Home Blog Page 1075

 ,,აშშ-ს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა და დამოუკიდებლობა სურს”- რობინ დანიგანი

შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს. ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ ქართველთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ ღია და წარმატებულ საქართველოს, რომელსაც აქვს უნარი, დაიცვას საკუთარი თავი, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და გორის გოგონათა გუნდს ეროვნული ჰიმნების შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, რობინ დანიგანმა საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მიულოცა ევროპის ჩემპიონატში ისტორიული ასპარეზობა.

„დამოუკიდებლობის დღეს ამერიკელები ერთად აღვნიშნავთ ჩვენს თავისუფლებას. ეს არის დღე, როდესაც ვფიქრდებით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გაღებულ უზარმაზარ მსხვერპლზე და ეს არის დღე, როდესაც გვახსოვს, რომ თავისუფლებას დიდი ფასი აქვს. თუმცა, ამავდროულად ეს არის ზეიმის, ოპტიმიზმისა და სიხარულის დღე. ამიტომ, მსურს, ამ საღამოს ზეიმი დავიწყოთ იმით, რომ მივულოცო გუნდს, რომელმაც მთელს საქართველოს და ყველას, ვისაც საქართველო გვიყვარს, დიდი სიხარული და ოპტიმიზმი მოგვიტანა – ვულოცავ ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს და საქართველოს ყველა მოქალაქეს ევროპის ჩემპიონატში ისტორიულ ასპარეზობას.

ამერიკული ოცნების არსი არის რწმენა იმისა, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თუ იცხოვრებ და იშრომებ, ძალისხმევას არ დაიშურებ, შეძლებ შენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას. ეს რწმენა და ოპტიმიზმი არის ამერიკული სულისკვეთების არსი. მე მჯერა, რომ ეს არის ქართული სულისკვეთების არსიც. ხშირად მაოცებს ქართველებისა და ამერიკელების მსგავსება, როდესაც საქმე ეხება ოპტიმიზმს ჩვენი მომავლისა და ჩვენი შვილების მომავლის მიმართ. რწმენა, რომ ჩვენ შეგვიძლია და გავაგრძელებთ ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებას და ჩვენი ქვეყნების გაძლიერებას. მაგრამ ამისთვის აუცილებელია ძალისხმევის გაგრძელება. 248 წლის განმავლობაში ამერიკელები იბრძოდნენ ბრძოლის ველზე, იბრძოდნენ პოლიტიკური ძალაუფლების დარბაზებში და იბრძოდნენ სასამართლო დარბაზებში ჩვენი დემოკრატიის გასაუმჯობესებლად და ჩვენი ქვეყნის დანაპირების შესასრულებლად. ამერიკელები აწყობდნენ მსვლელობებს ქუჩებში, ხიდებზე; აწყობდნენ საპროტესტო აქციებს ყველა შესაძლო ადგილას, კაფეტერიასა თუ ავტობუსში. ყველა მათგანი ერთი მიზნის მიღწევას ესწრაფოდა – გამხდარიყო ამერიკის შეერთებული შტატები უფრო სრულყოფილი კავშირი. ეს გზა არასოდეს ყოფილა მარტივი, ხოლო გამოწვევები, ზოგჯერ, დაუძლეველი ჩანდა. მაგრამ, ჩვენ არასდროს დავნებებულვართ და ყოველ ჯერზე ამ სირთულეების გადალახვით უკეთესი ვხდებოდით“, – აღნიშნა დანიგანმა.

ამასთან, მისივე თქმით, ქართველ ხალხსაც დამოუკიდებლობისთვის და საერთო ოცნებისკენ სწრაფვის ხანგრძლივი ისტორია აქვს.

„ოცნების, რომ ერთ დღეს მათი შვილები უფრო სრულყოფილ სამყაროში იცხოვრებენ. 106 წლის წინ ქართველი ხალხი გაერთიანდა ახალი დამოუკიდებელი ქვეყნის შესაქმნელად. იმ დანაპირებით, რომ საქართველოს ექნებოდა სუვერენული ძალაუფლება და უზრუნველყოფდა თავისი მოქალაქეების სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს. მაგრამ საქართველოს გზა, ისევე როგორც ამერიკის გზა, ადვილი არ ყოფილა. ამერიკელების მსგავსად, ქართველებსაც მუდმივი ძალისხმევის გაღება უწევდათ დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.

ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ქართველებს, ვინც 1978 წელს ქართული ენა და ეროვნული იდენტობა დაკარგვას გადაარჩინა, ჩვენ დიდად ვაფასებთ ათასობით ქართველს, ვინც 1989 წლის აპრილში უშიშრად შეიკრიბა და მშვიდობიანი დემონსტრაციით, ხელიხელჩაკიდებულმა, საბჭოთა ტანკებისა და იარაღის პირისპირ მდგომმა, მოითხოვა დამოუკიდებლობა. ჩვენ დიდად ვაფასებთ ქართველ ხალხს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც 2008 წელს სიმამაცით იბრძოდნენ საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ. დღეს, მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, ვისაც დემოკრატია აშინებს – ვხედავთ მათ, ვინც ნერგავს შიშს, პროგრესის შთაგონების ნაცვლად და მათ, ვინც მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებს. მაგრამ მე მჯერა, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს. და რომ, როგორც დემოკრატიებს, შეგვიძლია, მივაღწიოთ წარმატებას და შევქმნათ უკეთესი ქვეყანა მომავალი თაობებისთვის“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

ამასთან, როგორც რობინ დანიგანმა აღნიშნა, აშშ მხარს დაუჭერს საქართველოს განათლების სისტემას და ეკონომიკურ ზრდას, ასევე საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას.

„შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს. ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ ქართველთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ ღია და წარმატებულ საქართველოს, რომელსაც აქვს უნარი, დაიცვას საკუთარი თავი. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს განათლების სისტემას და ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა გასული 32 წლის განმავლობაში წარმოუდგენელი წარმატების ისტორიაა ორივე ქვეყნისთვის, სარგებლის მომტანი როგორც ამერიკელების, ასევე ქართველებისთვის. აშშ-სთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ათწლეულის განმავლობაში გაწეული შრომისა და პარტნიორობის შედეგად მიღწეული პროგრესით, ქართველმა ხალხმა მოიპოვა შესაძლებლობა, ერთ დღეს გახდეს ევროკავშირის წევრი. იმედი მაქვს, საქართველო გამოიყენებს ამ შესაძლებლობას.

ნება მომეცით, მადლობა გადავუხადო საელჩოს არაჩვეულებრივ გუნდს ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორობის მხარდასაჭერად. ასევე მადლობა ამ უზარმაზარი დღესასწაულის ორგანიზებისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს გულუხვ სპონსორებს მხარდაჭერისთვის. მადლობა ფორმაში ჩაცმულ მამაკაცებსა და ქალებს, ამერიკელებს და ქართველებს, რომლებიც ყველაზე დიდ რისკს სწევენ ჩვენი თავისუფლების დასაცავად. ჩვენი დამოუკიდებლობის დღე არის გახსენება, რომ თავისუფლებისკენ სწრაფვა უწყვეტი გზაა. ეს არის გახსენება იმისა, რომ ძალა ოპტიმიზმშია, რომ ძალა ჩვენი დემოკრატიის გაძლიერებისთვის ბრძოლაშია და რომ ძალა ერთმანეთის მხარდამხარ დგომაშია იმ პრინციპების დასაცავად, რომლებიც გვაერთიანებს. დაბადების დღეს გილოცავ, ამერიკა“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

არანაირ სანქცირებაზე არაა საუბარი – საათნახევრის წინ ჩამოვფრინდი აშშ-დან – თეიმურაზ კუპატაძე

ჩვენ ყოველდღიური კავშირი გვაქვს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან, როგორც FBI-სთან, DEA-სთან, INL-თან და ძალიან ბევრი წარმატებული ოპერაცია გვაქვს ჩატარებული, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ ამერიკის საელჩოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

თეიმურაზ კუპატაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს ღონისძიებაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში მინდა მივულოცო ამერიკის ხალხს და მთავრობას დამოუკიდებლობის დღე. მინდა ქალბატონ ელჩს მადლობა გადავუხადო მოწვევისთვის. ჩემი ინფორმაციით, არანაირ სანქცირებაზე არაა საუბარი. ჩვენ ყოველდღიური კავშირი გავქს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან, როგორც FBI-თან, DEA-თან, INL-თან და ძალიან ბევრი წარმატებული ოპერაცია გვაქვს ჩატარებული. საათნახევრის წინ ჩამოვფრინდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მოვედი, რომ მივულოცო ამერიკელ ხალხს“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

 ცესკოს ხელმძღვანელი პირები „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები და ამ ჭრილში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო. მხარეს დეტალურად განემარტა 2020 წლის ზაფხულში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და მისი აღსრულების საკითხები, მათ შორის საუბარი შეეხო ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.  ცალსახად გაესვა ხაზი, რომ ცესკო არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აღასრულებს კანონს და არა ქმნის მას.  ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

3 ივლისს, ცესკოში გამართულ შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, ხოლო „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან პარტიის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, გრიგოლ ჯოჯუა, გოჩა თევდორაძე  და გიორგი ქარდავა ესწრებოდნენ.

