Home Blog Page 100

უკრაინელებმა რუსების ყველა საჰაერო სამიზნე გაანადგურეს – დეტალები

რუსულმა ძალებმა, 20 აგვისტოს ღამეს კიევს დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა მათგანი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტერი კვლავ ურტყამს კიევს. სარაკეტო და დრონებით ტერორი არ წყდება! ღამით ოკუპანტებმა დედაქალაქს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს (დრონები საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა). დღეს დილით კი ფრთოსანი რაკეტების საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა“, – აღნიშნულია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს განცხადებაში.

მისი თქმით, ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქს ჩრდილოეთის მიმართულებიდან, სავარაუდოდ, „ისკანდერის“ ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს.

„ეს უკვე მეხუთე სარაკეტო შეტევა იყო კიევზე ამ თვეში! რაკეტები საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ქალაქის მისადგომებთან გაანადგურეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კიევში ნგრევა და მსხვერპლი არ არის“, – აღნიშნა პოპკომ.

მისი თქმით, აგვისტოს დასაწყისიდან, რუსეთის დარტყმის საფრთხის გამო, დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში უკვე 41-ჯერ გამოცხადდა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მაღალი ტემპერატურის ფონზე, შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

უნალექო ამინდს ვარაუდობენ დედაქალაქში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსი დაფიქსირდება. 23 აგვისტოდან სპეციალისტები უმეტესად წვიმიან ამინდს ვარაუდობენ.

დღეს თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება

რთველის საკოორდინაციო შტაბს თელავში დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გახსნის.

წელს კახეთში ყურძნის საუკეთესო მოსავალს ელიან, რომლის საპროგნოზო მოცულობა დაახლოებით 300 ათას ტონას შეადგენს. მევენახე ფერმერების მიერ მოწეული ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას განახორციელებს, რაც 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის შეუფერხებელი რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას, ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს.

სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში, შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კგ. ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს არანაკლებ 1.00 ლარს გადაუხდის. კახეთის რეგიონში, მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1კგ. რქაწითელზე – 20 თეთრს შეადგენს.

რთველის პერიოდში საკოორდინაციო შტაბი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი ნომრით – 1501, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

რთველის საკოორდინაციო შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა უხელმძღვანელებს.

ელექტრონულ თაღლითობაში ბრალდებულმა, ნიუ იორკის ყოფილმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯორჯ სანტოსმა ბრალი აღიარა

ელექტრონულ თაღლითობაში ბრალდებულმა, ყოფილმა ნიუ იორკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯორჯ სანტოსმა ბრალი აღიარა. როგორც „ბიბისი“ წერს, სანტოსის აღიარებული ბრალდებებისთვის სასჯელი შესაძლოა, ექვსიდან რვა წლამდე იყოს.

„მე ღრმად ვწუხვარ ჩემი ქცევის და მის მიერ გამოწვეული ზიანის გამო და ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას ჩემს ქმედებებზე“,- თქვა სანტოსმა სასამართლოში.

სანტოსს 23 ბრალი აქვს წაყენებული, მათ შორის საბანკო გადარიცხვის თაღლითობა, ფულის გათეთრება და საარჩევნო კამპანიის თანხების არამიზნობრივ გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი რესპუბლიკელი კონფრესმენი საპროცესო შეთანხმება დადებს, მაშინ მას მოუწევს გადაიხადოს სულ მცირე 374 000 დოლარის კომპენსაცია.

ჯორჯ სანტოსი კონგრესში 2022 წლის ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად აირჩიეს. ის კონგრესში ნიუ იორკს წარმოადგენდა. კონგრესმენად არჩევის შემდეგ, მალევე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ სანტოსმა ბიოგრაფიის ნაწილი გააყალბა. 2023 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ მას ელექტრონულ თაღლითობაში, ფულის გათეთრებასა და საჯარო სახსრების მითვისებაში ედებოდა ბრალი. ამავე წლის დეკემბერში კი ცნობილი გახდა, რომ სანტოსი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატიდან გააძევეს. თავად სანტოსი ამ პერიოდში ბრალს უარყოფდა.

 “ნაციონალური მოძრაობა” რთულად ქვეწყობილ წინადადებასავით გამოიყურება – მიჭირს, გარკვევა, სად ვინ და როგორ, რა თანამდებობაზე დაინიშნა -ნიკა გვარამია

„ნაციონალური მოძრაობა“ რთულად ქვეწყობილ წინადადებასავით გამოიყურება – მიჭირს, გარკვევა, სად ვინ და როგორ, რა თანამდებობაზე დაინიშნა, – ამის შესახებ „ახალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რითაც  „ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ კობა ნაყოფიას არჩევას გამოეხმაურა.

„არ ვიცოდი „ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ კობა ნაყოფიას არჩევის გადაწყვეტილების შესახებ, მართალი გითხრათ,  არც ვთვლი კობას ვალდებულად, რომ მე ანგარიში ჩამაბაროს მისი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობის, იმიტომ რომ ის რჩებოდა ამ პარტიის, ფრაქციის წევრად, ასევე ჩემს მეგობრად. რაც არ უნდა მოხდეს პარტიაში, თუ ფრაქციაში, ჩემ მეგობრად მაინც დარჩება. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს, ამაზე კომენტარის გაკეთება არ მგონია ჩემი საქმე, თან ისე ჩახლართული და რთულად ქვეწყობილი წინადადებასავით გამოიყურება დღეის მდგომარეობით „ნაციონალური მოძრაობა“, რომ მე მიჭირს, გარკვევა, სად ვინ და როგორ რა თანამდებობაზე დაინიშნა, რა ფუნქციებით, მაგრამ წარმატებას ვუსურვებ კობას ნებისმიერ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობასაც“, ჩვენ გადასარჩენი გვაქვს ქვეყანა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ „ფორმულას“ ეთერში.

იუსტიციის სახლის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება

იუსტიციის სახლის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა 20 აგვისტოს 00:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს და გზა ორივე მიმართულებით გადაიკეტება.

„იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოების გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

მოძრაობის შეზღუდვა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 აგვისტოს 00:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს. გზა ორივე მიმართულებით გადაიკეტება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინამ არ გააფრთხილა მსოფლიო კურსკის ოლქში შეტევის შესახებ, რადგან ეს, შესაძლოა, არარეალურად ჩანდა -ვოლოდიმირ ზელენსკი 

J

უკრაინამ არ გააფრთხილა მსოფლიო კურსკის ოლქში შეტევის შესახებ, რადგან ეს, შესაძლოა, არარეალურად ჩანდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ბევრს რომ გაეგო, კურსკის ოლქში მსგავს ოპერაციას ვგეგმავდით, იტყოდნენ, ეს არარეალურია და ყველაზე წითელ ხაზს კვეთდა იმ წითელ ხაზებს შორის, რომლებიც რუსეთს აქვს დაწესებული. სწორედ ამიტომ არავის სმენია ჩვენი მომზადების შესახებ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, ახლა მნიშვნელოვანი იდეოლოგიური ცვლილებები ხდება და „წითელი ხაზების ყველა ცნება ამ დღეებში, ზოგიერთი პარტნიორის შეფასებით, სადღაც სუჯის მახლობლად დაინგრა“.

რაც შეეხება ვითარებას კურსკის ოლქში, ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტს და 92 დასახლებას აკონტროლებენ.

„უკრაინელი მებრძოლები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას კურსკის ოლქის გარკვეულ რაიონებში“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის დასაწყისი საკმაოდ დაძაბული იქნება, თუმცა გამოცდილების დახმარებით, ნებისმიერ პრობლემას სწრაფად გაუმკლავდებით და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ.
სანამ მათ განზრახვებს არ გაარკვევთ, ახალ ნაცნობებს სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. დღის მეორე ნახევარი შესაძლებლობას გაძლევთ, სასარგებლო საქმეებზე ყურადღება გაამახვილოთ. საყვარელი ადამიანები სიამოვნებით გეხმარებიან. ბევრი უთანხმოება წარსულში დარჩება და თქვენი ძალისხმევით ჰარმონია და ურთიერთგაგება დაბრუნდება.

