Home Blog Page 102

ბიძინა ივანიშვილი იყო, არის და 27 ოქტომბრიდანაც იქნება ის ადამიანი, ვინც უზრუნველყოფს ამ ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდობიანობას – თეა წულუკიანი

გარედან შემოსულმა თანხამ „ნედის“ გავლით დააფინანსა კვლევა, აღმოჩნდა ფსევდო კვლევა და ამ კვლევამ დადო ფსევდო ანუ ცრუ შედეგი, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ მიერ დაფინანსებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეფასებისას.

მისი თქმით, სწორედ ამ ფონდის მიერ დაფინანსებულმა ცრუ კვლევამ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის შესახებ.

„გარედან შემოსულმა თანხამ „ნედის“ გავლით დააფინანსა კვლევა, აღმოჩნდა ფსევდო კვლევა და ამ კვლევამ დადო ფსევდო ანუ ცრუ შედეგი, რომ თითქოსდა ბიძინა ივანიშვილს აქვს განხორციელებული რუსეთში სხვადასხვა ქმედებები. და როდესაც ამ კვლევის შედეგს თვითონ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა წარმომადგენლებმა დაუპირისპირა ფაქტები, აღმოჩნდა, რომ კვლევის შედეგი არ ეფუძნება არავითარ ფაქტს და არის ყალბი. ამ ძალებს კი კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო და არის, რაც არ უნდა მათთვის სამწუხარო იყოს, 27 ოქტომბრიდანაც იქნება ის ადამიანი ვინც უზრუნველყოფს ამ ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობიანობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტს“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აფინანსებს, რომლებმაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისა და მისი ოჯახის ქონების შესახებ, ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს. „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ საქმიანობაზე მწვავე ანგარიში გამოაქვეყნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

მათივე ცნობით, უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს.

„თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი იქნება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიგი წერეთელი ამბობდა, გამარჯვების ფორმულა „ნაცმოძრაობა“ ვერ იქნებაო და ახლა იმ ვაგონში შეხტა, რომელიც პარლამენტში შეიყვანს – გურამ მაჭარაშვილი

გიგი წერეთელი ამბობდა, გამარჯვების ფორმულა “ნაცმოძრაობა” ვერ იქნებაო და ახლა იმ ვაგონში შეხტა, რომელიც პარლამენტში შეიყვანს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციურ გადაჯგუფებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, გადაჯგუფებული პარტიები ვერ ამბობენ, რა განასხვავებს და რა ემიჯნება „ნაციონალური მოძრაობის“ 5 ნომერს.

„ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა, როგორც ვწინასწარმეტყველებდით. მათ შორის, ვამბობდით, რომ ბევრ ნაწილად იქნებოდა დაშლილი. ახლა სურთ, რომ ცალ-ცალკე იყვნენ, მაგრამ ამბობენ, რომ რაღაც ერთი იდეა აქვთ. ვერ ამბობენ, რა განასხვავებს და რა ემიჯნება „ნაციონალური მოძრაობის“ 5 ნომერს. რატომ ემიჯნება “ახალი”, “ლელო”, “გირჩი ჯაფარიძე”, გახარია და ა.შ. ხალხი მათ აღიქვამს, როგორც დაშლილი “ნაცმოძრაობა”. გასაგებია, რომ ხალხში არ მიესვლებათ და შეხვედრებიდან აგდებენ. საზოგადოებას ეუბნებიან, როცა ერთიანი ვიყავით და რაც დაგაკელით ბიზნესის რეკეტის, ომის თვალსაზრისით, ახლა ამის უფლება ცალ-ცალკე მოგვეცით და იმ უბედურებას გავაგრძელებთ, რასაც ერთად ვაკეთებდითო, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაო“.

გიგი წერეთელი ამბობდა, გამარჯვების ფორმულა “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ნაცმოძრაობა” ვერ იქნებაო და ახლა იმ ვაგონში შეხტა, რომელიც ფიქრობს, რომ პარლამენტში შეიყვანს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

2024 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა – ეკონომიკის სამინისტრო

წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით, უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად – 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7 პროცენტი შეადგინა, – ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალშიც უმუშევრობის დონე წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით ასევე მნიშვნელოვნად – 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0 % შეადგინა.

