Home Blog Page 11

საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური ურთიერთობა – კახა კალაძე

„საქართველოს მთავრობა მზად არის აშშ-თან მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობების გადატვირთვისა და კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, რასაც ახალი ადმინისტრაციისგან ველოდებით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან, პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური გუნდის აშშ-ში ვიზიტსა და ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების შესაძლო გადატვირთვაზე საუბრისას.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური დამოკიდებულება, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს.

„ჩვენ გვინდა მეგობრობა. ეს არაერთხელ პრინციპულად დაგვიფიქსირებია და კვლავაც ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები, მოხდეს გადატვირთვა, რასაც ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-თან ურთიერთობა. ის დამოკიდებულება, რაც იყო, არავისთვისაა მისაღები – არც ჩვენთვის და, დარწმუნებული ვარ, არც მათთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა, როგორ დიდ სახელმწიფოზეც არ უნდა იყოს საუბარი.

„არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო ვინმეს უკანა ეზო იყოს, როგორი დიდი ქვეყანაც არ უნდა იყოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს და ეს უნდა შევინარჩუნოთ, განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ. ჩვენ არ დავთმობთ ქვეყნის ინტერესს, შევინარჩუნებთ მშვიდობას. გრძელვადიანი მშვიდობა დღეს საქართველოს სჭირდება ისე, როგორც არასდროს. როგორც ევროპასთან ისე აშშ-თან გვინდა მეგობრობა და თანამშრომლობა და არა ბატონყმური დამოკიდებულება, ამას ვერ და არ დავუშვებთ, ეს არ არის სწორი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება „დიფ სთეითთან“ აშშ-ის პრეზიდენტის ბრძოლას, კახა კალაძე აცხადებს, რომ ეს ბრძოლა გრძელდება და საქართველოს ხელისუფლება აკვირდება ამ პროცესს.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ ვაკვირდებით პროცესებს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება ე.წ. დიფ სთეითის დამარცხება იყო. პროცესი მიმდინარეობს. ცხადია, ის ჯერ დამარცხებული არ არის. „დიფ სთეითს“ საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუ ის დამარცხებული იქნება და ამას შეძლებს აშშ-ის პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენზე და ჩვენთან ურთიერთობებზეც. არ იფიქროთ, რომ აშშ-ში ყველაფერი დალაგებულია. იქაც არსებობს პრობლემები და გამოწვევები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ერთი ნაბიჯით წინ – თიბისი ბიზნესი თვითდასაქმებულების მხარდასაჭერად

თუ ხარ თვითდასაქმებული და შენი საქმე გიყვარს, თიბისიში ყველა პირობა დაგხვდება იმისთვის, რომ იყო ერთი ნაბიჯით წინ. 

თიბისიში თვითდასაქმებულებს, ფრილანსერებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ მათზე მორგებული პროდუქტებითა და მომსახურებით და კიდევ უფრო განავითარონ საკუთარი საქმიანობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ნაწილი თავის საქმიანობას ბიზნესთან არ აიგივებს. 

თვითდასაქმებულებს, ბიზნესების წარმომადგენლების მსგავსად, შეუძლიათ ისარგებლონ თიბისის ბიზნესპროდუქტებით, მათ შორის ბიზნესესხით და ბიზნესნაკრებით, გაიმარტივონ წვდომა ფინანსებზე და იქცნენ რეალურ ბიზნესად. 

ამასთანავე, თიბისი ინდივიდუალურ მეწარმეებს ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკით, ასევე, ტერმინალით სარგებლობის შესაძლებლობასაც აძლევს, რაც გადახდებს, ასევე, სხვადასხვა საბანკო სერვისით თუ პროდუქტით სარგებლობას კიდევ უფრო ამარტივებს . 

“თვითდასაქმებულების მხარდაჭერა თიბისი ბიზნესისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. გვესმის, რა გამოწვევების წინაშე დგანან თვითდასაქმებული ადამიანები ყოველდღიურად. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვნერგავთ ისეთი მომსახურებას თუ პროდუქტებს, რაც მათ საქმიანობის გამარტივებაში დაეხმარებათ და შესაძლებლობას მისცემთ, კიდევ უფრო განვითარდნენ და უახლოეს მომავალში რეალურ ბიზნესებად ჩამოყალიბდნენ. ამ თემას დაეთმო ჩვენი ბოლო ხუთშაბათის შეხვედრების სესიაც, სადაც ფრილანსერებსა და ბიზნესებს სპიკერებმა საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები გაუზიარეს აუდიტორიას. ჩვენ ვაგრძელებთ თვითდასაქმებულების მხარდაჭერას და მათ არაერთ საინტერესო პროდუქტს და მომსახურებას შევთავაზებთ”, – ვეფხვია ლომინაშვილი, თიბისი ბიზნესის ლიდერი. 

“თიბისი ბიზნესისთვის – ერთი ნაბიჯით წინ” – თვითდასაქმებულების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე –  https://tbcbank.ge/ka/business/products-for-self-employed-individuals ასევე, თიბისი ბიზნესის ცხელ ხაზზე: (032) 2 2727*3 

r

სასამართლომ „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. შსს ორივესთვის პატიმრობას ითხოვდა.

განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. მანდატურის თანამშრომლებმა რამდენიმე პირი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციელი მირიან ქავთარაძე, სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესზე დაზარალებული-მოწმის სტატუსით გამოიკითხა და სასამართლო შენობას ტოვებდა.

დონალდ ტრამპმა შეიძლება ამალ კლუნს აშშ-ში შესვლა და ყოფნა აუკრძალოს – The Daily Telegraph

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპმა შეიძლება ამალ კლუნს აშშ-ში შესვლა და ყოფნა აუკრძალოს“ (ავტორი – ბედიქტ სმიტი). პუბლიკაცია ეხება ცნობილი მსახიობის ჯორჯ კლუნის მეუღლეს – ადვოკატს, რომელმაც თავის დროზე მხარი დაუჭირა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრებას.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ამალ კლუნი, ლიბანური წარმომავლობის ბრიტანეთის მოქალაქე, ადვოკატი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, რომელიც ცნობილი ამერიკელი მსახიობის ჯორჯ კლუნის ცოლი გახლავთ, შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან სანქციის მსხვერპლი გახდეს – მას შემდეგ, რაც კომისიამ, რომლის სხდომაშიც ამალ კლუნი მონაწილეობდა, რეკომენდაცია გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების თაობაზე, ღაზას სექტორში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამო.

ადვოკატები, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ  გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდნენ, მათ შორის ბარონესა კენედი და ლორდი ადრიან ფულფორდი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა, რომ შესაძლოა მათ აშშ-ში შესვლა აეკრძალოთ, – წერს გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“.

ამჟამად ზუსტად ცნობილი არ არის, რომ აკრძალვა გავრცელდება თუ არა ადვოკატ ამალ კლუნზეც, მაგრამ ფაქტია, რომ იგი იყო იმ კომისიის წევრი, რომელმაც რეკომენდაცია მისცა პროკურორ ქარიმ ხანს ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის მაშინდელი მინისტრის იოავა გალანტის დასაპატიმრებლად.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და აშშ-ში შესვლა აუკრძალა თვითონ პროკურორ ქარიმ ხანს და მის ოჯახის წევრებს, ყარადაღა დაადო მის ამერიკულ აქტივებს და გააფრთხილა, რომ კიდევ უფრო მეტ მკაცრ ზომებს მიიღებდა სასამართლოს თანამშრომლების მიმართ, რომელთა უკანონო და უსაფუძვლო მოქმედება მიმართულია აშშ-სა და მისი ახლო მეგობრის ისრაელის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ“.

დონალდ ტრამპის განკარგულება მოიცავს აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღები და რეკომენდაციის მიმცემი პირებისათვის აშშ-ში არსებული ქონების გაყინვას და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას.

ამბობენ, რომ კლუნების ოჯახი ძირითადად საფრანგეთში ცხოვრობს, მათ აქვთ სახლები დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში, თუმცა ამჟამად ისინი ნიუ-იორკში იმყოფებიან, სადაც მისტერ კლუნი მთავარ როლს ასრულებს ბროდვეის შოუში „ღამე მშვიდობისა და წარმატებები“.

