუდგინა, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანიის – შპს „დიღომი თაუერის“ დირექტორმა და ამავე კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების მქონე პირმა კომპანიას სახელწოდება შპს „თიმ დეველოპმენტით“ შეუცვალეს და განვადებით ან ნასყიდობით შეძენის ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქეებზე ყიდდნენ სოფელ დიღომში, ოთხი ათასი მესხის ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსში საცხოვრებელ ბინებს. რეალურად კი აღნიშნული ფართები უკვე სხვა პირებზე იყო იპოთეკით დატვირთული, ან გაყიდული, ზოგ შემთხვევაში კი კორპუსი საერთოდ არ აშენდა. ამ გზით ბრალდებულები 73 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 4 163 620 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

„სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული12 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტებზე წარედგინათ.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება ბრალდებულების მიერ შესაძლო ჩადენილ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებზე“, – აცხადებენ პროკურატურაში.

“დაძაბულობა კიევში: უკრაინელები შიშობენ, რომ თუ აშშ-ში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, დახმარება შეწყდება და ომი რამდენიმე თვეში დასრულდება”- The Washngton Post

აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washngton Post) გამოქვეყნებულია ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის, ანალიტიკოსისა და პოლიტიკური მიმომხილველის ფარიდ ზაკარიას სტატია სათაურით: “დაძაბულობა კიევში: უკრაინელები შიშობენ, რომ თუ აშშ-ში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, დახმარება შეწყდება და ომი რამდენიმე თვეში დასრულდება”.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ჩემს ჩასვლას კიევში, სადაც ყოველწლიურ კონფერენციაში ვმონაწილეობდი, ერთგვარი გამამხნევებელი შთაბეჭდილებების მიღების მიზანიც ჰქონდა. რუსეთ-უკრაინის ომი ამერიკული პოლიტიკური დებატების ჩვეულებრივი ნაწილი გახდა. დემოკრატები, კამალა ჰარისის სახით, აცხადებენ, რომ დახმარებას გააგრძელებენ, რესპუბლიკელები კი, დონალდ ტრამპის პირით, აღნიშნავენ, რომ კონფლიქტი დასრულება ერთ დღეში შეუძლიათ, თუმცა იქმნება შთაბეჭდილება, ორივე მხარის მუდმივი დისკუსიები რეალური ცხოვრებისაგან საკმაოდ შორს დგანან.

რა ხდება უშუალოდ კიევში? რას ფიქრობენ თვითონ უკრაინელები? დღეს ქალაქში შექმნილი სიტუაცია განსხვავდება 2022 და 2023 წლების მდგომარეობისაგან, როცა მე იქ ვიყავი დაახლოებით ამავე პერიოდში. ქვეყანაში ამჟამად კრიტიკული ვითარებაა, მომდევნო რამდენიმე თვეში, საომარი მოქმედებების ფონზე, ყველაფერი შეიძლება სწრაფად გადაწყდეს.

კიევს ყოველთვის ვთვლიდი გასაოცრად კომფორტულ ქალაქად, მათ შორის პირადი უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. სამწუხაროდ, ახლა მდგომარეობა შეცვლილია: რუსეთის საჰაერო დარტყმების სიხშირე გაიზარდა. მართალია, ყველა რაკეტა და დრონი არ აღწევს მიზანში ამოღებულ ობიექტებამდე, მაგრამ ფსიქოლოგიური ეფექტი ძალიან დამთრგუნველია. ჩემი ჩასვლის დროს, ღამით, ქალაქის ცას აფეთქებების შუქი ანათებდა, ისმოდა გრიალი და საჰაერო განგაშის სირენების საზარელი ხმა, მუშაობდნენ რაკეტსაწინააღმდეგო ბატარეები…
მე არ მინდა გადავაჭარბო მძიმე სურათის აღწერაში, მაგრამ არც ის მსურს, რომ რაღაც არასრულად ვაჩვენო. კიევი კვლავ ხმაურიან, ცოცხალ, ლამაზ ქალაქად რჩება. ქუჩები და პარკები ხალხით არის სავსე, ისინი სამუშაოზე მიდიან, მაღაზიაში შედიან და ყიდულობენ და, უბრალოდ, ხელი-ხელ ჩაკიდებულები სეირნობენ. მაგრამ ომის ფონს და კვალს ყოველ ნაბიჯზე დაინახავთ: სარეკლამო ბილბორდები უკრაინელებს არმიაში სამსახურისაკენ მოუწოდებენ, სამშენებლო ბრიგადები დანგრეულის აღდგენას ცდილობენ, წმინდა მიხეილის მოედანზე და საამაყოდ არის გამოფენილი ტროფეის სახით ხელში ჩაგდებული რუსული სამხედრო ტექნიკა.