„ამასთან, 2024 წლის პირველ და მეორე კვარტალში შესაბამისი კვარტლების

ჭრილში დასაქმებულთა რეკორდული ოდენობა დაფიქსირდა. მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 60.5 ათასით გაიზარდა და მილიონ 388 ათასი შეადგინა. უმუშევართა რაოდენობა კი 47.2 ათასით შემცირდა და 219.7 ათასს გაუტოლდა.

დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 19.1 ათასით გაიზარდა და 935.8 ათასს გაუტოლდა, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 41.3 ათასით გაიზარდა და 451.5 ათასი შეადგინა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინის შეტევამ კურსკის ოლქზე რუსეთთან მოლაპარაკება ჩაშალა – The Daily Telegraph

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით „უკრაინის შეტევამ კურსკის ოლქზე რუსეთთან მოლაპარაკება ჩაშალა: მხარეები ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უნდა შეთანხმებულიყვნენ“ (ავტორი – ლიზ ქუკმენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის ჯარების მოულოდნელმა შეჭრამ კურსკის ოლქში ჩაშალა სერიოზული მოლაპარაკებები, რომლებიც, სავარაუდოდ, გამიზნული იყო დაპირისპირებულ მხარეთა შორის ცეცხლის ნაწილობრივ  შეწყვეტისათვის.

აგვისტოს დასაწყისში კიევმა და მოსკოვმა დიპლომატიურ შეთანხმებას მიაღწიეს, რომ დოჰაში – კატარის დედაქალაქში – დელეგაციები გაეგზავნათ იმ მიზნით, რომ შეწყვეტილიყო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების (ელექტროსადგურების) დაბომბვები.

მაგრამ რუსულმა მხარემ შეხვედრა გააუქმა მას შემდეგ, რაც ექვს აგვისტოს უკრაინის ჯარების კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. მოსკოვის დელეგაციის წევრებმა კიევის მოქმედება ომის ესკალაციად ჩათვალეს და დოჰაში გამგზავრებაზე უარი განაცხადეს, – ამბობს დიპლომატი, რომელმაც სახელი არ გაამხილა. მსგავსი ინფორმაცია გამოაქვეყნა ამერიკულმა პრესამაც, მაგალითად, გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“.

ზოგიერთი ოფიციალური პირი იმედოვნებდა, რომ მოლაპარაკება, რომელიც კატარის მთავრობის შუამავლობით უნდა ჩატარებულიყო, პირველი ნაბიჯი იქნებოდა – გადადგმული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისაკენ.

„კურსკის ოლქის სამხრეთში შეჭრის შემდეგ რუსებმა შეხვედრაზე უარი განაცხადეს“, – ამბობს კიდევ ერთი წყარო, რომელიც დაგეგმილი მოლაპარაკების საქმის კურსში იყო. ამასთან, როგორც წყარო ირწმუნება, რუსებს მოლაპარაკებაზე საბოლოოდ მაინც არ უთქვამთ უარი და როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დოჰაში სამიტი 22 აგვისტოს მაინც გაიმართება – მართალია, ვიდეოჩართვის მეშვეობით, მაგრამ მაინც. უკრაინის დელეგაცია კატარში წასასვლელად მზად არის.

ორივე მხარე ერთმანეთს არ შეხვედრია მას შემდეგ, რაც სტამბოლში და ანკარაში, 2022 წლის მარტ-აპრილში და ივლისში, საიდუმლო მოლაპარაკებები ჩატარდა. საბოლოო ჯამში, სტამბოლისა და ანკარის მოლაპარაკებაზე მიღწეული შეთანხმებები ჩაიშალა. ასევე არ განხორციელებულა გეგმები ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის თაობაზეც.

რაც შეეხება შეთანხმებას ძვირადღირებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევების შეწყვეტის თაობაზე, ეს ეკონომიკყრად ორივე მხარისათვის მომგებიანი იქნებოდა.

