Home Blog Page 1077

მმართველი პარტია ხალხს ატყუებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტი საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება – სალომე სამადაშვილი

„ლელოს“ პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ხალხს ატყუებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტი საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, სინამდვილეში კი „დოკუმენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“.

როგორც სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული დოკუმენტი კრიტიკულად აფასებს „რუსულ კანონს“ და მოითხოვს, ეუთო-მ სრული მობილიზაცია მოახდინოს არჩევნების დაკვირვების უზრუნველსაყოფად.

მმართველი პარტია, ზუსტად რუსული პროპაგანდის ხერხებით, ანტი-ამერიკულ განცხადებებს აკეთებს – ხალხს ატყუებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტი ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს.

სიმართლე სხვაა – ეს დოკუმენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ამავე დროს, უკიდურესად კრიტიკულად აფასებს რუსი ოლიგარქის რეჟიმის მიერ მიღებულ რუსულ კანონს, მოითხოვს, ეუთო-მ სრული მობილიზაცია მოახდინოს არჩევნების დაკვირვების უზრუნველსაყოფად და საუბრობს დემოკრატიულ გამოწვევებზე საქართველოში.

ამიტომ არ უჭერს მხარს დოკუმენტს რუსული დელეგაცია, რომელიც 26 ოქტომბრამდე ჯერ ისევ საქართველოს სახელით საუბრობს ამ ფორუმზე“,- აცხადებს სამადაშვილი.

ხალხი ზოგჯერ მართალია და ზოგჯერ ცდება – მაგალითად, მართალია, როდესაც კობახიძის მიმართ გარკვეულ პროტესტს გამოხატავენ, მაგრამ ცდება, როცა აღფრთოვანებას გამოხატავენ ქალბატონი სალომეს მიმართ -იაგო ხვიჩია

ხალხი ზოგჯერ მართალია და ზოგჯერ ცდება – მაგალითად, მართალია, როდესაც კობახიძის მიმართ გარკვეულ პროტესტს გამოხატავენ, მაგრამ ცდება, როცა აღფრთოვანებას ქალბატონი სალომეს მიმართ გამოხატავენ, – ასე გამოეხმაურა “გირჩის” წევრი, იაგო ხვიჩია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლას, ღონისძიებაზე “საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს”, შეკრებილი ზოგიერთი გულშემატკივრის მხრიდან უკმაყოფილო შეძახილებს

ხვიჩიას თქმით, სალომე ზურაბიშვილს რეალური საფუძველი არავისთვის არ მიუცია, რომ ის „ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძვის.

„ხალხი ზოგჯერ მართალია და ზოგჯერ ცდება. მაგალითად, მართალია, როდესაც კობახიძის მიმართ გარკვეულ პროტესტს გამოხატავენ, მაგრამ ცდება, როცა აღფრთოვანებას ქალბატონი სალომეს მიმართ გამოხატავენ. იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილს რეალური საფუძველი არავისთვის არ მიუცია, რომ ის „ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძვის. ცხადია, რომ ზეიმის დროს ჩვენ ადამიანებს კრიტიკულ ანალიზს ვერ მოვთხოვთ, ყველანაირად ემოციური ამბავია, მაგრამ სიმართლის უგულებელყოფა არ შეიძლება. შეუძლებელია, სალომე ზურაბიშვილი განვიხილოთ, როგორც ხმალამოღებული ოპოზიციონერი და ხალხის გვერდში მდგომი. თუ ეს უნდა ქალბატონ სალომეს, მას ბევრი ინსტრუმენტები გააჩნია. მაგალითად, შეუძლებელია მას არ ესმოდეს, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება მისი სასამართლოს მეშვეობით ბევრ ადამიანს ციხეში უკანონოდ ამყოფებს. ის არაფერს არ აკეთებს ამ ხალხის ციხიდან გამოსახსნელად. ამიტომ, ჩემთვის გასაგებია ფეხბურთელების ზეიმზე რომ პოლიტიკოსს უსტვენენ, მაგრამ გაუგებარია როგორ ასხვავებენ ზოგ პოლიტიკოსს დაუსტვინონ და ზოგს არა, მაშინ როცა არც იმ მეორე პოლიტიკოსს არ გაუკეთებია იმის მეათედი, რაც ხალხისთვის შეუძლია”, – აღნიშნა ხვიჩიამ.

