Home Blog Page 10

არსებობს ჯერ კიდევ მოუშუშებელი იარები, რომლებსაც ნამდვილად სჭირდება პარლამენტის მხრიდან შესაბამისი შეფასება და ამ მხრივ, საგამოძიებო კომისიამ ისტორიული მისია შეასრულა -შალვა პაპუაშვილი

არსებობს ჯერ კიდევ მოუშუშებელი იარები, რომლებსაც ნამდვილად სჭირდება პარლამენტის მხრიდან შესაბამისი შეფასება და ამ მხრივ, კომისიამ, ვფიქრობ, ისტორიული მისია შეასრულა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მოისმინეს.

მისივე თქმით,  შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის ისტორიული მასალა და უახლესი წარსულის ფაქტებზე დაფუძნებული აღწერა.

„დასკვნა, რომელიც 400 გვერდზე მეტია, ითარგმნება უცხო ენაზე იმისთვის, რომ  ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ რაღაც სენტიმენტები აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ დღემდე სხვადასხვა, მათ შორის ხელისუფლებების წარმომადგენლების მხრიდან გვესმის არათუ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის სისასტიკის დაკნინება, არამედ პირიქით, შექებაც კი. ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა, მათ შორის იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც თავის დროზე ხელიდან გაუშვეს შანსი, რომ 2012 წელსვე სათანადოდ შეეფასებინათ ის დიქტატორული რეჟიმი, რომელიც დამყარებული იყო. ახლა, ეს არის ხელმეორე შანსი, რომელიც ეძლევა უცხოელ პოლიტიკოსებს, ხელისუფლებების თუ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ გაიაზრონ, როგორ დანაშაულებრივ რეჟიმს უჭერდნენ მხარს თავის დროზე, მფარველობდნენ და დღემდე მფარველობს ზოგიერთი. ეს არის შანსი ქართველი ხალხის წინაშე, ქართველი ხალხის მიერ მიცემული შანსი მათთვის, რომ კიდევ ერთხელ დაგმონ ის რეჟიმი, რომელიც არსებობდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, მათ შორის ზოგიერთი უცხოური ძალის განსაკუთრებული ხელშეწყობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს, კომისიის წევრებს და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს, რომლებიც ჩართული იყვნენ კომისიის მუშაობის პროცესში გაწეული საქმიანობისთვის  მადლობა გადაუხადა.

საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ფაქტებით ნათქვამია, რომ “ვარდების რევოლუცია” სინამდვილეში იყო სახელმწიფო გადატრიალება -თეა წულუკიანი

საგამოძიებო კომისიის დასკვნაში შესწავლილია და ფაქტებით, ინფორმაციებით ნათქვამია, რომ „ვარდების რევოლუცია“ სინამდვილეში იყო სახელმწიფო გადატრიალება, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, კომისიის დასკვნის განხილვისას განაცხადა.

წულუკიანის თქმით, „2004 წლის დასაწყისშივე ძველი პარლამენტით, რომელსაც უფლებამოსილება აღარ ჰქონდა, კონსტიტუციაში შევიდა ისეთი ფუნდამენტური ცვლილებები, რომ მთლიანად დისბალანსი მოხდა მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ“.

„დასკვნაში წერია, რომ ედუარდ შევარდნაძეს დღემდე არ აქვს დაწერილი გადადგომის შესახებ განცხადება და ის არც არავის არ გადაუყენებია, თუ არ ჩავთვლით აქ მდგარ ჩაის სმას. ასევე დასკვნაში ნათქვამია, რომ ახლად არჩეული პარლამენტი შედგა და მხოლოდ ამის შემდეგ შემოიჭრნენ ე.წ. რევოლუციონერები ამ დარბაზში და მაინც ძველი პარლამენტით იქნა საკანონმდებლო საქმიანობა გაგრძელებული. ეს ყველაფერი დასკვნაში წერია. ანუ საკითხები არის დაყენებული, რაც არ არის უბრალო საქმე ისტორიისთვის და შემდეგ თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ეს სამართლებრივად, პოლიტიკურად იკვლიოს, ძალიან კარგი იქნებოდა. აქაც მეცნიერების და ისტორიკოსების როლი იქნებოდა გადამწყვეტი, რადგან თქვენ იცით და ასევე დასკვნაში წერია, 2004 წლის დასაწყისშივე ძველი პარლამენტით, რომელსაც უფლებამოსილება აღარ ჰქონდა, კონსტიტუციაში შევიდა ისეთი ფუნდამენტური ცვლილებები, რომ მთლიანად დისბალანსი მოხდა მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ და ძალაუფლება მან ხელში ჩაიგდო უკვე კანონის საფუძველზე. ეს ყველაფერი დასკვნაში არის და მათ შორის უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით ახსნილია, რატომ ჩავთვალეთ, რომ „ვარდების რევოლუცია“ რეალურად სახელმწიფო გადატრიალება იყო. ასევე, ფაქტებზე დაფუძნებით ნათქვამია, მათ შორის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაა მოყვანილი, რომ „ვარდების რევოლუციის“ სახელით ცნობილი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ცესკო-მ, რომელსაც მაშინ ბატონი ჭიაბერაშვილი ხელმძღვანელობდა, ისე შეაჯამა არჩევნების შედეგები, რომ 2 კონკრეტულ ოლქში არჩევნები ჩატარებული არ იყო. თქვენ ალბათ არც კი გინდათ, წარმოიდგინოთ, რა მოხდებოდა, დღეს რომ ეს რომელიმე ჩვენგანს გაებედა ქართველი ხალხისთვის. ეს ყველაფერი დასკვნაში წერია. ასევე წერია, რომ ცესკო-ს ასეთი თავმჯდომარე ჭიაბერაშვილი, მანამდე „ვარდების რევოლუციაში“ მონაწილე პირი იყო, ვინაიდან „ისფედს“ ხელმძღვანელობდა და სწორედ ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგად დაიწყო რევოლუციური და გადატრიალების პროცესები.