უკრაინის ენერგოობიექტები ომის პირველივე ზამთრიდან რუსეთის დრონებისა და რაკეტების სამიზნეები გახდნენ, დაბომბვის შედეგადაც ელექტროენერგია გამუდმებით და მასობრივად ითიშებოდა, რაც ძალზე უარყოფითად მოქმედებდა მოსახლეობის მდგომარეობასა და ბიზნესის განვიტარებაზე.

მოგვიანებით, უკვე 2023 წელს, უკრაინამაც შეძლო და განახორციელა საპასუხო საჰაერო დარტყმები რუსეთის სიღრმეში განლაგებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომელთა შედეგად რუსეთში საწვავის წარმოება დაახლოებით 15%-ით შემცირდა. სამაგიეროდ, მოიმატა მსოფლიო ფასებმა როგორც დიზელზე და ბენზინზე, ასევე გაზზე.

რატომ გადადგა უკრაინამ ისეთი ნაბიჯი (იგულისხმება კურსკის ოლქში შეჭრა), რომელიც  ხელს შეუშლიდა კატარში დაგეგმილ მისთვის სასარგებლო დიპლომატიურ მოლაპარაკებას? ალბათ, კიევმა აწონ-დაწონა სიტუაცია და უპირატესობა კურსის ოლქში შეჭრაზე შეაჩერა, რაც მას შესაძლებლობას აძლევდა სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებაზე კრემლზე ზეწოლის ბერკეტი ჰქონოდა – ტერიტორიული გაცვლის საკითხის განხილვის დროს. გარდა ამისა, როგორც ჩანს, კიევი იმედოვნებდა, რომ რუსეთი სამხედრო ქვედანაყოფებს დონბასიდან კურსკის ოლქში გადაისვრიდა და ამით აღმოსავლეთის ფრონტზე საომარი მოქმედებები შესუსტდებოდა.

კიევის მტკიცებით, მისი არმია ამჟამად 1000 კვადრატული კილომეტრის ფართობს აკონტროლებს კურსკის ოლქის სამხრეთ ნაწილში. უკრაინის ჯარების მიერ რუსეთის იურიდიულ ტერიტორიაზე თავდასხმამ და კურსკის ოლქის რამდენიმე რაიონის ოკუპაციამ კრემლი მსოფლიოს თვალში ძალიან დაამცირა. მოსკოვი იძულებული გახდა უკრაინას მოსაზღვრე ტერიტორიიდან 200 ათასი მშვიდობიანი მცხოვრების ევაკუაცია განეხორციელებინა.

სამხედრო ანალიტიკოსები კიევის მიერ განხორციელებული სამხედრო რეიდის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი და ფიქრობენ, რომ უკრაინა ვერ შეინარჩუნებს მიღწეულ წარმატებას, ანუ კურსკის ოლქში შეჭრა რაიმე გავლენას ვერ მოახდენს დონბასში შექმნილ მძიმე სიტუაციაზე, სადაც უკრაინის არმია უკან იხევს, რუსები კი წინ მიიწევენ და მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ ცენტრს – ქალაქ პოკროვსკს აღებით ემუქრებიან.

როგორც ცნობილია, დღეისათვის სამშვიდობო მოლაპარაკების იდეა ჩიხშია შესული: რუსეთი ითხოვს, რომ უკრაინის არმიამ დატოვოს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები, უკრაინა კი აცხადებს, რომ ცეცხლის მთლიან შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკებას მხოლოდ მაშინ დათანხმდება, როცა მოსკოვი ჩამოთვლილი ოკუპირებულ ტერიტორიებიდან თავის ჯარებს სრულად გაიყვანს – ყირიმის ჩათვლით, რომლის ანექსია კრემლმა 2014 წელს მოახდინა.

სხვათა შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში უარყო კატარში მოლაპარაკების გამართვის განზრახვა და ხაზი გაუსვა, რომ  არავითარი სამიტი დოჰაში დაგეგმილი არ ყოფილა და ამრიგად, პრესაში გავრცელებული ინფორმაცია მოლაპარაკების გადატანისა და ჩაშლის თაობაზე სინამდვილეს არ შეესაბამება: „არავის არაფერი არ ჩაუშლია – იმიტომ, რომ ჩასაშლელი არაფერი არ იყო“.

