Home Blog Page 1086

1 ივლისიდან ექვსი თვის განმავლობაში უნგრეთი ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება

ხვალიდან უნგრეთი ექვსი თვის განმავლობაში ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.

ევროკავშირის თავმჯდომარეობა ქვეყნებს როტაციის პრინციპით უწევთ. ეს თანამდებობა ქვეყნებს რეალურად მცირე ძალაუფლებას აძლევს, თუმცა, მიუხედავად ამისა, თავმჯდომარე ქვეყანას აქვს საშუალება, დღის წესრიგში თავისი პრიორიტეტბი დააყენოს.

ბუდაპეშტის შვიდი პრიორიტეტიდან ერთ-ერთი კი იქნება თანმიმდევრული და დამსახურებაზე დაფუძნებული გაფართოების პოლიტიკა.

„გაფართოების გარდა, უნგრეთის პრეზიდენტობის პრიორიტეტები ასევე იქნება კონკურენტუნარიანობა, თავდაცვა, არალეგალური მიგრაცია, რეგიონული განვითარება, სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა და დემოგრაფია“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ვებგვერდზე.

2024 წელი ევროკავშირის ინსტიტუტებში გარდამავალი წელია და უნგრეთს თავმჯდომარეობისას მოუწევს, უზრუნველყოს საბჭოს შეუფერხებელი მუშაობა ახალ ევროპარლამენტსა და ახალ ევროკომისიასთან.

„უნგრეთი იმუშავებს, როგორც გულწრფელი შუამავალი წევრ სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებს შორის გულწრფელი თანამშრომლობის სულისკვეთებით, ჭეშმარიტად ძლიერი ევროპის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“, – ნათქვამია უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ვებგვერდზე.

ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობის სლოგანია „გავხადოთ ევროპა ისევ დიდებული“ (Make Europe Great Again).

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს უკრაინის ნატო-ში მიწვევაზე უარის თქმის გამო აკრიტიკებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ამჟამინდელი მთავრობის, ისევე როგორც რესპუბლიკელების ლიდერის, დონალდ ტრამპის პოზიცია უკრაინის ნატო-ში არმიწვევის თაობაზე, არ შეესაბამება „მსოფლიო ლიდერების პოლიტიკას“.

ამის შესახებ ზელენსკიმ The Philadelphia Inquirer-ის მიმომხილველთან, ტრუდი რუბინთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ამჟამინდელი თეთრი სახლი არ არის მზად უკრაინა ალიანსში მიიწვიოს, ტრამპი კი ამბობს: „რომ არა ნატო, ომი (რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ), შესაძლოა, არ დაწყებულიყო.

„მჯერა, რომ ეს არის „ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან“ პოლიტიკა და არ ვთვლი, რომ ეს მსოფლიო ლიდერების პოლიტიკაა. ეს ფრთხილი ნაბიჯია. ეს არის გამნაღმველების ნაბიჯები დანაღმულ ველზე და თუ დღეს ჩვენ არ გვიწვევენ ნატო-ში, მაშინ ვითხოვთ კონკრეტიკას“, – ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ  „ამერიკას პუტინის გაბრაზების თუ ეშინია, მაშინ კიევი ითხოვს რუსული აგრესიისგან დაცვის საშუალებებს“.

„ჩვენ ვითხოვთ „პეტრიოტებს“, ვითხოვთ „ეფ-16“-ების საკმარის რაოდენობას, ჩვენ ვითხოვთ შესაძლებლობას, გამოვიყენოთ იარაღი თავის დასაცავად. თუ ნატო ჯერ არ არის მზად ჩვენ დასაცავად და ალიანსში მიღებისთვის, მაშინ ვითხოვთ ყველაფერს, რითიც შეგვიძლია, თავი დავიცვათ“, – აცხადებს ზელენსკი.

დღესაც, როგორც არ უნდა დასრულდეს თამაში, ზუსტად ვიცი, ჩვენი გამორჩეული ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ და ასახელებენ თავის ქვეყანას – ნინო წილოსანი

დღესაც, როგორც არ უნდა დასრულდეს თამაში, ზუსტად ვიცი, ჩვენი გამორჩეული ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ და ასახელებენ თავის ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველო ფორმაშია” – უბრალოდ ბანერზე დაწერილი სლოგანი არ არის ..

საქართველო ფორმაშია და ეს ჩვენ დიდი ხანია ვიცით

დღესაც, როგორც არ უნდა დასრულდეს თამაში, ზუსტად ვიცი, ჩვენი გამორჩეული ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ და ასახელებენ თავის ქვეყანას

საქართველო ფორმაშია, აბა რააა#წინგამარჯვებისკენ#საქართველოფორმაშია#საქართველოიგებს“, – წერს ნინო წილოსანი.

ახალი სახეები და მეტი სიურპრიზი – საქართველოს წარმატება პატარა ქვეყნებისთვის ისტორიული მომენტია – UEFA-ს ოფიციალური გვერდი

ახალი სახეები და მეტი სიურპრიზი: ევროპის ჩემპიონატი უფრო კონკურენტუნარიანი ხდება“, – საქართველოს ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ის მერვედფინალში გასვლას უეფას ოფიციალურმა გვერდმა წერილი მიუძღვნა.

უეფას ოფიციალური გვერდი წერს, რომ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი ამაღელვებლად დასრულდა, რომლის შედეგებიც ხაზს უსვამს ევროპულ ფეხბურთში გუნდების სათამაშო დონის გათანაბრებას და აჩვენებს, თუ როგორ განვითარდა ტურნირი, რომელიც ევროსცენაზე გაბრწყინების შესაძლებლობას მეტ გუნდს აძლევს.

მათ შორის, ვინც ევრო 2024-ის მერვედფინალში თავისი გუნდის გასვლით გაიხარა, ქართველი გულშემატკივრების ხმა განსაკუთრებით ისმოდა – პორტუგალიის დამარცხებით (2:0) მათ პირველად იზეიმეს დიდ საფეხბურთო ტურნირზე პლეი-ოფში გასვლა.

დებიუტანტი საქართველო პლეი-ოფში შეუერთდა სლოვენიასა და რუმინეთს, რომლებიც ევროპირველობაზე 2000 წელს გამართული ჩემპიონატის შემდეგ დაბრუნდნენ. იმავდროულად, ავსტრიამ ტურნირის დაწყების წინ გაკეთებული პროგნოზები გააბათილა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა ურთულეს ჯგუფში, სადაც საფრანგეთი, ნიდერლანდები და პოლონეთი თამაშობდნენ.

ახალი შესაძლებლობა

შედეგები აჩვენებს, 2016 წელს დანერგილმა 24-გუნდიანმა სისტემამ როგორ გაზარდა უმაღლეს დონეზე მოასპარეზე გუნდების მრავალფეროვნება და, ამავე დროს, კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნა.

ევრო 2016-ზე უელსმა ნახევარფინალში ითამაშა, ხოლო დებიუტანტი ისლანდია პლეი-ოფში გასვლით არ დაკმაყოფილდა და ინგლისის ნაკრები მერვედფინალში დაამარცხა, ევრო 2020-ზე დანია საუკეთესო ოთხეულში მოხვდა.

ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილზე გასული გუნდების პლეი-ოფში თამაშის შესაძლებლობამ უფრო მეტ გუნდს მისცა სტიმული, ხოლო ზოგიერთ ნაკლებად საფეხბურთო ქვეყანას მომავალში დიდ ტურნირზე მოხვედრის იმედი გაუჩინა.

სულ უფრო არაპროგნოზირებადი ტურნირი

ევრო 2024-ზე საქართველოსა და სლოვენიის წარმატებები არის ისტორიული მომენტი პატარა ქვეყნებისთვის, მაგრამ, ასევე, ევროპის ჩემპიონატის მზარდი კონკურენტუნარიანობის მაგალითია.

24-ვე გუნდმა დააგროვა მინიმუმ ერთი ქულა. თითოეულ ჯგუფში პირველ და მეოთხე ადგილებს შორის ქულების სხვაობა (საშუალოდ 4,5 ქულა) ყველაზე დაბალი იყო ევრო 1996-ის შემდეგ, რომელშიც პირველად ითამაშა 16-მა გუნდმა. მიმდინარე ევროზე ჯგუფში სამივე მატჩი მხოლოდ ესპანეთმა მოიგო. უკრაინა, რომელიც საქართველოს მსგავსად ტურნირზე ერთა ლიგიდან მოხვდა, სამწუხაროდ, ვერ გავიდა ჯგუფიდან, რომელშიც ევროს ისტორიაში პირველად ოთხივე გუნდმა ქულების ერთნაირი რაოდენობა დააგროვა.

თანაბარი შესაძლებლობები

ევროპის ჩემპიონატზე გუნდების გაზრდამ ხელი შეუწყო ევროპულ ფეხბურთში კონკურენტუნარიანობის გაზრდას, რაც UEFA-ს მიზანს წარმოადგენდა.