ასევე, ჩვენ მოვუსმინეთ – მინდა, მის ხსოვნას პატივი მივაგო – ბატონ ლევან გაჩეჩილაძეს, რომელმაც ისაუბრა სწორედ 2008 წლის გაყალბებულ არჩევნებზე. არის საკითხები დაყენებული, მოხსენიებულია, მაგრამ ბოლომდე ნაკვლევი ვერ იქნებოდა, რადგან სცილდებოდა ჩვენი უფლებამოსილების და ფიზიკური შესაძლებლობების ფარგლებს, თუმცა გულდასაწყვეტი, რა თქმა უნდა, არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საბოლოოდ დადგინდა, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ იცოდა, რომ კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა უმაღლეს ნიშნულზე იყო, მაგრამ არავითარი ზომა არ მიიღო მშვიდობიანი მოსახლეობის დროულად გამოსაყვანად -საგამოძიებო კომისია

საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ცნობებიდან ცალსახად იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში, ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა, – ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პარლამენტში წარადგინა.

თეა წულუკიანის თქმით, პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით, ძირითად მიმართულებაზე სამხედრო ამოცანის შესრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რამაც თავდაცვის ძალებში დეზორგანიზაცია, ხოლო სამოქალაქო მოსახლეობაში გაურკვევლობა და დაუცველობა გამოიწვია.

„საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ცნობებიდან ცალსახად იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში, ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც, გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით, ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს. ამასთან, საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით, ძირითად მიმართულებაზე სამხედრო ამოცანის შესრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რამაც თავდაცვის ძალებში დეზორიენტაცია და დეზორგანიზაცია, ხოლო სამოქალაქო მოსახლეობაში გაურკვევლობა და დაუცველობა გამოიწვია.

გენერალ მამია ბალახაძის თქმით, ვინაიდან ძირითად მიმართულებაზე ამოცანის შესასრულებლად ორი სხვადასხვა სისტემის დანაყოფები დაიძრნენ, გაურკვეველი დარჩა, ვინ იძლეოდა ბრძანებებს – შინაგან საქმეთა თუ თავდაცვის სამინისტრო. გეგმის განხორციელებაში ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩართულნი აღმოჩნდნენ ისეთი შენაერთები და პირები, რომლებსაც ცოდნა და მომზადება სრულიად განსხვავებული ფუნქციების განსახორციელებლად ჰქონდათ მიღებული და, თუნდაც ერთობლივი სწავლებების გზით, თავსებადობის არავითარი ტესტი წინასწარ გავლილი არ ჰქონდათ.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა შეიარაღებულ ძალებს არ მისცა საშუალება, ემოქმედათ პროფესიონალურად, ვინაიდან ის, სხვებს შორის, აყოვნებდა დამტკიცებული გეგმის მიხედვით მოქმედების დაწყებას. აღიქვამდა რა საომარ მოქმედებებს პიარკამპანიად, „ნაციონალური მოძრაობა“ ღია ეთერით გადასცემდა ქართული ჯარის მოქმედებების შესახებ ინფორმაციას და მტერს ცეცხლის კორექტირების საშუალებას აძლევდა, რაც, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხული თითოეული სამხედრო პირის მიერ ზურგიდან ხელშეშლად და ყოვლად დაუშვებლად იქნა მიჩნეული. გარდა იმისა, რომ სატელევიზიო სივრცეში სისტემატურად ჰქონდა ადგილი რუსეთის წინაშე ქართული სამხედრო პოზიციების „გაშიშვლებას“ პირდაპირი ეთერით, მიმდინარეობდა კონფლიქტის ზონაში დარჩენილი მოსახლეობის დეზინფორმაცია არაკომპეტენტურად მომზადებული სიუჟეტებითა და ტოტალური სიცრუის გავრცელებით იმის თაობაზე, თითქოს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება კონფლიქტის ზონაში ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა და საერთაშორისო მეგობრები არ დაუშვებდნენ ქვეყანაში კატასტროფას და შეაჩერებდნენ რუსეთის აგრესიას. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებულმა მედიამ განსაკუთრებით აქტიური როლი შეასრულა კატასტროფული შედეგების მქონე წაგებული ომის „გამარჯვებად“ გასაღებაში. ზემომოყვანილმა და სხვა გარემოებებმა, ერთობლიობაში, განაპირობა სამდღიანი ომი, მარცხი, დამატებითი ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ, დევნილთა რიცხვის ზრდა, გაუმართლებელი მსხვერპლი, როგორც შეიარაღებულ ძალებში, ასევე, სამოქალაქო მოსახლეობაში, და მნიშვნელოვანი მატერიალური დანაკარგი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ მანამდე ოკუპირებულ 363 დასახლებულპუნქტს, 111 ოკუპირებული დასახლებული პუნქტი შეემატა. რუსეთის ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა მანამდე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კოტროლირებადი კოდორის ხეობაც. როგორც საგამოძიებო კომისიის წინაშე შინდისის ბრძოლის გმირის ძმამ, ფრიდონ ზოიძემ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების გადმოსვენებაში მონაწილეობა არ მიიღო და არაერთი ცხედარი ბრძოლის ველზე რჩებოდა. როგორც საყოველთაოდ ცნობილია, მათი გადმოსვენება მოხდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია ΙΙ-ის მიერ, მას შემდეგ, რაც ის მეუფეებთან და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, ცხინვალის რეგიონში შევიდა და გარდაცვლილთა ცხედრებს უპატრონა“, – ნათქვამია თეა წულუკიანის მიერ წარდგენილ კომისიის დასკვნაში.