დონალდ ტრამპის განკარგულების აღსასრულებლად 60-დღიანი ვადაა განსაზღვრული, რომელიც მალე დასრულდება, ანუ სანქციის გადაწყვეტილების მიღების დრო ახლოვდება. 

როგორც ამალ კლუნმა დაწერა „კლუნის სამართლიანობის ფონდის“ ვებ-საიტზე, იგი მართლაც მონაწილეობდა კომისიის სხდომაში და მართლაც მოაწერა ხელი რეკომენდაციას იმ პირების დაპატიმრების თაობაზე, რომლებმაც ღაზას სექტორში ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და სხვა დანაშაულობები ჩაიდინეს. „ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის კანონი (კონვენცია) 100 წლის წინათ იქნა მიღებული და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოქმედებს, კონფლიქტის მიზეზების მიუხედავად. მე მჯერა, რომ კანონის უზენაესობა და მისი მოთხოვნები უნდა აღსრულდეს“.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასევე მიიღო ტერორისტული ორგანიზაციის „ჰამასის“ სამი ლიდერის დაპატიმრების ორდერიც, თუმცა ისინი მოკლულები იქნენ ისრაელის არმიის ჯარისკაცების მიერ.

ჯორჯ კლუნი აშშ-ის დემოკრატიული პარტიის დიდი ხნის მხარდამჭერია. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შარშან საპრეზიდენტო კამპანიის დროს, აქტიურად ეხმარებოდა იმდროინდელ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ფულის შეგროვებაში, თუმცა საბოლოოდ, როცა დარწმუნდა, რომ ჯო ბაიდენს პრეზიდენტად არჩევის შანსები აღარ ჰქონდა, ჯორჯ კლუნმა მას კამპანიის შეწყვეტისაკენ მოუწოდა.

მარტში პროგრამა „60 წუთისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ჯორჯ კლუნმა დონალდ ტრამპი გააკრიტიკა – რესპუბლიკელი პრეზიდენტი მასმედიას ავიწროვებსო, რის გამოც თეთრი სახლის ბინადარის რისხვა დაიმსახურა: „ვინ არის ჯორჯ კლუნი? მეორეხარისხოვანი მსახიობი და არშემდგარი პოლიტოლოგი. მისი ინტერვიუ ყალბია. ჯორჯ კლუნი მძინარე ჯოს ასარჩევად ყველაფერზე მიდიოდა, შემდეგ კი, ჩემთან დებატებში მარცხის გამო, უპატრონო ძაღლივით მოექცა და მიატოვა. შემდეგ, როგორც ვიცი, ბარაკ ობამას რჩევით, კამალა ჰარისის დახმარება გადაწყვიტა, მაგრამ იქაც არაფერი გამოუვიდა“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth-ის სოციალურ ქსელში.

წყარო

თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ იწყება

თიბისის მხარდაჭერით ხვალ, 2 მაისიდან,  „ქოლგა თბილისი ფოტო” იწყება. ფოტოკვირეული წელს 24-ედ ტარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. 

2-დან 6 მაისის ჩათვლით დამთვალიერებლებს შეუძლიათ დაესწრონ თანამედროვე ფოტოგრაფიის მოწვეული და ადგილობრივი ხელოვანების გამოფენებს, მონაწილეობა მიიღონ საინტერესო საგანმანათლებლო შეხვედრებსა და ჩაერთონ დისკუსიაში.

ფესტივალის პროგრამა:

2 მაისი 19:30 | ფოტოკონკურსი ქოლგა 2025, გახსნის ცერემონია. მუსიკალური მასპინძელი „Tape Visitors” | ფექტორი თბილისი, დავით ბაქრაძის ქ. N3.

3 მაისი 10:00 | პორტფოლიოს განხილვის სესია: ჩარლზ ფორდი, ჯაილზ კლარკი, ბაირონ სმითი, ანდრეს ბირგერი | დიზაინის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის ქ. 82.

3 მაისი 13:00 | ანდერს ბირგერის ვორქშოფი: A workshop on your future |დიზაინის ინსტიტუტი, დომიტრი უზნაძის ქ. 82.

3 მაისი 18:00 | ჩარლზ ფორდი, გამოფენა: Fleeting Narratives: Street Photos 80s-90s | გალერეა ფოტოატელიე, პავლე ინგოროყვას ქ. 14.

