Home Blog Page 1081

ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაინიცირდება

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაინიცირდება, ხოლო ივლისის მეორე ნახევარში პირველი მოსმენით, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ და მიიღებენ.

ქადაგიშვილის თქმით, ამნისტიის პროექტს პარლამენტს მთავრობა წარუდგენს.

“პირველ რიგში, თავად ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა მრავალგზის მოწოდება იმის თაობაზე, რომ გარკვეული კატეგორიის მსჯავრდებულებისთვის ამნისტია გამოცხადებულიყო. ინიციატივა სწორედ ამას ეხმიანება. პრემიერმა მოუწოდა კიდეც ოპოზიციას ჩართულობისკენ, როცა პროექტი პარლამენტში შემოვა.

რაც კი რამ კარგი ხდება, ოპოზიციისთვის ყველაფერი საარჩევნოა”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, ამნისტია გავრცელდება თუ არა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებზე, რომლითაც სასჯელს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხდის, ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რომელ კონკრეტულ მუხლებს შეეხება ამნისტიის აქტი.

თიბისის პარტნიორი კომპანია Propertify უძრავი ქონების მცირე კაპიტალით შეძენის მსურველებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

საქართველოში დეველოპერული ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა. სამშენებლო კომპანიების სიმრავლე და მათ მიერ მყიდველებისთვის შეთავაზებული პროექტების მრავალფეროვნება არ ჭრის პრობლემას, რომლის მოგვარების გზასაც გიორგი ყიფიანმა, ახალი კომპანია Propertyfy-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მიაგნო.

“ნებისმიერ ბიზნესს საქართველოში აქვს ერთი პრობლემა: საწყისი კაპიტალის სიმცირე. ბიზნესი მუდმივად ეძებს ინვესტორებს, რომლებიც კერძო კაპიტალს ჩადებენ. ამის შემდეგ ბიზნესი ბანკს არწმუნებს პროექტის სიცოცხლისუნარიანობაში და მისი დახმარებით ცდილობს საქმიანობის გაფართოებას. რადგან უძრავი ქონების სექტორი დიდია, ჩვენ დავიწყეთ კვლევა, დეველოპერულ კომპანიებს თუ ჰქონდათ იგივე, საწყისი კაპიტალის, პრობლემა. აღმოჩნდა, რომ ამ სფეროშიც ასეა. დეველოპერებსაც უჭირთ პროექტის დაწყებისას კაპიტალის მობილიზება. ასე მიიღო ჩვენმა იდეამ საბოლოო სახე. მივხვდით, რომ აუცილებელი იყო შეგვექმნა ახალი არხი დეველოპერული კომპანიებისთვის, რომელიც მათ ქეშ-ფლოუს შეუქმნიდა“.

კომპანიისთვის ამოსავალი ყველასთვის ნაცნობი სიტუაციაა, როცა ადამიანი ფლობს მცირე კაპიტალს (5-10-15 ათასს), დაინტერესებულია უძრავ ქონებაში ინვესტირებით, მაგრამ ასეთ მცირე კაპიტალს ვერსად აბანდებს. შესაბამისად, იძულებულია, წლების განმავლობაში აგროვოს თანხა, ან ბანკის სესხი აიღოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინოს უძრავი ქონება. სწორედ ასეთ ადამიანებს სთავაზობს Propertify დახმარებას.

„იმის ნაცვლად, რომ ადამიანებმა მთელი ბინა იყიდონ, ბინას ვშლით. მაგ. 100 კვ. მ. ფართობის ბინას დავშლით 100 ფრაქციად და ვისაც რამდენი ფრაქციის ყიდვის სურვილი და შესაძლებლობა აქვს, იმდენს შეიძენს. მშენებლობის დასაწყისში ბინები შედარებით იაფი ღირს, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ფასი შეიძლება გაორმაგდეს. დღემდე წინასწარი შესყიდვა მხოლოდ მათთვის იყო ხელმისაწვდომი, ვინც დიდ კაპიტალს ფლობდა. ასეთი ადამიანი ყიდულობდა მშენებარე ფართს, მაგ., 200 000-ად, ორი წლის თავზე კი, დასრულებული ბინა უკვე 300-400 000 ღირდა. ჩვენ გვინდოდა, ეს შესაძლებლობა მცირე ბიუჯეტის მქონე ადამიანებისთვისაც მიგვეცა. გვინდოდა, მშენებლობის პროგრესით განპირობებული ნამატით მათაც ესარგებლათ. ეს არის ჩვეულებრივი fractional ownership – წილობრივი მესაკუთრეობა უძრავ ქონებაში“.

