Home Blog Page 1068

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო, ოპოზიციის წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო, ოპოზიციის წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ტრანსპარანტები მიიტანეს წარწერით: „არა რუსულ კანონს“, მმართველი გუნდის წევრებმა კი ოპოზიცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.

სხდომაზე თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციასაც გამოეხმაურნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას გაჭირვების დაძლევისა და სოციალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად, მუქარის შემცვლელი განცხადებები გააკეთა.

„გუშინ ბიძინა ივანიშვილისგან მუქარა მოვისმინეთ. მთავარი, რაც ქართველ ხალხს სურს, რომ გაჭირვებას თავი დააღწიონ, ქვეყანა რეგრესისკენ მიდის, ამაზე არ უსაუბრია.

ბიძინა ივანიშვილი რას უპირებს ათასობით გადახვეწილ ადამიანს ქვეყნიდან?

დღეს ბიძინა ივანიშვილის ქვეყანა უკიდურეს სიღარიბეშია“, – აცხადებს რეზო ხარაზი.

„ენა, მამული სარწმუნოება, ყველამ დავიმახსოვროთ”, ევროპაში კი ღირსეულად შევალთ”, -ასე მიმართა საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძემ კოლეგებს.

პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, ოპოზიციის წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

“ბიძინა, შენ მე მომატყუე და ჩემისთანა ბევრი მოატყუე – ქვეყანას არ გადაგაბარებინებთ შენი შიშების გამო! აი, ეს დაიმახსოვრე, ივანიშვილო!”

გუშინ, ტრიბუნასთან იდგა პუტინის მსახური რუსი ივანიშვილი – ქვეყანას არ გადაგაბარებინებთ შენი შიშების გამო! აი, ეს დაიმახსოვრე, ივანიშვილო – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, მას არასდროს დაუმალავს, რომ 2012 წელს მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერდა, რადგანაც ცვლილებას ემხრობოდა.

„ქართული ოცნების“ წევრი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვემხრობოდი შეცვლას. გუშინ, რაც მოვისმინეთ ივანიშვილის სიტყვა, ეს ინფორმაცია მივიღე იმ წლებში და მხოლოდ ამან განაპირობა ჩემი პოლიტიკაში შემოსვლა. რაც გუშინ მოვისმინე, რუსული „სფიჩი“, მის გამო წავედი ოპოზიციაში. გუშინ პუტინის მსახური რუსი ივანიშვილი ტრიბუნასთან, რუსი ივანიშვილი! ბიძინა, შენ მე მომატყუე და ჩემისთანა ბევრი მოატყუე. მე შენგან სხვა სიტყვები მაქვს მოსმენილი გორში, 2012 წელს, პირადი საუბრის დროს. ყველაფერი მომატყუე და ქვეყანას არ გადაგაბარებინებთ შენი შიშების გამო. აი, ეს დაიმახსოვრე, ივანიშვილო“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ვინც ევროპას უყურებს და მარტო ჭიანი ვაშლის ჭამას ხედავს, რუსია, რადგან ამას რუსები აკეთებენ-რაქვიაშვილი

პრობლემა „ქართული ოცნების“ ნარატივსა და ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლაში მდგომარეობს, რომელშიც ევროპის ყველა მინუსია დანახული, მაგრამ იგნორირებულია მთავარი დადებითი მხარეები, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, პრობლემები, როგორებიცაა: სიტყვის თავისუფლება და განსხვავებული აზრის მიუღებლობა, ოპოზიციაშიც არსებობს.