ერთა ლიგის შემოღება ხსნის ახალ გზას ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, რაც ზოგიერთ პატარა საფეხბურთო ქვეყანას ისტორიულად უჭირდა და რაც გადამწყვეტია ფეხბურთის დონის ზრდისა და ინტერესის გასაძლიერებლად. ევრო 2024-ზე საქართველოს წარმატება არის უახლესი ნაბიჯი განვითარების პერიოდში, რომელშიც ერთა ლიგამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ფინანსური მხარდაჭერა ევროპული ფეხბურთის გაძლიერების კიდევ ერთი საშუალებაა. ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ ტურნირის შემოსავლის დაახლოებით ორი მესამედი უეფას 55 წევრ ასოციაციაზე გადანაწილდება და ფეხბურთის განვითარებისთვის იქნება გამოყენებული“, – წერს უეფას ოფიციალური გვერდი. 

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც არანაკლები გამოცდა ელოდება – ჩვენი მეტოქე 30 ივნისს ესპანეთის ნაკრები იქნება. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

დღესაც მოსაგებად მივდივართ – საქართველო იგებს! – პრემიერი

ჩვენ გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია!!! თუმცა, ჩვენ მეტი გვინდა და დღესაც მოსაგებად მივდივართ!- ამის შესახებ პრემიერი, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია!!! თუმცა, ჩვენ მეტი გვინდა და დღესაც მოსაგებად მივდივართ!!! საქართველო იგებს!“,- წერს პრემიერი.

პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, კარგი იქნება თუ ახალგაზრდობა, ასევე, სათანადო ყურადღებას დაუთმობს პროფესიულ განათლებასაც, რადგან კოლეჯში სწავლა და პროფესიის დაუფლება მნიშვნელოვანია.

„იწყება უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების პერიოდი. ყველას, ვინც ემზადება ცოდნის მისაღებად და სწავლის გასაგრძელებლად, ვლოცავ და ვუსურვებ წარმატებებს. უფალმა მოგმადლოთ გონიერება და სულიერი ძალა.

კარგი იქნება თუ ახალგაზრდობა, ასევე, სათანადო ყურადღებას დაუთმობს პროფესიულ განათლებასაც, რადგან კოლეჯში სწავლა და პროფესიის დაუფლება მნიშვნელოვანია.

ასე რომ, ასპარეზი ფართოა და შესაძლებლობები მრავალგვარი.

გეწეოდეთ ღმერთი და თქვენი მფარველი ანგელოზი“,- აღნიშნავს პატრიარქი.

ასეთი ბედნიერი და ამაყი ქართველები ადრე არასდროს მინახავს – მამუკა მდინარაძე

დღეს რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ უკვე გმირები ხართ, ჩვენ კი სულ თქვენი მომდევნო გამარჯვებების რწმენით ვიცხოვრებთ, ისევე როგორც დღეს“, – ასე მიმართავს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.

მდინარაძე ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას უსურვებს და აღნიშნავს, რომ ანთებული თვალებით დადის ხალხი, რაც შეძლო ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა.

„ქვეყანა გაირინდა დღევანდელი თამაშის მოლოდინში. ასეთი ბედნიერი და ამაყი ქართველები ადრე არასდროს მინახავს. ანთებული თვალებით დადის ხალხი. ეს შეძლო ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა!

ბიჭებმა სასწაული უკვე მოახდინეს და ამ საოცარი ჟინის, ბრძოლის, პროგრესის, დაუჯერებელი გამარჯვებების გაგრძელებას ელოდება ქვეყანა!

დღეს რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ უკვე გმირები ხართ ეროვნული ნაკრები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ჩვენ კი სულ თქვენი მომდევნო გამარჯვებების რწმენით ვიცხოვრებთ, ისევე როგორც დღეს!!!

გამარჯვება ბიჭებო!!!“ ,- წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია – მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით აღგვავსებს – კახა კალაძე

დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა-მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით აღგვავსებს და გვათქმევინებს – ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო! – ამის შესახებ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, როდესაც ვერთიანდებით საერთო მიზნით, საერთო მისწრაფებით, ბრძოლის ჟინით, წარმატების რწმენით, ვაღწევთ გამარჯვებას და ვაგრძელებთ განვითარებას.

„დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა.

ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია.

