Home Blog Page 1087

პარტნიორობა იმ პრინციპთა კრებულიდან გამომდინარე ურთიერთობაა, რომელიც წარმოშობს ნდობას, ურთიერთმიმართ პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობას – გია აბაშიძე Politico-ს ინფორმაციაზე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც გამოცემა Politico-ს ინფორმაციაზე თქვა: “სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა ნიშნავს უვიზო მიმოსვლაც, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები და პირდაპირი ფრენებიც გაიხსნას მუქარის გარეშე, გაუმჭვირვალობის და დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მოთხოვნა მიუღებელია.”

ანალიტიკოსის განცხადებით, პარტნიორობის ფუძემდებლურ პრინციპებში ულტიმატუმების, დათქმების და შეზღუდვების დაწესება ვერ წაადგება სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას.

“ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს ორმხრივ შეთანხმებას ურთიერთქმედებასა და თანამშრომლობაზე გრძელვადიან საფუძველზე, ორმხრივი ინტერესის მრავალ სფეროში, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებს. პარტნიორობა იმ პრინციპთა კრებულიდან გამომდინარე ურთიერთობაა, რომელიც წარმოშობს ნდობას, ურთიერთმიმართ პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობას.

ამ ფუძემდებლურ პრინციპებში ულტიმატუმების, მუქარის, დათქმების, შეზღუდვების დაწესება ვერანაირად წაადგება სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას, რომელიც წარმოადგენს შეუჩერებელ პროცესს”, – წერს გია აბაშიძე.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 მაისისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7274 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7536 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0262 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9639 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9940 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ0.0301 ლარი შეადგინა.

მოლდოვამ ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

მოლდოვამ ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.

ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი წერს.

„მოლდოვა არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ეს პარტნიორობა ქვეყნის მდგრადობას გაზრდის, საშუალებას მისცემს, ერთობლივად გადავჭრათ უსაფრთხოების საერთო გამოწვევები, უფრო ეფექტური გავხადოთ ჩვენი ჩართულობა და განვავითაროთ თანამშრომლობის ახალი სფეროები“, – წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე.

2023 წლის საანგარიშო პერიოდში სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 34 და დაშავდა 347 დასაქმებული – შრომის ინსპექციის სამსახური

2023 წლის საანგარიშო პერიოდში სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 34 და დაშავდა 347 (95 მძიმე და 252 საშუალო) დასაქმებული.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 34 პირიდან ყველა კაცია, ხოლო დაშავებულთაგან 100 ქალი და 247 კაცი.

დოკუმენტის მიხედვით, გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა მშენებლობის სფეროში იყო.

რაც შეეხება არასრულწლოვანთა შრომით უფლებებს, ანგარიშის მიხედვით, 18 წლამდე არასრულწლოვანის შრომითი უფლებების აღსრულებაზე ზედამხედველობის შედეგად 2023 წლის საანგარიშო პერიოდში დარღვევა გამოვლინდა 11 სამუშაო ადგილზე 23 არასრულწლოვანთან მიმართებით.

„გამოვლენილი დარღვევების შედეგად სამსახურის მიერ შედგენილ იქნა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“-ს შესაბამისად გაიცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი – დაჯარიმების შესახებ და ჯამში, არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დარღვევის საფუძვლით, ჯარიმის ოდენობამ შეადგინა 64 400 ლარი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

Singapore Airlines-ის რეისზე ტურბულენტობის გამო მგზავრი დაიღუპა

Singapore Airlines-ის რეისზე, რომელიც ლონდონიდან სინგაპურში მიემართებოდა, ძლიერი ტურბულენტობის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტის გამო თვითმფრინავი ბანგკოკში დაჯდა. რეისის SQ 321 ბორტზე 211 მგზავრი და ეკიპაჟის 18 წევრი იმყოფებოდა. ინციდენტის შესახებ დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა Singapore Airlines-მა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

ავიაკომპანიამ დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა, განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ Singapore Airlines ტაილანდის მთავრობასთან მუშაობს დაშავებულისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად. თავის მხრივ, სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრმა ჩი ჰონ ტატმა განაცხადა, რომ მთავრობა მგზავრებსა და მათ ოჯახებს საჭირო დახმარებას გაუწევს.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ Singapore Airlines-ის ბორტზე მომხდარი ინციდენტის გამო“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ რეკომენდაცია ფრენის დროს უსაფრთხოების ღვედის შეკვრის უსაფუძვლოდ არ გაიცემა.