ამასთან, დასკვნის თანახმად, საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად, საბოლოოდ დადგინდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, სულ ცოტა, 2008 წლის ივლისის ბოლოდან იცოდა, რომ კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა უმაღლეს ნიშნულზე იყო, მაგრამ არავითარი ზომა არ მიიღო, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა საომარი არეალიდან დროულად გამოეყვანა.

„მეტიც, როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, მოსახლეობის დროული ევაკუაცია რეჟიმის მიზანს არ წარმოადგენდა. მოგვიანებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, გიორგი კანდელაკმა, დავით დარჩიაშვილმა, გიორგი (გოკა) გაბაშვილმა და ჩიორა თაქთაქიშვილმა, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ გიორგი თარგამაძემ ხმა მისცეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1633 რეზოლუციას, რითაც 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით „ცხინვალის დაბომბვა“ აღიარეს და საკუთარი ქვეყნის ჯარი ომის შესაძლო დანაშაულის ჩადენაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს“, – აღნიშნულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში.

ცესკოს თავმჯდომარემ სახალხო დამცველთან მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკითხზე იმსჯელა

4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა.

ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრაზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობისთვის და ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.

ცესკოს თავმჯდომარემ სახალხო დამცველს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისაუბრა განხორციელებული საქმიანობებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე ხაზი გაუსვა ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრატორებისთვის მშვიდი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ არჩევნების ორგანიზება მხოლოდ ადმინისტრაციულ-ტექნიკური პროცედურებით არ შემოიფარგლება. საარჩევნო პროცესების ხარისხი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ სოციალურ და პოლიტიკურ გარემოზე, რომელშიც ხდება არჩევნების ჩატარება.

ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, ომბუდსმენის ინსტიტუტთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია პრევენციული ქმედებების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.

„როგორც ყოველთვის სახალხო დამცველთან ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრეთ 4 ოქტომბრის არჩევნების სამზადისზე, ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც უკავშირდება დეზინფორმაციას, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის შემთხვევებს, მათ შორის, ტარგეტირებულად ეს ყველაფერი საარჩევნო ადმინისტრატორების წინააღმდეგ. შესაბამისად, ორი ინსტიტუცია შევთანხმდით იმაზე, რომ ჯანსაღი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად ჩვენ კომპეტენციების ფარგლებში განვახორციელებთ სათანადო პრევენციულ ქმედებებს, ასევე უზრუნველვყოფთ ამომრჩეველთა და საზოგადოების ინფორმირებას ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაიცავს მათ უფლებებს და უზრუნველყოფს არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“ – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა სახალხო დამცველმაც. „ჩვენ ტრადიციულად არჩევნების წინ ვცდილობთ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას სიძულვილის ენის მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ყველა მონაწილეს პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ ლიდერს, საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო შეგნება, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რათა არჩევნები წარიმართოს მშვიდ გარემოში, სადაც ადამიანის უფლებები მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი და საარჩევნო უფლება, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იქნება დაცული“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.

საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში დაკავებულ პირთა და პატიმართა, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ წამება, არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემატური და სისტემური -თეა წულუკიანი

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საგამოძიებო კომისიის დასკვნა წარადგინა.

თეა წულუკიანმა დასკვნაში არსებულ შეფასებებზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიამ მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, განიხილა და შეაფასა მის ხელთ არსებული ინფორმაცია და ამ შეფასების და გაანალიზების შედეგად, დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ნულოვანი ტოლერანტობის“ სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებსა და სასჯელაღსრულების სისტემაში დაკავებულ პირთა და პატიმართა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემატური და სისტემური.

„ეს ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშიც არის ნათქვამი. დაკავებულ პირთა და პატიმართა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა ატარებდა საყოველთაო ხასიათს და იყო პოლიტიკური თანამდებობის პირების, პირველ რიგში კი – მიხეილ სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული და სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი ქმედება. ეს დანაშაულები იყო არა ერთეულ პირთა გადაცდომა, არამედ კარგად ორგანიზებული და თანამონაწილეობაზე დაფუძნებული ტერორი, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა რანგის მაღალი თანამდებობის პირები, რაც მათ ძალადობრივ რეჟიმად აქცევდა. თითოეული მონაწილის, თითოეული ორგანიზატორის გვარი, სახელი არის აღწერილი ჩვენს დასკვნაში.

სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პატიმრობის პირობები, საყოფაცხოვრებო პირობები, ადეკვატური კვებისა და სამედიცინო დახმარების არარსებობა, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელყოფა, დაცვის უფლების ხელყოფა, გარე სამყაროსთან კონტაქტის აკრძალვა, ძალადობის ფაქტების გახმაურების აკრძალვა და მრავალი სხვა, ცალკე აღებული, უტოლდებოდა წამებასა ან არაადამიანურ მოპყრობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის განმარტებით, ასევე, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა, სასტიკი მეთოდების გამოყენებას ჰქონდა თითქმის ყოველდღიური ხასიათი.

„დაკავებულ პირთა და პატიმართა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა – იგულისხმება შსს-ს სისტემასა და სასჯელაღსრულების სისტემაში მოპყრობა, რომელიც გამოიყენებოდა ცალკე ან საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან კომბინაციაში, ისახავდა სხვადასხვა მიზანს, მათ შორის, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასურველი შედეგის მიღწევას, ქონების უკანონოდ ჩამორთმევას, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, შურისძიებას და სხვ. მიმდინარეობდა ციხეში მყოფი პატიმრების შენიღბული და მიზანმიმართული განადგურება, რასაც მოწმობს, ერთი მხრივ, ის ფაქტი, რომ ციხეებში ყოველწლიურად ტუბერკულოზის 2 000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა და ჯანმრთელი და გადამდები დაავადების მქონე პატიმრები ერთ საკანში იყვნენ განთავსებულნი.

ერთად განთავსების ეს დამკვიდრებული  პრაქტიკა იყო ზოგჯერ მიზანმიმართულადაც – ჯანმრთელი პატიმრის დათრგუნვის ან მასზე შურისძიების მიზნით განხორციელებული; მეორე მხრივ, C ჰეპატიტის მკურნალობის ხელოვნურად შეფერხება, მეტიც, ამ დაავადების სკრინინგის აკრძალვა, რათა საზოგადოებისათვის დაფარული ყოფილიყო ციხეებში ამ დაავადების ფართო გავრცელება, იქცა პრაქტიკად. პროკურატურა, როგორც წამყვანი სამართალდამცავი ორგანო, არამცთუ არ ასრულებდა მისთვის კანონით დაკისრებულ მოვალეობებს და არ ატარებდა სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, პირდაპირ იყო თავად ჩართული პატიმართა მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევაში;

საგამოძიებო კომისიამ იმ მრავალი საქმის განხილვის შედეგად, რომელიც თქვენ წინაშე წარმოდგენილ დასკვნაშია მოცემული, ასევე დაადგინა, რომ დაუსჯელობის სინდრომი იყო გამეფებული და მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდათ სამართალდამცავ სტრუქტურებს ძალადობის განხორციელებისას.  ამიტომაც, ძალადობა მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. ამას მოწმობს ისიც, რომ, მიუხედავად იმ ფაქტებისა, რაც წინამდებარე დასკვნაშია მოყვანილი, მიხეილ სააკაშვილმა არაერთი პირი, რომელიც თავად სჩადიოდა წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას ან სათავეში ედგა ძალადობრივ სისტემას, საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა. მოცემულ პირთა გვარ-სახელები და მათთვის გადაცემული ჯილდოების ნუსხები მოცემულია თქვენ წინაშე წარმოდგენილ დასკვნაში და საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ უნდა ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, სხვა შესაბამისი ორგანოების ხელშეწყობით, უზრუნველყოს 2004-2013 წლებში გაცემული ჯილდოების საკითხის გადასინჯვა, განსაკუთრებით კი, იმ პირების შემთხვევაში, რომელთაც ადამიანის წინააღმდეგ დანაშაული აქვთ ჩადენილი. სასამართლო ხელისუფლება არ რეაგირებდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რითაც უხეშად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო ნორმებს, მათ შორის ევროპულ კონვენციას; ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები უარს ამბობდნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გაშუქებაზე;

ბევრ სხვა მტკიცებულებასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის 2012 წლის 19 ივნისის საპარლამენტო გამოსვლის სულისკვეთება და შინაარსი ცალსახა დასტურია იმისა – ეს გამოსვლა, ხაზს ვუსვამ, თარიღდება 2012 წლის 19 ივნისით – ცალსახა დასტურია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2006 წელს გამოცხადებული „ნულოვანი ტოლერანტობის“ სისხლის სამართლის პოლიტიკა 2012 წელსაც, არჩევნების წინ ურყევი იყო და „ნაციონალურ მოძრაობას“ მის მიერ საქართველოში დამკვიდრებული სასჯელაღსრულების არაადამიანური სისტემის შეცვლის, გამრუდებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გამოსწორებისა და გაჰუმანურების არავითარი ნება და სურვილი არც მომავალში არ გააჩნდა.

