Home Blog Page 1086

“გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები” – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავთა მხრიდან ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტებს ეხმიანება და მონიტორინგის პირველად შედეგებს ასაჯაროებს.

ომბუდსმენის განცხადებით, ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები. ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ კადრებში აშკარად იკვეთება სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 11 დაკავებული, რომელიც ლევან იოსელიანმა უშუალოდ მოინახულა, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მიუთითებდა და რეაგირებას ითხოვდა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შემაშფოთებელია აქციაზე ცალკეული ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი.

სახალხო დამცველი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, აღნიშნულ ფაქტებზე დროული და მკაცრი რეაგირება მოახდინოს.

„შეკრების თავისუფლების დარღვევა – ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები. 16 აპრილს საღამოს საათებში მას შემდეგ რაც სამართალდამცავებმა სპეციალური გასასვლელის მოწყობით უზრუნველყვეს პარლამენტის წევრთა ტერიტორიიდან გაყვანა, აქციის მონაწილეებს ეზღუდებოდათ უკანა შესასვლელთან მიახლოებისა და ამგვარი ფორმით პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა; სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი შეკრების ადგილმდებარეობის არჩევის თავისუფლებაა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა აზრისა თუ პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად. აღნიშნული სტანდარტი დაცული უნდა იყოს ყველა შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის კონკრეტული შეზღუდვის დაწესების დაუძლეველი მიზეზი. 16 აპრილის საღამოს საათებში აქციის მიმდინარეობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, რა დროსაც სამართალდამცავების მხრიდან მომიტინგეთა არაძალადობრივი მიახლოების შემთხვევაშიც ხდებოდა ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენება. ასევე გამოიკვეთა მშვიდობიან მონაწილეებზე დადევნების შემთხვევები, ტერიტორიის დატოვების იძულების მიზნით. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამგვარი ქმედებები ცალსახად წარმოადგენს შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას; ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შემდეგ, აქციის მონაწილეთა მისამართით გაისმა გამაფრთხილებელი სიგნალი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა.

სამინისტროს მხრიდან გაფრთხილების გაჟღერების მომენტისთვის, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მონაწილეთა დაშლისკენ მოწოდების საფუძველი. სახალხო დამცველი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ შესაძლო ძალადობის იზოლირებული ინციდენტები არ არის საკმარისი მთლიანი შეკრების ძალადობრივად მიჩნევისთვის. ამგვარ გაფრთხილებას აქვს „მსუსხავი ეფექტი“ შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე, მას შეუძლია შეაკავოს საერთო იდეებისა და ინტერესების მხარდამჭერი ადამიანები თავიანთი აზრის ღიად გამოხატვისაგან.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ძალის გამოყენების გაუმართლებელი შემთხვევები იწვევს სიტუაციის ხელოვნურ ესკალაციას. სავარაუდო არასათანადო მოპყრობა და დაკავებულების უფლებები – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ კადრებში აშკარად იკვეთება სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ სამართალდამცავების უფლებამოსილება, გამოიყენონ პროპორციული ძალა სამართალდარღვევის აღსაკვეთად, არ უნდა იყოს გამოყენებული ბოროტად, აქციის მონაწილეთა დასჯისა თუ შეშინების მიზნით და არ უნდა მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, გავრცელებულ რამდენიმე კადრში ჩანს სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებზე აქტიური ძალადობა, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს დროული და ეფექტიანი გამოძიება.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები 16 აპრილის ღამისა და 17 აპრილის დღის განმავლობაში აქტიურად ხვდებოდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებულ დაკავებულებს და მოინახულეს 16 აპრილის აქციაზე დაკავებული ყველა პირი. კერძოდ, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს 16 პირი (მათგან ორი მონახულების მომენტისათვის იმყოფებოდა კლინიკაში და აპარატის ინფორმაციით, იყვნენ ხელწერილით გათავისუფლებული). დამატებით, პირადად სახალხო დამცველმა 17 აპრილს მოინახულა 18 დაკავებული პირი, მათ შორის 15 აპრილის აქციაზე დაკავებულები. 16-დან 11 პირი მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე და ითხოვდნენ რეაგირებას. ყველა შემთხვევის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და აპარატი განახორციელებს გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგს. გარდა ამისა, 3 პირი მიუთითებდა არასათანადო მოპყრობის გარემოებებზე, თუმცა ითხოვდნენ ინფორმაციის კონფიდენციალურად დაცვას და რეაგირებაზე უარს აცხადებდნენ. ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები – შემაშფოთებელია აქციაზე ცალკეული ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი. გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელავას და წაართვეს ტელეფონიც, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნეს. გავრცელებულ ვიდეო კადრში ნათლად ჩანს როგორ ურტყამენ ჟურნალისტს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია „ტაბულას” ჟურნალისტ გიორგი ბადრიძეზე ფიზიკური ძალადობის და ტელეფონის წართმევის და „აპრილი მედიის” ჟურნალისტის გიორგი ბასხაჯაურის ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ საკუთარი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა, მათ შორის შეკრების მონაწილეების მხრიდან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დასჯადია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა. კიდევ უფრო მძიმეა დანაშაული, როდესაც ხდება ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება მათი საქმიანობიდან გამომდინარე. მსგავსი ფაქტები არსებით საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხს, შეიცავს საშიშ გზავნილს, რომ მედიის წარმომადგენლები, მათი საქმიანობის გამო, შესაძლოა, ანგარიშსწორებას დაექვემდებარონ და ამდენად, მსუსხავი ეფექტის მატარებელია მათ მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე. სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოახდინოს დროული და მკაცრი რეაგირება ყველა ზემოაღნიშნულ ფაქტზე და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. საგამოძიებო უწყებების სათანადო რეაგირებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ინდივიდუალურ შემთხვევებში კანონის უზენაესობის აღსრულებისთვის, ისე, ზოგადად მედიის წარმომადგენლებისა და საპროტესტო აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