“მოღალატეები ჩვენ ქვეყანას ყველა დროში ჰყავდა, მაგრამ ასეთი მრავალრიცხოვანი მოღალატე ისტორიას არ ახსოვს”-გივი მიქანაძე

x

მოღალატეები ჩვენ ქვეყანას ყველა დროში ჰყავდა, მაგრამ ასეთი მრავალრიცხოვანი მოღალატე ისტორიას არ ახსოვს. რაღაც განსაკუთრებულ ეპოქაში ვართ და განსაკუთრებული მისია გვაკისრია. 309 ქართული სირცხვილი, რომელიც აღწერა და შეაჯამა მამამ, ლევან სანიკიძემ, ბედის ირონიით გამგრძელებელი და 310-ე მოქმედი პირი შვილი, გუბაზი გახდა, კოლექტიურ გუბაზებთან ერთად, – წერს  სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე.

“310-ე“ ქართული სირცხვილი მართლაც არაფერია ახალი მზისქვეშეთში და ჩვენი ბედკრული ქვეყნის ისტორიაში. შიდა გამყიდველები, მოღალატეები, ამბიციითა და შურით დაბრმავებულები, ოღონდ საკუთარ ვნებას და ძალაუფლების წყურვილს გასაქანი მისცენ, აბსოლუტურად ყველაფერს კადრულობენ და არც მრავალტანჯული ქვეყნის, სამშობლოს მომავალს დაგიდევენ…

თუმცა სამშობლო რა სახსენებელია მათთან… ეგეთი რამ არც არასდროს ჰქონიათ და არც ექნებათ. მათი მოდგმის ხალხს ეგ ცნება არ ესმით. ახლაც, ისევე როგორც არაერთხელ ისტორიაში, საკუთარი ქვეყნის ამოსაგდებად უცხოეთში დაძრწიან, იქაურ ფადიშაჰებს ფეხქვეშ უვარდებიან და ყოველგვარი მანქანებით რისხვის მოწევას ცდილობენ. ჯერ დაბეზღებით დაიწყეს, თვალთმაქცობითა და ჩაწვეთებით, ახლა სააშკარაოზე გამოხოხდნენ და ღიად გაჰყვირიან, გვიშველეთ, დაგვიპყარით, თორემ დავიქეცითო.

რა ღონეს აღარ მიმართავენ, ოღონდ სანქციები დაუწესდეს ქვეყანას. ქვეყანა, რომელიც სუვერენიტეტისთვის იბრძვის, დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, თვითმყოფადობისა და გადარჩენისთვის იბრძვის, ისევ და ისევ საკუთარი ქვეყნის შიდა მტრების გასანადგურებელი ხდება. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არახალია.ამ ტიპის ხალხს, როგორებიც ადრეც იყვნენ და ახლაც არიან, ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა წარმოუდგენლად მიაჩნიათ. ამიტომ ვერაფრით გაუგიათ, რას ნიშნავს სუვერენიტეტისათვის ბრძოლა. მუდამ გვიკიჟნებენ, რომ ამ გზით მაინც და მაინც რუსეთის მონობისკენ მივდივართ, რადგან უპატრონოდ ყოფნა ვერ წარმოუდგენიათ. დამოუკიდებლობის ნაცვლად დასავლეთის მონობას გვთავაზობენ და ამით ძალიან ამაყობენ. ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის არის, რომ პროტესტის ავანგარდში მყოფი ახალგაზრდებისთვისაც უმძიმესი მაგალითის მიმცემები არიან – გულწრფელ მომავალ თაობას აჯერებენ, რომ აუცილებელია, გვყავდეს პატრონი და ბატონი, ხოლო ასევე აუცილებელია რომ ეს ბატონი მაინც და მაინც დასავლეთში იყოს. სხვაგვარად ჩვენი ქვეყნის არსებობა ვერ წარმოუდგენიათ და თავისუფლებისათვის ბრძოლის ნაცვლად, მონობისათვის ბრძოლას აიძულებენ.