წყარო

პუტინი პარალიზებულია: კიევისათვის იარაღის გამოყენების ნებართვის მიცემით, დასავლეთმა კრემლს პრევენციული დარტყმა მიაყენა – The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინი პარალიზებულია: კიევისათვის იარაღის გამოყენების ნებართვის მიცემით, დასავლეთმა კრემლს პრევენციული დარტყმა მიაყენა“ (ავტორი – ფრენსის დირლი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირედ შემოკლებული სახით:

„ყველაზე უკეთეს თავდაცვას კარგი თავდასხმა უზრუნველყოფს“ – ეს უბრალო კლიშე არ არის, მას ეთანხმებიან  ისეთი თეორეტიკოსები, როგორებიც არიან ჩინელი სუნ ძი, იტალიელი  ნიკოლო მაკიეველი და ამერიკელი ჯორჯ ვაშინგტონი.  თუ რუსეთში უკრაინელების ცნობილი შეჭრით ვიმსჯელებით, რომელიც უკვე მე-13 დღეა გრძელდება, მაშინ ეს ის გამოთქმაა, რომლის არსი დასავლეთმა, როგორც იქნა, გააცნობიერა.

ექვსი თვის განმავლობაში კიევის დასავლელი მოკავშირეები ფაქტიურად, უმოქმედოდ იყვნენ, უკრაინა კი სტრატეგიულ უპირატესობას კარგავდა. დასავლელებმა კიევს იარაღის მიწოდება შეუმცირეს, რუსეთმა კი ახალი შეტევა მოამზადა. უკრაინელები ხედავდნენ, რომ მარტში რუსეთი ხარკოვთან ახლოს, საზღვარზე, ჯარს აგროვებდა ვოლჩანსკზე შეტევისათვის, ზელენსკის გენერლები კი საზღვრის გადალახვას ვერ ბედავდნენ, რომ წინმსწრები დარტყმა მიეყენებინათ რუსეთისათვის. იმიტომ, რომ დასავლეთი აქტიურობას კრძალავდა.

მაგრამ თანდათან და ახლა უკვე უეცრად, დასავლეთმა „ხელბორკილები“ მოუშვა – მაისში მება დართო კიევს მოკავშირეების მიერ მიცემული იარაღით რუსეთის ტერიტორიისათვის დარტყმები მიეყენებინა, შემდეგ, გასულ კვირაში, მდუმარე თანხმობა გამოაცხადა უკრაინის არმიის მიერ განხორცილებული ოპერაციის მიმართ, რომლის შედეგად კიევმა 1000 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე ტერიტორიის გაკონტროლება დაიწყო. დიდი ბრიტანეთს არაფერი უტქვამს, როცა კიევმა ბრიტანული ტანკებით – „ჩელენჯერებით“ – კურსკის ოლქს შეუტია სწორედ იმ ადგილებში, სადაც მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში უდიდესი სატანკო ბრძოლა მოხდა.

დასავლეთის თამამმა გადაწყვეტილებებმა სამხედრო და პოლიტიკური რეალობა შეცვალა. რუსეთი იძულებული გახდა დონბასის ფრონტიდან ჯარების გარკვეული რაოდენობა მოეხსნა და ისინი კურსკის ოლქში გადაესროლა. საინტერესო ფაქტია, რომ უკრაინამ სულ რაღაც ერთკვირიანი ბრძოლით მოახერხა იმდენივე ტერიტორიის ოკუპირება, რამდენიც რუსეთმა მხოლოდ თითქმის სამწლიანი ბრძოლით შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ დონბასში რუსეთის არმია ჯერ კიდევ წარმატებებს აღწევს (უახლოვდება ქ.პოკროვსკს – კიევის ჯარების მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ და სატრანსპორტო ცენტრს), თუ უკრაინა კურსკის ოლქში წარმატებულად იმოქმედებს, კრემლი საბოლოო ჯამში იძულებული გახდება დონბასში ფრონტის ხაზი დაარღვიოს, რაც მისთვის არანაირად მომგებიანი არ იქნება.