ევროპულ კურსთან დაკავშირებით მუდმივი სპეკულაციები ხელს შეუშლის საქართველოს წინსვლას ევროკავშირისკენ”- ბოჭორიშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბუქარესტში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) ყოველწლიურ სესიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა რეგიონში უსაფრთხოების გართულებულ ვითარებაზე ისაუბრა და მონაწილეებს შეახსენა, რომ საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა კვლავ არის რუსული ოკუპაცია და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მისი უკანონო სამხედრო ყოფნა.

„უკვე ათწლეულებია ვსაუბრობთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვაზე და საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის აუცილებლობაზე, თუმცა, ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოების საკითხები და ასი ათასობით ქართველის იძულებით გადაადგილება კვლავ ჩვენ ყოველდღიურ წუხილად რჩება”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ხაზი გაუსვა საქართველოს შეუქცევად ევროპულ მისწრაფებებს და რეგიონში არსებულ რთულ პირობებში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს ევროპულ კურსთან დაკავშირებით მუდმივი სპეკულაციები და ამ თემის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება, მხოლოდ ხელს შეუშლის საქართველოს წინსვლას ევროკავშირისკენ და ხელს აძლევს ჩვენს მოწინააღმდეგეს”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა პარტნიორებთან დიალოგის საჭიროებას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს ორმხრივად სასარგებლოს გახდის.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა სამწუხარო მცდელობებზე საქართველოს ხალხისა და ხელისუფლების ნების ერთმანეთისგან გამიჯვნის წარმოჩენაზე მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისწრაფვის ევროპისკენ, 85 პროცენტზე მეტს სურს ევროკავშირში წევრობა და ამ ადამიანების უმეტესობა, თავის ევროპულ მომავალს სწორედ იმ პოლიტიკურ ძალას ანდობს, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია.

მან ასევე აღნიშნა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ქვეყნის მშვიდობიანი, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობა.

„დიახ, არ არის მარტივი ამოცანა ამ ტურბულენტურ დროში, იზრუნო ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე და, ამავდროულად, უზრუნველყო სტაბილური დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ევროპული მომავლისთვის”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გამოსვლის დასასრულს მან აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებაში მნიშვნელოვანია პარტნიორების ობიექტური და სამართლიანი შეფასებები და მოპყრობა.

„ძვირფასო კოლეგებო, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას მცდარი აღქმების საფუძველზე! შეხედეთ ციფრებს და ეძიეთ ფაქტები და ბევრად მეტ პასუხს მიიღებთ ფაქტებისგან, ვიდრე არასაჭირო სპეკულაციებისგან” , – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით ასამბლეის დასკვნით რეზოლუციის პროექტში, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის საკითხთა კომიტეტის თავში შევიდა დამატება, რომელიც შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში, რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაციის შედეგად არსებულ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას, რომელიც ასევე აისახა დეკლარაციის საბოლოო ტექსტში.

,,რუსეთი თუ უკრაინაში ტერორისტული სახელმწიფოა, ეუთოს ბოლო რეზოლუციის მიხედვით, საქართველოში თურმე ოკუპანტი არ არის”- დიმიტრი ხუნდაძე

რუსეთი თუ უკრაინაში ტერორისტული სახელმწიფოა, ეუთოს ბოლო რეზოლუციის („ეუთოს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“) მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მას საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, აქ თურმე ოკუპანტი არ არის. – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეუთოს მიერ მიღებული ბოლო რეზოლუცია სწორედ რუსეთის ინტერესებს ატარებს.

„როცა ქართულმა მხარემ მოითხოვა, რომ ეუთოს ბოლო რეზოლუციაში რუსეთი ჩაწერილიყო, როგორც ოკუპანტი, ეს არ გაითვალისწინეს. თან რუსეთუმეებს გვიწოდებენ და თან რუსეთის საწინააღმდეგო ჩანაწერებს არ გვაკეთებინებენ. ეს რეზოლუცია, [რაც ეუთომ მიიღო], სწორედ რუსეთის ინტერესებშია. პრაქტიკულად, აფხაზეთი და ოსეთი საქართველოდან გამოყვეს და ქვეყანას გაუთანაბრეს. ამ რეზოლუციაში ნახსენები წინადადება – [„თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველო, აფხაზეთი და ოსეთი“], აბსოლუტურად მიუღებელი და სამმაგად გაუგებარია. და ამ ყველაფერში თურმე რუსეთი პოზიტიურ როლს ასრულებს. თურმე ჩვენ ყველაფრის გამფუჭებლები ვართ, რუსეთი დალაგებას ცდილობს და საშუალებას არ ვაძლევთ. წარმოიდგინეთ, რა დონის ორმაგ სტანდარტსა და უპატივცემულობაზეა საუბარი. ამ ფონზე კი გვეუბნებიან, რომ ჩვენი პარტნიორები არიან. “ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

,,რუსეთთან გვაქვს მოლაპარაკებები სინოპის ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით”- რეჯეპ თაიფ ერდოღანი

რუსეთთან გვაქვს მოლაპარაკებები სინოპის ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით და გვჯერა, რომ ამ მხრივ სერიოზული ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ასტანაში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ „აკუიუს“ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება, რომელსაც თურქეთი რუსეთის დახმარებით აშენებს.

ერდოღანის განცხადებით, ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობა 55 მილიარდი დოლარია, თუმცა ამოცანა 100 მილიარდ დოლარამდე გაზრდაა.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ტურიზმის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ყოველწლიურად თურქეთში, დაახლოებით 7 მილიონი რუსი ტურისტის ჩასვლა.

„დიდი ხანია ჩემს მეგობართან შეხვედრა ვერ შევძელით. შეხვედრები გვქონდა სატელეფონო დიპლომატიური გზით, ამასობაში ჩვენი მინისტრები მუდმივ კონტაქტზე იყვნენ“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს

წელს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის 4 არასრულწლოვანია – ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყების განცხადებით, მსჯავრდებულთათვის აკადემიური განათლების ხელმისაწვდომობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტია.

„ამ მიზნით პენიტენციურ სისტემაში 2022 წლიდან მოქმედებს ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი”, რომელიც პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ფორმატში დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებზე.

აღსანიშნავია, რომ „ციფრული უნივერსიტეტი” ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (Europris) ევროპის მასშტაბით 3 საუკეთესო ინოვაციას შორის დაასახელა. Europris-ის ყოველწლიურ ჯილდოზე ევროპის ქვეყნების 37 პროექტი იყო წარდგენილი“ , – ნათქვამია პენიტენციური სამსახური მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციით განსაზღვრული თანამშრომლობის მიმართულებებს. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობას.

განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ წვლილი შეიტანოს რეგიონში კონსტრუქციული დიალოგის წარმართვაში უსაფრთხო და სტაბილური გარემოს ხელშესაწყობად.

შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 ივლისისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7996 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7996 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7937 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0059 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0124 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9937 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0187 ლარი შეადგინა

ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ღირსების ორდენზე წარდგენილი სიიდან რიგი ადამიანები არ დაეჯილდოებინა, მისი აფექტური მდგომარეობის კონდიცია იყო – ნინო წილოსანი

სალომე ზურაბიშვილი იმ ნარატივში ჯდება, რომ აუცილებელია ზეიმის დროს რაიმე ნეგატივის შეტანა – თუ ბოლო პროცესებს გადავავლებთ თვალს, ზურაბიშვილი არათანმიმდევრული და არაადეკვატური ნაბიჯებით გამოირჩევა, – ეს კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტის მიერ ეროვნული ნაკრების და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლების ღირსების ორდენით დაჯილდოების საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ღირსების ორდენზე წარდგენილი სიიდან რიგი ადამიანები არ დაეჯილდოებინა, “მისი აფექტური მდგომარეობის კონდიცია იყო, რათა პრემიერი-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ინიცირებულ პროცესში რაღაც ნეგატივი შეეტანა“.

“მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ ამ ჯგუფიდან ვინმეს გამოყოფა წარმოუდგენელი იყო, რადგან ეს გამარჯვების ერთიანი ჯგუფია, მან გადაწყვეტილება შეცვალა და ჯილდო ყველას გადასცა, თუმცა ვერ ავუარეთ გვერდი ლევან კობიაშვილის მიმართ გარკვეულ თავდასხმებს – არ მოსწონთ აღიარონ, რომ ჩვენი გუნდის წარმომადგენელი, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან კობიაშვილი ამ მიღწევის სათავეშია“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

2 ივლისს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ნაკრების წევრები და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახელმწიფო ჯილდო ყველა წარდგენილ პირს გადაეცა.