მაგრამ იცით რა არის ახალი? იცით ვინ დგას ამ მოღალატეთა რიგებში წინა ხაზზე? ვინაა საკუთარი ვნებებით დაბრმავებული ერთ-ერთი მთავარი მოღალატე? გაკოტრებული და უდიდესი ძალისხმევით ძლივს დამარცხებული მიხეილ სააკაშვილის კალთას გამობმული გუბაზ სანიკიძე, არაკაც-კაცთყოფილი, რომელსაც აღარც წარსული ახსოვს, აღარც მამა და აღარც მისი დავიწყებული წიგნები, კაცმა რომ არ იცის სად შეჩურთა. დავითის მიერ დამარცხებული ლიპარიტ ბაღვაშის ფეხის წმენდა რომ აირჩია ამ სიბერეში, სწორედ ამ კაცს და მისი სახით მთელ მოღალატე რენეგატ ოპოზიციას უნდა გავახსენოთ ის ტრადიციული ხაზი, რომლის „ღირსეული“ გამგრძელებლებიც არიან დღეს.რომელი ხაზის?.. იკითხავთ.

ვახტანგ გორგასლისთვის ჯაჭვის პერანგში ისრის მსროლელის;

აშოტ კურაპალატის საკურთხეველთან დამკვლელთა;

კახეთში თურქთა შემომყვანი აღსართანისა და დავითის მოღალატე ძაგანისა, ლიპარიტისა, ასათისა;

ოანე პეტრიწონელის მდევნელთა;

შალვა ახალციხელის ბრძოლაში მარტოდ მიმტოვებელთა;

ყორღანაშვილის;

ბერბიჭაშვილის

სერგო ორჯონიკიძის.

და მრავალი სხვა…მოღალატეები ჩვენ ქვეყანას ყველა დროში ჰყავდა, მაგრამ ასეთი მრავალრიცხოვანი მოღალატე ისტორიას არ ახსოვს. რაღაც განსაკუთრებულ ეპოქაში ვართ და განსაკუთრებული მისია გვაკისრია.309 ქართული სირცხვილი, რომელიც აღწერა და შეაჯამა მამამ, ლევან სანიკიძემ, ბედის ირონიით გამგრძელებელი და 310-ე მოქმედი პირი შვილი, გუბაზი გახდა, კოლექტიურ გუბაზებთან ერთად”, – დაწერა მიქანაძემ.

ვინაა ოპოზიცია: ორთოდოქსი „ნაცმოძრაობაა“ ხაბეიშვილი, რევიზიონისტი – გვარამია-მელია, „ნაცმოძრაობასთან“ მჭიდროდ აფილირებული – „ლელო“, ოპორტუნისტი – გირჩი ჯაფარიძე – ქადაგიშვილი

ამ საერთო [ოპოზიციის ერთიანი საარჩევნო] სიის შემადგენელი ნაწილების 99% იქნება სხვადასხვა ფორმით დაშლილი “ნაციონალური მოძრაობა” – ვინ არის ეს ოპოზიცია: ორთოდოქსი “ნაციონალური მოძრაობა” ხაბეიშვილი, რევიზიონისტი “ნაციონალური მოძრაობა” გვარამია და მელია, “ნაციონალური მოძრაობასთან” მჭიდროდ აფილირებული და ხშირ შემთხვევაში მისი ჩამნაცვლებელი “ლელო”, ოპორტუნისტი “ნაციონალური მოძრაობა” გირჩი ჯაფარიძე. ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის შეფასებითვე, ოპოზიციის შესაძლო ერთიან სიას არჩევნებისთვის რაიმე სიახლე ქართული პოლიტიკისთვის ვერ ექნება.

“ამ საერთო [ოპოზიციის ერთიანი საარჩევნო] სიის შემადგენელი ნაწილების 99% იქნება სხვადასხვა ფორმით დაშლილი “ნაციონალური მოძრაობა”. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს იქნება ისევ ერთ ელექტორატზე კონცენტრირებული საარჩევნო სია თავისი სალომე ზურაბიშვილის მფარველობით. აქედან გამომდინარე, ამ სიას განსაკუთრებული სიახლე ქართულ პოლიტიკაში ვერ ექნება. როგორი წინასაარჩევნო ტაქტიკა სჯობია, მე ამას არ ვურჩევ.

კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი ვინ არის ეს ოპოზიცია. ორთოდოქსი “ნაციონალური მოძრაობა” ხაბეიშვილი, რევიზიონისტი “ნაციონალური მოძრაობა” გვარამია და მელია, “ნაციონალური მოძრაობასთან” მჭიდროდ აფილირებული და ხშირ შემთხვევაში მისი ჩამნაცვლებელი “ლელო”, ოპორტუნისტი “ნაციონალური მოძრაობა” გირჩი ჯაფარიძე. ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”. იმ “ლელოს” სამი პროცენტი რომ ჰქონდა, შეიძლება ისიც ვეღარ მიიღოს იმიტომ, რომ მისი ამომრჩევლის დიდ ნაწილს, რომელსაც “ლელო” რაღაცა სხვა ეგონა, სულ არ უნდა “ნაციონალურ მოძრაობაში” რომ იყოს მისი სამი პროცენტი პორტირებული. ეს არის საბოლოოდ ერთ ამომრჩეველზე გათვლილი ან სია ან ნაწილ-ნაწილ მოქმედება”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება – კახა კალაძე

„თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით დარეგისტრირებულ კანონპროექტს.

კითხვაზე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადება არის თუ არა მკაფიო უარი აშშ-ის შემოთავაზებაზე, კახა კალაძე პასუხობს, რომ პირიქით, ეს არის დასტური, რომ „თუ ვინმეს რამის გაკეთება უნდა, ამის წინააღმდეგი არავინაა“.

„ეს არის მკაფიო დასტური იმისა, რომ თუ ვინმეს რაიმეს გაკეთება უნდა, აბსოლუტურად არავის აქვს წინააღმდეგობა ამასთან მიმართებით. მინდა, ცოტა უკან დავბრუნდე და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის კანონი, რომელიც მივიღეთ, რატომ იყო მნიშვნელოვანი: ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვნახეთ არაერთი რევოლუციის მცდელობა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, პირდაპირი მოწოდებები და განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. ნორმალურ ქვეყნებში წარმოუდგენელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია კადრულობდეს იმას, რასაც საქართველოში აკეთებენ. ასევე კარგად გვესმის, ვისი დაფინანსებით ხდება ეს ყველაფერი, ვინ არიან ის დონორი ორგანიზაციები, ვინც დგას ამ ყველაფრის უკან. შესაბამისად, გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვისგან ფინანსდებიან და რა პროექტებში იხარჯება ეს თანხები.

ჩვენ ასევე გვიწევს თავის და ქვეყნის დაცვა იმ განცხადებებისგან, რომელიც მოდის დასავლეთიდან, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, არის შეურაცხმყოფელი განცხადებები. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არის პასუხები. თუკი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აქვს სურვილი, რომ იყოს უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოხდეს, ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ, მივესალმებით ამ ყველაფერს და ეს არ უნდა დარჩეს უბრალო სიტყვებად, არამედ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ასევე, მიუღებელია ის შანტაჟი, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით ხდება, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები – ეს არის მოლაპარაკებების გახსნა, ვიზალიბერალიზაცია ამერიკასთან, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, პირდაპირი ფრენები. თუ ეს მიდგომა და დამოკიდებულება იქნება და სტრატეგიული პარტნიორისგან დავინახავთ არა მხოლოდ სიტყვებით, რადგან ჯერ არავინ იცის, ეს ინიციირებული კანონპროექტი სად იქნება და რა დონემდე მივა, მაგრამ თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც შეუძლიათ გადადგან, რა თქმა უნდა, კანონის აუცილებლობაც არ იქნება საჭირო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი იმის მანიშნებელი იქნება, რომ არის სურვილი, ურთიერთობები დალაგდეს და დამშვიდდეს და ისეთი იყოს, როგორც პარტნიორებს შეესაბამება.

„ბურთი მათ მხარესაა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მოყოლებული 2012 წლიდან დღემდე, თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ ჩვენ რაიმე არასწორი გაგვეკეთებინოს ან ისეთი ნაბიჯები გადაგვედგას, რაც რუსულ ინტერესში შედის. პირიქით, თუკი რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ყველაფერი მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. რაც შეეხება რიტორიკას. ჩვენ გვიწევს დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და საკუთარი მოსახლეობა იმ აბსურდული და შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან, რასაც ვისმენთ ბოლო თვეების განმავლობაში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

Technovation Girls SAKARTVELO 2024- ის გამარჯვებულები

Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია.

თიბისის მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს.

Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის კონკურსი ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის, 13-15 წლის და 16-18 წლის მოზარდებისთვის, გაიმართა. წლევანდელ კონკურსში 700-ზე მეტმა გოგონამ და 250-მა მენტორმა მიიღო მონაწილეობა.  წარდგენილი პროექტებიდან ადგილობრივმა ჟიურიმ გადაარჩია ნამუშევრები და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები, რომლებიც საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს სახელით:

  • გუნდი „Easy Care“ | პროექტით „Easy Care“ |აჭარა
  • გუნდი „Visionairy Girls“ | პროექტით „Volunify“ | თბილისი
  • გუნდი „Hypotenuse 5“ | პროექტი „Gamige“ | თბილისი
  • გუნდი „Wondermakers“ |პროექტი „Quake Quest“ | თბილისი
  • გუნდი „AgronicEye“ | პროექტი „AgronicEye“ |კახეთი, თბილისი
  • გუნდი „AI Eyes“ | პროექტი „AI Eyes“ | აჭარა
  • გუნდი „MQM“ | პროექტი „MemorEase“ | თბილისი
  • გუნდი “Victorious Secrets | პროექტი „L.I.F.E.M.I.N.E“ |იმერეთი

 

ივნისში საქართველოს გამარჯვებული გუნდები საერთაშორისო ჟიურის მიერ შეფასდებიან, რის შემდეგაც დასახელდებიან ფინალისტები და რეგიონული გამარჯვებულები. 2024 წლის სეზონის გამარჯვებული გუნდები, ოქტომბერში, ფინალის მსოფლიო სამიტზე გამოვლინდებიან. Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის კონკურსში გამოვლენილი საუკეთესო 20 გუნდი მონაწილეობას მიიღებს ტექნოლოგიურ საზაფხულო ბანაკში, საქართველოში.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებას და ზოგადად ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.

(R)

პირდაპირ იკვეთება კონსტიტუციის დარღვევა იმიტომ, რომ ახსნა-განმარტება არ გაკეთებულა, ვეტო რატომ დაადო – კახა კალაძე

პირდაპირ იკვეთება კონსტიტუციის დარღვევა იმიტომ, რომ არანაირი ახსნა-განმარტება არ არის გაკეთებული, თუ რატომ იქნა დადებული ვეტო, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დადება.

კალაძის განცხადებით, პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით კანონპროექტზე მსჯელობის ყველა შესაძლებლობა ჩაკეტა.

„შეურაცხმყოფელი იყო ის, რომ ერთი დღით მივიღოთ კანონიო, რაც ეწერა, თუმცა ყველაფერ ამის მიუხედავად, ჩვენ შევძლებთ ვეტოს დაძლევას. ვეტოთი იყო შესაძლებლობა, ყოფილიყო მსჯელობა, დეტალებში შევსულიყავით, თუ იქნებოდა სამართლებრივი შენიშვნები კანონთან დაკავშირებით გაგვეთვალისწინებინა, თუ იქნებოდა რაიმე კონკრეტული არგუმენტი კანონთან დაკავშირებით, რატომ შეიძლება იყოს ცუდი, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და ევროპულ მომავალს, შეიძლება ეს ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა, თუმცა მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, ჩაკეტა ყველაფერი და შეუძლებელი გახადა ამ ყველაფრის ირგვლივ მსჯელობა. ერთი მხრივ, გასაგებია იმიტომ, რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს ბუნებაში, ვინმემ წარმოადგინოს, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი ან რატომ შეიძლება ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდეს, ამის არგუმენტი არ არსებობს და ამიტომ იყო ეს გადაწყვეტილება მისი მხრიდან მიღებული“, – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ახლა ბურთი არის პარტნიორების მხარეს, რომლებმაც კალაძის განმარტებით, შანტაჟი უნდა შეწყვიტონ და ამ კანონპროექტის აუცილებლობაც დღის წესრიგში არ დადგება. “ბურთი არის მათ მხარეს, მათ შეუძლიათ ხვალვე გადადგან ნაბიჯები და კონგრესის ჩართულობის გარეშე მიიღონ გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლასთან, ვიზალიბერალიზაციასთან, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასთან, ინვესტიციების ჩადებასთან, პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ევროკავშირის შანტაჟი შეწყდეს და ამ კანონის აუცილებლობა, მერწმუნეთ, დღის წესრიგში არ იქნება”,-განაცხადა კალაძემ.

