Home Blog Page 1084

ოპოზიციაში ალტერნატიული ცენტრები არ არსებობს, მხოლოდ რადიკალური ჯგუფია -ანრი ოხანაშვილი

სააკაშვილის მოწოდება იმ ჟანრიდანაა, როცა ის კვდებოდა და წამების მსხვერპლი იყო, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ ამხილა ტყუილებში. იგივე ჟანრია, როცა სააკაშვილი საუბრობს, რომ ქვეყანა დაიღუპება, თუ მთავარი პირი არ იქნება და მის გარშემო არ იტრიალებს ყველაფერი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„რაც შეეხება ალტერნატიულ ცენტრებს, ოპოზიციაში მსგავსი არ არსებობს. მხოლოდ რადიკალური ჯგუფი არსებობს, ეს იქნება გვარამია, მელია, თუ ხაბეიშვილი. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის ჯგუფი. მათ აქვთ ბელადის იდეოლოგია. მათ არავინ მისცემს უფლებას, მისი მითითებების გარეშე რაიმე ნაბიჯი გადადგან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „სასოწარკვეთაში ვვარდები, როცა ლაპარაკობენ პარტიულ განსხვავებებზე, მზად ვართ ნებისმიერი დათმობისთვის, ნეიტრალური ნომერი, საერთო სია, ასეთი სიმშვიდე, როგორც მთავრობას უნდა, სასაფლაოზეა“.

“მეორე ფრონტი” არ არის ჩემი მოგონილი – არის კონკრეტული ფაქტები, სადაც ამასთან დაკავშირებით განცხადებები კეთდებოდა -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მიუღებელია ისეთი მოწოდებები, რომლებიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ეხება. ამის შესახებ კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მანვე განმარტა, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანას მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამისი რეაქცია ექნებოდა.

„მე არ მომიგონია ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით მოსაზრებები. ამასთან დაკავშირებით უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს გაუკეთებია არაერთი განცხადება, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობდნენ, გვირჩევნია, ჩვენს ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო და ა.შ. მძიმე იყო ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლა საქართველოში, ანტისამთავრობო მიტინგზე მათი გამოსვლა და კონკრეტული მესიჯების გაჟღერება. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ასეთი ფაქტი რომ მომხდარიყო, ალბათ ხვდებით, როგორი დამოკიდებულება ექნებოდათ მათ მიმართ. ვგმობთ ასეთ ფაქტებს. ეს არ არის არც მეგობრობა და არც პარტნიორობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 ხაზარაძე მიხვდა, რომ საერთო სიაში მისი ადგილი ძალიან მოკრძალებული იქნებოდა-ირაკლი ქადაგიშვილი

უკეთესი იქნებოდა, თუ საერთო სია იქნებოდა, მაგრამ ხაზარაძე მიხვდა, რომ საერთო სიაში მისი ადგილი ძალიან მოკრძალებული იქნებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებაზე, სადაც ხაზარაძე ამბობს: „არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე, რომელიც იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საერთო სია, რომელზეც საუბარია, ძირითადად არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამჟამად რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი.

„ამომრჩევლის ერთი ბაზა აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. ცალ-ცალკე იქნებიან თუ ერთად, ეს პრინციპულ ცვლილებას ვერ მოიტანს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კახა კალაძე, რაღაც არასწორად გაიგეთ: რევოლუციას არა არასამთავრობო ორგანიზაციები ან ახალგაზრდა თაობა, არამედ მმართველი პარტია გეგმავს -მაიკლ როთი

საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი, – ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი თბილისის მერის განცხადებას, რომლის მიხედვით „ბოლო წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირდაპირ არის ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა“.

„მერო კახა კალაძე, თქვენ რაღაც ნამდვილად არასწორად გაიგეთ: რევოლუციას არა არასამთავრობო ორგანიზაციები ან საქართველოს ახალგაზრდა თაობა, არამედ თქვენი ქვეყნის მმართველი პარტია გეგმავს. საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი!“, – წერს მაიკლ როთი X-ზე.

ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დაასახელა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც ქვეყანას ევროპის ჩემპიონატზე წარადგენენ.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი.

მცველები: სოლომონ კვერკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი.

ნახევარმცველები/თავდამსხმელები: გიორგი ჩაკვეტაძე, ანრი მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია, ხვიჩა კვარაცხელია.

ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე ჩეხეთის, თურქეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. მანამდე კი, 9 ივნისს ნაკრები ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს პოდგორიცაში, სადაც მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდება.