„ჩვენ, ბოლო დღეების განმავლობაში ბევრს ვსაუბრობთ რუსეთსა და ევროპაზე. არის რაღაცები, რაც ევროპისთვის დამახასიათებელია ან არ არის დამახასიათებელი. მაგალითად – ბელადობა და ერთპიროვნული მმართველობა არ არის ევროპულობა, ეს რუსობაა იმიტომ, რომ ევროპაში ბევრი ადამიანის მმართველობა უფრო გავრცელებულია. შეთქმულების თეორიით მართვაც არ არის ევროპულობა, მაგრამ რუსეთში ამის მეტს არაფერს აკეთებენ. ურაპატრიოტიზმიც არ არის ევროპულობა, მაგრამ წესრიგი, რომელიც მართლა გიყვარს და გინდა დაიცვა, ეს ევროპულობაა. თავისუფალი ვაჭრობა – ევროპაა. ჭიანი ვაშლის ჭამის მოწოდება, ეს ევროპულობა არ არის – ეს სინამდვილეში რუსობაა. განსხვავებული აზრის პატივისცემა ევროპულობაა, მაგრამ ცენზურა და განსხვავებული აზრის ჩახშობა კი რუსობა.

პრობლემა იმაშია, რომ ბელადსაც იპოვით ევროპაში, ცენზურასაც, შეთქმულების თეორიასაც და ურაპატრიოტიზმსაც, რადგან, თითქმის, ყველა ბოროტი იდეა ევროპიდანაა წამოსული, თუმცა ევროპა ისეა აწყობილი, რომ თვითონ შეძლო ამ ბოროტი იდეების გადახარშვა, დაძლევა და წინ წასვლა. ამიტომ, ვინც ევროპას უყურებს და მარტო ჭიანი ვაშლის ჭამას ხედავს, ეს რუსობაა, რომელსაც რუსები აკეთებენ.

სინამდვილეში ეს არის ცივილიზაციის ცენტრი, რომელიც მოგვწონს და რომელშიც ბევრი სიკეთეა – სასამართლო, კერძო საკუთრება, ადამიანის ღირსების დაცვა. ამიტომ, შინაარსობრივად, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, პრობლემა „ქართული ოცნების“ ნარატივსა და ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლაში მდგომარეობს, რომ მათ გამოსვლაში ევროპის ყველა მინუსია დანახული, მაგრამ იგნორირებულია მთავარი დადებითი მხარეები. ვინ გვიშლის ხელს სასამართლო რეფორმისთვის? ის ევროპულობა გადმოვიღოთ და ცუდ იდეებზე უარი ვთქვათ, რომელიც გავრცელებულია რუსეთში, ჩინეთსა და ტირან სახელმწიფოებში. ოპოზიციაშიც პრობლემა გვაქვს. ნუთუ სიტყვის თავისუფლებისა და განსხვავებული აზრის მიუღებლობა ოპოზიციაში არ არის – არის! როგორც ბევრი სხვა პრობლემა. თუ გვინდა პოლიტიკური ვექტორის შემოტრიალება შევაჩეროთ, ოპოზიცია პროდასავლურები მოქმედებებითაც უნდა გავხდეთ და არა მარტო სიტყვების დონეზე”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

“ყალბი ტაში დინამიკებიდან იყო გუშინდელი ფარსის ყველაზე თვალსაჩინო რამ, რაც შემორჩება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური აქციების ისტორიას”

მიუხედავად იმისა, რომ კვირების მანძილზე ემზადებოდით მილიარდერის ბიუჯეტით, მაინც ვერ მოიპოვეთ ამ „რუსული კანონის“ სათანადო მხარდაჭერა. ყალბი ტაში დინამიკებიდან იყო ამ ფარსის ყველაზე თვალსაჩინო რამ, რაც დარჩა და შემორჩება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური აქციების ისტორიას, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან მმართველ გუნდს მიმართა, რომ სიყალბით რეალობის შეცვლა არ გამოუვათ და ძალიან მალე, პატრიოტი ახალგაზრდები „რუსულ კანონს“ უკან წააღებინებენ.

„არმიის დღეს ვულოცავ ყველა სამხედრო მოსამსახურეს. მიუხედავად იმისა, რომ კვირების მანძილზე ემზადებოდით მილიარდერის ბიუჯეტით, მაინც ვერ მოიპოვეთ სათანადო მხარდაჭერა ამ „რუსული კანონის“ და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა თქვენი აქციის დაწყებიდან სულ რამდენიმე წუთში. ყალბი ტაში დინამიკებიდან იყო ამ ყველაფრის, ამ ფარსის ყველაზე თვალსაჩინო რამ, რაც დარჩა და შემორჩება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური აქციების ისტორიას. ეს არის სიყალბე, რომელიც გახასიათებთ თქვენ, „ქართულ ოცნებას“ და თქვენ ცდილობთ სიყალბით შეცვალოთ რეალობა, რაც ნამდვილად არ გამოგივათ.

რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ დარბაზში გააჟღერა, რომ იმ ახალგაზრდებს, გულწრფელ ადამიანებს, რომლებიც გულწრფელად გამოდიან თავისი ქვეყნის სიყვარულით და აპროტესტებენ „რუსულ კანონს“, თითქოს ვინმემ რამე ჩაუსწორა, თითქოს ვინმემ რაიმე სიტყვა ჩაუსწორა მათ გამონათქვამებში. ძალიან ცუდად იცნობთ ამ ახალგაზრდებს, ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვთ მათზე, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მათ ვინმე რამეს უსწორებს და თუ თქვენ გგონიათ, რომ მათ გარდა საკუთარი ოჯახისა და თავისი ქვეყნის სიყვარულისა სხვა რამე ამოძრავებთ. დიახ, მათ გააკეთეს საკუთარი არჩევანი, ყოველდღიურად ხედავთ მათ თავდადებას და ის, რომ მათ თქვენ არ იმჩნევთ, არ ნიშნავს არაფერს. ძალიან მალე პატრიოტი ახალგაზრდები უკან წაგაღებინებენ „რუსულ კანონს“.

დიახ, მამული, ენა და სარწმუნოება – ეს თქვა ილია ჭავჭავაძემ და ჩვენი მამულის 20% დიახაც, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. დიახ, ჩვენს ენას ემუქრებოდა რუსეთი და თქვენ კარგად გახსოვთ და თუ არ გახსოვთ, გაიხსენეთ 1978 წელი, თუ ვინ ემუქრებოდა საქართველოს ენის წართმევით. დიახ, ჩვენს სარწმუნოებას არ ჰყოლია იმაზე დიდი მტერი, ვიდრე არის რუსეთი და უამრავი ეკლესია-მონასტერი, რომელიც არის გადაღებილი, კარებდაჭედილი არის რუსეთის დამსახურება და დიახ, სწორედ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენი ისტორიული ეკლესია-მონასტრები აღდგენილი იყოს მათ მიერ გამოყრილი თანხებით და თქვენი სამსახურები ამ საქმეშიც არ უქნია ღმერთს და კარგად იცით, რა მდგომარეობამდე მიიყვანეთ გელათიც. ეს არის რეალობა, რომელთანაც თვალის გასწორება არ გინდათ.

ჩვენს მამულსაც, ენასაც და სარწმუნოებასაც ებრძვის რუსეთი და თქვენ აკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ქვეყანა მიაბრუნოთ რუსეთისკენ. ეს არ გამოგივათ და ამაში უნდა დარწმუნებულიყავით გუშინაც, როდესაც თქვენს მიერ ჩამოყვანილმა ადამიანებმაც კი გაქციეს ზურგი. მე არ ვარ მომხრე, რომ რაიმე სახის ცინიკური ეპითეტებით შევამკოთ ადამიანები ან დავყოთ ისინი, განსხვავებით თქვენგან. ყველა ადამიანის აზრი არის პატივსაცემი, მოსასმენი და პირველ რიგში ამას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება.

სამწუხაროდ, ნაცვლად ამისა, ხელისუფლებიდან ვხედავთ დაყოფას, ზიზღს, დაპირისპირების მცდელობას და ეს ნამდვილად არ გავა. ეს ნახა ამ ქვეყანამ, ეს გაიარა ამ ქვეყანამ და სწორედ ის ახალგაზრდები და ის პატრიოტები, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან ჩვენს ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და ზუგდიდში ნამდვილად შეძლებენ იმას, რომ არ მოგცენ თქვენ საშუალება ჩვენი ქვეყანა შეაბრუნოთ რუსეთისკენ, დიახ, ეს კანონი, რომლის მიღებასაც დღეს მეორე მოსმენით აპირებთ, არის რუსული დაწყებიდან დასრულებამდე. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქ, ისევე როგორც უამრავი ჩვენი თანამოქალაქე საქართველოს ქუჩებში, შეწყვიტეთ ამ კანონპროექტის განხილვა, დაასრულეთ საქართველოს რუსეთისკენ შეტრიალება. ჩვენი ხალხის არჩევანს ეცით პატივი და ჩვენი ხალხის არჩევანი არის უკეთესი, ძლიერი საქართველო ერთიან დიდ ევროპულ ოჯახში,“ – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ქართველმა ხალხმა გუშინ დაგვიკვეთა და გვითხრა, დიახ, თქვენ მიიღებთ კანონს ოჯახური ღირებულებების შესახებ, თქვენ მიიღებთ კანონს გამჭვირვალობის შესახებ. ეს დავალება შესრულდება-მამუკა მდინარაძე

ქართველმა ხალხმა გუშინ დაგვიკვეთა და გვითხრა, დიახ, თქვენ მიიღებთ კანონს ოჯახური ღირებულებების შესახებ, თქვენ მიიღებთ კანონს გამჭვირვალობის შესახებ, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გუშინდელ შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რადგან არ მოიშალეს რაოდენობაზე ლაპარაკი და თავების თვლა, ცდილობენ თქვან, რომ თურმე ერთი და იგივე რაოდენობა ეტევა გადაჭედილ რუსთაველზე და რესპუბლიკის მოედანზე. ათჯერ ნაკლებ [რაოდენობასთან] დაკავშირებით, ხომ უნდა იყო თავხედი, რომ ეს მოახერხო [თქვა]. როგორ ჰკადრებთ ერთ ქართველს მაინც, სულ რომ რაღაც შეცდომაში იყოს შეყვანილი, ცხვრებს რომ ეძახით. იმერეთში კოლორიტი ადამიანი რომ გარდაიცვლება ხოლმე, სამგლოვიარო პროცესია 500-600 კაციანი ერთ კილომეტრზე იწელება. გაწელილ პროცესიას დაარქვეს 100 ათასი ადამიანი. შემდეგ იქ [პარლამენტთან] მართლაც 200 ათასი ადამიანი რომ დადგა, ამასაც 100 ათასი ადამიანი დაარქვეს. პიარული თავხედობა ჰქვია ამას, თუ რა ჰქვია არ ვიცი. ქართველმა ხალხმა გუშინ დაგვიკვეთა და გვითხრა, დიახ, თქვენ მიიღებთ კანონს ოჯახური ღირებულებების შესახებ, თქვენ მიიღებთ კანონს გამჭვირვალობის შესახებ და ერთხელ და სამუდამოდ დაარქმევთ ყველაფერს თავის სახელს. ეს დავალება შესრულდება“, – აღნიშნა მდინარაძემ.

“გადაწყვიტეთ, რომ „ჯენზის“ თავისუფალ თაობას ნორჩი ლენინელების ყალბი პათეტიკით რაღაცას გააგებინებდით” – სალომე სამადაშვილი

ბევრი კომიკური გამოსვლა ვიხილეთ, მათ შორის, ვიღაც ნორჩი ლენინელები მოგიგროვებიათ და გადაწყვიტეთ, რომ „ჯენზის“ თავისუფალ თაობას ნორჩი ლენინელების ყალბი პათეტიკით რაღაცას გააგებინებდით, – აღნიშნული განცხადება „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

ამ განცხადებით სალომე სამადაშვილმა „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართული გუშინდელი საყოველთაო-სახალხო შეკრება და სიტყვით გამომსვლელი ახალგაზრდები შეაფასა.

„ბევრი კომიკური გამოსვლა ვიხილეთ, მათ შორის, ვიღაც ნორჩი ლენინელები მოგიგროვებიათ და გადაწყვიტეთ, რომ „ჯენზის“ თავისუფალ თაობას ნორჩი ლენინელების ყალბი პათეტიკით რაღაცას გააგებინებდით. არა, თქვენ ამ ხალხის არ გესმით, იმიტომ, რომ თქვენ არ იცით რა არის თავისუფლება. იმიტომ, რომ უკლებლივ ყველა, ვინ აქ სხედხართ, ხართ ბიძინა ივანიშვილის მონობაში გაყიდული“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი საქართველოს ეწვევა

ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი საქართველოს ეწვევა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ვიზიტი 1-2 მაისს გაიმართება. ის ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ, შეხვედრებს გამართავს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

„1-2 მაისს, ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი, საქართველოს ეწვევა და მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ისაუბრებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული 9 ნაბიჯის შესარულებისთვის საჭირო სამუშაოზე. ის ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს გახსნის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, ტურიზმის ინდუსტრიიდან 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ შემოსავლების ისტორიული მაქსიმუმი მიიღო”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის შედეგად, ტურიზმის ინდუსტრიიდან 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ შემოსავლების ისტორიული მაქსიმუმი მიიღო – წინა წელთან შედარებით ის 1.5%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის რეკორდული მოცულობა – 807.7 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.

ამ განცხადებით ქვრივიშვილი გამოეხმაურა „საქსტატის“ მონაცემებს, რომ „2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 39.6%-ით გადააჭარბა“.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ აღნიშნული შედეგი კოვიდ – პანდემიამდელ მდგომარეობას 39.6%-ით აჭარბებს.

„მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს ევროკავშირიდან და ყურის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების დანახარჯების ზრდის კუთხით. ჩვენ ვაგრძელებთ დივერსიფიკაციის პოლიტიკას, რაც ასევე დადებითად აისახება ტურისტებისა და სექტორიდან შემოსავლების ზრდაზე. საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, ცნობადობის ზრდის მიზნით, ჩვენ ვაწარმოებთ მარკეტინგულ კამპანიებს, რათა საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია მდგრადად და დივერსიფიცირებულად განვითარდეს, ასევე მივიღოთ მეტი შემოსავალი ტურიზმიდან და მეტ საერთაშორისო მოგზაურს ვუმასპინძლოთ“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, რომლის კომენტარსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, 2024 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირიდან (48.0%-ით), თურქეთიდან (22.0%-ით), აზერბაიჯანიდან (44.1%-ით) და სხვ. 2024 წლის პირველ კვარტალში 2019 წელთან შედარებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონით გამოირჩევა: ისრაელი (231.3%), საუდის არაბეთი (185.7%), ევროკავშირი (182.0%) თურქეთი (147.1%) და სხვ. აღნიშნული ქვეყნებიდან შემოსავლებმა 2019 წლის დონეს გადააჭარბა.

ბათუმში, ზღვაში 17 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებული 17 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. მაშველები, რამდენიმე დღის განმავლობაში ზღვაში სამძებრო სამუშაოებს ახორციელებდნენ.

17 წლის მოზარდი იახტკლუბის მიმდებარედ, ზღვაში, დღეს დილით იპოვეს.

ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

გახდი ქვეყნის გამორჩეული მეცნიერი – დარეგისტრირდი გრეის ჰოპერის ტექ დაჯილდოებაზე

ტექნოლოგიებში ქალების აღიარების მიზნით, გრეის ჰოპერის 2024 წლის ტექ დაჯილდოებაზე განაცხადების მიღება დაიწყო. დაჯილდოება როგორც ქალებს, ასევე იმ პროგრამებსა და ორგანიზაციებს წარმოაჩენს, რომლებიც საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს. 

 

2024 წელს ჯილდო 5 კატეგორიაში გაიცემა: ტექ ლიდერი, აღმოჩენა ახალ თაობაში, გამორჩეული მეცნიერი, ინოვაციური ტექ პროდუქტი, ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის.

 

ერთ- ერთი ახალი კატეგორია გამორჩეული მეცნიერიარომელიც ენიჭება ქალ მეცნიერს, რომელსაც შეაქვს დიდი წვლილი STEM მეცნიერების სფეროში (ინჟინერია, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია).

 

თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებული პროექტის პარტნიორებისგან მიიღებს 10,000 ლარის ოდენობით მხარდაჭერას, რაც წინასწარი შეთანხმებით მოხმარდება: გამარჯვებულის განათლებას და განვითარებას, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას, პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელებას ან პროდუქტის განვითარებას.