3 მაისი 19:00 |მარიო ლასალანდრა, გამოფენა: Poets, Masks, Actors, Ghosts. Photographs from 1962 – 2017 | მარიო ლასალანდრას სურეალისტური პერფორმანსი1„    ს „მაჯიკოს“ ირაკლი ნასიძისეული რეინტერპრეტაცია რინა ჩერნაიას მონაწილეობით – ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი | შოთა რუსთაველის გამზ. 27.

4 მაისი 11:30 |ოთარ ყარალაშვილისა და ანდრეას ოეტკერ-კასტის ხელმძღვანელობით ფოტოწიგნის ვორქშოფი |დიზაინის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის ქ. 82.

4 მაისი 12:00| ჩარლზ ფორდის სამუშაო შეხვედრა: ქუჩის ფოტოგრაფია – მოულოდნელის მოხელთება გაიმართება |დიზაინის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის ქ. 82.

4 მაისი 18:00 | ბაირონ სმიტი, გამოფენა: Testament ‘22 | ვასილ პეტრიაშვილის ქ. 1.

4 მაისი 18:00| ზურაბ არაბიძე, გამოფენა: მომაკვდინებელი დუმილი|ვასილ პეტრიაშვილის ქ. 1.

5 მაისი 18:00 | Byron Smith ლექცია: Focal Points: Navigating Narratives through Photographs | თიბისი კონცეპტის მულტიფუნქცუიური სივრცე | კოტე მარჯანიშვილის ქ. 7.

5 მაისი 19:00 | Giles Clarke, ლექცია: Covering the Civilian Cost of Conflict | თიბისი კონცეპტის მულტიფუნქცუიური სივრცე | კოტე მარჯანიშვილის ქ. 7.

6 მაისი 18:00 | ანა ყაჭეიშვილი, გამოფენა: LOST HIGHWAY – Art Conference Tbilisi | გიორგი წერეთლის გასასვლელი 4.

6 მაისი 19:00 | თაკო რობაქიძე, National Geographic საქართველო – პანკისის ხეობის ხმები – მელიკ აზარიანცის სახლი |შოთა რუსთაველის გამზ. 37.

წლევანდელ კონკურსში 600-მდე ადგილობრივმა და უცხოელმა ფოტოგრაფმა, ჯამურად 820 ფოტო პროექტი წარადგინა. 2 მაისს, ქოლგა თბილისი ფოტო კვირეულის გახსნის ცერემონიაზე, გამოვლინდებიან 2025 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში:  დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი, მობილური ერთი კადრი. ასევე დასახელდებიან სპეციალური პრიზების გამარჯვებულები.

ქოლგა თბილისი ფოტო 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე. ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას.

თიბისისთვის ახალგაზრდა თაობის განათლება, მათი მხარდაჭერა და შთაგონება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც უკვე ორ ათწლეულზე მეტია თიბისი „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ერთგული მხარდამჭერია.

ოპოზიციას ჯერ ხალხის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, ხედავთ, როგორ არიან დაქსაქსულები  – კახა კალაძე კოალიციურ მთავრობაზე 

ოპოზიციას ჯერ ხალხის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, ხედავთ, როგორ არიან დაქსაქსულები, ერთმანეთს ლანძღავენ და აგინებენ, თვითონ სალომე ზურაბიშვილი მაშინ სჭირდებოდათ, როდესაც პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდა და დღეს ვხედავთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „წინააღმდეგობის პლატფორმის“ და სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „პლატფორმა საპარლამენტო არჩევნებისთვისა და კოალიციური მთავრობის შექმნისთვის ემზადება“.

კალაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ თავისი გეგმები აქვს.

