Home Blog Page 1072

 უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია მკაფიო, შეუქცევადი შეთანხმებების გარეშე -ვლადიმერ პუტინი

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია მკაფიო, შეუქცევადი შეთანხმებების გარეშე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მეორე მხარე დათანხმდება რუსეთის ფედერაციისთვის შეუქცევად და მისაღებ ნაბიჯებს. შეუძლებელია ცეცხლის შეწყვეტა ამ შეთანხმების მიღწევის გარეშე“, – განაცხადა პუტინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

პუტინის თქმით, რუსეთი ვერ დათანხმდება უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტას, რადგან არ არის დარწმუნებული კიევის პასუხში.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2022 წელს მიღწეულ იქნა შეთანხმებები კიევიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ, მაგრამ უკრაინის მხრიდან არანაირი საპასუხო ნაბიჯები არ ყოფილა. რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ საბოლოოდ მოსკოვი „მოტყუებული აღმოჩნდა: სტამბოლში მიღწეული ყველა შეთანხმება სანაგვეში გადააგდეს და ეს არაერთხელ მოხდა“.

„ამიტომ ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია, ახლავე გამოვაცხადოთ ცეცხლის შეწყვეტა იმ იმედით, რომ მეორე მხარე გადადგამს პოზიტიურ ნაბიჯებს. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ მტერმა ისარგებლოს ამ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ თავიანთი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ხელახლა შეიარაღდნენ, შეავსონ ჯარი იძულებითი მობილიზაციის გზით და მოემზადონ შეიარაღებული კონფლიქტის გასაგრძელებლად“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პირადად ჩემთვის ყოველთვის ოცნება იყო უწმინდესთან შეხვედრა -გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, საპატრიარქო რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მიღებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.

ლევან კობიაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: „მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან გზაზე ყოველთვის ვგრძნობდით თქვენს მხარდაჭერას. ჩვენი გუნდისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თქვენი კურთხევა იგრძნობოდა გუნდში ყოველდღე და ყოველ თამაშზე. ეს წარმატება თქვენი კურთხევისა და უფლის წყალობის გარეშე ვერ მოვიდოდა“.

გიორგი მამარდაშვილი: „პირადად ჩემთვის ყოველთვის ოცნება იყო უწმინდესთან შეხვედრა. დღეს ეს ოცნება ამიხდა და მადლობელი ვარ ამისთვის. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ალბათ არავინ ელოდა, რომ აქამდე გავიდოდით და ასეთ თამაშებს ვაჩვენებდით. მინდა, მადლობა  გადაგიხადოთ ყველას, რომ ამ რთული მატჩების დროს გვერდით გვედექით. მადლობა მთელ საქართველოს, რადგან გერმანიაში გამოჩნდა ის ქართული ძალა და სული, რაც გვაქვს. ეს ჩვენ ვიცოდით, მაგრამ მსოფლიოს ვაჩვენეთ“.

ოთარ კიტეიშვილი: „რა თქმა უნდა, პატრიარქთან შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებულია. დიდი მადლობა მას მასპინძლობისა და ლოცვა-კურთხევისთვის. ის ჩვენ მიმართ, ნაკრების მიმართ მხარდაჭერას ყოველთვის გამოხატავდა. ვფიქრობ, მისი ლოცვა-კურთხევა ევროპის ჩემპიონატზე მუდამ გვეხმარებოდა. პირადად ჩემთვის და თითოეული ჩვენგანისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური მომენტია“.

თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა. როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, საქართველო და მისი დედაქალაქი სტრატეგიულ პარტნიორს ამ ფორმით ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს.

„ვულოცავთ ამერიკელ ხალხს და ჩვენს პარტნიორებს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს – დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 248-ე წლისთავს.

გისურვებთ კეთილდღეობასა და მშვიდობას!“ – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ნაკრების სახელით, მსურს მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ “ქართუს” ჩვენი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის”-გურამ კაშია

საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია, გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ “ქართუს” და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.

