Home Blog Page 1088

იაპონური ფანქეიქების პირველი ქართული კაფე „ფუმფულა“ თიბისის პარტნიორია

იაპონური კულტურისა და სამზარეულოსადმი გამორჩეული ინტერესი საქართველოში ოცდამეერთე საუკუნესთან ერთად დაიწყო. ამ ინტერესს, უპირველეს ყოვლისა, ახალი თაობა იჩენს. ახალგაზრდებში ანიმეს სიყვარული, როგორც წესი, ზოგადად იაპონური რეალიების და, მათ შორის, სამზარეულოსადმი ინტერესს განაპირობებს. იაპონურ სამზარეულოს საქართველოში მოყვარულები არ აკლია, ამიტომ ყველა სიახლე – კვების ახალი ობიექტის გახსნა თუ ტრადიციულ მენიუში მანამდე უცნობი კერძის დამატება – მომხმარებლის ინტერესს ყოველთვის იწვევს.

ამ მხრივ გამონაკლისი არც რამდენიმე თვის წინ გახსნილი კაფე „ფუმფულა“ აღმოჩნდა – პირველი ადგილი თბილისში, სადაც იაპონური ფანქეიქები (და არა მხოლოდ) მზადდება. იაპონური ფანქეიქი ის დესერტია, რომელმაც გამორჩეული გემოს და შესახედაობის წყალობით ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში. კლასიკურისაგან იაპონურ ფანქეიქებს გამოარჩევს მოცულობა, ჰაეროვნება და სუფლეს მსგავსი სტრუქტურა. ეს ეფექტი საგანგებო ტექნოლოგიის წყალობით მიიღწევა. ინგრედიენტები ტრადიციულია – კვერცხი, შაქარი, რძე და ფქვილი, მაგრამ კლასიკური ფანქეიქისაგან განსხვავებით, იაპონური ვერსია გაცილებით ჯანსაღია – აქ ფქვილის და შაქრის მინიმალური რაოდენობაა გამოყენებული. ეს, საგემოვნო და სტრუქტურულ თავისებურებებთან ერთად, კიდევ ერთი მახასიათებელია, რაც იაპონური ფანქეიქების საყოველთაო პოპულარობას განაპირობებს.

ბრენდ „ფუმფულას“ დამფუძნებლებმა – დავით ჯანელიძემ, თემურ გეგელიამ და არსენი იუდინმა – მსგავსი კაფეს გახსნა რვა თვის წინ გადაწყვიტეს. დავით ჯანელიძის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შენიშნეს, როგორი პოპულარულია იაპონური ფანქეიქები იტალიასა და თურქეთში:

„გვინდოდა, კვების ქართულ ბაზარზე რაღაც ნამდვილად ახალი შემოგვეტანა და იაპონურ ფანქეიქებზეც ამიტომ შევჩერდით. პირველი ობიექტის გახსნისთანავე სოცმედიაში ძალიან გავაქტიურდით და ხალხმაც მაშინვე აიტაცა ჩვენი დესერტები – ძირითადად, მოკლე ვიდეოებად დებდნენ, რადგან ეს ფანქეიქები, გარდა იმისა, რომ გემრიელია, ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია. მას შემდეგ, რაც მივხვდით, რომ იდეამ გაამართლა, უკვე ბიზნესის გაზრდაზე დავიწყეთ ფიქრი. ამაში ძალიან დაგვეხმარა თიბისი ბანკი. თიბისი სტარტაპერის პროგრამაში მივიღეთ მონაწილეობა და ახალი ფილიალის გახსნისთვის სესხი იოლად ავიღეთ“.

„ფუმფულას“ ახალი ფილიალი ვაკეში, აბაშიძის 81-ში გაიხსნა. პირველი, ორბელიანზე მდებარე ობექტისაგან განსხვავებით, რომელიც სულ 15 კვ. მ.-ს იკავებდა, ვაკის ფილიალი 90 კვ. მ.-ზეა განთავსებული. აქ კონცეფციაც განსხვავებულია.

