Home Blog Page 1091

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაგრძელდა პროექტები სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვითი, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით – კობახიძე

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაგრძელდა პროექტები სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვითი, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობები, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სკოლამდელი და სასკოლო განათლების დონეზე ეტაპობრივად გაფართოვდა ორენოვანი განათლების მოდელის გეოგრაფიული არეალი.

მისივე თქმით, სახელმწიფო ენის ბილინგვური მეთოდით სწავლება 36 საბავშვო ბაღსა და 184 საჯარო სკოლაში დაინერგა.

„რეგიონებში არაქართულენოვან სკოლებში მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტის დასაძლევად მივლინებულ იქნა 397 ქართულენოვანი მასწავლებელი. მშვიდობის ფონდის მეოთხე საგრანტო კონკურსის ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან 129 ბიზნესპროექტი დარეგისტრირდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მზარდ ინტერესზე მეტყველებს. დაფინანსდა 22 ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ბიზნესპროექტი. შარშან ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში უგამოცდოდ ჩაირიცხა 235 სტუდენტი. შეუფერხებლად და ეფექტიანად გრძელდება „სახელმწიფო რეფერალური პროგრამის” ფარგლებში სამედიცინო მომსახურების უფასოდ გაწევა; პროგრამით, საანგარიშო პერიოდში, აფხაზეთის რეგიონიდან 1200-მდე, ხოლო ცხინვალის რეგიონიდან 300-მდე ადამიანმა ისარგებლა. 

მთავრობა აგრძელებს აფხაზეთის რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების მხარდაჭერასა და სტატუს-ნეიტრალური საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით, ვაქცინების, მედიკამენტების, ანტივირუსული ტესტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის რეგულარულად მიწოდებას. ამ პერიოდის განმავლობაში ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

მისივე თქმით, გრძელდება აფხაზეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერა და ადგილზე მოსახლეობის დახმარება.

„საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით, აფხაზეთის რეგიონს გადაეცა მცენარეთა და ცხოველთა დაცვის 400,000 ლარზე მეტი ღირებულების საშუალებები.

გაგრძელდა 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების პროგრამა. გასული 12 თვის განმავლობაში, გადმოსვენებულ იქნა და ოჯახებს გადაეცა უგზო-უკვლოდ დაკარგული 68 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი; გაიმართა მათი სათანადო პატივით დაკრძალვის ოფიციალური ცერემონიალი.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაგრძელდა პროექტები სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვითი, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით. 14 ათასზე მეტ ოჯახის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით გაეწია ფინანსური დახმარება.  2000-ამდე სტუდენტს სახელმწიფოს მიერ დაუფინანსდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების საფასური. სოფელ ზარდიაანთკარში რეაბილიტირდა 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული 28 სახლი, ამ სახლების მფლობელები დღემდე უზრუნველყოფილნი იყვნენ დროებითი საცხოვრებლით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 თავდაცვის მიმართულებით გრძელდება აქტიური მუშაობა – პრემიერი

თავდაცვის სამინისტრო წარმატებით ახორციელებდა ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საინჟინრო და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების, ასევე თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურული ობიექტების განახლება-გაუმჯობესების პროექტებს

თავდაცვის სამინისტრო წარმატებით ახორციელებდა ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საინჟინრო და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების, ასევე თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურული ობიექტების განახლება-გაუმჯობესების პროექტებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავდაცვის მიმართულებით გრძელდება აქტიური მუშაობა.

მისივე თქმით, კიბერსარდლობის ორგანიზაციულ მოდელზე გადასვლის მიზნით, შემუშავდა კიბერსარდლობის ჩამოყალიბების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა.

„დელტა-ვებეს“ მიერ დამზადდა და თავდაცვის ძალებს გადაეცა სადაზვერვო და საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია. თავდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, დაიწყო და ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები ეს არის – სპეციალური ოპერაციების სარდლობისთვის ახალი ბაზის მშენებლობა; ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა, აღმოსავლეთ საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობა, რომელიც 400 კადეტზე იქნება გათვლილი.  გენერალ კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის განვითარების მიზნით, სრულად რეაბილიტირდა კადეტთა საცხოვრებელი, განახლდა კომპიუტერული ტექნიკა და დასრულდა ლაზარეთის მშენებლობა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სამინისტროს საბინაო პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის ძალების უფროს ოფიცრებს მიეცათ უპროცენტო შიდა განვადებით ბინების აშენების საშუალება.