“კადრებში ჩანს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს რომ მაკავებდნენ, სალომე ზურაბიშვილი ქოლგას ურტყამს პოლიციელებს”

მე როცა მაკავებდნენ, სალომე ზურაბიშვილი კადრებში ჩანს, ქოლგას ურტყამს პოლიციელებს, რომლებიც მიჭერდნენ, – ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა.

ხაინდრავას დაკითხვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

მოსამართლეთა კოლეგიამ, როგორც მოწმე ხაინდრავას, ასევე, მხარეებს შეურაცხყოფისგან თავის შეკავებისკენ და კორექტულობისკენ არაერთხელ მოუწოდა.

ხაინდრავამ 2007 წლის აქციის დარბევა და იმჟამინდელი ხელისუფლების საქმიანობა გაიხსენა.

“ყველაზე დიდი ვნებათაღელვა ამ ვაჟბატონის [მიხეილ სააკაშვილის] მეგობრის, კახა ოქრუაშვილის გადაყენებას მოჰყვა. ამის შემდეგ შეიქმნა ოპოზიციის ეროვნული საბჭო, სადაც ლევან გაჩეჩილაძე და მე ვიყავით. ყველა აქცია საქართველოში ჩვენს მიერ იგეგმებოდა და იმართებოდა.

[ოქრუაშვილმა] მსჯავრდებულ სააკაშვილს დაადო ხელი, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა მან შეუკვეთა. ეს ჩვენება აქვს მას მიცემული [ოქრუაშვილს], ის სააკაშვილის უახლოესი მეგობარი იყო. ეს იყო უპრეცედენტო განცხადება, რომელმაც ქართულ საზოგადოებაზე იმოქმედა, ეს იყო ბანდა და ამას ვხედავდი შიგნიდან… იქ ზურაბ ჟვანიას მოთხოვნით მოვხვდი, სააკაშვილს არც ვიცნობდი, თანამდებობას დავთანხმდი. გასაგები გახდა ჩემთვის, რას წარმოადგენდა ეს ჯგუფი.

ეს იყო კრიმინალების ბანდა, ეს არ იყო ხელისუფლება, რომელიც საკუთარი გამორჩენიდან მოქმედებდა და არა სახელმწიფოს ინტერესებიდან… ცხინვალის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა ჰქონდათ, ზურაბ ჟვანიას და ამერიკის ელჩის ჩარევით, ეს აღარ მოხდა“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისი თქმით, სააკაშვილმა მას სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში “დასწამა ცილი”.

„ვასილ მაღლაფერიძისგან ვიცი, მაშინ გუბერნატორი იყო, 4 ნოემბერს, ვანო მერაბიშვილთან შედგა შეხვედრა, სადაც ჩვენი დასჯა დაიგეგმა, აღნიშნულში მერაბიშვილი, ადეიშვილი, ძმები ახალაიები, ქარდავა, მონაწილეობდნენ, სადაც პირდაპირ დაიგეგმა ჩვენი, იმ მოქალაქეების დასჯა, ვინც ჩვენ მხარს გვიჭერდნენ…. იქ იყო ჯარი, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყვანილი. იქ ნათელი გახდა, რომ ეს მანქანა არ გაჩერდებოდა, ისე იყვნენ აღგზნებული ეს ალქაჯები…. მის [სააკაშვილის] გვერდით უნდა იჯდეს ადეიშვილი, ოქრუაშვილი, მერაბიშვილი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერავის ვხედავ“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ადვოკატის კითხვაზე, მის ბიოგრაფიაში სხვა დროსაც ხომ არ იყო სახელმწიფო გადატრიალების მსგავსი ბრალდება, მაგალითად, ზვიად გადამსახურდიას დროს, ხაინდრავამ ადვოკატებს მიმართა, რომ „რუსეთიდან ისინი არიან და ვინ თანამშრომლობდა რუსეთთან, ეს ფაქტებით ჩანს“.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

“83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა ქვეყნის გაყიდვას და ისინი სამარცხვინო სიაში უნდა შევიყვანოთ” – თამარ კორძაია

დღეს, საქართველოს ახალგაზრდებს გადაახიეს დამოუკიდებლობის მონაპოვარი, რომელიც 35 წლის წინ 9 აპრილს მოიპოვეს ახალგაზრდებმა – ეს ბრძოლა ისევ ახალგაზრდებისაა, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს კანონის ხელმოწერით 83-მა დეპუტატმა ღალატს მოაწერა ხელი.