კურო

თუ ახალ საქმეს დღის პირველ ნახევარში დაიწყებთ, სწრაფი წარმატების იმდი ნუ გექნებათ. ამ დროს შეფერხებები გელით, რის გამოც საქმის დრულად დასრულება გაგიჭირდებათ. შუადღის შემდეგ ბევრად უფრო ხელსაყრელი დროა, რომელიც მარტივ გამარჯვებებს გპირდებათ. შეძლებთ მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას, რომელიც თქვენს ახლობლებს აწუხებთ. ინტუიცია საიმედო მოკავშირეების პოვნაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

ემოციური ფონი არასტაბილურია, განწყობა კი ცვალებადი. ეცადეთ ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილოთ, რომლებიც მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ახლობლები თქვენს მხარდაჭერას ცდილობენ, მაგრამ სწორი სიტყვების პოვნა უჭირთ. ეცადეთ საღამო განმარტოებით, სიმშვიდეში გაატაროთ.

კირჩხიბი

დღის დასაწყისი საკმაოდ დაძაბულია ამიტომ ნებისმიერი წვრილმანი გაღელვებთ. თქვენთვის საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგჯერ ის ძალიან იგვიანებს. შუადღის შემდეგ დადებითი ტენდენციების გავლენა თანდათან მოიმატებს და ნებისმიერ დავალებას სწრაფად გაუმკლავდებით. მოერიდეთ სამსახურებრივ რომანს, რომელიც პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა. ენერგიით სავსე ხართ და წარმატების მიღწევაში გარემოებებიც გეხმარებათ. თქვენი ძალისხმევით გადაწყდება პრობლემა, რომელიც ახლობელ ადამიანებს აწუხებს.
ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ სიტუაციაში სწრაფად გაერკვეთ და წარმატების მიღწევის შანსი ხელიდან არ გაუშვათ. შესანიშნავი დღეა მომავლის დასაგეგმად. საკუთარ ძლიერ მხარეებს სწორად აფასებთ და მოკავშირეებს ადვილად პოულობთ, რაც გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

როგორც არ უნდა ეცადოთ, ამ დღეს კამათს თავიდან ვერ აიცილებთ. იქნებ ასე ჯობია? სწორედ ეს კამათი დაგეხმარებათ, რომ ყველასთვის მოსაწონი გამოსავალი იპოვოთ.
სახლში იმაზე მეტი საქმეა, ვიდრე სხვა დროს. გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელი პრობლემების გადასაჭრელად შვებულების გადადება მოგიწიოთ. ყველაფერს გაუმკლავდებით, მაგრამ საღამოს თავს დაღლილად იგრძნობთ.

სასწორი

ეცადეთ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ და ჩხუბში არ ჩაერთოთ. დღეს ამას შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს – გაღიზიანებული ხართ და ხანდახან ბრაზდებით მათზე, ვინც არაფერში არ არის დამნაშავე. სასურველი შედეგის მიღწევა ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ თუ ემოციებს მართვას მოახერხებთ და ცივი გონებით იმოქმედებთ, ყველა დაბრკოლების დაძლევას შეძლებთ.

მორიელი

მშვენიერი დღეა ახალი საქმიანი კავშირების დამყარებისა და ძველის გაძლიერებისთვის. შანსი გაქვთ სპონსორი იპოვოთ, რომელიც თქვენს ბიზნესპროექტებს დააფინანსებს. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა უფრო თბილი და ნდობით სავსე გახდება. შეგიძლიათ მათ საკუთარი პრობლემები და გამოცდილება გაუზიაროთ. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ კარგ რჩევას, მორალურ მხარდაჭერას ან რეალურ დახმარებას მიიღებთ.

მშვილდოსანი

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას – ის ორაზროვან სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. შანსი გაქვთ, რომ თითქმის უიმედო საქმეში წარმატებას მიაღწიოთ. სავარაუდოდ, შორი ქვეყნიდან სასიხარულო სიახლეებს და მოგებიან შეთავაზებას მიიღებთ.
შესაძლებლობა გექნებათ, რომ ოჯახური უთანხმოება მოაგვაროთ და მშვიდობა დაამყაროთ მათთან, ვისთანაც დიდი ხანია, უთანხმოება გაქვთ.