„5000-მდე მოქმედ თუ ყოფილ სამხედროს, სხვა კატეგორიის მოქალაქეებს დაუკანონდათ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინები და მოუგვარდათ წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა. დასრულდა მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა. ეს არის 39 შვიდსართულიანი კორპუსი, სადაც არის განთავსებული 1092 ბინა და განკუთვნილია სამხედრო მოსამსახურეებისთვის. სამხედრო ჰოსპიტალი აღიჭურვა თანამედროვე სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ  საქართველომ წარმატებით უმასპინძლა აშშ-საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებას − „AGILE SPIRIT 23-ს“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 22 ქვეყნის 3100-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ. ჩატარდა უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება − „დიდგორი 2023“. წელს საქართველომ უმასპინძლა სპეციალური ოპერაციების მრავალეროვნულ სწავლებას − „TROJAN FOOTPRINT 24-ს“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 6 ქვეყნის 1100-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ. წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ორგანიზებით, მიმდინარეობს ნატო-საქართველოს სწავლების დაგეგმვის ეტაპი, რომლის აღსრულება 2025 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი. მიმდინარეობს დაგეგმვის პროცესი მრავალეროვნული სწავლების − „NOBLE PARTNER 24-ის“ ჩასატარებლად. საზღვაო ინიციატივის ფარგლებში, საქართველო სანაპირო დაცვის ჯგუფით პირველად ჩაერთო ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია „ზღვის მცველში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, განახლდა პროექტი – „ჩვენი ჯარი“, რომელმაც მოიცვა 628 საჯარო სკოლა, 24 ათასზე მეტი მოსწავლე  და 2 300-მდე მასწავლებელი.

იყო გარკვეული მცდელობა, ქვეყანაში შემოეტანათ არეულობა, თუმცა შსს-მ უზრუნველყო სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება, მადლობა ამისთვის ვახტანგ გომელაურს და თითოეულ ღირსეულ პოლიციელს – ირაკლი კობახიძე

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, იმ პროცესებისთვის, რომლებიც სამინისტრომ ღირსეულად გამოიარა გასული 2-3 თვის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, იყო გარკვეული მცდელობა, ქვეყანაში შემოეტანათ არეულობა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა.

„როგორც მოგეხსენებათ, იყო გარკვეული მცდელობა, ქვეყანაში შემოეტანათ არეულობა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ არსებითად, თვისებრივად იმოქმედა ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით და უზრუნველყო საქართველოში სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება. მადლობა ამისთვის შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ ღირსეულ პოლიციელს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რეგიონების თანაბარი სოციალ-ეკონომიკური განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია – ირაკლი კობახიძე

რეგიონების თანაბარი სოციალ-ეკონომიკური განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თანდათანობით იზრდება ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსება, ბიუჯეტების მოცულობა, შემოსავლების მოცულობა.

„წარმატებით მიმდინარეობდა სამუშაოები განახლებული რეგიონების პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში. ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და დასრულებულია 730 მილიონ ლარამდე ღირებულების 78 პროექტი. ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება შესაბამისი პროექტები. განახლდა 730-მდე შენობა 40 ათასზე მეტ ფართობზე მოეწყო 92 სკვერი. მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გასულ წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა 350 მილიონ ლარამდე ღირებულების 864 პროექტი. წელს ფონდიდან უკვე განაწილებულია 400 მილიონი ლარი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შარშან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 40 600 000 ლარი დაფინანსდა 3 780 პროექტი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

2024 წელს უკვე 365 000 ახალი ბენეფიციარი გვეყოლება, საიდანაც 130 000-ს ცენტრალური წყალმომარაგება არასოდეს ჰქონია; გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დასრულდა 63 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 9 000-ზე მეტი ოჯახისთვის – პრემიერი

2024 წელს 365 000 ახალი ბენეფიციარი გვეყოლება, საიდანაც 130 000-ს ცენტრალური წყალმომარაგება არასოდეს ჰქონია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, გაზიფიკაციის ნაწილშიც გრძელდება მნიშვნელოვანი სამუშაოები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დასრულდა 63 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 9 000-ზე მეტი ოჯახისთვის.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ინფრასტრუქტურის ნაწილში წყალმომარაგება. გეგმის მიხედვით გრძელდება მუშაობა, ამოცანაა, რომ 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქი იყოს უზრუნველყოფილი ცენტრალური წყალმომარაგებით. 2024 წელს უკვე 365 000 ახალი ბენეფიციარი გვეყოლება, საიდანაც 130 000-ს ცენტრალური წყალმომარაგება არასოდეს ჰქონია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც უკვე ამ წლის ბოლომდე გვექნება.

