Home Blog Page 1074

კონსულტაციების შემდეგ გავაკეთებთ განმარტებებს დავუჭერთ თუ არა მხარს საპროკურორო საბჭოს მიერ წარმოდგენილ კანდიდატს – გურამ მაჭარაშვილი

კონსულტაციების შემდეგ გავაკეთებთ განმარტებებს დავუჭერთ თუ არა მხარს საპროკურორო საბჭოს მიერ წარმოდგენილ კანდიდატს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„როგორც ვიცით, კანონმდებლობის შესაბამისად, საპროკურორო საბჭო შეისწავლის კანდიდატებს.

გამომდინარე აქედან, ის წარმოადგენს საქართველოს პარლამენტში შესაბამის კანდიდატს, რომელზეც უკვე პარლამენტში ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს ჯერ „ხალხის ძალის“ ფორმატში, შემდეგ უმრავლესობის ფორმატში და ამის შემდეგ გავაკეთებთ განმარტებებს ვუჭერთ თუ არა მხარს იმ კანდიდატს, რომელიც იქნება წარმოდგენილი საპროკურორო საბჭოს მიერ“ – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას დღეიდან იწყებს. გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატურაა დარეგისტრირებული.

უკრაინელებმა 6 ოლქში რუსების მიერ გაშვებული 22 დრონიდან 21 ჩამოაგდეს

რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-131/136 ტიპის 22 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 21 დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საბრძოლო სამუშაოების შედეგად, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა, თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფების ეკიპაჟებმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა კიევის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, სუმის, დნეპროპეტროვსკისა და პოლტავას ოლქებში 21 „შაჰედი“ ჩამოაგდეს“, – აცხადებენ საჰაერო ძალებში.

მათი ინფორმაციით, ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქიდან გაუშვეს.

სრული სიგიჟე იყო, რაც ქართველმა გულშემატკივრებმა შეძლეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ ამისთვის – ნიკა კვეკვესკირი

ეროვნული ნაკრების წევრი ნიკა კვეკვესკირი პოლონეთში გაემგზავრა, სადაც თავის კლუბს, „ლეხ პოზნანს“ შეუერთდება. გამგზავრებამდე მან გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.

„ევროპის ჩემპიონატზეც ვგრძნობდით საქართველოდან წამოსულ პოზიტიურ ენერგიას. სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრ ვიდეოს ვხედავდით, რაც ენერგიით გვავსებდა ჩემპიონატის დროსაც, მაგრამ აქ რაც მოხდა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მე მგონი სრული სიგიჟე იყო, რაც ქართველმა გულშემატკივრებმა შეძლეს და კიდევ ერთხელ გაგვაოცეს ჩვენ, ფეხბურთელები და ალბათ მთელი საფეხბურთო ევროპა, იმიტომ რომ ყველგან გავრცელდა ეს კადრები და ყველა შოკში იყო დადებითად, იმით თუ რამდენად უყვართ საქართველოში ფეხბურთი.

რაც შეეხება წასვლას, ასეთი რთული არასოდეს ყოფილა საქართველოს დატოვება, იმიტომ რომ მიხარია, რომ ჩვენს ერს ვხედავ ბედნიერს, ერთიანს და პოზიტიური ენერგიით სავსეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს ამისთვის“, – განაცხადა კვეკვესკირმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ

ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის 248-ე წლისთავს ზეიმობს. 1776 წლის 4 ივლისს კონგრესმა ბენჯამინ ფრანკლინის მეთაურობით დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო. 4 ივლისს ამერიკის დაბადების დღესაც უწოდებენ, ვინაიდან ამ დღეს ამერიკის 13-მა კოლონიამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

4 ივლისი შეერთებულ შტატებში უქმე დღედ არის გამოცხადებული. მთავარ ეროვნულ დღესასწაულს ქვეყნის მასშტაბით დღესასწაულებითა და საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავენ.

თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა – დეტალები

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტერიტორია დატოვეს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა.

„საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მტკიცებულებების შესაგროვებლად შესაბამისი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში რამდენიმე ჰექტარ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით მოხდა შემთხვევის ადგილის დეტალური დათვალიერება. შედეგად, ნანახი და ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი.

გამოძიების ფარგლებში ამოღებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, გამოიკითხნენ მოწმეები. დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. დაგეგმილია ქიმიური, ბალისტიკური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზები.

მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, გრძელდება საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები გენერალური პროკურატურის ზედამხედველობით. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 401-ე მუხლით.

თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა მწუხარებას თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

4 ივლისს ქუთაისში უნალექო დღეს და +37 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +37 გრადუსი და მცირე ღრუბლიანობა დაფიქსირდება, ღამით კი +22. ბათუმში დღისით ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექო იქნება.

უნალექო დღეა ფოთში. დღისით +37 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +38 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი. +35 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც უნალექო დღეა. დღისით +35 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომშიც წვიმა არის მოსალოდნელი. დღისით +34 იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორში დღისით +34 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექო იქნება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში იწვიმებს, დღე +22 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +21, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +35 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +35 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

ათობით „დემოკრატი“ კანონმდებელი განიხილავს წერილზე ხელმოწერას, რომელშიც ბაიდენს საარჩევნო რბოლიდან გასვლისკენ მოუწოდებენ – Bloomberg

ათობით „დემოკრატი“ კანონმდებელი განიხილავს წერილზე ხელმოწერას, რომელშიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საარჩევნო რბოლიდან გასვლისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი „დემოკრატიულ პარტიაში“ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი აღნიშნავს, ბაიდენი სწრაფად კარგავს „დემოკრატი“ კანონმდებლების მხარდაჭერას.

კერძოდ, ისინი მიიჩნევენ, რომ ბაიდენის კანდიდატურამ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება შეიძლება გამოიწვიოს.

მანამდე „დემოკრატმა“ კონგრესმენმა, ლოიდ დოგეტიმ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.

„მე წარმოვადგენ კონგრესის ოლქს, რომელსაც ოდესღაც ლინდონ ჯონსონი [აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი] წარმოადგენდა. სრულიად განსხვავებულ ვითარებაში მან მიიღო მტკივნეული გადაწყვეტილება [საპრეზიდენტო რბოლიდან] გასვლის შესახებ. პრეზიდენტმა ბაიდენმაც იგივე უნდა გააკეთოს“, – განაცხადა კონგრესმენმა.

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გირჩევთ ამბიციები მოთოკოთ, თორემ შედეგის ნაცვლად, პრობლემებს მიიღებთ. მშვენიერი დღეა შინაგანი პოტენციალის გამოსავლენად. გადაღლის გამო მოსალოდნელია ქრონიკული დაავადების გამწვავება. დაივიწყეთ სიჯიუტე და ნერვიულობა, რასაც ცუდი შედეგები მოჰყვება. ამ დღეს მიღებული ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგებათ. მალე იპოვით შესაძლებლობას, რომ საკუთარი ცოდნა ფულად აქციოთ.

კურო

თქვენს წამოწყებებს დიდი მომავალი აქვს. ეს როგორც სამსახურს, ისე პირად ურთიერთობებსაც ეხება. ამ დღეს საყვარელ ადამიანს ახალი, ძალიან მიმზიდველი მხრიდან დაინახავთ. ეცადეთ რომანტიკული განწყობა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ და უსაზღვრო ბედნიერების განცდა დიდხანს გაგყვებათ. ინტიმურ ურთიერთობებში გირჩევთ ვნებები მოთოკოთ.

ტყუპები

გირჩევთ დრო და სასიცოცხლო ენერგია უსარგებლოდ არ დახარჯოთ. ამ კვირაში ყველა ჩანაფიქრს განახორციელებთ, განსაკუთრებით იმას, რომელიც მოგზაურობას და ბიზნესს ეხება. ეცადეთ გარშემო მყოფთა კრიტიკულ კომენტარებს ყურადღება არ მიაქციოთ და ასეთი კომენტარების გაკეთებას თავადაც მოერიდოთ. დროა, გუნდური თამაშის წესები ისწავლოთ, რადგან შექმნილი ვითარება თქვენგან გუნდურ თამაშს მოითხოვს.

კირჩხიბი

ამ დღეს უამრავი საქმე გაქვთ გასაკეთებელი. გირჩევთ სიმტკიცე გამოიჩინოთ და უარი თქვათ ყველაფერზე, რაც გამძიმებთ და კმაყოფილებას არ მოაქვს. წარმატების მისაღწევად გირჩევთ გავლენიან მეგობრებს მხარდაჭერისთვის მიმართოთ – ისინი უარს არ გეტყვიან. თუ მოგზაურობას გეგმავთ, დღეს ამისთვის საუკეთესო დროა. მოგზაურობისას შეიძლება ახალი იდეა გეწვიოთ, რომელსაც მოგვიანებით განახორციელებთ.

ლომი

პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით ყველაზე რთულ და დახლართულ საქმესაც კი ადვილად უმკლავდებით. ეცადეთ, რაღაც ახალი ისწავლოთ – შეძენილი ცოდნა და უნარები ძალიან მალე გამოგადგებათ. შეგიძლიათ მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხები მოაგვაროთ – როდესაც საქმე ფულს ეხება, თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით კარგად მუშაობს.

ქალწული

საკმაოდ დაძაბული დღეა. გირჩევთ ცვლილებებისთვის მოემზადოთ და ცვალებად გარემოებებთან შეგუება ისწავლოთ. ფინანსური მდგომარეობის უმნიშვნელო გაუმჯობესება გელით. თუ ვინმე თქვენი ყურადღების მიპყრობას დაჟინებით ცდილობს, ფხიზლად უნდა იყოთ – სავარაუდოდ, ის თქვენი ნდობის მოპოვებას ცდილობს, რათა საკუთარი მიზნებისთვის გამოგიყენოთ. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.

სასწორი

დამღლელი დღეა. ურთიერთობების შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. თავი შეიკავეთ დაპირებების მიცემისგან, რადგან მათი შესრულება გაგიჭირდებათ. სანამ გადაღლა ნერვიულ სტრესამდე მიგიყვანთ, გირჩევთ ხელმძღვანელობას დაელაპარაკოთ და პასუხისმგებლობის ნაწილი კოლეგებს გაუნაწილოთ.

მორიელი

ამ დღეს უფრო საკუთარი სიამოვნებისთვის მუშაობთ, ვიდრე შედეგისა და მოგებისთვის. თქვენი მუშაობის შედეგები ღირსეულად დაფასდება, მაგრამ მომდევნო დღეებში შეიძლება თქვენს ავტორიტეტს საფრთხე დაემუქროს. დღის მეორე ნახევარში საყვარელი საქმიანობა და ძველი მეგობრები დაგეხმარებიან ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეცადეთ დილა შრომატევადი საქმეებით არ დაიწყოთ, თორემ საღამოს დაღლილობას ვერ გაუმკლავდებით. მოსალოდნელია თავის ტკივილი და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. დღის განმავლობაში მოსაწყენი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი იქნება.

თხის რქა

ძალიან რთული დღეა. მოთმინება გამოიჩინეთ, რომ დღე მშვიდობიანად დაასრულოთ. ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, უსიამოვნო ენერგიას ატარებენ. მცირე პრობლემების გამო ნუ შეშინდებით – მალე ყველაფერი მოგვარდება და გამარჯვებას მიაღწევთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ნუ გადაიღლებით. ახალ ნაცნობებს მოერიდეთ და საღამო ძველ მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

მერწყული

ამ დღეს მთავარია, ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. საკუთარი თავით კმაყოფილი ხართ და ყველაფერი გამოგდით. გეგმის განხორციელებაში კოლეგები დაგეხმარებიან, თქვენ კი ეცადეთ, რომ იმედი არ გაუცრუოთ. საქმიან ქაღალდებთან მუშაობის დროს და ძვირფას ნივთებთან განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – მოსალოდნელია შეცდომები და ფინანსური ზარალი. ეცადეთ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ, რომლებიც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას აფუჭებს.

თევზები

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღევანდელი მუშაობა სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობით სავსე დამოკიდებულების მიუხედავად, სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ შემობრუნებას ვერ შეძლებთ. დღის მეორე ნახევარში მოგეცემათ შანსი, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. საყვარელი საქმიანობა და ძველი მეგობრები დაგეხმარებათ ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ.

,,ისინი აქედანვე ცდილობენ არჩევნების დისკრედიტაციას, რაც ხილულია საზოგადოებისათვის”- მაჭარაშვილი

ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ეუთოს მხრიდან საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციას, რომლითაც ასამბლეა მოუწოდებს ეუთოს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისს საქართველოში არჩევნებისთვის ძლიერი სადამკვირვებლო მისია ჩამოაყალიბოს. მისიამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს პოტენციური დარღვევების იდენტიფიცირებას.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ ისინი აქედანვე ცდილობენ არჩევნების დისკრედიტაციას, რაც ხილულია საზოგადოებისათვის .