პოლიტიკური თვალსაზრისით, კურსკის ოპერაციას როგორც რუსეთის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, შორს მიმავალი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. თუ ადრე ყველა უკიჟინებდა უკრაინას, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებზე დაჯექიო, ახლა ისევ დაიწყეს ლაპარაკი იარაღის მიწოდების გაფართოებაზე. როგორც ახლახან გახდა ცნობილი, თეთრ სახლში თითქმის გადაწყვეტილია საკითხი კიევისათვის შოპრი მოქმედების ფრთოსანი რაკეტების მიწოდებაზე.

და რაც ყველაზე მთავარია, „კურსკის ბრძოლამ“ მოსკოვში დებატების სვლა შეცვალა. კრემლს უკვე აღარ შეუძლია მოითხოვის ფრონტის ხაზის „გაყინვა“ სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებად – იმიტომ, რომ მაშინ უკრაინაც იგივე მოითხოვს იგივეს – ფრონტის ხაზის „გაყინვას“ კურსკის ოლქში.

შედარებისთვის საინტერესოა ის ფაქტიც, რომ როცა რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა 2022 წლის თებერვლის ბოლოს დონბასში ბრძოლა დაიწყეს, ადგილობრივი რუსულენოვანი მოსახლეობა მათ წინააღმდეგობას არ უწევდა… და ფაქტიურად, არც უკრაინელებისთვის არ გაუწევიათ წინააღმდეგობა კურსკის ოლქში. სამწუხაროა, რომ რუსებიდან დახოცილი და ტყვედ ჩაგდებულები უმეტესად ახლაწვეული ჯარისკაცები არიან, რომლებსაც თავის დროზე გამოუცხადეს, რომ ისინი უკრაინის ფრონტზე არ იბრძოლებდნენ. სავარაუდოდ, ამ გარემოებამ შეიძლება სამოქლაქო დაპირისპირება და უწესრიგობები გამოიწვიოს.

ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში თავისი ჯარების სრულმსასშტაბიან შეჭრას „სპეციალური სამხდრო ოპარაცია“ უწოდა, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. რაც შეეხება უკრაინელთა შეჭრას რუსეთში, ეს უკვე მართლაც სპეცოპერაციას წარმოადგენს. და იმის გათვალისწინებით, რომ კიევისათვის სიტუაცია სასიკეთოდ იცვლება – „ქარი ვოლოდიმირ ზელენსკის იალქნებს უბერავს, დასავლეთი, ალბათ, მას მხარს კიდევ უფრო დაუჭერს.

წყარო

—————-

უხილავი ხელი ცდილობს ააწყოს ფაზლი და საზოგადოებას შეფუთული „ნაციონალური მოძრაობა“ შეაჩეჩოს – ბექა ოდიშარია

ხელი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია თუ ვის წარმოადგენს, ცდილობს ააწყოს ფაზლი და შექმნას ისეთი პოლიტიკური ლანდშაფტი, რომ ქართულ საზოგადოებას შეფუთული „ნაციონალური მოძრაობა“ შეაჩეჩოს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან ოპოზიციურ გადაჯგუფებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” წინასაარჩევნოდ დაიშლება იმის მიხედვით, თუ რამდენად მომგებიანი იქნება ცალ-ცალკე მათთვის გასვლა.

„დღეს რაც ოპოზიციაში ხდება, ეს არის უხილავი ხელით მართული პროცესი. ეს უხილავი ხელი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია თუ ვის წარმოადგენს, ცდილობს ააწყოს ფაზლი და შექმნას ისეთი პოლიტიკური ლანდშაფტი, რომ ქართულ საზოგადოებას შეფუთული „ნაციონალური მოძრაობა“ შეაჩეჩოს. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ რა თქმა უნდა, დაიშლება წინასაარჩევნოდ იმის მიხედვით თუ რამდენად მომგებიანი იქნება ცალ-ცალკე მათთვის გასვლა, რომ საზოგადოების ესა თუ ის ნაწილი შეცდომაში შეიყვანონ. ზოგი “ახლებს” დაირქმევენ, ზოგი “ძველებს”, ზოგი “კონსერვატორებს”, ზოგი “პროგრესულ ძალებს”, “ფედერალისტებს”, “ევროპულ საქართველოს” თუ ა.შ. აქ შედეგს არავითარი გადაადგილება არ მოიტანს. ჯამი კვლავ ერთი იქნება. შესაკრებთა გადანაცვლებით ამ შემთხვევაში არაფერი შეიცვლება, ჯამი იგივე იქნება. აპირებენ, რომ პარლამენტში შემოვიდნენ და რა თქმა უნდა, გაერთიანდებიან საქართველოს და “ქართული ოცნების” წინააღმდეგ. შეეცდებიან, გაატარონ თავიანთი მავნე არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ დივერსიული დღის წესრიგი“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ამავე თემაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ ამავე მიზეზით შეიქმნა თავდაპირველად პარტია „ლელო“, რომელიც აუთვისებელი ხმების საკუთარი პარტიისკენ მიზიდვას შეეცდებოდა.