უკვე ერთი წელია, რაც კომპანია მუშაობს. სამი თვის წინ პლატფორმაც გაუშვეს. მანამდე კი ტექნოლოგიასა და ბრენდინგზე ზრუნვის ეტაპი გაიარეს.

“ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ორივე მხარეს, ინვესტორებსაც და დეველოპერებსაც მოსწონთ ურთიერთობის ეს ფორმა. ბოლო ეტაპზე საკუთარი ფინანსური რესურსი არ გვეყო და მივმართეთ თიბისის. ბანკი საჭირო დროს დაგვეხმარა. ბოლო ნახტომი მათი მეშვეობით გავაკეთეთ. იმ ეტაპს ვგულისხმობ, როცა უნდა დაგვედასტურებინა, რომ ამ იდეის განხორციელება ნამდვილად ღირდა და იდეა სიცოცხლისუნარიანი იყო. ამის დამტკიცება თიბისის საბანკო სესხის ფარგლებში გახდა შესაძლებელი“.

ტექნოლოგიამ შესაძლებელი გახადა აქტივების დანაწევრება და მისი ფრაქციებად გაყიდვა. ყველაზე უკეთ ეს უძრავი ქონების ინდუსტრიას მოერგო. დეველოპერებისთვის ეს განსაკუთრებით სასურველია. ამ მოდელით სამშენებლო კომპანიას პირობითი 100 კვ. მ. ფრაქციებად დაყოფილი ფართობის თანხა მშენებლობის დასაწყისშივე აქვს მოზიდული (რაც საშუალებას აძლევს, ბანკის სესხი ნაკლებად გამოიყენოს), როცა ტრადიციული შიდა განვადების შემთხვევაში წინსწრებით თანხის მხოლოდ დაახლოებით 10 პროცენტის გადახდა ხდება.

„დეველოპერს ქეში წინასწარ აქვს და, გარდა ამისა, ყავს ახალი აუდიტორია, რომელსაც უწინ უგულვებელყოფდა. მყიდველებისთვის კარგი ისაა, რომ რაც აქამდე მხოლოდ მაღალბიუჯეტიანი მყიდველისთვის იყო შესაძლებელი, დღეს 2000 დოლარიანი პირისთვისაც რეალურია“.

ეს მოდელი ახალია, შესაბამისად, მის შესახებ ბევრმა არ იცის. მომხმარებლის ქცევა ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელია. Propertify არა მხოლოდ საქართველოში, საერთაშორისო მასშტაბითაც ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მსგავს სერვისს სთავაზობს დეველოპერებსა და ინვესტორებს. კომპანიები, რომლებიც უკვე დასრულებული უძრავი ქონების ამავე მოდელით შეძენას სთავაზობენ მომხმარებელს ბევრია. მაგალითად, უკვე დასრულებულ და გაქირავებულ ფართს რამდენიმე მომხმარებელი საბაზრო ფასად იძენს, შემდეგ კი თითოეული მის მიერ ჩადებული ინვესტიციის პროპორციულ წილს იღებს ქირიდან. ეს მოდელიც საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ Propertify უძრავი ქონების დეველოპერებისა და დაბალბიუჯეტიანი ინვესტორების პრობლემებს გაცილებით ეფექტურად ჭრის.

მოულოდნელობებისგან თავის დაზღვევის ქმედითი გზა ბანკის ჩართულობაა. კომპანია ბანკის გარეშე არ შედის პროექტში. ბანკი პირველ ეტაპზე ამოწმებს ფინანსურ და ტექნიკურ შესაბამისობას, შემდეგ კი ახდენს მშენებლობის და ფინანსების მიზნობრივად ხარჯვის მონიტორინგს. შესაბამისად, გარიგებაში ისეთი აქტორი მონაწილეობს, რომელიც არაპირდაპირი გზით ზრუნავს ინვესტორების დაცულობაზე.