„რა უნდა ვუთხრათ მათ შვილებს, ვინც აქ სისხლი დაღვარა, რათა დამოუკიდებელი სახელმწიფო ვყოფილიყავით? ამიტომ, ეს ბრძოლა ისევ ახალგაზრდებისაა, რომელთან ერთადაც ვართ. ხვალ თავი დასახრელი არ უნდა გვქონდეს. უნდა ვიბრძოლოთ, რათა ეს ქვეყანა რუსეთი არ გახდეს. ყველა ახალგაზრდა, ყველა დედა, რომელიც გუშინ უყურებდა როგორ სცემდნენ მათ შვილებს; როგორ მიერეკებოდა ეს რუსი ხელისუფლება ქართველ ახალგაზრდებს – უნდა ვიდგეთ აქ და არ დავუთმოთ ჩვენი შვილების მომავალი. რაც აქ ხდება, კატასტროფაა, ქვეყნის გაყიდვა. 83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა ქვეყნის გაყიდვას და ისინი სამარცხვინო სიაში უნდა შევიყვანოთ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ.

“დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერი მხრიდან ძალადობა მიუღებელია, ვიმედოვნებ, ეს არ მოხდება საქართველოში”

ძალადობა მიუღებელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას, დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერი მხრიდან ნებისმიერი ფორმის ძალადობა მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

ელჩს ასევე ჰკითხეს: როგორ შეაფასებდა, რომ „მოხდა წიწაკის სპრეის გამოყენება და იყო სამართალდამცველთა მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტები“. პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნებისმიერი მხრიდან ძალადობა მიუღებელია.

„გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ნებისმიერი მხრიდან რაიმე საბაბით ძალადობა მიუღებელია. გულწრფელად ვიმედოვნებ, ეს არ მოხდება საქართველოში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

პარლამენტთან აქციის მონაწილეები დააკავეს

პარლამენტის შენობასთან აქციის ორი მონაწილე დააკავეს.

როგორც სამართალდამცავმა ერთ-ერთი მონაწილის დაკავების შემდეგ განმარტა, აღნიშნული ქმედება შეურაცხყოფელ გამონათქვამებს მოჰყვა.

ამასთან, 9 აპრილის ქუჩაზე, სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. მომიტინგეების გაღიზიანება სპეციალური დანიშნულების რაზმისა და გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის ზვიად ხარაზაშვილის, იგივე „ხარებას“ გამოჩენამ გამოიწვია.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პარლამენტის უკან შეკრებილი აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა შესავლელებთან გადანაწილდნენ.

ჩვენმა თავდაცვითმა ოპერაციამ დასახულ მიზანს მიაღწია და შეჩერდა – ირანის ელჩი საქართველოში

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მაჰმუდ ადიბის ინტერვიუ “ჯორჯიან თაიმსთან”

 „ირანის ისლამური რესპუბლიკა არ ცდილობს რეგიონში დაძაბულობისა და კონფლიქტების ესკალაციას. თუმცა, ისრაელის რეჟიმის სამხედრო პროვოკაციების გამო, ჩვენ ყოველგვარი საფრთხისგან დავიცავთ ჩვენს მოსახლეობას, ქვეყნის უსაფრთხოებას, ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ნებისმიერ აგრესიას მკაცრად ვუპასუხებთ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად,“- აცხადებს „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ირანის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, მაჰმუდ ადიბი.

 რატომ დაიწყო შეტევა რა უძღოდა წინ? შესაძლებელია თუ არა ამ ომმა გამოიწვიოს მესამე მსოფლიო ომი? მალხაზ გულაშვილის კითხვებს  ირანის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი მაჰმუდ ადიბი პასუხობს.

  მალხაზ გულაშვილი: რატომ დაიწყეთ შეტევა, რა უძღოდა წინ ამ გადაწყვეტილების მიღებას?

მაჰმუდ ადიბი:  ისრაელის სიონისტური რეჟიმის სამხედრო პოზიციების წინააღმდეგ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ოპერაცია სახელწოდებით: „ჭეშმარიტი დაპირება“ განხორციელდა თავდაცვის ლეგიტიმური უფლების ფარგლებში გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის მიხედვით.

ბოლო წლების მანძილზე ისრაელის რეჟიმმა, ყველა საერთაშორისო კანონის დარღვევით, არაერთი თავდასხმა განახორციელა ირანის ისლამური რესპუბლიკის ინტერესებზე. მარტო ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ამ რეჟიმმა 7-ჯერ დაარღვია სირიის საჰაერო სივრცე და სრულიად უკანონო ოპერაციის ფარგლებში განახორციელა ტერორისტული თავდასხმა ირანელ სამხედრო ინსტრუქტორებზე, რომლებიც სირიაში ამ ქვეყნის მთავრობის მიწვევით, ტერორიზმთან ბრძოლაში დასახმარებლად იმყოფებოდნენ.