გაზიფიკაციის ნაწილშიც გრძელდება მნიშვნელოვანი სამუშაოები, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა 63 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 9 000-ზე მეტი ოჯახისთვის,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 11 მეწყრულ ლოკაციაზე მოეწყო თანამედროვე მონიტორინგის სისტემები- პრემიერი

მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვქონდა გარემოს დაცვის მიმართულებით, შემუშავდა ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების რუკები მთელი ქვეყნის ტერიტორიისთვის, დასრულების ეტაპზეა გეოლოგიური საფრთხეების რუკები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 11 მეწყრულ ლოკაციაზე მოეწყო თანამედროვე მონიტორინგის სისტემები.

„დღეისთვის სხვადასხვა ტიპის გეოლოგიური მონიტორინგი ხორციელდება 18 მეწყრულ ლოკაციაზე. გაფორმდა ხელშეკრულება შვეიცარიელ ექსპერტებთან, საქართველოს მყინვარულ ხეობებში შეფასდება არსებული საფრთხეები, რის შედეგადაც მაქსიმალურად შერბილდება კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული შესაძლო სტიქიური მოვლენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები. გაფართოვდა ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგის ქსელი, საანგარიშო პერიოდში ამოქმედდა 8 სტაციონარული და ერთი მობილური ახალი ავტომატური სადგური. ამჟამად საქართველოს 8 ქალაქში ფუნქციონირებს 18 ავტომატური სადგური. საანგარიშო პერიოდში, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, წყლის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდებოდა საქართველოს მდინარეებისა და ტბების 236 წერტილში; დეგრადირებული ტყის მასივების აღდგენის მიზნით, გასულ წელს ტყის აღდგენის სამუშაოები განხორციელდა 1679 ჰა ფართობზე; შეიქმნა 15 ათას ჰა ფართობზე მეტი ახალი დაცული ტერიტორია; მიმდინარეობს 690 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობის სამუშაოები 8 დაცულ ტერიტორიაზე. 2 დაცულ ტერიტორიაზე დასრულდა ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ხოლო 8 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ესეც არასრული ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რომლებიც ხორციელდება გარემოს დაცვის მიმართულებით”, – აღნიშნა პრემიერმა.

მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება და ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები- კობახიძე

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება და ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები

მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება და ძალიან მალე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთარუმა აღნიშნა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით უკვე დასრულებულია კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. 

„ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება. უკვე დასრულდა კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა და უახლოეს მომავალში დაიდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 51 პროცენტი წილის დარჩება სახელმწიფოს, 49 პროცენტი ექნება კონსორციუმს. ასევე ჩატარდა ტენდერი მსოფლიო ბანკის წესებით და ძალიან მალე დაიწყება უკვე უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 600 მილიონ დოლარს. პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტი გაატარებს 600 ათას კონტეინერს, რაც ნიშნავს დაახლოებით 7,8 მილიონ ტონა ტვირთს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 ვაზიანში აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც გათვლილი იქნება 18 მილიონ მგზავრზე, უკვე შემუშავებულია ახალი პროექტები თელავის და მესტიის აეროპორტებისთვის – პრემიერი

ვაზიანში აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც  გათვლილი იქნება 18 მილიონ მგზავრზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აეროპორტებს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

„დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აეროპორტებს. ჩვენ გვქონდა სიღრმისეული მსჯელობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საკითხთან დაკავშირებით. განიხილებოდა ორი ალტერნატიული ვერსია – არსებული აეროპორტის გაფართოება, ან სრულიად ახალი აეროპორტის მშენებლობა. საბოლოო ჯამში, საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკურ საბჭოზე განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება სრულიად ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. ვაზიანში აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის 4 მილიონი მგზავრი და ახალი აეროპორტი, პროექტის სრულად დასრულების შემდეგ, გათვლილი იქნება 18 მილიონ მგზავრზე. გაანგარიშებულია მგზავრთანაკადების ზრდის მაჩვენებელი შემდეგი წლებისთვის და ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ აეროპორტის არსებითი გაფართოება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და სწორედ ამას მიეძღვნება ეს ახალი მეგაპროექტი, რომელიც განხორციელდება ამ მიმართულებით”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით,  უკვე შემუშავებულია ახალი პროექტები თელავის და მესტიის აეროპორტებისთვის.