ტაჯიკეთის ეროვნულმა ავიახაზებმა  Somon Air – მა  თბილისის აეროპორტში ოპერირება დაიწყო

ტაჯიკეთის ეროვნულმა ავიაკომპანიამ Somon Air – მა   თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეგულარულ რეისი შეასრულა. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიარეისები  დუშანბე – თბილისის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს შესრულდება.  ავიაკომპანია  ფრენებს B737-800 და B737-900 ტიპის ბორტებით შეასრულებს.

Somon Air- ი რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს 25 ქვეყანაში ახორციელებს.

ქვეყნის ინტერესებით საქართველოს ხელისუფლება არ ვაჭრობს – კახა კალაძე

რატომ უნდა შეუჩერონ ჩვენს ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია? წარმოუდგენელია. რა განცხადებებსაც ვისმენთ დასავლეთიდან, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, ეს არის ჩვეულებრივი ზეწოლა, შანტაჟი და მსგავსი დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის იმ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართ შესაძლო შემზღუდველი ზომების ამოქმედებას ეხებოდა.

თბილისის მერის თქმით, საქართველომ არაერთხელ დაუმტკიცა მეგობარ ქვეყნებს, რომ ის არის სანდო პარტნიორი მოკავშირეებისთვის.

„ქვეყნის ინტერესებით საქართველოს ხელისუფლება არ ვაჭრობს – ეს ყველამ კარგად იცოდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. ეს განცხადებები მეტყველებს, ჩვენთან მიმართებით, რა დამოკიდებულება აქვთ ამ ადამიანებს. აღნიშნული რიტორიკა კატეგორიულად მიუღებელია. რატომ უნდა შეუჩერონ ჩვენს ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია? იმისთვის, რომ საქართველოში ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტი ქვეყნისთვის საჭირო და მნიშვნელოვან კანონპროექტს იღებს? ამის გამო რა განცხადებებსაც ვისმენთ დასავლეთიდან, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, ეს არის ჩვეულებრივი ზეწოლა, შანტაჟი, ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია.

ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის, ჯანსაღი ურთიერთობებისთვის. საქართველომ თავისი ქმედითი ნაბიჯებით დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი ქვეყანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ჩამოვაშოროთ ესენი ხელისუფლებას, დავაბრუნოთ საქართველო ევროპულ გზაზე-მიხეილ სააკაშვილი

ჩამოვაშოროთ ესენი ხელისუფლებას! დავაბრუნოთ საქართველო ევროპულ გზაზე! შევიმუშაოთ ტექნიკური მთავრობა – ყველამ გამოიღვიძა, ყველა ადგა ფეხზე! ისე კარგად უყურებს ახალგაზრდობა, ისე მაგრად მსჯელობს, ამდენი ორატორი, ამდენი განათლებული ადამიანი, ამდენი წიგნიერი და ბრძოლისუნარიანი ერთდროულად, მე ყველაზე მაგარ ოცნებებში არ წარმომედგინა – მართლა ყოჩაღ, გენაცვალეთ თქვენ! ბიჭებო და გოგოებო, მაგრამ ყველა დანარჩენებმა უნდა ავუბათ მხარი! – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა  პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თაობებად დაყოფა არ უნდა მოხდეს. მისივე აზრით, რუსულ რეჟიმს ერთიანი პროდასავლური ძალისხმევა უნდა დაუპირისპირდეს.

„[ამბობენ] აი, ახალგაზრდები იტყვიან თავის სიტყვას – ჩვენ რატომ არ უნდა ვთქვათ, ჩვენი სიტყვა? – ჩვენ, იმ ხალხმა, ვისაც ამდენი გამოცდილება გვქონდა? ნუთუ ისე დაგვამდაბლა საბჭოთა კავშირში ცხოვრებამ, რომ ახლა, პრაქტიკულად დამბლადაცემულებმა უნდა ვუყუროთ საქართველოს განადგურებას?

რა თქმა უნდა, ყველა აქციაზე, სადაც ახალგაზრდობა დგას, უნდა იყოს ზუსტად ის, რაც მოხდა, როდესაც 300 000 ადამიანი გამოვიდა – ე.ი ყველა თაობის ადამიანები გამოვიდნენ. ჩვენ ხომ ყველა ერთნაირად ვფიქრობთ ახლა. ჩამოვაშოროთ ესენი ხელისუფლებას, დავაბრუნოთ საქართველო ევროპულ გზაზე, შევიმუშაოთ ტექნიკური მთავრობა, გარდამავალი, ერთწლიანი, ორწლიანი და მერე ვარჩიოთ ჩვენი პარტიული განსხვავებები. მანამდე, ყველამ გავითავისოთ ეს საფრთხე – გაქანებული მივექანებით სრულ კატასტროფამდე! გაქანებული მივექანებით საქართველოს მოსპობამდე, ჩვენი ქვეყნის ფიზიკურ განადგურებამდე – მისი ძალიან ბევრი მკვიდრის და მოქალაქის.

