Home Blog Page 1089

ფონდი „ქართუს“ დამსახურებით ქალაქს ექნება ახალი რეკრეაციული სივრცე, რომელსაც არასდროს არაფერი დაემუქრება – ოთარ გრიგოლია

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ფონდი „ქართუს“ დამსახურებით ქალაქს ექნება ახალი რეკრეაციული სივრცე, რომელსაც არასდროს არაფერი დაემუქრება – რაც შეეხება თამარაშვილის ქუჩაზე დაგეგმილ მშენებლობას, რომელსაც დღეს განვიხილავთ, დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქს ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურული პროექტი შეემატება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლიამ განაცხადა.

ამასთან, ოთარ გრიგოლიას თქმით, სწორედ ფონდი „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით მოხერხდა იპოდრომის ტერიტორიის ქალაქისთვის დაბრუნება.

„დღეს საოცარი სურათი ვნახეთ, როდესაც ჩვენი ოპონენტები, ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ იპოდრომის ტერიტორიის სრული განაშენიანება მომხდარიყო, თურმე შეშფოთდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორიის მცირე ნაწილზე მშენებლობა უნდა განხორციელდეს. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ესწრებიან დღევანდელ სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. სწორედ მათი პოლიტიკური მემკვიდრეობაა ის, რაც იპოდრომის ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო. მათ მორალური უფლება არ აქვთ ისაუბრონ იპოდრომზე. ოპოზიცია ისე იქცევა, თითქოს ის, რომ 40 ჰექტარი სარეკრეაციო სივრცე თბილისს დაუბრუნდა, არაფერს ნიშნავს“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

პუტინის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ულტიმატუმია – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ულტიმატუმია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ უკრაინის ოთხი ოლქი, ხოლო კიევმა უნდა განაცხადოს, რომ ნატოში გაწევრიანებას არ გეგმავს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პუტინი არ შეწყვეტს სამხედრო შეტევას მაშინაც კი, თუ მისი მოთხოვნები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდება.

„ეს ულტიმატუმის შემცველი მესიჯია, რომელიც არაფრით განსხვავდება წარსულში მიღებული მესიჯებისგან. ის არ გაჩერდება. ამიტომ, არ უნდა ვენდოთ ამ მესიჯებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მინდა ყველას მოვუწოდო, სხვა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად უანგაროდ გასცენ სისხლი – მიხეილ სარჯველაძე

მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ისე გააკეთონ ყველაფერი, რომ იყვნენ ჯანმრთელნი და გამოიყენონ შესაძლებლობა, რომ სხვა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად გადადგან ნაბიჯი და უანგაროდ გასცენ სისხლი. ასე გაღებულ თითოეულ სისხლს უკავშირდება სხვა ადამიანთა გადარჩენილი სიცოცხლე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„დღეს საქართველო სისხლის დონაციის მიმართულებით ახალი, საკანონმდებლო აქტის ამოქმედების პირას არის. მომდევნო წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს საკანონმდებლო აქტი, რომლის მიხედვითაც ძირეული ცვლილებები შემოდის ჩვენს ყოველდღიურობაში, რომელიც უკავშირდება სისხლის უანგარო დონაციას.

ძირითადი სიახლე, რომელიც უკავშირდება ამ საკანონმდებლო აქტის მიღებას, არის ის, რომ დონაცია მთლიანად გადადის უანგარო პრინციპზე“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.

 არავის უთქვამს, რომ „გლობალური ომის პარტია“ ამერიკაა – დავით მათიკაშვილი 

შეერთებული შტატები, როგორც სინონიმი „გლობალური ომის პარტიისა“, არავის უგულისხმია. ამიტომ როგორც ელჩისგან, ისე სხვა აქტორისგან სწორად უნდა იყოს გაგებული ის პასაჟი, რომელიც „გლობალური ომის პარტიას“ გულისხმობს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანის განცხადებას გამოეხმაურა.