ერთ თვეზე ცოტა მეტი ხნის წინ უკრაინის არმიის ქვედანაყოფების გაბედულმა ოპერაციამ მსოფლიო გააკვირვა, როცა ისინი რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და კურსკის ოლქის სამხრეთი ნაწილის ოკუპაცია მოახდინეს.

უკრაინელთა მოლარული სულისკვეთება განუზომლად ამაღლდა – ჯარისკაცებისაც და მოქალაქეებისაც. ისინი ამგვარ ცნობას დიდი ხანია ელოდნენ, მაგრამ… ახლა მათ ისიც გააცნობიერეს, რომ კურსკის ოლქში შეჭრამ ომის ძირითადი დინამიკა კარდინალურად ვერ შეცვალა. ბევრ უკრაინელს კითხვა უჩნდება – იქნებ არმიის სარდლობამ და ქვეყნის ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვეს? რამდენად სწორი იყო კურსკის ოლქში შეჭრისათვის არმიის საუკეთესო სამხედრო ნაწილების გამოყენება? ხომ არ მოხდა ამით თითქმის ათასკილომეტრიანი ფრონტის ხაზის გაშიშვლება?

კითხვები კითხვებად, მაგრამ ფაქტიც ჯიუტია: აშკარაა, რომ რუსეთის არმიას ბრძოლის ინტენსიურობა არ შეუსუსტებია და ძველებურად ნელ-ნელა წინ მიიწევს, ქალაქ პოკროვსკს – სამხედრო ლოჯისტიკურ ცენტრს – უახლოვდება. თუ პოკროვსკი დაეცემა, რუსეთი მიზნის განხორციელებას სწრაფად შეძლებს და მთელ დონბასს გააკონტროლებს, რითაც უკრაინელებს უმძიმეს მორალურ დარტყმას მიაყენებს. პოკროვსკის დაკავება რეალობას კარდინალურად შეცვლის: შეიძლება 2022 წლის თებერვალს-მარტის მდგომარეობა განმეორდეს, როცა რუსეთის ჯარები კიევთან იდგნენ და ხერსონი ჰქონდათ დაკავებული.

ამას წინათ რუსეთმა პირველად დაარტყა შავი ზღვის ნეიტრალურ ზონაში მცურავ სატვირთო გემს, რომელსაც უკრაინული მარცვლეული ეგვიპტეში მიჰქონდა. თუ სავაჭრო გემები უკრაინის ნავსადგურებში შესვლას შეწყვეტენ, ეს იქნება მძიმე ზიანის მიყენება კიევის დიდი მიღწევისადმი ომის განმავლობაში – მარცვლეულისა და სხვა პროდუქციის ექსპორტის მიმართ. უკრაინას ახლა ფული ჰაერივით ესაჭიროება – ყველაფრისაგან, რისი საშუალებაც კი არსებობს. ფული ჭირდება ქვეყნის დანგრეულ ეკონომიკას, სამხედრო მრეწველობას, რათა გარკვეული კონკურენცია მაინც გაუწიოს რუსეთს, რომელიც იარაღს დღედაღამ შეუჩერებლად ამზადებს.
მაგრამ ყველაზე მეტად საგანგაშო განწყობად უკრაინაში მე ის მიმაჩნია, რაც ბევრი ადამიანისგან მოვისმინე – როგორც ჩინოვნიკებისაგან, ისე ჩვეულებრივი მოქალაქეებისაგან: მათ ძალიან აწუხებთ დასავლეთისა და კერძოდ აშშ-ის რეაქცია. ერთ-ერთმა უკრაინელმა გულახდილად მითხრა: „ჩვენ არასოდეს არ გავხდებით რუსეთის კოლონია და ბრძოლას ყველა სიტუაციაში გავაგრძელებთ, მაგრამ ვშიშობთ, რომ ბრძოლა მარტოდმარტო მოგვიწევს“. ის, რომ ამერიკული დახმარების მიღება სწორედ რესპუბლიკელთა პოზიციის წყალობით გაჭიანურდა, ბევრს აშფოთებს და ახლა ფიქრობენ, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდება.

