Home Blog Page 10

5 ოქტომბრიდან რა იქნება, ჯერ გაუგებარია – ახლა ამოცანა არის: ზაფხულში პროტესტის შენარჩუნება, 4 ოქტომბერს ცირკში მონაწილეობაზე უარის თქმა – ზურაბ ჯაფარიძე

ახლა ამოცანა არის: ზაფხულში პროტესტის შენარჩუნება, 4 ოქტომბერს ცირკში მონაწილეობაზე უარის თქმა , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან წერილში წერს, რომელიც მის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

ზურაბ ჯაფარიძე კიდევ ერთხელ განმარტავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ პოზიციას.

“მსჯელობას იმაზე, სწორია თუ არა ე.წ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, აზრი აღარ აქვს. ყველა არგუმენტი ნათქვამი/დაწერილი მაქვს – უდიდესი შეცდომაა!

მაგრამ რაცაა, ეგაა. სანამ ქუჩაში ვართ, სანამ არ გავტყდით, სანამ წინააღმდეგობა არსებობს, სანამ საღამოს რუსთაველზე ხალხი დგას, ასეთ შეცდომებს მოვინელებთ.

მაგრამ რაღაც სიმართლეები უნდა ითქვას ახლავე:

ვერანაირი ერთიანი ნეიტრალური კანდიდატები ვერ იქნება. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთობის შემთხვევაში. ერთობა არ არის და ასე არც იკვრება.

ვერანაირი ერთობა ვერ იქნება. სტრატეგიაში ავცდით ერთმანეთს.

ჩვენთვის ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც იმ ვითომ არჩევნებს დანიშნავს და წულუკიანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც ე.წ კომისიაზე გვიბარებს ერთი ნაგავია. ორივე არავინაა. ორივე კლოუნია.

ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია გამოჩნდეს, რომ ამ ცირკში ხალხი არ იღებს მონაწილეობას და მანდ ვცდებით ფუნდამენტურად.

ვერანაირი 3,000 ცხელი წერტილი ვერ იქნება. კი ჟღერს პოეტურად, მაგრამ მხოლოდ ჟღერს და ასეც დარჩება. ეს იცის ყველამ.

ვერანაირი ბრძოლა გამარჯვებისთვის ვერ იქნება. არც ერთი გონიერი არსება არ დაიჯერებს, რომ ოპოზიციის მესამედი, არჩევნებზე, სადაც გამოცხადება ტრადიციულზე დაბალია, მოუგებს რეჟიმს, რომელიც თვითონ წერს რიცხვებს, მაშინ როცა 13 წელია ეს ვერ შეძლო ოპოზიციამ ერთიანად.

ვერანაირი თბილისის მოგება ვერ იქნება. ასეთი რეჟიმები ძალაუფლების კონსოლიდაციის იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც ახლა არიან, არჩევნებით ძალაუფლებას არ თმობენ, არც დედაქალაქებში (არსად).

არანაირი “რეგიონებში გავალთ, ხალხს შევხვდებით” არ იქნება. რაც იქნება, იქნება მედიასპექტაკლები.

და ა.შ

რა იქნება რეალურად?

– აი, რასაც ახლა ვუყურებთ ეგ იქნება, დაემატება მეტი რეპორტაჟი, როგორ დადიან პოლიტიკოსები ქუჩაში და როგორ ხვდებიან პარტაქტივს რეგიონებში.

ასევე დაემატება საარჩევნო სატელევიზიო კლიპები და ქუჩის ბანერები. მეტი არაფერი არ იქნება.

– იქნება რაღაც უბადრუკი საკრებულოს ადგილები;

– ძალიან მაღალი ალბათობით, მაგ პარტიებისთვის იქნება იმაზე ნაკლები ხმები, ვიდრე 26 ოქტომბერს აიღეს (ნომინალში) ;

– იქნება მეტი უნდობლობა პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის;

– იქნება ქოცების პროპაგანდა, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიარა ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია, რადგან ამ პარლამენტის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში ჩაერთო.