„შესაბამისად, მინდა საზოგადოებას შევახსენო, ამისთვისვე შეიქმნა „ლელო“, რომელიც ვითომდა უმანკო ორგანიზაციაა და შეეცდებოდა აუთვისებელი ხმების საკუთარი პარტიის მიზიდვას. პარტიას, რა თქმა უნდა, ზედმეტია, რომ ვეძახი. ის იყო ჩვეულებრივი ლობისტური კომპანია, რომელიც ანაკლიის პროექტთან მიმართებაში მავნებლობდა და ვფიქრობ, ახლა მას ყველანაირი საფუძველი გამოეცალა იმისთვის, რომ მან პოლიტიკურ პარტიად იპოზიციონიროს. ისევე, როგორც გახარია.

გახარიას პარტია ადგილობრივ არჩევნებზე შეიქმნა მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ 43%-იანი ბარიერი ვერ გადაელახა და ქალაქის მერისთვის, კახა კალაძისთვის წაერთმია ის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი ხმები, რომელიც “ქართული ოცნების” კანდიდატის პირველ ტურში გამარჯვებას განაპირობებდა. ეს ასეც იქნებოდა, რომ არა გახარიას ყალბი ნარატივი, რომ ის თითქოს სათადარიგო “ქართული ოცნება” იყო, ბიძინა ივანიშვილის რაღაც რჩეული, რომელიც ადრე თუ გვიან ბიძინა ივანიშვილის ხელდასმით გამოვიდოდა ასპარეზზე. თუმცა ამას ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ და სამუდამოდ დაუსვა ძალიან მსუყე წერტილი, როდესაც მას საკუთარი ქვეყნისა და გუნდის მოღალატე უწოდა“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

თიბისის მხარდაჭერით TEDxTbilisi Youth ბრუნდება

TEDxTbilisi Youth, თიბისის მხარდაჭერით, 8 სექტემბერს „რედისონ რედში“ ჩატარდება. ღონისძიებაზე, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და უცნობი, ახალგაზრდები საკუთარ გამოცდილებას  გაგვიზიარებენ.

TEDxTbilisi წელს სცენას ახალგაზრდებს უთმობს. „ძიებაში“ ასეთია ღონისძიების მთავარი თემა და 25 წლამდე სპიკერებიც სწორედ მათი დაკვირვებების და ძიების პროცესის შესახებ ისაუბრებენ.

TEDxTbilisi Youth-ის მონაწილეები არიან: ელენე ჭელიძე, გიორგი ძირკველიშვილი, ლექსო რატიანი, გიორგი ცარციძე, ლინაკო გიუნაშვილი, ლიზი გოზალიშვილი, ლიზი ქათამაძე, მარიამ გულედანი, სოფო ჩიქოვანი და თეკლე შალიკიანი.

„ალბათ, ყველანი ყოველთვის ძიების პროცესში ვართ, თუმცა ყველაზე მძაფრად ეს პროცესი ახალგაზრდობის პერიოდში აღიქმება, დღეისათვის ყველაზე აქტუალური და საინტერესო სწორედ ახალგაზრდების განცდები და გამოცდილებაა. საკმაოდ ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით და დარწმუნებულები ვართ, მათი ისტორიები მსმენელისთვისაც, ისეთივე შთამაგონებელი იქნება, როგორც ჩვენთვისაა” – აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები.

TEDxTbilisi არაკომერციული, თვითორგანიზებული ღონისძიებაა, რომელიც 2012 წლიდან TED-ის ლიცენზიის ქვეშ არსებობს და TED-ის ოჯახის ნაწილია. ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მილიარდობით ადამიანს აერთიანებს. ყოველ წელს TEDxTbilisi 500-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს და მათ საშუალებას აძლევს მოისმინონ ინოვაციური და საინტერესო იდეები.

