Home Blog Page 1092

ქართველებო, უფლება არ მისცეთ თქვენ ეს დაგმართონ. გაუფრთხილდით თავისუფლებას – ბორის აკუნინი

ლონდონში მცხოვრები ქართული წარმოშობის ცნობილი რუსი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე საქართველოში ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის ინიციირებასა და განხილვას გამოეხმაურა.

“რამდენიმე ქართულმა ტელეარხმა და მედიასაშუალებამ თხოვნით მომმართა კომენტარი გამეკეთებინა „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე.

ზოგადად, მე აზრს არ გამოვთქვამ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების შესახებ. პირველ რიგში, მე მაქვს კომპლექსი, რომ არ ვარ „ნამდვილი ქართველი“ – ენაც კი არ ვიცი. მეორეც, მე რუსი მწერალიც ვარ და სხვის საქმეებში ყველანაირი ჩარევა, ჩვენი ძმის მხრიდან, დღევანდელ ვითარებაში „იმპერიალიზმის გამოვლინებად“ აღიქმება.

მაგრამ საქართველო ჩემთვის უცხო არ არის. მე საქართველოში დავიბადე, მე ვარ „შვილი“ და „შალვოვიჩი“, მე იქ ბევრი ნათესავი და მეგობარი მყავს. ჩემთვის საგანგაშოა იმის ნახვა, დემოკრატიული ქვეყანა როგორ ეშვება იმავე ფერდობზე, რომლიდანაც რუსეთი უფსკრულში ჩავარდა.

უნდა ვუფრთხოდეთ არა პოლიტიკურ ოპოზიციას და კრიტიკულ პრესას, არამედ პუტინიზმს“, – ვკითხულობთ ბორის აკუნინის პოსტში.

მწერალმა ქართველებს მიმართა, რომ გაუფრთხილდნენ თავისუფლებას.

„გეშინოდეთ არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის. და ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ხდება. პუტინიზმი ცდილობს თქვენს სახლში დამკვიდრებას – თქვენივე ხელისუფლების ინიციატივით. თქვენ შემდეგ თავს ვერ დააღწევთ ამ ინფილტრატორისგან.

ის შეჭამს საქართველოს, როგორც სიმსივნე. ვიცით, გავიარეთ. თავდაპირველად „უცხოური აგენტები“, შემდეგ „მეხუთე კოლონა“, შემდეგ „ტერორისტები და ექსტრემისტები“ და შემდეგ არანაირი მეგობრები, გარდა პუტინის რუსეთისა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკან, ორთავიანი არწივის ფრთებქვეშ.

ქართველებო, უფლება არ მისცეთ თქვენ ეს დაგმართონ. გაუფრთხილდით თავისუფლებას“, – წერს ბორის აკუნინი.

“პარლამენტში ძალიან სამარცხვინო ფაქტი მოხდა, ალეკო ელისაშვილის მონაწილეობით” -კახა კალაძე

„ჩვენ, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებმა, ძალადობას, პოლარიზაციასა და ბულინგს  ხელი უნდა შევუშალოთ იმიტომ, რომ ფიზიკური დაპირისპირება  მიუღებელია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

მან სამარცხვინო უწოდა გუშინ, პარლამენტში მომხდარ თავდასხმას, რომლის მონაწილეც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი იყო.

„ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი მოხდა გუშინ პარლამენტში, ალეკო ელისაშვილის მონაწილეობით. კიდევ უფრო მეტი უბედურება იყო ის სტატუსები და განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისებაა. ჩვენ ეს არ გვიკვირს, რადგან ეს ადამიანები რადიკალურ დაჯგუფებას წარმოადგენენ. თავიანთი ტელევიზიებით სწორედ ისინი ახალისებენ ქვეყანაში ძალადობას, პოლარიზაციას, ადამიანების ერთმანეთის მიმართ ბულინგს და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებმა ამგვარ ქმედებებს ხელი უნდა შევუშალოთ იმიტომ, რომ ფიზიკური დაპირისპირება მიუღებელია“ – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებაზეც, რომელმაც აქციის მსვლელობისას, მოქალაქეებს ტრიბუნიდან მიმართა, რომ პარლამენტისთვის ალყა შემოერტყათ.