„აბაშიძის ფილიალში დავამატეთ იაპონური ჩიზქეიქი – უგემრიელესი, ჰაეროვანი დესერტი. ასევე დავამატეთ იაპონური კერძები – ჯიოზა, ტემპურა და სხვ. აქ გვაქვს საუზმის ტიპის ფანქეიქებიც – ბენედიქტის ტიპის, კვერცხით, ასევე – ლორით და კვერცხით. ხშირად იაპონელებიც გვსტუმრობენ ხოლმე და, ალბათ ტრაბახად არ ჩამეთვლება თუ ვიტყვი, რომ ძალიან მოსწონთ ჩვენი კაფე. მიზეზი ისაა, რომ კლასიკური იაპონური ფანქეიქი ასეთი მრავალფეროვანი სოუსებით არ გამოირჩევა“.

კაფეში ყველაზე პოპულარულია ფანქეიქი შოკოლადით და ბანანით, თუმცა ჟოლოს, მარწყვის, მანდარინის, კარამელის, ტირამისუს და სხვა სოუსებიანი ფანქეიქების დაგემოვნებაც შეგიძლიათ – არჩევანი მართლაც მრავალფეროვანია.

„ფუმფულა“ უბრალოდ კვების ობიექტი არაა, ეს ერთიანი, კარგად მოფიქრებული კონცეფციაა. მასზე წარმოდგენის შექმნა ბრენდის ლოგოთი იწყება, რომელზეც ფერხორციანი, აშკარად რაღაცით ძალიან კმაყოფილი იაპონური კატაა გამოსახული.

„ბრენდის პოზიციონირება ერთმნიშვნელოვნად მეგობრულია – ვზრუნავთ, რომ „ფუმფულა“ და ჩვენი ფანქეიქები მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს იწვევდეს, როგორც ზრდასრული და პატარა სტუმრების, ასევე თანამშრომლების. პერსონალთან დამოკიდებულება საკმაოდ ლიბერალური გვაქვს. დისციპლინა მნიშვნელოვანია, მაგრამ სიმკაცრე და ტოქსიკური გარემო – სრულიად მიუღებელი. ჩვენ გვყავს როგორც გამოცდილი თანამშრომლები – მაგალითად, ჩვენი შეფი დიმიტრი კიტრიაშვილი – ასევე კადრები, რომლებსაც აყვანისას გამოცდილება არ აქვთ და ჩვენ ვასწავლით. ხშირად ვასაქმებთ სტუდენტებს. სხვათა შორის, „თიბისი ახალგაზრდობასთან“ თანამშრომლობით, სტუდენტური ბარათის მფლობელებისთვის 20%-იანი ფასდაკლება გვაქვს. რაც შეეხება, ზოგადად, საფასო პოლიტიკას, ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად დაბალი ფასები გვქონდეს, თანამშრომლების ანაზღაურება კი, თამამად შემიძლია ვთქვა, ქართული ბაზრის გათვალისწინებით, საკმაოდ კარგია. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბრენდისგან გამოწვეული ზოგადი კმაყოფილებისა და პოზიტივის ნაწილია“.

R

“მტკივნეულია იმის ყურება, როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვის” – ილია თოფურია

xr:d:DAF_fKeEo-g:9,j:5910270466733836101,t:24031612

მტკივნეულია იმის ყურება, როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვის, – ამის შესახებ UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ილია თოფურიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ და სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა.

„მტკივნეულია იმის ყურება, როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა.

ევროპისკენ სწრაფვით, ჩვენ ერთად შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის“, – წერს ილია თოფურია სოციალურ ქსელში.

“ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე”- კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებული არიან და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დევი ჭანკოტაძის მიერ პარლამენტში გაკეთებული შესაბამისი განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ქვეყანაში „ძალიან ცუდ მოვლენებს გამოიწვევს“.

