Home Blog Page 1064

„გლობალური ომის პარტიის“ სუბიექტებს წარმოადგენენ დასავლეთის სამხედრო ინდუსტრიის გიგანტები, ულტრამემარცხენე სოროსის იმპერია, ნეოკონსერვატორები – გია აბაშიძე

იმის მიუხედავად, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დამარცვლით აუხსნა „ნაცჟურნალისტებს“ თუ რას ნიშნავს „გლობალური ომის პარტია“, მაინც ვერ გაიგებენ, რადგან ყალბი პროპაგანდის მედიაში ოდნავ განათლებულიც არ ესაჭიროებათ ბინძური გზავნილების შეუფერხებლად ტირაჟირებისთვის, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, რადიკალებისგან განსხვავებით, საზოგადოების დიდმა ნაწილმა კარგად იცის, რომ „გლობალური ომის პარტიის“ სუბიექტებს წარმოადგენენ დასავლეთის სამხედრო ინდუსტრიის გიგანტები, ულტრამემარცხენე სოროსის იმპერია, ნეოკონსერვატორები და პოლიტიკურად თუ ფინანსურად გავლენიანი ყველა ის პერსონაჟი, რომლებსაც ნგრევის და ომის ფასად სურთ ქვეყნებზე ბატონობა და გამდიდრება.

„იმის მიუხედავად, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დამარცვლით აუხსნა „ნაცჟურნალისტებს” თუ რას ნიშნავს „გლობალური ომის პარტია“, მაინც ვერ გაიგებენ, რადგან ყალბი პროპაგანდის მედიაში ოდნავ განათლებულიც არ ესაჭიროებათ ბინძური გზავნილების შეუფერხებლად ტირაჟირებისთვის.
მარგინალ რევანშისტებზე დამოკიდებული მოკლებულია ელემენტარული ანალიზის უნარს, არასდროს ეცნობა საერთაშორისო მედიას (თუნდაც ქართულად ან Google Translate-ით), არ იცის თუ რას ნიშნავს warmongers, warmongering (ომის წამქეზებელი/წამქეზებლობა). თუმცა, „ნაცაუტსაიდერებისგან“ განსხვავებით, ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ „გლობალური ომის პარტიის“ სუბიექტებს წარმოადგენენ: დასავლეთის სამხედრო ინდუსტრიის გიგანტები; ტრანსნაციონალური კრედიტორები; ულტრამემარცხენე სოროსის იმპერია; ნეოკონსერვატორები, რომლებსაც საქმით არაფერი აქვთ საერთო კონსერვატიზმთან; და პოლიტიკურად, ფინანსურად გავლენიანი ყველა ის პერსონაჟი, რომლის ინტერესებშია სხვა ქვეყნებზე ბატონობა და კოლოსალური სიმდიდრის მოპოვება ნგრევის, ომისა და სისხლის ფასად“, – წერს გია აბაშიძე.

“ქართული ოცნების” ლიდერებს ალაპარაკებთ შიში და იმის გააზრება, რომ მათი დრო დასრულებულია – პაატა მანჯგალაძე

„ქართული ოცნების“ ლიდერებს ალაპარაკებთ შიში და იმის გააზრება, რომ მათი დრო დასრულებულია და ყველანაირი საშუალებით ცდილობენ სასურველის რეალობად გასაღებას – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ იაფფასიანი „ტრიუკების“ ჩატარებაზე გადავიდა.

„ქართული ოცნება“ როგორც მათ ახასიათებთ, იაფფასიანი „ტრიუკების“ ჩატარებაზე გადავიდა. მე მესმის მათი, რომ როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ლამის ორ მესამედზე მეტი შენი წინააღმდეგია და შენ მიერვე ორგანიზებულ აქციებზე სიტყვით ვერ გამოდიხარ, რა მხარდაჭერაზეა საუბარი, ეს არის ჩვეულებრივი ზღაპარი და ლეგენდა. „ქართული ოცნების“ ლიდერებს ალაპარაკებთ შიში და იმის გააზრება, რომ მათი დრო დასრულებულია და ყველანაირი საშუალებით ცდილობენ სასურველის რეალობად გასაღებას.

მათ ეშინიათ ჩვენი ერთობის, მათ ეშინიათ ცვლილების, მათ ეშინიათ თავისუფალი მოქალაქეების ამიტომ რაც არ უნდა მოიმოქმედოს ივანიშვილის რეჟიმმა გამარჯვება 26 ოქტომბერს დარჩება ხალხს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

უკრაინამ და პოლონეთმა უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და პოლონეთმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვარშავაში ვიზიტის დროს მოაწერეს. შეთანხმებას პოლონეთის მხრიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მოაწერა ხელი.

შეთანხმების დეტალები, ჯერჯერობით, არ საჯაროვდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი დღესვე პოლონელ კოლეგას, ანჯეი დუდასაც შეხვდება.

ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

x

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

მინისტრი 9-11 ივლისს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს საიუბილეო სამიტს დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს, 10 ივლისს პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

ილია დარჩიაშვილი ასევე დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის თავდასხმის შედეგად საავადმყოფო დაზიანდა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი, დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდიტი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელს ევროპაში.

„ახლა ყველა გვეხმარება ნანგრევების გაწმენდაში: ექიმები, ჩვეულებრივი ხალხი. არ შეიძლება, რუსეთმა არ იცოდეს, საით მიფრინავს მისი რაკეტები და პასუხი უნდა აგოს ხალხის, ბავშვების და ზოგადად კაცობრიობის წინაშე ჩადენილ ყველა დანაშაულზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ახლა არ გაჩუმდეს ამაზე და ყველამ დაინახოს, რა არის რუსეთი და რას აკეთებს“, – აცხადებს ზელენსკი.

მოგვიანებით, კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, მიხაილ შამანოვმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 2 და დაშავებულია 15 ადამიანი.

ამასთან, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ბავშვთა ეროვნული სპეციალიზებული საავადმყოფოს დასახმარებლად თანხის შეგროვება დაიწყეს.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევის „ოხმატდიტის“ საავადმყოფო უკრაინაში ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფოა, სადაც 620 საწოლია განთავსებული და ყოველწლიურად 18 ათასამდე ბავშვი მკურნალობს.

“ვინ მართავს თეთრ სახლს? ჯო ბაიდენი დემოკრატიულ მსოფლიოში ლიდერობის კრიზისს აღრმავებს”

შვეიცარიის გერმანულენოვან გაზეთ „ნოიე ციუჰერ ცაიტუნგში“ (Neue Zürcher Zeitung) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვინ მართავს თეთრ სახლს? ჯო ბაიდენი დემოკრატიულ მსოფლიოში ლიდერობის კრიზისს აღრმავებს“ (ავტორი – ერიკ გუჯერი, გაზეთის მთავარი რედაქტორი), რომელშიც გაანალიზებულია აშშ-შის დემოკრატიულ პარტიაში შექმნილი ვითარება, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის კანდიდატობასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი ერთნაირად უვარგისნი იყვნენ თეთრ სახლში შესასვლელად, მაგრამ დღეს ჩვენ უფრო მეტი ვიცით: დონალდ ტრამპი ეგოისტური და არაპროგნოზირებადია, ჯო ბაიდენი კი – დაჩაჩანაკებული.

უვარგისობა-გამოუსადეგრობის შკალის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პოსტისათვის – აშშ-ის პრეზიდენტობისათვის – დაჩაჩანაკება და დაძაბუნება უფრო მძიმე შეფასებას წარმოადგენს, ანუ შეიძლება ითქვას, დონალდ ტრამპი სიცოცხლისუნარიანია და უფრო მეტიც – იგი თავის ჭკუაზეა და შეშლილი არ არის.
ჯო ბაიდენის შემთხვევაში იბადება სერიოზული კითხვა – ხომ არ არის იგი მარიონეტი თავისი გარემოცვის ხელში? ამერიკელები კამარილიას (მმართველის ახლო წრეს) კი არ ირჩევენ, არამედ ისეთ ლიდერს, როცა ყველა თანამდებობის ძალა ერთ ადამიანშია გაერთიანებული.

სიმბოლურად ეს ძალა კონცენტრირებულია ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებაში, რადგან სწორედ პრეზიდენტია პასუხისმგებელი მისი გამოყენების მიზნით გადაწყვეტილების მიღებაში. ეს პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, უფრო მეტია, ვიდრე ჯო ბაიდენის ფიზიკური და, თუ გნებავთ, გონებრივი შესაძლებლობები.

„არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადდეს“ როგორც ამბობენ ხოლმე, „კაცმა ჭირი მალა, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალა“.

ჯო ბაიდენის გარემოცვა ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ პრეზიდენტის სისუსტეები დაემალა. დემოკრატებმა დიდი ძალისხმევა მოახმარეს იმას, ამომრჩეველი მოეტყუებინათ. ისინი პრეზიდენტის არცთუ კარგი ჯანმრთელობის შესახებ ყველა კითხვას უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ „ეს ყველაფერი რესპუბლიკელებისა და მათ მიერ მოსყიდული მასმედიის ჭუჭყიანი მეთოდებია და მანევრები, რომლებიც სინამდვილეს არ ასახავს“.

ვიდეორგოლებს, რომლებზეც ჯო ბაიდენი დეზორიენტირებული ჩანდა, თეთრი სახლი მანიპულაციებს უწოდებდა. კი, შეიძლება ბოროტგანზრახულად ორი-სამი ვიდეორგოლი დაამონტაჟო, მაგრამ ყველას ვერ გააყალბებ, თანაც პროფესიულ დონეზე სხვადასხვა ქვეყნების ტელეოპერატორების მიერ გადაღებულს. როდემდე უნდა დამალულიყო ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის არანორმალური მდგომარეობა? ტელედებატების დროს ყველაფერი ცხადი გახდა: ყველამ დაინახა, რომ „მეფე შიშველია“ და ჯებირიც გაირღვა.

