Home Blog Page 1092

დაცვის მექანიზმები, რომელიც სჭირდება ევროპას, სჭირდება ევროკავშირს, სჭირდება საქართველოსაც – არჩილ თალაკვაძე

ჩვენი ქვეყანა ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ლოკაციაში მდებარეობს ამიტომ ჩვენ ამ გამოწვევებს შესაბამისად ვპასუხობთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.

„საქართველოს პარლამენტმა მიიღო გამჭვირვალობის შესახებ ისეთი რეგულაციები, როგორიც აქვს ევროკავშირის 15 ქვეყანას. ვგულისხმობ გამჭვირვალობის რეესტრებს. დაცვის მექანიზმები, რომელიც სჭირდება ევროპას, სჭირდება ევროკავშირს, სჭირდება საქართველოსაც“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დააკავა, მათგან 23 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძე ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარებას.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი იქნა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული. კერძოდ ამოღებული იქნა ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ. ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ნარკოტრანზიტში ჩართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოვლენისა და მათი დაკავების მიზნით.

ასევე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილი და განეიტრალებული იქნა ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, რომელიც ე.წ. შავი ბაზრის 50 პროცენტზე მეტს ამარაგებდა. აღნიშნულ მაღაზიას მართავდა, ასევე, დადების მეთოდით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდა ჩვენ მიერ დაკავებული, 1963 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, რომლის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოღებული იქნა 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, 27 ათასი ცალი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზის“ აბები და 10 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო პერიოდში, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 77 პირია დაკავებული მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია.

დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დაკავებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და მათი ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მდმა“, „ალფა პვპ“, „მეტამფეტამინი“, „მეტადონი“, „ჰაშიში“ და ფსიქოტროპული ნივთიერებები. ბრალდებულებისგან პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნა კუპატაძემ.

ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი ან სანქცირებულმა დატოვოს ხელისუფლება, ან მოეგოს გონს და სანქციების გარეშე დატოვოს არჩევნების გზით – ანა ნაცვლიშვილი

ეს გზავნილი პირველ რიგში, არის ქართველი ხალხისთვის, რომ ამერიკა მათ არ მიატოვებს და იქნება ყველა დემოკრატიული საზოგადოების მეგობარი და მხარდამჭერი, – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ამერიკის გზავნილების შემდეგ ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი, რომ ან სანქცირებულმა დატოვოს ხელისუფლება, ან მოეგოს გონს და სანქციების გარეშე დატოვოს არჩევნების გზით.

„ეს გზავნილი პირველ რიგში, არის ქართველი ხალხისთვის, რომ ამერიკა მათ არ მიატოვებს და იქნება ყველა დემოკრატიული საზოგადოების მეგობარი და მხარდამჭერი. რაც შეეხება ხელისუფლებისთვის გზავნილს, ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი: ან სანქცირებულმა დატოვოს ხელისუფლება, ან მოეგოს გონს და სანქციების გარეშე დატოვოს არჩევნების გზით. ისინი ძალაუფლებას ვეღარ შეინარჩუნებენ მას შემდეგ, რაც გადადგეს მკაფიო ნაბიჯები ქართველი საზოგადოების ნების წინააღმდეგ, დაარღვიეს ქვეყნის კონსტიტუცია და მიიტანეს თავდასხმა საკუთარი ქვეყნის დემოკრატიულ პერსპექტივაზე. ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობას ესაუბრება რეზინის ტყვიების, მუქარის და შანტაჟის ენით, მოკლებულია ლეგიტიმაციას“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, Politico -ს ინფორმაციით, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება.

იბრაჰიმ რაისის დაღუპვასთან დაკავშირებით თურქეთში ეროვნული გლოვის დღე გამოცხადდა

ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოვაცხადოთ ერთდღიანი ეროვნული გლოვა ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის დაღუპვის გამო“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ერდოღანმა ასევე ისაუბრა თურქეთის როლის შესახებ ვერტმფრენის სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში.

„ამინდის გამო შექმნილი რთული პირობების მიუხედავად, თურქულმა სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა სამუშაოები 7,5 საათის განმავლობაში ჩაატარა“, – განაცხადა ერდოღანმა.

„გამჭვირვალობის კანონზე“: ევროკავშირს არავინ გულისხმობს და არ არის მთავარი აქტორი ევროკავშირი, არამც და არამც – ბექა ოდიშარია

x

ჩვენ დიდი ხიფათი გვაქვს რუსეთისგან, დიდი ხიფათი გვაქვს სხვა ქვეყნებისგან. არის რელიგიური ექსტრემიზმის გამოწვევები. არავინ გულისხმობს აქ და არ არის მთავარი აქტორი ევროკავშირი, არამც და არამც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.