„ძალიან სახიფათო განცხადება იყო. ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით იყო აქცენტი გაკეთებული. ასეთი განცხადებების მოსმენა, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, თუმცა ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყველა მაქსიმალურად მობილიზებულია და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, მშვიდობა. ცხადია, რადიკალურ ჯგუფებს აქვთ სურვილი, რომ ქვეყანაში გამწვავდეს არსებული მშვიდი მდგომარეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

„იცით, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ყველას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი მოსაზრება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, კანონის ფარგლებში, თუნდაც გამოსვლით, მიტინგით. ეს პრობლემას არ წამოადგენს, მაგრამ ისეთი ფაქტები, როდესაც შენ პოლიციელს აგინებ, აფურთხებ, ქვებს ესვრი, კატეგორიულად მიუღებელია და ამას ყოველთვის მოყვება სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

“თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონზე დისკუსია ქუჩის შეტაკებებსა და პარლამენტში მხიარულ, ქართულ ჩხუბში გადავიდა – ყველა მსგავსი აქციის უკან გამოცდილი და ნაცნობი „ჰოლივუდის“ ხელია”

თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ დისკუსია ქუჩის შეტაკებებსა და პარლამენტში მხიარულ, ქართული ჩხუბის სფეროში გადავიდა. მან, ვინც მსგავს აქციებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, საკუთარ სარკეში ქვა პირველმა ისროლოს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე წერს.

„თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ დისკუსია ქუჩის შეტაკებებისა და პარლამენტში მხიარულ ქართული ჩხუბის სფეროში გადავიდა. მან, ვინც მსგავს აქციებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, საკუთარ სარკეში ქვა პირველმა ისროლოს. ყველა მსგავსი აქციის უკან გამოცდილი და ნაცნობი „ჰოლივუდის“ ხელია. მთავარი, რაც „მომიტინგეებს“ არ მოსწონთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი ცდილობს, არის ის, რომ, ხედავთ, ეს არის „რუსული იდეა“ და არა დასავლური ინიციატივა.

სხვათა შორის, ერთი წლის წინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მისი ოფიციალური წარმომადგენლის, პრაისის მეშვეობით, განსაკუთრებული „კმაყოფილება“ გამოხატა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ამჟამინდელი კანონის წინა პროექტი გაიწვია. იმის გამო, რომ (სიტყვასიტყვით) დოკუმენტი „ევროატლანტიკურ ღირებულებებთან შეუთავსებელი“ იყო. მართალია, ღირებულებები განსხვავებულია. შავი ზღვა ატლანტის ოკეანე არ არის, Georgia – საქართველო არ არის, სახელების მსგავსების მიუხედავად“, – წერს დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე.

ამასთან, მედვედევი აცხადებს, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონები მთელ რიგ ქვეყნებში არსებობს.

„ამავდროულად, ევროკავშირი ახლა უცხოური აგენტების შესახებ კანონის საკუთარი ვერსიის მიღებას გეგმავს. უფრო მკაცრის, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ის 1938 წლიდან მოქმედებს და იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ფართო სპექტრის საქმიანობას სერიოზულად ზღუდავს, რომლებიც უცხოური სტრუქტურებისა და მოღვაწეების ინტერესებს წარმოადგენენ. ეს არის ამერიკული კანონი და ის საუკეთესოა. ვფიქრობ, უცხოური აგენტებისთვის სიკვდილით დასჯაც რომ ყოფილიყო, ვაშინგტონი ასეთი რეპრესიების გამართლებასაც იპოვიდა. განსხვავებით ქართული, ყირგიზული ან სრულიად ლოიალური რუსული კანონისგან, რომელიც უცხოელ აგენტებს საქმიანობის ნებას რთავს, მაგრამ სავსებით სამართლიანად, მათგან გამჭვირვალობას მოითხოვს და სახელმწიფოს შიდა საქმეებში, ეკონომიკასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ფარულ უკანონო საგარეო ჩარევას ხელს უშლის. უცხოური აგენტების შესახებ კანონები მთელ რიგ ქვეყნებში არსებობს. მათ შორის ისრაელშიც, ან (ბევრად უფრო მკაცრი) უნგრეთში ან ავსტრალიაში. მაგრამ, ვაშინგტონი და ბრიუსელი ყველაფრით საკმაოდ კმაყოფილი არიან. არანაირი პრეტენზია და დაგმობა“, – განაცხადა მედვედევმა.

