Home Blog Page 101

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილი “ყირიმის პლატფორმის” სამიტზე მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ყირიმის პლატფორმის” მე-4 სამიტზე მიიწვია. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითა რწმუნებულმა, მიხაილო ხარიშინმა “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა.

“ყირიმის პლატფორმის მე-4 სამიტი გაიმართება 11 სექტემბერს კიივში. უკრაინამ საელჩოს საშუალებით გადასცა მოწვევა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიიღოს მასში მონაწილეობა.

ასევე პარლამენტის დონეზე ტარდება ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ღონისძიებები, ტრადიციულად ოქტომბერში. გასულ წელს ღონისძიებაზე საქართველოს წარმოადგენდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი არჩილ თალაკვაძე, იგი საქართველო-უკრაინის პარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია. ღონისძიების ორგანიზატორების – უკრაინისა და ლატვიის სახელით – წელს ოქტომბერში რიგაში გაიმართება, პარლამენტის ხელმძღვანელობამ ასევე მიიღო ეს მოწვევა. გვაქვს მოლოდინი, რომ წელს სამიტში მოადგილეები მაინც მიიღებენ მონაწილეობას.” – ამბობს ხარიშინი ინტერვიუში.

ყველა ხედავს, რომ თანდათან ვიზრდებით და ვსწავლობთ ერთმანეთთან ლაპარაკს -ალეკო ელისაშვილი

ყველას აინტერესებს, როგორ დაიწყო კომუნიკაცია ჩვენს შორის, მე მივწერე ბადრი ჯაფარიძეს და რამდენიმე წუთშივე იყო პასუხი, დავსხდეთ და დავილაპარაკოთო. შევხვდით შემდეგ ერთმანეთს გაფართოებული შემადგენლობით და ქართულად, ადამიანურად, კაცურად გადავწყვიტეთ, რომ წყენა უნდა დავივიწყოთ და ერთად დავდგეთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კოალიცია „ძლიერ საქართველოში” გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ, პოლიტიკოსებმა ყველას ვაჩვენეთ ისიც, თუ როგორ შეგვიძლია ერთმანეთის ლანძღვა, მაგრამ ახლა იმასაც ვაჩვენებთ, თუ როგორ შეგვიძლია საკუთარ წყენებზე მაღლა დადგომა ქვეყნის ინტერესისთვის, ყველა ხედავს, რომ თანდათან ვიზრდებით და ვსწავლობთ ერთმანეთთან ლაპარაკს. თუკი ვინმეა ისეთი, ვინც „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა, მაგრამ ბოლომდე შესრულებაზე უარს იტყვის, ის საკუთარ პოლიტიკურ მომავალს გამოუტანს განაჩენს. აქ ორი ამბავი გვაქვს, ერთი, რომ ეს ხელისუფლება შევცვალოთ და სიმდიდრისკენ წავიყვანოთ ქვეყანა და მეორე, რომ მექანიზმები შევქმნათ ერთხელ და სამუდამოდ, როგორიცაა პროკურატურა, სასამართლო. პოლიტიკა უნდა გახდეს იდეების ჭიდილი და არა ის, რასაც ახლა აკეთებს ,,ქართული ოცნება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

აშშ-ის კონგრესი ბაიდენს საიმპიჩმენტო დანაშაულების ჩადენას ედავება -Fox News

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა მოამზადა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საიმპიჩმენტო დანაშაულები ჩაიდინა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობდნენ ასევე წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ საკითხთა და საბიუჯეტო კომიტეტები. დასკვნაზე „რესპუბლიკური“ პარტიის კანონმდებლები მუშაობდნენ.

დოკუმენტის მიხედვით, ბაიდენი თანამდებობას ბოროტად იყენებდა და „საკუთარი ოჯახის გამდიდრების გამო შეერთებულ შტატებს ატყუებდა“.

„კომიტეტებმა შეაგროვეს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ჩაიდინა ისეთი მოქმედებები, რომელთაც იმპიჩმენტი მოჰყვება“, – ნათქვამია 292-გვერდიან დოკუმენტში.

დასკვნაზე მომუშავე კონგრესმენების თქმით, ბაიდენის ოჯახმა და მათმა საქმიანმა პარტნიორებმა უცხოური კომპანიებისგან ათეულობით მილიონი დოლარი მიიღეს. ბაიდენის ოჯახი უცხოელებს არწმუნებდა, რომ ისინი ბაიდენთან დაახლოებას და მასზე ზეგავლენის მოხდენას შეძლებდნენ. ამრიგად, ბაიდენის ოჯახმა 2014 წლიდან დღემდე შემოსავლის სახით 27 მილიონი დოლარი მიიღო.

გარდა ამისა, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს ბაიდენის ოჯახმა „დემოკრატიული“ პარტიის ბენეფიციარების მეშვეობით 8 მილიონი დოლარის კრედიტების აღება შეძლო. კრედიტების ნაწილი გადაუხდელია, ხოლო ნაწილის შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობს.

დასკვნაში აგრეთვე 2014 წლის ვახშმის ეპიზოდია მოყვანილი, როცა ჯო ბაიდენი თავისი შვილის ჰანთერის მიწვევით ვახშამს დაესწრო, სადაც აგრეთვე რუსი ოლიგარქი ელენა ბატურინაც იმყოფებოდა. ვახშმის დასრულების შემდეგ ბატურინამ 3,5 მილიონი დოლარი ჰანთერ ბაიდენის კომპანიას Rusemont Seneca Thornton-ს გადაურიცხა.

აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ბაქოში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივი განცხადება მიიღეს

აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ბაქოში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელიც კრემლის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 17-პუნქტიან განცხადებაში მიმოხილულია ის საკითხები, რაზეც ილჰამ ალიევმა და ვლადიმერ პუტინმა ისაუბრეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრამ რუსეთ-აზერბაიჯანის მტკიცე თანამშრომლობისთვის ტრადიციულ „სრული ურთიერთგაგებისა და ღრმა ნდობის ატმოსფეროში“ ჩაიარა, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და ასევე გაცვალეს მოსაზრებები აქტუალურ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე“.

„მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაძლიერება სახელმწიფო სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, თანასწორუფლებიანობისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების საფუძველზე“, – ნათქვამია ალიევისა და პუტინის ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაშია ხაზგასმულია, რომ ბაქოში მოლაპარაკებებისას „სახელმწიფოთა მეთაურებმა ხაზი გაუსვეს 2022 წლის 22 თებერვალს მოსკოვში ხელმოწერილი რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოკავშირეო ურთიერთქმედების შესახებ დეკლარაციის მნიშვნელობას“.

„ორი ქვეყნის ლიდერებმა დაადასტურეს სახელმწიფოთაშორისი დიალოგის მაღალი დონე და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა, გამოხატეს მზადყოფნა, ყოველმხრივ ხელი შეუწყონ ძალისხმევას რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობრივი ურთიერთქმედების შესახებ დეკლარაციის დებულებების, ასევე 2024-2026 წლებში რუსეთ-აზერბაიჯანის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების განვითარების ღონისძიებათა გეგმის („გზამკვლევის“) რეალიზაციისა და პოტენციალის სრულად გამოვლენისთვის“, – ნათქვამია ტექსტში.

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავენ „საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა მრავალმხრივ პლატფორმებზე ორმხრივი ინტერესის საკითხებზე თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას და გამოხატავენ ერთგულებას გაერო-ს წესდების მიზნებისა და პრინციპებისადმი“.

„რუსეთის ფედერაციამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკამ დაადასტურეს მისწრაფება, ხელი შეუწყონ საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს, რომელიც თავისუფალი იქნება ორმაგი სტანდარტებისგან და გამორიცხავს გამყოფი ხაზების შექმნას. რუსეთის ფედერაციამ აღნიშნა ევრაზიული უსაფრთხოების სამართლიანი არქიტექტურის ჩამოყალიბების მიზნით პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა. მხარეები აღიარებენ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების შენარჩუნებაში. რუსეთის ფედერაცია მხარს უჭერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტატუსის ამაღლებას შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში, ისევე როგორც მის ინტერესს BRICS-თან თანამშრომლობის გაძლიერებისადმი“, – ვკითხულობთ პუტინის და ალიევის ერთობლივ განცხადებაში.

რუსეთსა და აზერბაიჯანის სახელმწიფოთა მეთაურებმა ასევე აღნიშნეს „წარმატებული თანამშრომლობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში და გამოვიდნენ მოვუწოდებთ, განავითარონ „3+3“ საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის პოტენციალი, როგორც თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმისა“.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს 2020 წლის 9/10 ნოემბრის რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული სამმხრივი განცხადების, ასევე უმაღლეს დონეზე მიღწეული შემდგომი შეთანხმებების მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის. რუსეთის ფედერაციამ დაადასტურა მზადყოფნა, კვლავაც ხელი შეუწყოს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას.

პრეზიდენტებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დონე.

„სახელმწიფოთა მეთაურებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შემდგომი გაძლიერების, ტურისტული და სატრანზიტო ნაკადების გაფართოების მნიშვნელობას, მათ შორის საჰაერო მიმოსვლის, ასევე სარკინიგზო და მულტიმოდალური სატვირთო გადაზიდვებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებით „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის მარშრუტზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა გამოხატეს რწმენა, რომ ბაქოში გამართული მოლაპარაკებები და ამ ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი ორმხრივი დოკუმენტები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სამოკავშირეო ურთიერთქმედების შემდგომ გაძლიერებას.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანელი კოლეგა რუსეთში ვიზიტით მიიწვია.

აბსოლუტურად არ არის გასაკვირი სალომე ზურაბიშვილისა და კონკრეტული უკრაინელი მაღალჩინოსნების მეგობრობა, ზურაბიშვილი შეხვედრებზე ღიად მოგვიწოდებდა მეორე ფრონტისკენ -ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებზე ღიად მოგვიწოდებდა მეორე ფრონტისკენ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც „ყირიმის პლატფორმის“ მეოთხე სამიტზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის აბსოლუტურად არ არის გასაკვირი ზურაბიშვილის და უკრაინელი მაღალჩინოსნების მეგობრობა.

„სალომე ზურაბიშვილიც არის, სამწუხაროდ, იქ, სადაც ხმოვანდებოდა მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ მინდა, გავიხსენო ჩემი და შალვა პაპუაშვილის შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან. ეს იყო ომის დაწყებიდან მეორე-მესამე დღეს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა დაიწყო ასეთი სიტყვებით: ნახეთ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო. საითკენაც მოგვიწოდებდა ზურაბიშვილი, ეს ძალიან ადვილი მისახვედრია. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილისა და კონკრეტული მაღალჩინოსნების მეგობრობა ჩემთვის აბსოლუტურად არ არის გასაკვირი, სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებზე ღიად მოგვიწოდებდა ჩვენ მეორე ფრონტისკენ“, – განაცხადა პრემიერმა.

ვინმეს თუ რამე აქვს გადასახედი, ესაა უკრაინის ხელისუფლება, უნდა გადახედონ ელჩის გაწვევის გადაწყვეტილებას, დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს -ირაკლი კობახიძე

ვინმეს თუ რამე აქვს გადასახედი, ეს არის უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც უნდა გადახედოს გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევის თაობაზე, რაც იყო უკიდურესად არამეგობრული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოდან ელჩი გაიწვია 2022 წლის პირველ მარტს – ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს.

„ელჩის გაწვევის მიზეზად დასახელებული იქნა ორი საბაბი, ერთი იყო რუსეთისთვის სანქციების არდაწესება. იცით, დღეს უკვე ოპოზიცია აცხადებს ღიად, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ იქნებოდა სწორი. ისინი ახლა, ორი წლის თავზე ჩვენს გზავნილებს იმეორებენ. მეორე საბაბი იყო ის, რომ ჩვენ არ გავგზავნეთ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები. ჩვენ მათი მოთხოვნის მიხედვით უნდა გაგვეგზავნა მებრძოლი მოხალისეები მთავრობის ოფიციალური ნებართვით, ჩვენი თვითმფრინავებით, ეს არ გავაკეთეთ. ამ ორი საბაბით და არა მიზეზით, უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია ელჩი საქართველოდან, შესაბამისად, აშკარაა, რა იყო მოტივი ამ ყველაფრის უკან, რაზეც ღიად საუბრობდნენ მოგვიანებით უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები. თქვენ გახსოვთ, პოდოლიაკი, დანილოვი ღიად მოგვიწოდებდნენ ჩვენ მეორე ფრონტის გახსნისკენ და აქ ძალიან ლოგიკურად იკითხება ის გადაწყვეტილება, რომელიც პირველ მარტს იქნა მიღებული ორი წლის წინ. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს რამე აქვს გადასახედი, ეს არის სწორედ უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც უნდა გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევის თაობაზე, რაც იყო უკიდურესად არამეგობრული გადაწყვეტილება. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას უკრაინის ხელისუფლების მიმართ, ყველა შემთხვევაში, ასეც და ისეც ჩვენ დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რადგან ჩვენგან ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 დასაქმების ზრდასთან ერთად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტი, ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას – პრემიერი

