Home Blog Page 10

სად არის დგებუაძე? ვეძებ, მზიამ რაც უქნა, იგივე უნდა ვუქნა, მეც მინდა, გავარტყა -ელენე ხოშტარია

დგებუაძე არის მონა, რომელმაც ბათუმის საამაყო ადამიანი, მზია დააკავა, დააკავა ათი ადამიანი, ის არის მონა. ამ მონასთან მაქვს საქმე და სად არის? ვეძებ, – ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აჭარის მთავრობის სახლთან ერთ-ერთ პოლიციელს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დგებუაძესთან დაკავშირებით.

„ვუყურე ყველაფერს და იმიტომ ჩამოვედი აქ. მოვიდეს დგებუაძე, რადგან მზიამ რაც უქნა, იგივე უნდა ვუქნა მეც. დგებუაძეს, რუსის მონას მეც მინდა, გავარტყა. მინდა, რუსის მონას, დგებუაძეს ვაგებინო პასუხი მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე. თქვენ ხართ მოძალადე პოლიციელები. მე ჩამოვედი, რომ დგებუაძემ და ბესელიამ, რომელიც ემსახურებოდა მონურად ყველა მთავრობას, მისგან მინდა, მოვითხოვო პასუხი. ისინი ემსახურებიან რუსეთს. სად არიან, რატომ იმალებიან? თუ არ იცით სად არიან, პოლიტიკურ დისკუსიას რატომ მიმართავთ? თავის ქვეყანას კონსტიტუციის დარღვევით ემსახურებიან? კონსტიტუციის დარღვევა არ არის ევროპაზე უარის თქმა? თქვენ გინახავთ ნაცემი ადამიანები? დასისხლიანებული ადამიანები? გურამ როგავა ნახეთ? კანონი თქვენ გეუბნებათ, რომ ევროპას უნდა ემსახუროთ, რადგან ჩაწერილია კონსტიტუციის 78-ე მუხლში“,- მიმართა ელენე ხოშტარიამ პოლიციელს.

რაზეც პოლიციელმა უპასუხა:

„დგებუაძეც, ბესელიაც და ყველა პოლიციელი ემსახურება ქვეყანას. რუსეთს ვინ ემსახურება, ამ საუბრიდან უკეთესად ჩანს. მე, როგორც ქალბატონს, მოგიწოდებთ, მეტად კულტურული იყოთ. კულტურული თუ იქნებით, უკეთესი იქნება თქვენთვის. ძალადობისკენ ხართ მიდრეკილი. ანუ, ეს ძალადობა მოგეწონათ? თქვენ ხართ ტენდენციური, მარტო ის გაინტერესებთ, აქეთ მხარეს რა მოხდა. მე უნდა ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ვემსახურები“,- განუცხადა პოლიციელმა ელენე ხოშტარიას.

სლოვაკეთის პრეზიდენტი უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს

სლოვაკეთის პრეზიდენტი უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს. პიტერ პელეგრინიმ, კიევში ვიზიტზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც რუსეთიდან უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი შეწყდა.

მედიის ცნობით, არჩევის შემდეგ პელეგრინი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩასვლას აპირებდა, მსგავსი ვიზიტები მან უკვე განახორციელა ყველა მეზობელ ქვეყანაში.

„კიევში მხოლოდ ფოტოების გადაღების მიზნით წასვლა უადგილოა, ვიდრე რუსეთის ფედერაციიდან გაზის ტრანზიტის საკითხი არ მოგვარდება. მხოლოდ ფოტოს გადასაღებად თუ მომიწევს წასვლა და მეუბნებიან, რომ სლოვაკეთში არცერთი წვეთი ნავთობი და გაზი არ წამოვა, იქ ნამდვილად არ უნდა წავიდე. არავინ გაბრაზდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები საწვავის ფასის ზრდას იწვევს – სანქციების ახალი პაკეტი სერიოზულ გამოწვევას უქმნის ცენტრალურ ევროპას – პიტერ სიიარტო

რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების ბოლო პაკეტი ენერგეტიკასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ცენტრალურ ევროპას და საწვავის ფასების ზრდას გამოიწვევს , – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

„სანქციების ეს ახალი პაკეტი სერიოზულ გამოწვევას უქმნის ცენტრალურ ევროპას, რადგან სანქციების სიაში აქ, ცენტრალურ ევროპაში შედის კომპანია, რომელიც მთავარ როლს ასრულებს სერბეთისთვის ნავთობის მიწოდებაში“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, სანქციები იწვევს ნავთობისა და გაზის მიწოდების შემცირებას და შეიძლება გამოიწვიოს საწვავის ფასების მნიშვნელოვანი ზრდა ცენტრალურ ევროპაში.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ მჭიდრო კონსულტაციებს განვახორციელებთ ჩვენს რეგიონალურ პარტნიორებთან უახლოეს დღეებში და კვირებში, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ენერგეტიკული სანქციების გავლენა საწვავის ფასების ზრდაზე, რათა დავიცვათ უნგრელი ხალხი და ცენტრალური ევროპის ეკონომიკა. ვიცით, რომ საწვავის ფასების ზრდა არა მხოლოდ უარყოფითად აისახება ქვეყნებზე, აუტანელს ხდის ადამიანების ცხოვრებას, ართულებს მათ ცხოვრებას და ზრდის მათ ხარჯებს, არამედ უარყოფითად აისახება მთლიან ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და გვინდა, რომ თავიდან ავიცილოთ ეს“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, 10 იანვარს ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსული ნავთობისა და გაზის სექტორის წინააღმდეგ სანქციების ყოვლისმომცველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციები ასევე შეეხო 183 ტანკერს, მოვაჭრეებს, ნავთობსერვისის კომპანიებს, რიგი ნავთობკომპანიის ხელმძღვანელებს და რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს.