„ვისაც კი „გლობალური ომის პარტიის“ კუთხით განმარტება გაუკეთებია, არსად უთქვამს, რომ „გლობალური ომის პარტია“ ამერიკაა. აქ არის რაღაც გარკვეული ძალები, რომელზეც ბოლომდე და კონკრეტულად ჩვენ არ ვსაუბრობთ. მე შემიძლია სრულად დავეთანხმო ყველა იმ აქტორს, რომელიც აცხადებს, რომ აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობას არის გადასახედი გაუმჯობესების თვალსაზრისით.

არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც არა სანქცირების განხორციელბას, არამედ ურთიერთობის გაუმჯობესება და გაჯანსაღება უნდა გულისხმობდეს. არ შეიძლება სტრატეგიული ურთიერთობა იყოს სანქცირების, მუქარისა და ხელების გადაგრეხის ჭრილში“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ჩვენ ვართ „გლობალური ომის პარტია“, რევოლუციის წახალისებას ვცდილობთ და გვაქვს ბოროტი ზრახვები – ამის მოსმენა გულდასაწყვეტია

უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, არამედ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან -იენს სტოლტენბერგი

Press conference by Jens Stoltenberg, NATO Secretary General, following the meeting of NATO Foreign Affairs Ministers at NATO HQ in Brussels G

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივას გამოეხმაურა. სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, არამედ რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარი უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან.

„ეს არ არის უკრაინული წინადადება, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ის არ არის კეთილსინდისიერი და, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციას სურს, მიაღწიოს თავის სამხედრო მიზნებს. ასევე ითვლის ბევრად უფრო დიდ ტერიტორიას, ვიდრე ჯერჯერობით თავად შეძლო ოკუპირება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

როგორც იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ რუსეთი უკრაინის გაკონტროლებას ცდილობს და ეს იყო რუსეთის მიზანი ომის დაწყებიდან, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

„სწორედ ამიტომაც, ნატო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პირობები დაასახელა. როგორც პუტინმა განაცხადა, „უკრაინის ჯარები უნდა გაიყვანონ დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ზაპოროჟიედან, ხერსონიდან, უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატო-ში გაწევრიანების გეგმებზე, მაშინ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება“. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი აუცილებელ პირობად მიიჩნევს უკრაინის ნეიტრალურ, უბლოკო, ბირთვული იარაღისგან თავისუფალ სტატუსს. მისივე თქმით, ახალი სამშვიდობო წინადადება არ გულისხმობს კონფლიქტის გაყინვას, არამედ მის სრულ მოგვარებას.

გერმანიამ უკრაინას დახმარების პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, – ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუბარია HIMARS-ის სარაკეტო სისტემებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, ტანკებზე და ა.შ.

გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინამ მიიღო: 20 ერთეული Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Leopard 1 A5 ტიპის 10 ტანკი, IRIS-T SLS ტიპის მცირე მანძილზე მოქმედი საზენიტო სარაკეტო სისტემა, HIMARS-ის სარაკეტო სისტემები, Biber-ის ტიპის ხიდის გამდები ტანკები, ჯავშანტექნიკის სარემონტო და საევაკუაციო Bergepanzer-ის მანქანები, Wisent-ის ნაღმების გამწმენდი მანქანები.

სამხედრო დახმარების პაკეტში ასევე მოიცავდა სხვა აღჭურვილობას და საბრძოლო მასალას.

ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა ვთანხმდებით, რომ ამ არჩევნებზე წყდება ქვეყნის ბედი -თინა ბოკუჩავა

ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ყველა ვთანხმდებით, რომ ამ არჩევნებზე წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, საზოგადოებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ცნობილია, ჩვენთვის გამარჯვების უტყუარი ფორმულა მდგომარეობს პროევროპული ძალების გაერთიანებაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„როგორც ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტია, ჩვენ ძალიან მოწადინებული ვართ, რომ ეს ერთობა შედგეს. იცით, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსიები ამ თემაზე. იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, სწორედ ამ გამარჯვების გზას აირჩევენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებსაც დღეს შეიძლება, გარკვეული სკეპტიკური დამოკიდებულებები ჰქონდეთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მერაბ კოსტავას ბიუსტი გაიხსნა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში საქართველოს ეროვნულ -განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, მერაბ კოსტავას ბიუსტი გაიხსნა.