„იმის შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა მიიღო სამარცხვინო რეზოლუციები სააკაშვილთან დაკავშირებით (რომელიც შემდეგ სტრასბურგმა უარყო), რაც ვენეციის კომისიამ პირდაპირ მოგვიწოდა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ, რაც კონგრესიდან პირდაპირ გვითხრეს სამწუხაროდ, რომ ომი დაიწყეთ უკრაინის მსგავსად, თორემ ძლიერი დემოკრატია ვერ გექნებათ და ბოლოს ამერიკის მხრიდან იმ რეზოლუციის წარდგენა, სადაც ცალკეა მოხსენებული აფხაზეთი და სამაჩაბლო, რა თქმა უნდა, არანაირი სანდოობა არ ექნება ამ ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციას. ეს იმიტომ, რომ მათ საჯაროდ აქვთ აღიარებული თავიანთი სუბიექტური ინტერესი – ხელი შეუწყონ საქართველოში რევოლუციას და მოიყვანონ ისეთი ხელისუფლება, რომელიც მეორე ფრონტისთვის მზად იქნება. ოთხი თვით ადრე რომ აცხადებ – რაღაც ხარვეზები იქნება და გაყალბდება არჩევნები, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ შენ რაღაც სუბიექტური ინტერესი გამოძრავებს,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

,,ჩვენი სურვილია აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა”- პრემიერი

აშშ ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მსოფლიოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ დღეს, რასაც ჰქვია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც აშშ-ის საელჩოში, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამასთან, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე.

„მინდა, მივულოცო აშშ-ს, ამერიკელ ხალხს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს დღევანდელი დღე, დამოუკიდებლობის დღე. ზოგადად, აშშ ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მსოფლიოს მასშტაბით, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ დღეს, რასაც ჰქვია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე. განსაკუთრებულად მნიშვნრლოვანია ეს დღე ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენი სურვილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. იყო რამდენიმე წელი, რამაც დააზიანა ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის, თუმცა მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, „რა იქნებოდა შემხვედრი ნაბიჯები“, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა: „არ მინდა, კონკრეტიკაში შევიდე, თუმცა ვფიქრობ, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ისეთი შემხვედრი ნაბიჯები ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომლებიც თვისებრივად გააჯანსაღებს ურთიერთობებს, რაც ასე სჭირდება ორივე ქვეყანას. მე ასე მჯერა, ეს სჭირდება როგორც აშშ-ს, ასევე საქართველოს, ორივე ქვეყანას თანაბრად“.

ამ რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა – ირაკლი კობახიძე ეუთო-ს რეზოლუციაზე

ამ რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეუთო-ს რეზოლუციას ეხებოდა. 

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ფაქტი არის ძალიან დასანანი და სამწუხარო.

“ამ რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, რაც ძალიან დასანანია, ძალიან სამწუხაროა, თუმცა ეს არის არსებული მოცემულობა და ამის იქით არ მინდა სიღრმეში შევიდე”, –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

,,ის მასშტაბური დახვედრა, რომელიც მოვუწყვეთ ჩვენს ფეხბურთელებს, რომელიც ქართველმა ხალხმა მოუწყო მათ, იყო აბსოლუტურად დამსახურებული” – ირაკლი კობახიძე 

ჩვენმა ფეხბურთელებმა გვაჩუქეს განსაკუთრებული სიხარული და სიამაყის განცდა, რაც ასე ძალიან სჭირდებოდა ჩვენს ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ შედგა ნამდვილი ზეიმი და ამას თითოეული ფეხბურთელი იმსახურებდა.

„ჩვენმა ფეხბურთელებმა გვაჩუქეს განსაკუთრებული სიხარული და სიამაყის განცდა, რაც ასე ძალიან სჭირდებოდა ჩვენს ხალხს. აქედან გამომდინარე, ის მასშტაბური დახვედრა, რომელიც მოვუწყვეთ ჩვენს ფეხბურთელებს, რომელიც ქართველმა ხალხმა მოუწყო მათ, იყო აბსოლუტურად დამსახურებული. თქვენ ნახეთ, რომ გუშინ შედგა ნამდვილი ზეიმი, რასაც იმსახურებდა თითოეული ფეხბურთელი,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.