ნიშანდობლივია, რომ პატიმრებს, რომლებსაც მოუწიათ ფსიქოლოგიური შემოწმების გავლა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, მრავალი წლის მერეც პრაქტიკულად უცვლელი დარჩათ მათთვის „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მმართველობის დროს მიყენებული მორალური ზიანის და ტკივილის კვალი.

2004-2009 წლებში, სახალხო დამცველის აპარატი იყო ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც სწრაფად რეაგირებდა საჩივრებზე, გამოავლენდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს და სისტემატურად ითხოვდა მათზე სათანადო რეაგირებას. საგამოძიებო კომისიის მიერ არ ჩატარებულა თითქმის არცერთი სხდომა, რომელზეც  ნათლად არ დადასტურებულა, რომ, სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, მსხვერპლებს მხოლოდ ამ ინსტიტუტის იმედი ჰქონდათ, რაც, 2010-2012 წლებში, ბატონი გიორგი ტუღუშის საქმიანობისას მნიშვნელოვნად შესუსტდა. ამის მაგალითებიც მოცემულია დასკვნაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საზოგადოება „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს, რადგან საქართველო არის უსაფრთხო და დაცული ქვეყანა, მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკით, ეფექტიანი მთავრობით და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით, ძლიერი სახელმწიფო ინტიტუტებით – ნინო წილოსანი

„პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება მომდევნო ფაზაში გადადის, იმის გათვალისწინებითაც, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური ციკლი იქნება რეგიონების და თვითმმართველობებისთვის. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ამ, მე-10 საიუბილეო გამარჯვებასაც იზეიმებს „ქართული ოცნება“ და ქვეყნის მშვიდობიანი და მასშტაბური განვითარების, ეკონომიკური წინსვლის მომდევნო ოთხწლედს ავითვლით“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, საზოგადოება „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს, რადგან საქართველო არის უსაფრთხო და დაცული ქვეყანა, მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკით ეფექტიანი მთავრობით და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით, ძლიერი სახელმწიფო ინტიტუტებით.

„ამას ამბობს ევროკომისიის 2024 წლის ანგარიშები, მსოფლიო ბანკი და სხვა რეპუტაციული კვლევითი ორგანიზაციები“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისივე განცხადებით, უსაფრთხოებისა და დაცულობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

მისი თქმით, მთავრობის ეფექტიანობის გაუმჯობესებით საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია.

„მთავრობის ეფექტიანობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, „დიდი შვიდეულის“ ერთ, ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 16 სახელმწიფოს. კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსით, საქართველო ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 10 სახელმწიფოს უსწრებს. ამავე რეიტინგში საქართველო პირველ ადგილს იკავებს კავკასიასა და შავიზღვისპირეთში. საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
საქართველოში სასამართლოს ეფექტიანობის წლიური შეფასება გაუმჯობესდა და ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 4 ქვეყანას უსწრებს. მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის ინდექსით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, მსოფლიოში 30-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა და დასძინა, რომ შეფასებებისას მათ იხელმძღვანელეს ისეთ კრიტერიუმებით, როგორიცაა – საკუთრების უფლების დაცვა, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ ფუნდამენტური ღირებულებაა და რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გათელა.

„შემდეგი კომპონენტები, სადაც ჩვენი წარმატება აღიარეს ინვესტიციების მოზიდვა, ლოჯისტიკური კომპეტენცია, სტაბილური ბიზნეს რეგულაციებია. სწორედ სტაბილური ბიზნეს რეგულაციების მაჩვენებლით მე-15 პოზიცია დაიკავა ჩვენმა ქვეყანამ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, განსაკუთრებულად მაღალი შეფასება მიიღო საქართველოს მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და საქართველო მსოფლიოში მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო ევროპაში მესამე პოზიცია დაიკავა.

მისივე თქმით, კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია. საქართველო კანონის უზენაესობით მსოფლიოს საუკეთესო ორმოცდაათეულში მოხვდა; სასამართლოს ხარისხით მსოფლიოში 27-ე ადგილზე გავიდა. საქართველომ გამჭვირვალობით მსოფლიოში მე-12 პოზიცია დაიკავა, მმართველობითი რეგულაციებით კი 29 -ე ადგილზე გამწესდა.

„ამის ფონზე როცა უცხო ქვეყნის რეზიდენტი „გახარიას გუნდის წევრები“ ამომრჩეველთან მივლენ, ან „თაღლითების პარტიის“ მერობის წარმომადგენელი მორიგ თაღლითობას შესთავაზებს ამომრჩეველს ან ევროკომისიის პრეზიდენტი ჩვენი რეგიონის სიძლიერეზე საქართველოს გარეშე ისაუბრებს, ან ევროინსტიტუციების რიგი წარმომადგენლები მორიგ თავდასხმას განახორციელებენ- ჩვენი პასუხი იქნება ძლიერი და მშვიდობიანი საქართველო, რომელიც ჩვენს ამომრჩეველთან ერთად შევქმენით“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

პროკურატურა ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ანტონ ჩეჩინის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურა ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ანტონ ჩეჩინის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 4,3369 გრამ ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 4,3369 გრამ ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია) განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2008 წელს სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა დანაშაული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ზუსტად იმავეს გააკეთებდნენ 2022 წელს – შალვა პაპუაშვილი

ეს დასკვნა არის ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი და ამიტომ, პირველი ვინც ამისგან სარგებელს მიიღებს, მიიღებს ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას – „საგამოძიებო კომისიის დასკვნაში საუბარია 2008 წლის ომში ქართული მხარის პასუხისმგებლობაზე, ფიქრობთ თუ არა, რომ ამ დასკვნის მხარდაჭერა, იქნება კრემლისთვის სასარგებლო საქმის გაკეთება?“.