დედაქალაქის მერის თქმით, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის უფლება დაცულია, თუმცა ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში.

„სამწუხაროდ, ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ პროვოკაციული სიტუაცია შექმნან. ჩვენ არაერთი ფაქტის მომსწრენი ვართ, როდესაც მსგავსი ტიპის განცხადებები კეთდება. შემდეგ ისინი, ვისაც ახალგაზრდები შეცდომაში შეჰყავს, აქციიდან იპარებიან. რა თქმა უნდა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. თუმცა, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში და მშვიდობიანად გააკეთონ. არავინ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონს მიღმა იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს, კანონის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოუწევს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“გამორიცხულია, ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონის ფარგლებს სცდება” – კახა კალაძე

ვერ ვნახეთ, ვერცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება მოსამართლეების დანაშაული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მოსამართლეებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ვერ მიიღო ბრალდების დამადასტურებელი ვერცერთი ფაქტი.

„ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განმარტებები. მიუხედავად იმისა, რომ მოვისმინეთ ეს განცხადებები, ვერ ვნახეთ ვერცერთი ფაქტი, ვერცერთი მტკიცებულება, რა დანაშაული აქვთ ჩადენილი აღნიშნულ მოსამართლეებს. შესაბამისად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე რაიმე ქმედების განხორციელება, გინდ სამართლებრივად, გინდ ადამიანურად, ყველანაირი თვალსაზრისით, არ არის მიზანშეწონილი და გამორიცხულია, ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც სცდება კანონის ფარგლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თიბისი ბიზნესმა ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით გამართულ ვორქშოფებს უმასპინძლა

თიბისი ბიზნესის ორგანიზებით, თიბისი ბიზნესის განათლების ფარგლებში, თბილისსა და გორში ორი შეხვედრა გაიმართა.

თბილისში გამართულ ვორქშოფზე მოსულ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაყიდონ პროდუქტი ონლაინ. კურსს უძღვებოდა  ელექტრონული კომერციის სპეციალისტი და “QisaBags”-ის დამფუძნებელი ეკატერინე რამიშვილი.

შეხვედრაზე, რომელსაც 30 ადმიანი ესწრებოდა, განხილული იყო შემდეგი თემები:

  • ელექტრონული კომერციის ტიპები;
  • ონლაინ ბაზრების ტიპები;
  • Amazon-ის მიმოხილვა ( FBA, FBM); Amazon Brand Registry – ბრენდის პოზიციონირება ამაზონზე;
  • SAAS პროგრამული უზრუნველყოფა როგორც სერვისი;
  • Shopify-ზე ვებგვერდის აწყობის პრინციპები;
  • ლენდინგ გვერდის ტიპები და სტრუქტურა;
  • პროდუქტის ონლაინ სივრცეში განთავსების წესები;
  • Pinterest პლატფორმის მიმოხოლვა;
  • საძიებო სისტემების (SEO) მუშაობის პრინციპები;
  • Google-ის საძიებო სისტემის ალგორითმი და რენკინგის ფაქტორები;
  • საკვანძო სიტყვების განხილვა და პრაქტიკული ხელსაწყობის გამოყენება; (SEMRUSH, Keyword Magic Tool)
  • SEO (On-Page; Off-Page; Technical SEO; Local SEO);
  • Google Search Console ხელსაწყოს პრაქტიკული გამოყენება.
  • SEM – საძიებო სისტემის მარკეტინგი Google Ads მიმოხილვა.

 

გორში გამართული ვორქშოფის მთავარი თემა კი საგადასახადო საკითხები იყო, რომელსაც უძღვებოდა აუდიტორული კომპანია „კრესტონ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი.

ვორქშოფზე საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითადი პრინციპები და მათი გამოანგარიშების პრაქტიკული მაგალითები განიხილეს.

(R)

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს ბრალდება მოეხსნა და პატიმრობიდან გათავისუფლდა

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ნატო ხელაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ავრცელებს.

მისი თქმით, მძიმე მუხლით დაკავებულს ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა, ასევე ცრუ ჩვენების ბრალდებაში გამართლდა და პატიმრობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა.

ნატო ხელაძე სამტრედიაში 2 აპრილს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დააკავეს. მას მეუღლის მკვლელობას ედავებოდნენ. მოგვიანებით მკვლელობის და ჩხუბის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მამაკაცი ჯერ სცემეს, შემდეგ ცოლის ძმამ დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. უწყებაში აცხადებდნენ, რომ გარდაცვლილის მეუღლემ არჩადენილი დანაშაული დაიბრალა.

“არმიელებმა” გორის “გორთან” შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს

გორის სარაგბო სტადიონზე გამართულ მატჩში, თბილისის “არმიამ”, საქართველოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გორის “გორთან” შეხვედრაში, ანგარიშით 22-19 გაიმარჯვა. შემდეგ თამაშს, “არმია,” წყალტუბოს – “დინოზავრებთან” 20 აპრილს, ქალაქ ქუთაისში გამართავს.

“არმიის” თამაშს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები – მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე და სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს “არმიელებს” გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

შეგახსენებთ,  რაგბის კლუბი „არმია,” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მმართველობაში, 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო, კლუბის თანადამფუძნებელი გახდა, რაც, „არმიელებისთვის” მოტივაციის ასამაღლებლად და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პირობაა.

თიბისი დაზღვევა X ენთები – სპეციალური პირობები პარტნიორებისათვის

“თიბისი დაზღვევამ” და “ენთებმა” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც “ენთების” პარტნიორ კომპანიებს შეეძლებათ მიიღონ სპეციალური პირობა თიბისი დაზღვევის პროდუქტების სრულ სპექტრზე, იქნება ეს ჯანმრთელობის თუ სხვა სადაზღვევო პაკეტები.

“ენთები” არის ბაზრის ლიდერი, აუთსორს კომპანია, რომელიც მეწარმეებს ბუღალტრულ, საფინანსო და საგადასახადო სერვისებს სთავაზობს. ამ გუნდის მთავარი მიზანი აღნიშნული მიმართულებით პრემიუმ კლასის მომსახურების შეთავაზებაა. კომპანია ბაზარზე უკვე 8 წელზე მეტია ოპერირებს და 500-ზე მეტ მომხმარებელთან თანამშრომლობს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ კლიენტებს შესთავაზონ სერვისი, რომელიც მათი ბიზნესის გრძელვადიან წარმატებაზე იქნება ორიენტირებული. გარდა კვალიფიცირებული და პროფესიონალი კადრებისა, “ენთების” ჯგუფი ხარისხიან და თანამედროვე ტექნოლოგიებსაც იყენებს. მათ შორის ისეთს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, რომლის წყალობითაც, დოკუმენტებში შეტანილი ინფორმაცია ავტომატურად ინტეგრირდება საბუღალტრო პროგრამაში. ამ პროცესს მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომების ალბათობა, თუმცა ენთები იმაზეც ზრუნავენ, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში, მომენტალურად ჩაერთონ და საკუთარ თავზე აიღონ სრული პასუხისმგებლობა. მათ წარმატებას ხაზს უსვამს ისიც, რომ “ენთებმა” ბიზნეს დაჯილდოება 2023-ზე გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის გაიმარჯვეს.