იარაღის მოწოდებას და „ჭკვიანად მოქცევის“ შემთხვევაში აშშ-ს ვიზების გაცემის ლიბერალიზაციის დაპირებას, ქუჩის წახალისების სუნი უფრო უდის, ვიდრე – საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის – დიმიტრი ხუნდაძე ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივაზე

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე Politico-ს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ საქართველო ანტიდემოკრატიული კურსის ცვლილების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსხვილ სამხედრო და სავაჭრო პაკეტს მიიღებს და განიხილება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხიც, სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივა იარაღის მოწოდებასა და „ჭკვიანად მოქცევის“ შემთხვევაში აშშ-ს ვიზების გაცემის ლიბერალიზაციის დაპირებასთან დაკავშირებით, ქუჩის წახალისებას უფრო ჰგავს, ვიდრე – საქართველოს მიმართ კეთილგანწყობას.

„მთავარი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს რომ „მუშტრის” თვალით უყურებს, ცოტა არ იყოს, უხერხულია.

იარაღის მოწოდებასა და „ჭკვიანად მოქცევის“ შემთხვევაში აშშ-ს ვიზების გაცემის ლიბერალიზაციის დაპირებას, ქუჩის წახალისების სუნი უფრო უდის, ვიდრე – საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის.

ქუჩა შეთხელდა და თამასამაც აიწია.

კარგი ხმაურისთვის ვიზას ჰპირდებიან ქუჩას, ხელისუფლების წარმომადგენლებს კი გამჭვირვალობისთვის – სანქციებს.

სანქციები ისევე ვერ მოიტანს შედეგს, როგორც – გაუმჭვირვალობა.

ყველაფერი რომ გამჭვირვალე იყოს, ეს კანონიც არ იქნებოდა საჭირო, თუმცა, ამაზე საუბარიც კი აუკრძალეს საზოგადოებას და თავადაც არ კითხულობენ, რატომ გახდა ის საჭირო. პოლარიზაციის დასრულებას გვთხოვენ და ქუჩის აურზაურს ხელს უწყობენ.

იმას, რასაც დღეს დაპირებად გვაწვდიან, აქამდეც უკვე რეალურად უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა ომისა და რევოლუციის, მორჩილებისა და ფასეულობების სანაცვლოდ.

რაც შეეხება არჩევნების სამართლიანად ჩატარების მოთხოვნას, მმართველი გუნდი ამ პირობით თუ ამ პირობების გარეშე, ისედაც გამჭვირვალედ აპირებს საარჩევნო პროცესის წარმართვას, მთავარია, გარე ჩარევებისაგან დავიცვათ ქვეყანა.

ხელისუფლება მზად არის თანასწორუფლებიანი და გულწრფელი პარტნიორობისთვის“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

პროტესტის უკან დგანან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან – კახა კალაძე

ამ რადიკალურ ქმედებებში, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება, დავით კეზერაშვილის თანხებიც არის ჩართული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანაში წამოწყებული საპროტესტო ტალღის უკან ასევე, დგანან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან.

„პროტესტი, რაც წინა დღეების განმავლობაში იყო, ცხადია მართულია. ვიცით, ამ ყველაფრის უკან ვინ დგანან – კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. ასევე, ამ რადიკალურ ქმედებებში ჩართულია დავით კეზერაშვილის თანხები.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წამგებიანია. არასდროს ამ ქვეყანაში რადიკალიზმი არ და ვერ გაიმარჯვებს. თუ ვინმეს უნდა ხელისუფლების ცვლილება, არ მოსწონს აღნიშნული კანონი, ამისთვის არსებობს არჩევნები. თუ აქვთ მხარდაჭერა, არჩევნების გზით ცივილურად და დემოკრატიულად შეუძლიათ ხელისუფლება შეცვალონ და მიიღონ ისეთი კანონი, რომელიც მათთვის არის მისაღები. თუმცა, აქაც ძალიან კარგად იციან, რომ მათ საზოგადოების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს და არ მოხდეს ის, რაც უკრაინაში მოხდა.

„მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და იმ პოლიტიკას, რომელსაც ეს პარტია ატარებს. ყველა კარგად ხედავს, რომ დღეს, ქვეყანა საფრთხის წინაშე დგას. ამიტომაც მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მშვიდობა და არ მოხდეს ის, რაც უკრაინაში მოხდა. ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი ფაქტი. ჩვენ ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე ვიდგებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.