(R)

უკრაინას მხოლოდ ერთი თვე აქვს, რომ დეფოლტი თავიდან აიცილოს – რას წერს „ეკონომისტი“

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინას მხოლოდ ერთი თვე აქვს, რომ დეფოლტი თავიდან აიცილოს“, რომელშიც გაანალიზებული კიევის საგარეო ვალების მომსახურების მდგომარეობა. „საომარ სიტუაციაში მყოფი უკრაინის ფინანსური მდგომარეობა უმძიმესია“, – ნათქვამია მასალაში.


გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:


რუსეთთან ომი უკრაინის ეკონომიკას უმძიმეს ზარალს აყენებს. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) თითქმის ოთხჯერ შემცირდა. ცენტრალური ბანკი მწირ სავალუტო რეზერვებს „წვავს“, , ხოლო რუსეთის ამასწინანდელმა მასიურმა საჰაერო შეტევებმა უკრაინის საკვანძო ინფრასტრუქტურაზე სამომავლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაურკვეველი გახადა. „ძლიერი არმია ძლიერ ეკონომიკას ეყრდნობა“, – განაცხადა 17 ივნისს ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ, თუმცა ამ მხრივ უკრაინაში მკვეთრი დისპროპორცია აღინიშნება.


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაგვიანებული გადაწყვეტილებით უკრაინისათვის 60-მილიარდიანი დახმარების პაკეტის თაობაზე, იარაღის ფული კიევს ჯერ-ჯერობით აქვს. თუ ამას დავუმატებთ დასავლეთში დარჩენილი რუსული აქტივების პროცენტებით სარგებლობას (ევროკომისიის გადაწყვეტილებით), მაშინ უკრაინას თავის გატანა მეტ-ნაკლებად შეუძლია. პრობლემა იმაშია, რომ რომ უკრაინას საბოლოო ჯამში მაინც ფინანსური კრიზისი ემუქრება, თანაც ძალიან მალე.


ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინის კრედიტორები დათანხმდნენ იმაზე, რომ კიევმა ვალების მომსახურება (გადახდები) შეაჩეროს. ეს ერთგვარი „სულის მოთქმა“ – როგორც დასავლეთის მთავრობების, ასევე კერძო კრედიტორების მხრიდან – წელიწადში მთლიანი მშპ-ის 15%-ს შეადგენს. გადახდები რომ არ შეჩერებულიყო, მაშინ ვალების მომსახურების ხარჯები ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში მოცულობით მეორე ადგილზე იქნებოდა – თავდაცვის ხარჯების შემდეგ. მაგრამ ფინანსური საფრთხე ახლოვდება: მორატორიუმის ვადა, განსაკუთრებით ფრანგული Amundi-სა და ამერიკული Pimco-ს მხრიდან, პირველ აგვისტოს იწურება.


ამრიგად, უკრაინას ერთი თვეა აქვს დარჩენილი დეფოლტის თავიდან ასაცილებლად. საერთაშორისო სავალუტო ფონდი დაინტერესებულია, რომ სერგეი მარჩენკომ მოლაპარაკება დაიწყოს ვალის ჩამოწერაში, რაც ნაკლებად სავარაუდოა. თუ უკრაინა თავს გაკოტრებულად გამოაცხადებს, მაშინ ეს იქნება ძალიან საგანგაშო ნიშანი და ინვესტორები დასავლეთის დაპირება-ვალდებულებებში ეჭვს შეიტანენ. გრძელვადიან პერსპექტივაში კი დეფოლტი ქვეყნის აღდგენისათვის კატასტროფის მომასწავებელი გახდება.


ვალების რესტრუქტურიზაცია (გადახდის ვადების ცვლილება) გაგანია ომის პირობებში ძალიან იშვიათობაა. საერთოდ, ქვეყნები რესტრუქტურიზაციაზე მხოლოდ იმიტომ მიდიან, რომ ფინანსურ ბაზრებთან ურთიერთობა ჰქონდეთ, ამისათვის კი მათი ვალები მართვადი უნდა იყოს, ანუ სახელმწიფო ვალების მომსახურებას განუწყვეტლივ უნდა აქცევდეს სათანადო ყურადღებას. მცირე ვალების სწრაფი რესტრუქტურიზების განხორციელება რამდენიმე თვეშია შესაძლებელი, უფრო დიდი ვალების – რთული: კრედიტორები, დიდ თანხებთან დაკავშირებით, პრეტენზიებს ყოველთვის გამოძებნიან. რადგანაც უკრაინას ფინანსურ ბაზრებთან, ომის გამო, ურთიერთობა არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ სწრაფი რესტრუქტურიზება საჭირო არ არის. ივლისში ფინანსთა მინისტრმა კრედიტორებს ისეთი გარიგება შესთავაზა, რომლის თანახმად, ვალების მომსახურების თანხები 60%-ით უნდა შემცირდეს, მაგრამ კრედიტორებმა გულგრილად უპასუხეს, რომ შემცირება მხოლოდ 22%-ით შეიძლებაო.


უკრაინას ჰაერივით სჭირდება ფინანსური საშუალებები. ამ წლის დასასრულისათვის საგარეო ვალებისა და მშპ-ის შეფარდება 94%-ს მიუახლოვდება, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია ისეთი ეკონომიკისათვის, რომელსაც რთული ფინანსური ისტორია აქვს.


იმ თანხების მოცულობა, რასაც მოკავშირეები უკრაინას აძლევენ, შთამბეჭდავია, მაგრამ საბოლოო ჯამში, კიევისათვის გამოყოფილი თანხა უშუალოდ უკრაინაში იარაღის (არტილერიის ტანკების, და სხვა საბრძოლო მასალების) სახით ჩადის და არა ნაღდი კუპიურების სახით.. აშშ-ის ამასწინანდელი 60-მილიარდიანი დახმარების პაკეტიდან მხოლოდ 8 მილიარდი ნაღდი თანხა გადაეცა უკრაინის მთავრობას.


მართალია, ჩამოსაწერი (და სარესტრუქტურიზაციო) ვალის მოცულობა (მშპ-ის 60%), საკმაოდ მოკრძალებულია – 12 მილიარდი დოლარი – მაგრამ უკრაინისათვის მაინც მნიშვნელოვანია. თუ კრედიტორები საბოლოოდ უარს იტყვიან გარიგებაზე, ქვეყანა, რომელიც ისედაც ძლივს ახერხებს ფულის დაზოგვა-განაწილებას სხვადასხვა დარგებისათვის, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდება.


გარიგების დადების გარეშე უკრაინას ორი ვარიანტი რჩება: პირველი – დაიწყოს მოლაპარაკებები ვალების მომსახურებაზე მორატორიუმის გასაგრძელებლად, რომ გადახდა 2027 წლისათვის მაინც გადაიტანოს. მეორე – გამოაცხადოს დეფოლტი. ეს შეიძლება რადიკალურ გადაწყვეტილებად მოგვეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში, პირველთან შედარებით, რაიმე დიდი განსხვავება არ არის.


კერძო სექტორის ინვესტორი ყოველთვის იმაზე ფიქრობს (განსაკუთრებით საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მიმართ), თუ რას მოიგებს. რა თქმა უნდა, უკრაინის ფინანსური სანდოობის საკითხში ბევრი რამ დასავლეთის სახელმწიფოებზეა დამოკიდებული. დასავლელ გადასახადის გადამხდელს შეიძლება კითხვა გაუჩნდეს – როდემდე უნდა იყრებოდეს თანხები უკრაინის უძირო ორმოში?


როგორც ჩანს, ნოემბერში თუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდება, სიტუაცია უკრაინის დაფინანსების საკითხში გაუარესდება – რესპუბლიკელი ლიდერი სკეპტიკურად არის განწყობილი. ასევე სკეპტიკურად არიან განწყობილნი უკრაინული ობლიგაციების დასავლელი მფლობელებიც სკეპტიკურად არიან განწყობილნი. მართალია, მოკავშირეებისა და სავალუტო ფონდის მტკიცებით, რესტრუქტურიზება უკრაინას შესაძლებლობას მისცემს ფინანსურ ბაზრებს დაუბრუნდეს, როგორც კი ომი დამთავრდება და მოკავშირეებიც ვალებს შემდეგ ჩამოაწერენ, ინვესტორები დარწმუნებულნი არ არიან.


უკრაინის აღდგენის ძირითადი კომპონენტია საბაზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, სამოქალაქო საცხოვრებელი ფონდის აღდგენა, სპეციალისტების სწავლება – პრინციპში, ეს ყველაფერი კერძო ინვესტორებისათვის მომგებიანი არ იქნება, ამიტომ მთელი სიმძიმე მოკავშირეებს დააწვებათ. ამჟამინდელი შესაძლო ჩიხი საგანგაშო პერსპექტივას ბადებს: კიევის მომხრე სახელმწიფოებსა და უცხოელ კერძო ინვესტორებს შორის გაჩენილი უნდობლობა ყოველგვარ პროგრესს დაამუხრუჭებს. მინისტრმა სერგეი მარჩენკომ სწორად გააკეთა, როცა კომერციულ კრედიტორებს გაახსენა, რომ „ქვეყნის არმია მხოლოდ მაშინ არის ძლიერი, თუ მისი მხარდამჭერი ეკონომიკაც ძლიერია“. ამასთან, მინისტრს შეეძლო იმავენაირად კიდევ ერთი, მაგრამ შებრუნებული სახის გამონათქვამი გაეხსენებინა: „ქვეყნის ეკონომიკა იმდენად არის ძლიერი, რამდენად ძლიერია მისი არმია, რომელიც ქვეყნის არსებობის გარანტს წარმოადგენს“.


წყარო

ამერიკაში რაც მალე მიხვდებიან, რომ საქართველოში სანქციებზე მეტად ჭრის დიპლომატიური ენა, მით მალე მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა -გურამ მაჭარაშვილი

ამერიკაში რაც მალე მიხვდებიან, რომ საქართველოში სანქციებზე მეტად ჭრის დიპლომატიური, მეგობრული ენა, მით მალე მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, პარტნიორული ურთიერთობებისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ჩვენ არა მხოლოდ შეშფოთება გამოვთქვით საქართველოში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონზე, ასევე მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატად, ვფიქრობ, კიდევ მეტსაც ნახავთ“.

„ამერიკაში რაც მალე მიხვდებიან, რომ საქართველოში სანქციებსა და მათრახებზე უფრო მეტად ჭრის დიპლომატიური, მეგობრული ენა, მით მალე მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება და არა ბატონყმური ურთიერთობების დამყარება. ყველა შემთხვევაში, საქართველოსთან დაკავშირებით რა ბრალდებებიც იყო, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გაქარწყლდა. გვაბრალებდნენ, რომ სააკაშვილი წამებული იყო, რაზეც სტრასბურგმა თქვა, რომ ასე არ არის; საქართველოში შავ ხვრელებს ეძებდნენ და მათივე წარმომადგენლებმა თქვეს, ეს ტყუილია, სიმართლეს არ შეესაბამებაო; ამბობდნენ, ოპოზიციის დევნა არისო და ნახეს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და პოლიცია როგორ ღირსეულად იქცეოდა. გადატვირთვა თუ უნდათ, პარტნიორული ურთიერთობებისთვის მზად ვართ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 26 მოქალაქე ქვეყნიდან გაძევეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული ქვეყნიდან.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა ირანის ისლამური რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს, ერაყის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, ინდოეთის რესპუბლიკის და სხვა უცხო ქვეყნების, ჯამში 26 მოქალაქე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატო, დონალდ ტრამპის შესაძლო გაპრეზიდენტების ფონზე, უკრაინას სამხედრო დახმარების შესანარჩუნებლად გზებს ეძებს

ნატო ამზადებს რიგ ღონისძიებებს, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის შენარჩუნებას და გაძლიერებას ევროპის მემარჯვენე ძალების მზარდი მხარდაჭერისა და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არჩევნებში შესაძლო გამარჯვების ფონზე, – ინფორმაციას The Wall Street Journal-ი აშშ-სა და ალიანსის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ზომები, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ვაშინგტონში დაგეგმილ სამიტზე გამოცხადდება, მოიცავს კიევში მაღალი რანგის სამოქალაქო თანამდებობის გაგზავნას და სამხედრო დახმარების და უკრაინის ჯარების წვრთნის კოორდინაციისთვის გერმანიაში ახალი სარდლობის შექმნას.

The Wall Street Journal-ი წერს, რომ ეს ზომები მიზნად ისახავს უკრაინის საბოლოოდ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივის მხარდაჭერას.

ოპერაცია, სახელწოდებით „ნატო – უსაფრთხოების სფეროში დახმარება და წვრთნა უკრაინისთვის“ 700-მდე ამერიკელი და ალიანსის სხვა წევრი ქვეყნების ჯარისკაცით დაკომპლექტება.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ახალი ინიციატივა თვეების განმავლობაში მუშავდებოდა, მაგრამ ის ახალ აქტუალობას იძენს ტრამპთან სატელევიზიო დებატების დროს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სუსტი წარმოდგენის და აშშ-ის მიერ უკრაინაში დახარჯული თანხის რაოდენობასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმული პრეტენზიების შემდეგ.

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკული გამოფენა გაიმართება

4-5 ივლისს, თბილისში, ექსპოჯორჯიას ორგანიზებით, ექსპოჯორჯიას საგამოფენო ცენტრში, Greda-ს და Invest In Network-ის თანაორგანიზებითა და თიბისის სპონსორობით,  საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი (Georgia Energy Exhibition and Forum – GEEF 2024) გაიმართება, ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი.

გამოფენის მიზანია, ერთი მხრივ  ხელი შეუწყოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ბიზნეს ურთიერთობის გაღრმავებას, მეორეს მხრივ კი იქცეს საუკეთესო პლათფორმად ახალი პროდუქტების, თუ პროექტების ცნობადობის გასაზრდელად.

საერთაშორისო ფორუმი ორი დღის განმავლობაში შეკრებს სექტორის ყველა წარმომადგენელს საქართველოდან და პარტნიორებს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ფორუმზე ხუთ ძირითადი თემის გარშემო გაიმართება დისკუსია:

  1. 360 გრადუსიანი პერსპექტივა: საქართველო მწვანე ენერგიაზე გადასვლის გზაზე;
  2. განახლებადი ენერგიის ფინანსირების შესაძლებლობები;
  3. მზის ფოტოვოლტაიკური სისტემებისა და შენახვის საწყისი ნაბიჯები;
  4. ქარის ენერგიის წარმატების მასშტაბირება;
  5. ჰიდროენერგიის პოტენციალის მაქსიმიზაცია.

ფორუმს ეყოლება როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო სპიკერები, სახელმწიფო სექტორიდან, დონორი ორგანიზაციებიდან და კერძო კომპანიებიდან (GEDF, ESCO, EBRD, GRPH, Masdar და სხვა).

გამოფენის მონაწილეები იქნებიან, როგორც მსხვილი, ისე შედარებით ახალი და მცირე ზომის კომპანიები. პრიორიტეტულად გამოკვეთილია მზის ენერგიის მიმართულება, თუმცა საინტერესო კომპანიები იქნებიან წარმოდგენილები ჰიდროს და ქარის  მიმართულებითაც, მაგალითად – კომპანიები: Shine Energy, Rey Energy, Intellcom-group, Copter Tech, Enovus Frosio Next , Ecoville Georgia, Geo Energy, CINK Hydro-Energy, Shtigen, Parvus Consulting , Step Energy, VDC და სხვა.

ღონისძიების შესახებ მეტი დეტალის გასაგებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.energyexpo.ge

R

ვინმეს თუ საქართველოსთან ურთიერთობა უნდა, სანქციებისა და მათრახების ნაცვლად, მეგობრული ენით უნდა გვესაუბროს-გურამ მაჭარაშვილი

ვინმეს თუ საქართველოსთან ურთიერთობა უნდა, სანქციებისა და მათრახების ნაცვლად, მეგობრული ენით უნდა გვესაუბროს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიესალმება თუ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან პირდაპირ ფრენებს დანიშნავს და სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებს.

„სახელმწიფოებს შორის საჭიროა დიპლომატიური და მეგობრული ენა. ეს ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში რუსთაველმა თქვა, „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“. ვინმეს თუ საქართველოსთან ურთიერთობა უნდა, რა თქმა უნდა, სანქციებისა და მათრახების ნაცვლად, მეგობრული ენით უნდა გვესაუბროს. ჩვენთან ეს ნამდვილად ჭრის, დანარჩენი ისტორიულად არაფერი ჭრის და არც ადრე ჭრიდა, რაც მუქარებს ეხება. ჩვენ მეგობრობისთვის მზად ვართ. პრიორიტეტის დროს ურთიერთობაში წახალისება უნდა იყოს. ამერიკის მხრიდან მუქარისას ვერაფერი მოიძებნა, რომ რაღაცის გაუქმებით დაგვემუქრებოდა. სამწუხაროდ, არაფერი დაუწესებიათ, არც ვიზა და არც სავაჭრო შეთანხმება. რუსეთი ოკუპანტი რომ არის, ეს ისედაც ვიცით და ისინი უფრო მეტ ვიზას იღებენ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები. ურთიერთობებში პრიორიტეტია სავაჭრო ურთიერთობები, პირდაპირი ფრენები და სავაჭრო შეთანხმება, რასაც თუ გააკეთებენ, ამას მხოლოდ მივესალმებით“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

უეფამ, გულშემატკივრებს შორის ჩხუბის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი, თურქეთი კი – 25 000 ევროთი დააჯარიმა

უეფამ ევროპის ჩემპიონატზე წარმოდგენილი ეროვნული საფეხბურთო ასოციაციები ტურნირის ჯგუფურ ეტაპებზე 1,2 მილიონ ევროზე მეტით დააჯარიმა.

მედიის ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის, დორტმუნდში სტადიონზე, მატჩის წინ ხანმოკლე ჩხუბის შემდეგ, უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი დააჯარიმა, თურქეთს კი 25 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის მასპინძელი გერმანია ორჯერ დაჯარიმდა, საერთო ჯამში 20 000 ევროთი, სათამაშო მოედნის დაცვის წარუმატებლობის გამო – რაც ეხებოდა პორტუგალია-თურქეთსა და პორტუგალია-საქართველოს მატჩების დროს მოედანზე თამაშის დროს შესულ მხარდამჭერებს. თამაშების დროს და მის შემდეგ მოედანზე ბევრი გულშემატკივარი რონალდუსთან ფოტოების გადასაღებად შეიჭრა.

რვა გუნდი – უნგრეთი, შვეიცარია, ხორვატია, ალბანეთი, პოლონეთი, სერბეთი, რუმინეთი და ბელგია, გულშემატკივრების ქცევისთვის დააჯარიმეს.

დაჯარიმებას გადაურჩნენ მხოლოდ სლოვაკეთი და ესპანეთი.

თავისუფლების მოედანზე ფეხბურთელების დახვედრის ცერემონიასთან დაკავშირებით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თავისუფლების მოედანზე, 2 ივლისს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დახვედრის ცერემონია გაიმართება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, 12:00-დან 17:00 საათამდე, თავისუფლების მოედანზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ვერ შეძლებენ მოედანზე არსებულ წრეზე შესვლას ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის გასაგრძელებლად. მძღოლები მოხვევას შეძლებენ პუშკინის სკვერის მიმდებარედ და გადაადგილდებიან კვლავ რუსთაველის გამზირისკენ.

„2 ივლისის 17:00 საათიდან 3 ივლისის 00:00 საათამდე პერიოდში, თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა სრულად აიკრძალება. შეზღუდული იქნება თავისუფლების მოედანზე გადაადგილება, როგორც კოტე აფხაზისა და პუშკინის ქუჩებიდან, ისე რუსთაველის გამზირიდან 9 აპრილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

შეზღუდვის საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება.

უკუმიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის იმავე მარშრუტს – ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, შემდეგ კი იმოძრავებს ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების საშუალებით.

თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი ტრანსპორტი გაჩერდება ამაღლების ქუჩის N11-თან და მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მისამართიდან მოემსახურება.

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გულშემატკივრები თავისუფლების მოედანზე დახვდებიან. ღონისძიება 22:00 საათზე დაიწყება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნაკრების ბიჭებმა მთელს მსოფლიოს გააცნეს ეს პატარა ქვეყანა და დღეს მთელი მსოფლიო გახდა ჩვენი გულშემატკივარი – მიხეილ ყაველაშვილი

„ჩვენ იმხელა ნიჭისა და პოტენციალის ქვეყანა ვართ, რომ მუდმივად შეგვიძლია დიდ სპორტულ ფორუმებში მივიღოთ მონაწილეობა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საქართველოს შეუფასებელი იმიჯი შეუქმნა და ახლა მთავარია ნაკრების წარმატებები გაგრძელდეს.

დეპუტატი ამბობს, რომ სპორტში ჩადებული ინვესტიცია ქვეყანას 100%-იან მოგებას მოუტანს.

„გარკვეულ ადამიანებს სურთ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატებაში ხელისუფლების როლი მიიტაცონ. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. წინა მთავრობის მსგავსად, დღეს ჩვენი მთავრობა ყველა წარმატებას თავის თავს არ მიაწერს. ყველას ნანახი გვაქვს სატელევიზიო კადრები, სადაც გვარამია ქართულ ფეხბურთს აკნინებს და ფეხბურთელების წარუმატებლობაში მთავრობას ადანაშაულებს. წარმატების დროს კი მთავრობა და მის მიერ გაწეული საქმიანობა არავის ახსოვს. არც არავისგან ვითხოვთ აღიარებას. მთავარია, დაწყებული საქმე არ შეჩერდეს და განვითარდეს.

120 მილიონი დაიხარჯა 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩასატარებლად. ზოგი კითხულობდა – რაში ხარჯავთ ამდენ ფულსო? დღევანდელი წარმატება კი სწორედ ჩვენმა ასეთმა მიდგომამ მოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სპორტის განვითარებისთვის, მე ვთვლი, რომ ინვესტიცია სპორტში უნდა გაიზარდოს.

ჩვენ იმხელა ნიჭისა და პოტენციალის ქვეყანა ვართ, რომ მუდმივად შეგვიძლია დიდ სპორტულ ფორუმებში მივიღოთ მონაწილეობა. ფეხბურთში ჩადებული ინვესტიცია 100% -იან მოგებას მოგვცემს. ამ მოგებას მოაქვს ფინანსური, ეკონომიკური, რეპუტაციული აღმავლობა. გაიზრდება ტურიზმი, დაინტერესდებიან კიდევ უფრო მეტად ქართული კულტურით და ასე შემდეგ. ნაკრების ბიჭებმა მთელ მსოფლიოს გააცნეს ეს პატარა ქვეყანა და დღეს მთელი მსოფლიო გახდა საქართველოს გულშემატკივარი. ჩვენმა ბიჭებმა და ფეხბურთმა შეუფასებელი იმიჯი შეუქმნა საქართველოს. ახლა მთავარია, რომ ამ ერთი წარმატებით არ შემოვიფარგლოთ,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

თიბისის TechXplore ღონისძიება

თიბისი, USAID-თან პარტნიორობით, 3-6 ივლისს, განსხვავებული კონცეფციისა და გამოცდილების ტექღონისძიებას TechXplore-ს გამართვას.

TechXplore-ის მიზანია, ხელი შეუწყოს Cross-functional გუნდებში მუშაობის გამოცდილების მიღებას, პროექტის ფარგლებში აკუმულირებული ცოდნის დემონსტრირებასა და პრაქტიკაში ინტეგრაციას, კომუნიკაციის, კოლაბორაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს, პროექტის “TBC X USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის”, 150-მდე მონაწილე. ასევე, სფეროს ტექლიდები, მენტორები და Agile ქოუჩები.

ოთხი დღის განმავლობაში გუნდები, რომლებიც დაკომპლექტდებიან ტექნოლოგიურ სფეროში სხვადასხვა მიმართულებების კომპეტენციების მქონე მონაწილეების მიხედვით, ლექტორ-მენტორების ჩართულობით, იმუშავებენ იდეის ირგვლივ, რომლის მიზანი კონკრეტული პროექტის ტექგადაწყვეტილებაზე მუშაობა იქნება.

TechXplore-ის მეოთხე დღეს გაიმართება გუნდების ინოვაციური ტექიდეებისა და პროექტების წარდგენა, რომლის ფარგლებშიც მოწვეული ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს და გაიმართება დაჯილდოების ცერემონია. საპრიზო ფონდი მოიაზრებს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების 15 000 ლარის ეკვივალენტ აქციებს.

TechXplore-ის მენტორინგ პროცესში მონაწილეობენ ტექგუნდის წევრები როგორც თიბისიდან, ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან – Space, თეგეტა და Spectre, რომლებიც ასევე ჩაერთვებიან დაჯილდოების პროცესში და გამარჯვებულებს გადასცემენ სიმბოლურ საჩუქრებს.

TechXplore-ის მასპინძელია კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი.

(R)