თხის რქა

ნუ ცდილობთ შეუძლებელს მიაღწიოთ. ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ძლიერი მხარეები სწორად შეაფასოთ და საგნებს რეალისტურად შეხედოთ. იქნებ რთული ამოცანების სამომავლოდ გადადება და უფრო მარტივზე ფოკუსირება ჯობს, რომლის მოგვარებას სწრაფად შეძლებთ. ეცადეთ, შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ თქვენს ცხოვრებაზე გავლენა მოახდინონ.
ხელსაყრელი დღეა ყოველდღიური პრობლემების მოსაგვარებლად. თუ ფინანსური მდგომარეობა ხელს გიწყობთ, გირჩევთ სახლისთვის ახალი ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეიძინოთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, რომელიც მდიდარ ფანტაზიას მოითხოვს. გაცილებით რთული იქნება რუტინული ამოცანების ამოხსნა. გირჩევთ ფულს უსარგებლო ნივთებში ნუ დახარჯავთ, განსაკუთრებით კრედიტის აღებას უნდა მოერიდოთ.

თევზები

რთული ამოცანების გადაჭრას თავს ადვილად ართმევთ და ისეთ შედეგებს აღწევთ, როგორზეც სხვები მხოლოდ ოცნებობენ. ამაში ბოლო დროს შეძენილი ცოდნა და უნარები გეხმარებათ. გარშემომყოფებს საქმის მიმართ თქვენი სერიოზული მიდგომა მოსწონთ და გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ ხელსაყრელი პირობებით თანამშრომლობა შემოგთავაზოთ. რისკზე წასვლას უნდა მოერიდოთ, უმჯობესია სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ.

 უკრაინას ნატოში გაწევრიანება ოკუპირებული ტერიტორიებითაც შეუძლია -ჩეხეთის პრეზიდენტი

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ უკრაინა ნატოში შეიძლება მიიღონ მაშინაც კი, თუ მისი ტერიტორიების ნაწილი კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იქნება.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„არ ვფიქრობ, რომ მთელ ტერიტორიაზე კონტროლის სრულად აღდგენა აუცილებელი პირობა იყოს. თუ იქნება დემარკაცია, თუნდაც რაიმე სახის ადმინისტრაციული საზღვრის, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ეს, როგორც დროებითი და მივიღოთ უკრაინა ნატოში იმ ტერიტორიით, რომელსაც ის აკონტროლებს იმ მომენტისთვის“, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

პაველმა გაიხსენა, რომ გერმანია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში 1955 წელს მიიღეს, თუმცა ქვეყნის ნაწილი საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებული იყო.

„ამიტომ, ვფიქრობ, არსებობს გამოსავალი, როგორც ტექნიკურად, ასევე იურიდიულად, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მოხდეს რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის გარეშე“, – დასძინა მან.

 ხალხნო, ოპო არხის ჟურნალისტი დამემუქრა ჩემს სტატუსში გამოთქმული აზრის  გამო -თაკო ჩარკვიანი

მირეკავს ნოდარ მელაძე ნაწყენი ჩემი სტატუსის გამო, რომ ტვ პირველის ეთერი არაობიექტურად მივიჩნიე და ვთქვი რომ ტვ პირველი ხაზარაძის გავლენის ქვეშ მოექცა, და მას უკვე ბევრი აღნიშნავს და მევახშე ხაზარაძის სახელს აიკიდებენ ამ ორმაგი სტანდარტით თქო, ფინალი საუბრის ასეთი იყო, ყვიროდა, „აი ნახავ რასაც ვიზამ, მე შენზე სიუჟეტს გავაკეთებ „ნაცმოძრაობასთან“ როგორ ვაჭრობო“, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ნოდარ მელაძემ, სიტყვა „ვაჭრობა“, როგორც ჩანს, მევახშე ხაზარაძისგან გაიგო. ჩარკვიანის თქმით, მელაძის საქციელის შემდეგ „რა ჟურნალისტიკაზეა საუბარი, ან რა ობიექტურობაზე“.

„მირეკავს ნოდარ მელაძე ნაწყენი ჩემი სტატუსის გამო, რომ ტვ პირველის ეთერი არაობიექტურად მივიჩნიე და ვთქვი რომ ტვ პირველი ხაზარაძის გავლენის ქვეშ მოექცა, და მას უკვე ბევრი აღნიშნავს და მევახშე ხაზარაძის სახელს აიკიდებენ ამ ორმაგი სტანდარტით თქო, ფინალი საუბრის ასეთი იყო, ყვიროდა, „აი ნახავ რასაც ვიზამ, მე შენზე სიუჟეტს გავაკეთებ „ნაცმოძრაობასთან“ როგორ ვაჭრობო“ (კიდევ კარგი მთელი გუნდი გვისმენდა ოფისში) ანუ შენიშვნა რომ არ მიმეცა, მაშინ სიუჟეტს არ მომიძღვნიდა და „კარგი გოგო“ ვიქნებოდი ანუ რაიმე ინფორმაციას მალავდა, იცოდა და მალავდა, გაბრაზდა და აღარ მალავს??