– იქნება პრობლემები გარეთ კომუნიკაციაში, რადგან შარშან ოქტომბრის შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება, როცა მნიშვნელოვან საკითხზე პოზიციები გაიყო ოპო ფლანგზე.

– 4-ში ღამითვე დაიწყება რუსული რეჟიმის პროპაგანდა, რომ პროდასავლური ოპოზიცია გააფარჩაკეს და დადებენ თავიანთ რიცხვებს.

– მონაწილე პარტიების მხრიდან იქნება სპეკულაცია, რომ “აი, ერთად რომ მიგვეღო მონაწილეობა, დავლეწავდით კრამიტებს”

ეს ყველაფერი იქნება.

აი, 5 ოქტომბრიდან რა იქნება, ეგ ჯერ გაუგებარია.

მაგრამ დასაკიდებელია.

ახლა ამოცანა არის:

ზაფხულშიპროტესტისშენარჩუნება

4-ში ცირკში მონაწილეობაზე უარის თქმა”, – წერს ჯაფარიძე.

გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ვლადიმერ ჩაჩიბაიას გამოკითხვა მიმდინარეობს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხვაზე საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია მივიდა.

ჩაჩიბაიას პროკურატურაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია“, – აცხადებენ პროკურატურაში.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე; მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი; რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი; საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი; შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი; წაღვლის ადმინისტრაციული ერთეულის (რომელშიც მათ შორის შედის სოფელი ჩორჩანა) გამგებელი ვაჟა ლომიძე. გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე გამოიკითხნენ სოფელ ჩორჩანას და წაღვლის მცხოვრებლები.

რა ეღირება დოლარი და ევრო 23 ივლისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7106 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7106 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7113 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1725 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1565 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0160 ლარი შეადგინა.

აშშ UNESCO-დან გადის

ამერიკის შეერთებული შტატები გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციიდან (UNESCO ) გავა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტში გააჟღერეს.

დეპარტამენტის პრესსპიკერის, ტემი ბრიუსის თქმით, UNESCO-სთან თანამშრომლობის გაგრძელება შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში არ შედის.

„UNESCO ცდილობს ხელი შეუწყოს დამყოფ სოციალურ და კულტურულ მიზნებს და ზედმეტ ყურადღებას აქცევს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს – საერთაშორისო განვითარების გლობალისტურ, იდეოლოგიურ დღის წესრიგს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს პრინციპს საგარეო პოლიტიკაში – ამერიკა უპირველეს ყოვლისა. UNESCO-ს გადაწყვეტილება, „პალესტინის სახელმწიფო“ წევრ ქვეყნად აღიაროს, ძალზედ პრობლემურია, ეწინააღმდეგება აშშ-ის პოლიტიკას და ორგანიზაციაში ანტიისრაელური რიტორიკის გავრცელებას შეუწყო ხელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დავით გამრეკელის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ნაცვლად, ახალი 8-სართულიანი საცხოვრებელი სახლი შენდება

თბილისის განვითარების ფონდი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქ. I შესახვევის N 6-ში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

აღნიშნულ მისამართზე არსებული 4-სართულიანი ავარიული შენობის სრული დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, მრავალბინიანი, 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. პროექტის შედეგად, ფართებით დაკმაყოფილდება 19 ოჯახი.

სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბკ ქონსთრაქშენი“ ასრულებს და ღირებულება 6 470 558 ლარია.

ამ ეტაპზე,მიმდინარეობს ხიმინჯების მოწყობა;ლითონისა და რკინა-ბეტონის კოლონების მონტაჟი; ლიფტის შახტისა და კიბის უჯრედის ყალიბება.

სამუშაოები ხორციელდება საინჟინრო-ტექნიკური სტანდარტების მკაცრი დაცვით.

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები 2023 წლის 8 აგვისტოდან დაიწყო და 2026 წლის 8 აგვისტომდე გაგრძელდება.

პროექტის მიზანია მაცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა, ქალაქის განაშენიანების გაუმჯობესება და სივრცითი განვითარების ხელშეწყობა.