ჩვენ პარტიულ პლატფორმას, როცა იქნება, სახელად უნდა ერქვას ევროპა და არა, პარტიული პროგრამები. რუსულ რეჟიმს უნდა დავუპირისპიროთ ერთიანი პროდასავლური ძალისხმევა. ერთობა – “ძალა ერთობაშია“, ჩემი ხელით დავაწერე მაშინ საქართველოს გერბს. ისევე როგორც ავაფრიალეთ ხუთჯვრიანი დროშა. ისევე როგორც “ჩემი ხატია სამშობლო სახატე მთელი ქვეყანა“, ჩემი ხელით ჩავწერე საქართველოს ჰიმნის ტექსტში იმიტომ, რომ პროექტში ეს არ იყო. უფრო სწორად, ეს კი არა – “თავისუფლება დღეს ჩვენი, მომავალს უმღერს დიდებას, დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება“. სიტყვა „თავისუფლება“ ჩემი ხელთ ჩავწერე. თავისუფლება არის ჩვენი ეროვნული კოდი, ჩვენი არსი. როდესაც მე დავბრუნდი საქართველოში, სწორედ ამ განცდით დავბრუნდი. რამდენიმე მეგობარმა მითხრა, რომ ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ. მე მქონდა [მოსაზრება], რომ თუ სხვა აღარავინ იცავს ამ ქვეყანას, მე შევწირავ თავს და იქნებ, რაღაცამ მაინც გამოაღვიძოს.

ახლა, რაღაცა კი, არა ყველამ გამოიღვიძა! ყველა ადგა ფეხზე! ისე კარგად უყურებს ახალგაზრდობა, ისე მაგრად მსჯელობს, ამდენი ორატორი, ამდენი განათლებული ადამიანი, ამდენი წიგნიერი და ბრძოლისუნარიანი ერთდროულად, მე, ყველაზე მაგარ ოცნებებში არ წარმომედგინა. მართლა ყოჩაღ! გენაცვალეთ თქვენ! ბიჭებო და გოგოებო, მაგრამ ყველა დანარჩენებმა უნდა ავუბათ მხარი. ამიტომ, ჩვენი კავშირი თავისუფალ სამყაროსთან ვერანაირად ვერ იქნება გაწყვეტილი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ვენეციის კომისიის დასკვნა ნაკლებად მოიცავს იმ სამართლებრივ არგუმენტებს – ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი გამჭვირვალობის კანონის თაობაზე ვენეციის კომისიის დასკვნას აფასებენ.​ პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ემსახურება პოლიტიკური დაძაბულობის უფრო მეტ ხარისხში გადაყვანას.

„ვენეციის კომისიის დასკვნა ნაკლებად მოიცავს იმ სამართლებრივ არგუმენტებს, რომელზე დაყრდნობითაც მზად ვიყავით სამართლებრივ დისკუსიაში შევსულიყავით და კანონი კიდევ უფრო უკეთესი გაგვეხადა. სამწუხაროდ მივიღეთ ის, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დირექტივა, რომ კანონი გაუქმდეს, კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

ვენეციის კომისიის დასკვნაში არის რიგი უზუსტობებისა. რომ, აქციის დროს გამოყენებული ძალა არ იყო პროპორციული და თითქოს აქცია იყო მშვიდობიანი. ვენეციის კომისია, რომელიც გვეუბნება, რომ თურმე არასამთავრობოს გამჭვირვალობა არ უნდა მოვთხოვოთ, პირდაპირ წინააღმდეგობაშია წინა, სხვა ევროპული ინსტიტუციების გადაწყვეტილებებთან და ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესს“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ჩაფიძის გულის ცენტრი ვეტერანებისთვის მორიგ 162-ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 25 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 162-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.

აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ).

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან;

მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი.

 რუსთავში დედა-შვილი მოკლეს 

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოკლულია დედა-შვილი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მათივე ცნობით, მამაკაცი, რომელმაც დედა-შვილს ესროლა, უკვე დაკავებულია.