“გთავაზობთ საერთო სიის შექმნას არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე” – მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარტიებს ერთიანი სიის შექმნას ურჩევს.

როგორც მან კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა, საერთო სია პარტიებმა არა რომელიმე პარტიის ქვეშ უნდა შეიმუშაონ, არამედ ნეიტრალურ პლატფორმაზე.

„ჩვენი პოლიტიკოსების ამოცანაა გავერთიანდეთ. მე მხარს ვუჭერ ერთიანი სიის შექმნას. ახლა მთავარია რუსული რეჟიმი მოვიშოროთ და რუსეთის აქ შემოსვლის საფრთხე გავანეიტრალოთ. იმიტომ, რომ რუსეთი ცდილობს შიგნიდან გამოგვჭამოს, ჩვენს ოჯახებშია შემოსული და შიგნიდან გვანგრევს. ეს უნდა განეიტრალდეს ჩვენი ერთიანობით. ყველამ გვერდით უნდა გადავდოთ ყველანაირი ამბიციები, ყველანაირი კუდაბზიკობა, ცხვირაწეულობა, წყენა. მეც ბევრი მაქვს საპრეტენზიო, ბევრთან, ვინც ხელი შეუწყო ამ უბედურების ხელისუფლებაში მოსვლას, მაგრამ ახლა პრეტენზიების დრო არ არის, იმიტომ, რომ ყველანი ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ. ამიტომ გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს საკუთარი ძალების გაძლიერებაზე. რა თქმა უნდა, თუ საერთო სია არ გამოვიდა, ჩვენ მაინც ვითანამშრომლებთ სხვებთან და მაინც გვეყოლება ძალიან ძლიერი კანდიდატურები ყველა თანამდებობაზე. უახლოეს პერიოდში უნდა ვიმუშაოთ საერთო სიაზე და ამჯერად აუცილებლად უნდა გამოგვივიდეს. ყველაფერი გვერდით უნდა გადავდოთ, არ ვაპირებ დავას არც ჩემს ჯანმრთელობაზე, ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ არა საკუთარ თავზე, არა საკუთარ ჯანმრთელობაზე, არამედ სხვა რამეზე. ყველაფერს გავაკეთებ ერთიანობისთვის, იმისთვის, რომ საქართველო ვერ ჩაითრიონ ამ ტალახსა და მორევში, საიდანაც ამოსვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

“საქართველოს სუვერენიტეტს ყველამ პატივი სცეს და თქვან, გამჭვირვალობა რატომ არის არაევროპული” – გურამ მაჭარაშვილი

ევროპული ღირებულება შინაარსში შესვლაა და ზედაპირული საუბარი არ არის, ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, თუ კონკრეტული კითხვები არსებობს, პრემიერ-მინისტრის შეთავაზება არსებობს, ევროკავშირის წარმომადგენელი მობრძანდეს და შინაარსობრივი კითხვები დასვან, რაზეც პასუხს მიიღებენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობა ევროპული კურსიდან გადახვევა არ არის.