„ასევე მიმდინარეობს მუშაობა ქუთაისის აეროპორტის ახალ გენერალური გეგმის შესაქმნელად. გვინდა ავაშენოთ ახალი ტერმინალი. სამშენებლო სამუშაოები დაიწყება წელსვე, დასრულდება 2026 წელს. ასევე უკვე დასრულდა ავტოსადგომის გაფართოების სამუშაოები. ადგილების რაოდენობა 700-მდე გაიზარდა. ასევე მნიშვნელოვანია თელავის და მესტიის აეროპორტების განვითარება. უკვე შემუშავებულია ახალი პროექტები, თანამედროვე ტერმინალები ორივე აეროპორტისთვის. თელავის აეროპორტის ტერმინალში ახალი ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები წელს დაიწყება. დასრულდება ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით ათ თვეში. მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყება იგეგმე4ბა მიმდინარე წელს და დასრულება – 2025 წელს”, – განაცხადა პრემიერმა.

 ფეხბურთელზე პოლიტიკური წნეხის განხორციელების მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია, თავის დროზე გუნდის დაყენებაში ერეოდა მაშინდელი მმართველი პარტია და როგორი იყო ფეხბურთის შედეგები, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს – პრემიერი

ფეხბურთის ფედერაციაში ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა მიდგომები ქართული ფეხბურთის მიმართ, შესაბამისად ფედერაციას და ლევან კობიაშვილს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა შედარებისთვის ძველი პრაქტიკა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მართველი პოლიტიკური გუნდი მოედანზე გუნდის დაყენებაშიც კი ერეოდა, რაც მიუღებელია.

„მინდა გავიხსენო ძველი პრაქტიკა შედარებისთვის, რადგან ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ხოლმე, საქმე სხვანაირად წარმოაჩინონ. მახსენდება მოვლენები წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის არჩეული პრეზიდენტი მეორე დილას გადადგა. ასეთი ამბები ხდებოდა  მაშინ ქართულ ფეხბურთში. მახსოვს მაშინდელი მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც დღეს პარლამენტის წევრიც არის ოპოზიციიდან, როგორ შევარდა ფეხბურთის მოედანზე და როგორ ჩაარტყა წიხლი საფეხბურთო მსაჯს. ასეთი რაღაცები ხდებოდა. მაშინ გუბერნატორი იყო ეს ადამიანი. მახსენდება ნორჩი დინამოელის უნიკალური საფეხბურთო ბაზის გასხვისება თბილისში, ასევე ბათუმის სტადიონის დანგრევა. წლების მანძილზე ბათუმი – ეს საფეხბურთო ქალაქი დარჩენილი იყო სტადიონის გარეშე. მახსოვს შემთხვევები, როდესაც შემადგენლობის დაყენებაში პირდაპირ ერეოდნენ მაშინდელი მმართველი პარტიის წარმომადგენლები, იყო გარკვეული სპეკულაციები, ამ დღეებში თქვენ მოისმინეთ სამარცხვინო სპეკულაციები კონკრეტულ ფეხბურთელთან დაკვშირებით. ესეც ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ესეც ერთგვარი წნეხია ფეხბურთელზე. ფეხბურთელი თავიდან ბოლომდე დაცლილი უნდ აიყოს პოლიტიკური კონტექსტისგან და თავიდან ბოლომდე კონცენტრირებული უნდა იყოს თამაშზე. როდესაც ასეთ დროს არის მცდელობა, ფეხბურთელზე განხორციელდეს პოლიტიკური წნეხი, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. თავის დროზე იყო ასეთი შემთხვევები, როდესაც გუნდის დაყენებაში ერეოდა პირდაპირ პოლიტიკა, მაშინდელი მმართველი პარტია და  როგორი იყო ფეხბურთის შედეგები, ეს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც ჩვენს ნაკრებში იყვნენ ღირსეული და ძალიან წარმატებული ფეხბურთელები, ფეხბურთი ვერ აღწევდა წარმატებას გამომდინარე იქიდან, რომ მიდგომები იყო განსხვავებული”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თითოეულმა ფეხბურთელმა სული და გული ჩადო ამ წარმატებისთვის, მადლობა მათ, რომ განგვაცდევინეს ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა, მადლობა ფედერაციას და ლევან კობიაშვილს – ირაკლი კობახიძე 