„უბრალოდ, ჩვენ პარტნიორი ქვეყნებიდან, დონორი ორგანიზაციებისგან, რომელთა მადლიერიც ვართ, გვინდა, რომ შემსრულებლები, რომლებიც ველზე მუშაობენ მათი სახელით, რაში ხარჯავენ ამ ფულს, იცოდნენ მათაც, ჩვენც და ჩვენმა საზოგადოებამაც“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

უხვმა ნალექმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები გამოიწვია

ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები გამოიწვია. დაიტბორა ქუჩები, რის გამოც მანქანების გადაადგილება გარკვეული პერიოდით გართულდა.

განსაკუთრებით რთული ვითარება იყო გლდანის რაიონში. წვიმის შედეგად ახმეტელის მეტროსთან დაიტბორა მიწისქვეშა გადასასვლელი და იქ განთავსებული სავაჭრო ობიექტები.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური, ასევე, იმყოფებოდნენ გამგეობის წარმომადგენლები.

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ საცხოვრებლად გამგზავრებით დაინტერესებულ პირებს უმზადებდა ყალბ დოკუმენტებს, რომელთა გამოყენებითაც პირს შეეძლო შედარებით მარტივად მიეღო თავშესაფარი, როგორც პოლიტიკურ და ძალადობის მსხვერპლს.

დადგენილია, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ ასეთ პირს 500 აშშ დოლარისა და 550 ლარის საფასურად დაუმზადა სამართალდამცავი ორგანოს მიერ გაცემული ყალბი წერილი მასზედ, რომ პირის მიმართ განხორციელებული მუქარების გამო თითქოსდა მიმდინარეობდა გამოძიება და ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ გაცემული ყალბი ცნობა თითქოსდა პირი იყო პოლიტიკური დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლი. ასევე, მეტი დამაჯერებლობისათვის, გაყალბებულ იქნა სამედიცინო დაწესებულების სახელით გაცემული ფორმა #100, რომლის თანახმადაც მოქალაქეს მიყენებული ჰქონდა ფიზიკური დაზიანებები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა ყალბი დოკუმენტაციის დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ორგანიზაციის ბეჭედი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მოკავშირეების გადაწყვეტილებები ერთი წლით იგვიანებს – ყველა შეეჩვია იმ ფაქტს, რომ უკრაინელები კვდებიან – ვოლოდიმირ ზელენსკი

დასავლელ მოკავშირეებს ძალიან დიდი დრო სჭირდებათ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

”ყოველი გადაწყვეტილება, რომლამდეც ჩვენ, შემდეგ ყველა ერთად მივდივართ, დაახლოებით ერთი წლით იგვიანებს, მაგრამ ეს არის ის, რაც არის: ერთი დიდი ნაბიჯი წინ, მაგრამ მანამდე ორი ნაბიჯი უკან. ამიტომ ჩვენ ცოტა უნდა შევცვალოთ პარადიგმა“,, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სურდა, რომ უკრაინის პარტნიორები უფრო პირდაპირ ჩართულიყვნენ ომში, მაგრამ ესმოდა, რომ ისინი უფრთხილდებიან რუსეთის ანტაგონიზაციას.

”ეს ნების საკითხია, მაგრამ ყველა ამბობს სიტყვას, რომელიც ყველა ენაზე ერთნაირად ჟღერს: ყველას ეშინია ესკალაციის. ყველა შეეჩვია იმ ფაქტს, რომ უკრაინელები კვდებიან – ხალხისთვის ეს ესკალაცია არ არის”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას, საკუთარი ცის დასაცავად, მინიმუმ, 120 -130 საბრძოლო თვითმფრინავი სჭირდება

„რუსები უკრაინის ტერიტორიაზე 300 თვითმფრინავს იყენებენ. ჩვენ გვჭირდება მინიმუმ 120-130 თვითმფრინავი ცაში წინააღმდეგობის გასაწევად”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თუ ქვეყნებს თვითმფრინავების დაუყოვნებლივ მიწოდება არ შეუძლიათ, მათ შეუძლიათ თვითმფრინავებით, რომლებიც ნატო-ს მეზობელ ქვეყნებში ჰყავთ, რუსული რაკეტები მოიგერიონ და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვან.

უკრაინელებმა რუსების გაშვებული 29 დრონიდან 28 ჩამოაგდეს

რუსებმა უკრაინას ღამით Shahed-131/136 ტიპის დრონებით შეუტიეს, უკრაინელებმა 29 დრონიდან 28 ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

”საზენიტო ბრძოლის შედეგად ჩამოგდებულია 28 დრონი ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ჩერკასის, ხერსონის და კიროვოგრადის ოლქებში“, – აცხადებენ საჰაერო ძალებში.

მათივე ინფორმაციით, რუსები უკრაინას წუხელ სამი მიმართულებიდან დაესხნენ თავს: რუსეთის ქალაქებიდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკიდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან.

რუსების საჰაერო შეტევა უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, საჰაერო ძალების და სახმელეთო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა მოიგერიეს.

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი ლიდერები სანქციების დაწესებას განიხილავენ

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი ლიდერები სანქციების დაწესებას განიხილავენ, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა.

„კონგრესი განიხილავს ყველა ვარიანტს, მათ შორის სანქციებს, რათა დაისაჯოს ჰააგის სასამართლო და უზრუნველყოს, რომ მისი ხელმძღვანელობა ნახავს შედეგებს, თუ ისინი იმოქმედებენ. თუ ჰააგის სასამართლოს მიეცემა უფლება, დაემუქროს ისრაელელ ლიდერებს, ჩვენი ლიდერები შეიძლება, იყონ შემდეგი. ჰააგის სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება ისრაელზე ან აშშ-ზე და დღევანდელი უსაფუძვლო და არალეგიტიმური გადაწყვეტილება გლობალურად უნდა იყოს დაგმობილი. საერთაშორისო ბიუროკრატებს არ უნდა მიეცეთ იმის შესაძლებლობა, გამოიყენონ კანონი დემოკრატიული ქვეყნების ძალაუფლების უზურპაციისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ კანონის უზენაესობას“, – განაცხადა ჯონსონმა.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს.

იბრაჰიმ რაისის სიკვდილი არ ცვლის აშშ-ის ფუნდამენტურ პოზიციას ირანის მიმართ – მეთიუ მილერი

ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის სიკვდილი არ ცვლის აშშ-ის ფუნდამენტურ პოზიციას ირანის მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„იბრაჰიმ რაისი იყო ირანელი ხალხის რეპრესიების სასტიკი მონაწილე თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში. ის მონაწილეობდა ადამიანის უფლებათა მრავალრიცხოვან, საშინელ დარღვევაში, მათ შორის, ასრულებდა მთავარ როლს 1988 წელს ათასობით პოლიტპატიმრის არასამართლებრივ მკვლელობაში. ადამიანის უფლებების ყველაზე საშინელი დარღვევა მოხდა მისი პრეზიდენტობის დროს, განსაკუთრებით ქალთა მიმართ უფლებების დარღვევის კუთხით. ჩვენ ვწუხვართ სიცოცხლის ნებისმიერი დანაკარგის გამო. არ გვინდა, ვნახოთ, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნისას ვინმე დაიღუპება, მაგრამ ეს არ ცვლის რეალობას, რომ, როგორც ირანის პრეზიდენტს, მას ხელები სისხლიანი ჰქონდა. ჩვენი ფუნდამენტური მიდგომა ირანის მიმართ არ შეცვლილა და არ შეიცვლება. ჩვენ გავაგრძელებთ ირანის ხალხის მხარდაჭერას, რათა დაიცვან თავიანთი უფლებები, თავიანთი მისწრაფებები ღია, თავისუფალი საზოგადოებისა და დემოკრატიისკენ“, – განაცხადა მილერმა.

მისივე თქმით, ირანმა დახმარება სთხოვა ვაშინგტონს მას შემდეგ, რაც ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ჩამოვარდა, მაგრამ აშშ-მა ლოგისტიკური მიზეზების გამო დახმარების გაწევა ვერ შეძლო.

„ჩვენ არ ვაპირებთ ბოდიშის მოხდას ჩვენი სანქციების რეჟიმისთვის. ირანის მთავრობამ გამოიყენა თავისი თვითმფრინავი აღჭურვილობის გადასაზიდად ტერორიზმის მხარდასაჭერად, ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სანქციების რეჟიმის აღსრულებას. საბოლოო ჯამში, ირანის მთავრობაა პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებაზე, რომ გაფრენილიყვნენ 45 წლის ვერტმფრენით“, – აღნიშნა მილერმა.

დავით ქაცარავა სპეცრაზმელების მიერ მისი ცემის დეტალებზე საუბრობს

“ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრი, დავით ქაცარავა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღდმეგო აქციაზე დააკავების შემდეგ სპეცრაზმის მხრიდან მისი ცემის დეტალებს იხსენებს.

ის სოციალურ ქსელში “პოსტს” აქვეყნებს და აღწერს, სამართალდამცველების მიერ მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს.

“რას დაეთრევი ამ საოკუპაციო ხაზზე,შენი …, შემაგინა ე.წ. სპეცრაზმელმა.დარტყმა,გინება,მუშტების და წიხლების წვიმა მოყვა ამ სიტყვებს.სვავებივით მომესივნენ შავ სპეცფორმებში გამოწყობილი ჯალათები.

მოეწონათ ჩემი სამხედრო ჩანთა და ამაგლიჯეს ეგრევე.

ჯიბიდან ამოღებული საფულე გაშალეს,დაინახეს ფული და ეგრევე ჯიბეში იტაკა ერთერთმა შავრაზმელმა.

ტელეფონი კიდევ ვიღაცის ჯიბეში აღმოჩნდა წამებში.

კარაბინზე ჩამოკიდებულ ხელთათმანს და მანქანის გასაღებს ვერაფერი მოუხერხეს, ტანზე დამაგრებულ ტაქტიკურ ჩანთასაც ვერაფერი გაუგეს და რამდენიმე წუთით თავი დამანებეს.

მთავარი მოქმედება კი მეორე,დიდი ცემის შემდეგ დაიწყო, როდესაც უკვე 10-12 სპეცჯალათის მიერ ნაცემი, ფურგონში შემაგდეს.

ნახევარი საათის განმავლობაში, ზურგსუკან შეკრულ ხელებიანს, 3 – 4 ჯალათი უმოწყალოდ მცემდა.

სასტიკად, გამიზნულად. დამიზნებით თავში,სახეში.

ხელებზე სპეციალური,კასტეტიანი ხელთათმანით, პროფესიონალურად დაყენებული დარტყმებით მილეწავდნენ სახის ძვლებს.

მესამე ცემა მანქანაში,ჯამში მეხუთე,ყველაზე საშინელი გამოდგა.

შეგრძნებით, უსასრულოდ გაგრძელდა ლეწვის ეს პროცესი.

ბოლოს ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი – მოკალი ამის დედას ….! ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა – მგუდავდნენ.

არ ვიცი,რამდენი ხანი გავძელი, რამდენ ხანს მგუდავდნენ.

უკვე ვფიქრობდი, რომ ცემაში სულს ამომხდიდნენ.

მეხუთე ცემა დასრულდა, როდესაც ჩემი გასისხლული და დალეწილი სახე გადაუგზავნეს თავის დამკვეთებს.

ჯალათებო და ამ ეკზეკუციის დამკვეთებო!

მადლობას გიხდით იცით რისთვის?

კიდევ ერთხელ დამარწმუნეთ იმაში, რომ ამ ქვეყანას დღეს რუსები მართავენ და ჩვენ, ამ ქვეყნის თავისუფალ შვილებს უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ჩახერგილია გზები და ჩვენ მხოლოდ რუსულ რეჟიმზე გამარჯვება გადაგვარჩენს!

ჩვენ ამ ტერორით ვერ დაგვაშინებთ, ჩვენ გორგასლის,აღმაშენებლის,300 არაგველის, იუნკერების და აფხაზეთის გმირების შთამომავლები ვართ, ჩვენში ანწუხელიძის და ტატუნაშვილის სისხლი ჩქეფს, ჩვენი ცოცხალი გმირები დღეს რუსეთს ამარცხებენ უკრაინაში!

ჩვენ ეს სისხლი გვაქვს, თქვენ კი ილიას მკვლელის სისხლი გილპებათ ძარღვებში!

ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და თქვენ,ჯალათებს, ვისთვისაც ღირსება ბანკომატებთან ასოცირდება, აუცილებლად დამარცხდებით და აღმოჩნდებით ისტორიის სანაგვეზე!

ჩვენია გამარჯვება!

ძალა ერთობაშია!

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”,- წერს ქაცარავა, რომელმაც კლინიკა დღეს დატოვა.

ცნობისთვის, პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. მეუღლის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე ერთ-ერთი აქციის დროს, დავით ქაცარავას დაკავებისას სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ.