Home Blog Page 1073

ამ კანონით, თქვენი მიზანი არის თუ არა ევროკავშირზე უარის თქმა? -ლევან ხაბეიშვილი მდინარაძეს

ამ კანონით, თქვენი მიზანი არის თუ არა ევროკავშირზე უარის თქმა? – მთელი ამ დროის განმავლობაში, ტყუილის ტირაჟირება, რომ თითქოს რაიმე არის გაუმჭვირვალე – აქვს თუ არა სახელმწიფოს რაიმე ინსტრუმენტი და თუ აქვს, მაშინ ეს კანონი რა საჭიროა? – ამ კითხვით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს.

ლევან ხაბეიშვილმა მდინარაძეს ასევე მიმართა კითხვით კანონის მიზანთან დაკავშირებით – „არსებობს თუ არა ერთი ფაქტი, როდესაც რაიმე გადარიცხვა იყო არასწორი, კორუფციული, ან იყო ისეთი შემთხვევა, იყო ისეთი თანხა, რომელიც მოხმარდა სახელმწიფოსთვის საშიშ რაიმე მოქმედებას”.

„მიზანი, ამბობთ, რომ არის გამჭვირვალობა, მე გეკითხებით და უპასუხეთ მოქალაქეებს – არსებობს თუ არა და აქვს თუ არა სახელმწიფო უწყებებს შესაძლებლობა, ინსტრუმენტები იმის, რომ ყველა გადარიცხვა იყოს გამჭვირვალე? ეს არსებობს და დაადასტურეთ. შეუძლია თუ არა ფინანსთა სამინისტროს უზრუნველყოს ყველა ტრანზაქციის ნახვა საჭიროების შემთხვევაში? აბსოლუტურად ყველა გადარიცხვის.

მიზანთან დაკავშირებით ასევე – როდესაც ამბობთ, რომ პრობლემაა გაურკვეველი ფინანსები, ამას ამბობთ სიტყვიერად, როდესაც მიზნებიდან ამოდიხართ, თურმე ვიღაც ამ ფულს სხვა მიზნებისთვის იყენებს – არსებობს თუ არა ერთი ფაქტი მაინც, მოიყვანეთ ერთი მაგალითი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ფინანსთა სამინისტროს, საგამოძიებო უწყებებს – არსებობს თუ არა ერთი ფაქტი, რომ რაიმე გადარიცხვა იყო არასწორი, რომ რაიმე იყო კორუფციული, ან იყო ისეთი შემთხვევა, იყო ისეთი თანხა, რომელიც მოხმარდა სახელმწიფოსთვის საშიშ რაიმე მოქმედებას – არსებობს თუ არა ასეთი ერთი ფაქტი, დაასახელეთ.

ასევე, როდესაც საუბრობთ მიზნებთან დაკავშირებით, გეცოდინებათ უნგრეთის მაგალითი, შემდეგ ევროპულმა სასამართლომ ეს კანონი გააუქმა, ამიტომ თავიდან რაც დავსვი შეკითხვა, მივდივარ ისევ იქ.

პირველი – მთელი ამ დროის განმავლობაში, ტყუილის ტირაჟირება, რომ თითქოს რაიმე არის გაუმჭვირვალე, გაქვთ თუ არა რაიმე ინსტრუმენტი, სახელმწიფოს სადმე არ აქვს და თუ აქვს, მაშინ ეს კანონი რა საჭიროა? უნდა უპასუხოთ ხალხს.

მეორე – თუ დანაშაული დადგა, ერთი მოიყვანეთ ფაქტად.

მესამე – მიზნებზე როდესაც საუბრობთ, თქვენი მიზანი, გაცხადებული, არის თუ არა ამ კანონით ევროკავშირზე უარის თქმა?“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა” გამახსენდა – ცენზურას ნუ აწესებთ!-თეონა აქუბარდია ანრი ოხანაშვილს

„ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა” გამახსენდა. არის ასეთი კარგი მულტფილმი. რა დაგემართათ, ცენზურას ნუ აწესებთ! – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს, რომელიც ოპოზიციონერ დეპუტატებს, მისი ნებართვის გარეშე საუბრის შემთხვევაში, მიკროფონის გათიშვისა და დარბაზის დატოვების შესახებ აფრთხილებს.

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება, ოპოზიციასა და ქართული ოცნების“წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სხდომის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა, რომ ისაუბრონ მხოლოდ კანონპროექტზე და შესაბამის მუხლებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ მიკროფონით სარგებლობის საშუალება ჩამოერთმევათ.

„სხდომის ჩაშლის მცდელობა ვისაც ექნება, გამოვიყენებ რეგლამენტით ყველა პროცედურას. თუ გსურთ, მეორე მოსმენით დადგენილი წესით ვიმსჯელოთ, აქ ამისთვის ვართ შეკრებილი. ამიტომ, გთხოვთ, მიკროფონის გარეშე საუბარს თავი დავანებოთ. ყველას მოგეცემათ საშუალება, რომ შეკითხვები დასვათ“, – მიმართა ოხანაშვილმა დეპუტატებს.

„პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა, რომ ქალბატონო და ბატონოთი მოგვმართეთ და არა, “ძვირფასო კოლეგებოთი“, – მიმართა ოხანაშვილს ანი წითლიძემ.

თავად ოხანაშვილმა კი, წითლიძეს მოუწოდა, რომ თუ მუხლთან დაკავშირებით არ დასვამდა შეკითხვას, მიკროფონით სარგებლობის საშუალებას ჩამოერთმეოდა. საბოლოო ჯამში კი, ანი წითლიძეს სხდომაზე მიკროფონით გამოსვლის საშუალება ჩამოერთვა. ამის შემდგომ სიტყვით გაოსვლის საშუალება მიეცა კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას, რომელსაც ასევე მხოლოდ შესაბამის მუხლთან დაკავშირებით საუბრისკენ მოუწოდა ოხანაშვილმა.

„ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა” გამახსენდა. ასეთი კარგი მულტფილმი არის… ნუ ნერვიულობთ, კარგი, რა დაგემართათ. ცენზურას ნუ აწესებთ“, – მიმართა აქუბარდიამ ოხანაშვილს, რის შემდეგაც მამუკა მდინარაძესთან კითხვით გადავიდა:

„სანამ თავს წამაცლიდნენ, იქნებ, კითხვის დასმა მოვასწრო. პირველი მუხლის ორივე პუნქტთან დაკავშირებით მაქვს კითხვა. პირველ რიგში, რას ნიშნავს, უცხოური ძალის ინტერესის გატარება, როდესაც მოცემულობაში ვიცით, რომ მაგალითად რუსეთი, რომელიც არის ოკუპანტი ქვეყანა, ის პირდაპირ ფინანსურ გადმორიცხვებს ვერ აკეთებს საქართველოში და შესაბამისად, ეს კანონი არ ეხება რუსეთს და ეხება ამ შემთხვევაში, დასავლურ ფონდებს. ამ მოცემულობაში ვის წინააღმდეგ არის ეს კანონი? კიდევ ერთხელ ნათლად, თუ განმარტავთ“, – განაცხადა აქუბარდიამ.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ დარბაზი ლევან ხაბეიშვილსა და ლევან ბეჟაშვილსაც დაატოვებინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები – ლევან ხაბეიშვილი და ლევან ბეჟაშვილიც გააძევა.

ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი ოპოზიციონერ დეპუტატებს მიკროფონის გარეშე საუბრის გამო დაატოვებინა.

„დაარღვიეთ რეგლამენტი – მიკროფონის გარეშე საუბარი. დატოვეთ დარბაზი.ამ წამოძახილებს დაანებეთ თავი. საბავშვო ბაღში თქვენ მიგაჩნიათ თავი. ეგ არის ცუდი, რომ ვერ აღიქვამთ სად ხართ. მიკროფონის გარეშე საუბარს თავი დაანებეთ,“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, მანამდე ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, გიორგი ვაშაძე გააძევა.

ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე სხდომიდან გააძევა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე სხდომიდან გააძევა.

ანრი ოხანაშვილის განმარტებით, მისი არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, გიორგი ვაშაძე რეგლამენტს მუდმივად არღვევდა.