შეუძლებელია, ჩემი გამოსვლა არ დავიწყო ფეხბურთით, დღევანდელი დღეები ეძღვნება თავიდან ბოლომდე ფეხბურთს, ჩვენს საფეხბურთო წარმატებას, რომელიც არის არა მხოლოდ ფეხბურთის წარმატება, ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი წარმატება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მიღწეული წარმატება მიულოცა მთელს საქართველოს და ფეხბურთელებს და ფეხბურთის ფედერაციას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„მინდა მივულოცო ყველას, მივულოცო სრულიად საქართველოს, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ფეხბურთელებს, ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წევრებს. თითოეული მათგანის წვლილი ამ გამარჯვებაში არის განსაკუთრებულზე განსაკუთრებული. შეუძლებელია, გამოყო რომელიმე მათგანი. თითოეულმა მათგანმა სული და გული ჩადო იმისათვის, რომ ჩვენ ამ წარმატებისთვის მიგვეღწია. მადლობა მათ იმისთვის, რომ ეს ძალიან დიდი ბედნიერება და სიხარული გვაჩუქეს და განგვაცდევინეს ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა. მადლობა მათ ამისთვის. მადლობა ფედერაციას, ლევან კობიაშვილს, ჩვენ სუბიექტური ვართ მის მიმართ, ჩვენი გუნდის წევრია, თუმცა მგონი ამ შემთხვევაში ეს მილოცვა და მადლობა სუბიექტურობას მოკლებულია. ფედერაციის როლი ამ გამარჯვებაში იყო ასევე განსაკუთრებული. მას შემდეგ, რაც შეიცვალა ფედერაციაში ხელმძღვანელობა წლების წინ. რადიკალურად შეიცვალა მიდგომები ქართული ფეხბურთის მიმართ, შესაბამისად ფედერაციას ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა. ლევან კობიაშვილი არის ადამიანი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება, მიდგომა ქვეყნის მიმართ და კონკრეტულად ქართული ფეხბურთის მიმართ. სწორედ ამის გამოვლინებაა ის თანმიმდევრული პროგრესი, რომელიც ფეხბურთმა განიცადა გასული წლების განმავლობაში და ამის კულმინაციაა ეს დღეები, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ და რომელმაც ძალიან დიდი ბედნიერება მოგვანიჭა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან და სხვა ევროპელ და უკრაინელ პოლიტიკოსებთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს. ამის მაგალითია შესწორება N4, რომლის შეტანას ევროსაბჭოს რეზოლუციის პროექტში წარმდგენები მე-12 პუნქტის შემდგომ ითხოვდნენ:

„ასამბლეა მიიჩნევს, რომ საქართველო სერიოზულ საფრთხეშია დაარღვიოს ევროპის საბჭოს სტატუტის მე-3 მუხლით ნაკისრი ვალდებულებები (Ets No. 1). ამიტომ, ასამბლეამ შეიძლება განიხილოს პროგრესის ანგარიში ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით მომდევნო, მეოთხე სესიაზე.

თუკი არ იქნება საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებების შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი, ეს შესაძლოა ითვალისწინებდეს მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის დამატებითი ერთობლივი პროცედურის დაწყებას“.

„ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერი პოლიტიკოსების მიერ წარდგენილი შესწორება რეზოლუციის პროექტში ვერ მოხვდა.

თბილისის მერია საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობის დაშვებას გეგმავს

თბილისის მერია ამზადებს შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობას ითვალისწინებს.

როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება სხვა ქვეყნების მაგალითზე იქნა მიღებული.

„სატრანსპორტო პოლიტიკას დიდ ყურადღებას ვუთმობთ. გვყავს საერთაშორისო კომპანიები და უცხოელი ექსპერტები დაქირავებული, რომლებიც სწორ დაგეგმარებაში გვეხმარებიან, როგორ უნდა მოწესრიგდეს საგზაო ინფრასტრუქტურა. შევისწავლეთ რამდენიმე ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა და ვნახეთ, რომ მოტოციკლებს და მოპედებს, შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, აქვთ უფლება იმოძრაონ საავტობუსო ზოლებში. ასეთი პრაქტიკაა დიდ ბრიტანეთში, ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში და ა.შ. მოტოციკლებისა და მოპედების საავტობუსო ზოლებში მოძრაობის დაშვების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა. ამას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ საავტობუსო ზოლში მოტოციკლებისა და მოპედების  მოძრაობით საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივდება მათი დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საკანონმდებლო პაკეტი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

„ჩვენ მოვამზადეთ უკვე შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობას (გარდა სამთვლიანი მოპედისა) მხოლოდ თბილისის საკრებულოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და შესაბამისი პირობებით. ჩვენ ამ კანონპროექტს მივაწოდებთ საქართველოს პარლამენტს და დიდი იმედი გვაქვს, რომ მხარდაჭერა გვექნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, დედაქალაქის საკრებულოს წარედგინება შესაბამისი წესი და პირობები, თუ როგორ, რა დაშვებითა და შეზღუდვებით შეეძლებათ მოტოციკლებსა და მოპედებს საავტობუსო ზოლში მოძრაობა.