Home Blog Page 1084

ეუთო/ოდირი გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს

ეუთო/ოდირი გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა სამართლებრივი დასკვნა მოამზადა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ ორგანულ კანონებზე, უარყოფითად შეაფასა ისინი და პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნია.

„შესაბამისი კანონპროექტები საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულად, ოთხ დღეში განიხილა და ამა წლის 4 აპრილს საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო, მოგვიანებით, 15 მაისს კი მათთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტოც დაძლია.

დასკვნის მიხედვით, კვოტების სისტემა მიზნად ისახავს დე ფაქტო თანასწორობის მიღწევას და ხელს უწყობს ქვეყანაში ქალთა წარმომადგენლობის თანდათანობით გაზრდას. მოცემულ კონტექსტში კი არ არსებობს მტკიცებულება ვარაუდისათვის, რომ გენდერული კვოტების გაუქმება აუცილებელი იყო კონსტიტუციურობის საფუძვლით, ან საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, არაეფექტურობისა თუ იმის გამო, რომ საჭირო აღარ იყო. მიუხედავად იმისა, რომ გენდერული ბალანსი საქართველოს პარლამენტში ნელა, თუმცა თანდათანობით უმჯობესდებოდა სავალდებულო გენდერული კვოტებისა და ფინანსური წახალისების შემოღების გამო, ის კვლავ დაბალი რჩება ეუთოს რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით და არ აღწევს საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტებითა და რეკომენდაციებით გათვალისწინებულ მიზნობრივ მაჩვენებლებს.

დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზეც, რომ კანონპროექტების თანმხლები განმარტებითი ბარათები არ შეიცავს კონკრეტულ მტკიცებულებას, მონაცემს ან ფაქტს, გენდერული კვოტის მოქმედების მექანიზმის სიღრმისეულ ანალიზს ან მის შესაძლო ალტერნატივას და ვერ ასაბუთებს საარჩევნო გენდერული კვოტებისა და პარტიების ფინანსური წახალისების სისტემის გაუქმების საჭიროებას.

ეუთო/ოდირი თავის დასკვნაში ყურადღებას ამახვილებს ასევე პროცედურულ ხარვეზებზე, კანონპროექტების დაჩქარებულად მიღებაზე, განხილვის პროცესში ადეკვატური და ინკლუზიური მონაწილეობისა და დაინტერესებულ მხარეებთან რელევანტური კონსულტაციების არარსებობაზე, არჩევნების სიახლოვეს საარჩევნო სისტემის არსებითი ელემენტების ცვლილების უარყოფით მხარეებსა და საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპის გაუთვალისწინებლობაზე.

დასკვნაში დეტალურად არის მიმოხილული საერთაშორისო ვალდებულებები პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით, ასევე მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ინფორმაციაში.

თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ოპერაციების მართვაზე ტრენინგს ჩაატარებს

თიბისი აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას განათლების კუთხით და ამ კამპანიის ფარგლებში მორიგი ტრენინგი 3 და 4 ივლისს გაიმართება. ტრენინგის თემაა როგორ ვმართოთ ოპერაციები ეფექტურად. ლექციებს გაუძღვება ნატო ლომაძე, ოპერაციების სპეციალისტი.

ოპერაციები არის ორგანიზაციის ფუნქცია, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, შეძლებს თუ არა კომპანია შექმნას ისეთი საქონელი ან მომსახურება, რომელიც დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოლოდინს და შესაბამისად, იქნება თუ არა იგი კონკურენტუნარიანი.

შეხვედრების მიზანია მსმენელებს დაანახოს ოპერაციების როლი ნებისმიერი სახის ორგანიზაციაში და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოპერაციების სხვა ფუნქციურ ერთეულებთან კოორდინირება ბიზნეს სტრატეგიის მიზნების მისაღწევად.

