Home Blog Page 1078

20 საუკუნის წინ ვიტრუვიუსის მიერ შექმნილი, არქიტექტურის ბიბლიად წოდებული წიგნი ქართულად პირველად გამოიცა

მარკუს ვიტრუვიუსის ტრაქტატის – „ათი წიგნი არქიტექტურის შესახებ“ – ქართული თარგმანის პრეზენტაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უმასპინძლა. წიგნი სამინისტროს მხარდაჭერით ითარგმნა და მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოსცა გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგმა“. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

თარგმანის პრეზენტაციას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, პროექტის ინიციატორი, არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე, საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების რესტავრაციისა და ხელოვნების საბჭოს ხელმძღვანელი აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე, მთარგმნელი ნინო ხუციშვილი, გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი, დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, პროფესორები და არქიტექტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2022 წლიდან კულტურის სამინისტრომ დაიწყო იშვიათობად ქცეული წიგნების ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა. სწორედ სასწავლო პროცესის ხელშეწყობისთვის საჭირო ამ მნიშვნელოვანი პრიორიტეტის გათვალისწინებით გამოიცა ქართულად „ათი წიგნი არქიტექტურის შესახებ”.

ვიტრუვიუსის ეს ნაშრომი თარგმნილი და გამოცემულია მრავალ ენაზე, ისტორიული ხუროთმოძღვრებით განთქმულ, მშენებლობის უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყანას კი ქართულ ენაზე არ გააჩნდა „ათი წიგნი არქიტექტურის შესახებ“. ეს გამოცემა, რომელიც ქართველ სტუდენტებს, არქიტექტორებსა და არქიტექტორ-რესტავრატორებს პროფესიულ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი შენაძენია.

პროექტის ინიციატორი და გამოცემის სამეცნიერო რედაქტორია საქართველოს დამსახურებული არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე, მთარგმნელი – ნინო ხუციშვილი, რედაქტორები – ცისანა თოდუა-კარტოზია და ელზა ნაბახტეველი, დიზაინერი – მაკა ცომაია.

რომაელმა არქიტექტორმა და ინჟინერმა მარკუს ვიტრუვიუსმა ძვ. წ. პირველ საუკუნეში დაწერა ნაშრომი „ათი წიგნი არქიტექტურის შესახებ“. ქრისტეშობიდან მოყოლებული, დღემდე, არქიტექტურის ბიბლიად წოდებული წიგნი ახალგაზრდების არქიტექტორებად ჩამოყალიბების წყაროდ რჩება და იცავს არქიტექტურის კრედოს ვიტრუვიუსის ტრიადით – „სიმტკიცით, სარგებლით, მშვენიერებით“. სწავლული ბერძნულ არქიტექტურას განიხილავს, როგორც ძეგლს და მისი აპოლოგეტია. იტალიური რენესანსი ეყრდნობა სწორედ ვიტრუვიუსის ნაშრომს, რომელიც 1486 წელს დაიბეჭდა.
აღსანიშნავია, რომ ვიტრუვიუსის ნაშრომში დეტალურად არის აღწერილი კოლხური კოშკის აგების ტექნოლოგია.

ტრაქტატს ეცნობოდნენ რენესანსის ტიტანები, რომელთათვისაც ვიტრუვიუსი ავტორიტეტად იქცა. შემთხვევითი არ არის, რომ ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა საყოველთაოდ ცნობილი „ვიტრუვიუსის ადამიანის“ გრაფიკული გამოსახულება კომენტარებით. ისიც ნიშანდობლივია, რომ აღორძინების ხანის ცნობილმა მოღვაწემ, ლეონ ბატისტა ალბერტიმ, თავის ტრაქტატს უწოდა „ათი წიგნი არქიტექტურის შესახებ“.

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, სისხლისამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს – 1 499 116 ლარის ოდენობით.