„ეს ომი ნებისყოფათა ბრძოლაა“, – მითხრა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა, – „ვლადიმერ პუტინს გამარჯვება სურს და ამიტომ მან რუსეთის ეკონომიკა სამხედრო მანქანად გადააქცია.

კრემლი ომისთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-მდე ხარჯავს, დასავლეთი კი უკრაინის დასახმარებლად მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0,2%-ს. ჩვენ რომ ამ ციფრის გაორმაგება შევძლოთ, ვლადიმერ პუტინს გაკოტრება დაემუქრება“.

დასავლეთში მიმდინარე დისკუსია აბსტრაქტული აზროვნებიდან პრაქტიკულ, რეალურ ნაბიჯებში უნდა გადაიზარდოს. უკრაინას დახმარება ესაჭიროება ყველა სფეროში – ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო ფრონტებზე. და რაც შეიძლება მეტად და სწრაფად.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ არჩევნების მოახლოების კვალობაზე ამერიკას უკრაინისათვის არსებითი დახმარების გაწევის შესაძლებლობა აღარ ექნება და ამიტომ თეთრმა სახლმა რეალობის შესაბამისად უნდა იმოქმედოს. რა თქმა უნდა, უკეთესია კარგის იმედი გქონდეს, მაგრამ იმავდროულად უარესისთვისაც უნდა მოემზადო.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

როთმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, ეკლესიას, ქართულ დემოკრატიას და ჩვენი მხრიდან შეხვედრის არანაირი სურვილი არ არის – შალვა პაპუაშვილი

როგორც ვხვდები, ის ოპოზიციის მხარდასაჭერად არის ჩამოსული და ვნახავთ, ალბათ დადგება ოპოზიციის რიგი მასთან შესახვედრად. ამ ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მასთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ არის, – ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი საქართველოში მიხაილ როთის ჩამოსვლას.

პარლამენტის თავმჯდომარემ მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ თავისი განცხადებების გამო ბოდიში ამ დრომდე არ მოიხადა.

„შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი ხალხის ეკლესიას, შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას; შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ დემოკრატიას იმით, რომ, როგორც უცხოელი პოლიტიკოსი, დადგა ანტისახელისუფლებო დემონსტრაციაზე რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად. ამიტომ ის ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს, რა დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან. ქართველ ხალხს მიაყენა შეურაცხყოფა, ამიტომ ამით ყველაფერი ნათქვამია. სამწუხაროა, რომ დღემდე მისი მხრიდან ამ საკითხზე სინანული არ გვსმენია. ოპოზიციის მხარდასაჭერად როდესაც ჩამოდის, ეს ნიშნავს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას, ეს ნიშნავს უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ჩარევას შიდა პოლიტიკასა და საარჩევნო კამპანიაში, თუმცა, რა ვიცი, ვხედავთ რომ ოპოზიცია, როგორც ჩანს, იწონებს მის ამ პოზიციებს, იწონებს მის მიერ ეკლესიის, ხელისუფლების, ხალხის შეურაცხყოფას. დღეს ალბათ კიდევ ერთხელ დადგება რიგი მასთან და შეხვდებიან. ქართველ ხალხს 26 ოქტომბერს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს – უნდათ, იარონ მიხაილ როთის ჭკუაზე თუ სურთ, იარონ საკუთარ ჭკუაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ამ ვიზიტს ასახავენ, როგორც საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის პოლიტიკოსის ჩარევას.

„გარწმუნებთ, გერმანიაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს რომელიმე ქვეყნის პოლიტიკოსი რომ ჩასულიყო იქ და ისე მოქცეულიყო,როგორც იქცევა ახლა ბატონი როთი, ეს იქნებოდა დიდი სკანდალი იმ ქვეყანაში. საერთო ჯამში, პრობლემაა, რომ ზოგს ევროპელობა ჰგონია პატარა ქვეყნებისთვის ზემოდან ყურება. ჩვენ რაღაც დონემდე რაღაცებს ვეგუებით, თუმცა ერთი რამ ჩვენს ხელშია – ამაზე საჯაროდ საუბარი და ჩვენ ამას ვიზამთ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. გერმანელი დეპუტატი ეკლესიის შეურაცხყოფისთვის ბოდიშს არ იხდის. გაექცა ყველა კითხვას, მათ შორის კითხვას, მისი განცხადებები და ვიზიტი არის თუ არა ქვეყნის შინა საქმეებში ჩარევა.