გაოგნებული ვუსმენდი ამ – მისი პირიდან ამოსულ სიბინძურეს, სიტყვა „ვაჭრობა“, როგორც ჩანს მევახშე ხაზარაძისგან გაიგო და ისწავლა – სამწუხაროა,რა ვიცი გამიკვირდა, არ ველოდი. (ან რა მაქვს სავაჭრო, რატომ და რისთვის უნდა „ვვაჭრობდე“?? ოჰ ეს სიტყვა „ვაჭრობა“, ხომ არ მოსცილდა ქართულ პოლიტიკას ??!! არადა მართლა რომ იცოდეს „სამზარეულო“ ნოდარ მელაძემ ამ სიბილწეს და სისულელეს ხომ არ მაკადრებდა, არც მე და არც საკუთარ თავს აკადრებდა. ჰოდა, აი, ამის შემდეგ რა ჟურნალისტიკაზეა საუბარი, ან რა ობიექტურობაზე, ან, ან …..

რა დღეშია ეს ქვეყანა, ან რა მომავალი ელის??? წინ წყალი უკან მეწყერი…..აი ასეა რა.

ხალხნო ოპო არხის ჟურნალისტი დამემუქრა, ჩემს სტატუსში გამოთქმული აზრის გამო, წარმოიდგინეთ რა უბედურებაშია ქვეყანა ?!

წარმოიდგინეთ ერთი წუთით ხაზარაძე სათავეში რომ მოვიდეს?! რით განსხვავდება ივანიშვილისგან (ვეთანხმები ამ გამონათქვამში შალვა ნათელაშვილს) არაფრით, სრულიად არაფრით!

ჩემს ბავშვობაში ასეთი ფილმი იყო – „ჩემი მეგობარი ნოდარი“.

ვისი მეგობარი ხარ ნოდარ შენ?!

სამწუხაროა…“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

ირაკლი კობახიძე ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება.

მთავრობის მეთაურმა სახალხო დღესასწაულის სტუმრებსა და ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცა.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიზიარებ საზეიმო განწყობას. მინდა, მოგილოცოთ ფერისცვალება, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. ფარავდეს ამ დღის მადლი გურიას, ყველას ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ! გურიაში განსაკუთრებულად იციან ქვეყნის სიყვარული, მშვიდობის ფასი. აქ ყველაზე კარგად ესმით ასევე პოლიტიკა და ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია გურულებთან ურთიერთობა, ეს შემიძლია, თამამად გითხრათ. მიხარია, რომ დავესწარი დოღს, რომელსაც საუკუნოვანი ტრადიცია აქვს და ვულოცავ დოღში გამარჯვებულებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ადგილობრივებს და ბახმაროში შეკრებილ სტუმრებს სახალხო დღესასწაული მიულოცეს სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში, გიორგი ურუშაძემ და ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ.

მთავრობის მეთაურმა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა და გაესაუბრა მეწარმეებს, რომლებმაც მცირე ბიზნესი სახელმწიფოს მხარდაჭერით დაიწყეს.

სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებული გასართობი და კულტურული ღონისძიებები ბახმაროში მთელი დღის განმავლობაში გრძელდება.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. ამის შესახებ შოლცი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კანცლერი აღნიშნავს, დიდი შვიდეულის ფარგლებში უკრაინა გერმანიისგან 50 მილიარდ ევროს მიიღებს სესხის სახით. შოლცის თქმით, გერმანია იყო და რჩება ქვეყნად, რომელიც ევროპის სახელმწიფოებს შორის უკრაინას ყველაზე დიდ დახმარებას უწევს.

„და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მხარდაჭერას 50 მილიარდი ევროს სესხის სახით, რომელსაც დიდ შვიდეულთან ერთად ვიწყებთ. ეს უკრაინას მისცემს საშუალებას, შეიძინოს დიდი ოდენობის იარაღი“, – წერს კანცლერი სოციალურ ქსელში.