„ისინი ქართულ საზოგადოებას შეცდომაში ისევ ვერ შეიყვანენ. გამჭვირვალობა დემოკრატიის ფუნდამენტური საფუძველია. კანონპროექტში მხოლოდ გამჭვირვალობა წერია. ევროპული კურსიდან მათ გადაუხვიეს, ვინც შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს. ეს არის იმის მაგალითი, რომ ძალადობის წახალისება არ მოხდეს. პარტნიორების მხრიდან ზედაპირული განცხადება არ უნდა გაკეთდეს, რომ კანონპროექტო ხელს არ უწყობს ევროპულ ინტეგრაციას. საქართველოს სუვერენიტეტს ყველამ პატივი სცეს და თქვან, გამჭვირვალობა რატომ არის არაევროპული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

“ჰგონიათ, ქართულ საზოგადოებას დაავიწყდა „ნაცების“ ხელწერა, დარბევები, 7 ნოემბერი” – ირაკლი ზარქუა

მმართველი პარტია ქართული სახელმწიფოს ინტერესებს იცავს, ქვეყანაში მილიონობით დოლარი გაურკვეველი ფონდებიდან გაურკვეველი მიზნებით და ამოცანებით შემოდის, სწორედ ამაზე უნდა იყოს გამჭვირვალობა, როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაშია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალეობა სწორედ ევროპულობაა.

„ეს მარგინალები და მათი დამკვეთები, მათი პატრონები ყველაფერს აკეთებენ, რომ პროცესი ჩაშალონ. დევი ჭაკვეტაძისგან განცხადება მოვისმინეთ, რომ მოლოდინი აქვთ, რომ იქნებ, სისხლი დაიღვაროს, იქნებ, მსხვერპლი მოჰყვეს. რატომ? – სააკაშვილის ჩანაწერი გაიხსენეთ, სადაც მის მეგობარ გოგონას ეუბნებოდა, რომ აბა, როგორ გინდა, თუ სისხლი არ დაიღვარაო, თუ ვინმე არ მოკვდა, დემოკრატია რანაირადო? მათ დემოკრატია სწორედ ასე მიაჩნიათ. სამართალდამცველებს მადლობას ვეუბნები, რომელთაც გუშინ ღირსეულად დაიცვეს საზოგადოებრივი ინტერესები და მოქალაქეების უფლებები. ესენი არიან უსამშობლოები. ამათ ჰგონიათ, ქართულ საზოგადოებას დაავიწყდა, „ნაცების“ ხელწერა, დარბევები, 7 ნოემბერი. მილიონები, რაც ამ უსამშობლოებში იხარჯება, ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს“, – განაცხადა ზარქუამ.

“პროტესტის უფლება ყველას აქვს, მხოლოდ ერთი დათქმით, ეს უნდა იყოს მშვიდობიანი – წერტილი!” – შალვა პაპუაშვილი

პროტესტისა და გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მხოლოდ ერთი დათქმით, ეს უნდა იყოს მშვიდობიანი. წერტილი! არავის არავითარი ლეგიტიმაცია არ აქვს კანონის დარღვევის, ჭიშკრების მტვრევის და პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენების, ეს არის ანტიქართული ქცევა და რაც არაქართულია, ის ანტიევროპულია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს შეფასებით, პროტესტი მშვიდობიანი იყო, თუმცა აქციაზე იყვნენ ჯგუფები, „რომელთაც ჰქონდათ ამოცანა, პროვოცირება მოეხდინათ და ძალადობისკენ გადასულიყვნენ“.

მისივე თქმით, „დღეს ხელს უგრეხენ საქართველოს პარლამენტს, ანუ ქართველ ხალხს“.

