Home Blog Page 1085

,,ძალიან ნათელია საქართველოს მოსახლეობისთვის ვინაა მტერი და ვინ პარტნიორი”- სალომე ზურაბიშვილი პესკოვის განცხადებაზე

ამ „რუსულ კანონს“ ბოლო დღეების განმავლობაში მხარი რუსებმა დაუჭირეს, მაშინ როდესაც ყველა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი ამბობს, რომ ის შეფერხება იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეარხ France24-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილმა ასევე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვის განცხადებას, რომლის თქმითაც საქართველოში “ანტირუსული სენტიმენტები” გარე აქტორებისგან მოდის.

“არ ვიცი ვის გულისხმობენ, მაგრამ იმას გეტყვით, რომ ანტირუსულ სენტიმენტებს საქართველოში ის აღვივებს, ვინც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახდენს, და სხვა არავინ. ასე რომ, ეს ძალიან ნათელია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, თუ ვინაა მტერი და ვინ არიან პარტნიორები, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოს დემოკრატიზაციას, საქართველოს ინსტიტუტებს, საქართველოს განვითარებას წლების მანძილზე.

ძალიან გასაკვირია, რომ ამ რუსულ კანონს ამ ბოლო დღეების განმავლობაში მხარი რუსებმა დაუჭირეს, მაშინ როდესაც ყველა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი ამბობს, რომ ის შეფერხება იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე. ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან-ძალიან ნათელია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

,არავის უხარია გამჭვირვალობა, როცა ფულს ხარჯავს”- პრემიერი

დონორს შეიძლება არ უხარია მისი თანხების გამჭვირვალობა, მაგრამ ჩვენ უნდა გვიხაროდეს ის, რომ დღეს რომ არ აქვს მოქალაქეს ინფორმაცია, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, საიდან ფინანსდება „ფრანკლინის კლუბი”, „სირცხვილია” ან სხვა რადიკალური ორგანიზაცია, ინტერესი არის ის, რომ ხვალ გავაგებინოთ, საიდან მიიღო ორგანიზაციამ ფული და რაში დახარჯა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, არავის უხარია გამჭვირვალობა, როცა ფულს ხარჯავს.

„მაგალითად, ჩვენ მთავრობაში ჩვენი ინიციატივით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენც გვქონდა გაცნობიერებული, რომ გამჭვირვალობას მოსდევს თავისი რისკები. მაგალითად, როგორც კი მივიღე გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ყველა განკარგულება უნდა გასაჯაროებულიყო, ერთ კვირაში ერთ-ერთმა ტელევიზიამ, მართალია უსაფუძვლოდ, მაგრამ ააგორა სპეკულაცია ერთ-ერთ განკარგულებასთან დაკავშირებით. უხერხულობას ჩვენც გვიქმნის ეს, მიუხედავად იმისა, რომ სუფთად ვაკეთებთ ყველაფერს. არც ერთ ფულის გამცემს არ უხარია გამჭვირვალობა, შესაბამისად ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენი  ინტერესები გვაქვს. დონორს შეიძლება არ უხარია მისი თანხების გამჭვირვალობა, მაგრამ ჩვენ უნდა გვიხაროდეს ის, რომ დღეს რომ არ აქვს მოქალაქეს ინფორმაცია, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, საიდან ფინანსდება „ფრანკლინის კლუბი”, „სირცხვილია” ან სხვა რადიკალური ორგანიზაცია, ინტერესი არის ის, რომ ხვალ გავაგებინოთ, საიდან მიიღო ორგანიზაციამ ფული და რაში დახარჯა ეს ფული”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, არსებობს პროექტები, რომლებიც ემსახურება მაგალითად სოფლის მეურნეობის გაძლიერებას საქართველოში და ამ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანიზაცია, რომელიც ამ მიზნით იღებს უცხოურ დაფინანსებას, ატარებს უცხოური ძალის კეთილშობილურ ინტერესს.