ვინ მართავს სინამდვილეში თეთრ სახლს? ეს კითხვა ცოტა ხნის წინათ „შეთქმულების თეორიისათვის“ შეიძლებოდა მიგვეკუთვნებინა, ახლა კი დროული და გამართლებულია. ის გამოხატავს იმ კანონზომიერებას, რომელიც ყველა დასავლურ დემოკრატიაზე ვრცელდება: როგორც კი ესა თუ ის ხელისუფლება ზეწოლის ქვეშ ხვდება, იმ ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ოპონენტების დისკრედიტაციას მომაკვდინებელი არგუმენტის – „შეთქმულების (კონსპირაციული) თეორიის“ – დახმარებით.

გახსოვთ, ალბათ, რომ კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის ეპოქაში დაიწყო მითქმა-მოთქმა, რომ საფრთხე გამოგონილია, უბრალოდ, ვიღაც-ვიღაცებს ვაქცინებით გამდიდრება სურთო, მოგვიანებით კი „ურწმუნო თომები“ დარწმუნდნენ, რომ კოვიდი მართლაც სახიფათო იყო.
ამჟამად თეთრი სახლი თავისებურ „უხანისშემდგომ“ პერიოდშია მოქცეული – ფარდა ეხდება სინამდვილეს, რითაც ამერიკული დემოკრატია ზიანდება და მისი დონე ქვეითდება. ეს არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დიდი შეცდომა და მავნეა არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც. ჯო ბაიდენი (ან ის, ვისაც ხელში ძაფები უჭირავს) ვაშინგტონის პოლიტიკის მიმართ ნდობის ფაქტორს არღვევს.

ისეთი პოლიტიკოსებისათვის, როგორსაც ვლადიმერ პუტინი წარმოადგენს, ჯო ბაიდენის მდგომარეობა ნამდვილი ზეიმი გახდება და იმის დადასტურება, რომ რუსების მმართველობის სისტემა უკეთესია. ბოლო დრომდე მმართველობის გაუმჭვირვალობა და გერონტოკრატიული სახე საბჭოთა კავშირისა და სხვა დიქტატურების განმასხვავებელ ნიშნებს წარმოადგენდა. ავტორიტარულ რეჟიმებს უყვართ დასავლური დემოკრატიების წარმოსახვა დეკადენტურად და სუსტად, რომლებსაც მტკიცე გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ. ამის საპირისპიროდ ისინი პროპაგანდას უწევენ ძლიერი ლიდერის კულტს. ამჟამად მათ ხელში სწორედ საუკეთესო თვალსაჩინო და ილუსტრირებული მასალა აღმოჩნდა.

რესპუბლიკელებს ბრალს სდებენ იმაში, რომ ისინი დონალდ ტრამპს ჩაბარდნენ და მისი მორჩილები გახდნენ. ამიტომაც ევროპაში რესპუბლიკელებს „ცუდი ბიჭების“ სახელი აქვთ გავარდნილი, დემოკრატები კი „კარგი ბიჭების“ რეპუტაციით სარგებლობენ. ახლა ცხადი ხდება, რომ დემოკრატებიც საკუთარი თავის მძევლები გახდნენ. ისინი წინააღმდეგობას ვერ უწევენ ერთი ადამიანის ამბიციებს და არაფრით უკეთესები არ არიან დონალდ ტრამპის მომხრე რესპუბლიკელებზე. ამერიკელი დემოკრატები და მათი ევროპელი მიმდევრები თავიანთ თავს უფლებას აძლევენ „მორალურად გამართლებული“ ტყუილები გაავრცელონ.