ლექციებზე განხილული იქნება ასევე სხვადასხვა მიდგომები და მეთოდები, რომელთა საშუალებითაც იმართება ოპერაციები.  პროდუქტის და პროცესების დიზაინი, ნედლეულის შესყიდვა, ხარისხის უზრუნველყოფა, მიწოდების ჯაჭვის/მარაგების მართვას და სხვა მნიშვნელოვანი  საკითხები.

ლექცია I – 3 ივლისი

ოპერაციები ორგანიზაციაში და პროცესების იერარქია

ოპერაციების ისტორია და განვითარების საფეხურები

ძირითადი მიმართულებები ოპერაციებში

ოპერაციების შესრულების მიზნები

პროდუქტიულობა

ლექცია II – 4 ივლისი

მოკლე ქეისები პროცესებზე.

დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეობის მსურველები გთხოვთ, დარეგისტრირდით ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა (google.com)

(R)

გახარიას ვურჩევ, რომ ამ ჭორიკანობას თავი დაანებოს და საერთოდაც პოლიტიკას შეეშვას, არ არის მისი საქმე – გურამ მაჭარაშვილი

გახარიას ვურჩევ, რომ ამ ჭორიკანობას თავი დაანებოს და საერთოდაც პოლიტიკას შეეშვას, არ არის მისი საქმე, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ბიძინა ივანიშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობის წარმომადგენელი შიკრიკად ჰყავს გაგზავნილი”.

მაჭარაშვილის განცხადებით, გიორგი გახარია ჭორებზე გადავიდა, რადგან მისი პოლიტიკური რეპუტაცია ყოველდღიურად ეცემა.

„მას არანაირი პოლიტიკური განცხადება არ შეუძლია გააკეთოს ისეთი, რომელიც აწევს მის პოლიტიკურ წონას და გადავიდა ჭორაობაზე. წარმოიდგინეთ ახლა მითი, რომ ივანიშვილი თურმე რომელიღაცა მინისტრს ამერიკაში აგზავნის და მერე ამას ზედამხედველობას უწევს გახარია. აი, ამ მითებით ცხოვრობს გახარია და ცდილობს, აცხოვროს თავისი გუნდი. მას ვურჩევ, რომ ამ ჭორიკანობას დაანებოს თავი და საერთოდაც პოლიტიკას შეეშვას, არ არის მისი საქმე. ხომ დაინახა, რომ მისი საქმე არ არის პოლიტიკა. ამ ჭორაობაზე ჩვენ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გაგვყავს და ამაში ხელს გვიწყობს ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სინამდვილეში იმდენად არიან შეშინებულები, რომ “შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ როგორმე გაიგონ მაინც იქ რა ხდება”.

„ახლაც მორიგი შიკრიკი ჰყავდათ გაგზავნილი, ფოსტალიონი, საკმაოდ მაღალი დონის. ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად გაგზავნილი ჰყავს იქ,” – განაცხადა გახარიამ.

მადლობა გამორჩეულად კარგი ფეხბურთისთვის, ევროპულ მოედანზე ყველას აჩვენეთ, რომ საქართველო თანასწორია და საქართველოს უძლიერესებთან თამაში შეუძლია -არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ევრო 2024-ზე საქართველოს ღირსეულ ასპარეზობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

თალაკვაძე ეროვნულ ნაკრებს მადლობას უხდის კარგი ფეხბურთისთვის და აღნიშნავს, რომ მათ ყველას აჩვენეს ის, რომ საქართველოს უძლიერესებთან თამაში შეუძლია.

„მადლობა გამორჩეულად კარგი ფეხბურთისთვის! ევროპულ მოედანზე თქვენ ყველას აჩვენეთ, რომ საქართველო თანასწორია და საქართველოს უძლიერესებთან თამაში შეუძლია! პირველი გოლი საქართველოსი იყო. პირველი ტაიმი ფრედ დავასრულეთ. ულამაზესი მომენტები შექმნეს ჩვენმა ფეხბურთელებმა შეტევაში. უძლიერესი დარტყმები მოიგერია ჩვენმა უკვე ლეგენდარულმა მეკარემ. თამაშებზე საოცარი მუხტი აჩვენეს გულშემატკივრებმა! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპის სამგზის ჩემპიონს ვეთამაშებოდით, ვის უკანაც გამორჩეული საფეხბურთო სკოლები, უძლიერესი კლუბები, სპორტული ინდუსტრია და სპორტში ჩართული ყველა თაობა დგას – ჩვენი გზაც ეს არის, სწორედ ამიტომ მიაღწია საქართველოს ნაკრებმა შედეგს და გავიდა ევროპაზე, მოლოდინებს გადააჭარბა! ჩვენ მალე დავბრუნდებით!!! დავბრუნდებით უფრო ძლიერად!“ – წერს არჩილ თალაკვაძე.