„არსებობს უცხოური ძალა, ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ევროკავშირი, აშშ-ის მთავრობა და ა.შ. მას აქვს ინტერესი, რომ საქართველოში განვითარდეს სოფლის მეურნეობა. ამ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანიზაცია ატარებს უცხოური ძალის ამ კეთილშობილურ ინტერესს. როდესაც მთავრობა დააფინანსებს მაგალითად სოფლის მეურნეობას, ეს იქნება ჩვენი ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, რომელიც სოფლის მეურნეობას გააძლიერებს ქვეყანაში, მაგრამ თუ მთავრობა დააფინანსებს ორგანიზაციას, რომელიც მიზნად დაისახავს მაგალითად, პირობითად რომელიმე რელიგიურ გაერთიანებაზე თავდასხმას, ესეც იქნება ჩვენი ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, მაგრამ იქნება ცუდი ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. გამჭვირვალობის მთავარი ინტერესი რა არის – ხალხმა უნდა გაარჩიოს, სად არის კარგი ინტერესი და სად – ცუდი ინტერესი. დარწმუნებული ვარ, ამ თანხების ძალიან დიდი ნაწილი, პირობითად 70-80% იხარჯება სწორედ კარგ ინტერესებზე – სოფლის მეურნეობა, შშმ პირები და ა.შ. მაგრამ 20-30% სადაც ფული იხარჯება ცუდ ინტერესებზე. დღეს საქართველოს მოქალაქეს არ აქვს ინფორმაცია ამ დაფინანსებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

,,გთხოვთ, ნუ გამოაყენებინებთ თქვენს გულწრფელ და ალალ გრძნობებს ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებს, დამნაშავე ნაცბანდას ”- მამა დავით რუხაძე

როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მღვდელმსახური, მკვეთრად ვემიჯნები იმ ბაკქანალიას, რასაც მესამე დღეა ადგილი აქვს რუსთაველის გამზირზე, – ამის შესახებ მამა დავით რუხაძე Facebook-ზე წერს.

„მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდობას: შვილებო, მე მჯერა თქვენი ალალი გრძნობების, მჯერა, რომ ძალიან გიყვართ სამშობლო, განმსჭვალული ვარ თქვენდამი პატივისცემით და გთხოვთ ნუ გამოაყენებინებთ თქვენ გულწრფელ და ალალ გრძნობებს ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებს: დამნაშავე ნაც- ბანდას, „ტრაგედია დაღმაშენებელს“, ყაჩაღ-ბანკირთა ე.წ. „ლელოს“, შარვალჩახდილ „გირჩელებს“, და სხვა ქვეყნის გარედან მართულ აგენტ პოლიტიკოსებს, რომელთათვის მთავარია არა სამშობლო, არამედ პირადი გამორჩენა და დივიდენდების მიღება თავიანთი პატრონებისგან!

ეს ხალხი თავიანთი ბინძური მიზნების მისაღწევად იყენებს თქვენს გულწრფელ და ალალ სურვილს, იდგეთ ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე! ეს კი მხოლოდ ღმერთთან და ეკლესიასთან ურთიერთობით, კარგი სწავლით, ნაკითხობით, საკუთარი პროფესიის კარგად დაუფლებით მიიღწევა! როგორც ერთ- ერთი რიგითი მღვდელი უმორჩილესად გთხოვთ არ მიიღოთ მონაწილეობა ქვეყნის არევაში და უნებლიედ არ გახდეთ სამშობლოს გამყიდველ პოლიტიკოსთა ხელში ბრმა იარაღი!“ – წერს მამა დავით რუხაძე.

,,ევროპარლამენტი მომავალ კვირას კენჭს უყრის უცხოური აგენტების შესახებ კანონის რეზოლუციას”- „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ ევროპარლამენტი მომავალ კვირას კენჭს უყრის უცხოური აგენტების შესახებ კანონის არასავალდებულო რეზოლუციას.