„ჯერ ხალხის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ, არანაირი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, ხედავთ თუ როგორ არიან დაქსაქსულები, ერთმანეთს ლანძღავენ და აგინებენ, თვითონ სალომე ზურაბიშვილი მაშინ სჭირდებოდათ, როდესაც მას პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდა და დღეს, ვხედავთ თუ, როგორი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ. არ მაინტერესებს მათი განცხადებები და პლატფორმები, ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს – ვემზადებით არჩევნებისთვის. იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხისგან დიდი მხარდაჭერა და თანადგომა იქნება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძემ ისაუბრა აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვაზე და განაცხადა, რომ თუ აშშ „დიფ-სთეითს“ დაამარცხებს, ეს საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებზეც აისახება.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ პროცესებს ვაკვირდებით, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ „დიფ-სთეითს“ დაამარცხებდა, პროცესი მიმდინარეობს, ჯერ „დიფ-სთეითი“ დამარცხებული არ არის, რომელსაც, ცხადია ღრმა ფესვები აქვს გადგმული არამარტო ჩვენს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. დავაკვირდებით, რა, როგორ წარიმართება და თუ აშშ „დიფ-სთეითს“ დაამარცხებს, ეს ჩვენზეც და ჩვენს ურთიერთობებზეც აისახება.

აშშ-იც არსებობს პრობლემები და გამოწვევები, იქაც არსებობს, „დიფ-სთეითი“ თუ არსებობს. დაველოდოთ როგორ წარიმართება პროცესები“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ბაქოსა და თბილისს შორის სარკინიგზო მიმოსვლა მაისის ბოლოს აღდგება – აზერბაიჯანული მედია

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სამგზავრო სარკინიგზო გადაზიდვები მაისის ბოლოს აღდგება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია საქართველოს მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სარკინიგზო რეისები ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტით აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მაისის ბოლოს განახლდება“, – განუცხადა სააგენტო trend.az-ს წყარომ საქართველოს მთავრობაში.

როგორც წყარომ აღნიშნა, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია. მოლაპარაკებები მხარეებს შორის ჯერ კიდევ გრძელდება.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 2020 წლიდან არის შეჩერებული. მიზეზი – კორონავირუსული ინფექციის გავრცელებით გამოწვეული კარანტინია.

რეზოლუციის მიღებით დასტურდება, რომ EPP და კონკრეტული ევროპარლამენტარები მტრობენ საქართველოს და მის ევროპულ მომავალს – კახა კალაძე

„ეს არის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა, მაგრამ საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი„ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის საკითხს.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რეზოლუციის მიღებით დასტურდება, რომ EPP და კონკრეტული ევროპარლამენტარები საქართველოს ევროპულ მომავალს მტრობენ.

„ამ ტიპის რეზოლუციები ჩვენ ბევრი გვინახავს. ეს არის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა. სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან მათ ჰქონდათ ილუზია შექმნილი,რომ საქართველო მათი უკანა ეზო იყო. დღეს, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია. დღეს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ატარებს ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესს. არაერთი შანტაჟის, შემოტევის, შეურაცხყოფის მიუხედავად, არ მივეცით შესაძლებლობა, ქვეყანა თავიანთი ინტერესებისთვის გამოეყენებინათ.

ამ რეზოლუციის მიღებით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ EPP და კონკრეტული ევროპარლამენტარები, რომლებიც ამ გაერთიანებაში არიან, მტრობენ საქართველოს, ქვეყნის ევროპულ მომავალს. ჩვენ გვახსოვს მათი განცხადებები, პირდაპირი მოწოდებები სააკაშვილის გათავისუფლებაზე, როცა თითქოს ცუდად იყო. ისიც გვახსოვს, რეზოლუციით სანქციებზე შეერთებისკენ რომ მოგვიწოდეს. წარმოიდგინეთ, ეს გადაწყვეტილება რომ მიგვეღო, დღეს ქვეყანაში როგორი ეკონომიკური მდგომარეობა გვექნებოდა. საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მომავალს და ხელს შევუწყობთ ქვეყანაში მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას. ამ ტიპის ბიუროკრატები ქვეყნის წინსვლას, განვითარებას და მშვიდობის შენარჩუნებას ხელს ვერ შეუშლიან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ასევე, კახა კალაძემ ისაუბრა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებაზეც და აღნიშნა, რომ „ყველაზე დიდი უბედურება თავად ეს ბიუროკრატები არიან“.

„ეს ადამიანები საქართველოში ვერაფერს გახდნენ. ისინი დამარცხდნენ. ქართველმა ხალხმა ბოროტება დაამარცხა. ყველაზე დიდი უბედურება თავად ეს ბიუროკრატები არიან. ჩვეულებრივ დღის წესრიგად იქცა სიცრუეზე დაფუძნებული განცხადებები მას შემდეგ, რაც ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი ევროპულ მომავალზე. ამის მთავარი მიზეზი იყო ის ძირითადი ფუნდამენტები, რაზეც ევროპა და ევროპული ღირებულებებია დაფუძნებული. ახლა ეს ყველაფერი მოშლილია. მხოლოდ და მხოლოდ სიცრუის პროპაგანდას, სიძულვილის ენას ვხედავთ, თეთრზე გვეუბნებიან რომ შავია. ამ კონკრეტულ ბიუროკრატებს სურვილი ჰქონდათ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ, ხელში ჩაეგდოთ საქართველო და შემდეგ გამოეყენებინათ თავიანთი ინტერესების გასატარებლად. ისინი ქვეყანაში დამარცხდნენ. საქართველოსთან მიმართებაში ყველა მტერი იქნება დამარცხებული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გვესმის, რომ პოლიტიკური კონკურენცია გულისხმობს შეჯიბრებითობას და პოლემიკას, მაგრამ ხანდახან არსებობს ეთიკის ზღვრები და მორალური შემზღუდავი ფაქტორები – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გამოეხმაურა ცალკეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნეგატიურ შეფასებებს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

„გვესმის, რომ პოლიტიკური კონკურენცია და პოლიტიკური პროცესები თავის თავში გულისხმობს კონკურენციას და შეჯიბრებითობას, სხვადასხვა საკითხზე პოლემიკას, მაგრამ ვფიქრობ, ხანდახან არსებობს ეთიკის ზღვრები და მორალური შემზღუდავი ფაქტორები, რომელზეც მე ხშირად ვსაუბრობდი ხოლმე და ესეთი ერთ-ერთია ეკონომიკური პროცესები. ეს არის საკმაოდ მგრძნობიარე და არ არის კონკრეტულად ერთი ჯგუფის წარმატება ან წარუმატებლობა. ეს არის მოქალაქეების კეთილდღეობასთან პირდაპირ დაკავშირებული, ამიტომ, როცა ვსაუბრობთ ეკონომიკური პროცესების ზიანზე, ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებით უპასუხისმგებლოა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ხშირად მსგავსი უსაფუძვლო განცხადებები საქართველოს ეკონომიკაზე ვრცელდება ისეთი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ ისინი წარმოადგენენ ეკონომიკური სფეროს ექსპერტებს და განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება გააჩნიათ.

„ამიტომ პრემიერის განცხადება და შეფასება იყო ძალიან მკაფიო და საზოგადოებისთვის გასაგები. საზოგადოებამ თვითონ უნდა შეაფასოს, რეალობა ერთია და პოლიტიკოსების განცხადებები და პროგნოზები, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის, საბედნიეროდ, არ სრულდება, განსხვავებული,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სარჩელი და „თანავინსტერების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს დაევალა 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება.

გადაწყვეტილება მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა გამოაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ განაცხადა, სასამართლომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.

„საქმე იხილებოდა გამარტივებული წესით. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა და განისაზღვრა 7-დღიანი გასაჩივრების ვადა. დაკმაყოფილდა ასევე, ჩვენი მოთხოვნა დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება მიემართება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ჩვენ მივმართავთ კანონით განსაზღვრულ ვადებში აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ჩვენი მხრიდან ძირითადი მოთხოვნა იყო ბიტკოინების დაბრუნება, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ბატონმა გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის 9000-მდე ბიტკოინი მიითვისა. ეს იყო ძირითადი მოთხოვნა, რაც დაკმაყოფილდა. იმ შემთხვევაში, თუ მას არ ექნება, არ აღმოაჩნდება ეს ბიტკოინები, ჩვენ ვიცით, რომ ის ახდენდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას და სხვადასხვა ფორმას აძლევდა ამ მითვისებულ ბიტკოინებს, მაშინ იგი ვალდებული იქნება დაზარალებულ მხარეს დაუბრუნოს ამ ბიტკოინების ღირებულება გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისათვის არსებული რაოდენობით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ.

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, სოფო ქურდაულის თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას გაასაჩივრებს.