„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218 – ე მუხლის მეორე ნაწილით. რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების ღკვეთას 5 – დან 8 წლამდე ვადით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

წლის მთავარ ტექნოლოგიურ კონფერენციამდე ერთი დღე რჩება

ხვალ, 4 ივლისს, თბილისში, თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions – ის ორგანიზებით, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება, რომლის მიზანია ტექნოლოგიური კომუნის გაძლიერება და ინსპირაცია, რომ ცვლილებების ლიდერები გახდნენ. თიბისი უკვე მესამე წელია მხარს უჭერს კონფერენციას და როგორც წამყანი ტექნოლოგიური კომპანია მონაწილეობს მასში.

კონფერენცია 2018 წლიდან ტარდება და მასში მონაწილე IT მენეჯერები, ინჟინრები და სხვადასხვა კომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელები ერთმანეთს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს უზიარებენ.

წელს კონფერენციას 500-ზე მეტი ადამიანი დაესწრება, მათ შორის არიან მოწვეული უცხოელი გამომსვლელები. წლევანდელი ფოკუსი სამი ძირათი თემის გარშემო იქნება, ესენია: FinOps, ციფრული ტრანსფორმაცია, კიბერ-უსაფრთხოება, Big Data და AI.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილის, იური სემენიხინის მიერ, რომელიც გაგვიზიარებს ბანკის ხედვას და გამოცდილებას, თუ როგორ მოახდინა თიბისიმ FinOps მეთოდოლოგიის ადაპტაცია და რა გამოწვევები გაიარა ამ გზაზე.

ასევე, კონფერენციაზე თიბისი წარმოდგენილი იქნება მონაცემთა ანალიზის გუნდიდან ორი წარმომადგენლით: მანანა ქირია და ლაშა ფანცხავა, რომლებიც MSOps და AI თემას წაიყვანენ.

თუ ხართ ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული და გსურთ, გაერკვეთ უახლეს ტექნოლოგიურ პროცესებში და გადაწყვეტებში, ასევე გაიცნოთ და მოუსმინოთ წამყვან ექსპერტებს მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიებიდან, მაშინ მოინიშნეთ 4 ივლისი და გაიგეთ კონფერენციის შესახებ უფრო მეტი აქ:  https://changeinspire.ge/#about-  conference

(R)

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ საგამოცდო სესიაზე განაწილებულ აბიტურიენტთაგან 93%-ზე მეტი გამოცხადდა, ერთმა აბიტურიენტმა კი დააგვიანა

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ საგამოცდო სესიაზე განაწილებულ აბიტურიენტთაგან 93%-ზე მეტი გამოცხადდა, ერთმა აბიტურიენტმა კი დააგვიანა.

როგორც გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან 93%-ზე მეტი გამოცხადდა.

საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არის ერთი დაგვიანების შემთხვევა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!“- ნათქვამია ინფორმაციაში.

განათლების მინისტრის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 47 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული

განათლების მინისტრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 47 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყნის 12 ქალაქში სრულად არის მომზადებული 24 საგამოცდო ცენტრი, რომელიც ყველა ინვენტარით არის აღჭურვილი.

„დარეგისტრირებულია 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი. ქვეყნის 12 ქალაქში სრულად გაშლილი და მომზადებულია 24 საგამოცდო ცენტრი, რომელიც აღჭურვილია ყველა ინვენტარით, გაგრილების სისტემებით და ყველა იმ საშუალებებით, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენმა აბიტურიენტებმა მშვიდ გარემოში გამოავლინონ თავიანთი ცოდნის მაქსიმუმი და მიიღონ უმაღლესი ქულები. მინდა თითოეულ აბიტურიენტს წარმატება ვუსურვო. სრული გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ მათ შეძლონ მშვიდად თავიანთი ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენა, მინდა თითოეულ მათგანს ვუსურვო იმ უნივერსიტეტში მოხვედრა, რომელიც არჩეული აქვთ“,-განაცხადა ამილახვარმა.

