Home Blog Page 1084

ქალებს ისედაც ბევრი სირთულის დაძლევა უწევთ პოლიტიკაში და ამ პირობებში კიდევ უფრო მიუღებელია ქალი პოლიტიკოსების მიმართ რაიმე ტიპის შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი კომენტარების გაჟღერება – სახალხო დამცველი

„ქართული ოცნების“ წევრი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე სახალხო დამცველმა კომენტარი გააკეთა. როგორც ლევან იოსელიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, განსაკუთრებით მიუღებელია ქალი პოლიტიკოსების მისამართით რაიმე ტიპის შეურაცხმყოფელი, ან დამამცირებელი კომენტარი, რადგან მათ ამ სფეროში ისედაც ბევრი სირთულის დაძლევა უწევთ.

„კატეგორიულად მიუღებელია ადამიანის დამუნათება, ე.წ. დაბულინგება განსხვავებული პოლიტიკური თუ ნებისმიერი მოსაზრების გამო. მითუმეტეს როდესაც საუბარია ქალებზე. ქალებს ისედაც ბევრი სირთულის დაძლევა უწევთ პოლიტიკაში და ამ პირობებში კიდევ უფრო მიუღებელია ქალი პოლიტიკოსების მიმართ რაიმე ტიპის შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი კომენტარების გაჟღერება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

თავდასხმა „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატზე – ბულინგის ობიექტი ამჯერად სალომე ქურასბედიანია.

სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროგაერთიანების საქმეთა კომიტეტის დელეგაციასთან ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროგაერთიანების საქმეთა კომიტეტის დელეგაციასთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციითვე, შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, პრეზიდენტმა მიმდინარე პროცესების ფონზე, მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაზეც დელეგაციამ აღნიშნა, რომ დღეს მათი ვიზიტი სწორედ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერის ხაზგასმაა.

„პრეზიდენტმა ქვეყანაში განვითარებული მოვლენებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ქართველი ხალხის ურყევ და მტკიცე ბრძოლაზე და აღნიშნა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება ნამდვილი რეფერენდუმი ევროპულ და რუსულ საქართველოს შორის, რომელშიც კიდევ ერთხელ, ევროპული არჩევანი გაიმარჯვებს.

ამასთანავე, ხაზი გაესვა წინასაარჩევნო პერიოდში საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის და სადამკვირვებლო მისიების საქართველოში ყოფნის მნიშვნელობას.

პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპული პლატფორმის შესახებ მის ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს ევროპული სამოქმედო გეგმა იქნება.

დელეგაციამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული გზის წინსვლისათვის გაწეული ძალისხმევის გამო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

,,კეთილი ინებოს ყველამ და პატივი სცეს ჩვენი ხალხის ნებას”- ანრი ოხანაშვილი

კეთილი ინებოს ყველამ და პატივი სცეს ჩვენი ხალხის ნებას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ყველამ უნდა გაითავისოს და გაითვალისწინოს, რომ ამ ქვეყანას აქვს ძალიან მძიმე და რთული გამოწვევები.

„კეთილი ინებოს ყველამ და პატივი სცეს ჩვენი ხალხის ნებას. რაც მთავარია, ყველამ გაითავისოს და გაითვალისწინოს, რომ ამ ქვეყანას აქვს ძალიან მძიმე და რთული გამოწვევები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტიანი ოკუპაციის პირობებში და იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რაც ჩვენს გარშემო ხდება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

,,მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებთ, არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაიწვიონ” -ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს შესახებ მომხსენებლები ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი გაიწვიონ.

ამის შესახებ განცხადებას PACE-ის საქართველოს შესახებ მომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი) და ედიტე ესტრელა (პორტუგალია) ავრცელებენ.

“ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ჩვენს შეშფოთებებთან დაკავშირებით ავტორიტეტული იურიდიული არგუმენტები გვთხოვეს. ეს არგუმენტები ახლა ვენეციის კომისიის ერთმნიშვნელოვან მოსაზრებაში გახმოვანდა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტის თხოვნის შედეგად შედგა. შესაბამისად, ჩვენ მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებთ არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და ეს კანონი გაიწვიონ, რისი რეკომენდაციაც ვენეციის კომისიამ გასცა,” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღინიშნება, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში დემოკრატიისთვის არსებული საფრთხეების შესახებ დებატებს 2024 წლის 24 მაისს ვილნიუსში შეხვედრის დროს განიხილავს.

ყველა, ვინც წინასწარ საუბრობს პარტიებს შორის საარჩევნო დაჯგუფებაზე, უპასუხისმგებლოდ იქცევა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ კოორდინაციას საფრთხის ქვეშ აყენებს – გიგა ბოკერია

ყველა, ვინც წინასწარ საუბრობს პარტიებს შორის საარჩევნო დაჯგუფებაზე, უპასუხისმგებლოდ იქცევა და ზოგადად ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ კოორდინაციას საფრთხის ქვეშ აყენებს , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პარტიები შეჯერდნენ იმაზე, თუ რას გააკეთებენ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხალხმა იცოდეს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არავის ხელში არ აღმოჩნდება კონცენტრირებული ძალაუფლება და პირველივე 100 დღეში გატარდება ის რეფორმები, რომელიც ამას არ დაუშვებს.

„სწორედ ამიტომ ვუჭერთ ჩვენ, „ევროპული საქართველო“ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას მხარს. რაც შეეხება მათ, ვინც წინასწარ საუბრობს პარტიებს შორის საარჩევნო დაჯგუფებაზე, თან ისე, რომ ეს შეთანხმებები მიღწეული არაა, ყველა ეს სუბიექტი ენმ-ს მეთაურობით იქცევა უპასუხისმგებლოდ, პოპულისტურად და საფრთხის ქვეშ აყენებს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ზოგადად პარტიების კოორდინაციას”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ლიეტუვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაიწვიოს

ლიეტუვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაიწვიოს. დოკუმენტის ტექსტი სოციალურ ქსელში ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავიოლიონისმა გამოაქვეყნა.

რეზოლუციაში ლიეტუველი დეპუტატები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო. მათი თქმით, კანონი მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვისკენ და არსებითად რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის ეკვივალენტურია. ლიეტუველის დეპუტატების თქმით, საქართველოში მიღებული კანონი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და დემოკრატიულ პრინციპებს.

დოკუმენტში გამოთქმულია წუხილი, რომ საქართველოს მთავრობის ნაბიჯები არ არის თანხვედრაში საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებებთან და საქართველოს გაცხადებულ მიზნებთან, ქვეყანა ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდეს. მათვე თქმით, საქართველოს მთავრობის ქმედებებს შესაძლოა, სეროზული გრძელვადიანი შედეგი მოჰყვეს საქართველოს გეოპოლიტიკური ორიენტაციისა და დემოკრატიისთვის.

რეზოლუციაში ლიეტუველი დეპუტატები მხარდაჭერას უცხადებენ ქართველ ხალხს, რომელიც იცავს საკუთარი მოსაზრების გამოხატვის თავისუფლებას და საქართველოს ევროპულ მომავალს. დოკუმენტში მკაცრად არის დაგმობილი მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალის გამოყენება, ასევე, ცილისმწამებლური, დაშინების ორგანიზებული კამპანია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობა. ლიეტუველი დეპუტატების თქმით, მსგავსი ქმედებები, რომლებიც მიმართულია მშვიდობიანია შეკრებების და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობისკენ, მიუღებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში.რეზოლუციაში ლიეტუვის სეიმის წევრები შეახსენებენ საქართველოს მმართველ პარტიას, რომ მას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება დემოკრატიული საზოგადოებების პრინციპების დარღვევებზე, რომლებიც შეუსაბამოა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის დაწესებულ პოლიტიკურ კრიტერიუმებთან.