„ამ საქმეზე ჩვენი მთავარი არგუმენტი იყო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ არის საბოლოო, არ არის შესული კანონიერ ძალაში, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება ამ განაჩენის საფუძველზე განეხილა საქმე დაჩქარებული წესით, ვინაიდან აღნიშნული განაჩენის გასაჩივრების ვადა გიორგი ბაჩიაშვილს გასული არ აქვს. გიორგი ბაჩიაშვილის ქონებას ყადაღა შვიდი მარტიდან ადევს. დაყადაღებულია არა მხოლოდ გიორგი ბაჩიაშვილის კუთვნილი ქონება, არამედ სხვა პირების უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც საქმეში არც მხარეს და არცერთი სტატუსით ჩართულები არ ყოფილან, დღეს სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით დაადგინა არა მხოლოდ ბაჩიაშვილის, არამედ სხვა პირების ქონების რეალიზაცია. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით და გავასაჩივრებთ“, – განაცხადა სოფო ქურდაულმა.

Expedia-ს რეიტინგში საქართველო მსოფლიოს მოთხოვნადი მიმართულებების სამეულშია

ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Time Out მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამოგზაურო პლატფორმის, Expedia-ს წლევანდელ ტრენდებს აქვეყნებს, რომელიც პლატფორმის სტატისტიკის საფუძველზე მომზადდა, – ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ამ სტატისტიკური მონაცემებით შედარებულია მოგზაურთა ჯავშნები 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის მარტამდე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან. კვლევის შედეგად, საქართველოს დედაქალაქი, თბილისი Expedia-ს რეიტინგში მესამე ადგილზეა. თბილისის მაჩვენებელი 145 პროცენტით გაიზარდა, მოგზაურები საქართველოს დედაქალაქის კულტურას, ღამის ცხოვრებასა და სხვა აქტივობებს ეცნობიან.

თბილისთან ერთად, პოპულარულ მიმართულებებს შორის დასახელდნენ შვეიცარიული ქალაქი ბაზელი და ციურიხი, ასევე შვედური ქალაქი გეტებორგი, ბრაზილიური ქალაქი რიო დე ჟანეირო და მსოფლიოში ცნობილი სხვა ტურისტული ქალაქები.

უკრაინა მზად არის, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დათმოს დე ფაქტოდ, თუმცა არა დე იურედ -კიტ კელოგი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დე ფაქტო დათმოს, თუმცა არა დე იურე. ამის შესახებ კელოგმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუში კელოგმა ისაუბრა გასულ კვირას ლონდონში გამართული შეხვედრების შესახებ, რომელსაც ევროპელები და უკრაინელები ესწრებოდნენ.

„ჩვენ გვქონდა 22 კონკრეტული პირობა, ისინი მათ დათანხმდნენ. ის რასაც ისინი ითხოვენ, ის რაც მათ აქვთ. პირველი, რაც მათ სურთ ესაა ყოვლისმომცველი და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებამდე მიდის. მხედველობაში მაქვს ყოვლისმომცველი საზღვაო, საჰაერო, სახმელეთო ინფრასტრუქტურა, მინიმუმ 30 დღით“, – განაცხადა კელოგმა.

მისივე თქმით, 30 დღე-ღამე მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს ხელს შეუწყობს მკვლელობების შეჩერებას, რისკენაც მიისწრაფვის დონალდ ტრამპი.

კითხვაზე, რომელიც ეხებოდა რუსეთის სურვილს, მიიღოს უკრაინის დაკავებული ტერიტორიები, კელოგმა უპასუხა, რომ უკრაინა დათანხმდა ტერიტორიის დათმობას, მაგრამ არა დე იურე, მუდმივ საფუძველზე, არამედ დე-ფაქტო არსებული სიტუაციისა და საბრძოლო მოქმედებების ფაქტობრივი რუკის შესაბამისად.

„უკრაინელები მზად არიან, უარი თქვან ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთს აქვს დაკავებული, არა დე იურე, სამუდამოდ, არამედ დე ფაქტო, რადგანაც რუსებმა ფაქტობრივად მოახდინეს ამ მიწის ოკუპაცია. ეს მათ გასულ კვირას მითხრეს“, – აცხადებს კელოგი.

„ისინი ხვდებიან, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარების შემთხვევაში, ყველა მხარე დაკავებულ პოზიციებზე დარჩება. სწორედ ამისთვის არიან მზად უკრაინელები,“ – განაცხადა კელოგმა.