„ევროკავშირის ზოგიერთმა ლიდერმა შესაძლოა დღეს საღამოს ევროკავშირის სამიტზე არაფორმალურად დააყენოს დღის წესრიგში საქართველოში არსებული ვითარება. სავარაუდოდ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მას ორშაბათს განიხილავენ.

ამასთან, ევროპარლამენტი მომავალ კვირას კენჭს უყრის უცხოური აგენტების შესახებ კანონის არასავალდებულო რეზოლუციას“, – აღნიშნა რიკარდ იოზვიაკმა.

 

,,რომ არ ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ეს კანონი ევროპულ ინტეგრაციას საფრთხეს არ შეუქმნის, რა თქმა უნდა, მას არ მივიღებდით”- პრემიერი

სუვერენიტეტის გარეშე ევროპაში ვერ შეხვალ. შენ პირველ რიგში, უნდა იყო სუვერენული სახელმწიფო, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს კანონი მხოლოდ და მხოლოდ წაადგება საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესებს.

 

„სიტყვას გაძლევთ, რომ არცერთ დახურულ შეხვედრაზე იმაზე მეტი არ იყო ნათქვამი, ვიდრე ითქვა საჯაროდ. თუ აქვთ არგუმენტები კანონის წინააღმდეგ, საჯაროდ რატომ არ ამბობენ? არ არსებობს ასეთი არგუმენტი, იმიტომ, რომ კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს და ეს არის ყოველწლიური დეკლარაციები. ამასთან დაკავშირებით არგუმენტები უბრალოდ ვერ იარსებებს. ამიტომ, როდესაც თქვენ ამბობთ რუსულ კანონს, ეს არის უბრალოდ ტყუილი.

 

ჩვენ რომ არ ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ეს კანონი ევროპულ ინტეგრაციას საფრთხეს არ შეუქმნის, რა თქმა უნდა, მას არ მივიღებდით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კანონი არა თუ საფრთხეს არ შეუქმნის ევროინტეგრაციას, არამედ პირიქით, მხოლოდ და მხოლოდ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში. ჩვენ თუ სახელმწიფო სუვერენიტეტს არ დავიცავთ, დაგვემართება ის, რაც უკრაინას დაემართა – უკან მოგვრჩება მშვიდობაც და ევროინტეგრაციაც. თუ რაიმეს ემსახურება ეს კანონი, ეს არის სწორედ ჩვენი ევროინტეგრაციის ამოცანა. სუვერენიტეტის გარეშე ევროპაში ვერ შეხვალ. შენ პირველ რიგში, უნდა იყო სუვერენული სახელმწიფო, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს კანონი მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ჩვენი ევროინტეგრაციის ინტერესებს და ამას საზოგადოება დაინახავს. ჩვენ გამოვიარეთ ბრძოლები, განსაკუთრებით 2020-2021-2022 და 2023 წლებში და ამ ბრძოლებმა მოგვიტანა ჩვენ კონკრეტული შედეგები და ამას საზოგადოება აკვირდებოდა. რა არის ამ რამდენიმე წლის შედეგები ჩვენი ხელისუფლებისა და ჩვენი ქვეყნისთვის – ეს არის ის, რომ ჩვენ უმძიმესი პრობლემებისა და რისკების მიუხედავად, შევინარჩუნეთ მშვიდობა, არავის არ მივეცით ქვეყნის არევის საშუალება, ძალიან სერიოზული მცდელობა იყო. გახსოვთ, რიგგარეშე არჩევნები, რევოლუცია უნდოდათ, მერე გახსოვთ, რას ითხოვდნენ ჩვენგან, როცა უკრაინაში ომი დაიწყო. მშვიდობაც შევინარჩუნეთ და ბოლოს ქვეყანამ ჩვენს ხელში მიიღო კანდიდატის სტატუსი. მანამდეც, რაც ხელშესახები შედეგი აქვს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის მათ შორის ასოცირების შეთანხმება, DCFTA, ვიზა ლიბერალიზაცია და ბოლოს კანდიდატის სტატუსი – ყველაფერი მოხდა ჩვენი ხელისუფლების ხელში და არაფერი მოსულა მარტივად – ჩვენ ყველაფერი მოვიპოვეთ ბრძოლით და შევუნარჩუნეთ ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რაც ზოგიერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა და შესაბამისად, სერიოზული პრობლემები შეექმნა. აქედან გამომდინარე, ამ კანონის მიღება ემსახურება სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას, ევროინტეგრაციას და ამ კანონის მიღებას არ აქვს არავითარი ალტერნატივა. თუ არ მივიღებთ ამ კანონს, სწორედ ამ შემთხვევაში შეგვექმნება სუვერენიტეტის პრობლემა და შეგვექმნება პრობლემა ევროინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა პრემიერმა.

,,არ იყო საჭირო კანონპროექტს რუსული დარქმეოდა – ეს იმპულსები რასაკვირველია, გარედან მოდის, ეს მშვენივრად გვესმის”- პესკოვი

საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის რუსეთის გავლენასთან დაკავშირება არ შეიძლება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“არანაირად არ იყო საჭირო ამ კანონპროექტს რუსული დარქმეოდა. საქმე იმაშია, რომ საბოლოო ჯამში, ალბათ, საკუთარ შიდაპოლიტიკურ ჰიგიენაზე ზრუნვა პირველმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო, რომლებმაც FARA მოიფიქრეს. სწორედ მათ შემოიტანეს ეს პრაქტიკა. ამიტომ ეს არანაირი რუსული [პრაქტიკა არ არის], ბევრი სახელმწიფოსთვის ნორმალური პრაქტიკაა, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა გარე ზემოქმედებისგან დაიცვან საკუთარი თავი – უცხოური გავლენისგან შიდა პოლიტიკაზე”, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ყველა ქვეყანა ამა თუ იმ ფორმით იღებს ზომებს, მაგრამ ყველა კანონპროექტი ერთ მიზანს ემსახურება.

„ამ შიდაპოლიტიკური პროცესის ანტირუსული განწყობების პროვოცირების ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობენ – საეჭვოა, რომ ეს იმპულსები საქართველოს შიგნიდან მოდიოდეს. ისინი რასაკვირველია გარედან მოდის, ეს მშვენივრად გვესმის. და ვაკვირდებით იმას, თუ რა ხდება”, – განაცხადა პესკოვმა.

ძალიან მკაცრად ვაფრთხილებ ყველას, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა, „ნაცმოძრაობას“ არ გაუვა ის, რაც გასდიოდა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში – ირაკლი კობახიძე

მინდა, ძალიან მკაცრად გავაფრთხილო ყველა – თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კარგად არის ცნობილი ზოგადად „ნაცმოძრაობის“ ხელწერა.

„მათ ყველაფერი უკადრიათ წარსულში, ყველაფერი აქვს ნაკადრები ამ პარტიას, რაც კი შეიძლებოდა ეკადრა. ის ორგანიზაციები, რომლებიც გამოდიან და დღეს მაღალ მატერიებზე გვესაუბრებიან, ბოლომდე ფუთავდნენ იმ ქმედებებს, რასაც ნაცმოძრაობა ახორციელებდა, პატიმრების წამების და მკვლელობის ჩათვლით და ა.შ. გაიხსენეთ 26 მაისს, როდესაც უტიაშვილმა ჯიხურების თავზე განათავსა ცხედრები, ნახეთ რამდენად მკაცრი იყო ამ NGO-ების განცხადებები. მაშინ ისინი იყვნენ ე.წ GONGO-ები, ანუ სამთავრობო NGO-ებში. დღეს სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ. ამიტომ არის გამჭვირვალობა მთავარი. გამჭვირვალობა საბოლოო ჯამში გააჯანსაღებს პროცესს და ამ NGO-ებს გააჯანსაღებს. თუ აქამდე მათი საქმიანობა არ იყო ჯანსაღი, გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის გაჯანსაღებას“, – განაცხადა პრემიერმა.