კოშმარი საქართველოში – რას წერს უცხოური პრესა

„ისინი პარლამენტის წინ არიან შეკრებილები და „სიხარულის ოდას“ – ევროპის ჰიმნს – ასრულებენ. საქართველოში უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში ათეულ ათასობით ადამიანი ქუჩის საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. მათი პროტესტი ძალიან ჰგავს უკრაინულ მაიდანს. ქართველები საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული სადაო კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან“, – ნათქვამია ავსტრიული ჟურნალის „პროფილის“ (Profil) 20-25 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში, სათაურით „კოშმარი საქართველოში“ (ავტორი – ფრანცისკა ჩინდერლი).


პუბლიკაციაში საკმაოდ ფართოდაა მოცემული ქართული კანონპროექტის – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ – დებულებები და მოთხოვნები. „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ბიუჯეტი 20%-ზე მეტად უცხოეთიდან გადმორიცხული თანხებით ივსება, რეგისტრაცია უნდა გაიარონ. ისინი უცხოური ინტერესების გამომხატველ ორგანიზაციებად დაფიქსირდებიან და ხელისუფლებას მათი კონტროლი გაუადვილდება“, – წერს ავტორი.


„ქართული კანონპროექტი ვლადიმერ პუტინის „სულისკვეთებით არის გაჟღენთილი“ და „კრემლის არომატს აფრქვევს“. რუსეთში მსგავსი კანონი 2012 წელს შევიდა ძალაში, რომლის თანახმად, საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიმღები სუბიექტი შესაბამის ორგანოში „უცხოურ აგენტად“ უნდა დარეგისტრირდეს. კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში რუსულმა სპეცსამსახურებმა ჩხრეკა ორი ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში ჩაატარეს, მათ შორის, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდში, რომელიც გერმანიიდან ფინანსდება. დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ რუსი სამართალდამცველები კანონს კრიტიკოსების წინააღმდეგ იყენებენ და მათ „პირს უკრავენ“. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთში სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები ფაქტობრივად უკვე აღარ არსებობენ, ან უმკაცრესი ზეწოლისა და კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.


„კაცმა რომ თქვას, მაგალითისათვის შორს წასვლა არ გვჭირდება. ევროკავშირის წევრ უნგრეთში რამდენიმე თვის წინათ ძალაში შევიდა კანონი „სუვერენიტეტის შესახებ“, რომელიც მოწოდებულია დაიცვას უნგრეთი „ისეთი დაუშვებელი პოლიტიკური ჩარევებისაგან, რომელიც უცხოელი პირებისა და ჯგუფების მხრიდან შეიძლება განხორციელდეს“. საერთოდ, უნგრეთში მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მასობრივი მედიის საშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა უკვე რამდენიმე წელია იზღუდება, აღნიშნულმა კანონმა კი ამ მხრივ სიტუაცია უფრო გაამწვავა – მათ ცილს სწამებენ და ისინი „მოღალატეებად და უცხოეთის ინტერესების გამტარებელ აგენტებად“ იწოდებიან. ვიქტორ ორბანმა ჯერ კიდევ 2019 წელს გააძევა ქვეყნიდან „ცენტრალურევროპული უნივერსიტეტი“, რომელსაც ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის ფონდი აფინანსებდა. ამჟამად „უნივერსიტეტი“ ნაწილობრივ ვენაშია გადატანილი“.


„რამდენად შესაძლებელია, რომ მსგავსი მოვლენები საქართველოსაც დაემუქროს? ასეთი საფრთხე ნამდვილად არსებობს. გასული წლის დეკემბრის ბოლოს სამხრეთკავკასიურმა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. ერთი მხრივ, ქართველთა უმრავლესობას, ევროკავშირის წევრობა სურთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ზემოთ აღნიშნული კანონპროექტის დებულებები ევროკავშირის დემოკრატიულ პრინციპებს და ფასეულობებს ეწინააღმდეგებიან, ანუ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას საეჭვოდ ხდის.


კრემლი სიტუაციას სხვაგვარად უყურებს და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედება სამართლიანია და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისკენაა მიმართული. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით საქართველო ისეთი სახელმწიფოების გვერდით დგება, როგორებიც არიან უნგრეთი, თურქეთი, სერბეთი… ანუ იმ ქვეყნების გვერდით, რომლებშიც არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში ხელისუფლების წნეხის ქვეშ არიან მოქცეულნი და მათი „უცხოეთის აგენტებად“ სტიგმატიზაცია ხდება – თითქოსდა ისინი სახელმწიფო გადატრიალების ამზადებენ მოქმედი მთავრობის დასამხობად.