„საქსტატის“ მონაცემებით, ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში – 0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ – 2.2% შეადგინა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში – 0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.2% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის თანახმად, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.4%-ით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.65 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-14.7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-6.0%); ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.6%), პური და პურპროდუქტები (-0.6%). ამასთან, მოცემულ პერიოდში ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (2.3%), თევზეული (1.0%), ყავა, ჩაი და კაკაო (0.5%), რძე, ყველი და კვერცხი (0.5%);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 %-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3 %), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.2%); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: წინა თვესთან შედარებით ფასები მომატებულია 1.3%-ით, რაც 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (3.8 %), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (0.8%).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.0 %-ით, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (15.1%), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (4.9%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.7%); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (30.1 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.2 %), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.7 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (2.4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-8.5%), პური და პურპროდუქტები (-3.0%), თევზეული (-1.9%);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (7.7 %) და ღამის გასათევით მომსახურებაზე (6.5 %);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.23 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (4.3%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.3%)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამერიკის მხარემ ისეთი რეზოლუციის პროექტი შეიტანა, რომელსაც კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამაც” კი არ დაუჭირა მხარი -გურამ მაჭარაშვილი

ეს არის ზუსტად „ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო” – ამერიკიდან გვეუბნებიან, რომ პარტნიორული ურთიერთობა უნდათ და ამ დროს რუსეთის საქმეს აკეთებენ ამ რეზოლუციის მიღებით – ცალკე წერია აფხაზეთი და ცალკე სამაჩაბლო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის მხარემ ისეთი რეზოლუციის პროექტი შეიტანა, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამაც” არ დაუჭირა მხარი.

მაჭარაშვილის განმარტებით, ასეთი ტიპის რეზოლუციები მათი მხრიდან ყოველთვის დაგმობილი იქნება.

„სამწუხაროდ, სწორედ ამ რეზოლუციაში ასეთი ტიპის ცვლილებით გამოჩნდა ვინ აკეთებს რუსეთის საქმეს და ვინ ასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს. ჩვენ ქართულ კანონებს ვიღებთ, ქართულ ინტერესებს ვიცავთ. გვეუბნებიან, რომ რუსეთთან ურთიერთობაში პრაგმატულები ვართ, ამ დროს, სამწუხაროდ, რეზოლუციაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ამერიკის მხარემ ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომელიც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. აქ ცალკე წერია აფხაზეთი და ცალკე სამაჩაბლო. ასევე, წერია რომ თურმე რუსეთი ყოფილა დაინტერესებული ამ მოლაპარაკებების მოგვარებით და მარტო რუსეთი ვერაფერს გააკეთებს. წარმოიდგინეთ, ამერიკის მხარემ შეიტანა ეს ცვლილება, რომელიც ჩვენ მეგობრობას გვიმტკიცებს და გვეუბნება, რომ დეოკუპაციის პროცესში გვეხმარება და გვსაყვედურობს, რომ რუსეთთან არ გვქონდეს რაიმე პრაგმატული პოლიტიკა და გვქონდეს სამხედრო კონფლიქტი. ეს არის რეალობა, რომელიც საზოგადოებას აუცილებლად უნდა ავუხსნათ.

თან ამერიკის მხარემ ისეთი რეზოლუციის პროექტი შეიტანა, რომელსაც კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამაც” კი არ დაუჭირა მხარი, რომელიც ღიად ებრძვის საკუთარ ქვეყანას. მაგრამ ეს მოღალატეობრივი რეზოლუცია იმდენად ღია იყო, რომ თვითონ “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს მხარი. ეს არის ზუსტად “ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო”. ამერიკიდან გვეუბნებიან, რომ პარტნიორული ურთიერთობა უნდათ, რისთვისაც ყოველთვის მზად ვართ, და ამ დროს რუსეთის საქმეს აკეთებენ ამ რეზოლუციის მიღებით. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომელსაც არ ვეთანხმებით.

ასეთი ტიპის რეზოლუციები ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება დაგმობილი, მაგრამ ეს ფაქტი ზუსტად იმას ადასტურებს, რომ ჩვენ ვიყავით და ვართ მართლები, როდესაც იმ უცხოურ ძალაზე ვსაუბრობთ, რომელიც ებრძვის საქართველოს და მის სუვერენიტეტს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნავს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შემაშფოთებელია, შესწორებები მიკერძოებულია და სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას.

პარტიის ცნობით, რეზოლუციაში სახელწოდებით: „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“, კონკრეტული ფორმულირების შეტანა ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ეუთო-სა და აშშ-ის გაცხადებულ პოლიტიკას.

ჩაგვრის გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება და ცდილობს საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას – თინა ბოკუჩავა

მოვუწოდებ კომიტეტის წევრებს და ზოგადად ასამბლეას, სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს და აქტიურად ჩაერთონ იმ არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გადაწყვეტს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას ცდილობს.

„კრიტიკული ხმების ჩაგვრა ან განეიტრალება არის ის, რითაც ძლიერდებიან ავტორიტარები და ცდილობენ შეინარჩუნონ ძალაუფლება ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. სწორედ ამ ჩაგვრის გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება და ცდილობს საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას. თუმცა ეს სახიფათო ცვლილება შეიძლება ოქტომბრის საკვანძო არჩევნებით შეიცვალოს და ამ კომიტეტის წევრებს და ზოგადად ასამბლეას მოვუწოდებ, სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს და აქტიურად ჩაერთონ იმ არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გადაწყვეტს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციითვე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ასევე სიტყვით გამოვიდა სენატორ უოკერი, რომელმაც განაცხადა, რომ „საქართველოს მმართველი პარტია ღიად უპირისპირდება ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ არჩევანს“.

„ძალაუფლების შენარჩუნების სურვილითაა ნაკარნახევი თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურება და რაც მთავარია, „უცხოელი აგენტების შესახებ“ რუსული სტილის კანონის მიღება, საქართველოს ყველაზე სანდო პარტნიორებზე თავდასხმებთან ერთად. ამ ორგანიზაციამ მსგავსი ქმედებები ერთხმად უნდა დაგმოს“, – განაცხადა სენატორმა, რომლის თარგმანსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნებში მხარდაჭერის მიმღებ პირთა მონაწილეობის შესახებ“

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლობით მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საინფორმაციო-სასწავლო კურსი ჩატარდა.

შეხვედრას თბილისში მოქმედი მხარდაჭერის მიმღები პირების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის გახსნისას საინფორმაციო-სასწავლო კურსის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

მისი შეფასებით, სასწავლო კურსში დეტალურადაა გაწერილი ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომელიც მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობისთვის არის საჭირო.

საინფორმაციო კურსის მნიშვნელობას, ასევე, ხაზი გაუსვა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა რუსუდან კოხოძემ.

მისი განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება იმისთვის, რომ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები საარჩევნო საკითხების შესახებ მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებულები.

ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელის ნათია ზაალიშვილის განცხადებით, საინფორმაციო-სასწავლო კურსისა და სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგიის მეშვეობით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა 170-მდე ბენეფიციარს (მხარდაჭერის მიმღები პირები) გააცნონ ხმის მიცემის პროცესში ამომრჩევლებისთვის გათვალისწინებული სიახლეები და საარჩევნო სერვისები.

თავის მხრივ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების ჩართულობის უზრუნველყოფის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რენატა ლევოვსკიმ.

საინფორმაციო-სასწავლო კურსის ფარგლებში 8 არასამთავრობო ორგანიზაციის, 14-მდე წარმომადგენელმა დეტალური ინფორმაცია მიიღო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გათვალისწინებული ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, ამასთან პრაქტიკაში თავად გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.