დევი ჭანკოტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ის არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი სახე, რომელსაც წამოსცდა ის, რაზეც შესაძლოა, ეს პოლიტიკური ძალა ფიქრობდეს.

„არ გაბედონ არავითარი პროვოკაციის მოწყობა. ნუ იყენებენ ადამიანებს საკუთარ შიშველ იარაღად ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად, მით უმეტეს, რომ არავითარი შანსი არ აქვთ. დღეს სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და 10%-ს ჩამოცდენილი „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი თავისი კოლექტიური სატელიტებით ვერავითარი მასშტაბური პროვოკაციის მომწყობი ვერ არის. სახელმწიფო დაუპირისპირდება უმკაცრესად ნებისმიერ ასეთ მცდელობას. „ნაცმოძრაობას“ არ გაუვა ის, რაც გასდიოდა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ამას დამოუკიდებელი, სუვერენული ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

,,გუშინდელ აქციაზე „ნაცმოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის ცნობილი სახეები აქტიურობდნენ” – კობახიძე

ღიმილისმომგვრელია როცა ლევან ხაბეიშვილი, ნიკა გვარამია, გუბაზ სანიკიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, გვასწავლიან, პირადად მე მასწავლიან ევროპულობას, მათი ანტიევროპული წარსული და ქცევა არის ყველაზე ცხადი დასტური, თუ რამდენად ყალბია მათ მიერ წარმოებული ე.წ. ევროპული კამპანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გუშინდელ აქციაზე აქტიურობდნენ „ნაცმოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის ცნობილი სახეები.

„გუშინ აქტიურობდნენ ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე, ადეიშვილის ცნობილი მოადგილე და სხვები, რომლებიც მაღალ მატერიებზე გვესაუბრებოდნენ. გუშინ აქციაზე, უტიფრობის საზღვარიც ხომ არსებობს, ვიხილეთ შოთა უტიაშვილი, რომელმაც შეგახსენებთ, რა გააკეთა 2011 წელს, მაშინ რეჟიმის მიერ მოკლული რამდენიმე მომიტინგის ცხედარი მან განათავსა ჯიხურებზე და ეს ადამიანი დღეს უტიფრად დგას საპროტესტო აქციაზე. რეჟიმის მიერ მოკლული რამდენიმე ადამიანის ცხედარი განათავსეს უტიაშვილის პირდაპირი მითითებით, ეს მისი იდეა იყო, იმიტაცია გააკეთეს უბედური შემთხვევის და ეს სამარცხვინო შოთა უტიაშვილი, მის ცოლთან ერთად, რომელიც მაშინ „აპრავებდა“ ე.წ. დამოუკიდებელი მედიიდან, კრიტიკული მედიიდან, გუშინ იდგა ამ აქციაზე. ეს არის უტიფრობის, უსაზღვრობის ერთ-ერთი მთავარი დამადასტურებელი ფაქტი. ასევე გუშინდელ აქციას წარმართავდნენ კეზერაშვილის ცოლის ძმა ვინმე ჩიქოვანი, ის იყო მთავარი ორგანიზატორი აქციის და ფრანკლინის კლუბის, ახლა სხვა რაღაც ჰქვია, ერთ-ერთი ლიდერი, უცხოური გავლენის აგენტი, ვინმე ზიბზიბაძე. გუშინდელ აქციაზე გამოიყენებოდა აკერმანის სახელმძღვანელოს კარგად გაცვეთილი რიტუალები – აკერმანის შეგირდებმა ასეთი ტრიუკებით მოატყუეს რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეები, რამაც იმ ქვეყნებში მძიმე პროცესებს დაუდო დასაბამი, თუმცა ქართული საზოგადოება დღეს საკმარისად გამოცდილია, რომ ასეთმა იაფფასიანმა ტრიუკებმა მასზე გავლენა არ მოახდინოს.