თიბისი დაზღვევა მე-8 წელია ბაზარზეა და ეხმარება მომხმარებლებს ცხოვრების გამარტივებაში. ბრენდის მიზანი თავიდანვე იყო მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, როგორც საცალო, ასევე კორპორაციული ბაზრისთვის. საწყისი ეტაპებიდან დაინერგა სხვადასხვა ტიპის ციფრული და თანამედროვე მიდგომები, რაც დაზღვევის პროცესის გამარტივებას უზრუნველყოფს. თიბისი დაზღვევის ყველა საცალო პროდუქტის შეძენა დისტანციურად არის შესაძლებელი. დაარსებიდან თიბისი დაზღვევამ თავის მომხმარებლებს 300 მილიონ ლარზე მეტი ზარალი აუნაზღაურა.

“ენთებისთვის მნიშვნელოვანია გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა. სწორედ ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილით ვარჩევთ პარტნიორ კომპანიებს, რომელთაც შეუძლიათ ჩვენი მომხმარებლებისთვის სერვისის მიწოდება მაღალი სტანდარტებით. თიბისი დაზღვევა წლებია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი დონის მომსახურებას და ჩვენი პარტნიორობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია”

“ჩვენთვის, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია “ენთებთან” თანამშრომლობა, რადგან მათთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის ხარისხის შეთავაზება და ცხოვრების გამარტივებაა.” – სერგო საყვარელიძე, თიბისი დაზღვევის სამედიცინო დაზღვევის დეპარტამენტის დირექტორი.

R

ჩაფიძის გულის ცენტრი ვეტერანებისთვის მორიგ საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 20 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 160-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.

აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები).

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან;
მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი.

“ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიეთ რუსული კანონი! საქართველოში რუსული კანონის ადგილი არ არის” – თინა ბოკუჩავა უმრავლესობას

ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიეთ რუსული კანონი! საქართველოში რუსული კანონის ადგილი არ არის! – ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მმართველი გუნდის წევრებს პარლამენტის პლენარული სხდომაზე.

როგორც ბოკუჩავამ განმარტა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაპირისპირების წყაროა“.

„ხომ ხედავთ, რამხელა პროტესტი გამოიწვია მორიგ ჯერზე რუსული კანონის შემოტანის მცდელობამ. რამხელა ვნებათაღელვაა. რუსული კანონი არის დაპირისპირების წყარო ჩვენი საზოგადოებისთვის, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს: „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“. ქართველი ხალხის არჩევანმა, ამ არჩევანის დაცვამ, მათ შორის, გასული წლის აქციებით მოუპოვა ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. ახლა, მორიგ ჯერზე, ივანიშვილის პარტია ცდილობს ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, ეს დიდი მონაპოვარი წაართვას, გზა ჩაუხერგოს ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ. შეაჩერეთ რუსული კანონის განხილვა! შეაჩერეთ განხილვის პროცესი! არ გამოიტანოთ ეს კანონი არც დღეს, არც ხვალ და არც მომავალ სესიაზე, მომავალ წელს. ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიეთ რუსული კანონი! საქართველოში, რუსული კანონის ადგილი არ არის! საქართველოს მოქალაქეების არჩევანი არის ევროპა“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.

ამასთან, განმარტა, რომ „ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები სამარცხვინოდ დასცინიან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელს“.

„შეისმინეთ მათ შორის ჩვენი საერთაშორისო მეგობრების გამოხმაურებები. სასაცილოდ არ გყოფნიდათ გერმანიის კანცლერის უკიდურესად კრიტიკული განცხადებები, რომელიც გეუბნებათ, რომ ეს არ არის ევროპული კანონი. ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები სრულიად სამარცხვინოდ დასცინიან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელს, სამარცხვინოა, სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს ეხება ეს. კი არ უნდა დასცინოდეთ საერთაშორისო პარტნიორებს, კი არ უნდა უგულებელყოფდეთ მათ მოწოდებებს, ქართველი ხალხის არჩევანს ფეხქვეშ კი არ უნდა თელავდეთ. უნდა უსმენდეთ ქართველ ხალხს“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაემატა. საკითხი განსახილველად პირველი მოსმენით გადის. მასთან ერთად, პარლამენტს განსახილველად ორი ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტი – „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტი და “სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, ასევე – „გრანტების შესახებ“ კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები წარედგინება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია “ქართული ოცნება”. ის შინაარსით გასულ წელს ინიციირებული და საპროტესტო აქციების შედეგად „ჩაგდებული” პროექტის ანალოგიურია.

“ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება ყველასთვის: ერთ მუშტს მოიქნევთ? ათი მოგხვდებათ”

ალეკო ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის. ერთ მუშტს მოიქნევთ? – ათი მოგხვდებათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომელიც გუშინ, იურიდიული კომიტეტის სხდომას უძღვებოდა იმ მომენტში, როცა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა.

მათიკაშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ არც მათ და არც სესიაზე მსხდომ ოპოზიციის წარმომადგენელს არ უნახავთ და არ ახსოვთ, „ვინმე ასე ლაჩრულად, მზაკვრულად, არაკაცურად და ქათმურად მიპაროდეს გამომსვლელს და მისთვის დაერტყას“.

„მერვე წელია საკანონმდებლო ორგანოს წევრი ვარ. ამ კედლებსაც, ქუთაისის პარლამენტის კედლებსაც ბევრი რამ უნახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც ჩვენ და არც აქ მსხდომ ოპოზიციის წარმომადგენელს არცერთს ის არ უნახავთ და არ ახსოვს, ვინმე ასე ლაჩრულად, მზაკვრულად, არაკაცურად და ქათმურად მიპაროდეს გამომსვლელს და მისთვის დაერტყას.

მთელი დღის განმავლობაში [ალეკო] ელისაშვილი იჯდა ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში, უყურებდა ილია ჭავჭავაძის სურათს და ხმა არ დაუძრავს. ამ ფაქტმა მასში ბერბიჭაშვილის საქციელის ინსპირაცია გამოიწვია.

ასეთი არაკაცური, ლაჩრული საქციელი სადმე გინახავთ? – მე არ მინახავს და არ მახსოვს. თუ თქვენ გახსოვთ რაიმე, გვითხარით. ამ არაკაცობამ სათანადო პასუხი მიიღო და ყველა რადიკალი გაფრთხილდეს. როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და არევას აპირებენ. ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის. ერთ მუშტს მოიქნევთ? – ათი მოგხვდებათ. ეს კარგად გაითვალისწინეთ და გაიგეთ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე წარადგენდა, „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ტრიბუნასთან მას ფიზიკურად დაუპირისპირდა.

გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის პრიორიტეტი, ამას ადასტურებს თავად ევროკავშირის ანგარიში -თალაკვაძე

დღეს რაზეც მსჯელობს საქართველო, გაცილებით ადრე იყო აქტუალური ევროკავშირისთვის და დღემდე რჩება აქტიური პოლიტიკური დისკუსიის საკითხად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, მიესალმება ნებისმიერ იდეას, ინიციატივას თუ კრიტიკას, ოღონდ ეს გამჭვირვალედ უნდა იყოს წარმოდგენილი.

„ამასობაში ევროპარლამენტის ახალი ანგარიშიც წამოგვეწია, სადაც ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ბენეფიციარებმა, რომლებიც ევროკავშირისგან იღებენ გრანტებს, უნდა უზრუნველყონ სრული გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და დეტალურად წარუდგინონ საზოგადოებას, ევროკავშირს ანგარიში იმასთან დაკავშირებით, როგორ ნაწილდება თანხები. არა მხოლოდ ძირითადი ბენეფიციარები, არამედ ქვეკონტრაქტორებიც რა თანხებს იღებენ და როგორ ხარჯავენ ევროკავშირისგან გამოყოფილ გრანტებს, მათ შორის საუბარია წყაროებზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ, რაზეც დღეს მსჯელობს საქართველო, გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ გასულ წელს იყო ძალიან აქტუალური ევროკავშირისთვის და იქაც დღემდე რჩება აქტიური პოლიტიკური დისკუსიის საკითხად. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ იდეას, ინიციატივას თუ კრიტიკას, ოღონდ უნდა იყოს გამჭვირვალედ წარმოდგენილი და საჯარო პროცესში გამჭვირვალედ, ანგარიშვალდებული მონაწილეობით იყოს წარმოდგენილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძემ განმარტა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ საკანომდებლო ინიციატივა არავის უკრძალავს საქმიანობას.