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და ევრო 2024 დაასრულა.

როგორ აპირებს „ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე 60%-ის აღებას? – რას წერს უცხოური პრესა

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“ ) თავის ვებ-საიტზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „როგორ აპირებს „ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე 60%-ის აღებას?“, რომელშიც საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საარჩევნო გეგმებია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

მზარდ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის, სანქციების და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების უკიდურესი გაუარესების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის პარტია „ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველს არწმუნებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.

„ოცნების“ რეიტინგი არის ისტორიულ მაქსიმუმზე და სტაბილურად უტოლდება დაახლოებით 60%-ს“ – ეს განცხადება „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის ბოლო დღეს, ყოველწლიური მოხსენების დროს გააკეთა. ირაკლი კობახიძეს, ისევე როგორც ე.წ „რუსული კანონის“ უხეში ლობირების დროს, არც ამჯერად დაუსახელებია, თუ ვინ და როდის ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ოცნების“ „ამხელა“ რეიტინგის ერთ-ერთი მიზეზი „ოპოზიციის სრული უსუსურობაა“. „თუ წინა არჩევნებზე პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო ხმების დაახლოებით 30%, ამ შემთხვევაში, მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შედეგი არის, 30%-ზე ნაკლები“ – ამტკიცებდა ნახევრად ცარიელ დარბაზში კობახიძე. პრემიერის ყოველწლიურ მოხსენებას არც ოპოზიცია ესწრებოდა, არც აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები.

ბოლო სამ საპარლამენტო არჩევნებში, ივანიშვილის პარტიამ საუკეთესო შედეგი 2012 წელს აჩვენა, როცა ხმების თითქმის 55% მიიღო. 2016 და 2020 წლების, საპარლამენტო არჩევნებში „ოცნებამ“ ხმების 48%-ით იმარჯვა.

საქართველოში არსებული გაზრდილი პოლარიზაციისა და მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რაც “რუსული კანონის” მიღებას მოჰყვა, ექსპერტების აზრით, „ოცნება“ ასეთი პროპაგანდით და მანიპულაციით, საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს.
ანალიტიკოსების აზრით, გადამწყვეტი იქნება, თუ რამდენად დემოკრატიულად გაიმართება 26 ოქტომბრის არჩევნები და გაითვალისწინებს თუ არა „ოცნება“, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების კრიტიკულ შენიშვნებს.

„მთავარია როგორ მივალთ არჩევნებამდე, აქ ბევრი პრობლემური თემაა“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ „საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის” უფროსმა მკვლევარმა თენგიზ ფხალაძემ. მისი თქმით, „რუსული კანონი“ თავისთავად ცხადია პრობლემური იქნება იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც, როგორც წესი არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებენ ხოლმე, ეს ერთი. მეორე არის ის, რომ ჩვენ ბოლო პერიოდში უპრეცედენტო განცხადებები გვესმის, რომ მაგალითად, ეუთო/ოდირი არის თურმე არაკომპეტენტური, ვენეციის კომისიას არ სცოდნია სამართალი და ა.შ. ანუ, ხვალ შეიძლება დავდგეთ იმ მოცემულობის წინაშე, რომ ესა თუ ის შენიშვნა, რომელიც შეიძლება არჩევნებთან დაკავშირებით გამოითქვას, ელემენტარულად, შეიძლება ამას ხელისუფლებამ ყურადღება არ მიაქციოს და თქვას, რომ ის ამას არ იზიარებს. ყველაზე მთავარი გამოწვევა არის ის, თუ როგორ მივა ქვეყანა არჩევნებამდე და რამდენად შეძლებს ჩაატაროს იმ სტანდარტის არჩევნები, რომელიც ამ სახელმწიფოს სჭირდება“ – ამბობს თენგიზ ფხალაძე.