ბოლო შემთხვევის დროს, კი როგორც მოგეხსენებათ, კანონდამრღვევმა ისრაელის რეჟიმმა, გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო კონვენციების, მათ შორის ვენის 1961 წლის კონვენციის და საერთაშორისოდ დაცული პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ დანაშაულის აღკვეთისა და დასჯის შესახებ ნიუ-იორკში 1973 წელს, მიღებული კონვენციის უგულებელყოფით, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

დამასკოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოზე, რომლის დროსაც დაიღუპა დიპლომატიური პასპორტისა და იმუნიტეტის მქონე 7 ირანელი სამხედრო  ინსტრუქტორი.

ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ამ თავდასხმის შემდეგ დაიწყო დიპლომატიური და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება. წერილით მიმართა გაეროს გენერალურ მდივანსა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს და მოითხოვა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა.

უშიშროების საბჭოს სხდომა დაუყოვნებლივ გაიმართა და აღნიშნულ სხდომაზე და სხდომის შემდეგაც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრთა უმრავლესობამ მკაცრად დაგმო სიონისტური რეჟიმის აგრესიული გამოხდომა. თუმცა სამწუხაროდ ზოგიერთ სახელმწიფოს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ინგლისს და საფრანგეთს არ ჰქონიათ შესაბამისი რეაქცია სიონისტური რეჟიმის დანაშაულზე. ამასთან, ეს ქვეყნები წინ აღუდგნენ უშიშროების საბჭოს რეზოლუციას – სიონისტთა დანაშაულის დასაგმობად. პრაქტიკულად უშიშროების საბჭო, რომელიც პასუხისმგებელია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაზე, უძლური აღმოჩნდა მიეღო შესაბამისი რეზოლუცია. ბუნებრივია, რომ სიონისტური რეჟიმის მხარდასაჭერად მიმართული მსგავსი მიდგომები უფრო მეტად გაათავხედებს ისრაელის რეჟიმის ლიდერებს, რეგიონში თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებების გასაგრძელებლად და ომის არეალის გასაფართოებლად.

მალხაზ გულაშვილი:  რატომ  შეწყდა ეს შეტევა ?

 მაჰმუდ ადიბი მიუხედავად იმისა, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკას შეეძლო უფრო მასშტაბური თავდასხმის განხორციელება, თავისი მტკიცე სამშვიდობო პოლიტიკიდან და რეგიონში ომისა და დეესკალაციის პრევენციის აუცილებლობიდან გამომდინარე, მის სამიზნედ იქცა  სიონისტური რეჟიმის მხოლოდ ის სამხედრო პოზიციები, საიდანაც განხორციელდა დამასკოში ჩვენი ქვეყნის საელჩოზე თავდასხმა.

ოპერაცია  დაიგეგმა, ისე რომ ძირითადი სამიზნე ყოფილიყო მთავარი სადაზვერვო ცენტრი, საიდანაც სიონისტები იღებდნენ საჭირო ინფორმაციას, ასევე ნევატიმის საჰაერო ბაზა, საიდანაც აფრენილმა F-35 ტიპის ავიაგამანადგურებელმა დამასკოში, ირანის საელჩოზე მიიტანა იერიში.  ამრიგად, ჩვენმა თავდაცვითმა ოპერაციამ დასახულ მიზანს მიაღწია და შეჩერდა.

მალხაზ გულაშვილი:  რა შეგიძლია გვითხრათ,  ექნება თუ არა მომავალში გაგრძელება ამ პროცესებს?

როგორც ჩვენმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს და ოფიციალურადაც ითქვა, ჩვენი ოპერაცია იყო შეზღუდული, გაანგარიშებული, პროპორციული და ლეგიტიმური. რკინის გუმბათმა, ისრაელის რეჟიმის სხვა თავდაცვითმა სისტემებმა და მოკავშირეთა დახმარებამ ვერ ჩაახშო ჩვენი ოპერაცია. ჩვენი სამხედრო ძალები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ოპერაცია სასურველი შედეგით დასრულდა.
ირანის ისლამური რესპუბლიკა არ ცდილობს რეგიონში დაძაბულობისა და კონფლიქტების ესკალაციას. თუმცა, ისრაელის რეჟიმის სამხედრო პროვოკაციების გამო, ჩვენ ყოველგვარი საფრთხისგან დავიცავთ ჩვენს მოსახლეობას, ქვეყნის უსაფრთხოებას, ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ნებისმიერ აგრესიას მკაცრად ვუპასუხებთ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.

მალხაზ გულაშვილი:   შეუძლიათ თუ არა პროქსი ირანულ დაჯგუფებებს  ომის გაგრძელება?

ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის პირდაპირ ვიმოქმედებთ. ისევე როგორც ბოლო სამხედრო ოპერაციის დროს, რომელიც ჩატარდა ლეგიტიმური თავდაცვის ფარგლებში. სხვათა შორის, სწორედ ამერიკა იყენებს ისრაელს თავის მარიონეტად რეგიონში დესტაბილიზაციისათვის. მოგეხსენებათ, რომ ჰილარი კლინტონმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს აღიარა, რომ დაეში შეერთებული შტატების მიერ იყო შექმნილი. ასევე გეცოდინებათ, რომ ჩვენს რეგიონში მოქმედი სხვადასხვა წინააღმდეგობის დაჯგუფება, სწორედ დაეშთან ბრძოლის მიზნით შეიქმნა.

მალხაზ გულაშვილი:  შესაძლებელია თუ არა ამ ომმა გამოიწვიოს მესამე მსოფლიო ომი?

როგორც აღვნიშნე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის უსაფრთხოება.  ჩვენ არ ვართ დაინტერესებული დაძაბულობის ესკალაციით. წლების და თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით სიონისტური რეჟიმის აგრესიული ქმედებებიდან მომდინარე საფრთხეებზე და მიგვაჩნია, რომ ამ რეჟიმის დანაშაულების გაგრძელება და დასავლეთის ზოგიერთი  ქვეყნის მხარდაჭერა, საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ექვსი თვეა, რაც სიონისტური რეჟიმი ღაზაში ახორციელებს დაუცველი ბავშვებისა და ქალების გენოციდს. ამერიკა და მისი მოკავშირეები კი, არ ცდილობენ ამის შეჩერებას. ნუთუ არ არის საკმარისი ისრაელის ექვსთვიანი ომი, დანაშაულები და  გენოციდი და როდის იმოქმედებს საერთაშორისო საზოგადოება ამ გენოციდისა და დანაშაულების შესაჩერებლად?

მალხაზ გულაშვილი:   ჯერჯერობით ისრაელს არ მიუღია გადაწყვეტილება, რა ფორმით უპასუხოს ამ თავდასხმას, როგორ ფიქრობთ უპასუხებს თუ არა ისრაელი თქვენს თავდასხმას?

როგორც ჩვენი ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, თუ ისრაელის რეჟიმი კიდევ ერთ შეცდომას დაუშვებს და მორიგ ტერორისტულ თავდასხმას განახორციელებს ირანის ინტერესებისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ, თეირანის შემდეგი რეაქცია და პასუხი იქნება მყისიერი, უმკაცრესი და ბევრად უფრო მასშტაბური.

მალხაზ გულაშვილი:  გაჩნდა აზრი, რომ თითქოს თქვენ და ამერიკა ერთიანად ცდილობთ ნეთანიაჰუს მოშორებას და ნეთანიაჰუმ განახორციელა საელჩოზე თავდასხმის პროვოცირება, რათა ის გადაზრდილიყო გლობალურ ომში. ამაზე რას იტყვით?

 მაჰმუდ ადიბისამწუხაროდ, ამერიკის მხარდაჭერა ისრაელის რეჟიმის უკანონო ქმედებების მიმართ, ამ რეჟიმის უფრო მეტად გათავხედებასა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გაგრძელებას იწვევს. თვეებია, რაც ჩვენ   ვაფრთხილებთ ამერიკას და ვთხოვთ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად და აიძულონ ისრაელის რეჟიმი ღაზაში ცეცხლის შესაწყვეტად და დააკისრონ პასუხისმგებლობა ამ რეჟიმს, ჩადენილი დანაშაულებისა და 25 ათასზე მეტი ქალისა თუ ბავშვის მკვლელობისთვის. დამასკოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოზე ისრაელის რეჟიმის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ იყო მოლოდინი იმისა, რომ შეერთებული შტატები საერთაშორისო რეგულაციებისადმი ერთგულების საფუძველზე, დაგმობა სიონისტური რეჟიმის ქმედებას. თუმცა ამერიკა წინ აღუდგა უშიშროების საბჭოს მიერ ოფიციალური განცხადების გავრცელებას სიონისტური რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედების დაგმობასთან დაკავშირებით.

არსებობს მოსაზრება, რომ ამერიკის  მხრიდან მწვანე შუქი რომ არ ყოფილიყო, სიონისტური რეჟიმი ვერ გაბედავდა  ირანის ისლამური რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობაზე თავდასხმას. ამასთან,  ამერიკა შეეცადა აღეკვეთა ირანის ისლამური რესპუბლიკის ლეგიტიმური ქმედება სიონისტური რეჟიმის აგრესიისგან თავის დასაცავად. აქედან გამომდინარე თქვენი ეს კითხვა არ შეესაბამება რეალობას.

ვინ დაუჭირა მხარი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის მხარდამჭერი იყო 83 დეპუტატი, მათ შორის 73- ქართული ოცნებიდან, ხალხის ძალიდან – 9 და ევროპელი სოციალისტებიდან -1.