„ბატონო გიორგი, დატოვეთ სხდომათა დარბაზი! არა ერთგზის მოგიწოდეთ, რომ მიკროფონის გარეშე არ გესაუბრათ. გაგაფრთხილეთ რამდენჯერმე, გთხოვთ, გაბრძანდით! გთხოვთ, დატოვეთ სხდომათა დარბაზი!“ – მიმართა ოხანაშვილმა ვაშაძეს, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარეს უპასუხა: „ჩუმად ვიჯდები“.

„არა, არა პროცედურას ნუ არღვევთ-მეთქი არაერთგზის გთხოვეთ. ყველაფერს აქვს თავისი წესი. დატოვეთ დარბაზი!“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილება.

“არის დრო ერთად დგომის და შემართების, შენი არჩევანის დაცვის, შენი ხვალინდელი დღის რწმენის” – შალვა პაპუაშვილი

არის დრო ერთად დგომის და შემართების, შენი არჩევანის დაცვის, შენი განვლილი ცხოვრების და ბრძოლის შეფასების, შენი ხვალინდელი დღის რწმენის გამოხატვის, შენთვის ძვირფასის და სანუკვარის შენარჩუნების, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ქართველი ერი ღირსეული და ბრძენია, მოთმინებით და ჭკუით შეჰყურებს ათას „კეთილმოსურნეს” და ელოდება თავის დროს, რადგან იცის რომ სიმართლე უძლეველია.

მისი თქმით, დადგა დრო, ამ ქვეყნის შვილები დავდგეთ ერთად, შევიგრძნოთ ეს „უდიდებულესი წამი” და ვთქვათ – ძალა ერთობაშია.

„არის დრო ერთად დგომის და შემართების, შენი არჩევანის დაცვის, შენი განვლილი ცხოვრების და ბრძოლის შეფასების, შენი ხვალინდელი დღის რწმენის გამოხატვის, შენთვის ძვირფასის და სანუკვარის შენარჩუნების, სიყვარულის და თანადგომის გამოხატვის მათ მიმართ, ვისთანაც გაერთიანებს ერთი სიტყვა – სამშობლო.

არც ისე ხშირად, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში რამდენჯერმე, დამდგარა დრო ერის ერთობის აუცილებლობის, და ყოველ ასეთ დროს საქართველომ დაამტკიცა რომ მას აქვს ღირსება, რომ ხიდი წარსულსა და მომავალს შორის არ ჩამტყდარა, რომ ქვეყნის გული კვლავაც მედგრად ძგერს.

ჩვენ ვიამაყებთ დღევანდელი ერთად დგომით, და ჩვენ შვილებს ვეტყვით, რომ ვიდექით იქ, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობას, მის სუვერენიტეტს, ქართულ სახელმწიფოს დასჭირდა ჩვენი ყოფნა.

ჩვენი ხალხი ღირსეული და ბრძენია, მოთმინებით და ჭკუით შეჰყურებს ათას „კეთილმოსურნეს” და ელოდება თავის დროს, რადგან იცის რომ სიმართლე უძლეველია.

დადგა დრო, ამ ქვეყნის შვილები დავდგეთ ერთად, შევიგრძნოთ ეს “უდიდებულესი წამი” და ვთქვათ – ძალა ერთობაშია.

შევხვდებით დღეს, რუსთაველის გამზირზე, ჩვენი სამშობლოს სამშვიდობოს გასაყვანად, კიდევ ერთხელ საქართველოს დასაცავად.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

29 აპრილს ქუთაისში +30 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +11 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +29 იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +32 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც გამოიდარებს. დღე +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +23, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +31 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, როგორც არასდროს, ისეა საჭირო გაერთიანება და „რუსული კანონის“ დაგმობა! -მამუკა ხაზარაძე

მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, როგორც არასდროს, ისეა საჭირო გაერთიანება და „რუსული კანონის“ დაგმობა! დაგმეთ და წინ აღუდექით საქართველოს რუსიფიკაციას! – ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენმა შვილებმა რუსეთის გუბერნიაში გაიღვიძონ!, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ნათელია, რომ „რუსული კანონი“, რომლის მიღება პირდაპირი სვლაა რუსეთისკენ, სრულად დაგვაშორებს ევროპას და ევროპულ პერსპექტივას.

„მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც, ბოლო 30 წლის განმავლობაში უამრავი სირთულის, ომების და სხვადასხვა გამოწვევების ფონზე, მაინც მოვახერხეთ, ალბათ, შეუძლებელიც, შევქმენით წარმატებული კომპანიები, დავასაქმეთ ათასობით ადამიანი. ჩვენი კომპანიების წყალობით ივსებოდა და ივსება ბიუჯეტი, ამ ბიუჯეტით კი – ფინანსდება ჩვენი ჯარი, პოლიცია, რიგდება პენსიები, მასწავლებლების ხელფასები, იგება გზები და უამრავი რამ. ჩვენ გავუძელით თითქმის ყველა მთავრობის შემოტევას. საუბედუროდ, ამ ბიუჯეტს დღეს კორუფციონერი პოლიტიკოსები ჭამენ.

თითქმის ყველა წარმატებულ ბიზნესს ვიცნობ საქართველოში, გიცნობთ თქვენ, ვინც ამას ყოველდღიური შრომით, თქვენს თანაგუნდელებთან ერთად აშენებთ. ოთხი წელია ამ სფეროს სრულად ჩამოვშორდი, ახლა პოლიტიკაში ვარ და ერთი მიზანი მამოძრავებს – ჩემმა ხუთმა შვილმა, ისევე, როგორც ყველა თქვენგანის შვილებმა, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში იცხოვრონ.

ჩვენ საბჭოთა კავშირი გვახსოვს და არავის გვინდა იქ დაბრუნება. ასევე ნათელია, რომ ეს „რუსული კანონი“, რომლის მიღება პირდაპირი სვლაა რუსეთისკენ, სრულად დაგვაშორებს ევროპას და ევროპულ პერსპექტივას. ამის შესახებ მკაფიოდ გაგვაფრთხილეს ამერიკიდან, ევროპის ყველა ტრიბუნიდან, თითქმის ყველა თქვენგანის შვილები ევროპაში იღებენ განათლებას, ყველა თქვენი ძირითადი ბიზნეს კავშირი და პარტნიორი ევროპულია.

თქვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოში ფინანსების, მათი წარმოშობის და მოძრაობის გამჭვირვალობის საკითხი არ დგას, რაზეც “ოცნების” ხელისუფლება აპელირებს. ეს ბლეფია, ეს მიზეზია, მიზეზი, რომ გაკონტროლდეს თავისუფალი აზრი, დაწესდეს ცენზურა და დამყარდეს ტოტალური კონტროლი, ის, რაც მოხდა რუსეთში.

ახლა სხვა გამოწვევაა, ახლა ქვეყნის გეოპოლიტიკურ ცვლილებასთან გვაქვს საქმე. ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენმა შვილებმა რუსეთის გუბერნიაში გაიღვიძონ!

მოგმართავთ, როგორც არასდროს, ისეა საჭირო გაერთიანება და „რუსული კანონის“ დაგმობა. დაგმეთ და წინ აღუდექით საქართველოს რუსიფიკაციას! არა, „რუსულ კანონს“! ჩვენი შვილების გვერდით დავდგეთ და ერთად გავიმარჯვოთ! თქვენი სიტყვა გადამწყვეტია!“ – წერს ხაზარაძე.

ვეთანხმები სენატორებს, უნდა გადაიხედოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, გაიხსნას უვიზო მიმოსვლა, გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უნდა გვქონდეს პირდაპირი ფრენები -მდინარაძე

”პირდაპირ და კატეგორიულად გეუბნებით, რომ ჩვენც მოვუწოდებთ იმ ამერიკელ სენატორებს, რომლებიც ასე აყენებენ საკითხს, რომ დიახ, უნდა უნდა გადაიხედოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები: უნდა გაიხსნას ვიზა, თავისუფალი უნდა იყოს გადაადგილება – პარტნიორებსა და მეგობრებს შორის ეს არის სწორი დამოკიდებულება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ 14 ამერიკელი სენატორის იმ წერილის საპასუხოდ განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ “გამჭვირვალობის კანონპროექტი” მიღებული იქნება, სენატორები იძულებული იქნებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველო და აშშ სტრატეგიული პარტნიორები არიან და საქართველოს მეგობრულ დამოკიდებულებას აშშ-დანაც შესატყვისი დამოკიდებულება სჭირდება.
შესაბამისად, მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ აშშ-ში გამგზავრება, უნდა გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მეტი ინვესტიცია შემოვიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მდინარაძისთვის გაუგებარია, რას უნდა გადახედონ სენატორებმა.
“ვიზალიბერალიზაცია, რომელიც არ არის დღეს, თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც არ გვაქვს დღეს – ესენი უნდა გაიხსნას. თუ ვართ მეგობრები, მეგობრობა მხოლოდ სიტყვით – არა, ინვესტიციები უნდა გაიზარდოს, უნდა შემოვიდეს მეტი ინვესტიცია საქართველოში აშშ-დან. თუ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდნენ აშშ-ში, თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენები უნდა გვქონდეს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ამდენი წელია სტრატეგიულ პარტნიორობაზეა ხელი მოწერილი, 10 წელზე გაცილებით მეტია გასული და პირდაპირი ფრენები არ გვაქვს. დიახ, უნდა გადაიხედოს, ამ საკითხს ჩვენ ვაყენებდით. არანაირი ულტიმატუმი არ არის, თქვენ გინდათ ულტიმატუმი დაარქვათ მაგრამ ასეთია ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების და მეგობრების მხრიდან. თუ ჩვენ მართლა მეგობრები ვართ და ჩვენი დამოკიდებულება ასეთია, ამ დამოკიდებულებას შესატყვისი თანხვედრა სჭირდება მათი დამოკიდებულების. როცა არაფერი არ გაქვს, რაღა უნდა გადაიხედოს? თავისუფალი ვაჭრობა უნდა გადაიხედოს, თავისუფალი საჰაერო მიმოსვლა უნდა გადაიხედოს თუ რა? – დიახ, თუ გადასახედია, უნდა გადაიხედოს და ამერიკელი ხალხის ფული სად მიდის საქართველოში, ესეც უნდა გადაიხედოს, რასაც “გამჭვირვალობის კანონი” უზრუნველყოფს”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილავენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დღეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და მმართველ გუნდს მოუწოდეს, პროვოკაციებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით, საკომიტეტო მოსმენა გადადონ.

მათივე თქმით, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ გონივრულ რჩევას და არ გადადებს საკომიტეტო მოსმენას, ყველა გართულებაზე და მის შედეგზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება. აღნიშნული განცხადება სახელისუფლებო პარტიისთვის იმის დასტურია, რომ ოპოზიცია შეშინებულია და დისკუსიაში შესვლის უნარი არ გააჩნიათ

გგონიათ, რომელიმე პოლიტიკოსის გამო არიან მოსული ეს ბავშვები აქ?-პაატა მანჯგალაძე

გგონიათ, რომელიმე პოლიტიკოსის გამო არიან მოსული ეს ბავშვები აქ? ჩვენ იმიტომ ვართ, რომ არ გართულდეს, ჩვენ რომ არ ვიყოთ, შეიძლება, მართლა გართულდეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის შენობასთან განაცხადა, სადაც აქცია მიმდინარეობს.

მისი თქმით, აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებულ სცენაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშების გასაკრავად უნდოდათ ასვლა.

„საკულტო ნაგებობაა, თუ რა არის, ვერ გავიგე. ადამიანებმა ითხოვეს, სამი კაცი ავალთ, გავაკრავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშას და ჩამოვალთო. ამაზე მშვიდობიან აქციას მსოფლიოში ვერ ნახავ. ახალგაზრდები მღერიან, ტაშს უკრავენ. რამდენჯერ უნდა მოვიდნენ, ხომ უნდა მოუსმინოს ვიღაცამ. რა პასუხისმგებლობზეა ლაპარაკი. გგონიათ, რომელიმე პოლიტიკოსის გამო არიან მოსული ეს ბავშვები აქ? ჩვენ იმიტომ ვართ, რომ არ გართულდეს, სინამდვილეში. ჩვენ რომ არ ვიყოთ, შეიძლება, მართლა გართულდეს და რაზე ავიღო პასუხისმგებლობა. კობახიძემ აიღოს პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის ძირითადად ჭიჭინაძის ქუჩაზე იმყოფებიან. აქცია თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო, შემდეგ კი დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, აქციის მონაწილეები ჯებირებისა და პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტის წინ დამონტაჟებულ სცენასთან მისვლას ცდილობდნენ.

29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, სამსახურში უფროსმა ან სახლში უფროსმა ნათესავმა თქვენს ნერვებს გამოცდა მოუწყოს, მაგრამ დაწყებული საქმის დასრულებას მაინც შეძლებთ. გათავისუფლდით უსიამოვნო ფიქრებისგან და მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს – ეს ძალიან ბევრ ენერგიას გართმევთ.

კურო

უიმედო განწყობას ნუ გააფუჭებინებთ ამ დღეს. ჩანაფიქრს აუცილებლად განახორციელებთ, მაგრამ შურიან ადამიანებს უნდა მოერიდოთ. დატვირთული განრიგის მიუხედავად, დასვენებისთვის დრო უნდა გამონახოთ. გახსოვდეთ, რომ დიდი შინაგანი ძალა გაქვთ და თქვენი ნებაა, ამით ისარგებლებთ თუ არ ისარგებლებთ.

ტყუპები

სამსახურში მოსალოდნელია ცვლილებები, რომლებიც, დიდი ალბათობით, დადებითი იქნება. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და უსაფუძვლო ეჭვებით საყვარელი ადამიანი არ გააღიზიანოთ. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ საერთო საქმე გამონახოთ და ერთმანეთთან სიახლოვით ისიამოვნოთ. შეიძლება ერთ-ერთი მეგობრის მიმართ თქვენი დამოკიდებულება შეიცვალოს. გაითვალისწინეთ, რომ ეს დღე მეგობრული შეხვედრებისთვის არახელსაყრელია.

კირჩხიბი

29 აპრილს კოლეგებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. სავარაუდოდ, ერთმანეთს ვერ გაუგეთ, რამაც შეცდომა გამოიწვია. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და სიტუაცია გააანალიზოთ. ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და სარისკო ინვესტიციებს.

ლომი

ამ დღეს თქვენი შეხედულებები კოლეგების ან ხელმძღვანელობის აზრებისგან შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს. საქმე რომ კონფლიქტამდე არ მივიდეს, უმჯობესია უმრავლესობის აზრს დაეთანხმოთ. გამოიყენეთ ეს დღე საკუთარ თავში გარკვევისთვის და მიხვდებით, რას ელით ცხოვრებისგან.

ქალწული

ნუ დაკარგავთ დროს უსარგებლო საუბრებზე, მით უმეტეს, რომ ამას თქვენთვის, გაღიზიანების გარდა, არაფერი მოაქვს. თითქმის უმნიშვნელო შემთხვევის გამო შეიძლება ახლობელი ადამის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოთ. თუ თქვენს ცხოვრებაში ჩიხური ვითარება არსებობს, ეს დღე მისგან გათავისუფლების შანსს მოგცემთ.

სასწორი

ნუ აჩქარდებით. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმოთ. ეცადეთ, რეალისტურად იაზროვნოთ და მიუწვდომელი მიზნები არ დაისახოთ. საყვარელ ადამიანთან მცირე უთანხმოება გელით. მოთმინება და თავშეკავება გამოიჩინეთ, რათა შეთანხმება შეძლოთ. ეცადეთ, მავნე ჩვევისგან გათავისუფლდეთ, რომელიც ცხოვრებაში ხელს გიშლით.

მორიელი

გირჩევთ, ყველას ბრმად არ ენდოთ. ყურადღებას თუ მოადუნებთ, შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვათ. თუ გრძნობთ, რომ დაიღალეთ, შვებულება უნდა დაგეგმოთ და ძალები აღიდგინოთ. ეცადეთ, საკუთარი ან სხვა ადამიანის საიდუმლო არ გაამხილოთ და ზოგადად, ამ დღეს ურთიერთობებში ნაკლებად გულწრფელი უნდა იყოთ.

მშვილდოსანი

ნუ იჩქარებთ – როდესაც საქმე მნიშვნელოვან შეხვედრას ეხება, საგულდაგულოდ უნდა მოემზადოთ. მშვენიერი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. სავარაუდოდ, ცუდი განწყობა დაღლილობის მანიშნებელია, ამიტომ დასვენების დრო უნდა იპოვოთ. გაუღიმეთ სამყაროს და ისიც გაგიღიმებთ.

თხის რქა

ამ დღეს ახლობელ ადამიანებთან საერთო ენის პოვნა გიჭირთ, სამაგიეროდ, საქმიანი ვიზიტები, მოლაპარაკებები და მნიშვნელოვანი შეხვედრები წარმატებით ჩაივლის. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ საოჯახო ნივთების შეძენა სამომავლოდ უნდა გადადოთ. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და თანამოსაუბრე უმიზეზოდ არ აკრიტიკოთ.

მერწყული

შეცდომის გამოსარიცხად ამ დღეს ინფორმაცია რამდენჯერმე უნდა გადაამოწმოთ. გაუფრთხილდით საკუთარ დროს, ენერგიას და ნერვებს. მშვიდად იმუშავეთ. ჯობს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სამომავლოდ გადადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.

თევზები

ამ დღეს შეძენილი ნივთი იმედებს გაგიცრუებთ. საქმიანი ურთიერთობა სასურველ შედეგებს მოგიტანთ. გართობისა და დასვენებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ჯობია, რამე სასარგებლო გააკეთოთ.

 

 

ქართულ ჯიგრულ პონტში სცენა უნდა ეთხოვებინათ 2-3 საათით, ამის მაგივრად პირიქით, დაუპირისპირდნენ ხალხს -პეტრე ცისკარიშვილი

ქართულ ჯიგრულ პონტში სცენა უნდა ეთხოვებინათ 2-3 საათით, ამის მაგივრად, დაუპირისპირდნენ ხალხს, ზუსტად ისევე, როგორც აპირებენ, ხვალ მიტინგი მოუწყონ ქართულ საზოგადოებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილის თქმით, მთავრობა ხალხს ძალით ჩამოყვანილი საჯარო მოხელეებით უწყობს მიტინგს.

„არასანქცირებული კიარა, ეტყობა, ამათ დაავიწყდათ მათი ერთ-ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიდგომები, ქართულ ჯიგრულ პონტში ეს სცენა უნდა ეთხოვებინათ 2-3 საათით, რადგან აქ მოვიდა ათიათასობით ადამიანი, არ იყო გახმოვანება, ვერ ჩატარდა საპროტესტო მიტინგი, არ იყვნენ გამომსვლელები, არ ხდებოდა არაფერი, ამან გამოიწვია აგრესია. იმის მაგივრად, სცენა ეთხოვებინათ სულ რაღაც 2-3 საათით, პირიქით, დაუპირისპირდნენ ხალხს, ზუსტად ისევე, როგორც ისინი აპირებენ, ხვალ მიტინგი მოუწყონ ქართულ საზოგადოებას. ქართველ ხალხს თავისი მთავრობა უწყობს მიტინგს, აქციას, ხელოვნურად, ძალით ჩამოყვანილი საჯარო მოხელეებით“, – განაცხადა პარლამენტთან აქციაზე მყოფმა პეტრე ცისკარიშვილმა.

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ, „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით დამონტაჟებულ სცენასთან მისვლას ითხოვდნენ და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ.

პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამ, სადაც აღნიშნულია, რომ არსებობს კანონის შესაბამისი გაფრთხილება, 27 აპრილიდან 30 აპრილამდე „ქართულ ოცნებას“ დაკავებული აქვს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ეწყობა მსუბუქი კონსტრუქციის სცენა, მონტაჟდება ეკრანები და სხვადასხვა აპარატურა. მერიაში განმარტეს, რომ აქციის იმ მონაწილეთა შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტთან იმყოფებიან, არის არასანქცირებული და მოუწოდეს მათ, თავი შეეკავებინათ პროვოკაციებისგან.