ამ სოფელში ბიუსტის გახსნა მერაბ კოსტავას მშობლიურ ფესვებს უკავშირდება, რომელიც სულ ახლახან დადასტურდა გენეალოგიური ხის კვლევით. ისტორიკოსმა და პროფესორმა ლევან ტყეშელაშვილმა საარქივო მასალები მოიძია, რომლის თანახმადაც მერაბ კოსტავას გვარის აღმავალი შტო სოფელ მაღლაკში ფიქსირდება – მისი ბაბუის, ქრისტეფორე კოსტავას მშობლები ჯერ კიდევ 1888 წელს მაღლაკში ცხოვრობდნენ.

ბიუსტის დადგმის იდეა, ამავე სოფლის მკვიდრს ბადრი ტყეშელაშვილს ეკუთვნის. მხარდამჭერია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია.

ეროვნული გმირის ბიუსტის გახსნას მერაბ კოსტავას ქალიშვილი – თამარ კოსტავა დაესწრო.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა მერაბ კოსტავას ღვაწლი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებაში და აღნიშნა, რომ ფესვებით ის იმერეთის ულამაზეს სოფელს, მაღლაკს უკავშირდება, რაც განსაკუთრებულად საამაყოა.

მერაბ კოსტავას წინაპრების მაღლაკელების შესახებ ზეპირსიტყვიერად სოფლის თითქმის ყველა ოჯახში იყო ცნობილი, თუმცა ფაქტის დადასტურება რამდენიმე თვის წინ გახდა შესაძლებელი. დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში, მაღლაკის კულტურის სახლში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ მოსწავლეთა კონცერტი გაიმართა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – “ახალგაზრდული საბჭოს” წევრებმა მერაბ კოსტავას ბიოგრაფია კიდევ ერთხელ გაახსენეს საზოგადოებას, წაიკითხეს ეროვნული გმირის ლექსები და გამონათქვამები. დღესვე, სოფელ მაღლაკში, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების” ორგანიზებით გაიმართა თამაშები და შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში.

ამავე დღეს, მაღლაკის საპატიო დაფას კიდევ ოთხი ღვაწლმოსილი ადამიანის სახელი და გვარი შეემატა, რომლებმაც სოფლის კულტურული თუ ეკონომიკური ცხოვრების განვითარებაში გარკვეული წვლილი შეიტანეს.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8688 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8688 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8688 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8693 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0682 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0991 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0309 ლარი შეადგინა.

“შუალედური გადაწყვეტილება -შეხვედრა „ნეიტრალურ ზონაში”- რას წერს თურქული პრესა

„რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში უკვე საკმაო ხანია გარკვეული დაძაბულობა თუ გაუცხოება შეიმჩნევა, რომლის ფონზე რეჯეფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მუდმივად გადადების რეჟიმში იმყოფება, თუმცა ბოლო დროს კარგი ამბავიც გავრცელდა: რუსეთის პრეზიდენტი, დიდი ალბათობით, თავის თურქ კოლეგას ივლისში „ნეტრალურ მინდორზე“ შეხვდება“, – წერს თურქული გამოცემა „მედია გუნლუ“ (Medya Günlüğü) თავის სარედაქციო სტატიაში სათაურით „შუალედური გადაწყვეტილება: შეხვედრა „ნეიტრალურ ზონაში“.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

მოსკოვსა და ანკარას შორის ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ის მეტ-ნაკლებად ცივი და დაძაბული ურთიერთობა, რომელიც ბოლო დროს ჩამოყალიბდა, თუმცა „გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა“: რეჯეფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ყაზახეთში შეხვდებიან. ეს, სავარაუდოდ, იქნება იმ ადრინდელი კონტაქტების განახლება, როცა ლიდერები ერთმანეთს წელიწადში ორჯერ და მეტჯერაც ხვდებოდნენ.