მინდა, გაგიზიაროთ ასევე ჩემი პირადი აღქმა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ წარმოებულ ფსევდო ევროპულ კამპანიასთან დაკავშირებით, ღიმილისმომგვრელია, როცა ლევან ხაბეიშვილი, ნიკა გვარამია, გუბაზ სანიკიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, გვასწავლიან, პირადად მე მასწავლიან ევროპულობას, ხაბეიშვილი, სანიკიძე, მე მასწავლიან და ჩვენ გვასწავლიან ევროპულობას, ეს ხომ ღიმილისმომგვრელია, ეს ხომ სამარცხვინოა. მათი ანტიევროპული წარსული და ქცევა არის ყველაზე ცხადი დასტური იმისა, თუ რამდენად ყალბია მათ მიერ წარმოებული ე.წ. ევროპული კამპანია. გუბაზ სანიკიძის და ლევან ხაბეიშვილის ევროპული კამპანია არის ღიმილის მომგვრელი“, – განაცხადა კობახიძემ.

სეუ-ს სტუდენტი, ლუკა ნემსაძე – როგორ შეიძლება ისე გძულდეს შენი ქვეყანა, რომ ყველა ხერხს ხმარობდე არეულობის გამოსაწვევად, სტუდენტების იმედი არ გქონდეთ ამ ამბავში

„როგორ შეიძლება რუსული დაარქვა დეკლარაციის შევსებას?! როგორ შეიძლება ისე გძულდეს შენი ქვეყანა, რომ ყველა ხერხს ხმარობდე არეულობის გამოსაწვევად?! სტუდენტების იმედი არ გქონდეთ ამ ამბავში“-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი ლუკა ნემსაძე სოციალურ ქსელში წერს. „როგორ შეიძლება რუსული დაარქვა დეკლარაციის შევსებას?! როგორ შეიძლება არადემოკრატიული დაარქვა გამჭვირვალობას?! როგორ შეიძლება ისე გძულდეს შენი ქვეყანა, რომ ყველა ხერხს ხმარობდე არეულობის გამოსაწვევად?! სტუდენტების იმედი არ გქონდეთ ამ ამბავში“-ლუკა ნემსაძე.

,, სალომე ზურაბიშვილი არის უცხოური გავლენის აგენტი”-

სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი. შესაბამისად, ერთადერთ ვისი ხმაც არის სალომე ზურაბიშვილი, არის შესაბამისი უცხოური ძალა, გლობალური ომის პარტია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, უნდა დაელოდოს საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც რეალურად რეფერენდუმი იქნება ამ კანონთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება კანონის სახალხო ლეგიტიმაციას. თქვენ იცით, რომ სულ რაღაც 6 თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და ეს საპარლამენტო არჩევნები იქნება მათ შორის რეფერენდუმი ამ კანონთან დაკავშირებით. ყველა ძალიან კარგად ნახავს, რომ საბოლოო ჯამში ამ კანონს ექნება დაახლოებით 60%-იანი მხარდაჭერა. შესაბამისად, ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, მათ შორის პირველ რიგში სალომე ზურაბიშვილი, ნუ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, როდესაც ის პირდაპირ ღალატობს ქართველ ხალხს და ქვეყნის კონსტიტუციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმძიმესი შეურაცხყოფა ჯერჯერობით არცერთ დიპლომატს და „ენჯეოს“ არ დაუგმია”- კობახიძე

მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მედიასაშუალებას, თავისუფალ მედიასაშუალებას და ყველა ჟურნალისტს, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და უმძიმესი შეურაცხყოფის მიუხედავად, უმაღლესი პროფესიონალიზმით აკეთებდა საკუთარ საქმეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმძიმესი შეურაცხყოფა ჯერჯერობით არცერთ დიპლომატს და „ენჯეოს” არ დაუგმია.

მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მედიასაშუალებას, თავისუფალ მედიასაშუალებას და ყველა ჟურნალისტს, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და უმძიმესი შეურაცხყოფის მიუხედავად, უმაღლესი პროფესიონალიზმით აკეთებდა საკუთარ საქმეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმძიმესი შეურაცხყოფა ჯერჯერობით არცერთ დიპლომატს და „ენჯეოს” არ დაუგმია. კოლეგებზე არ მინდა ლაპარაკი, თქვენი საქმეა. უბრალოდ, სამარცხვინოა ეს ყველაფერი”, – განაცხადა პრემიერმა.

„ენჯეოებს“ ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მცდელობა”- ირაკლი კობახიძე:

2020 და 2022 წლებში „ენჯეოებს“ ჰქონდათ საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაყალბდა ე.წ. „პივიტი“ პარალელური ხმის დათვლის შედეგები, რამაც შექმნა საბაბი რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ მათ დაეწყოთ საბოტაჟი.

„კიდევ ერთხელ მინდა, შეგახსენოთ ის მანკიერებები, რაც ჩვენ გვაწუხებდა და კიდევ გვაწუხებს, საუბარია „ენჯეოების“ საქმიანობაზე.

პირველ რიგში ღიად რომ ვისაუბროთ, 2020 და 2022 წლებში „ენჯეოებს“ ჰქონდათ საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობა. ყველას გახსოვთ საქართველოში რა მოხდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

როგორც გაყალბდა ე.წ. „პივიტი“ პარალელური ხმის დათვლის შედეგები, როგორც დასჭირდათ ხუთი კვირა ამის აღიარებისთვის, ასევე როგორ გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია ე.წ. ზედმეტობებთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, თითქოს ცესკომ დაგვიანებით გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები. ამ ყველაფრის საფუძველზე მათ გამოაქვეყნეს ყალბი დასკვნა იმის შესახებ, თითქოს ეს არჩევნები იყო ყველაზე ცუდი ისტორიაში – ეს არის მათი დასკვნიდან ციტატა.

ამან შექმნა საბაბი რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ მათ დაეწყოთ საბოტაჟი, არ შემოსულიყვნენ პარლამენტში და საბოლოო ჯამში სწორედ ამ „ენჯეოების“ ყალბმა დასკვნამ მოამზადა საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ ხელი მოგვეწერა ანტიკონსტიტუციურ, კაბალურ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რის საფუძველზეც დავთანხმდით ე.წ. 43-პროცენტიან ბარიერს.

ყველას კარგად გვესმის, ჩვენ რომ ვერ აგვეღო 43 პროცენტი მუნიციპალურ არჩევნებში, ამ შემთხვევაში ჩატარდებოდა რიგგარეშე არჩევნები, რაც იყო მთელი ამ პროცესის მიზანი შესაბამისად, მიზანი იყო ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა, რაც საბედნიეროდ ვერ მოხდა. ეს იყო პირველი რევოლუციური მცდელობა.

რაც შეეხება მეორე მცდელობას, თქვენ გახსოვთ როგორ განვითარდა პროცესები 2022 წლის ივნისში, მაშინ ეს „ენჯეოები“, რომლებიც შესაბამისი წყაროებიდან იღებდნენ დაფინანსებას, პირდაპირ ავიდნენ სცენაზე, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და საკუთარი მონაწილეობით მოითხოვეს ტექნიკური მთავრობის შექმნა.