2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, „ოცნებამ“ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები მიზანმიმართულად არ გაითვალისწინა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე (ცესკო), პოლიტიკურ გავლენის გაძლიერების მიზნით, ცესკოს ფორმირების წესში და საარჩევნო კოდექსში კრიტიკული ცვლილებები მაინც მიიღო, მათ შორის პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით.
ვენეციის კომისიამ 24 ივნისს, სპეციალურ მოსაზრებაში, ივანიშვილის პარტიის ამ ნაბიჯებს „უაღრესად შემაშფოთებელი“ უწოდა. “უკვე დამტკიცებული ცვლილებები აშკარად არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რომელიც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის” – აღნიშნავს ვენეციის კომისია.

პარალელურად, ქვეყანაში გრძელდება პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, სატელეფონო მუქარები და ფიზიკური თავდასხმები, რომლებზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპეციალური საგამოძიებო სამსახური მხოლოდ ფორმალურად რეაგირებს, რეალურად, არც კი იძიებს.

პირველ ივნისს, თბილისში, 100-მდე ნიღბიანი ზონდერის მიერ, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისის დარბევის შემდეგ, 26 ივნისს, „ოცნების“ ზონდერებმა „ნაცმოს“ ფოთის ორგანიზაციის ოფისიც დაარბიეს. 17 ივნისს, ასევე მორიგ ჯერზე, სასტიკად სცემეს, „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე სტუდენტს ლერი დარჯანიას, მას თბილისში 10-მდე პირი დაესხა თავს. ათობით მსგავსი ცემის და ძალადობის ფაქტი, ამ დრომდე გამოუძიებელია.

„რეპრესიული მანქანა უფრო რომ ამუშავდება ამაზე ორი აზრი არ არსებობს, არჩევნებია მოსაგები“ – მიაჩნია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების მკვლევარს გიორგი ბილანიშვილს. „ოცნება“ შეეცდება აჩვენოს, რომ კანონიც გაიტანა და ზოგიერთ ოპონენტსაც მიუჩინა საკუთარი ადგილი. შეიძლება ფართომასშტაბიანი რეპრესიები არ დაიწყოს, მაგრამ რა თქმა უნდა, სიტუაცია კიდევ გაუარესდება, რამდენად და რა ხარისხით ამის თქმა მიჭირს“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ გიორგი ბილანიშვილმა.

“ოცნების“ ხელისუფლება ჯერ არ გამოხმაურებია ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, 36 ქვეყნის ერთობლივ განცხადებას, სადაც ივანიშვილის პარტიას ერთმნიშვნელოვნად მოუწოდეს, გააუქმოს ე.წ „რუსული კანონი“, შეწყვიტოს ოპონენტების წინააღმდეგ დაშინების კამპანია, დაიცვას გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება“.

წყარო

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

„1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თიბისის მობაილბანკი საპატრულო ჯარიმებს შეგახსენებთ, თუკი თქვენი ავტომანქანა დაჯარიმდება 

სულ ახლახანს თიბისის მობაილბანკს ავტო კომფორტის სერვისი დაემატა, რომელიც ავტომობილის მფლობელებს ყოველდღიურობას უმარტივებს. ავტო კომფორტით სარგებლობისთვის მხოლოდ შენი ავტომობილის თიბისის მობაილბანკში დამატებაა საჭირო.  

თუ აქამდე საპატრულო ჯარიმების შესამოწმებლადსპეციალურ პლატფორმაზე შესვლა და ქვითრის ნომრისა თუ ტექ-პასპორტის ნომრის წინასწარ მოძებნა იყო საჭირო, ახლა ჯარიმების ნახვასა და გადახდას უკვე თიბისის მობაილბანკიდან 1 წუთში შეძლებ.   