„დინამო არენაზე“ დაგეგმილი ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება 

23 ივლისს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ დაგეგმილი მსოფლიო პოპვარსკვლავის  ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის გამო,  „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე როგორც საავტომობილო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

კერძოდ, 23 ივლისის 07:00 საათიდან 24 ივლისის 01:00 საათამდე, სრულად აიკრძალება საავტომობილო მოძრაობა აკაკი წერეთლის გამზირზე, მეტროსადგურ „წერეთლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მიხეილ წინამძღვრიშვილისა და გიორგი ცაბაძის ქუჩების კვეთამდე; დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე ქუთაისის ქუჩის კვეთიდან – შოთა იამანიძის ქუჩის კვეთამდე.

ასევე, ავტომობილები აკაკი წერეთლის გამზირზე მოსახვედრად ფოთის და ბათუმის ქუჩებზე გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

მოძრაობა სრულად შეიზღუდება: ვლადიმერ მაიაკოვსკის,  გიორგი ცაბაძის,  შოთა იამანიძის,  არჩილ ქურდიანის და სლავა მეტრეველის ქუჩებზე. 

გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება – თევდორე მღვდლის ქუჩიდან აბასთუმნის ქუჩის მიმართულებით, გორის და ბათუმის ქუჩებიდან  აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებითაც.

ასევე, ნაწილობრივ შეიზღუდება გადაადგილება: დავით აღმაშენებლის გამზირზე (გიორგი ცაბაძის ქუჩის კვეთიდან – თამარ მეფის ქუჩამდე მონაკვეთში), მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე თამარ მეფის გამზირის კვეთიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის კვეთამდე; ფოთის ქუჩაზე- ბათუმის ქუჩის შესახვევიდან წერეთლის გამზირამდე. გარდა ამისა, ფიფიების,  ბათუმის და გორის ქუჩებიდან შეზღუდული იქნება მოძრაობა აკაკი  წერეთლის გამზირის მიმართულებით და მტკვრის მარცხენა სანაპიროდან გიორგი ცაბაძის ქუჩის მიმართულებით.

ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის ქუჩისკენ, ხოლო, მარცხნივ მოხვევით წერეთლის გამზირის მიმართულებით. აკაკი წერეთლის გამზირიდან კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქუთაისის ქუჩის მიმართულებით. შემდეგ,  ქუთაისის ქუჩიდან დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე მოხვედრა მარჯვნივ მოხვევით იქნება შესაძლებელი და  ასევე, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის მიმართულებით.

თამარ მეფის გამზირიდან აკაკი წერეთლის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გიორგი კვინიტაძის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩების გავლით. ხოლო, აკაკი წერეთელის გამზირიდან მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ქუთაისის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, შეზღუდვის პერიოდში, ავტობუსები: N384, N386, N311, N320, N315, N327, N306, N308 და N381 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, სვლას განაგრძობენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის, მიროტაძის ქუჩის, პეკინის გამზირის გავლით და კვლავ, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის საშუალებით, გმირთა მოედანს დაუკავშირდებიან. გმირთა მოედნიდან N320, N327, N386, N381, N315 და N384 მგზავრებს დადგენილი მარშრუტით, თამარ მეფის გამზირის გავლით მოემსახურება, ხოლო N306, N308 და N311 არსებული სქემით, ვარაზისხევის საშუალებით იმოძრავებენ.

მიკროავტობუსები: N541, N551, N536 და N431 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩის მიმართულებით და დაუკავშირდებიან სააკაძის მოედანს, საიდანაც: N541 მიროტაძის ქუჩით დაუკავშირდება კონსტანტინე გამსახურდიას გამზირს და გმირთა მოედნიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით; N551 მიროტაძის ქუჩიდან დაუკავშირდება პეკინის გამზირს და იმოძრავებს დადგენილი სქემით; N536 მიროტაძის ქუჩით დაუკავშირდება გამსახურდიას გამზირს, რის შემდეგაც, გმირთა მოედნიდან გადაადგილდება თამარ მეფის გამზირზე და იმოძრავებს დადგენილი სქემით; N431 სააკაძის მოედნიდან შარტავას ქუჩაზე გადაადგილდება, საიდანაც გამოიყენებს უკვე დადგენილ მარშრუტს. აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებისას წერეთლის გამზირს ანალოგიური გზებით დაუკავშირდება.

