Home Blog Page 1079

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სახალხო ზეიმს შეუერთდა და ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ფედერაციის წევრებს ღირსების ორდენები გადასცა.

სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტმა ღირსების ორდენები და მედლები ისტორიული სპორტული მიღწევის – 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადასცა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დილით დაბრუნდა.

22:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.

თავისუფლების მოედანზე ღონისძიება  – „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“  მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე ღონისძიება – “საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ მიმდინარეობს.

თავისუფლების მოედანზე საზოგადოება შეიკრიბა იმისთვის, რომ ფეხბურთელებს ერთად უთხრან მადლობა იმ წარმატებისთვის, რასაც ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია.

სპეციალურად საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც ფეხბურთელები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.

საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მივიდა.

ღონისძიებაზე უკვე მივიდა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დღეს დილით დაბრუნდა, სადაც მათ გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ.

ჩვენ ბიჭებს ნამდვილად ეკუთვნით ასეთი მასშტაბური, ძალიან ღირსეული დახვედრა იმიტომ, რომ ყველაზე ღირსეული ფეხბურთელები გვყავს – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ბიჭებს ნამდვილად ეკუთვნით ასეთი მასშტაბური, ძალიან ღირსეული დახვედრა იმიტომ, რომ ყველაზე ღირსეული ფეხბურთელები გვყავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც თავისუფლების მოედანზე მივიდა.

პრემიერის განცხადებით, ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოს წარმოუდგენელი სიხარული აჩუქა.

„წარმოუდგენელი სიხარული გვაჩუქეს ამ თვეების განმავლობაში. ჯერ იყო წარმოუდგენელი მოლოდინი და შემდეგ ამ მოლოდინის წარმოუდგენელი გამართლება და კიდევ ერთხელ მადლობა. ეს მადლობა ეკუთვნის თითოეულ ფეხბურთელს, მთელ ჩვენს ნაკრებს. სექტემბერში „ერთა ლიგა“ იწყება შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი და ახალი ოცნებებიც უნდა ავიხდინოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ღია ავტობუსმა თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა დაიწყო

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ღია ავტობუსმა თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა დაიწყო. გულშემატკივართა ნაწილი მათ მიხეილ მესხის სტადიონთან დახვდნენ, ნაწილი კი თავისუფლების მოედანზეა შეკრებილი, სადაც ავტობუსი გაჩერდება და დასკვნითი ღონისძიებები გაიმართება.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები საქართველოში დღეს დილას დაბრუნდნენ 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე „ჯვაროსნების“ დახვედრის ღონისძიება გაიმართება.

გილოცავთ და გლოცავთ, ჩვენო საყვარელო ფეხბურთელებო – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატებას ულოცავს.

პატრიარქის წერილს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, გულითადად ვულოცავთ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელით ღირსეულ გამოსვლას.

ამ ფაქტმა, შეიძლება ითქვას, მოიცვა მთელი ქვეყანა და ხალხს განსაკუთრებული სიხარული მოანიჭა, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მსოფლიოს წინაშე ღირსეულად წარმოჩინდა საქართველო და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც პატივისცემით განეწყვნენ.

გილოცავთ და გლოცავთ, ჩვენო საყვარელო ფეხბურთელებო. ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი.

ღმერთმა მოგვმადლოს ერთობა და ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანი სხვა დიდი გამარჯვებები”, – ნათქვამია წერილში.

„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს

„მოგეხსენებათ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია სახელწოდებით: „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“

საქართველოს ინიციატივა ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, სადაც საუბარია რუსეთის მავნე ქმედებებზე, სამწუხაროდ უარყოფილ იქნა და რეზოლუციაში ის არ გაითვალისწინეს.

საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია საბოლოო რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს ხმა გადამწყვეტი არ არის, რადგან ვართ პატარა ქვეყანა, გვყავს ძალიან პატარა დელეგაცია და აუცილებლად ვიქნებით უმცირესობაში, მაგრამ საჭიროა ღიად ვთქვათ, რომ შესწორებები მიკერძოებულია და დაფუძნებულია მხოლოდ ზეპირ განცხადებებზე, მისი დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

სამწუხაროა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული ასამბლეა რუსეთის თამაშს თამაშობს. ჩვენი გადაწყვეტილება რჩება ურყევი და გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის დასაცავად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსმა ოკუპანტებმა, სოფელ ბალთასთან, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს | სუს-ის განცხადება

რუსმა ოკუპანტებმა, სოფელ ბალთასთან, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – ამის შესახებ სუს-ის განცხადებაშია საუბარი.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას, – წერია განცხადებაში.

ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე, მარიამ იაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან

ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე, მარიამ იაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე დაიწყეს მსჯელობა, ამასთან დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.

სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდება, ვინაიდან საქმე დაზარალებული პირების პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს.

უჩა აბაშიძის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, პროცესზე მან მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობა მნიშვნელოვანი დარღვევების გამო მოითხოვა. როგორც ადვოკატი განმარტავს, ჩხრეკის ვიდეოგადაღება არ მომხდარა.

„როცა ადამიანს ჩხრეკენ, მას თავის დასაცავად რამდენიმე მექანიზმი აქვს – მოწმის დასწრება, ვიდეოგადაღება, ადვოკატის მონაწილეობა. მოცემულ საქმეში არც ერთი მათგანი პროკურატურას დაკმაყოფილებული არ ჰქონია. ასევე, მხარეებმა ერთმანეთს მტკიცებულებები უნდა გაუცვალონ, რაც არ მომხდარა – პროკურატურა დაცვის მხარეს მტკიცებულებათა მნიშვნელოვან ნაწილს არ აძლევს. ასევე, საქმეში რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი გხვდება, მათ ჩხრეკის ოქმი, სავარაუდოდ, 2-3 დღის შემდეგ შეადგინეს ჩხრეკის ჩატარებიდან. ჩხრეკის ოქმში გამომძიებლად დაფიქსირებულია პირი, რომელიც მანამდე ამავე საქმეზე მოწმედ იყო გამოკითხული. მიგვაჩნია, რომ მტკიცებულებები დაუშვებელია, ის კანონით დადგენილი წესის დარღვევით არის მოპოვებული… მტკიცებულება, რომელიც საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას არის ამოღებული, ამ სახლში არ იყო აღმოჩენილი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ უჩა აბაშიძის სახლის ჩხრეკა არ გადაუღიათ, თუმცა, შეგახსენებთ, რომ საჯაროდ გავრცელდა ვიდეო-კადრები, რომელიც უჩა აბაშიძის სახლშია გადაღებული, სადაც იარაღი იატაკზე ეყარა. ეს კადრები ჯერ შსს-მ გაავრცელა, მერე ტელევიზიებმა. როგორ შეიძლება თქვა არ გადაგვიღიაო, როცა ვიდეო გავრცელებულია და პროკურატურამ ეს ვიდეო ბრიფინგზეც საჯაროდ გაავრცელა. ბუნებრივია, გამოძიების მიმართ სანდოობა ნულის ტოლია“,- განაცხადა თუთბერიძემ.

დაკავებული ცოლ-ქმარი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

ცნობისთვის, უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება – შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

როგორც ირკვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარე წლის 4 მაისს, სულ სხვა საქმეზე დაიწყო. კერძოდ კი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე. სწორედ აღნიშნული გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში, სამართალდამცველებმა უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები ფარულად დაამონტაჟეს, რომელთა საშუალებითაც მარიამ იაშვილსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირს უკანონოდ იღებდნენ.

ამასთან, სახელმწიფო ბრალდების ცნობით, დაკავებულებმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.

გამოძიების ინფორმაციით, ჩანაწერებში საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც ფიგურირებენ, რომელთა გადაღებაც უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე ხორციელდებოდა და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ 25-მა კატასტროფა განიცადა, თავდაცვის მინისტრი ჩავიდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ 25-მა კატასტროფა განიცადა, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი იმყოფება.

როგორც სამინისტროში განმარტავენ ავიაკატასტროფის ადგილზე იმყოფება თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაური და ყველა შესაბამისი სამსახური.

უკვე რამდენიმე საათია, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ.

თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ25-მა კატასტროფა დასახლებული პუნქტიდან მოშორებით განიცადა.

ავიაკატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.

თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ25-მა ავიაკატასტროფა გეგმური სწავლების დროს განიცადა.

სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია – ახალი გადაწყვეტილებით ის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ ყველა პირს დღეს დააჯილდოებს

სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია. ახალი გადაწყვეტილებით ის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ ყველა პირს დღეს დააჯილდოებს.

ასევე, ნაცვლად მის მიერ დაანონსებული სექტემბრის თვისა, მან ახალი გადაწყვეტილება დაჩქარებულად, დღევანდელი რიცხვით მიიღო.

მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენზე წარდგენილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 53 წარმომადგენლიდან 19 არ დააჯილდოვა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 ივლისისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7937 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7937 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8016 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0079 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9937 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0114 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0177 ლარი შეადგინა.

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მამუკა წიკლაურმა მიიღო.

აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებული ასიმ სადიკოვი ოთხი მუხლით გაასამართლეს. ესენია: მე-11 პრიმა 109-ე მუხლი, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს; 143-ე – თავისუფლების უკანონო აღკვეთა; 140-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და 236-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას.

საგამოძიებო მასალების მიხედვით, 14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გასული წლის 6 ოქტომბერს მოკლა ასიმ სადიკოვმა, რომელმაც მანამდე რამდენიმე თვით ადრე გოგო იძულებითი ქორწინების მიზნით გაიტაცა.

სასამართლო პროცესს ესწრებოდა აითაჯ შახმაროვას მამა. მისი თქმით, მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიღო.

„ახლა ისე ვგრძნობ თავს თითქოს ჩემი შვილი ცოცხალია. ეს იყო ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება. ის იმსახურებს სამუდამო პატიმრობას. დაგეგმილად გაკეთა, გამიზნულად მოკლა ჩემი შვილი. მე მას თვალებში ჩავხედე და ვუთხარი, რომ ის არ არის კაცი, რადგან ქალზე ხელი აწია და მოკლა. მე არ ვიცოდი, რომ ჩემი შვილი გაათხოვეს, არაფერი ვიცოდი. მალე ვაპირებდი ჩამოსვლას და ეს მოხდა. ყველა უნდა დაისაჯოს ვინც ამ საქმეში დამნაშავეა“, – ამბობს აითაჯის მამა ისა შახმაროვი.

ათაჯ შახმაროვას საქმის ირგვლივ კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული. მათ შორის აითაჯის დედა და ბიძა.