ცნობილია, რომ ვლადიმერ პუტინის თურქეთში ვიზიტი დღის წესრიგში თითქმის ერთი წელია დგას, მაგრამ ის ერთგვარ „განუხორციელებელ იდეად“ გადაიქცა.

თანდათანობით განმტკიცდა აზრი, რომ სამიტი უახლოეს მომავალში არ შედგება…. მაგრამ საქმე მთლად უიმედოდ არ ყოფილა: 11 ივნისს, კრემლში შეხვედრისას, ვლადიმერ პუტინმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხაკან ფიდანს განუცხადა, რომ შეეცდება თავის თურქ კოლეგას რეჯეფ ერდოღანს ივლისში, ასტანაში ყოფნის დროს შეხვდეს და მოელაპარაკოს. „როგორც ვიცი, 3-4 ივლისს, იგი ასტანაში უნდა იყოს საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. მეც იქ ვიქნები. გვექნება შესაძლებლობა, რომ შევხვდეთ, დავსხდეთ და ვისაუბროთ“.

რუსეთის პრეზიდენტი თურქეთში, დღის წესრიგის მიხედვით, ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში უნდა ჩასულიყო, მაგრამ ვიზიტი არ შედგა. ცოტა მოგვიანებით პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს სოჭში, შავი ზღვის ნაპირზე შეხვდებოდნენ, თუმცა ბედმა მათი შეხვედრა არ ინება. მიმდინარე წლის აპრილის შუა რიცხვებში რეჯეფ ერდოღანმა ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როდის განხორციელდებოდა რუსი კოლეგის ვიზიტი, განაცხადა: „ჩვენ ერთმანეთს ტელეფონით ხშირად ვესაუბრებით, თუმცა ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით განსაზღვრული არ არის. ვფიქრობ საკითხი მალე გაირკვევა“. 23 აპრილს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა რუსულ საინფორმაციო სააგენტოს შეატყობინა, რომ „ვიზიტი მზადდება, მაგრამ თარიღი დაზუსტებული არ არის“. მას მოჰყვა კრემლის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის ნათქვამი: „ვიზიტის თარიღი არ დადგენილა, მაგრამ როცა დადგინდება, ყველა დროულად გაიგებს“.
თუმცა იმავე ხანებში თვითონ რუსეთის პრეზიდენტმა ისეთი რამ თქვა, რომელიც, მართალია, ირიბად იყო გამოხატული, მაგრამ ანკარას არ მოეწონა: „ჩვენმა ცენტრალურმა ბანკმა სწორად იმოქმედა და რუსეთში არ დაუშვა ისეთი უკონტროლო ინფლაციური პროცესები, როგორიც თურქეთში მიმდინარეობსო“.
გაისმოდა ხმები, რომ ვიზიტი გადადება გამოწვეული იყო „პრეზიდენტების სამუშაო გრაფიკის ერთმანეთთან შეუთავსებლობით“, თანაც გასულ კვირას რუსეთის ლიდერმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და თურქეთის მიერ დასავლური კრედიტების მიღება გააკრიტიკა. იმავდროულად კი მოსკოვმა მაისის ბოლოს გამოაცხადა, რომ თურქეთს დაახლოებით 27 მილიონი დოლარის ვალი ჩამოაწერა, რომელიც ადრინდელი კრედიტის გადაუხდელი პროცენტებით დაგროვდა. [კრემლის ნაბიჯი ერთგვარ კეთილი ნების გამოხატვად წარმოჩინდა].

სხვათა შორის, ხაკან ფიდანის მიღება კრემლში, „პროტოკოლის“ წესების მიხედვით, აუცილებელი არ იყო, მაგრამ ვლადიმერ პუტინმა, როგორც ჩანს, მოისურვა, რომ მისი განზრახვა მინისტრს თავისი პრეზიდენტისთვის ეცნობებინა.
მართალია, ჯერ-ჯერობით ისევ უცნობია, დათანხმდება თუ არა რეჯეფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინის სურვილს ასტანაში შეხვედრის თაობაზე, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გაჩნდა გარკვეული იმედი. ყაზახეთს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც რუსეთთან, ასევე თურქეთთანაც, ანუ შეხვედრა, არსებითად, „ნეიტრალურ ზონაში“ (მოედანზე) ჩატარდება.

წყარო:

მეტი რუსობა რა გინდათ, ლოთი დიმიტრი მედვედევიც კი აღაფრთოვანა თქვენმა კანონმა -პაატა მანჯგალაძე

ნიშნის მოგებით, რომ კითხულობდით, რატომ არის ეს კანონი რუსულიო?! – მეტი რუსობა რა გინდათ, ლოთი დიმიტრი მედვედევიც კი აღაფრთოვანა თქვენმა კანონმა , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართავს და გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.

„დავუშვათ,რუსული კანონის არსს და მნიშვნელობას ვერ მიხვდით, ვერც პირველ მოსმენაზე, ვერც მეორეზე, ვერც მესამეზე, ვერც იმით, რომ ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.

ნიშნის მოგებით, რომ კითხულობდით, რატომ არის ეს კანონი რუსულიო?! – მეტი რუსობა რა გინდათ, ლოთი დიმიტრი მედვედევიც კი აღაფრთოვანა თქვენმა კანონმა, მედვედევი საქციელს გიწონებთ და ნეოკოლონიალიზმზე და აშშ-ზე ერთნაირად საუბრობთ. ახლა მაინც გამოფხიზლდით რა ზიანი მოუტანეთ ქვეყანას და ხალხს.

თქვენგან დიდი მოლოდინი არ მაქვს და ის მაინც გააკეთეთ, რომ დარჩენილ ვადაში, არჩევნებამდე რამე სხვა დიდ შარს და ხიფათს, ეს ქვეყანა არ გადაკიდოთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

რა პირობებს სთავაზობს პუტინი უკრაინას მოსალაპარაკებლად

უკრაინის ჯარები უნდა გაიყვანონ დონეცკისა და ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან, ასევე უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატო-ში გაწევრიანების გეგმებზე, მაშინ რუსეთი მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსეთი ასევე გარანტიას იძლევა დონბასიდან და ნოვოროსიიდან უკრაინული შენაერთების შეუფერხებლად, უსაფრთხოდ გაყვანაზე, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღება კიევში.

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი აუცილებელ პირობად მიიჩნევს უკრაინის ნეიტრალურ, უბლოკო, ბირთვული იარაღისგან თავისუფალ სტატუსს. მისივე განცხადებით, ახალი სამშვიდობო წინადადება არ გულისხმობს კონფლიქტის გაყინვას, არამედ მის სრულ მოგვარებას.

პუტინის თქმით, ყველა დასავლური ანტირუსული სანქციაც უნდა მოიხსნას.

„რა თქმა უნდა, უკრაინაში რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებები, თავისუფლებები, ინტერესები სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. აღიარებული იყოს ახალი ტერიტორიული რეალობები, ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების სტატუსი რუსეთის ფედერაციის სუბიექტებად. სამომავლოდ, ყველა ეს ძირითადი, ფუნდამენტური დებულება უნდა დადასტურდეს ფუნდამენტური საერთაშორისო ხელშეკრულებების სახით“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ დასავლელი კურატორების ბრძანებით უარყო მშვიდობის გზა. პუტინის თქმით, მთავარი როლი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შეასრულა, რომელმაც კიევში პირდაპირ თქვა, რომ არავითარი შეთანხმებები არ იყო მისაღები, რადგან აუცილებელია რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე, მისი სტრატეგიული დამარცხების მისაღწევად. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ნატო ცდილობდა, უკრაინა გადაექცია რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმად და სწორედ დასავლეთმა მოამზადა, გამოიწვია უკრაინის კრიზისი, ახლა კი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს კრიზისი უსასრულოდ გაგრძელდეს.