როცა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე იტალიაში საგანგაშო კადრები გამოვლინდა, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აშშ-ის პრეზიდენტს იცავდა როგორც ადამიანს, „რომელიც ძალიან მკაფიოდ და ნათლად გრძნობს იმას, რასაც აკეთებს“. არადა, დღეს მსოფლიოსათვის უკვე ცნობილია, რომ კანცლერის ნათქვამი თურმე რეალურობის ლიბერალურ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა.
სიცრუე კეთილი მიზნის მისაღწევად ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მემარჯვენე პოლიტიკოსების წარმოჩენა – ისეთების, როგორიც დონალდ ტრამპია და ისეთი პარტიების, როგორსაც „ალტერნატივა გერმანიისათვის’ წარმოადგენს. აშკარაა, რომ დემოკრატების მხრიდან წარმოებული „მემარჯვენეებთან ბრძოლა“ ბევრ მომენტს ამართლებს, თუმცა იმავდროულად მათი ასეთი მოქმედება ეხმარება იმ ძალებს, რომელთა დათრგუნვას ისინი ცდილობენ. ამიტომაც აქვს „ტყუილს მოკლე ფეხები“ – ისე, როგორც ჯო ბაიდენს. ამომრჩევლებს უყალიბდებათ თავიანთი აზრი და გრძნობენ, რომ მათ აკონტროლებენ ან წინასწარგანზრახულად ატყუებენ. ასეთ დროს ისინი უფრო მეტად აძლევენ ხმას ოპოზიციურ პარტიებს. ფსიქოლოგიაში ამას „ქმედებისადმი ანტიქმედებას“ უწოდებენ. ანუ ის, ვინც გრძნობს ზეწოლას, ცდილობს თავისუფლების დაკარგვის კომპენსირება საპასუხო მოქმედებით განახორციელოს.
მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ მნიშვნელოვანი წარმატება საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში და ევროპარლამენტის არჩევნებში (ასევე „ალტერნატივა გერმანიისათვის“ პოზიტიური შედეგები) იმას აჩვენებს, თუ რა შეუძლია პოლიტიკაში ასეთ ანტიქმედებას. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ დღეს დონალდ ტრამპი თითქმის ძლევამოსილი და დაუმარცხებელი პოლიტიკოსის შარავანდედს იკეთებს. დემოკრატები იხვეჭენ იმას, რაც დაიმსახურეს თავიანთი მოქმედებით. ახლა მაინც მიხვდებიან, რომ კარგი მიზნის მისაღწევად ყველანაირი საშუალებების გამოყენება არ ამართლებს.
მსოფლიო „ნაკერებზე ირღვევა“, დასავლეთი კი…
ამერიკა, საფრანგეთი და გერმანია – „თავისუფალი სამყაროს“ სამი საყრდენი, როგორც მათ სამართლიანად უწოდებდნენ ცივი ომის დროს, დღეს ლიდერობის კრიზისში იმყოფებიან. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და „რელსებიდან გადავარდნილი“ ახლო აღმოსავლეთის პირობებში ვაშინგტონი, პარიზი და ბერლინი უუნარობას ამჟღავნებენ. შესაბამისად, ეს „სნეულება“ მთელ მსოფლიოში ვრცელდება: ეს იმიტომ ხდება, რომ ამ ქვეყნების ზედაფენებს თავიანთი საზოგადოების პრობლემების მოგვარების ძალა აღარ აქვთ. ამის ნაცვლად ისინი ცდილობენ ნებისმიერი ფასით არ დაუშვან ხელისუფლებაში ყველაზე ხმაურიანი კრიტიკოსები. და თუ ისინი მაინც მიაღწევენ პოსტების დაკავებას და პირველ წარმატებასაც იზეიმებენ – ისევე როგორც არგენტინის პრეზიდენტმა ჰავიერ მილეიმ ინფლაციასთან ბრძოლაში – მაშინ მათ სიძულვილი უსაზღვრო ხდება.
გერმანიაში ვიზიტის დროს გერმანულმა სახელმწიფო ტელერადიოკომპანია „არდ“-მა (ARD) ჰავიერ მილეი ულტრამემარჯვენედ შერაცხა, ავტორიტარად და უაზრო გმირად. იმ დროს როცა ოლაფ შოლცი ჯო ბაიდენს მხარს უჭერდა (რომელმაც ამერიკულ საზოგადოებაში განხეთქილება გააჩინა), მან ჰავიერ მილეის ურჩია, რომ მეტი ეზრუნა არგენტინული საზოგადოების გაერთიანებაზე, რომელიც „მისი რეფორმების გამო ორ დაპირისპირებულ ბანაკად არის გაყოფილი“. ეს ერთგვარ ირონიას მიანიშნებს. ასეთი ორმაგი სტანდარტები პოლიტიკოსების მიმართ ნდობას ზიანს აყენებს. ფასეულობები და პრინციპები, რომლებითაც ადამიანები სამართლიანად ამაყობენ, ცვალებადები ხდებიან.

აშკარაა, რომ ამერიკელმა დემოკრატებმა შეცდომა დაუშვეს, როცა თავიდანვე ბრმად დაიჯერეს, რომ ჯო ბაიდენი ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც დონალდ ტრამპის დამარცხება შეუძლია. ახლა კი „სატანა“ (ასე უწოდებენ დემოკრატები დონალდ ტრამპს) მეორე ვადით მოსვლით იმუქრება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დემოკრატები თავიანთ კანდიდატს ვინმეთი ჩაანაცვლებენ, მას გამარჯვების შანსები თითქმის არ ექნება. წინასაარჩევნო კამპანიის კორექტირება ძალიან რთული საქმეა.