კურსის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მხარდაჭერის მიმღებ პირებს თავად გაუზიარებენ. სასწავლო მოდული ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ შეიქმნა მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის მარტივად წასაკითხ ფორმატში შემუშავებული არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევის მიხედვით. გზამკვლევი წელს პირველად შეიქმნა და სწორედ მისი გამოყენებით მოხდება მხარდაჭერის მიმღებ პირთა ინფორმირება არჩევნების შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრა არჩევნებში მხარდაჭერის მიმღებ პირთა მონაწილეობის საკითხებზე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განხორციელდა.

ახლა საქართველოს მთავარი ბრძოლა აქვს მოსაგები რეჟიმთან, რომელიც წინ ევროპისკენ გზას უხერგავს ქვეყანას-პაატა მანჯგალაძე

ევროპა გვჭირდება საქართველოსთვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის და იმ სიკეთეებისთვის, რომელსაც ათასობით და ათიათასობით ევროს სახით საქართველოს მოქალაქე მიიღებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს მთავარი ბრძოლა აქვს მოსაგები „რეჟიმთან, რომელიც ქვეყანას წინ ევროპისკენ გზას უხერგავს“.

გარდა ამისა, მანჯგალაძემ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ჩვენს ბიჭებს კიდევ ერთხელ. მათ გამოავლინეს წარმატებისთვის საჭირო ყველა თვისება, ირწმუნეს, იბრძოლეს და გაიმარჯვეს.

მათი გამარჯვება ეკუთვნის საქართველოს და რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება მის დასაკუთრებას, ეს არ გამოუვა და ეს ნათლად გამოჩნდა გუშინ.

ახლა საქართველოს მთავარი ბრძოლა მოსაგები აქვს რეჟიმთან, რომელიც ქვეყანას წინ ევროპისკენ გზას უხერგავს.

ევროპა გვჭირდება საქართველოსთვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის და იმ სიკეთეებისთვის, რომელსაც ათასობით და ათიათასობით ევროს სახით საქართველოს მოქალაქე მიიღებს. ჩვენ შეგვიძლია! ჩვენ შევცვლით! ძალა ერთობაშია!”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული – თავდაცვის სამინისტრო სუ-25-ის ჩამოვარდნაზე

წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება და დაცული იყო რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა, – ამის შესახებ გუშინ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც უწყებაში აცხადებენ, იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე საქმე აღძრულია სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე

„თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, შესაბამისი სამსახურების მიერ საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე ჰექტარ ფართობზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.

ტრაგიკული ინციდენტის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, შესაბამისი სამსახურების მიერ ყველა საჭირო პროცედურა ტარდება. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. დაღუპული მფრინავის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში.

მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 401-ე მუხლით, სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე. გენერალური პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობით, გამოძიებას აწარმოებს სამხედრო პოლიცია.

წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად. ასევე ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება და დაცული იყო რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა.

თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა მწუხარებას თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

როდესაც შენს მოქალაქეებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობ, შემდეგ ეს რეაქცია აღარ უნდა გაგიკვირდეს-მიხეილ დაუშვილი

როდესაც შენს მოქალაქეებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობ, შემდეგ ეს რეაქცია აღარ უნდა გაგიკვირდეს, – ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის” წევრი, მიხეილ დაუშვილი, გუშინდელ შემთხვევას, როდესაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღონისძიებაზე „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ გამოსვლას შეკრებილი ზოგიერთი გულშემატკივრის მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა.

მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების“ ქცევის შედეგია.

„როდესაც შენს მოქალაქეებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობ, შემდეგ ეს რეაქცია აღარ უნდა გაგიკვირდეს. ეს მოხდა გუშინ. ეს არის იმის შედეგი, როგორც იქცეოდა, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვე, იქცეოდა „ოცნება“. კობახიძეზე რა გითხრათ – რაც არის, ეგ არის.

ჩვენს მოქალაქეებს ძალიან კარგი ხედვა აქვთ, ვინ არის კატეგორიულად მიუღებელი და ვინ მისაღები ფიგურა.

საერთოდ, არანაირი ძალადობა უკვალოდ და უშედეგოდ არ ქრება. ეს არის იმ აგრესიისა და ძალადობის კონკრეტული შედეგი, რომელიც „ოცნებამ“ ჩვენი მოქალაქეების მიმართ განახორციელა. გუშინ ამის შედეგი დავინახეთ.

ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან სამწუხაროა. “ოცნება” რა დონემდე დაეშვა, რომ ეს ვნახეთ გუშინ და როგორი მიუღებელი გახდა ხალხისთვის”, – განაცხადა დაუშვილმა.

ქართველი გულშემატკივრები დაბრუნებულ ფეხბურთელებს “სასწაული” მატჩების შემდეგ საზეიმო აქციით ხვდებიან -Reuters

ათასობით აღფრთოვანებული ქართველი გულშემატკივარი ქვეყნის დედაქალაქ თბილისის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა, რათა ამაღელვებელი დებიუტის შემდეგ ევრო 2024-დან დაბრუნებულ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს დახვედროდა, – ასე ეხმიანება უცხოური მედია Reuters-ი თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებას.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თავისუფლების მოედანზე მისვლამდე ფეხბურთელები თბილისში ღია ავტობუსით გადაადგილდებოდნენ და მათ ოვაციებით და ტაშით ხვდებოდნენ.

“ერი სიხარულით არის სავსე. მეც ძალიან მიხარია, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქეს”, – განუცხადა Reuters-ს ქართველმა გულშემატკივარმა გიორგი ბენდელიანმა.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთელებს ღირსების ორდენი გადასცა.

„პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც გერმანიაში ქვეყნის ოთხივე მატჩს დაესწრო, თითოეულ მოთამაშეს საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო, ღირსების ორდენი გადასცა“, – წერია ინფორმაციაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „„ქართველმა ფეხბურთელებმა მთელს ევროპაში შექება დაიმსახურეს ამაღელვებელი თამაშების სერიისთვის, მათ შორის შოკისმომგვრელი გამარჯვებით კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიასთან, ანგარიშით 2-0“.

„ახლა, ევროზე წარმატებული დებიუტის შემდეგ, ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიასა და თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძის, ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის ხელმძღვანელობით, ბევრი ქართველი იმედოვნებს, რომ მათი პატარა ქვეყანამ საფეხბურთო რუკაზე ადგილი დაიკავა“, – წერია ინფორმაციაში.

ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა

ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები 60%-მდე დაამუქონ.

„აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე წინა გვერდითა მინების დამუქებაზე მოქმედებდა 40%-იანი შეზღუდვა.

რაც შეეხება მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებს, მათზე კვლავ 75%-იანი შეზღუდვა მოქმედებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Global Finance-მა თიბისი, სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საუკეთესო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance, თიბისი, ზედიზედ მესამედ, სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა.

თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: მომხმარებლების მომსახურება, ინოვაციური პროდუქტები, მომგებიანობა და ბაზრის წილი.

ერთ-ერთი პროდუქტი, რომელმაც ჯილდო განაპირობა, თანამედროვე Bulk Cash-in აპარატია, რომელიც თიბისიმ, ნაღდი ფულის ეფექტური მართვისა და კლიენტებისთვის ბიზნესპროცესების გამარტივების მიზნით, 2021 წელს დანერგა.

აპარატი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასურველ ლოკაციაზე, დღე-ღამის სასურველ მონაკვეთში, ადამიანთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე, ნებისმიერი რაოდენობის ნაღდი ფული – როგორც კუპიურების, ასევე მონეტების სახით, კომპანიის ანგარიშზე მომენტალურად ასახონ.

ამ დროისთვის თიბისის ფილიალებსა და კლიენტი კომპანიების ლოკაციებზე  ჯამში 100 აპარატია განთავსებული. აპარატებმა 2023 წელს 2 მილიარდ ლარამდე ნაღდი ფული  მიიღო.

R