მხარდამჭერები არიან:

ზაზა ლომინაძე
დავით მათიკაშვილი
​სამველ მანუკიანი
ლევან მაჭავარიანი
გურამ მაჭავარიანი
ლევან მგალობლიშვილი
მამუკა მდინარაძე
ირაკლი მეზურნიშვილი
გოგი მეშველიანი
ირაკლი მეძმარიაშილი
სავალან მირზოევი
გივი მიქანაძე
ზაალ მიქელაძე
იმედა ნიკურაძე
ანტონ ობოლაშვილი
ბექა ოდიშარია
ანრი ოხანაშვილი
შალვა პაპუაშვილი
გელა სამხარაული
დიმიტრი სამხარაძე
ნიკოლოზ სამხარაძე
ვიქტორ სანიკიძე
ეკა სეფაშვილი
დავით სონღულაშვილი
გიორგი სოსიაშვილი
სოზარ სუბარი
ალექსანდრე ტაბატაძე
ნოდარ ტურძელაძე
ირაკლი ქადაგიშვილი
ლევან ქარუმიძე
მერაბ ქვარაია
სალომე ქურასბედიანი
ალუდა ღუდუშაური
მიხეილ ყაველაშვილი
თენგიზ შარმანაშვილი
ირაკლი შატაკიშვილი
გიორგი ჩაკვეტაძე
გოდერძი ჩანქსელიანი
ქეთევან ჩარკვიანი
ვასილ ჩიგოგიძე
გიორგი ცაგარეიშვილი
ბეჟან წაქაძე
ნინო წილოსანი
ხატია წილოსანი
გრეტა წიწავა
შოთა ხაბარელი
გიორგი ხახუბია
დიმიტრი ხუნდაძე
ვიქტორ ჯაფარიძე
სალომე ჯინჯოლავა
გიორგი ბარვენაშვილი
გია ბენაშვილი
ირაკლი (დაჩი) ბერაია
რიმა ბერაძე
მაია ბითაძე
ანზორ ბოლქვაძე
ელისო ბოლქვაძე
მაკა ბოჭორიშვილი
ელგუჯა გოცირიძე
ბექა დავითულიანი
ალექსანდრე დალაქიშვილი
ზაურ დარგალი
ისკო დასენი
ზაალ დუგლაძე
ევროპელი სოციალისტები:

ავთანდილ ენუქიძე

ტაბიძის ქუჩაზე სროლა იყო – დაჭრილია 3 ადამიანი

თვითმხილველების ინფორმაციით, თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე სროლა იყო. გავრცელებული ცნობით, დაჭრილია 3 ადამიანი.

როგორც თვითმხილველები განმარტავენ, ჭრილობები ერთს თავის არეში აქვს მიყენებული, ორს კი მხარში.

შემთხვევა დღეს, 12:00 საათისთვის მოხდა.

“სროლის ხმა მომესმა. 5-6 გასროლის ხმა იყო. მეზობელმა როგორც მითხრა, ის, ვინც ისროდა, თავში არის დაჭრილი, დანარჩენი 2, ვინც თავს იცავდა, მხარშია დაჭრილი. სამივე საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – აღნიშნავს თვითმხილველი.

“თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის და განაგრძეთ ეს მხარდაჭერა” – სალომე ზურაბიშვილი ელჩებს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში კრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები განიხილა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ისაუბრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ გზაზე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაცია და საზოგადოების დაყოფა, რასაც საქართველოში არ უნდა მიაღწიოს.

„თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის და განაგრძეთ ეს მხარდაჭერა“,- მიმართა ელჩებს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ევროპელი ლიდერების მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურება, „რაც თავისთავად მხარდაჭერის გამოხატულებაა“.

„პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილ ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია ასევე, რომ არჩევნებზე ხალხმა თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და გააკეთოს არჩევანი.

ევროკავშირის ელჩის განცხცადებით, ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ გზას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ეს კანონი, მისი მიღების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში ვერ დაეხმარება” – პაველ ჰერჩინსკი

ეს კანონი, მისი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში ვერ დაეხმარება, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ პრეზიდენტის დიპლომატების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„როგორც თქვენ ყველამ აღნიშნეთ, კანონპროექტის თავიდან შემოტანაზე ევროკავშირმა ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა. 24 საათის განმავლობაში, 4 აპრილს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერმა განცხადება გაავრცელა. გუშინ საღამოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თავისი პოზიცია დააფიქსირა და ვფიქრობ მისი პოზიცია ხმამაღალი და ნათელია. ეს კანონი, მისი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში ვერ დაეხმარება, პირიქით, ეს გართულებას გამოიწვევს, რადგან ეს კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს აშკარად არ შეესაბამება.

პრეზიდენტმა  ევროკავშირის ყველა ელჩი, ასევე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები შეხვედრაზე მიგვიწვია, სადაც პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი შეშფოთება გავიზიარა“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

თიბისიმ და EBRD-იმ “ლოპოტა სპა რეზორტის” ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი სივრცეების მშენებლობა დააფინანსეს

თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა – EBRD, “ლოპოტა სპა რეზორტის” ახალი პროექტები 9 400 000 ევროთი დააფინანსეს, რომლის ფარგლებშიც, ივნისში ახალი ობიექტები გაიხსნება: აკვა პარკი – Green Aqua, პრემიუმ კლასის 80-ნომრიანი კორპუსი, ახალი აუზი, ჯაზ-კლუბი და საკონფერენციო სივრცეები.

2000 კვ. მ-ის აკვა პარკი – Green Aqua ერთდროულად 300-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო 9 სხვადასხვა ატრაქცია, ბუნგალო და მოსასვენებელი სივრცეები, სადაც ადგილობრივი ჯიშის ხე-მცენარეების ტყე გაშენდა.

ჯაზ-კლუბში ყოველ შაბათ-კვირას ჯაზის საღამოები მოეწყობა. წლის განმავლობაში კი, ჯაზის მასშტაბური კონცერტები დაიგეგმება.

ახალი, 4-სართულიანი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ენერგოეფექტური მასალებით მიმდინარეობს. კორპუსი 80 ნომერს, 3 საკონფერენციო დარბაზს და სახურავზე ბარს აერთიანებს. ახალი კოპრუსი რეზორტის ოთახების რაოდენობას 232-იდან 312-მდე გაზრდის. ახალ სასტუმრო კორპუსთან ასევე მოეწყო 35-მეტრიანი აუზი და ბუნგალო. “ლოპოტა სპა რეზორტი” გამოირჩევა აუზების სიმრავლით და ყველა საცხოვრებელ კორპუსთან აუზის სიახლოვით.

რეზორტს ემატება 250 სტუმარზე გათვლილი 3 ახალი საკონფერენციო სივრცეც. შედეგად, “ლოპოტა სპა რეზორტზე” საკონფერენციო დაბრაზების რაოდენობა 6-დან 9-მდე გაიზრდება.

დამატებით, „ლოპოტა”, EBRD-ის Skills In Business – უნარები ბიზნესში (SiB) პროგრამის ფარგლებში, გრანტით და ტექნიკური მხარდაჭერით ისარგებლებს. ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა საქართველოში, როდესაც EBRD-ი ადგილობრივ კომპანიას ამ პროგრამით უჭერს მხარს. SiB პროგრამა “ლოპოტას” ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის აუცილებელი კვალიფიციური სამუშაო ძალისა და უნარების განვითარებაში დაეხმარება.

„ლოპოტა სპა რეზორტი შექმნის დღიდან გამოირჩევა უწყვეტი განვითარებით. 2008 წელს ლოპოტამ გზა გაუხსნა ადგილობრივი ტურიზმს კახეთში და ამდენი წლის შემდეგაც ამბობს ახალ სიტყვას ამ სექტორში.  წელსაც ზაფხულის სეზონს ახალი ობიექტებით ვხდებით – ეს არის ახალი სერვისები არა მხოლოდ ჩვენი რეზორტისთვის, არამედ კახეთის რეგიონისთვისაც. მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ პროცესში. 15 წლის წინ, როდესაც პირველი საოჯახო სასტუმროს იდეის წარმატებაში ბევრს ეჭვი ეპარებოდა, სწორედ თიბისი იდგა ჩვენს გვერდით. დღესაც, თიბისის და EBRD-ს შეაქვთ წვლილი ადგილობირვი ტურიმზის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებაში. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში არაერთი ობიექტი დაგვემატა და მიუხედავად ახალი მასშტაბისა, ლოპოტას შენარჩუნებული აქვს მისი მთავარი მახასიათებლები: პერსონალური მზრუნველობა, ბუნების სიყვარული და არტიზანული სული. ივნისიდან, ლოპოტას სტუმრებს დახვდებათ:  Green Aqua – აკვა პარკი მრავალფეროვანი ატრაქციებით, ჯაზ-კლუბი საინტერესო ჯაზ-საღამოებით, პრემიალური კლასის სასტუმრო კორპუსი, ახალი საკონფერეცნიო სივრცეები და ახალი საცურაო აუზი”, – იორგი ქევანიშვილი, “ლოპოტა სპა რეზორტის” აღმასრულებელი დირექტორი.