„გუშინ იყო მშვიდობიანი აქცია, პოლიცია შესაბამისად იცავდა ამ აქციის უსაფრთხოებასაც. ყველაფერი მიდიოდა ისე, როგორც ქართულ საპროტესტო მოძრაობებს ეკადრება ხოლმე. იყო ჯგუფები რომელთაც ჰქონდათ ამოცანა, პროვოცირება მოეხდინათ და ძალადობისკენ გადასულიყვნენ. ვნახეთ, რაც გააკეთეს საბოლოოდ – პიკეტირება. კვლავ მოწოდება. იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები იყვნენ, ვინც საბოლო ჯამში ლიდერობდნენ აქციას. რომ ხედავენ, რომ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი აქციაა, იმ წამსვე გადადიან მოწოდებაზე, რომ იყოს ალყა, პიკეტირება და ძალადობისკენ წასვლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ მიუთითა, რომ მათი პასუხისმგებლობაა, რომ პარლამენტის საქმიანობას ხელი არ შეეშალოს, ამიტომ – აქცია აქციად, პარლამენტის საქმიანობა, პარლამენტის საქმიანობად. ერთი მეორეს ხელს არ უშლიდეს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან უპასუხა ასევე კითხვას პლენარულ სხდომაზე გუშინ, ოპოზიციონერი დეპუტატის დევი ჭანკოტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ კანონის მიღება „ცუდ მოვლენებს გამოიწვევს“.

პაპუაშვილის თქმით, „განსაკუთრებით სამხედროს მხრიდან, ასეთი სახის განცხადებები აბსოლუტურად დაუშვებელია“.

„რას ჰქვია, რაღაც რომ მოხდეს? საღამოს, რაც მოხდა, მენიშნა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ეს განცხადება წამოცდენა იყო.

„იყო წამოცდენა, რომ ერთადერთი, ვისგანაც ვისგანაც შეიძლება აგრესია მოდიოდეს, ეს არიან რადიკალური ჯგუფები. ვნახეთ, რომ ისინი გუშინ მომზადებულები იყვნენ მისულები, აირწინაღებით. მოწოდებებიც ვნახეთ. „ენჯეოები“, რომლებიც თანამონაწილეები არიან, ისტერიას თესავენ. რუსეთი რუსეთის ძახილით, საბოლოოდ გააფერმკთალეს საფრთხეები, რაც რუსეთიდან მომდინარეობს. ყველა მეორე წინადადებაში უკონტექსტოდ რუსეთის ძახილით საბოლოოდ, აზრს უკარგავენ თავის ნათქვამს. ვნახეთ გუშინაც და გუშინწინაც, რომ ძალადობა იწყებოდა ამ ჯგუფებისგან, პოლიცია მოქმედებდა პროფესიონალურად. შინაგან საქმეთა სამინისტრო ზრუნავს, რომ ერთი მხრივ, უზრუნველყოს აქციის მონაწილეების უსაფრთხოება, მეორე მხრივ საზოგადოებრივი წესრიგი, მაშინ როდესაც ეს წესრიგი ირევა, ამაზე შსს-ის შესაბამისი დანაყოფები რეაგირებენ იმ პროტოკოლით, რომელიც აქვთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენ მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალს” – შოთა არველაძე

არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენ მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალს, – ამ განცხადებას სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე აკეთებს.

“არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში, რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო. ამიტომ, არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენ მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალს“, – წერს შოთა არველაძე.

“სწორია, როცა ჩვენი პოლიტიკოსები ცდილობენ, საგარეო გავლენა გაზარდონ” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

სწორია, როცა ჩვენი პოლიტიკოსები ცდილობენ, საგარეო გავლენა გაზარდონ, თუმცა მიშელს ისეთი ტვიტი და ცალსახა პოზიცია ჰქონდა, მეტი რა ქნას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ.