„ეს არ ეხება ფიზიკურ პირებს და მათ შემოსავლებს. არც ფერმერებს, არც პედაგოგებს, მეცნიერებს და არც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანს. არ ეხება ჩვენი თანამემამულეების მიერ განხორციელებულ გადმორიცხვებს საზღვარგარეთიდან. ეხება მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, რომელთაც 20%-ზე მეტი დაფინანსება აქვთ საზღვარგარეთიდან. გუშინ მთელი დღის განმავლობაში გვესმოდა ბრალდებები ყველა ბრუნვაში – რუსული, რუსულმა, რუსულს. ბრალდებები გვესმოდა მათ შორის, იმ ხალხისგან, ფულს იხდიდა იმაში, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. დადიოდა ევროპაში და  ჩვენს პარტნიორებს არწმუნებდა, რომ საქართველოსთვის არ უნდა მიეცათ კანდიდატის სტატუსი. ვინც ევროპული მომავლის საბოტაჟით იყო დაკავებული, ის ადამიანები ბედავენ და გვაბრალებენ, თითქოს რაღაც რუსული პროექტი არის შემოტანილი. სინამდვილეში, ევროპული პერსპექტივა სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ დააბრუნა ამ ქვეყანაში საზოგადოების მხარდაჭერით. ჩვენ მივიღეთ უვიზო მიმოსვლა, ჩვენ გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. მედია, ბიზნესი დღეს არის თავისუფალი და ადამიანის უფლებების დაცვა, პატივისცემა დაბრუნდა ქვეყანაში“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის ვებგვერდზე – eppgroup.eu გამოქვეყნდა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ნებისმიერმა ორგანიზაციამ, რომელიც იღებს დაფინანსებას ევროკავშირისგან, უნდა გაამჟღავნოს როგორ იყენებს ამ თანხებს. ეს მოთხოვნა უნდა გავრცელდეს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთა დაფინანსება ჯერჯერობით მხოლოდ შეზღუდულ შემოწმებას ექვემდებარება.

“სალომე ზურაბიშვილმა პირი კარგად გამოირეცხოს, როცა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებზე საუბრობს”

სალომე ზურაბიშვილმა პირი კარგად გამოირეცხოს, როცა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებზე საუბრობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურმა კომენტარი გააკეთა ზურაბიშვილის იმ პოსტზე, სადაც მან აღნიშნა: „სპეცნაზელები“ მზადყოფნაში არიან, ევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყონ მოქმედება, საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს“.

„შეგახსენებთ ერთ-ერთ ჟურნალისტთან გაკეთებულ კომენტარს, რომ მისთვის მისაბაძი თუ საყვარელი პოლიტიკოსია ლავროვი. ამიტომ სალომე ზურაბიშვილმა პირი კარგად გამოირეცხოს, როცა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებზე საუბრობს. მართლაც ჩვენ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. რუსეთი ოკუპანტია და სალომე ზურაბიშვილმა პირი გამოირეცხოს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ამასთან, მედიის წარმომადგენლებმა ღუდუშაურს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ალექსანდრ დუგინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საქართველო სწორ გზაზეა“.

„დუგინი, ელისაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ლავროვები – ამ ადამიანებს ერთი მამოძრავებელი აქვთ, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესი. პირდაპირ გეუბნებით, ფეხზე მკიდია, რას ფიქრობს დუგინი. ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს ქვეყანაზე, ხალხზე და რას ფიქრობს დუგინი, ეგ უთხარით სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.