მიკროავტობუსი N476 ჟიული შარტავას ქუჩიდან სააკაძის მოედნისა და მიროტაძის ქუჩის გავლით, პეკინისა და კონსტანტინე გამსახურდიას გამზირებს დაუკავშირდება, ხოლო თამარ მეფის გამზირიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, აღნიშნული მიკროავტობუსი გამოიყენებს ანალოგიურ მარშრუტს; N504 მოძრაობას დაასრულებს მეტროსადგურ „წერეთელთან“, ხოლო N538 სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, დაუკავშირდება გენერალ კვინიტაძის ქუჩას, თამარ მეფის გამზირს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, N538 თამარ მეფის გამზირიდან დაუკავშირდება მტკვრის მარცხენა სანაპიროს და მეტროსადგურ „დიდუბისკენ“ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.

გარდა ამისა, მგზავრთა მომსახურების ხელშეწყობის მიზნით, „დინამო არენას“მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი ავტობუსების მარშრუტები: N381, N315, N320, N311, N327, N308, N306,N384, N386  და მეტრო მგზავრებს  გახანგრძლივებული დროით – 24 ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურება.

აჭარაში, შვილის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1980 წელს დაბადებული შ.ი. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი როგორც თურქეთში, ასევე, საქართველოში ყოფნისას საკუთარ შვილზე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შ.ი. ბრალდებულის სახით ბათუმში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ეროვნული ღირებულება ყველაფერზე მაღლა დგას, აქ ეშლება „დიფ სთეითსა“ და ევროკავშირის დღევანდელ ბიუროკრატიას -გურამ მაჭარაშვილი

ეროვნული ღირებულება ყველაფერზე მაღლა დგას, აქ ეშლება „დიფ სთეითსა“ და ევროკავშირის დღევანდელ ბიუროკრატიას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ ვიზალიბერალიზაცია დამსახურებულად მიიღეს.

„ქვეყანამ ყველა ის კრიტერიუმი დააკმაყოფილა, რაც არსებობდა და შედეგად ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ. იქ არსად არ ეწერა, რომ გამჭვირვალობის კანონს თუ მიიღებ ან არასრულწლოვანებსა და ტრადიციებს დაიცავ, ამ შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლა შეჩერდებაო. ევროკავშირის არც ერთ ნორმატიულ აქტში მსგავსი რამ არც დღეს წერია. ეს შანტაჟის მექანიზმია, რაც ყოველდღე ვლინდება უცხოური, აქაური „ენჯეო“ თუ ვითომ პოლიტიკოსებისა და ტელევიზიების მხრიდან. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ ძალიან გააშარჟეს და ამბობენ, რომ არასერიოზულია ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა საქართველოში, ეს არ არის პრობლემა საქართველოში და არაფერ შუაშია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთანო. ჩვენც მაგას ვამბობთ, რომ არაფერ შუაში არ არის ეს კანონები ვიზალიბერალიზაციის არათუ მიღებასთან, უკვე მიღებული სარგებლის შეჩერებასთანაც კი. ევროკავშირის ელჩს ვკითხოთ, რა კავშირი აქვს უკვე მიღებულ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხთან კაცების გათხოვება ოფიციალურად იქნება თუ არა ან ლგბტ პროპაგანდა იქნება თუ არა, ასევე „გამჭვირვალობის კანონი“ იქნება თუ არა? ამ კითხვას რატომ არ სვამთ? ხომ გინდათ, რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეჩერდეს? სამწუხაროდ, დღევანდელი ევროკავშირის ბიუროკრატიის უმრავლესობა ცდება, როდესაც ქართულ მენტალიტეტს არასწორად აფასებს, ქართულ ღირებულებას, მათ შორის ევროპულ ღირებულებას. ქართველ კაცს როცა ეუბნები, ქვეყანაში გეიაღლუმებს თუ არ მოაწყობ, კაცების ქორწინებას არ დააკანონებ, გაუმჭვირვალედ არ დათანხმდები რევოლუციების დაფინანსებას, მაშინ შეგიჩერებ უვიზო რეჟიმს, რაც 2017 წელს დამსახურებულად მიიღეო, ამას საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შეურაცხყოფად მიიღებს, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა.

რა თქმა უნდა, ეროვნული ღირებულება ყველაფერზე მაღლა დგას. აქ ეშლება „დიფ სთეითსა“ და ევროკავშირის დღევანდელ ბიუროკრატიას. ქართველ ადამიანს თუ ეუბნები, რომ შენი ღირებულებები განულებული იქნება და მხოლოდ მაშინ მოგცემ ვიზალიბერალიზაციას, რად უნდა იმ ადამიანს ვიზალიბერალიზაცია ან სადმე წასვლა, თუ ქართველობა აღარ ექნება. ქართველობა როგორ არ ექნება? – იმით არ ექნება, რომ ბაღსა და სკოლაში ბავშვებს რომ ასწავლიან, იქ მიიყვანონ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები საჯაროდ. ეს ყველაზე დიდი უბედურებაა და ამაზე ქართველი ხალხი უკან არ დაიხევს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში მზად ვართ, “ბათუმელების” ანგარიშებს ყადაღა მოეხსნას და დავალიანების შესაბამისი გრაფიკით დაფარვის საშუალება მიეცეს -შემოსავლების სამსახური

საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში მზად ვართ, „ბათუმელების“ ანგარიშებს ყადაღა მოეხსნას და დავალიანების შესაბამისი გრაფიკით დაფარვის საშუალება მიეცეს, – ამის შესახებ განცხადება შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა.

განცხადების თანახმად, ანგარიშებზე ყადაღის დადება ავტომატურ რეჟიმში ხდება, ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით.

„საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 2025 წლის 21 ივლისის მდგომარეობით მედიაპლატფორმა „ბათუმელებს“ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 282,191.97 ლარის ოდენობით.

განვმარტავთ, რომ საგადასახადო დავალიანების ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიება (ანგარიშებზე ყადაღის დადება) ხდება ავტომატურ რეჟიმში, ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით.

შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა „ბათუმელების“ ანგარიშებს და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, მისცეს საშუალება რომ დაფაროს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება“, – ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება – ლევან ხაბეიშვილი

კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის „საქმეს” მიხედავენ და „ატვეჩაიშიც” ჩადგნენ – გასაგებია, რომ რიჟვაძე ვერ გასწირავს მის ოჯახსა და გარემოცვას მკვლელ ივანიშვილთან დაპირისპირებაში და გააკეთებს იმას, რა ინსტრუქციაც მიუვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, იგეგმება თავისუფლებისა და სიცოცხლის სანაცვლოდ, თორნიკე რიჟვაძეს შესთავაზონ გარიგება და მან სიმართლის ნაცვლად ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს.

„კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის “საქმეს” მიხედავენ და “ატვეჩაიშიც” ჩადგნენ. შესაბამისად, კობახიძის დავალებით ფაქტობრივ მძევლობაში ჰყავთ თურქეთის საავადმყოფოში და ელოდებიან მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომ თავისუფლებისა და სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება (ოჯახმა ცხადია იცის უკვე პირობები) – სიმართლის ნაცვლად ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს. მხოლოდ ამიტომ არის, რომ ერთი ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია არც პროკურატურას და არც „შსს-ს“.

უნდა ესმოდეს ყველას, რომ საქმე გვაქვს ბანდფორმირებასთან, მკვლელებთან, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ “კილერის” დაქირავება და ადამიანის მკვლელობა! გასაგებია, რომ რიჟვაძე ვერ გაწირავს მის ოჯახსა და გარემოცვას მკვლელ ივანიშვილთან დაპირისპირებაში და გააკეთებს იმას, რა ინსტრუქციაც მიუვა“,- წერს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, 7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. საბოლოოდ კი ის მკურნალობისთვის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანი დააკავეს, რომელსაც სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

არიან სახელმწიფოები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლო გადაწყვეტილება თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს დაანგრევს -ნინო წილოსანი

ევროკავშირის ფარგლებში არიან სახელმწიფოები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლო გადაწყვეტილება, თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს დაანგრევს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ქართველი ხალხის მიმართ მიზანმიმართული შანტაჟია.

„ევროკავშირის ფარგლებში არიან სახელმწიფოები, რომლებიც საქართველოს ნამდვილი მეგობრები არიან. ეს სახელმწიფოები არიან იტალია, ავსტრია, თუ სხვები. ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იქნება მიღებული, თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს დაანგრევს. საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლო მიდგომა წარმოებს. რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი სრულიად დეზინფორმაციული რიტორიკის და იმ ბრალდებების ფონზე მიმდინარეობს, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს და იმ კანონების გაუქმების მოთხოვნით დგება, რომელსაც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი ქვეყნის იდენტობისთვის აქვს მნიშვნელობა და სხვას არაფერს აზიანებს, მათ შორის არც ადამიანის უფლებებს. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და ამ ორ პროცესს შორის რაღაც კავშირის დანახვა ქართველი ხალხის მიმართ მხოლოდ მიზანმიმართული შანტაჟია. რას ემსახურება წინასაარჩევნოდ ვიზალიბერალიზაციის თემის წამოწევა? – ალბათ, გაიხსენებთ, რომ წინა არჩევნების დროს, თითქმის ყველა იარაღი და ყველა საშუალება იყო გამოყენებული, რათა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოეყვანათ. ახლა ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, რაც მათ ხელთაა, რამაც შეიძლება, მართლაც გული დაწყვიტოს და აღაშფოთოს ქართველი ხალხი, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა. ვარწმუნებთ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შედეგად, ქართველი ხალხი აღშფოთდება იმ უსამართლობის მიმართ, რომელსაც ევრობიუროკრატია გამოიყენებს და არა „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესებს იცავს“, – განაცხადა წილოსანმა.

“სუბსიდირებული იპოთეკური სესხი”-ს პროგრამით დამტკიცებული სესხების მოცულობამ 932 მლნ ლარი შეადგინა

სახელმწიფო პროგრამით „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი” უკვე 8000-მდე ოჯახმა ისარგებლა, დამტკიცებული სესხების მოცულობამ კი 932 მლნ ლარი შეადგინა.

როგორც სააგენტო „აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე განმარტავს, პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, თუ სესხის აღების პროცესში 1 წლამდე ასაკის შვილი ჰყავთ.

პროგრამას სსიპ „აწარმოე საქართველოში” 2021 წლიდან ახორციელებს და მისი მიზანი ბავშვიანი ოჯახების ბინის/სახლის აშენების ან შეძენის პროცესში ხელშეწყობაა. პროგრამა გულისხმობს იპოთეკურ სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას 5 წლის განმავლობაში. სესხის მაქსიმალური ლიმიტი 200 000 ლარს შეადეგენს.

„პროგრამის თანახმად, ოჯახებს პირველ და მეორე შვილზე საშუალება აქვთ, მიიღონ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3.5%, რაც დღეის მდგომარეობით შეადგენს 4.5%-ს. მესამე და შემდგომ შვილზე კი – რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1.5%, რაც დღეის მდგომარეობით 6.5%-ს შეადგენს”, – აღნიშნავს ირაკლი გაბრიაძე.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ასევე ვრცელდება მარტოხელა მშობლებზე, ქვრივებსა და შვილის აყვანის შემთხვევებზე.

„აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, უკვე არსებული გამოცდილება და სტატისტიკა აჩვენებს, რომ პროგრამა მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ინსტრუმენტია ბავშვიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. „პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ ბევრ სხვა ოჯახს მიეცემა მასში მონაწილეობის საშუალება”, – აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.