რაც ყველაზე მთავარია, დღეიდან მობაილბანკი შემახსენებელ ფუშ შეტყობინებებსაც გამოგიგზავნის,  როცა: 

  1. მანქანა დაჯარიმდება  
  2. ჯარიმის გადახდის ფასდაკლების გასვლამდე 
  3. ჯარიმაზე საურავის დარიცხვამდე  

ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ შენი მობილურის პარამეტრებიდან გააქტიურებული გქონდეს ფუშ შეტყობინებები თიბისის აპლიკაციაზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებ შეხსენებებს და საპატრულო ჯარიმების გადახდა აღარასდროს დაგიგვიანდება.   

ავტო კომფორტი თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალია, რომელიც ავტომობილის მფლობელების ყოველდღიურობის გასამარტივებლად შეიქმნა. ავტო კომფორტით სარგებლობისთვის მხოლოდ შენი ავტომობილის თიბისის მობაილბანკში დამატებაა საჭირო. ამის შემდეგ კი შეძლებ:  

  

  • გადაიხადო ჯარიმები ქვითრის ნომრის გარეშე – შენი საპატრულო ჯარიმები თიბისის მობაილბანკში ავტომატურად გამოჩნდება, არ აქვს მნიშვნელობა ჯარიმა ციფრულია თუ ფიზიკური -  ქვითრის ნორმის მოძიება ხშირად დისკომფორტს წარმოადგენს, რადგან ან შეტყობინების ან ფიზიკური ქვითრის გადახდამდე შენახვა გიწევს. ავტო კომფორტის ფუნქციონალით ჯარიმის გადახდას ქვითრის ნომრის მითითება არ სჭირდება.  

  

  • გადაიხადო ჯარიმები საკომისიოს გარეშე -  თუ აქამდე სპეციალურ პლატფორმაზე ჯარიმის ბარათით გადახდისას საკომისიოს გადახდაც გიწევდა, ახლა თიბისის მობაილბანკიდან მხოლოდ ჯარიმის ღირებულებას გადაიხდი.   
  • ნახო ინფორმაცია პარკირების საშვებზე – რამდენჯერ გქონია შემთხვევა, როცა პარკირების ჯარიმა მხოლოდ იმიტომ მოგსვლია, რომ საშვს ვადა გაუვიდა? დამატებითი თარიღების ჩანიშვნის გარეშე, ახლა პარკირების საშვებზე ინფორმაცია უკვე თიბისის მობაილბანკში დაგხვდება, რაც ვადებისა და შეძენის პროცესს მაქსიმალურად გაგიადვილებს.  

  

როგორ გავიაქტიურო ავტო კომფორტი?  

ავტო კომფორტის გააქტიურებისთვის თიბისის მობაილბანკში მოძებნე „პარკირება და ჯარიმების“ ან „პროდუქტების აქტივაციის“ განყოფილება და დაამატე შენი ავტომობილი. სერვისის გააქტიურება შეგიძლია იმდენჯერ, რამდენი ავტომობილის დამატებაც გსურს.  

მომსახურების გააქტიურება 2024 წლის 1 სექტემბრამდე სრულიად უფასოდ შეგიძლია, ხოლო შემდეგ თითოეულ დამატებულ ავტომობილზე თვეში მხოლოდ 0.9₾.   

R

  

  

  