ეს იყო პირდაპირი ჩართვა რევოლუციური პროცესში, პირდაპირი შესვლა პოლიტიკაში, რაც წესით ენჯეოემ არ უნდა გააკეთოს, მაგრამ ისინი წავიდნენ თვითლუსტრაციაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჰქონდათ წარმატების იმედი, ანუ ვაბანკზე წავიდნენ ისინი და ამ ფორმით ჩაერთნენ რევოლუციურ პროცესებში – აქ მინდა, მკაფიოდ ვთქვა ერთი რამ, მაშინ რომ ემოქმედა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, მგონია, რომ ენჯეოები ამ ყველაფერს ვერ გაბედავდნენ და დონორების რეპუტაციას უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ, თუმცა მაშინ არ მოქმედებდა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, შესაბამისად, ჩვენი სუვერენიტეტი ისე მყარად არ იყო დაცული. პირველი რაც გვაწუხებდა, ეს იყო რევოლუციის მცდელობები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ენჯეოები აქტიურად ცდილობენ, თავს დაესხა მართლმადიდებელ ეკლესიას და შელახონ რეპუტაცია.

„ამ მცდელობებს ვხედავთ ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში. აქაც დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილიყო კანონი „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“, მეტი პასუხისმგებლობა ექნებოდათ „ენჯეოებს“ საკუთარი დონორების წინაშე და ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდებდნენ დონორ ორგანიზაციებს.

როდესაც ხედავს ქართული საზოგადოება, რომ კონკრეტული დონორის მიერ დაფინანსებული ენჯეო წლების განმავლობაში თავს ესხმის მართლმადიდებელ ეკლესიას, რა წარმოდგენა უნდა შეექმნას საზოგადოებას დონორებთან დაკავშირებით. აქაც სამწუხაროდ, არ იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონი შესაბამისად, კონკრეტული „ენჯეოები“ თავხედურად ესხმოდნენ თავს მართლმადიდებელ ეკლესიას.

შემდეგი საკითხი რაც გვაწუხებდა, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის პარალელურად, კონკრეტული ენჯეოები ღიად უჭერენ მხარს ისეთ აქტივობებს, რომლებიც საქართველოში რელიგიური სარჩულით პოლიტიკურ ინტერვენციას ისახავს მიზნად, მათ შორის კონკრეტული ენჯეოები ისეთ აქტივობებს უჭერდნენ მხარს, რომლებიც მიმართული იყო რელიგიური ექსტრემიზმის წახალისებისკენ საქართველოში.

არ მინდა, დავასახელო ის რელიგიური ექსტრემიზმით გამორჩეული გაერთიანებები, რომელთა ადვოკატიც არის რეგულარულად ერთ-ერთი დასავლური წყაროებიდან დაფინანსებული ორგანიზაცია, აბსოლუტურად გაუგებარია. მე აქაც მგონია, რომ ემოქმედა წლების განმავლობაში საქართველოში კანონს „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ, ეს კონკრეტული ორგანიზაციები, ერთი ენჯეოა გამორჩეული, ვერ გაბედავდა ასე ღიად სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლას და დონორებს არ ჩააგდებდა ასეთ უხერხულ მდგომარეობაში.

„ენჯეოები“ სამწუხაროდ, არიან ღიად ჩართული ლგბტ პროპაგანდაში, რომელიც საკმაოდ უხეში ფორმით წარმოებს. საქართველოში ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული. აქ საქმე არ ეხება უფლებების დაცვას, ეს არის პირდაპირი უხეში ლგბტ პროპაგანდა, რაშიც ჩართული არიან კონკრეტული ენჯეოები.

აქაც დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილიყო გამჭვირვალე დაფინანსება, აქაც „ენჯეოებს“ გაუჭირდებოდათ ამ პროპაგანდაში ასეთი უხეში ფორმით მონაწილეობა და გაუფრთხილდებოდნენ დონორების რეპუტაციას, მოუწევდათ გაფრთხილებოდნენ, შეიძლება, მათი ინტერესების წინააღმდეგ, მაგრამ მოუწევდათ გაფრთხილებოდნენ სახელმწიფო და საზოგადოების ინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ.