Home Blog Page 1073

მთაწმინდაზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 2 ვერტმფრენი ჩაერთო

მთაწმინდაზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 2 ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციითვე, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ცნობისთვის, მთაწმინდის ტერიტორიაზე მთის ფერდობზე, ცეცხლი ბალახებსა და ბუჩქებს გაუჩნდა.

ცესკომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო

ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საარჩევნო სიახლეებსა და ელექტრონულ ტექნოლოგიებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები გაეცნენ.

საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები ესწრებოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან  2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და  ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის ფარგლებში ცესკოს საარჩევნო კომისიების მართვის განყოფილების უფროსმა რევაზ ეგაძემ პრეზენტაცია გამართა და მონაწილეებს საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გაიმართა  საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.

ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. დღეის მდგომარეობით უკვე ინფორმირებულია 400 000-მდე ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში 6 ივლისიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება იწყება. ახალი პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე გამართულ შეხვედრებზე ამომრჩევლებს საშუალება ექნებათ პირადად გაეცნონ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას.

 საელჩოში დაგეგმილი ღონისძიება პლენარული სხდომა არ არის, რომ პარლამენტის 76 წევრის ხმა იყოს საჭირო საზეიმო ღონისძიების გასახსნელად – ირაკლი ქადაგიშვილი

საელჩოში დაგეგმილი ღონისძიება პლენარული სხდომა არ არის, რომ პარლამენტის 76 წევრის ხმა იყოს საჭირო საზეიმო ღონისძიების გასახსნელად, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა კითხვას, რატომ არ იმყოფებოდნენ აშშ-ს საელჩოში, 4 ივლისთან დაკავშირებულ მიღებაზე პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და მათი არყოფნა ხომ არ აღრმავებს ეჭვს, რომ ისინი აშშ-ს მხრიდან არიან სანქცირებული და ამის გამო არ მიიწვიეს.

ქადაგიშვილმა პასუხად განაცხადა, რომ „სანქციების თემა კუდიანებზე დევნასავით არის გამოცხადებული“. როგორც მან აღნიშნა, მიღებაზე არც თავად იმყოფებოდა, იმის მიუხედავად, რომ ღონისძიებაზე მიწვეული იყო, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მივიდა.

ქადაგიშვილის თქმით, აშშ-ს საელჩოში იმყოფებოდნენ პრემიერ მინისტრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერები და კომიტეტის თავმჯდომარეები.

ქადაგიშვილმა დღეს მედიასთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაილახება გარკვეული პოლიტიკური საკითხები, რაც ორ ქვეყანას შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და რაც მისივე თქმით, “დიდ და პატარა ქვეყნებს შორის ურთიერთობაში ყოველთვის დამახასიათებელია“.

“არსებობს ხოლმე გარკვეული პოლიტიკური წინააღმდეგობები, რომელიც საბოლოო ჯამში, სტრატეგიული და გეოპოლიტიკური თანამშრომლობის გათვალისწინებით ორ ქვეყანას შორის შემაფერხებელში საკითხი არ შეიძლება გახდეს – არსებობს უფრო დიდი, გლობალური და შორსმიმავალი ამოცანები, რაც უფრო ზემდგომია, ვიდრე მიმდინარე პოლიტიკური საკითხები“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

უგულშემატკივრე ბორჯღალოსნებს ბათუმის სტადიონზე

მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ ბორჯღალოსნებს მსოფლიო რაგბის ივლისის ტესტების სერიის პირველ თამაშზე.

საქართველო ფიჯის თამაში 5 ივლისს, 20:00 საათზე ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე” გაიმართება. ბორჯღალოსნები რაგბის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გუნდს, „მფრინავ ფიჯელებს“ ერკინებიან.

თამაშის დღეს, 17:00 საათიდან, ფან ზონაში გულშემატკივრებს დახვდებათ მუსიკა, კვების ობიექტები, ფან შოპი და გართობა. თამაშის დასრულების შემდეგ მორაგბეებიც შეუერთდებიან გულშემატკივრებს გასართობ ზონაში.

ბორჯღალოსნებს ივლისში სამი უმაღლესი დონის ტესტ-მატჩი ელით. ეროვნული ნაკრების მორაგბეები დანარჩენ 2 მატჩზე, რომელიც 13 და 20 ივლისსაა დაანონსებული, ტიერ1-ის გუნდებს : იაპონიასა და ავსტრალიას სტუმრად ეთამაშებიან. 13 ივლისს საქართველო იაპონიაში, სენდაიში „საკურებს“ ეთამაშება, ხოლო 20 ივლისს სიდნეიში „ვოლაბებს“ დაუპირისპირდება.

გულშემატკივრის მხარდაჭერის ფონზე, ბორჯღალოსნები ფიჯელებთან მეორე გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან. პირველი გამარჯვება 2016 წელს მოიპოვეს და „მფრინავები“ 14:3 დაამარცხეს. 2023 წლის მსოფლიო თასზე ფიჯისთან შეხვედრას ბორდომ უმასპინძლა. თამაშის პირველი ტაიმი ბორჯღალოსნებმა მოიგეს და გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს იყვნენ მაგრამ საბოლოოდ მცირედი სხვაობით წააგეს – 12:17.

შეიძინე თამაშის ბილეთები https://tkt.ge/event/414897/ragbi-saqartvelo-fiji-ზე. თიბისის სტუდენტის და მოსწავლის ბარათებით გადახდისას მოქმედებს 50% ფასდაკლება შერჩეულ სექტორებზე.

6 წლამდე ბავშვებს თამაშზე დასწრება უბილეთოდ შეეძლებათ.

საქართველოსა და ფიჯის თამაშზე, გადაიხადე თიბისის სადებეტო ბარათებით თიბისის ტერმინალზე აღნიშნულ ობიექტებში და დაიბრუნეთ თანხის 20% უკან. იხილეთ დამატებითი ინფორმაცია.

თიბისი 2015 წლიდან რაგბის მხარდამჭერია. მრავალწლიანი მეგობრობა, უკვე მიღწეულ წარმატებებთან ერთად, მიზნად ისახავს რაგბის განვითარებას, ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატების და ფესტივალების ხელშეწყობას.
#ერთადგავიმარჯვებთ

(R)

ონკოლოგიურ პაციენტებს აღარ მოუწევთ სააფთიაქო ქსელებიდან კლინიკაში მედიკამენტების თავად მიტანა – პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს, წამალი, დაწესებულებაში დახვდება

????????????????????????????????????

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის განმარტებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების აღარ მოუწევთ, სააფთიაქო ქსელებიდან, კლინიკაში, მედიკამენტების თავად მიტანა – პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს, წამალი, დაწესებულებაში დახვდება.

უწყების ინფორმაციით, ცვლილების მიზანია, ქვეყანაში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს.

„ჯანდაცვის სამინისტროში, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა, მათ, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემის წესის ახალი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, წამლები პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის სამინისტროს  განმარტებით, ბენეფიციარებს, აღარ მოუწევთ, სააფთიაქო ქსელებიდან, კლინიკაში, მედიკამენტების თავად მიტანა – პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს, წამალი, დაწესებულებაში დახვდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ცვლილების მიზანია, ქვეყანაში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. პაციენტების განცხადებით კი, აღნიშნული ინიციატივა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ყოველდღიურობასა და თავად მკურნალობის პროცესს.

შეხვედრაზე, ონკოლოგიის მკურნალობასთან დაკავშირებულ სხვა მიმართულებებზეც იმსჯელეს – მხარეებმა, სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, სამინისტროს სხვა დეპარტამენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს – პრემიერი

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ამ დღის აღნიშვნით დასტურდება ერთგულება, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისთვის.

„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს! ამ დღის აღნიშვნით ვადასტურებთ ერთგულებას, გავაძლიეროთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და თანამშრომლური კავშირები“, – აღნიშნავს პრემიერი.

„საქართველოს მთიანი რეგიონების სკოლებში მეცნიერების პოპულარიზაცია და სამეცნიერო კვლევის სტიმულირება“ – საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები

გამოცხადდა 2024 წლის  „საქართველოს მთიანი რეგიონების სკოლებში მეცნიერების პოპულარიზაცია და სამეცნიერო კვლევის სტიმულირება“ საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები. კონკურსში გაიმარჯვა 10-მა სამეცნიერო პროექტმა.

 საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოს მთიანი რეგიონების სკოლებში მეცნიერების პოპულარიზაცია, სამეცნიერო კვლევების სტიმულირება, საჯარო სკოლების უფროსკლასელებში  კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლება მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად, მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის, სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას,   მოსწავლეების ინტერესს  მეცნიერებისადმი.

გრეის ჰოპერის ტექნოლოგიური დაჯილდოება ხვალ თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართება

თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით წელს უკვე მეოთხედ იმართება. დაჯილდოების ცერემონია 5 ივლისს, მარჯანიშვილის 7- ში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართება.

ერთ-ერთი პირველი, ამერიკელი პროგრამისტი ქალის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო არის ტექნოლოგიური დაჯილდოება, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე ქალების აღმოჩენას და წახალისებას ემსახურება.

ფინალისტები 5 კატეგორიაში უკვე ცნობილია და დაჯილდოებაზე კატეგორიებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან:

ტექ ლიდერი- მარია ბელმასოვა, ნათია სირბილაძე, ნათია ხუხუნაიშვილი,

აღმოჩენა ახალ თაობაში- ანასტასია კვინიკაძე, თამარ ფეიქრიშვილი, მარიამ გაგუა,

გამორჩეული მეცნიერი- თინა კახნიაშვილი , ლელა ოქრომელიძე, მარიამი გაჩეჩილაძე,

ინოვაციური ტექ პროდუქტი- Elven Technologies, Helio.AI, Quickshipper

ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის- ლივინგსტონი, Noxtton, VELI.store

გამარჯვებული მიიღებს 10 ათას ლარს გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება წინასწარ შეთანხმებულ აქტივობებში და პროგრამებში , რაც მრავალფეროვნების წახალისებას შეუწყობს ხელს.

პარტნიორები: USAID-ის მიერ დაფინანსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაციის და მედეგობის (CIDR) პროგრამა, VISA, LINEATE, UGT, MAJOREL, UN WOMEN, TEGETA, TEGETA CARS.

R

კოკა რამიშვილის გამოფენის ტურები

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 13 ივლისის ჩათვლით, კოკა რამიშვილის გამოფენას სახელწოდებით „პლატფორმა მოვლენისთვის” მასპინძლობს.

გამოფენის ფარგლებში, საშუალება გაქვთ დაესწროთ ხელოვნებათმცოდნეების ტურებს.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ ტურზე დასწრებას.

გამოფენის ტურები:

4 ივლისი, 19:00 საათი | ლალი პერტენავა, ხელოვნებათმცოდნე.

10 ივლისი, 19:00 საათი | ხათუნა ხაბულიანი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და კურატორი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტურებზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

კოკა რამიშვილი უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. მისი შემოქმედება პოსტ-საბჭოთა პერიოდში განვითარდა და თავიდანვე გამოირჩეოდა რეფლექსიურობით, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით.

გამოფენაზე წარმოდგენილია კოკა რამიშვილის ახალი ნამუშევარი – პლატფორმა მოვლენისთვის. ნამუშევრის ხმოვანი ნაწილი შექმნა კომპოზიტორმა ნიკა მაჩაიძემ, რომელთანაც ხელოვანი ხშირად თანამშრომლობს. პლატფორმა მოვლენისთვის მულტიმედიური ინსტალაციაა, სადაც უხილავი ბმები აერთიანებს ინტერიერსა და ექსტერიერს, გეომეტრიულ ფორმებს (წრიულსა და კვადრატულ დარბაზებს) და პეიზაჟის უსასრულობას, ზაფხულის კლიმატურ მოტივსა და ყოველდღიურობის ხმებს.

მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, კ. მარჯანიშვილის 7.

ექსპერტების გაფრთხილება: უკრაინისათვის ნატოში გასაწევრიანებლად „ხიდის“ შეთავაზება შეიძლება საფრთხის მომტანი აღმოჩნდეს – რას წერს უცხოური პრესა

ამერიკულმა გაზეთმა „პოლიტიკომ“ (Politico) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ექსპერტების გაფრთხილება: უკრაინისათვის ნატოში გასაწევრიანებლად „ხიდის“ შეთავაზება შეიძლება საფრთხის მომტანი აღმოჩნდეს“ (ავტორი – მეთ ბერგი), რომელშიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვაშინგტონის სამიტის წინ შექმნილი ვითარებაა განხილული.


გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:


ნატოში უკრაინის სამომავლო წევრობის შესაძლებლობა, ალიანსის ვაშინგტონის სამიტის წინ, ცხარე დისკუსიის საგანი ხდება.


საგარეო პოლიტიკის ათობით ექსპერტმა 3 ივლისს ნატოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდეს, რომ სამიტის დროს თავი აარიდონ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღების საკითხის განხილვას და გამაფრთხილებლად განაცხადეს, რომ სამხედრო ბლოკში უკრაინის სავარაუდო მიღების მიზნით „ხიდების“ შეთავაზება და სხვა მსგავსი ქმედებები საფრთხეს შეუქმნის როგორც აშშ-ს, ასევე მის მოკავშირეებს და ორგანიზაციაში განხეთქილებას გამოიწვევს. ექსპერტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის მტკიცებით, თუ უკრაინა ნატოში იქნება მიღებული, მაშინ წესდების (ხელშეკრულების) მე-5 პუნქტის ძალით, ნატომ რუსეთს ომი უნდა გამოუცხადოს.


თითქმის 60 ექსპერტისათვის არგუმენტი მე-5 პუნქტის ამოქმედების საფრთხის შესახებ ფრიად მნიშვნელოვანია და ამიტომ ისინი ცდილობენ თავიანთი ხმა სამიტის მონაწილეებს მიაწვდინონ.


„ნატო რაც უფრო მეტად ცდილობს უკრაინისათვის კიდევ ერთი დაპირების მიცემას ალიანსში გაწევრიანების მიზნით, მით უფრო მეტ სტიმულს აძლევს რუსეთს ომის გასაგრძელებლად“, – ნათქვამია წერილში, რომელიც „პოლიტიკოს“ რედაქციამაც მიიღო, – იმ გამოწვევებს, რომლებსაც რუსეთი ქმნის, შეიძლება წინააღმდეგობა გავუწიოთ ისე, რომ უკრაინა ნატოში არ იქნას მიღებული“.


„უკრაინის ხელშეწყობას ალიანსში გასაწევრიანებლად, დიდი ალბათობით, უსიამოვნო და ნეგატიური შედგები მოჰყვება“, – აღნიშნავენ ექსპერტები, – უკრაინა უკვე რეალურად გადაიქცევა მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი ბირთვული სახელმწიფოს დაპირისპირების არენად“ და ფაქტობრივად დაადასტურებს ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ რუსეთი მართლაც დასავლეთს ებრძვის.


წერილი მომზადდა აშშ-ის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტის უილიამ რუგერისა და აშშ-ის კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის სტივენ ვერთჰაიმის მიერ. დოკუმენტს ხელს აწერენ აშშ-ის ქუინსის და კატონის ინსტიტუტების, სთიმსონის ცენტრის, კარნეგის ფონდის თანამშრომლები; კოლორადოს, ტეხასის, ნიუ-იორკის, მასაჩუსეტსის, ტაფტის უნივერსიტეტების მეცნიერები, არიან ხელმომწერები კანადის ონტარიოსა და ტორონტოს უნივერსიტეტებიდან და ა.შ.


მაგრამ არიან ის ექსპერტებიც, რომლებიც წერილზე ხელმომწერ კოლეგებს არ ეთანხმებიან. მაგალითად, „რენდ კორპორეიშენის“ მკვლევრები თვლიან, რომ უკრაინა ნატოს წევრად უნდა იქნას მიღებული, რაც დაადასტურებს დასავლეთის ერთგულებასა და მხარდაჭერას კიევის მიმართ.
რა თქმა უნდა, ანალიტიკური ცენტრების მკვლევრები და უნივერსიტეტის პროფესორები არ არიან ის ადამიანები, რომლებიც ნატოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ, მაგრამ მათ ხშირად შეაქვთ თავიანთი წვლილი საგარეო პოლიტიკურ დებატებში, აქვეყნებენ თავიანთ თვალსაზრისებს და აწყობენ დისკუსიებს სხვადასხვა პრობლემის ირგვლივ – ამა თუ იმ მსხვილი ღონისძიების წინ.


ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია თავს იკავებს ალიანსში კიევის დაუყოვნებლივ გაწევრიანებაზე, თუმცა ამას წინათ რამდენიმე მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ სამიტზე უკრაინას ერთგვარ „ხიდს“ შესთავაზებენ ალიანსში შესასვლელად. გარდა ამისა, ჩამოყალიბდება ნატოს ახალი მიზნობრივი შტაბ-ბინა უკრაინისათვის გაწეული გრძელვადიანი დახმარების კოორდინირებისათვის.


რასაკვირველია, უკრაინას უნდა ნატოს წევრობა, მაგრამ კიევი ითვალისწინებს რეალობას, ილუზიებში არ არის და არ ელოდება თეთრი სახლის პოზიციის ცვლილებას. უკრაინელებს ყველაზე მეტად უსაფრთხოების გარანტიები სურთ.


ამ მხრივ კიევისათვის აშკარად არის დამაიმედებელი ნიშნები: ნატოს წევრი ქვეყნები დაეთანხმნენ გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თხოვნას, რომ შენარჩუნდეს უკრაინის 43-მილიარდიანი დაფინანსება 2025 წლისათვის. სხვათა შორის, ორი დღის წინათ თეთრმა სახლმა გამოაცხადა უკრაინისათვის 2,3 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფაზე.


როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს ეგიდით ჩატარებული გამოკითხვით ირკვევა, უკრაინელებს, ნატოში გაწევრიანების ნაცვლად, უფრო მეტად სურთ, რომ დასავლეთმა თანამედროვე ძლიერი იარაღი და საბრძოლო მასალები დროულად მიაწოდოს. ასევე ცნობილი ხდება, რომ უკრაინელთა მხოლოდ 22% არის მომხრე იმისა, რომ ქვეყანა ალიანსის წევრი გახდეს ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ, 71% კი ასეთი გარიგების წინააღმდეგია.


ჯერ-ჯერობით ოფიციალური კიევის პოზიცია რუსეთის მიმართ ისევ მაქსიმალისტურია – კრემლმა უნდა დააბრუნოს ყველა ტერიტორია, რომელიც მას მიტაცებული აქვს, ასევე უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები ოკუპირებული ოლქებიდან – მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება.


წყარო

სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ვულოცავ 4 ივლისს ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს! საქართველო აფასებს სამართლიანობასა და ადამიანური ღირებულებების პატივისცემაზე დაფუძნებულ თქვენს მრავალწლიან მეგობრობას და მხარდაჭერას დემოკრატიის, თავისუფლებისა და მშვიდობისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე. გისურვებთ, პირადობის მოწმობაში ამერიკის მოქალაქეობა დარჩეს ინსპირაციად თავისუფლებისმოყვარე ერებისთვის მთელს მსოფლიოში“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატები 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს.

გამოკითხვები მოწმობს, რომ ევროპელები სკეპტიკურად არიან განწყობილნი ომში უკრაინის გამარჯვების მიმართ – რას წერს „პოლიტიკო“

„ევროპელებს სულ უფრო ნაკლებად სჯერათ, რომ უკრაინა რუსეთთან ომში გამარჯვებს“, – წერს ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (რედაქცია – ბრიუსელში) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „გამოკითხვები მოწმობს, რომ ევროპელები სკეპტიკურად არიან განწყობილნი ომში უკრაინის გამარჯვების მიმართ“ (ავტორი – ელენ ჯორდანო). „რესპონდენტთა თითქმის ნახევარი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებები სამშვიდობო მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს. გარდა ამისა, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ უკრაინისადმი სამხედრო დახმარება არ უნდა გაფართოვდეს“, – აღნიშნულია მასალაში.


გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:


როგორც ახალი სოციოლოგიური გამოკვლევა აჩვენებს, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს (ECFR) ეგიდით ჩატარდა, უკრაინელთა უმრავლესობა თვლის, რომ კიევი მოსკოვთან ომში გაიმარჯვებს, მაგრამ ევროპელებს ამაში ეჭვი ეპარებათ – მათი თვალსაზრისი უკრაინელთა პოზიციისაგან განსხვავებულია.


გამოკითხვის მონაცემები, რომელიც მაისში ჩატარდა, 3 ივლისს გამოქვეყნდა, ანუ ნატოს ვაშინგტონის სამიტამდე (9-11 ივლისი) რამდენიმე დღით ადრე. ისინი აჩვენებენ როგორც უკრაინის, ასევე ევროკავშირის 14 ქვეყნის მოსახლეობის ომისადმი დამოკიდებულებას.


ერთი მხრივ, როგორც ირკვევა, ევროპელებს ბრძოლის ველზე უკრაინის რუსეთზე გამარჯვებისა არ სჯერათ. გამოკითხულებმა, რომელთა რაოდენობა 30%-დან თითქმის 50%-მდე მერყეობს, განაცხადეს, რომ სამხედრო მოქმედებები სამშვიდობო მოლაპარაკებით დასრულდება, ხოლო 31% (მეტწილად ბერძნები) თვლის, რომ ომში, დიდი ალბათობით, რუსეთი გაიმარჯვებს. ევროკავშირის ქვეყნებში მხოლოდ ესტონელები არიან ყველაზე მეტად დარწმუნებული (38%), რომ ომში გამარჯვებული რუსეთი იქნება.


მეორე მხრივ, უკრაინელთა უმეტესობა (58%) ძველებურად დარწმუნებულნი არიან, რომ მათი არმია გამარჯვებას მოიპოვებს. მათ იმედი აქვთ, დასავლელი მოკავშირეები უკრაინისადმი ფინანსურ, ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას გააგრძელებენ. მხოლოდ უკრაინელთა 1% მიიჩნევს, რომ ომში უკრაინა დამარცხდება. 30% თვლის, რომ სიტუაციის დარეგულირება მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკებით შეიძლება.
გამოკვლევის ავტორებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის წევრი-ქვეყნებისა და უკრაინის მოსახლეობის თვალსაზრისები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან რიგ საკითხებში, მათ შორის – როგორი დახმარება უნდა გაეწიოს უკრაინას და უნდა იქნას თუ არა მიღებული უკრაინა ევროკავშირის წევრად.


როგორც გამოკითხვამ აჩვენა, საეჭვოა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებს თავიანთი მოსახლეობა მხარს დაუჭერს უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხში: ნატოს ქვეყნებში ამ იდეას მხარს უჭერს 4%-დან 22%-მდე გამოკითხული.


რაც შეეხება სამხედრო ხარჯებს, გამოკითხვის მონაცემებით, 14-დან ათი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა წინააღმდეგია, რომ მათმა მთავრობებმა უკრაინისადმი სამხედრო დახმარება გაზარდონ. გამონაკლისებია პოლონელები (მომხრეა 53%), ესტონელები (45%), შვედები (41%) და გერმანელები (40%).


ამასთან, ევროპელთა უმრავლესობა მომხრეა, რომ მათი ქვეყნები ომში სხვადასხვა სახით იყვნენ ჩართულები – მაგალითად, ისინი მხარს უჭერენ ტექნიკური დახმარების გაწევას და საბრძოლო მასალების მიწოდების გაფართოებას.


მხოლოდ ბულგარელების, ბერძნებისა და იტალიელების უმეტესობა (შესაბამისად – 63%, 54% და 53%) თვლის, რომ უკრაინისათვის იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდება ცუდ იდეას წარმოადგენს.


ევროპელებს განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ ევროკავშირში უკრაინის მიღების საკითხისადმი – თუ რამდენად მომგებიანი იქნება კიევის წევრობა ევროკავშირისათვის. ყველაზე მეტად უკრაინის გაწევრიანებას მხარს უჭერენ პორტუგალიელები, ესტონელები, შვედები, ესპანელები და პოლონელები. ყველაზე სკეპტიკურად არიან განწყობილები გერმანიის, ბულგარეთის, ჩეხეთისა და საფრანგეთის მოსახლეობა.
თვითონ უკრაინაში რესპონდენტთა ორი მესამედი (64%) თვლის, რომ მათი ქვეყნისათვის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს.


წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