ჩრდილოეთ კორეაში 22 წლის კაცი კეი პოპის მოსმენის გამო სიკვდილით დასაჯეს

ჩრდილოეთ კორეაში საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს 22 წლის კაცი, იმის გამო რომ მან სამი სამხრეთ კორეული ფილმი ნახა და 70 სიმღერას მოუსმინა. ამის შესახებ The Guardian-ი სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ხვანხე-ნამდოს პროვინციაში ჯერ კიდევ 2022 წლით დასაჯეს სიკვდილით, თუმცა ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია ქვეყნიდან სამხრეთ კორეაში გაქცეულმა ადამიანმა გაამხილა და ეს ინფორმაცია 2024 წლის ანგარიშში მოხვდა. აღნიშნულია, რომ მოკლულმა 2020 წელს მიღებული კანონი დაარღვია, რომელიც „რეაქციულ იდეოლოგიასა და კულტურას კრძალავს“. ეს კანონი ასევე კრძალავს ქვეყანაში მზის სათვალის ტარებას, ალკოჰოლის ღვინის ჭიქებიდან დალევას, თეთრი საქორწინო კაბების ტარებას. ამ ყველაფერს ფხენიანში სამხრეთკორეულ წესებად მიიჩნევენ.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთკორეელების ტელეფონებსა და მიმოწერებს სამხრეთკორეულ სლენგსა და ფრაზებზე ამოწმებენ.

2021 წლის ივნისში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა კეი პოპს „ავთვისებიანი სიმსივნე“ უწოდა, რომელიც აფუჭებს ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდების ჩაცმულობას, ვარცხნილობას, მეტყველებას და ქცევას.

მანამდე ერთი თვით ადრე ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში აიკრძალა ვიწრო ჯინსები, წარწერებიანი მაისურები და სახის პირსინგი. კიმ ჩენ ინმა ამ ყველაფერს კაპიტალიზმის სიმბოლოები უწოდა.

იორმუღანლოში მამაკაცზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს

სოფელ იორმუღანლოში მამაკაცზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცზე ფიზიკურად რამდენიმე პირმა იძალადა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს, ვუხდით მადლობას ეროვნულ ნაკრებს შესანიშნავი გამოსვლისთვის, რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა -აშშ-ს საელჩო

Georgia players acknowledge their fans after a round of sixteen match between Spain and Georgia at the Euro 2024 soccer tournament in Cologne, Germany, Sunday, June 30, 2024. (AP Photo/Martin Meissner)

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ჩვენ ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს და ვუხდით მადლობას ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალში“, – წერს აშშ-ის საელჩო.

უნგრეთი ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

დღეიდან უნგრეთი 6 თვის განმავლობაში, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. თავმჯდომარეობა ქვეყნებს როტაციის პრინციპით უწევთ. სტატუსი ქვეყნებს რეალურად მცირე უფლებამოსილებას აძლევს, თუმცა თავმჯდომარე ქვეყანას აქვს საშუალება, დღის წესრიგში თავისი პრიორიტეტები დააყენოს.

2024 წელი ევროკავშირის ინსტიტუტებში გარდამავალი წელია და უნგრეთს მოუწევს უზრუნველყოს საბჭოს შეუფერხებელი მუშაობა ახალ ევროპარლამენტსა და ევროკომისიასთან.

ოჯახმა ბაიდენი დაარწმუნა საპრეზიდენტო რბოლას არ გამოეთიშოს – CNN

ჯო ბაიდენის ოჯახმა აშშ-ის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ არჩევნებს არ უნდა გამოეთიშოს. ამის შესახებ CNN-ი ბაიდენის მრჩევლებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბაიდენები კემპ-დევიდის რეზიდენციაში 30 ივნისს შეიკრიბნენ და წარუმატებელი დებატები განიხილეს. მათ შორის იყვნენ ბაიდენის მეუღლე ჯილი, შვილი ჰანტერი და შვილიშვილები. წყაროს ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ამასთან, შეხვედრაზე განიხილებოდა ბაიდენის იმ თანაშემწეთა გათავისუფლების საკითხიც, რომლებიც მას დებატებისთვის ამზადებდნენ. თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ბაიდენი ცნობილია თავისი უახლოესი მრჩევლების დაცვით და არ უყვარს თანაშემწეების გათავისუფლება.

ამასთან, პრეზიდენტის უფროსმა მრჩევლებმა CNN-ს განუცხადეს, რომ შეხვედრის მიზანი არ ყოფილა იმის განხილვა, დარჩება თუ არა ბაიდენი საარჩევნო რბოლაში.

დებატები ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის 27 ივნისს გაიმართა. ამომრჩეველთა უმრავლესობის აზრით, ის საღამო მოქმედი პრეზიდენტისთვის წარუმატებელი იყო.