არასაკმარისია დემოკრატებს შორის ისეთი ვინმეს მოძებნა, რომელიც ჯო ბაიდენისაგან განსხვავებით, დონალდ ტრამპს არგუმენტირებულად და ჭკვიანურად გააკრიტიკებს. მმართველმა პარტიამ იმ დადებითის დემონსტრირებაც უნდა მოახდინოს, რასაც მიაღწია და თავისი კურსის გაგრძელებისთვის ამომრჩევლების მხარდაჭერა მოიპოვოს. დემოკრატებმა უნდა მიაღწიონ იმას, რომ მემარჯვენე და მემარცხენე ნაციონალისტები [რესპუბლიკელთა კანდიდატის] წინააღმდეგ გამოვიდნენ. სწორედ ამაშია დემოკრატიის უპირატესობა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

ირანში არ არსებობს „ზომიერი პრეზიდენტის“ ცნება: „რეფორმისტი“ მასუდ პეზეშკიანის არჩევა არაფერს არ შეცვლის

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) საკვირაო ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ირანში არ არსებობს „ზომიერი პრეზიდენტის“ ცნება: „რეფორმისტი“ მასუდ პეზეშკიანის არჩევა არაფერს არ შეცვლის“ (ავტორი – კონ კოფლინი), რომელშიც გაანალიზებულია ირანის ახლადარჩეული პრეზიდენტის პოლიტიკური პერსპექტივა – იქნება თუ არა იგი ნამდვილი რეფორმისტი თუ სინამდვილეში ყველაფერი მოჩვენებითია?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

თუ გავითვალისწინებთ ირანის ე.წ. „ზომიერი“ ლიდერების „დამსახურებებს“, ძალიან დიდი მიამიტობა იქნებოდა გვევარაუდა, რომ ყოფილი ნეიროქირურგის მასუდ პეზეშკიანის ირანის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ თეირანი უკან დაიხევს და ნაკლებად კონფრონტაციულ პოზიციას დაიკავებს დასავლეთის მიმართ.

პირიქით, იმ პირობებში, როცა ირანი ახლოსაა შექმნას საკუთარი ბირთვული იარაღი, ხოლო მის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული მოძრაობები „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზებას აგრძელებენ, მასუდ პეზეშკიანის გამარჯვება უნდა განვიხილოთ მხოლოდ როგორც მილიონობით უბრალო ირანელი მოსახლეობის სიმბოლური ჟესტი, რომლებსაც მკაცრი რეპრესიების დასრულება სურთ.

მასუდ პეზეშკიანმა, რა თქმა უნდა, ყველაფერი სწორად გათვალა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თავის უკომპრომოსო მოწინააღმდეგეს – საიდ ჯალილს აჯობა. 69 წლის პეზეშკიანი ერთადერთი ე.წ. „ზომიერი“ პოლიტიკოსი აღმოჩნდა, რომელსაც უფლება მისცეს არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, ავიაკატასტროფაში დაღუპული ებრაჰიმ რაისის ადგილის დასაკავებლად. მან 16,3 მილიონი ხმა მოაგროვა, საიდ ჯალილმა კი, რომელიც მკაცრი ხაზის გამტარებელ პოლიტიკოსებს მიეკუთვნება – მხოლოდ 13,5 მილიონი.

მასუდ პეზეშკიანის გამარჯვებამ ირანელებში იმის იმედი გააღვიძა, რომ ახალი ლიდერი, სხვა თუ არაფერი, რეპრესიებს მაინც შეასუსტებს, განსაკუთრებით, ირანელი ქალების მიმართ. შემთხვევითი არაა, რომ ირანში მკვეთრად იმატა გამოტანილი განაჩენების სისრულეში მოყვანამ – 833 გასულ წელს – იმ დროიდან, როცა ქვეყანაში ქალების პროტესტები დაიწყო, ისლამური თავსაბურველი გამოყენების წინააღმდეგ. პეზეშკიანი გამარჯვებამ ხალხს იმედი გაუღვიძა – უამრავი გახარებული ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, დროშების ფრიალითა და ცვლილებების ლოზუნგებით.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს მასუდ პეზეშკიანი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და უნივერსიტეტის პროფესორი, პირველად არჩეული ირანის პარლამენტის დეპუტატად 2008 წელს, მოსახლეობას დაპირდა ისლამური „დრეს-კოდის“ შერბილებას ქალებისათვის, მან განაცხადა ზნეობის პოლიციის უფლებამოსილების სამომავლო შეზღუდვა და ინტერნეტით სარგებლობის გაფართოება. კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიზნად ითვლება მისი დაპირება დასავლეთთან მოლაპარაკების განახლების თაობაზე – ეკონომიკური სანქციების გაუქმებისათვის, რომლებიც ირანის ეკონომიკისათვის დიდი ზარალი მოქვთ, ხოლო ინფლაცია სტაბილურად მაღალია.

მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ პეზეშკიანის გამარჯვება რაიმე სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს ირანის სიძულვილზე დასავლეთის მიმართ, ამის ალბათობა პრაქტიკულად ნულოვანია. ის, რომ იგი თითქოსდა „ზომიერი“ და „რეფორმების მომხრე“ პოლიტიკოსია, არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ მკაცრი ხაზის გამტარებლები თავიანთ ხისტ პოლიტიკას შეცვლიან. არადა, სწორედ ისინი აკონტროლებენ ირანის ბედს.

ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ირანის პოლიტიკური სისტემა უზენაესი მმართველის – რაქბარ აიათოლა ალი ჰამენეის სრული კონტროლის ქვეშ იმყოფება. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ კანდიდატებს ბალოტირების უფლება მხოლოდ მაშინ ეძლევათ, როცა ისინი „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგების“ კორპუსში სპეციალურ შემოწმებას გაივლიან ქვეყნის ისლამური პრინციპებისადმი ერთგულების საკითხებში. ადრეც ყოფილა მსგავსი შემთხვევები, რომ ირანი პრეზიდენტად „ზომიერი“ და „რეფორმების მომხრე“ პოლიტიკოსები ყოფილან არჩეულები (მაგალითად, ალი აკბარ რაფსანჯანი), მაგრამ რეჟიმი მაინც აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებდა საგარეო პოლიტიკაში დასავლეთის მიმართ.

უფრო მეტიც: ირანში მიწისქვეშა ბირთვული ობიექტების მშენებლობა და ამით დასავლეთის შანტაჟი მმართველმა რეჟიმმა სწორედ მაშინ დაიწყო, როცა ქვეყანას ე.წ. „ზომიერი“ ლიდერები მართავდნენ.

ამრიგად, მასუდ პეზეშკიანის მოქმედებაში დასავლეთი არ უნდა ელოდოს რაიმე კომპრომისებს და ლოიალურ დამოკიდებულებას. ასეთი რამ არ მოხდება. ამიტომ დასავლელმა პოლიტიკოსებმა ეს მომენტი უნდა გაითვალისწინონ ირანის პრეზიდენტთან სამომავლო ურთიერთობებში.

წყარო

2 კვირაა, რაც ქვეყანაში გრიპი აღარ ფიქსირდება, ახლა დომინანტურია მეტაპნევმოვირუსი – ივანე ჩხაიძე

2 კვირაა, რაც ქვეყანაში გრიპი აღარ ფიქსირდება, ახლა დომინანტურია მეტაპნევმოვირუსი – მეტაპნევმოვირუსისთვის დამახასიათებელია ზემო სასუნთქი გზების დაზიანების, გაციების მსგავსი სიმპტომატიკა, მან შეიძლება ფილტვების ანთებაც გამოიწვიოს, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ივანე ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში ასევე ცირკულირებს ადენოვირუსი.

„ბოლო ორი კვირაა, რაც გრიპი ქვეყანაში აღარ ფიქსირდება. შეიძლება ითქვას, რომ გრიპის შემთხვევების სეზონური მატება დასრულებულია. შესაძლებელია, ერთეული შემთხვევა იდენტიფიცირებული იყოს, მაგრამ გრიპი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის აღარ ფიქსირდება.

ის ვირუსი, რომელმაც გრიპის ვირუსი ჩაანაცვლა, სწორედ ამ სეზონისთვის, ზაფხულისთვის დამახასიათებელია. გაზაფხულზე, როდესაც გრიპი მთავრდება, მას მეტაპნევმოვირუსი ანაცვლებს. ქვეყანაში ის ახლა სწორედ დომინანტური ვირუსია. მეტაპნევმოვირუსი არის ვირუსი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზემო სასუნთქი გზების დაზიანების, გაციების მსგავსი სიმპტომატიკა, თუმცა მან შეიძლება ასევე ფილტვების ანთება გამოიწვიოს. მიმდინარე წლის 25-ე კვირა ამ ვირუსის სიჭარბითაა გამორჩეული, ასევე ბევრია ადენოვირუსი. ამ ორ ვირუსს ერთი რამ ახასიათებს – მათ მსუბუქად მიმდინარე დაავადების გამოწვევა შეუძლიათ. ეს არის მსუბუქი ყელის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, 37 – 37, 5-ის, მაქსიმუმ 38-ის ფარგლებში, მას არ ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი, როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები საავადმყოფოში არ ხვდებიან. ძირითადად, არის მსუბუქად მიმდინარე რესპირაციული ვირუსული ინფექცია, თუმცა შესაძლოა მცირე ასაკის ბავშვებში ფილტვების ანთება გამოიწვიოს“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

გარდა ამისა, მან ყივანახველაზეც ისაუბრა. როგორც ჩხაიძემ განმარტა, ქვეყანაში ყივანახველის მკვეთრი მატება კვლავ ფიქსირდება.

„ეს გასულ წელთან შედარებით, მართლაც განსაკუთრებული მატებაა“,- აღნიშნა ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირაში“.

 არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად, თუმცა სახელი შენარჩუნებული აქვთ-კახა კალაძე

ეს არის იმის აღიარება და დადასტურება, რაზეც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობთ, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალექსანდრე ზიბზიბაძის განცხადება ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობასთან დაკავშირებით.