 

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე რეგისტრაცია 20 მაისამდეა შესაძლებელი, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და დაჯილდოებაში მონაწილეობის შესახებ წესებს გაეცანით ვებგვერდზე.

 (R)

 თიბისი: ZEG – ამბის თხრობის ფესტივალზე ბილეთების გაყიდვა იწყება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 21-23 ივნისს, ZEG – ამბის თხრობის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე, სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები, თბილისში, სამი დღის განმავლობაში, ერთი მისიის ირგვლივ გაერთიანდებიან: გაგვიზიარონ შთამაგონებელი და უნიკალური ამბები.

ZEG-ის სცენა ყოველწლიურად ეთმობა მედიის, ლიტერატურის, ფოტოგრაფიის, კინოს, ტექნოლოგიებისა და სხვა ინდუსტრიების პროფესიონალებს, რომლებიც მუდმივად ცდილობენ მნიშვნელოვანი ამბები ჩვენამდე მოიტანონ. შესაბამისად, ZEG-ზე ინსპირაციას ნებისმიერი საქმიანობისთვის იპოვით.

წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, დღეს 30 აპრილს, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით.

 1 მაისიდან, თიბისი კონცეპტის Visa ბარათებზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო თიბისი Visa ბარათებზე 10%-იანი.

 ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება Tkt.ge-ზე.

 

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: Impact Hub Tbilisi, Coda Story

 

ფესტივალის მხარდამჭერები: თიბისი კონცეპტი, Radio Free Europe/Radio Liberty, IFPIM, Visa, IREX, ROOMS, Honore, Windfor’s, Jujuna Wine.

(R)

განსხვავებული აზრი, რომლის შინაარსიც სამშობლოს ღალატი და რუსეთის მხარდაჭერაა, ყველაფერს იმსახურებს -ნიკა მელია

პარტია „ახალი“ ყველაფერს გავაკეთებთ სხვებთან ერთად, რომ ეს ხელისუფლება დამთავრდეს, რუსული ხელისუფლება საქართველოდან წავიდეს ერთხელ და სამუდამოდ, – ამის შესახებ „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს გადარჩენის ვალდებულება მედასავლეთე ქართველებს აქვთ.

„ჩვენ ვართ ერთი სამშობლოს შვილები და ჩვენი სამშობლო საფრთხეშია. მისი გადარჩენის ვალდებულება გვაქვს ჩვენ, მედასავლეთე ქართველებს. მკაფიოდ კოორდინირებული ქმედებებით – არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების, არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების, ქართველი საზოგადოების, ქართველი პატრიოტების, საქართველოს მომავალზე მზრუნველი ადამიანების, მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი რუსული ხელისუფლების დამარცხება. სისტემა უნდა დაინგრეს, ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს. სამშობლო საფრთხეშია და ჩვენ უნდა გადავარჩინოთ. პარტია „ახალი“ ყველაფერს გავაკეთებთ სხვებთან ერთად, რომ ეს ხელისუფლება დამთავრდეს, რომ რუსული ხელისუფლება საქართველოდან წავიდეს ერთხელ და სამუდამოდ“, – განაცხადა გვარამიამ.

რაც შეეხება გუშინდელი სახალხო შეკრების მონაწილეების მიმართ ბულინგის შესახებ დასმულ კითხვას, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ „განსხვავებული აზრი, რომლის შინაარსიც სამშობლოს ღალატი და რუსეთის მხარდაჭერაა, ყველაფერს იმსახურებს“.

„განსხვავებული აზრი აქვთ მანიაკებსაც ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით. ჩვენ ვაფასებთ, როგორ იქცეოდნენ, როგორ და რას ლაპარაკობდნენ ეს ადამიანები იქ. პირდაპირ ვამბობ, შეფასების უფლება აქვს ყველას, ამ დროს თავისთავად ცხადია, ადამიანის ხელშეუხებლობის უფლებები არ უნდა დაირღვეს. თუმცა, ქმედება, რაც გუშინ ჩაიდინეს რუსთაველის გამზირზე, იმსახურებს ყველაზე მწვავე და მძიმე შეფასებებს“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.