Home Blog Page 1090

15 აპრილს პოლიციამ განახორციელა ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა თავიდან აეცილებინა ძალადობა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ უწყებამ შარშანდელი მარტის აქციების გამოცდილების გათვალისწინებით იმოქმედა და 15 აპრილს პოლიციამ განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება რათა ერთის მხრივ თავიდან აეცილებინა ძალადობა, მასობრივი დაპირისპირება და ამასთან, უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის საშუალება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მეორე დღეა აქციის მშვიდ ვითარებაში ჩატარებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან საქართველოს პარლამენტთან. 15 აპრილს, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, დილის 10:00 საათიდან შეიკრიბნენ, ზურაბ ჟვანიას ქუჩაზე, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან და მთელი დღის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში გამოხატავდნენ პროტესტს, ხოლო 19:00 საათიდან აქციის წევრებმა შეკრება დაიწყეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, ორგანიზატორებთან შეთანხმების შედეგად, პოლიციამ უზრუნველყო რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა, რათა შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს საშუალება ჰქონოდათ შეუზღუდავად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ დეპუტატები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა პარლამენტის გარშემო მსვლელობის დაწყებისა და მის გარშემო განთავსებისკენ, მაშინ როდესაც შენობაში კვლავ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი. წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, პარლამენტის შენობის გამოსასვლელების შესაძლო ბლოკირების, ძალადობრივი ქმედებების პრევენციის და ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეებს არ მისცემოდათ პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელებთან აქციის გაგრძელების საშუალება. შესაბამისად, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე, პარლამენტის შესასვლელებთან განთავსდა პოლიციის კორდონები. ამასთან, აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ჰქონდათ საშუალება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოეხატათ საკუთარი პროტესტი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასული წლის 7-8 მარტს მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციაზე გაკეთებულ მსგავს მოწოდებებს, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარედ განლაგებულიყვნენ, შედეგად მოჰყვა პოლიციაზე თავდასხმები, როგორც ბლაგვი საგნებით ასევე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებით. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ 7-8 მარტს, პოლიციამ პარლამენტის შენობიდან დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების გამოსვლის შემდეგ, სრულად გაათავისუფლა საპოლიციო კორდონებისგან ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა სწორედ მაშინ დაიწყეს პარლამენტის შენობაზე შტურმი, ცეცხლი წაუკიდეს შენობას, დააზიანეს დამცავი ჯებირები და ცხაურები, ასევე შეეცადნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. გარდა ამისა, დააზიანეს სამინისტროს კუთვნილი ავტომობილები და პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა. საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, 2024 წლის 15 აპრილს პოლიციამ განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება რათა ერთის მხრივ თავიდან აეცილებინა ძალადობა, მასობრივი დაპირისპირება და ამასთან, უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის საშუალება. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს მაინც ჰქონდათ მცდელობა გაერღვიათ საპოლიციო კორდონები, რა დროსაც პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა 14 პირი. აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დროს, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე. სამართალდამცველები უზრუნველყოფენ ადგილზე მართლწესრიგის და როგორც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მყოფი პირების, ასევე აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვას. მოვუწოდებთ შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მე მომწონს ამერიკის სასამართლო სისტემა და ჩვენ გვინდა, სასამართლოში იყოს როგორც ამერიკაშია – არჩევითი მოსამართლეები, მსაჯულები- რაქვიაშვილი

პარტია „გირჩის“ წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ამერიკასთან დაპირისპირება რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებას ნიშნავს.

რაქვიაშვილის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რა დასახელებაც არ უნდა ჰქონდეს მას, შინაარსობრივად ამერიკის წინააღმდეგ მიმართული კანონია.

„სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი განცხადება საბოლოო ჯამში ხსნის, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეს კანონი, რომელზეც ამდენი ბრძოლაა, ვიღაცას არ მოსწონს, რუსულს ეძახიან, ვიღაც მარტო რუსულს ეძახის და ა.შ. შინაარსობრივად ამერიკის წინააღმდეგ მიმართული კანონია. ყოველ შემთხვევაში, ამერიკელების რეაქციაც ასე გამოიყურება და ისიც კი ჩანს, რამ გამოიწვია, რადგან ამერიკელები, ფაქტობრივად, გვეუბნებიან, მიხედეთ სასამართლოსო.  აქვთ თუ არა ამერიკელებს ლეგიტიმური უფლება, ჩაერიონ ჩვენს საქმეში და გვითხრან, შეცვალეთ სასამართლოო. მგონი, ჩვენ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ და ჩემი აზრით, სრული ლეგიტიმაცია აქვთ, რადგან ჩვენ იქეთ ვთხოვთ ამერიკელებს დახმარებას, ვთხოვთ დაცვას, ამერიკელებზე დგას ჩვენი უსაფრთხოება და ზოგადად, ამერიკა არის ის ქვეყანა, რომელიც ჩვენ მოგვწონს. არ ვიცი, თქვენ როგორ მოგწონთ, მაგრამ მე ძალიან მომწონს. მე მომწონს ამერიკის სასამართლო სისტემა და ჩვენ გვინდა, სასამართლოში იყოს როგორც ამერიკაშია – არჩევითი მოსამართლეები, მსაჯულები. მომწონს ამერიკის თავისუფალი ხალხი, რომელიც შეიარაღებული გადიან მიტინგზე და იცავენ თავის თავს, იცავენ თავის შტატს, იცავენ საკუთარ სახლს კრიმინალისგან. მე მიყვარს ამერიკის სიტყვის თავისუფლება. მიყვარს ამერიკის დეცენტრალიზაცია, როცა შტატებს აქვს ნამდვილი თავისუფლება, განსხვავებული წესრიგი მოაწყონ, განსხვავებული მეზობელი შტატებისგან და ცენტრალური მთავრობის სურვილებისგან. კი, ამერიკაშიც ბევრი ცუდი რაღაც ხდება. ისტორიაში არ ყოფილა, ისეთი სოციალისტური ადმინისტრაცია ჰყავთ ახლა და ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ, მაგრამ ამათზე უკეთესი ქვეყანა უბრალოდ ჯერჯერობით არ არსებობს. კარგი, გადავიმტერეთ ამერიკელები, გადავიმტერეთ ევროპელები, შოლცს არ დავუჯერეთ, სახელმწიფო დეპარტამენტს არ დავუჯერეთ, ელჩებს არ დავუჯერეთ, რა ალტერნატივა არის? რის იმედზე ვართ? ჩვენს რეალობაში ამერიკელებთან დაპირისპირება შინაარსობრივად ხომ რუსობას ნიშნავს? რამე ალტერნატივა არსებობს კიდევ, რომ ვიცოდე? ჩვენ გვაქვს იმხელა ძალა, რომ თავი დავიცვათ ამერიკელების და ევროპელების გარეშე? არ გვაქვს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა:„სანქციებს ვაწესებთ, რათა ხელი შევუწყოთ იმ პირებისთვის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომელთაც ისარგებლეს დაუსჯელობით და ასევე, რომლებიც მუშაობენ კანონის უზენაესობისა და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობის ხელყოფისთვის. საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გადადგას ნაბიჯები კორუმპირებული აქტორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების უზრუნველსაყოფად“.

“ხალხნო, დავდგეთ ერთად, როგორც ბორის აკუნინი მოგვმართავს, არ მივცეთ შესაძლებლობა, გადაგვახვევინონ ევროპული გზიდან”

მთელი მსოფლიო გვაფრთხილებს, არ დავუშვათ საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრება და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის ერთიანობა გაიმარჯვებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი ქვეყანა, რომელიც აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.

„მინდა, წაგიკითხოთ ერთი ციტატა, რომელიც ქართული წარმოშობის, ჩვენს თანამემამულეს უკავშირდება. „საქართველოს არ ეყოლება მეგობრები პუტინის რუსეთის გარდა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ. ქართველებო, ეს არ დაგემართოთ, იზრუნეთ თავისუფლებაზე“ – ეს სიტყვები ეკუთვნის ბორის აკუნინს, ქართული წარმოშობის, მსოფლიო მასშტაბის მწერალს, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რა მოიტანა ამნაირმა კანონმა რუსეთში. სწორედ ამიტომ, მთელი მსოფლიო გვაფრთხილებს, არ დავუშვათ საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრება და დარწმუნებული ვარ,  ქართველი ხალხის ერთიანობა გაიმარჯვებს. მჯერა, საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი ქვეყანა, რომელიც აუცილებლად წავა ევროკავშირისკენ. ნუ გეშინიათ, ნუ ნერვიულობთ. ევროკავშირის წევრი გახდება ეს ქვეყანა. ჩვენ შემოვიტანთ ევროპულ და ამერიკულ ინვესტიციებს. ჩვენ ავაყვავებთ საქართველოს ეკონომიკას. თქვენთვისაც, თქვენი შვილებისთვისაც იქნება ძალიან კარგი ქვეყანა და თქვენგან განსხვავებით, არასდროს მოვახდენთ საქართველოს ეროვნული ინტერესების საბოტაჟს, ყოველთვის ხალხის ინტერესებს გავატარებთ. ხალხნო, დავდგეთ ერთად, როგორც ბორის აკუნინი მოგვმართავს. ქართველებო, ეს არ დაგვემართოს და არ მივცეთ ამ ადამიანებს შესაძლებლობა, გადაგვახვევინონ ევროპული ინტეგრაციის გზიდან. საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი და თქვენ ამ ლაქას, რასაც ახლა აკეთებთ, ვერასდროს ჩამოირეცხავთ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

“ქართული ოცნების“ პოლიტიკა ზუსტად იმისკენ არის მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით,  ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ალტერნატივა არ გააჩნია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი“ (IEP) მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, პოზიტიური მშვიდობის ინდექსით, საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის არის, სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკით არის განპირობებული.

„ჩვენი პოლიტიკა ზუსტად იმისკენ არის მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე. ხედავთ, რა ხდება მთელ მსოფლიოში, რეგიონში, როგორი დაძაბული და რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობაა. შესაბამისად, ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ არჩეული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ხვალინდელი დღისთვის.

მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარები და ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს გამჭვირვალობის კანონს აკრიტიკებს, მოგვიწოდებდნენ სანქციებზე მიერთებისკენ, მეორე ფრონტის გახსნაზე და ა.შ., მშვიდობის შენარჩუნება ამ ქვეყანაში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, არის უმნიშვნელოვანესი. სწორედ ამ მშვიდობით მოვახდენთ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

“რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინასთან ომში დამარცხდება”-The Economist

„რუსეთ-უკრაინის ომი ორივე ქვეყნისათვის კატასტროფას წარმოადგენს. იმდენად, რამდენადაც არცერთ მხარეს არ აქვს ჭარბი უპირატესობა და მათი პოლიტიკური პოზიციები დაზავების საკითხში დიამეტრულად განსხვავდება ერთმანეთისაგან, საომარი მოქმედებები ახლო მომავალში არ შეწყდება. მაგრამ ერთი რამ აქედანვე ნათელია: ეს ომი გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს ცივი ომის დასრულების შემდეგ, რომელსაც ღრმა და გრძელვადიანი გლობალური შედეგები ექნება“, – ნათქვამია ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინასთან ომში დამარცხდება“ (ავტორი – ფენჯ იუიძინი, პეკინის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი).

პუბლიკაციაში გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომის პერსპექტივა: ჩინელი მეცნიერ-პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ომს კრემლი წააგებს.

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე გავლენას ახდენს ოთხი ძირითადი ფაქტორი:

პირველი – უკრაინელთა წინააღმდეგობა და ეროვნული ერთიანობა, რომელიც ბოლო დრომდე უპრეცედენტოა;

მეორე – საერთაშორისო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომელიც, მართალია, ბოლო დროს კიევის მოლოდინს არ ამართლებს, მაგრამ მაინც ფართო რჩება;

მესამე – თანამედროვე ომის ხასიათი, რომელშიც გამოიხატება ეკონომიკური ძლიერების, სარდლობის, კონტროლის, კავშირგაბმულობისა და დაზვერვის ურთიერთშეთავსებაში. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ დამარცხდება რუსეთი უკრაინასთან ომში, არის ის, რომ კრემლი ჯერ კიდევ ვერ გამოსულა დეინდუსტრიალიზაციის ეტაპიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამ გამოიწვია. და თუ ეკონომიკის დონე, დასავლეთთან შედარებით, ბევრად დაბალია, ეს გარემოება განაპირობებს რუსეთის სისუსტეს სხვა მახასიათებლებშიც.

მეოთხე – ინფორმაციის ფაქტორი. როცა საქმე გადაწყვეტილების მიღებამდე მიდის, ვლადიმერ პუტინი საინფორმაციო ხაფანგშია მოქცეული – პრეზიდენტი იმდენ ხანს არის ხელისუფლებაში, რომ მას მხოლოდ მისთვის სასურველ ინფორმაციებს აწვდიან. რუსეთის ლიდერს და მის გუნდს ეროვნული უშიშროების საკითხებში ხშირად ნამდვილი და ობიექტური სადაზვერვო ინფორმაცია არ გააჩნიათ. იმ სისტემაში, რომელსაც ისინი ხელმძღვანელობენ, არ არსებობს შეცდომების გამოსწორების ეფექტური მექანიზმი. ამ მხრივ მათი უკრაინელი კოლეგები უფრო მოქნილები და ეფექტურები არიან.

ამ ოთხი ფაქტორის ერთობლიობა გარდაუვალად გამოიწვევს რუსეთის საბოლოო დამარცხებას. დროთა განმავლობაში კრემლი იძულებული გახდება გავიდეს უკრაინის ყველა იმ ტერიტორიიდან, რომელიც მას აქვს ოკუპირებული, ყირიმის ჩათვლით. რუსეთის ბირთვული პოტენციალი წარმატების გარანტიად არ ჩაითვლება. აბა, გავიხსენოთ: განა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს, არ გავიდა კორეიდან, ვიეტნამიდან და ახლახან – ავღანეთიდან?

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ომი ძალიან ძვირად უჯდება, უკრაინელი ხალხის ერთიანობამ და მტრის წინააღმდეგ გაწეულმა წინააღმდეგობამ გაფანტა მითები რუსეთის დაუმარცხებლობისა და სამხედრო ძლევამოსილების შესახებ.

უკრაინას ჯერ კიდევ შეუძლია ფერფლისაგან აღდგომა: როცა ომი დასრულდება, კიევს შესაძლებლობა ექნება, რომ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანდეს“.

წყარო:

“უკრაინას არ აქვს საკმარისი რაოდენობის იარაღი, რომ წარმატებით გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთის შეტევას” – ზელენსკი

უკრაინას არ აქვს საკმარისი რაოდენობის იარაღი, რომ წარმატებით გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთის შეტევას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ პირობებში, ოკუპანტები ყოველდღიურად შეძლებენ წინსვლას.

„გულწრფელად გეუბნებით, ამ დახმარების გარეშე ჩვენ არ გვექნება გამარჯვების შანსები. საჭიროა, მტერზე ბევრად ძლიერი იყო. დღეს საარტილერიო ჭურვები ერთი ათის წინააღმდეგაა. შეგვიძლია, ასე გავუძლოთ? არა. თვითმფრინავები ერთი 30-ის წინააღმდეგაა. როგორ უნდა ვიომოთ? ჩვენ ხომ არ ვითხოვთ რამე განსაკუთრებულ იარაღს. არავინ ითხოვს 500 ან 300 თვითმფრინავის გადმოცემას. სხვათა შორის, რუსეთი 300 თვითმფრინავს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე იყენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი სტატისტიკით ჩვენ ყოველდღიურად უკან გვიბიძგებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერის თქმით, უკრაინის კონტროლის ქვეშ ამჟამად არსებული ტერიტორიების დასაცავად საჭიროა, რომ უკრაინა ჭურვების რაოდენობით რუსეთს გაუტოლდეს.

„ძალიან მარტივია გეგმა, როგორ არის შესაძლებელი მტრის განადგურება. ის გასაგებია, ის არსებობს. არსებობს კონკრეტული იარაღი, რომელიც საჭიროა წინსვლისთვის, ცის გახსნისთვის. გეგმა არის და მეტიც – ეს ყველა პარტნიორს აქვს. ეს არის იმის გეგმა, რა გვჭირდება ტექნიკურად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეკითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ უკრაინას მდგომარეობა მომავალ წელს შეუმსუბუქდება, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელები არ ფიქრობენ შემდეგ წელზე, არამედ ფიქრობენ ხვალინდელ დღეზე.

„ჩვენ ხვალ უნდა ვიცხოვროთ. არავინ იცის, რა იქნება მომავალ წელს. ჩვენ არ ვიცით, რა მხარდაჭერა ექნება უკრაინას, რა ომები იქნება კიდევ მსოფლიოში, რა იქნება აშშ-ის კონგრესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ქართველებო, უფლება არ მისცეთ თქვენ ეს დაგმართონ. გაუფრთხილდით თავისუფლებას – ბორის აკუნინი

ლონდონში მცხოვრები ქართული წარმოშობის ცნობილი რუსი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე საქართველოში ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის ინიციირებასა და განხილვას გამოეხმაურა.

“რამდენიმე ქართულმა ტელეარხმა და მედიასაშუალებამ თხოვნით მომმართა კომენტარი გამეკეთებინა „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე.