კახა კალაძის თქმით, სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის კანონის მიღება.

„არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად, თუმცა სახელი შენარჩუნებული აქვთ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ფინანსდებიან უცხოეთიდან, შესაბამისად, ამაზე ვსაუბრობდით, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს ეს პროცესი. როგორ წარმოგიდგენიათ, განვითარებულ ქვეყანაში, ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია არასამთავრობო,  გამოდიოდეს და პოლიტიკურ პროცესებში ერეოდეს? „ფრანკლინის კლუბი“, სხვადასხვა ექსტრემისტული ორგანიზაციები საიდან ფინანსდებიან, ვინ აფინანსებს ამათ?! მე რომ არ შეგიყვანოთ შეცდომაში, მოიძიეთ და დარწმუნდებით, საიდან ფინანსდებიან. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის კანონის შემოღება, ამიტომ ეწინააღმდეგებოდნენ ის ჩვენი ვითომ მეგობრები ამ ყველაფერს, რადგან ამ სიბინძურეს შემდეგ ღიად ვერ დააფინანსებდნენ. როდესაც გვეუბნებიან, რომ არასამთავრობო სექტორს აფინანსებენ სხვადასხვა მიზნისთვის, მაგალითად, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობელთა ტრენინგი უნდა გამართულიყო და რეალურად რევოლუციაზე საუბრობდნენ. ეს უხერხულობები რომ ავიცილოთ თავიდან, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის კანონის მიღება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მაკრონმა გაბრიელ ატალს სთხოვა ამ ეტაპზე პრემიერის თანამდებობაზე დარჩეს, რათა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილურობა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ მიიღო პრემიერ-მინისტრის გაბრიელ ატალის თხოვნა გადადგომის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

ემანუელ მაკრონმა გაბრიელ ატალს სთხოვა ამ ეტაპზე თანამდებობაზე დარჩეს, რათა „უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილურობა“.

სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა გაბრიელ ატალს ევროპული და საპარლამენტო არჩევნების კამპანიისთვის, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა.

საფრანგეთის პრემიერმა კვირას განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონს გადადგომის თხოვნით მიმართავს.

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში „ახალმა სახალხო ფრონტმა“ გაიმარჯვა.

წინასწარი მონაცემებით, „ახალი სახალხო ფრონტი“ (მემარცხენეების გაერთიანება) პარლამენტში 172-192 ადგილს მიიღებს, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია – 150-170 ადგილს, ხოლო მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ – 132-152 ადგილს.

მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერი, ჟან-ლუკ მელანშონი აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ვალდებულია „ახალ სახალხო ფრონტს“ მთავრობის ფორმირება შესთავაზოს.

ჩვენ და ავღანეთი ვართ ერთი და იგივე სტატისტიკური მონაცემებით ვიზის აღების თვალსაზრისით, თავისუფალი ვაჭრობა, ფრენები – ამაზე ვსაუბრობთ და პასუხად ვიღებთ, რომ წვრთნები გაგიუქმეთ -მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ღირსეულ პარტნიორთან“ დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილება, სულ მცირე, გაუგებარია.

მდინარაძის შეფასებით, ძალიან მალე ყველა მსგავსი გადაწყვეტილება შეიცვლება და ეს კონკრეტულ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, საქართველო დემოკრატიის ხარისხით, რეფორმების გატარების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყნების რიგშია.

მამუკა მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „იღებს თუ არა „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას აშშ-ის მძიმე გადაწყეტილებაზე“.