„ყველა საკითხთან დაკავშირებით ეს დასკვნა ამბობს სიმართლეს, რომელიც შეეხება როგორც იმ სისტემას, რომელიც შექმნილი იყო, ასევე იმ ღალატს, რომელსაც უცხო ქვეყნიდან დასმული და მართული სახელმწიფოს მმართველობა ქვეყნის წინაშე ჩადიოდა, მათ შორის 2008 წლის ომთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მან.

კითხვაზე – სად არის ქართული მხარის დანაშაული 2008 წლის ომში – პაპუაშვილმა ასე უპასუხა:

„მარტივი ანალიზი არის საჭირო იმისთვის, რომ მიხვდე – იგივე ძალა – სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში 2022 წელს საქართველო დღეს ომში კი არ იქნებოდა, უკვე დიდი ხანია დანგრეული, ომგამოვლილი ქვეყანა იქნებოდა და არ ვიცი რამდენად იქნებოდა საერთოდ სახელმწიფო. ეს ხალხი გარანტირებულად შეიყვანა საქართველოს ომში და შეჰყავდათ კიდევაც; შეგახსენებთ, აქ პარლამენტის წინ იდგნენ და ითხოვდნენ მოხალისეების გაგზავნას ფრონტზე, სანქციების დაწესებას და ასე შემდეგ. 2008 წელს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო არა ნაციონალური მოძრაობის გარედან მართული მარიონეტული რეჟიმი, არამედ ყოფილიყო ქართული ოცნების მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება, ომი არ იქნებოდა. არ მივიდოდა ამ საკითხამდე, როგორც არ მივიდა 2022 წელს. რაც შეეხება ვინ რა დაიწყო – ეს დღეები ძალიან კარგად გვახსოვს, ძალიან კარგად ვიცით, ჩვენ როგორც მოქალაქეებმა, რას გვეუბნებოდა 2008 წლის 8 აგვისტოს ღამეს, გამთენიას მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი, რომ სამშვიდობო ძალები ამ ყველაფერში არ ერთვებიან, რომ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა მიდის. საომარი მდგომარეობს გამოცხადებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ბრძანებაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული პარლამენტის მიერ 2008 წლის 8 აგვისტოს. თავად მიხეილ სააკაშვილის დავალებით მისმა წარმომადგენლებმა სტრასბურგში ევროსაბჭოს რეზოლუციას მისცეს ხმა და დაუჭირეს მხარი, სადაც ზუსტად არის ასახული, როგორ იყო დაწყებული ახალი ეტაპი იმ ომში, რომელიც დიდი ხანია გრძელდება და ვინ გაისროლა მასშტაბურად მაშინ. ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არც არასდროს ყოფილა, დაახლოებით 2017-18 წლამდე ამაზე ამაზე თავადაც საუბრობდნენ, მათ შორის ის გენერლები, რომლებიც იყვნენ ჩართული და რომლებიც შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრები გახდნენ. დღეს რომ ოპოზიცია თავს იგიჟებს, ისინი თავად საუბრობდნენ, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ქვეყნის ღალატით დაიწყონ ის ახალი ეტაპი სამხედრო დაპირისპირებისა, რომელიც მასშტაბურ ომში გადაიზარდა. რამდენიმე წლის წინ რატომაც გადაწყვიტეს შემოეტრიალებინათ საკითხი და თითქოს რაღაც სიახლეა ამ ყველაფერში. 2008 წელს სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა დანაშაული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ზუსტად იმავეს გააკეთებდნენ 2022 წელს, ზუსტად ისევე შევიდოდით ომში და მერე გერკვიათ ვინ გაისროლა პირველმა, ვინ მეორემ, მაგრამ ფაქტი ხომ ეს არის, რომ აღმოჩნდებოდა საქართველო ისეთივე დანგრეული როგორც 2008 წელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დასავლეთი ყურადღებას არ აქცევს აღმოსავლეთს – უგულებელყოფს მსოფლიოს ნახევარს – თავისი შიშებისა და რისკების ფასად – The Independent

ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) გამოქვეყნებულია ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტისა და კომენტატორის მერი დეჟევსკის სტატია სათაურით „დასავლეთი ყურადღებას არ აქცევს აღმოსავლეთს – უგულებელყოფს მსოფლიოს ნახევარს – თავისი შიშებისა და რისკების ფასად“.