ქართველების 80%-ს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება სურთ. უკრაინის მწარე მაგალითმა მათ აჩვენა, რომ რუსეთისაგან თავდაცვა მხოლოდ ნატოში გაწევრიანებით არის შესაძლებელი. ამავე დროს, ბევრი ქართველი ფიქრობს, რომ ქვეყანა ევროპულ გზაზე ძალიან ნელა მიდის – ისევე როგორც ზოგიერთი ბალკანური ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირის წევრობას უკვე 20 წელია ელოდებიან და თავს ბრიუსელისაგან მიტოვებულად გრძნობენ.


აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოება ძირითადად დასავლური ფონდების, საელჩოების დაფინანსებით და ევროპული გრანტებით არსებობს. ძალიან ხშირად ეროვნულ მთავრობებს ამგვარი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტებში გათვალისწინებული არ აქვთ. თავის მხრივ, ოლიგარქები მედიაკომპანიებს ყიდულობენ და ამგვარად, პოლიტიკაში ჩარევას იწყებენ, შედარებით უფრო თავისუფლად და დამოუკიდებლად მოქმედებენ და მთავრობისაგან განსხვავებულ პოზიციებზე დგანან. რასაკვირველია, რომელ ხელისუფლებას მოსწონს კრიტიკა? შესაბამისად, ხელისუფლება ასეთი მასმედიის დევნას და შეზღუდვას იწყებს. მაგალითად, ვიქტორ ორბანმა ქვეყნიდან გააძევა ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული ფონდი „ღია საზოგადოება“.


აშკარად ჩანს, რომ ქართული კანონპროექტის ძალაში შესვლა ქვეყანაში სამოქალაქო ორგანიზაციებს ბოლოს მოუღებს. თუმცა საქმე უფრო მნიშვნელოვან საკითხს ეხება: ბევრი ადამიანს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ, ეშინიათ, რომ ერთ დღეს ისეთ საქართველოში გაიღვიძებენ, რომელიც რუსეთის მსგავსი იქნება, ან უფრო უარესი – მისი ნაწილი გახდება. გავიხსენოთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% (აფხაზეთისა და ე.წ. ‘სამხრეთ ოსეთის“ რეგიონები) რუსეთის ჯარების მიერ არის ოკუპირებული. 2008 წლის აგვისტოში რუსული ტანკები თბილისიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იდგნენ. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული მოსკოვთან კავშირებზე. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ბევრ ქართველს კითხვა ებადება: „ჩვენ ხომ არ ვიქნებით შემდგომი ქვეყანა, რომელშიც რუსეთის ჯარი შეიჭრება?“.


როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, კანონპროექტის ამოქმედება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას გამჭვირვალედ გახდის და ამით პოლარიზებაც შემცირდებაო, თუმცა დღეს პირიქით ვხედავთ – სამოქალაქო საზოგადოება ორად არის გაყოფილი – „ჩვენიანებისა“ და „მათიანების“ სახით. სხვათა შორის, ვიქტორ ორბანმა წარმატებით ისარგებლა მსგავსი ნარატივით და საზოგადოების ყურადღება კორუფციისა და თანამდებობების ბოროტად გამოყენების ფაქტებიდან სხვა მოვლენებზე გადაიტანა. სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი კი, რომელიც მტრულად უყურებს არასამთავრობო ორგანიზაციებიდან წამოსულ კრიტიკას, აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები საზღვარგარეთიდან კონტროლდებიან.


ქართველთა საპროტესტო აქციებში იმედებს აღვიძებს ის ფაქტი, მათ მამოძრავებელ ძალას ახალგაზრდები წარმოადგენენ. საქართველოს პრეზიდენტი მკაფიოდ დადგა ახალგაზრდების მხარეზე და კანონპროექტს ვეტო დაადო. ევროპის კომისიამ ახლა უნდა შეისწავლოს კანონპროექტის გავლენა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და თუ აუცილებელი იქნება, საქართველოს კანდიდატის სტატუსი გაუუქმოს. ასეთ სიტუაციაში საქართველოს მთავრობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ალბათ, დამსახურებულ „კომპენსაციას“ მიიღებს.

წყარო


შენიშვნა: საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება ამერიკული ჟურნალის „ფორინ პოლისის“ (Foreign Policy) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიაც სათაურით „ევროპა მზად არის საქართველოს მკაცრად მოექცეს: „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის მიღების გამო ევროკავშირმა შეიძლება საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი გაუუქმოს“ (ავტორი – ჯოვანი ლეგორანო).

წყარო