27 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ღირსების ორდენით დაჯილდოებისთვის ნაკრებისა და ფედერაციის წევრების 53-კაციანი სია გაუგზავნეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ორი განკარგულება გამოაქვეყნა, სადაც ღირსების ორდენით დასაჯილდოებელთა სიაში 40 ადამიანი იყო მითითებული. ამის გამო ზურაბიშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს.

“უკრაინას ეტყვიან, რომ ის ძალიან კორუმპირებულია და ნატოს წევრად ვერ მიიღებენ”-The Daily Telegraph

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი” (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინას ეტყვიან, რომ ის ძალიან კორუმპირებულია და ნატოს წევრად ვერ მიიღებენ“ (ავტორი – ჯო ბარნსი). მასალაში განხილულია უკრაინის პერსპექტივები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვაშინგტონის სამიტზე, რომელიც 9 ივლისს უნდა გაიმართოს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინას ეტყვიან, რომ ამჟამად ის ძალიან კორუმპირებულია, რომ ნატოში მიღების ღირსი იყოს. რა თქმა უნდა, ალიანსის ასეთი პოზიცია სერიოზული დარტყმა იქნება ვოლოდიმირ ზელენსკისათვის.
„ნატო კიევს დამატებით ძალისხმევას მოსთხოვს მანამ, სანამ მისი ბლოკში მიღების მოლაპარაკებები დაიწყება“, – განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან.

პოზიცია გამოცხადებული იქნება წერილობითი ფორმით ნატოს კომუნიკეში, რომელიც ყოველწლიურ სამიტზე იქნება ხელმოწერილი. „ჩვენ უკან უნდა დავიხიოთ უკრაინის მიღების საკითხში, მაგრამ უნდა მივესალმოთ და მოვიწონოთ ის ყველაფერი, რაც უკრაინამ რეფორმების სახელით გააკეთა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში“, – ამბობს ჩინოვნიკი „დეილი ტელეგრაფთან“ საუბარში, – ამასთან, კიევს უნდა მივუთითოთ, რომ კორუფციასთან ბრძოლა გააძლიერონ. ეს არის ის პრიორიტეტი, რასაც სამიტის მონაწილეები უკრაინის ხელისუფლებისაგან ითხოვენ“.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაბეჯითებით ითხოვს უკრაინის დაჩქარებულ მიღებას ნატოში, ომის დასრულების შემდეგ, რათა ქვეყანა დაცული იყოს რუსეთის განმეორებითი თავდასხმისაგან. თუ უკრაინა ნატოს წევრი იქნება, მისი ასეთი სტატუსის გამო ამერიკა და ევროპა იძულებულნი იქნებიან კიევის გვერდით დადგნენ, ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში.
მაგრამ სწორედ უკრაინული კორუფციის მაღალი დონე გახდა „დაბრკოლების ლოდი“ ამასწინანდელი მოლაპარაკების დროს, როცა ნატოს წევრები განიხილავდნენ საკითხს – შესთავაზონ თუ არა კიევს კონკრეტული გრაფიკი დასავლურ სამხედრო ალიანსში გასაწევრიანებლად.

„დეილი ტელეგრაფმა“ ამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ ბლოკავს დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ქვეყნების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ წერილობითი სახით დაფიქსირდეს უკრაინის „შეუქცევადი გზა“ ნატოში წევრობისათვის.

უკრაინა „გაჟღენთილია“ კორუფციით, განსაკუთრებით იმ სტრუქტურებში, სადაც დიდი ფული ტრიალებს, ანუ შეიარაღებულ ძალებში, საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე მაღალჩინოსანი სამხედრო მოსამსახურე (გენერლები) გაათავისუფლა რიგი კორუფციული ფაქტების გამოვლენასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თავდაცვითი შესყიდვების სფეროში
დიპლომატებმა და ნატოელმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინას იმ რეფორმების ჩამონათვალი წარუდგინეს, რომლებიც მან უნდა განახორციელოს მანამ, სანამ მისი ამბიციები დაკმაყოფილდება ნატოში მიღებაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც ვაშინგტონში ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას, დიდი ალბათობით, შესთავაზებენ „კარგად განათებულ ხიდს“ ნატოსაკენ მიმავალ გზაზე, რომელიც კიევს ბრიუსელთან დააკავშირებს.