დღეს კიდევ ერთხელ ვთანხმდებით-როდესაც ვერთიანდებით საერთო მიზნით, საერთო მისწრაფებით, ბრძოლის ჟინით, წარმატების რწმენით, ვაღწევთ გამარჯვებას და ვაგრძელებთ განვითარებას.

ჩვენი ქვეყნის ისტორია სწორედ ამის დასტურია. ამ შემართებამ გააძლებინა ჩვენს პატარა ქვეყანას საუკუნეების მანძილზე და არა მხოლოდ გააძლებინა, შეაქმნევინა უნიკალური კულტურა, ისტორია და მისცა კიდევ უფრო დიდი მომავალი.

მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით აღგვავსებს და გვათქმევინებს- ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო!

საქართველო არ გაჩერდე“,- წერს კალაძე „ფეისბუქზე“.

ევრო 2024-ზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მერვედფინალურ ეტაპზე, დღეს ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ჯო ბაიდენი ოჯახმა, შესაძლოა, კანდიდატურის მოხსნაში დაარწმუნოს – მედია

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უახლოესმა ნათესავებმა, მეგობრებმა და მრჩევლებმა შეიძლება დაარწმუნონ ის, სატელევიზიო დებატებზე წარუმატებელი წარმოდგენის შემდეგ, უარი თქვას ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობაზე. ამის შესახებ გამოცემა Axios-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ამ წრეში შედიან პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, პრეზიდენტის უმცროსი და ვალერი ბაიდენი, დიდი ხნის მეგობარი და რეგულარული მრჩეველი ტედ კაუფმანი, ასევე თეთრი სახლის მრჩეველთა მცირე ჯგუფი.

„მხოლოდ ეს ადამიანები ახდენენ გავლენას ბაიდენის პირად ცხოვრებასა და პრეზიდენტობასთან დაკავშირებულ დიდ და მცირე გადაწყვეტილებებზე“, – აღნიშნავს გამოცემა თეთრი სახლის ხელმძღვანელთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენსა და მის წინამორბედ დონალდ ტრამპს შორის ორი დღის წინ გამართული სატელევიზიო დებატების შემდეგ, დაიწყო მსჯელობა „დემოკრატების“ მიერ კანდიდატის შესაძლო შეცვლის შესახებ. პარალელურად, განიხილება საკითხი, შეძლებს თუ არა „დემოკრატიული პარტია“ სხვა კანდიდატის დასახელებას აგვისტოში გამართულ ყრილობამდე, ან მის დროს

ვიქტორი ორბანი, ჩეხეთის ყოფილ პრემიერი და ავსტრიის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი ევროპარლამენტში ჯგუფს ქმნიან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა და ჩეხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა ევროპარლამენტში ახალი მემარჯვენე ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადეს.

Telex-ის ინფორმაციით, ორბანმა, კიკლმა და ბაბიშმა შესაბამისი განცხადება ვენაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. მათ გააფორმეს „პატრიოტული მანიფესტი ევროპის მომავლისთვის“, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი „ევროპელების წინააღმდეგ აღმოჩნდა და ახლა წარმოადგენს ინტერესებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ერების, რეგიონებისა და მცირე თემების ნებას“.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 9 ივნისს გამართული ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ „ახალი ერა იწყება“.

„ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას, შევქმნათ ჯგუფი, რომელიც იქნება ყველაზე ძლიერი მემარჯვენე კოალიცია ევროპაში. ახლა თქვენს წინაშე სხედან ავსტრიის, უნგრეთის და ჩეხეთის უძლიერესი მემარჯვენე ძალები“, – აღნიშნა ორბანმა.

საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში! – გერმანიის ელჩი

საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში! წარმატებას გისურვებთ, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა და გამოაქვეყნა გერმანიის მეოთხედფინალში გასვლის შესახებ ინფორმაცია.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ზე მერვერდფინალურ მატჩში გერმანიამ დანია ანგარიშით – 2:0 დაამარცხა.

როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გამართავს. სწორედ საქართველო-ესპანეთის შეხვედრაში გამარჯვებული მეოთხედფინალში გერმანიის ნაკრებს შეხვდება.

საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგ მოქალაქეებს ავტობუსების ნაწილი და მეტრო გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველო-ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.

მათივე ცნობით, ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი თამაშის ღია ჩვენებას, კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, სადაც თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდა.

„ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, მატჩის დასრულების შემდეგ კი, მოქალაქეებს ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388 მოემსახურებიან. გვიანობამდე იმუშავებს თბილისის მეტროც.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გერმანიის ქალაქ კიოლნში, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაუპირისპირდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.