ლიეტუველი დეპუტატები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი, უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება, ჩაერთოს მასთან დიალოგში და დაიცვას კონსტიტუციური ვალდებულება, რომელიც გულისხმობს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციასა და საჭირო რეფორმების გაგრძელებას. ამასთან, ლიეტუვის სეიმის წევრები მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს განიხილონ საპასუხო ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა, თუ საქართველოს მთავრობა უარყოფს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, გააგრძელებს კანონის იმპლემენტაციას და სამოქალაქო საზოგადოების დევნას.

საქართველო არ გახდება ომისა და ბომბების ცვენის ადგილი – წილოსანი

სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ საერთაშორისო აქტორები და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად დგანან. ვფიქრობ, საზოგადოების უმრავლესობას უჩნდება კითხვა, რა ერთობლივ ინტერესებს ემსახურებიან ისინი. საქართველო არ გახდება ომისა და ბომბების ცვენის ადგილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„არ ვიცი, თუ არის კიდევ დარჩენილი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ჩვენს ოპოზიციას აზრი მოეკითხება. ეს ადამიანები მინიმუმ მე-4 მოწვევის პარლამენტში არიან და ის არ იციან, მესამე მოსმენა რას გულისხმობს, არ იციან მესამე მოსმენა როდის დაიწყება და როდის დასრულდება, პარლამენტის წევრებს არ იცნობენ. აღმოჩნდა, რომ ხატია დეკანოიძე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სალომე ქურასბედიანს არ იცნობს და ეს თურმე სალომეს პრობლემაა და არა ხატიასი. ეს არის სამარცხვინო ოპოზიცია. აღარ ვსაუბრობ იმ მავნებლობებზე, რომელსაც ისინი აკეთებენ. ის ფაქტი, რომ რეპუტაციულად სრულად გაცამტვერებული ოპოზიცია რაღაცით უნდა სულდგმულობდეს, ამ ყველაფერს ნამდვილად ეხმარება გარედან გაკეთებული განცხადებები“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

,,რა უნდა გააკეთოს საქართველომ მეტი, რომ ვიღაც უსინდისო ადამიანებმა, შიგნით თუ გარეთ, რუსი არ გიძახონ?!” – მეუფე იაკობი

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა ქადაგებისას რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა. მღვდელმთავარმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებზე და აღნიშნა, რომ მათ ქვეყნის შიგნით სიტუაცია არ უნდა დაძაბონ. მეუფე იაკობმა ქადაგებისას ისაუბრა სწორად მოქცევასა და ქართველი ხალხის არჩევანზეც.

„რომ არიან დიდი ერები, დიდი იმპერიები ისინიც უნდა გამოხატავდნენ სიმდაბლეს. არ შეიძლება, როდესაც ერთმანეთთან ურთიერთობები გვაქვს, ისე მოვექცეთ, როგორც ვექცევით-ხოლმე – დიდმა ჩათვალოს, რომ პატარაა და ზემოდან უყუროს. ღვთის წინაშე ყველა აბსოლუტურად თანასწორია, ადამიანი იქნება თუ ერი და ამიტომ, არავის აქვს უფლება, ერთმა მეორე დაჩაგროს.

თუ ვინმემ იმპერიის დაშლაზე რამე მსხვერპლი გაიღო, ეს იყო ჩვენი ერი. იმის შემდეგ, რაც გამოვეყავით, შეხედეთ, ჯერ რუსებმა მოგვიწყვეს თბილისის ომი, შემდეგ იყო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონში ომები. შემდეგ მაგასაც არ დასჯერდნენ და 2008 წლის ომი მოხდა.

რა უნდა გააკეთოს საქართველომ მეტი, რომ აქეთ ვიღაც უსინდისო ადამიანებმა, შიგნით თუ გარეთ, რუსი არ გიძახონ?! უცხოელს მით უმეტეს არ აქვს უფლება, ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს. მას შეუძლია რაღაცით დაგველაპარაკოს. ვთხოვდი უცხოეთს, აბსოლუტურად სწორად მოგვექცნენ – საბოლოო ჯამში, ვის საქმეს ვაკეთებთ?