მოკავშირეები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან იმაზე, განაახლონ თუ არა ის განცხადება, რომელიც უკრაინის შესახებ გასულ წელს ვილნიუსის სამიტზე მიიღეს და მასში, ნატოში მიღების თაობაზე სიტყვა „შეუქცევადი“ ჩაწერონ.

მოსალოდნელია, რომ ვაშინგტონის სამიტზე უკრაინას, სავარაუდოდ, დაჰპირდებიან ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების დამატებით მიწოდებას, ამერიკული „პეტრიოტების“ ჩათვლით.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

არაფერი საერთო კობახიძეს ნაკრების გამარჯვებასთან არ აქვს – სერგო ჩიხლაძე

არაფერი საერთო კობახიძეს ნაკრების გამარჯვებასთან არ აქვს, ამიტომ, ჩვენი ბიჭების, ჩვენი ნაკრების წევრების გამარჯვების მიტაცება არავის გამოუვა, მით უმეტეს „ქართულ ოცნებას“. გუშინ კობახიძე იყო არაადეკვატური და მან მიიღო ადეკვატური პასუხი იქ მყოფი საზოგადოებისგან, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე თავისუფლების მოედანზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების დახვედრის მიზნით გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას.

მან ასევე შეაფასა მმართველი პარტიის წევრთა ნაწილის განცხადებები, რომლის თანახმადაც, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლისას საზოგადოების ნაწილის რეაქცია ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ოპოზიციურად არის განწყობილი.

„რაც შეეხება კობახიძის გამოსვლას და რეაქციას ხალხის მხრიდან, ეს იყო ზუსტად ადეკვატური რეაქცია. ეს იყო, ფაქტობრივად, თბილისელების რეაქცია კობახიძეზე და „ქართულ ოცნებაზე“. არაფერი საერთო კობახიძეს ნაკრების გამარჯვებასთან არ აქვს, ამიტომ, ჩვენი ბიჭების, ჩვენი ნაკრების წევრების გამარჯვების მიტაცება არავის გამოუვა, მით უმეტეს „ქართულ ოცნებას“. გუშინ კობახიძე იყო არაადეკვატური და მან მიიღო ადეკვატური პასუხი იქ მყოფი საზოგადოებისგან.

„ქართული ოცნების“ ლოგიკას რომ მივყვეთ, თუ ყველგან ოპოზიციაა, თუ ყველგან ოპოზიცია დგას, თუ ყველგან ოპოზიცია დომინირებს, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ „ქართული ოცნების“ საქმე წასულია საქართველოშიც და თბილისშიც. თვითონვე ამბობენ, რომ ოპოზიციურად არის განწყობილი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რასაც ვეთანხმები, ნამდვილად კი, ოპოზიციურად არის განწყობილი საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ასევე, ვეთანხმები, რომ დიახაც, ნეგატიური განწყობა ექნება კობახიძეზეც და „რუსული კანონის“ სხვა ავტორებზეც, საქართველოს მოქალაქეებს”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

მან პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენით ლევან კობიაშვილის დაჯილდოებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ვინმეს ინდივიდუალურად გამოყოფა რთული იქნებოდა.

„მე ვფიქრობ, რომ აქ გამიჯვნა და ასე ინდივიდუალურად ადამიანის გამოყოფა ძნელი იქნებოდა. ერთი მეორეს არ გამორიცხავს – ის, რომ ნაკრებმა წარმატებას მიაღწია, ვიღაცამ შეიძლება წვლილიც შეიტანა ამაში, მაგრამ მეორე მხრივ, ბატონ კობიაშვილს მძიმე ლაქად დარჩება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, რომ ის არის „რუსულ კანონზე“, ფაქტობრივად, 5-ჯერ ხელმომწერი, ჯერ კიდევ შარშანდელი წლიდან მოყოლებული. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ასე არ უნდა განვიხილოთ, რომ მან პარლამენტში მოღვაწეობისთვის მიიღო ეს ღირსების ორდენი, ამიტომ მოდით, ამაზე ნუ მოვახდენთ კონცენტრირებას, ვინ რა მიიღო, მთავარია, რომ ნაკრებმა გვასახელა, მთავარია, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ ევროკავშირი, „რუსული კანონი“ და საქართველო შეუთავსებელია”, – განაცხადა ჩიხლაძემ.