„მიშელი ისედაც გვეხმარებოდა, ჩამოდიოდა, უამრავი ენერგია, დრო დახარჯა. არ ვიცი, კიდევ რა უნდა გააკეთონ ევროპელებმა. რაც მაკლია, ამერიკელების მკაფიო პოზიციაა. ამერიკელი მაღალჩინოსნის, უფრო მაღალი დონის განცხადებაა საჭირო, რომ ეს შეიცვალოს, რადგან შინაარსობრივად, პირველ რიგში, ამ კანონით ამერიკელებს უფრო ვებრძვით, ვიდრე ევროპელებს. ევროპელებმა უკვე ყველაფერი ქნეს, ყველაფერი გაკეთებულია. ვინმეს რამე თუ აინტერესებდა ევროპის ნაწილში, ცალსახაა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კითხვაზე, როგორ ფიქრობს, რამდენად არსებობს თეორიული შანსი, ევროპულმა საბჭომ დღეს საქართველოს საკითხი განიხილოს, რაქვიაშვილმა აღნიშნა: „წარმოდგენა არ მაქვს, პროცედურულ ნაწილში როგორ არის, მაგრამ შარლ მიშელს თუ უნდა გაკეთება, მგონი, ეს შესაძლებელია“.

“ქალბატონი სალომე უკვე ყველანაირ ზღვარს სცდება, რა გამოდის, რომ საკუთარ ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში?”

ეს საერთოდ სასწაულია – ქალბატონი სალომე უკვე ყველანაირ ზღვარს სცდება. რა გამოდის, რომ საკუთარ ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შარლ მიშელისა და ემანუელ მაკრონისადმი თხოვნას, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ.

პაპუაშვილის შეფასებით, საქართველოს მიმართ სალომე ზურაბიშვილს „გაუგონარი დამოკიდებულება აქვს“.

“ასეთი რამე, ასეთი გამოცდილება თუ არსებობს ისტორიაში, არ ვიცი. გვახსოვს, როდესაც საქართველო 30 წლის უკან იყო ნაწილი საბჭოთა კავშირის და ცენტრში მიდიოდა ჩივილები. თუ ეს მიდგომა აქვს, რომ ვიღაცას უნდა უჩივლოს სხვა სახელმწიფოში, საფრანგეთის პრეზიდენტი რა შუაშია საერთოდ საქართველოს პარლამენტის საქმიანობასთან? აბსოლუტურად გაუგონარი დამოკიდებულებაა ქალბატონი სალომეს მხრიდან ქვეყნის მიმართ. როგორც ჩანს, სახელმწიფოდ არ თვლის ამ ქვეყანას. პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ხალხის წარმომადგენელია. ფიქრობს, რომ უცხო ქვეყნის ლიდერებთან უნდა იჩივლოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომ შემდეგ, ქართველი ხალხის ლიდერები დაარწმუნონ, რა კანონი მიიღონ და რა – არა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ყოფნა საერთაშორისო თანამეგობრობაში ქალბატონ სალომეს და ბევრს, ამ ჯგუფიდან, ისე მიაჩნია, რომ საქართველოს უნდა უკარნახონ სხვა ქვეყნის ლიდერებმა, რა აკეთონ და რა – არა. არცერთი არგუმენტი არ წარმოადგინეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც გვესმის, ისაა, რომ ვიღაცამ თქვა, რა კანონი უნდა მივიღოთ და რა – არა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უმარტივეს საკითხებზეა მსჯელობა – თუ დააკვირდებით რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში აგრესიაში იყვნენ ჩართულები, ყველას უკან წყაროდ ნახავთ NED-ის, EED-ის დაფინანსებას. გამოაქვეყნონ, რას უმალავენ ქართველ ხალხს?“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის.

„უკრაინის და ისრაელის დახმარებას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ცალ-ცალკე განიხილავს“ – Reuters

„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა სტრუქტურა – წარმომადგენელთა პალატა ისრაელისა და უკრაინის დახმარებას ამ კვირაში ცალ-ცალკე კანონპროექტად განიხილავს. ეს განცხადება პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა 16 აპრილს გააკეთა“, – ნათქვამია ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „როიტერის“ (Reuters) მიერ გავრცელებულ სტატიაში სათაურით „უკრაინის და ისრაელის დახმარებას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ცალ-ცალკე განიხილავს“ (ავტორები – პატრიცია ზენგერლე, რიჩარდ კოენი და დევიდ მორგანი).

პუბლიკაციაში ვკითხულობთ:

როგორც ცნობილია, დემოკრატებით კონტროლირებულმა სენატმა, $95-მილიარდიანი საბიუჯეტო კანონპროექტი ორპარტიული მხარდაჭერით, ორ თვეზე მეტი ხნის წინ დაამტკიცა. პალატა ამ დრომდე აჭიანურებდა მის განხილვას და სანაცვლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, განსაკუთრებით საიმიგრაციო პოლიტიკის კუთხით, ცვლილებებს ითხოვდა. რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვით ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარებასთან ერთად, სენატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში გათვალისწინებული იყო ისრაელის მხარდაჭერა და ტაივანში ამერიკული შეიარაღების გაგზავნის დაფინანსება.

გამოვიდა რა პალატის რესპუბლიკელებთან გამართული შეხვედრიდან, მაიკ ჯონსონმა ჟურნალისტებთან შემდეგი განცხადება გააკეთა: ”ვიცით, რომ მსოფლიო შემოგვყურებს იმის შესატყობად, თუ რა რეაგირება გვექნება… ისინი აკვირდებიან, დადგება თუ არა ამერიკა მთელ მსოფლიოში თავისი მოკავშირეების გვერდით და ჩვენი ინტერესების მხარდასაჭერად”.

მაიკ ჯონსონის თქმით, პალატის ახალი კანონპროექტები ამ ქვეყნებისთვის დაახლოებით იგივე რაოდენობის უცხოურ დახმარებას ითვალისწინებს, როგორიც სენატის კანონპროექტშია მითითებული. თუმცა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი აცხადებს, რომ აქედან გარკვეული დახმარება სესხის სახით გაიცემა.

საკანონმდებლო პროექტის გამოქვეყნება ხუთშაბათს, 18 აპრილს იგეგმება. კენჭისყრაზე ის სავარაუდოდ, 72-საათიანი განხილვის შემდეგ დადგება. მაიკ ჯონსონის ვარაუდით, კანონპროექტი შესაძლოა პარასკევს გვიან ღამით დამტკიცდეს. საუბარია 4 საკანონმდებლო პროექტზე, რომელთა შორის სახელდება უკრაინის, ისრაელის და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის კანონპროექტები. მეოთხეს რაობა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

რესპუბლიკელი კანონმდებლები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის დახმარებას, იმედგაცრუებულნი არიან კანონპროექტის განხილვის გაჭიანურების გამო. ამის მიზეზია ის, რომ რუსეთთან შედარებით, უკრაინის არმიის რესურსები ძალზე მწირია და კიევის თავდაცვა, განსაკუთრებით უკრაინის რაკეტსაწინააღმდეგო შესაძლებლობები, უფრო და უფრო მეტადაა დამოკიდებული ამერიკის მხრიდან საბრძოლო მასალით დახმარებაზე.

გასულ კვირას, უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ელექტროსადგური განადგურდა და რამდენიმე მნიშვნელოვნად დაზიანდა, მოსკოვის მიერ სარაკეტო და დრონებით მიტანილი მასიური თავდასხმის შედეგად.

პარალელურად, იზრდება ულტრაკონსერვატორ რესპუბლიკელთა რიცხვი, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან მაიკ ჯონსონს. ზოგიერთი მათგანი სპიკერის გადაყენებაზეც კი საუბრობს. ისინი ითხოვენ, რომ პალატის სპიკერმა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო კანონპროექტი, მათი მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე, კენჭისყრაზე არც კი დააყენოს. რესპუბლიკელთა სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატ, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიმდინარე კონსულტაციებით, კონსერვატორ რესპუბლიკელთა მოთხოვნებს შორის არის უკრაინის დახმარების ნაწილის ვალად რესტრუქტურირება და მექსიკასთან, აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე, პოლიტიკის შეცვლა.

წყარო