„გვეამაყება, რომ უკვე 15 წელია ლოპოტას” წარმატების ისტორიის თანამონაწილეები ვართ. ჩვენი თანამშრომლობა 2009 წელს იწყება მაშინ, როდესაც „ლოპოტა” ჯერ კიდევ 1 კორპუსი იყო, რომელიც 7 ნომერს აერთიანებდა. ეს იყო პირველი სპა-რეზორტი, რომელიც თიბისიმ კახეთში დააფინანსა. დღეს კი ჩვენ ვსაუბრობთ მასშტაბურ კომპლექსზე, რომელიც საქართველოს ტურისტულ პოტენციალს წარმატებით ავითარებს. თიბისის ბაზრის წილი ჰორეკა სექტორში, რომელიც თავის თავში მოიცავს ტურიზმს, 48%-ია. ჰორეკა სექტორში ჩვენი განხორციელებული ინვესტიცია კიბოლო 3 წლის განმავლობაში, 1.33 მილიარდ ლარს აღემატება. ამ მონაცემებით უცვლელად ვინარჩუნებთ ტურიზმისა და ჰორეკა სექტორში ლიდერის პოზიციას. მოხარული ვართ, რომ თიბისის მხარდაჭერით, „ლოპოტამ” მსხვილი ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც საშუალებას მისცემს რეგიონში კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლოს დასავლური სტანდარტით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ფინანსური რესურსი მაშინ, როდესაც ტურისტული ნაკადები ქვეყანაში სულ უფრო მზარდია. თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, 2023 წლის ბოლოსთვის, საერთაშორისო ტურიზმი პანდემიამდელ მაჩვენებელს მიუახლოვდა და 88%-ით აღდგა. აღდგენის სწრაფი დინამიკა, 2024 წელსაც გაგრძელდება”, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

„მოხარულები ვართ, რომ თიბისი ბანკთან ერთად მხარს ვუჭერთ “ლოპოტა სპა რეზორტის” მორიგ გაფართოების გეგმას. ტურიზმი ადგილობრივი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და „ლოპოტას” გააჩნია საჭირო პოტენციალი, რომ ქართული ტურიზმის სექტორში მოწინავე პოზიციაზე იყოს. მრავალფეროვანი სასტუმრო ოთახებით, ინფრასტრუქტურითა და მაღალი ხარისხის სრული სერვისით, ლოპოტა წარმატებით იზიდავს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტუმრებს.  EBRD-ი დარწმუნებულია, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში რეგიონალური და ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას. დაფინანსებასთან ერთად, „ლოპოტა” ისარგებლებს გრანტითა და ტექნიკური მხარდაჭერით EBRD-ის Skills in Business (“SiB”) პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს დასაქმების, კვალიფიციური თანამშრომლების შენარჩუნებისა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობას. ეს ასპექტები უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ კვალიფიციური სამუშაო ძალის განვითარებისათვის, არამედ იმისათვისაც, რომ კომპანიებმა შეძლონ კვალიფიციური თანამშრომლების შენარჩუნება, რათა დარჩნენ ბაზარზე კონკურენტუნარიანები”, – ალკის ვრიენიოს დრაკინოსი; EBRD-ის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში.

R

 

“ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს, უსაფრთხოება და სიმართლის თქმა, ამ სიმართლით გავალთ ბოლოში, ეს არის ჩვენი მრწამსი”

ევროპა არ არის გაუმჭვირვალობა, ის არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს, უსაფრთხოება და სიმართლის თქმა, ამ სიმართლით გავალთ ბოლოში, ეს არის ჩვენი მრწამსი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ევროპა არ არის გაუმჭვირვალობა.

“როგორ ატყუებენ ყველას. დატრენინგებული ბავშვები ჰყავთ, პომადას რომ ისვამს ადამიანი, ვნახულობთ სხვადასხვა რევოლუციურ სცენარებში, რომ ასე დაატრენინგეს. ნუ აყვებით ამ მკვლელებს. რა სპეცრაზმის შეტევა. ჯერ კლავდნენ და მერე მალავდნენ ხალხს სახურავებზე. რა რუსეთი და ღალატი. ომიდან ორ თვეში ხელი მოაწერეს, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომიო, გაქრა ეს რეზოლუცია? სამი კვირის წინ მაკა ბოჭორიშვილს ხელი არ მოუწერეს, რომ ოკუპაცია აღიარებულიყო. სლოგანებით ცდილობენ, ააყირაონ ქვეყანა.  ლომჯარიამ და გიგაურმა რომ არ შეავსონ დეკლარაცია, რადგან მერე, მათ ენაზე რომ ვთქვა, „ლევად“ ვეღარ მოატყუებენ სტუდენტებს, „კანვასის“ ტრენინგები აღარ დაფინანსდება, მერე თანასწორად დაგველაპარაკებიან ადამიანები და ზემოდან კი აღარ გადმოგვხედავენ, როგორც შარშან მოხდა, დაგვიჯერა ქართველმა ხალხმა და მივიღეთ სტატუსი. ასეთი ევროპა მინდა მე. ევროპელი დიპლომატი გამჭვირვალობაზე რომ ამბობს, ეს არის ცუდიო, ჩვენ უნდა ვუთხრათ, მე გავბედე ქართველმა კაცმა, რომ შენ გეუბნები, ჩემს მეგობარს, რომ ჩემი სუვერენული ქვეყნის ხელისუფლებიდან მიიღე საქმიანი საყვედური, რომ ევროპა არ არის გაუმჭვირვალობა, ის არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს, უსაფრთხოება და სიმართლის თქმა. ამ სიმართლით გავალთ ბოლოში, ეს არის ჩვენი მრწამსი, ამისთვის თუ გნებავთ, გაგვაკრიტიკეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.