 „ნაკრების სახელით, მსურს მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ “ქართუს” ჩვენი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვენლოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საყვარელი სპორტის სახეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, თითოეულ გულშემატკივარს ბოლო თვეების განამვლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის. ის, რაც 2 ივლისის საღამოს თბილისის ქუჩებში ხდებოდა, უდიდესი ბედნიერების და ენერგიის მომტანი იყო ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის. სწორედ თქვენი მხარდაჭერით და ერთიანობით მივიღეთ ეს ისტორიული შედეგი, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში და 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა ჰქვია. ამ ერთიანობით და გუნდურობით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა და ახალი წარმატებებისთვის შრომა,”-აცხადებს გურამ კაშია.

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ “ქართუსგან”, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა ნაკრების წევრებმა პრემიის სახით, უკვე მიიღეს.

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, სხვადასხვა გვერდის სახელით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეებს, საჩუქრად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათებს გადასცემენ.

ყალბ გვერდებზე ასევე, გამოყენებულია თბილისის მერიის ლოგო, ინფორმაციაში კი, ბარათის სანაცვლოდ, გარკვეული თანხის გადახდას ითხოვენ.

გვინდა, მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათების შეძენა შეგიძლიათ ჩვეული წესით, როგორც თბილისის მეტროსადგურებში, ისე საქართველოს ბანკის ფილიალებში.

მოვუწოდებთ მგზავრებს, არ ენდოთ მსგავსი ტიპის ინფორმაციას და პირველ რიგში, დარწმუნდით გვერდების სანდოობაში. მსგავს შემთხვევებში, ინფორმაცია ასევე, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს არასდროს შეურცხვენია თავი პარტნიორულ ურთიერთობაში, აშშ-თან თანამშრომლობის შესანიშნავი გამოცდილება გვაქვს და ზუსტად ასეთ თანამშრომლობას ვესწრაფვით-ვოლსკი

საქართველოს არასდროს შეურცხვენია თავი პარტნიორულ ურთიერთობაში, აშშ-თან თანამშრომლობის შესანიშნავი გამოცდილება გვაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ზუსტად ასეთ თანამშრომლობას ესწრაფვის საქართველო მომავალში.

„არ ვამბობთ, რომ შესანიშნავია ის ურთიერთობა, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ჩამოყალიბდა, მაგრამ ჩვენი მყარი პოზიცია კარგად არის ჩამოყალიბებული და გამოხატული პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. ისეთი ურთიერთობა გვინდა, რომელიც დამყარებული იქნება ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთინტერესების გათვალისწინებაზე, როგორც ყოველთვის იყო. საქართველოს არასდროს შეურცხვენია თავი პარტნიორულ ურთიერთობაში, რომელიც წლების განმავლობაში აკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მათ შორის, ფართო გაგებით, რეგიონში, როდესაც მხარდამხარ ვებრძოდით უსამართლობას, ტერორიზმს და საერთაშორისო დანაშაულების ბუდეს. რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის შესანიშნავი გამოცდილება და ზუსტად ასეთ თანამშრომლობას ვესწრაფვით მომავალში. არ გვინდა, რომ ეს ურთიერთობა გაფუჭდეს გარკვეული სანქციებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ლიბანურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 200 რაკეტა და 20 უპილოტო აპარატი გაუშვა

ლიბანურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 200 რაკეტა და 20 უპილოტო აპარატი გაუშვა.

ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტების და უპილოტო აპარატების ნაწილი ჩამოაგდო. სარაკეტო იერიშის შემდეგ ისრაელის სამხედრო ავიაციამ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეები დაბომბა.

ლიბანიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად ისრაელის ჩრდილოეთში, გალილეასა და გოლანის მაღლობებზე 10 ადგილას ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად, გოლანის მაღლობებზე, სულ მცირე ერთი გზატკეცილია ჩაკეტილი.

უკრაინას გაჭიანურებული დასავლური დახმარების ფონზე ახალი საბრძოლო ბრიგადების აღჭურვა უჭირს -ISW

უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა ახალ საჯარისო ბრიგადებს ქმნის, თუმცა მათ აღჭურვას გაჭიანურებული დასავლური დახმარების ფონზე ვერ ახერხებს.

ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს.

„დასავლეთის დროული და ადეკვატური დახმარება უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთ გარდამტეხ ფაქტორად რჩება, რაზეც დამოკიდებულია თუ როდის და რა მასშტაბით შეძლებენ უკრაინული ძალები ბრძოლის ველზე ინიციატივის ხელში ჩაგდებას და მომავალში კონტრშეტევით ოპერაციებს განახორციელებენ“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის თანახმად, უკრაინას არ აქვს დრო ახალი ბრიგადების აღჭურვისთვის დასავლურ დახმარებას დაელოდოს. როგორც ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ექსპერტები აღნიშნავენ, ბოლო პერიოდში რუსულმა ჯარმა ჩასივ-იარის აღმოსავლეთით, ტორეცკის მიმართულებით და ავდიივკის რაიონში წინ წაიწია, ხოლო უკრაინულმა შენაერთებმა წარმატებას ვოლჩანსკის, კრემენაიას მიდამოებში და ჩასივ-იარის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიაღწიეს.

ხაბეიშვილი ძალიან მოკლე ჭკუით ცრუობს – გია ვოლსკი

ხაბეიშვილი ძალიან მოკლე ჭკუით ცრუობს და ყველამ კარგად იცის, რომ მისი ეს ლაპარაკი რეალობას არ უკავშირდება – ნურმაგომედოვთან შეხვედრა არაფრით განსხვავდება ნებისმიერ სხვა სპორტსმენთან შეხვედრისაგან , – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გია ვოლსკიმ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, რომელმაც გამაცხადა, რომ “სხვა ქვეყნიდან 300-500 კუნთმაგარი პირის ჩამოყვანა იგეგმება, რომლებიც არჩევნებზე თავ-პირს დაამტვრევენ ოპოზიციის მხარდამჭერებს”.

ვოლსკის თქმით, ხაბეიშვილისთვის დამახასიათებელია ასეთი ზღაპრების მოგონება.

“მე არ ვფიქრობ, რომ ხაბეიშვილი უცხო რამეს ამბობს. მისთვის დამახასიათებელია ასეთი ზღაპრების მოგონება.

ნურმაგომედოვთან, გამოჩენილ სპორტსმენთან შეხვედრა არაფრით განსხვავდება ნებისმიერ სხვა სპორტსმენთან შეხვედრისაგან, რომელსაც კუნთიც მაგარი გააჩნია, თავიც გამოიჩინა და მით უმეტეს, დაპატიჟებული იყო ის აი, ამ ევროპულ უშველებენ ტურნირზე. კუნთმაგრობა არანაირად არ არის დაკავშირებული, რომ შეიძლება მაინცდამაინც აგრესიაზე იყოს ორიენტირებული მისი ყოფა და ცხოვრება. ჭკუასთან ახლოს არ არის, რასაც ამბობს ხაბეიშვილი. ხაბეიშვილი ტყუილს ამბობს, ცრუობს, მაგრამ ძალიან მოკლე ჭკუით ცრუობს და ყველამ კარგად იცის, რომ მისი ეს ლაპარაკი რეალობას არ უკავშირდება. განწყობა, აღქმები უნდა შექმნას ასეთი, მაგრამ საკმაოდ უნიჭოდ და მე არ ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას დაიჯერებს, მათ შორის, მისი მომხრეები,” – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან დაახლოებული 300-500 პირის ჩამოყვანას გეგმავს.

ხაბეიშვილის განცხადებით, აღნიშნული პირები საარჩევნო უბნებთან ფიზიკური დაპირისპირებისთვის იქნებიან მობილიზებული.

ლევან ხაბეიშვილის თქმითვე, შესაძლოა სწორედ ეს საკითხი განიხილეს, UFC-ის ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვთან გერმანიაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე შეხვდნენ.

კობა კობალაძემ TIKA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, თუბა ოზუთოკს უმასპინძლა

მიმდინარე წლის 4 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის ხელმძღვანელთან, თუბა ოზუთოკთან  სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს იმ წარმატებულ პროექტებზე, რომლებიც მხარეებს შორის თანამშრომლობის დაწყების დღიდან განხორციელდა. განიხილეს ‘’მობილური კლინიკის’’ პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს შემუშავდა და გულისხმობს, ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისთვის მაღალი გამავლობის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი რეანომობილის გადაცემას, რაც, უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ვეტერანებისთვის სამედიცინო სერვისების დროულად მიწოდებას.

როგორც თურქმა სტუმრებმა აღნიშნეს, ‘’მობილური კლინიკის’’ პროექტზე მუშაობა, TIKA-ს სათაო ოფისთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს და მომავალ წელს, წარმატებით დასრულდება.

თუბა ოზუთოკმა განაცხადა, რომ ყველა პროექტი, რომელიც თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად განახორციელა და მომავალშიც განახორციელებს, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამით, თურქულ მხარეს ეძლევა შესაძლებლობა, თანადგომა გამოხატოს იმ დამსახურებული ადამიანების მიმართ, რომლებიც თავიანთ ქვეყანას ერთგულად ემსახურნენ და დღესაც ემსახურებიან.

კობა კობალაძემ გამოთქვა თანამშრომლობის გაფართოების სურვილი და განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ თურქული მხარე, შეიმუშავებს ქართველი ვეტერანების რეგიონული პრინციპით გადამზადების პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს  საგანგებო სიტუაციების მართვის ღონისძიებებში ვეტერანების ჩართულობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, მუჰამედ ემრე ეზბერი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია და ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ამურ რევიშვილი.

ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის ურთიერთობას 2017 წელს ჩაეყარა საფუძველი. “TIKA” თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც, უკვე, 29 წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

რა ეღირება დოლარი და ევრო 5 ივლისს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7860 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7860 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7996 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0136 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0089 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0124 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0035 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

სხვა ქვეყნიდან 300-500 კუნთმაგარი პირის ჩამოყვანა იგეგმება, რომლებიც არჩევნებზე თავ-პირს დაამტვრევენ ოპოზიციის მხარდამჭერებს – ლევან ხაბეიშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან დაახლოებული 300-500 პირის ჩამოყვანას გეგმავს.

ხაბეიშვილის განცხადებით, აღნიშნული პირები საარჩევნო უბნებთან ფიზიკური დაპირისპირებისთვის იქნებიან მობილიზებული.

ლევან ხაბეიშვილის თქმითვე, შესაძლოა სწორედ ეს საკითხი განიხილეს, UFC-ის ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვთან გერმანიაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე შეხვდნენ.

“ჩემი ინფორმაციით, სხვა ქვეყნიდან კუნთმაგარი ადამიანების, 300-500 პირის მობილიზება მოხდება, რომლებიც შემდგომ თავ-პირს დაამტვრევენ საარჩევნო უბნებთან ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს. ჰკითხეთ კალაძეს და კობახიძეს, მათი ეს შეხვედრა ხომ არ უკავშირდებოდა ქვეყანაში ზონდერების ჩამოყვანას?

გვითხრან რა საკითხზე ისაუბრეს, გეოპოლიტიკაზე რომ არ ისაუბრებდნენ ვიცით, თუ ანაკლიის პორტის ჩინელებს რომ მისცეს ეს განიხილეს, თუ საქართველო როგორც ცენტრალურ დერეფანი?” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.