ღონისძიების გენერალური პარტნიორია თიბისი.

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა, მათი შთაგონება და წახალისება პრიორიტეტია. სწორედ ამ იდეით უერთდება თიბისი ღონისძიებას.

შეიძინე TEDxTbilisi Youth-ის ბილეთები თიბისის მოსწავლის ან სტუდენტის ბარათით და მიიღე 20% ფასდაკლება.

R

ოთარ ფარცხალაძე რუსეთში იქნება თუ საქართველოში, ემსახურება ივანიშვილის ინტერესს და ივანიშვილს სურს, სწორედ ასეთი კრიმინალური კლანის მეშვეობით მართოს საქართველო – ზურაბ ჭიაბერაშვილი 

ივანიშვილს იმიტომ სურს საქართველოს იზოლირება ევროპისა და აშშ-სგან, რომ სწორედ ფარცხალაძის მსგავსი კრიმინალური კლანის მეშვეობით მართოს საქართველო, რომელიც ღარიბდება ყოველდღიურად და საიდანაც ათასობით ადამიანი გარბის ქვეყნიდან, – ამის შესახებ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ოთარ ფარცხალაძის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძე რუსეთში იქნება თუ საქართველოში, ის ყოველთვის ემსახურება ივანიშვილის ინტერესს.

„საერთაშორისო კრიმინალი, აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსეთის აგენტი ოთარ ფარცხალაძე არის ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრი და „ქართული ოცნების“ კორუფციული კლანის ნაწილი, ამიტომ რუსეთში იქნება თუ საქართველოში, ის ყოველთვის ემსახურება ივანიშვილის ინტერესს და ივანიშვილს იმიტომ სურს საქართველოს იზოლირება ევროპისგან და აშშ-სგან, რომ სწორედ ასეთი კრიმინალური კლანის მეშვეობით მართოს საქართველო, რომელიც ღარიბდება ყოველდღიურად და საიდანაც ათასობით ადამიანი გარბის ქვეყნიდან. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოთარ ფარცხალაძე არის შემოქმედი იმ პოლიტიკური საქმეებისა, რომლის გამოც მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში,“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ქვემო ქართლის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ზ.ი. და ამავე წელს დაბადებული რ.ბ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, გამოძალვაში დახმარების, ასევე, სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით მოქალაქეებს დაუკავშირდნენ და მათ სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ქონების განადგურების მუქარით, დიდი ოდენობით თანხები მოსთხოვეს, ხოლო უარის მიღების შემდეგ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის ქონება დაუზიანეს.

ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზ.ი. და რ.ბ. ბრალდებულების სახით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონები და სიმ ბარათები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებულები მოქალაქეებს თანხის გამოძალვის მიზნით უკავშირდებოდნენ.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე , 25 – 181-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები არის გადამწყვეტი მომენტი – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები, შესაძლოა, უკანასკნელი შანსი იყოს ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მისაღწევად.

”ეს არის გადამწყვეტი მომენტი – ალბათ, საუკეთესო, შესაძლოა უკანასკნელი შესაძლებლობა მძევლების შინ დასაბრუნებლად, ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და იმისთვის, რომ ყველა დაადგეს მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას“, – განაცხადა ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან შეხვედრაზე.

სახელმწიფო მდივნის განმარტებით, ის ასევე მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ მოხდეს რეგიონული ესკალაცია, ირანის მიერ ისრაელზე შესაძლო თავდასხმის ფონზე.

შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი თელ-ავივში გუშინ ჩავიდა, ეს მისი მეცხრე ვიზიტია ისრაელში 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ.

აზერბაიჯანი სომხეთს მისი პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქელბაჯარის რაიონში დისლოცირებული აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, სომხურმა შენაერთებმა ცეცხლი გვიან ღამით ავტომატური იარაღის გამოყენებით გახსნეს. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, აზერბაიჯანულმა არმიამ „ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღო აღნიშნულ მიმართულებაზე“.