გამოქვეყნდა მეორე კვარტლის მონაცემები და 3.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული უმუშევრობის დონე, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე წელსაც ვინარჩუნებთ 9%-იან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს.

„ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ზრდა პირდაპირ აისახება დასაქმებაზე, უმუშევრობის დონის შემცირებაზე. ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას.

სამწუხაროდ, მთელი ჩვენი პოლიტიკური დისკუსია არის გადართული რაღაც ვიწრო პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებიც არ არის არსებითად საინტერესო მოსახლეობისთვის, არ ეხება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ჩვენ, პარალელურ რეჟიმში, მთელი ჩვენი საქმიანობა გვაქვს მიმართული იქითკენ, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, შევამციროთ უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში, დავასაქმოთ მეტი ადამიანი და გვაქვს კონკრეტული შედეგები, რაც არის ასახული არა მარტო სტატისტიკაში, არამედ შემდეგ ეს უმუშევრობის შემცირება, დასაქმების ზრდა პირდაპირ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზე. ეს ახალი დასაქმებული ადამიანები პირდაპირ იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადს. შესაბამისად, დასაქმების ზრდასთან ერთად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტი. ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა პრემიერმა.

ბიზნესის მხარდაჭერა – რა უნდა იცოდეთ თიბისის მიმდინარე პროექტებზე

„თიბისი“ ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში არსებული პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც მომხმარებელს უფრო დეტალურად აცნობს იმ პროცესებს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელშეწყობისა და საქმის გამარტივების საშუალებას იძლევა.

„საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას თიბისი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება. ამაზე მეტყველებს წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტებისა და მომხმარებლისთვის შეთავაზებული პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება.

თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის მთავარი ამოცანა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და საქმიანობის გამარტივებაა. ბიზნეს განათლება, ბიზნეს დაჯილდოება, მედია მხარდაჭერა და ხუთშაბათის შეხვედრები ის ძირითადი პროექტებია, რომლებსაც თიბისი ახორციელებს.

მარიამ კანდელაკი, ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის კაპიტანი, თვლის, რომ სტატისტიკა და რიცხვები ამ პროექტების სარგებლიანობაზე ყველაზე უკეთ მეტყველებს.

„ბიზენსგანათლება უკვე წლებია, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. მხოლოდ 2023 წელს 100-მდე ტრენინგი და 15-მდე კურსი გავმართეთ, რომლებსაც 5000-მდე ადამიანი დაესწრო. მცირე და საშუალო ბიზნესებს ხშირად უჭირთ განათლებისთვის, თანამშრომლების ცოდნისა და უნარების გაღრმავებისთვის, დამატებითი სახსრების მოძიება. სწორედ ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად, ბიზნესებს ვთავაზობთ სხვადასხვა დარგის საგანმანათლებლო კურსებს.

2013 წლიდან დღემდე 35 000-მდე ადამიანი გვყავს დატრენინგებული. ჩვენი ტრენინგების, ვორქშოფებისა და კურსების თემები მრავალფეროვანია: სტუმარ-მასპინძლობა, საგადასახადო საკითხები, ამაზონზე გაყიდვები, სურსათის უვნებლობა, მომხმარებელთა სეგმენტაცია, მარკეტინგული სამოქმედო გეგმის შედგენა და ა.შ.“

მედია მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ჩვენი კლიენტების მთავარი პრობლემა ხშირად ცნობადობის ნაკლებობაა. სწორედ ამიტომ ჩვენ უზრუნველვყოფთ ბიზნესების მედია მხარდაჭერას. მათ შესახებ ინფორმაციას ტელევიზიით ვავრცელებთ, ვწერთ ბლოგებს, რომლებიც, ჩვენი არხებისა და პარტნიორების მეშვეობით, დაახლოებით 50-მდე მედიაში ქვეყნდება“.

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ცნობადობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი აღიარებაა. ბიზნეს დაჯილდოების საჭიროებაც ამ ფაქტიდან გაჩნდა.

„ამ ღონისძიების მთავარი მიზანია ქართული ბიზნესების წარმატების აღიარება და მათ მაგალითზე დამწყები ანტერპრენერების შთაგონება. ბიზნეს დაჯილდოება 2015 წლიდან ტარდება, სადაც 4,000-მდე ბიზნესს აქვს მონაწილეობა მიღებული. 5 ნომინაცია შეიქმნა სწორედ იმ დამსახურებებისთვის, რომლებითაც ბიზნესები ქვეყნის განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ”.

საშუალო და მცირე ბიზნესისთვის ნეთვორქინგის საჭიროებამ გააჩინა ხუთშაბათის შეხვედრების იდეა:

„ამ შეხვედრების მთავარი მიზანია ბიზნეს სფეროთი დაინტერესებული ადამიანების შეკრება და მათთვის საინტერესო სადისკუსიო სივრცის შექმნა. ხუთშაბათობით ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად განვიხილავთ სხვადასხვა საკითხს, ვუზიარებთ ერთმანეთს რჩევებსა და გამოცდილებას. ღონისძიების ფორმატი საშუალებას გვაძლევს მრავალფეროვანი თემები დავფაროთ, შესაბამისად ხუთშაბათის შეხვედრებს აქტიურად ვატარებთ რეგიონებშიც – უკვე გაიმართა შეხვედრები ქუთაისში, ახალციხესა და თელავში,“ – წერია თიბისის ინფორმაციაში.

ადრე ერთი ოპოზიციური ე.წ. ფანჩატური იყო, ახლა 3-4 ფანჩატური იქმნება – მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის – პრემიერი

ადრე ერთი ოპოზიციური ე.წ. ფანჩატური იყო, ახლა ერთის მაგივრად 3-4 ფანჩატური იქმნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, ოპოზიციურ კოალიციებს რესურსი არ გააჩნიათ.

„ადრე ერთი ოპოზიციური ე.წ. ფანჩატური იყო, ახლა ერთის მაგივრად 3-4 ფანჩატური იქმნება. რომ ჰგონიათ, რომ ერთ ფანჩატურს სჯობია 3 თუ 4, ეს მე არ ვიცი. რეალურად განსხვავება რაოდენობაში ვერ იქნება, მთავარია, რომ მათ რესურსი რეალურად არ აქვთ“, – განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძე „ევროპული საქართველოს“ პლატფორმა „ერთიანობაში“ გაწევრიანებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სინამდვილეში, ეს არის ერთიანი, ერთი პოლიტიკური ძალა“.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის. სინამდვილეში, ეს არის ერთიანი, ერთი პოლიტიკური ძალა, ამას ჩვენ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ვუწოდებთ. ეს შემთხვევითი არ არის. ყველამ ვიცით, რომ მათ ყველაფერთან დაკავშირებით, აბსოლუტურად, საერთო ხედვები აქვთ. უფრო სწორად, მათ აქვთ ზუსტად ის ხედვები, რაც მათ საერთო პატრონს აქვთ. აქედან გამომდინარე, არავითარი განსხვავება არ არის, ისინი დღეს, ხვალ – ხან ერთად იქნებიან, ხან ცალ-ცალკე იქნებიან, არავითარი განსხვავება არ არის. ერთადერთი არის ის, რომ ისინი არიან ერთიანი პოლიტიკური ძალა – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა კობახიძემ.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ნაწილის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ნაწილის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. საუბარია იმ პარტიებზე, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები და კანონი რეგისტრაციისთვის 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენას ავალდებულებდა.

აღნიშნული პარტიებისთვის ცესკოსთვის მომართვის ვადა 15 ივლისს ამოიწურა და საერთო ჯამში უწყებას რეგისტრაციისთვის 30-მა პოლიტიკურმა პარტიამ მომართა.

მომართვების შედეგად, 30 პოლიტიკური პარტიიდან არ განხილულა 2-ის განაცხადი (ერთ შემთხვევაში საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით პარტიის რეგისტრაციის გაუქმების გამო, მეორე შემთხვევაში – ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო). ხოლო დარჩენილი 28 პარტიიდან:

  • რეგისტრაცია გაიარა 17-მა;
  • უარი ეთქვა რეგისტრაციაზე 11-ს.

11 პოლიტიკური პარტიისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები შემდეგია:

  • 4-მა პარტიამ არ წარმოადგინა მხარდამჭერთა სიები;
  • 5 პარტიას დაუდგინდა ხარვეზი მხარდამჭერთა სიების შემოწმებისას და მათ მიერ წარმოდგენილმა შესწორებულმა დოკუმენტაციამ ხარვეზი ვერ აღმოფხვრა;
  • 2 პარტიის ხელმძღვანელს განცხადების წარმოდგენის მომენტისათვის შეწყვეტილი ჰქონდა უფლებამოსილება.

საერთო ჯამში, ცესკოს მიერ შემოწმდა 27 119 ფურცელზე წარმოდგენილი 780 049 მხარდამჭერის შესახებ ინფორმაცია. შედეგად, რეგისტრაცია გაიარა შემდეგმა 17-მა პარტიამ:

  1. „საქართველო“
  2. „მესამე გზა“
  3. „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
  4. „გახარია საქართველოსთვის“
  5. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
  6. „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“
  7. „სამართლიანობისთვის“
  8. „ანა დოლიძე – ხალხისთვის“
  9. „თავისუფალი საქართველო“
  10. „მემარცხენე ალიანსი“
  11. „შეცვალე საქართველო“
  12. „დემოკრატთა ალიანსი“
  13. „ტრიბუნა“
  14. „მწვანეთა პარტია“
  15. „თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა“
  16. „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
  17. „ქართველ ერთობა“

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიებში აღმოჩნდა ისეთი მოქალაქეების ხელმოწერები, რომლებსაც რეალურად მხარდამჭერთა ბლანკზე ხელი არ მოუწერიათ. აღნიშნული გამოვლინდა გადამოწმების შედეგად. შესაბამისად, ცესკომ იმოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა ასეთ შემთხვევაში, სათანადო დოკუმენტაცია გადაიგზავნა საგამოძიებო უწყებაში შემდგომი რეაგირების მიზნით.

შეგახსენებთ, რომ გარდა ზემოთ აღნიშნული პარტიებისა, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად რეგისტრაციის ვადა ჯერ კიდევ აქვს იმ 13 პარტიას, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დროისთვის ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ასეთმა პარტიებმა ცესკოს თავმჯდომარეს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.

აღნიშნული უფლება აქვს ქვემოთ ჩამოთვლილ შემდეგ 13 პარტიას:

  1. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
  2. „ლელო საქართველოსთვის“
  3. „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – “გირჩი“
  4. „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“
  5. „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“
  6. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
  7. „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“
  8. „კანონი და სამართალი“
  9. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
  10. „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“
  11. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“
  12. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“
  13. „პროგრესი და თავისუფლება“.

რა ეღირება დოლარი და ევრო 20 აგვისტოს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6891 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6891 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6903 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9677 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9566 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0111 ლარი შეადგინა.

რუსეთი მოხარული იქნება, თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაში დაეხმარება – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ რუსეთი მოხარული იქნება, თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერაში დაეხმარება.

„ჩვენ მოხარულები ვიქნებით, თუ რამის გაკეთებას შევძლებთ, რათა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწეროს, საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის საქმე ბოლომდე მივიდეს, ლოგისტიკასა და ეკონომიკაში შესაბამისი მიმართულებები განიბლოკოს“, – თქვა პუტინმა.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთი ისტორიულად სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესების მონაწილე იყო. „ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთიც ებრძვის კრიზისებს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უკრაინის მიმართულებით, თუმცა, სამხრეთ კავკასიის ვითარებაში ისტორიული მონაწილეობა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, გვიბიძგებს, რომ ჩვენ ამ პროცესების მონაწილენი უნდა ვიყოთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინი ბაქოში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით 18 აგვისტოს ჩავიდა.