ცნობისთვის, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

ახლა უნდა განვიხილოთ ფედერაციასთან, რა იყო კარგი და რა იყო ცუდი, ამის შემდეგ ვისაუბრებთ გადაწყვეტილებებზე-ვილი სანიოლი

მედიასთან ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ევროპული ასპარეზობა შეაფასა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, ყველა ბედნიერია – ხალხიც და ფედერაციაც. ფეხბურთიც სწორედ ამიტომაა შექმნილი, რომ ხალხი გაახალისოს. ახლახან დავამთავრეთ შეჯიბრი და ახლა უნდა განვიხილოთ ფედერაციასთან, რა იყო კარგი და რა იყო ცუდი. ამის შემდეგ ვისაუბრებთ გადაწყვეტილებებზე“, – აღნიშნა მან.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება ქომაგებთან ერთად აღნიშნა. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ფეხბურთელებმა ქართველ ქომაგებს სიტყვით მიმართეს და აქტიური გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადეს. საქვეყნო ზეიმზე სიტყვით პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა და გაწეული შრომისთვის ნაკრების მიმართ მადლიერება გამოხატა. ამავე ღონისძიებაზე „ჯვაროსნები“ და სამწვრთნელო შტაბი სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

აბიტურიენტებისა და მშობლებისთვის ემოციური დღეა, მინდა, ვურჩიო მათ, არ ინერვიულონ, ჩვენ ვზრუნავთ ახალგაზრდებისთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე-გიორგი ამილახვარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს.

მინისტრის თქმით, საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია გამოსაცდელების მისაღებად.

„დღეს, ქვეყანაში ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დავიწყეთ. პირველ რიგში, წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ გამოსაცდელს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მთელ გუნდს. მნიშვნელოვანია, რომ მთელი წელი აქტიურად ვემზადებოდით ამ დღისთვის. წელს საქართველოს მასშტაბით 12 ქალაქში 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი, რომელიც 47 000-ზე მეტ აბიტურიენტს მიიღებს. საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია გამოსაცდელების მისაღებად – ყველა სივრცე აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, გამართულია გაგრილების სისტემა და ცენტრებში უზრუნველყოფილია მშვიდი და უსაფრთხო გარემო, სადაც თითოეულ აპლიკანტს აქვს თავისი ცოდნისა და უნარების გამოვლენის მაქსიმალური შესაძლებლობა. განსაკუთრებით ემოციური დღეა აბიტურიენტებისა და მშობლებისთვის. მინდა, ვურჩიო მათ, რომ არ ინერვიულონ, რადგან ჩვენ ყველანი ვზრუნავთ ახალგაზრდებისთვის შესაბამისი გარემოსა და პირობების შექმნაზე. კიდევ ერთხელ, წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მომავალ თაობას ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, თითოეულ აბიტურიენტს სასურველ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას ვუსურვებ“, – განაცხადა მინისტრმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაიწყო.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

3 ივლისს ქუთაისში +33 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმს. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

მზიანი დღეა ფოთში. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც ნალექიანი დღეა. დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომშიც წვიმა არის მოსალოდნელი. დღისით +27 იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორში დღისით +32 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურშიც იწვიმებს, დღე +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +18, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +31 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

გამოცდები საქართველოს 12 ქალაქში 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება.

2024 წლის გამოცდებისთვის სულ 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლის გამოცდისათვის 18 900-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა რეგისტრაცია.

2024 წლის გამოცდები ტრადიციულად ორ სესიად ტარდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს თითოეულ გამოსაცდელს, არ დაიგვიანოს გამოცდაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საგამოცდო პროცესს გამოეთიშება. გამოცდაზე დაშვების პირობაა, რომ მონაწილემ წარმოადგინოს ფოტოსურათიანი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი, რომლის ამობეჭდვაც შესაძლებელია ნებისმიერი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან.

წელს ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემით. დანიშნულია დამატებითი ტრანსპორტი მეტროდან საგამოცდო ცენტრამდე. მათ გადაადგილებასთან დაკავშირებით დეტალები გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

მასწავლებლის მსურველები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც, სამაგისტრო გამოცდას კი მაგისტრობის კანდიდატები 17-18 ივლისს ჩააბარებენ.

ქართული ფეხბურთის მიმართ მხარდაჭერა აუცილებლად გაგრძელდება – ეს არ არის დასასრული, ეს მხოლოდ დასაწყისია – ირაკლი კობახიძე

ღირსეულ ბიჭებს გადაეცათ ღირსების ორდენები, ვულოცავ თითოეულ მათგანს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წევრების დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართული ფეხბურთის მხარდაჭერა აუცილებლად გაგრძელდება და 2 წელიწადში სუპერთანამედროვე სტადიონი აშენდება.