„ჩინეთში, შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ-ქვეყნების სამიტზე მსოფლიოს 25 სახელმწიფოს და 10 საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერების ყოფნის გათვალისწინებით, რომელთა შორის ვხედავთ ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის, ინდონეზიისა და ირანის ხელმძღვანელებს, უნებლიედ იბადება კითხვა – რატომ არ იჩენს დასავლეთი საკმაო ყურადღებას ამ შეხვედრის მიმართ ან საერთოდ არ ადარდებს?“, – ასეთი კითხვაა დასმული ავტორის მიერ პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ტიანძინში შეკრებილმა ლიდერებმა უსაფრთხოების, მსოფლიო ეკონომიკისა და რეგიონული პრობლემები განიხილეს. სამიტს მასპინძლობდა ჩინეთის მეთაური სი ძინპინი, მონაწილეთა შორის – ვლადიმერ პუტინი რუსეთიდან, ნარენდრა მოდი ინდოეთიდან (სხვათა შორის, ინდოეთს თავის მეზობელ ჩინეთთან სასაზღვრო სისხლიანი კონფლიქტები აქვს, მაგრამ ნარენდრა მოდი სი ძინპინს მაინც ეწვია), ირანის, თურქეთისა და ინდონეზიის პრეზიდენტები… სამიტში მონაწილე ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა მსოფლიოს მშპ-ის ერთ მეოთხედს შეადგენს, მოსახლეობა კი თითქმის ნახევარს. შეხედეთ ჯგუფურ ფოტოსურათს: თუ თქვენ გსურდათ მსოფლიოს დიდი ნაწილის თვალსაჩინო სურათის დანახვა, ის ახლა თქვენს თვალწინაა.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში შეიქმნა რეგიონული დავების მოსაგვარებლად, ნელ-ნელა დასავლური ბლოკების – ნატოსა და ევროკავშირს დაემსგავსა, თუმცა მას თავდაპირველად ამის ამბიცია არ ჰქონია. მის პარალელურად ჩამოყალიბებული „ბრიკსი“ უკვე ლათინურ ამერიკასაც გადასწვდა და ბრაზილიით სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე გავლენა გაიფართოვა. (…)

ჩინეთის არმიის სამხედრო აღლუმი, რომელიც უკვე პეკინშია დაგეგმილი და სამ სექტემბერს გაიმართება, მოწოდებულია, რომ დასავლეთს აჩვენოს: ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს მონოპოლიური უფლება იმისა, რომ მხოლოდ თვითონ წარმოაჩინოს საკუთარი თავი გამარჯვებულად მეორე მსოფლიო ომის წყნარი ოკეანის სამხედრო თეატრში და რომ ჩინეთსაც აქვს შეტანილი დიდი წვლილი გამარჯვებაში. ვლადიმერ პუტინთან და სი ძინპინთან ერთად,  აღლუმის სტუმართა შორის იქნება ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინიც, რომელიც ჩინეთს სპეცმატარებლით ეწვევა (პირველად 2019 წლიდან).

ორი მოვლენა – შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამიტი და მეორე მსოფლიო ომში იაპონელ დამპყრობლებზე ჩინეთის გამარჯვების 80 წლისთავი – ეს ის მნიშვნელოვანი მოვლენებია, რომლებზეც დასავლეთს ყურადღება უნდა გაემახვილებინა.

დიახ, ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და დიდ ბრიტანეთს ახლა პრობლემები აქვთ, ევროპაში ომი მიმდინარეობს, ახლო აღმოსავლეთშიც ცეცხლი გიზგიზებს… და მაინც დასავლეთისათვის სამიტის იგნორირება შეცდომა იქნებოდა. აუცილებელია ყურადღება მიექცეს ჩინეთიდან წამოსულ სიგნალებს.

პირველი – რუსეთის შესახებ: ალასკის სამიტმა რუსეთის პრეზიდენტის დასავლეთისგან იზოლაცია დაასრულა, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ამ იზოლაციის დონე გადაჭარბებული იყო. ვლადიმერ პუტინი სასურველ სტუმრად რჩება პლანეტის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის.

მეორე – რუსეთ-ჩინეთის შესახებ: ეს არ არის ექსკლუზიური კავშირი. ეს არის პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ეკონომიკურ სარგებელსაც, რომელსაც ფართო რეგიონული კონტექსტი აქვს. ეს არის ორი მოსაზღვრე ქვეყნის თანამშრომლობა. მათ ზოგჯერ განსხვავებული ინტერესები აქვთ, მაგრამ გლობალურ საკითხებში თანხმდებიან. ისინი გავლენის სფეროების გამო ერთმანეთს არ ედავებიან.

მესამე – ჩინეთისა და ინდოეთის შესახებ: სამიტს წინ უძღოდა მოლაპარაკება სი ძინპინსა და ნარენდრა მოდის შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტოქეებს შორისაც კი ნორმალური ურთიერთობა აუცილებელია. მათი ურთიერთდამოკიდებულება უარყოფს იმ მოსაზრებას, რომ თანამედროვე მსოფლიოში ორივესათვის ადგილი არ არის.

მეოთხე – რუსეთისა და ინდოეთის შესახებ: დონალდ ტრამპი ინდოეთის დაშინებას ცდილობს სავაჭრო ტარიფების გაზრდით და ხელს უშლის რუსული ნავთობის გაყიდვას, ინდოეთს კი არ ეშინია. ვლადიმერ პუტინისა და ნარენდრა მოდის თბილი შეხვედრა-მოლაპარაკება ტიანძინში ამას ადასტურებს.

მეხუთე – ცენტრალური აზიის შესახებ: დასავლეთს ეგონა, რომ ცენტრალურ აზიაში გავლენისათვის ბრძოლა რუსეთს და ჩინეთს ერთმანეთს გადაამტერებდა, მაგრამ მოტყუვდა. შანხაის ორგანიზაციამ შეძლო სიტუაციის დარეგულირება და თავის გადარჩენა. ორგანიზაცია ახლა გაფართოების სტადიაშია.

რა თქმა უნდა, ზემოთ თქმული არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი, თუ მას შესაძლებლობა გაუჩნდება, თავის ვაჭრობას და დიპლომატიას ისევ დასავლეთისაკენ გადაამისამართებს, სადაც კრემლი თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში. ეს არ იმას არ ნიშნავს, რომ შანხაის ორგანიზაციაში ყველაფერი იდეალურადაა და რომ ყველა წევრი თავის ეროვნულ ინტერესებს უკან სწევს, კოლექტიურს კი უპირატესობას ანიჭებს. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ლიდერები, რომლებიც დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარს წარმოადგენენ, თავიანთ მომავალზე დასავლეთის გარეშე მსჯელობენ და დასავლეთის გარეშე მოქმედებენ. როგორც ჩანს, ძველი მსოფლიო წესრიგის გაქრობის გარეშეც შეიძლება ახალი მსოფლიო წესრიგის მოხაზულობის შემჩნევა.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

ერთგული საკრედიტო ბარათის აღება და დამტკიცება უკვე რამდენიმე წუთში, თიბისის მობაილბანკიდან არის შესაძლებელი

მომხმარებელთა ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისიმ მობაილბანში ახალი ფუნქციონალი დაამატა- უკვე, ერთგული საკრედიტო ბარათის დამტკიცება და აღება სულ რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშე, მობაილბანკიდან არის შესაძლებელი. აქამდე, ბარათის აღებას, 2-3 სამუშაო დღე სჭირდებოდა.

თუ ჯერ არ სარგებლობთ პროდუქტით, დაიმტკიცეთ ერთგული საკრედიტო ბარათის ლიმიტი ონლაინ, 2-3 წუთში. ლიმიტის დამტკიცების შემდგომ, რამდენიმე წუთი სჭირდება გენერირების პროცესს, რის შემდგომაც უკვე შეგიძლიათ ბარათის ელექტრონულ საფულეში დამატება და თანხის სურვილისამებრ განკარგვა.

თიბისის მობაილბანკიდან ერთგული საკრედიტო ბარათის აღება, 30 სექტემბრის ჩათვლით, სრულიად უფასოა და არ გადაიხდით პირველი ერთი წლის საკომისიოს (წლიური საკომისიო განსხვავდება ბარათის ტიპების მიხედვით). ასევე, თუ დახარჯულ თანხას 55 დღემდე საშეღავათო პერიოდში დააბრუნებთ, არც დამატებითი გადასახადი დაგერიცხებათ.

ერთგული ბარათის მაქსიმალური ლიმიტი 20,000 ლარია, საშეღავათო პერიოდი კი, მაქსიმუმ 55 დღე. დამატებით თანხას ხარჯავთ ყველგან და საქართველოში ნებისმიერი ბანკის ტერმინალზე აგროვებთ მეტ ერთგულ ქულას. 4000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში კი, 12%-მდე ქეშბექს იბრუნებთ.

იყავი მიზანსწრაფული, უერთგულე სურვილებს და აიღე, ერთგული საკრედიტო ბარათი უფრო სწრაფად!

R

გამოცხადდა 2025 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის კონკურსი – “ქალები მეცნიერებაში” – განსაკუთრებული მიღწევებისათვის მათემატიკის მიმართულებით

გამოცხადდა 2025 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის კონკურსი – “ქალები მეცნიერებაში” – განსაკუთრებული მიღწევებისათვის მათემატიკის მიმართულებით!

🔹კონკურსის მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს მათემატიკის მიმართულებით მოღვაწე  გამორჩეულად წარმატებული მეცნიერი ქალი.

🔹კონკურსის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

.

გამოცხადდა 2025 წლის ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

კონკურსის მიზანია, უზრუნველყოს ქართველოლოგიის მიმართულებით ახალი ჰიპოთეზების და კონცეფციების, შეუსწავლელი ან უცნობი მოვლენების, ფაქტებისა თუ მონაცემების შესწავლა-ანალიზი და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კვლევების განხორციელება; ხელი შეუწყოს ქართველოლოგიის მიმართულებით ახალი ცოდნისა და კვლევის რესურსების შექმნას, სასწავლო პროცესებში ინტეგრაციას, საერთაშორისო გავრცელებასა და პოპულარიზაციას, ქართველოლოგიის მეცნიერებაში ახალგაზრდა ტალანტების მოზიდვას და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდას. გრძელვადიან პერსპექტივაში დაფინანსებულმა კვლევამ ხელი უნდა შეუწყოს ქართველოლოგიის სფეროს გაძლიერებას და მის ჩართვას სახელმწიფო ენის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში.

🔹კონკურსის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

.