უფლება გვაქვს, წელიწადში ერთხელ მაინც შევიკრიბოთ კორპორაციულ საღამოზე – სანქციების არავის ეშინია – დიმიტრი გვრიტიშვილი

მოსამართლეები ვართ არასამუშაო დროს, უფლება გვაქვს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც კორპორაციულ საღამოზე შევიკრიბოთ – სანქციების არავის ეშინია, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს რესტორან “ბაბილოსთან” განუცხადა, სადაც მოსამართლეებისთვის კორპორაციული წვეულებაა დაგეგმილი, პარალელურად კი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ამასთან, გვრიტიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ მისი კოლეგა მოსამართლეები გადაწყვეტილებას მტკიცებულებების საფუძველზე იღებენ.

„ყველას აქვს უფლება პროტესტი გამოხატოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ სიცოცხლე და არსებობა შეწყვიტოს. მოსამართლეები ვართ არასამუშაო დროს, უფლება გვაქვს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც კორპორაციულ საღამოზე შევიკრიბოთ. პროტესტის გამოხატვა შეიძლება…

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგა მოსამართლეები გადაწყვეტილებას იღებენ მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად. მე არ ვიცი ცალკეული საქმეები. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს კანონის შესაბამისად“,- აღნიშნა გვრიტიშვილმა.

ამასთან, მან სანქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და განმარტა: “ე.წ. სანქციებს ყოველთვის ვაკრიტიკებდით. სანქციების არავის ეშინია“.

ცნობისთვის,თბილისში, რესტორან “ბაბილოსთან” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანში მოსამართლეებისთვის კორპორაციული წვეულებაა დაგეგმილი.აქციის მონაწილეებს თან მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოსურათები, რომლებიც გასულ კვირებში აქციების დროს დაზარალდნენ ან სამართალდამცველებმა დააკავეს.

ამ დროისთვის, მოსამართლეები რესტორანში იკრიბებიან, რომლებსაც აქციის მონაწილეები შეძახილების ფონზე აცილებენ.

ბატონი როთი არის მიკერძოებული ლობისტი – ლევან მაჭავარიანი

ბატონი როთი არის მიკერძოებული ლობისტი, რომელიც რაღაც ინტერესების გამო აქ ჩამოდის, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. უმრავლესობის წევრი ამ კომენტარით გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოში მორიგი ვიზიტი დააანონსა.

„აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვის პირდაპირ წამგებიანი იყო და მაგდენსაც ვერ ხვდებიან. ბატონი როთი კიდევ 2-3-ჯერ რომ ჩამოსულიყო წინასაარჩევნო პერიოდში, დამიჯერეთ, რომ ჩვენი რეიტინგი ალბათ 60%-ზე მეტი იქნებოდა“, – აღნიშნავს მაჭავარიანი.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოში მორიგ ვიზიტს აანონსებს.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და ბათუმში დაკავებული 10 მოქალაქე მოინახულეს – დაკავებულთაგან 5 პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს – ომბუდსმენი

11-12 იანვრის ღამეს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და ბათუმში დაკავებული 10 მოქალაქე მოინახულეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი და დაკავების დროს დაშავებული შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ხუთი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.

„მაგალითად, ერთ-ერთის განცხადებით, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შედეგად გულმკერდისა და თავის არეში ტკივილები აქვს, აღენიშნება ასევე, ნაკაწრები ხელებზე.

სამი მათგანის სურვილია დაიწყოს გამოძიება, რის თაობაზეც სახალხო დამცველის აპარატმა უკვე აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით.

დაკავებულების უმეტესობა მიუთითებს, რომ პოლიციელებმა არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და უფლებები. ოთხი დაკავებული პოლიციის მხრიდან არაეთიკურ მიმართვასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც მიუთითებს.

სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს დაკავებულების მონახულების პროცესს და საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია”, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც მადუროს, ისევე ივანიშვილის რეჟიმები არიან “ჩინეთის კომუნისტური პარტიის”, ირანული რეჟიმისა და რუსეთის მარიონეტები – ჯო უილსონი

მადურო აქებს ივანიშვილის მცდელობას, ბოლომდე მიიყვანოს საქართველოს ტოტალიტარული შთანთქმა, ორივე რეჟიმი კომუნისტური პარტიის, ირანული რეჟიმისა და რუსეთის მარიონეტები არიან, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“მადურო აქებს ივანიშვილის მცდელობას ბოლომდე მიიყვანოს საქართველოს ტოტალიტარული შთანთქმა. როგორც მადუროს, ისევე ივანიშვილის რეჟიმები არიან “ჩინეთის კომუნისტური პარტიის”, ირანული რეჟიმისა და რუსეთის მარიონეტები”,-წერს უილსონი.