ზოგადად, მე აზრს არ გამოვთქვამ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების შესახებ. პირველ რიგში, მე მაქვს კომპლექსი, რომ არ ვარ „ნამდვილი ქართველი“ – ენაც კი არ ვიცი. მეორეც, მე რუსი მწერალიც ვარ და სხვის საქმეებში ყველანაირი ჩარევა, ჩვენი ძმის მხრიდან, დღევანდელ ვითარებაში „იმპერიალიზმის გამოვლინებად“ აღიქმება.

მაგრამ საქართველო ჩემთვის უცხო არ არის. მე საქართველოში დავიბადე, მე ვარ „შვილი“ და „შალვოვიჩი“, მე იქ ბევრი ნათესავი და მეგობარი მყავს. ჩემთვის საგანგაშოა იმის ნახვა, დემოკრატიული ქვეყანა როგორ ეშვება იმავე ფერდობზე, რომლიდანაც რუსეთი უფსკრულში ჩავარდა.

უნდა ვუფრთხოდეთ არა პოლიტიკურ ოპოზიციას და კრიტიკულ პრესას, არამედ პუტინიზმს“, – ვკითხულობთ ბორის აკუნინის პოსტში.

მწერალმა ქართველებს მიმართა, რომ გაუფრთხილდნენ თავისუფლებას.

„გეშინოდეთ არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის. და ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ხდება. პუტინიზმი ცდილობს თქვენს სახლში დამკვიდრებას – თქვენივე ხელისუფლების ინიციატივით. თქვენ შემდეგ თავს ვერ დააღწევთ ამ ინფილტრატორისგან.

ის შეჭამს საქართველოს, როგორც სიმსივნე. ვიცით, გავიარეთ. თავდაპირველად „უცხოური აგენტები“, შემდეგ „მეხუთე კოლონა“, შემდეგ „ტერორისტები და ექსტრემისტები“ და შემდეგ არანაირი მეგობრები, გარდა პუტინის რუსეთისა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკან, ორთავიანი არწივის ფრთებქვეშ.

ქართველებო, უფლება არ მისცეთ თქვენ ეს დაგმართონ. გაუფრთხილდით თავისუფლებას“, – წერს ბორის აკუნინი.

“პარლამენტში ძალიან სამარცხვინო ფაქტი მოხდა, ალეკო ელისაშვილის მონაწილეობით” -კახა კალაძე

„ჩვენ, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებმა, ძალადობას, პოლარიზაციასა და ბულინგს  ხელი უნდა შევუშალოთ იმიტომ, რომ ფიზიკური დაპირისპირება  მიუღებელია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

მან სამარცხვინო უწოდა გუშინ, პარლამენტში მომხდარ თავდასხმას, რომლის მონაწილეც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი იყო.

„ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი მოხდა გუშინ პარლამენტში, ალეკო ელისაშვილის მონაწილეობით. კიდევ უფრო მეტი უბედურება იყო ის სტატუსები და განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისებაა. ჩვენ ეს არ გვიკვირს, რადგან ეს ადამიანები რადიკალურ დაჯგუფებას წარმოადგენენ. თავიანთი ტელევიზიებით სწორედ ისინი ახალისებენ ქვეყანაში ძალადობას, პოლარიზაციას, ადამიანების ერთმანეთის მიმართ ბულინგს და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებმა ამგვარ ქმედებებს ხელი უნდა შევუშალოთ იმიტომ, რომ ფიზიკური დაპირისპირება მიუღებელია“ – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებაზეც, რომელმაც აქციის მსვლელობისას, მოქალაქეებს ტრიბუნიდან მიმართა, რომ პარლამენტისთვის ალყა შემოერტყათ.

დედაქალაქის მერის თქმით, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის უფლება დაცულია, თუმცა ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში.

„სამწუხაროდ, ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ პროვოკაციული სიტუაცია შექმნან. ჩვენ არაერთი ფაქტის მომსწრენი ვართ, როდესაც მსგავსი ტიპის განცხადებები კეთდება. შემდეგ ისინი, ვისაც ახალგაზრდები შეცდომაში შეჰყავს, აქციიდან იპარებიან. რა თქმა უნდა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. თუმცა, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში და მშვიდობიანად გააკეთონ. არავინ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონს მიღმა იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს, კანონის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოუწევს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“გამორიცხულია, ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონის ფარგლებს სცდება” – კახა კალაძე

ვერ ვნახეთ, ვერცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება მოსამართლეების დანაშაული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მოსამართლეებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ვერ მიიღო ბრალდების დამადასტურებელი ვერცერთი ფაქტი.

„ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განმარტებები. მიუხედავად იმისა, რომ მოვისმინეთ ეს განცხადებები, ვერ ვნახეთ ვერცერთი ფაქტი, ვერცერთი მტკიცებულება, რა დანაშაული აქვთ ჩადენილი აღნიშნულ მოსამართლეებს. შესაბამისად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე რაიმე ქმედების განხორციელება, გინდ სამართლებრივად, გინდ ადამიანურად, ყველანაირი თვალსაზრისით, არ არის მიზანშეწონილი და გამორიცხულია, ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც სცდება კანონის ფარგლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თიბისი ბიზნესმა ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით გამართულ ვორქშოფებს უმასპინძლა

თიბისი ბიზნესის ორგანიზებით, თიბისი ბიზნესის განათლების ფარგლებში, თბილისსა და გორში ორი შეხვედრა გაიმართა.

თბილისში გამართულ ვორქშოფზე მოსულ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაყიდონ პროდუქტი ონლაინ. კურსს უძღვებოდა  ელექტრონული კომერციის სპეციალისტი და “QisaBags”-ის დამფუძნებელი ეკატერინე რამიშვილი.

შეხვედრაზე, რომელსაც 30 ადმიანი ესწრებოდა, განხილული იყო შემდეგი თემები:

  • ელექტრონული კომერციის ტიპები;
  • ონლაინ ბაზრების ტიპები;
  • Amazon-ის მიმოხილვა ( FBA, FBM); Amazon Brand Registry – ბრენდის პოზიციონირება ამაზონზე;
  • SAAS პროგრამული უზრუნველყოფა როგორც სერვისი;
  • Shopify-ზე ვებგვერდის აწყობის პრინციპები;
  • ლენდინგ გვერდის ტიპები და სტრუქტურა;
  • პროდუქტის ონლაინ სივრცეში განთავსების წესები;
  • Pinterest პლატფორმის მიმოხოლვა;
  • საძიებო სისტემების (SEO) მუშაობის პრინციპები;
  • Google-ის საძიებო სისტემის ალგორითმი და რენკინგის ფაქტორები;
  • საკვანძო სიტყვების განხილვა და პრაქტიკული ხელსაწყობის გამოყენება; (SEMRUSH, Keyword Magic Tool)
  • SEO (On-Page; Off-Page; Technical SEO; Local SEO);
  • Google Search Console ხელსაწყოს პრაქტიკული გამოყენება.
  • SEM – საძიებო სისტემის მარკეტინგი Google Ads მიმოხილვა.

 

გორში გამართული ვორქშოფის მთავარი თემა კი საგადასახადო საკითხები იყო, რომელსაც უძღვებოდა აუდიტორული კომპანია „კრესტონ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი.

ვორქშოფზე საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითადი პრინციპები და მათი გამოანგარიშების პრაქტიკული მაგალითები განიხილეს.

(R)

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს ბრალდება მოეხსნა და პატიმრობიდან გათავისუფლდა

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ნატო ხელაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ავრცელებს.

მისი თქმით, მძიმე მუხლით დაკავებულს ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა, ასევე ცრუ ჩვენების ბრალდებაში გამართლდა და პატიმრობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა.

ნატო ხელაძე სამტრედიაში 2 აპრილს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დააკავეს. მას მეუღლის მკვლელობას ედავებოდნენ. მოგვიანებით მკვლელობის და ჩხუბის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მამაკაცი ჯერ სცემეს, შემდეგ ცოლის ძმამ დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. უწყებაში აცხადებდნენ, რომ გარდაცვლილის მეუღლემ არჩადენილი დანაშაული დაიბრალა.

“არმიელებმა” გორის “გორთან” შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს

გორის სარაგბო სტადიონზე გამართულ მატჩში, თბილისის “არმიამ”, საქართველოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გორის “გორთან” შეხვედრაში, ანგარიშით 22-19 გაიმარჯვა. შემდეგ თამაშს, “არმია,” წყალტუბოს – “დინოზავრებთან” 20 აპრილს, ქალაქ ქუთაისში გამართავს.

“არმიის” თამაშს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები – მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე და სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს “არმიელებს” გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

შეგახსენებთ,  რაგბის კლუბი „არმია,” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მმართველობაში, 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო, კლუბის თანადამფუძნებელი გახდა, რაც, „არმიელებისთვის” მოტივაციის ასამაღლებლად და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პირობაა.