„თქვენი ბოლო დროის ერთ-ერთი ტრენდია, გადაწყვეტილებაზე პასუხიმგებლობის აღებაზე ესაუბროთ იმას, ვინც გადაწყვეტილებას არ იღებს. ეს რაღაც ახალი მახინჯი ფორმაა. პასუხიმგებლობის აღებას სთხოვთ იმ მხარეს, რომელსაც გადაწყვეტილება არ მიუღია. ჩემი აზრით, ეს არის არასწორი გადაწყვეტილება. არასწორ გადაწყვეტილებაზე, გადაწყვეტილების ობიექტი და მეორე მხარე პასუხისმგებლობას ვერასდროს აიღებს. ჩვენ ვსაუბრობთ ურთიერთობების გადატვირთვაზე, ნორმალიზებაზე, იმაზე, რომ ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოუხსნას ის ფაქტობრივი სანქცია, რომელიც უდიდეს უმრავლესობას ვიზის სირთულის სახით აქვს. ჩემი აზრით, ამაში მდგომარეობს მთავარი სტრატეგიული პარტნიორობა. სხვა, გაცილებით ნაკლები კომუნიკაციის ქვეყნებს, 2 000-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე მოყოლებული, პროცენტულად უფრო მეტ ვიზას აძლევდნენ, რატომღაც საქაერთველოს მოქალეებისთვის ეს ვიზები ასე გახსნილი არასდროს ყოფილა. ჩვენ და ავღანეთი ვართ ერთი და იმავე სტატისტიკური მონაცემებით ვიზის აღების თვალსაზრისით. თავისუფალი ვაჭრობა, ფრენები – ამაზე ვსაუბრობთ და პასუხად ვიღებთ, რომ იცით რა, თქვენ წვრთნები გაგიუქმეთ. შემდეგ ვიღაც იტყვის, ეს არის აშშ-ის მცდელობა, რომ ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში. ჩვენ ამას არ ვამბობთ, მაგრამ ვიღაც ამას რომ იტყვის, შემდეგ მოხვალთ და მკითხავთ, ეთანხმებით თუ არა? შეიძლება, ამის შესახებ ეჭვი ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ჩვენ ასე არ განვიხილავთ საკითხებს, ჩვენ ასე არ შევდივართ თემის სიღრმეებში და ვფიქრობთ, რომ ეს არის, სულ მცირე, გაუგებარი გადაწყვეტილება. იმ ფონზე, როცა საქართველო დემოკრატიის ხარისხით, რეფორმების გატარების თვალსაზრისით და ა.შ. მოწინავე ქვეყნების რიგშია, მაგალითად, ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება არის გაუგებარი. მგონია, რომ ძალიან მალე, მაგალითად, რამდენიმე თვეში ასეთი და ყველა მსგავსი გადაწყვეტილება შეიცვლება და ეს კონკრეტულ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული“, – განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

ამავდროულად, მდინარაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ არცერთ წარმომადგენელს არასდროს უთქვამს, რომ აშშ ცუდია და არც მეორე ფრონტთან დაკავშირებით ყოფილა ამერიკის მიმართ ბრალდება.

„ქართული ოცნების“ არცერთ დეპუტატს, მთავრობის არცერთ წევრს, ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არასდროს უთქვამს, რომ ევროკავშირი ცუდია, აშშ ცუდია. მსგავსი რამ არ გვითქვამს. მეორე ფრონტიც არასდროს დაგვიბრალებია ჩვენ აშშ-სთვის. არც გლობალური ომის პარტია გვიწოდებია არასდროს აშშ-სთვის. ამომიღეთ ერთი ფრაზა, რომ გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ აშშ-ს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 5 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.

როდესაც „ფრანკლინის კლუბის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჩვენ ოპოზიციის საქმე უკვე გავაკეთეთ, ეს ურყევი მტკიცებულებაა, რომ ორგანიზაცია გარე დავალებებით და ოპოზიციის მხარდამხარ მოქმედებდა -მდინარაძე

როდესაც „ფრანკლინის კლუბის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჩვენ ოპოზიციის საქმე უკვე გავაკეთეთ, ეს ურყევ მტკიცებულებას წარმოადგენს იმისას, რომ „ფრანკლინის კლუბი“ საქართველოში გარე დავალებებით და ოპოზიციის მხარდამხარ მოქმედებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის განცხადებები, რომ „ფრანკლინის კლუბი“ ოპოზიციის საქმეს აკეთებს, ისეთი წამოცდენებით და აღიარებებით დასტურდება, როგორიც ამ შემთხვევაში ორგანიზაციის თანადამფუძნებლის განმარტებები იყო.

„ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ხოლმე იმაზე, რომ „ფრანკლინის კლუბი“, სხვადასხვა მსგავსი დაჯგუფებები, დატრენინგებული ადამიანები პირდაპირ ოპოზიციის და გარე დავალებებით [ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს] მოქმედებენ, ამას ძალიან ცუდი და აგრესიული რეაქციით ხვდებიან ხოლმე ჩვენი ოპონენტები, ენჯეო სექტორის რიგი წარმომადგენლები, განსაკუთრებით მდიდარი „ენჯეოების“ წარმომადგენლები. მაგრამ ყველა ჯერზე ეს დასტურდება არა მხოლოდ ფაქტებით, რომელიც ჩვენს მხარეს არის ყოველთვის რატომღაც, არამედ თავიანთი წამოცდენებით და აღიარებით ხოლმე. როდესაც „ფრანკლინის კლუბის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჩვენ ოპოზიციის საქმე უკვე გავაკეთეთ, ეს ფაქტებით დადასტურებაზე, ზემოდან ურყევ, უტუარ მტკიცებულებას წარმოადგენს იმის, რომ „ფრანკლინის კლუბი“ საქართველოში გარე დავალებებით და ოპოზიციის მხარდამხარ მოქმედებდა ყოველთვის, ეს საბოლოოდ დადასტურდა“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ფრანკლინის კლუბის“ თანადამფუძნებელმა განაცხადა, რომ „ფრანკლინის კლუბმა“ მაქსიმალური გააკეთა, რაც შეეძლო და ახლა უკვე ოპოზიციის ჯერია.