უილსონი განცხადებას თან ურთავს ნიკოლას მადუროს გამოსვლის ვიდეორგოლს, რომელშიც ის ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში “სამაგალითო, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, ქართველი ხალხის 56%-ის ხმის მიღებით”.

შვეიცარია მზადაა, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის – მედია

შვეიცარიამ გამოაცხადა მზადყოფნა, ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, თუ ისინი ამას მოითხოვენ , – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკოლას ბიდომ შვეიცარიული გამოცემა Le Temps-ს განუცხადა.

„ბურგენსტოკში გამართული სამიტის შემდეგ, უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს რეგულარულად ვაწვდიდით ინფორმაციას ჩვენი მზადყოფნის შესახებ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ დიპლომატიური ძალისხმევას მშვიდობის დამყარებისთვის“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

Le Temps – წერს, რომ შვეიცარიის ხელისუფლება მოლაპარაკებების ორგანიზების ინიციატივას არ აპირებს, მაგრამ მზადაა გააკეთოს ეს მხარეების თხოვნით.

აუცილებელია მეტი ზეწოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან ახალი არჩევნების მოთხოვნით – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად დემონსტრანტების დაპატიმრება და წამება გრძელდება.

„45-ე დღე- დემონსტრაციები დიდ ქალაქებში და რეპრესიები: დაპატიმრებები და წამება, „ტიტუშკები“ და სამედიცინო დახმარების მიღების უფლების ჩამორთმევა. აუცილებელია მეტი ზეწოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან ახალი არჩევნების მოთხოვნით“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი განცხადებით, დაკავებული აქციის მონაწილეები პატიმრობაში ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე რჩებიან და მოსამართლეები მხოლოდ მმართველი პარტიის ბრძანებებს ასრულებენ.

„საპროტესტო აქციების მონაწილე ყველა დაკავებული სასამართლოს ბოლო დღეების გადაწყვეტილებით ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე იმყოფება პატიმრობაში. მოსამართლეები მხოლოდ მმართველი პარტიის ბრძანებებს ასრულებენ!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელის დაკავებასაც ეხმაურება და ტერორად აფასებს.

„ტერორი საქართველოში. ჟურნალისტების დაპატიმრებები გრძელდება. ერთ ღამეში ორჯერ!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

შსს-ში აცხადებენ, რომ „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული

„ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.

„ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი, გუშინ ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს, გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპაში დადის, მათხოვრობს, სხვებს აშანტაჟებს, ფულს ითხოვს, ეს უნდა შეწყდეს, მოსაბეზრებელია – რობერტ ფიცო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მოჰბეზრდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპაში სიარული, მისი „მათხოვრობა“ და „სხვების შანტაჟი“.

„ევროპაში დადის, უბრალოდ მათხოვრობს და სხვებს აშანტაჟებს, ფულს ითხოვს. ეს უბრალოდ უნდა შეწყდეს“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის იყო სანდო პარტნიორი, როდესაც საქმე ენერგიის მიწოდებას ეხებოდა.

საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც სლოვაკეთის მთავრობის ოპოზიციის მოთხოვნით ჩატარდა, რობერტ ფიცოსგან მოითხოვდნენ განმარტებებს, მოსკოვში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ, ასევე ინფორმაციას უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტასთან დაკავშირებით სლოვაკეთის შემდგომი ნაბიჯების თაობაზე.

სლოვაკეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინიდან სლოვაკეთის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტის საკითხზე არსებობდა ორი ვარიანტი, რომლებიც თითქოსდა შეთანხმებული იყო პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან. მისი თქმით, ერთ-ერთი მათგანი უნდა ყოფილიყო შეთანხმება რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, რათა აზერბაიჯანული გაზი მიეწოდებინათ სლოვაკეთისთვის.

თუმცა, ფიცოს თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს შეთანხმება ჩაშალა. მეორე ვარიანტი იყო შეექმნათ SPP-ის შვილობილი კომპანია რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, რათა სლოვაკური გაზი უკრაინის გავლით ტრანსპორტირებულიყო სლოვაკეთში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება – სახალხო დამცველის წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებულ პირებს მოინახულებენ

სახალხო დამცველის წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებული პირების სანახავად მიემართებიან – სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, – ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმადვე, სახალხო დამცველი შეისწავლის სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მოახდენს კანონშესაბამის რეაგირებას.

“საქართველოს სახალხო დამცველი ყურადღებით ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ამჟამად, სახალხო დამცველის წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებული პირების სანახავად მიემართებიან. ასევე, მათ შორის, იმყოფებიან ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც ერთ-ერთი დაკავებულია განთავსებული.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. სახალხო დამცველი შეისწავლის სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მოახდენს კანონშესაბამის რეაგირებას.

დაკავებული და დაშავებული პირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის.

ამასთან, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის ფაქტების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ნომერზე – 1481”,- აღნიშნულია განცხადებაში.