„მხარდაჭერა ქართული ფეხბურთის მიმართ აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ბიჭებმა გვაჩუქეს ნამდვილი სასწაული, თუმცა ეს არ არის დასასრული, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. სექტემბრიდან გვექნება ახალი, სასწაული მატჩები, სავსე ტრიბუნებით. რამდენიმე წელიწადში, ორიოდე წელიწადში, ეს ბიჭები ითამაშებენ ახალ, სუპერთანამედროვე სტადიონზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დილით დაბრუნდა.

22:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.

სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა – გახარებული ამ ბიჭების სასწაულით – ეს მხოლოდ დასაწყისია – სალომე ზურაბიშვილი

სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა – გახარებული ამ ბიჭების სასწაულით, – ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე წარმოთქვა.

პრეზიდენტმა ნაკრების წევრები ღირსების ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ბიჭებმა მიაღწიეს მიუღწეველს და ეს მხოლოდ დასაწყისია.

„სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა – გახარებული ამ ბიჭების სასწაულით, მაგრამ სასწაული ასე არ მოდის, ეს არის შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა, ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ერთად ამათ ისე აქვთ შერწყმული, რომ მიაღწიეს მიუღწეველს და ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ძალიან დიდი მადლობა მათ და თქვენც ძალიან დიდი მადლობა მათი გულშემატკივრობისთვის. მინდა, თქვენი სახელით, ერთობის სახელით, რამეთუ ეს ჯილდო არის მთავრობის, პრეზიდენტის და თქვენი ჯილდო, რომელსაც გადავცემთ ამ ბიჭებს და ვუსურვებთ, რომ მათი გამარჯვების გზა იყოს უსასრულო“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს მთელი ენერგია და აქტივობა ფიზიკური ვარჯიშისკენ უნდა მიმართოთ. შესაძლოა, თქვენს წინაშე ახალი ჰორიზონტები და უჩვეულო პერსპექტივები გამოჩნდეს. ნებისმიერი მეგობრული შეხვედრა სასარგებლო იქნება, თუმცა ეცადეთ ღია ცის ქვეშ, სასიამოვნო ადამიანებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. შესაძლოა, ოჯახური პრობლემის გადასაჭრელად სამსახურისთვის გამოყოფილი დროის შემცირება დაგჭირდეთ.

კურო

მოვლენებით დატვირთული დღეა. გამორიცხული არ არის, რომ სამსახურში თქვენი პოზიცია ან ანაზღაურება შეიცვალოს. ამ დღეს არაკეთილგანწყობილ ადამიანებთან ურთიერთობაში მეტი ტაქტი და დიპლომატია უნდა გამოიჩინოთ. მთლიანობაში, იდეალური დროა სპორტისა და ფიზიკური დატვირთვისთვის.

ტყუპები

საკუთარ თავში ფარულ შესაძლებლობებს აღმოაჩენთ, რაც ახალი საქმის დაწყებაში დაგეხმარებათ. ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარებას ნუ ეცდებით. სასურველი შედეგის მისაღწევად, დღევანდელი დატვირთვა ორჯერ მაინც უნდა შეამციროთ. არსებობს სამსახურში კონფლიქტისა და საგზაო შემთხვევების ალბათობა, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. პროფესიულ საქმიანობაში უმჯობესია ტაქტიკა შეცვალოთ და პრინციპულობას კომპრომისების გზა ამჯობინოთ.

კირჩხიბი

ადრე თუ გვიან, ყველაფრის ერთდროულად კეთება საბედისწერო შეცდომამდე მიგიყვანთ, ამიტომ ეცადეთ საქმე მშვიდად და აუჩქარებლად აკეთოთ. ამ დღეს მენეჯმენტი და კოლეგები თქვენგან მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვენ და ეცადეთ იმედი არ გაუცრუოთ. დროა, პირადი ურთიერთობების მოგვარებაზეც იზრუნოთ – გათავისუფლდით ადამიანებისგან, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ ტკივილი მოაქვთ.

ლომი

ლომებო, ახალი საქმის დასაწყებად არახელსაყრელი დღეა. დიდი ცდუნების მიუხედავად, ყველა საეჭვო შეთავაზებაზე უარი უნდა თქვათ. მზად იყავით იმისთვის, რომ ბიზნესპარტნიორები თქვენს მოტყუებას ეცდებიან და ყურადღებით შეამოწმეთ ყველა საბუთი. რისკის გამოსარიცხად არ დაესწროთ მასობრივ ღონისძიებებს და საღამო განმარტოებით გაატარეთ.

ქალწული

ქალწულებისთვის წარმატებული პერიოდი იწყება, რადგან არსებობს კარიერული წინსვლისა და პოზიციების გაძლიერების შანსი, თუმცა მანამდე სამსახურში ძველი პრობლემა უნდა მოაგვაროთ. დღის მეორე ნახევარი ახლობელ ადამიანთან დაკავშირებულ ნერვიულობას მოგიტანთ. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა უსიამოვნო ფიქრებს დაგავიწყებთ.

სასწორი

შედეგების შეჯამებისა და ჩატარებული სამუშაოს შეფასებისთვის ხელსაყრელი დღეა. თუ დახმარება გჭირდებათ, საყვარელ ადამიანებს უნდა მიმართოთ. ძველი მეგობრების და პროფესიონალების რჩევაც დაგეხმარებათ, ამიტომ ოთხ კედელში არ უნდა ჩაიკეტოთ და სახლის გარეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. შეადგინეთ გეგმები და მათი განხორციელებისთვის მოემზადეთ.

მორიელი

უფრთხილდით სამსახურებრივ პრობლემებს. თქვენმა თავდაჯერებამ და სიჯიუტემ შეიძლება ოჯახის წევრების პროტესტი გამოიწვიოს. ეცადეთ ნებისმიერ დავაში კომპრომისი იპოვოთ და თითოეულ პრობლემას გასაღები მოარგოთ. ზოგი სიტუაციის მოგვარებას მხოლოდ თქვენი ინტუიციის და ინტელექტის წყალობით შეძლებთ.

მშვილდოსანი

ეს დღე მომავლის იმედს განასახიერებს და ახალ შესაძლებლობებს გპირდებათ. ცდუნების მიუხედავად, სარისკო ოპერაციებში ჩართვას უნდა მოერიდოთ, მით უმეტეს, რომ ამის გამოცდილება არ გაქვთ. უფროსი ასაკის მშვილდოსნები შეიძლება თავის ტკივილმა და მაღალმა წნევამ შეაწუხოს. დროა დასვენებაზე და ძალების აღდგენაზე იზრუნოთ და რაც მთავარია, ემოციურ და ფიზიკურ სტრესს მოერიდეთ.

თხის რქა

ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას უნდა მოერიდოთ და თუ შესაძლებელია, რამდენიმე დღე გადადოთ. სანამ დასკვნებს გამოიტანთ, ახალი ინფორმაცია კარგად უნდა შეისწავლოთ და თუ საჭიროა, დახმარებისთვის სპეციალისტებს მიმართოთ. თუ ვინმეს საიდუმლო გაიგეთ, მაშინვე დაივიწყეთ – მისი ცოდნა პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

მერწყული

კარგი დღეა შემოქმედებითი უნარების გამოსავლენად. უჩვეულოდ გამახვილებული ინტუიციისა და პირადი თვისებების წყალობით მოკავშირეებს მაგნიტივით იზიდავთ, რაც ფულის შოვნის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. მარტოხელა მერწყულებს მნიშვნელოვანი შეხვედრა ელით, რომელიც ყველაფერს შეცვლის. მანამდე დარჩენილი დღეები კი ეცადეთ სულიერ და მორალურ განვითარებას დაუთმოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. შთაგონება დღეს თქვენი საიმედო მეგზური იქნება. ხელმძღვანელ პოზიციებზე მყოფი თევზები რთული არჩევანის წინაშე დგანან. ეცადეთ სიმტკიცე გამოიჩინოთ თუნდაც ეს რთული იყოს. ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ სახლისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგებაზე იზრუნოთ. მოიცილეთ ძველი და უსარგებლო ნივთები და სიახლეებისთვის მეტი ადგილი დარჩება.