ვითომ, ქართული საქმე კეთდება და როდესაც სამშობლოს ებრძვი, რეალურად მაგით რუსის საქმე კეთდება და ეს ყველამ უნდა იცოდეს. ამიტომ, ბოლო წლების ურთიერთობებს რასაც ვუყურებ, ევროკავშირი იქნება თუ სხვა ქვეყნები, თუ ჩვენ ვიქნებით, ერთმანეთთან არასწორად ვიქცევით-ხოლმე, მაგრამ ეს ჩვენ არ დაგვიწყია. კეთილი ინებონ და თუ მართლაც ქართველი ხალხი აინტერესებთ, გვკითხონ, რა გვინდა და როგორ გვინდა. ჩვენ გვინდა მსოფლიოსთან ერთად დგომა და არა ისე, თვითონ რომ ცუდს აკეთებს, ის გაამართლოს და რადგანაც ძლიერია, კარგიაო თქვას, ჩემზე ყველაფერი ცუდი იძახოს.

ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ მივმართავ, ფრთხილად იყვნენ. ვიცი, რომ კარგი უნდათ – აბა, ცუდი ვის უნდა?! არ გამოდგეს, რომ რუსის საქმე აკეთონ, რადგან დღეს თუ დაფინანსებულები არიან და უცხოეთიდან ფინანსდებიან – აქციაა თუ რაც არის, ძალიან ადვილად შეიძლება მერე იმ აქციებში უცხოეთმა, სხვა ქვეყნებმა ისე, რომ ფული არ ჩადონ, თავიანთი ხალხით ყველას საწინააღმდეგო აკეთონ. ამიტომ, სიფრთხილე გვმართებს.

როდესაც ახალგაზრდა ხარ და რაღაცაზე ფიცს დებ, იმდენი ჭკუა უნდა გქონდეს, რომ ისტორია წაიკითხო და იმათი მომავალი არ იყო – ილიას სიტყვებს შეცვლა რად უნდა?! „მამული, ენა, სარწმუნოება“. ეს სამება გვაქვს, ისევე როგორც ღმერთი სამშობლო, ადამიანი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

რუსთავში, ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

შსს-ს ცნობით, რუსთავში, ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში დაკავებულია 1997 წელს დაბადებული პირი, რომელსაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. დანაშაული სანადირო თოფითაა ჩადენილი:

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ფ. ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, მეუღლე – 2003 წელს დაბადებული მ.ს. და მეუღლის დედა – 1976 წელს დაბადებული ი.ბ. თოფიდან გასროლით მოკლა. სამართალდამცველებმა გ.ფ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ერთ მხარეს დგას ბოროტება, ტყუილი, სიძულვილი, მეორე მხარეს – სიკეთე, სიყვარული, ერთობა, ევროპა და განვითარება-ლევან ხაბეიშვილი

ერთ მხარეს დგას ბოროტება, ტყუილი, სიძულვილი, მეორე მხარეს – სიკეთე, სიყვარული, ერთობა, ევროპა და განვითარება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„შუაში არის დიდი ორმო. ერთ მხარეს დგას ბოროტება, ტყუილი, სიძულვილი, დაპირისპირება, კრემლის მარიონეტები და ივანიშვილის ინტერესები; მეორე მხარეს დგას სიკეთე, კეთილდღეობა, ხალხი, სახელმწიფო, სიყვარული, ერთობა, ევროპა და განვითარება. რომელი მხარე გაიმარჯვებს, დარწმუნებული ვარ, ხვდებით და ამიტომ არავის ვუსურვებ „ორმოში“ ჩავარდნას. „ბოროტსა სძლია კეთილმან““… – წერს სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილი.

შსს რუსთავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ რუსთავში მომხდარი 2 ადამიანის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული გ.ფ. დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, მეუღლე – 2003 წელს დაბადებული მ.ს. და მეუღლის დედა – 1976 წელს დაბადებულ ი.ბ. თოფიდან გასროლით მოკლა.

სამართალდამცველებმა გ.ფ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან.