Home Blog Page 10

ევროკავშირის საელჩო, როგორც ჩანს, აღიარებს ვენის კონვენციას, ახლა წაიკითხონ 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც, რომ დიპლომატი ვალდებულია, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში -შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის საელჩო, როგორც ჩანს, აღიარებს და კითხულობს ვენის კონვენციას, ახლა ერთადერთი რამე დარჩენიათ, ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც წაიკითხონ, სადაც წერია, რომ დიპლომატი ვალდებულია, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის დელეგაციის წევრთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე შსს-ს მხრიდან, რომ იყო ტექნიკური ხარვეზი.

„ევროკავშირის დელეგაციის წევრთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე შსს-ს მხრიდან, რომ იყო ტექნიკური ხარვეზი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი წუხილიც გამოთქვა ევროკავშირის წარმომადგენლობის მიმართ. განემარტათ, რომ ამ თანამშრომელს შეუძლია, ნებისმიერ დროს შემოვიდეს. თუმცა, ერთი ნიშანდობლივი საკითხი იყო ევროკავშირის საელჩოს განცხადებაში და მივესალმები, რომ საელჩომ მიუთითა ვენის კონვენციის დარღვევაზე. მართალია, აკრედიტებული დიპლომატის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა, ვენის კონვენციიდან გამომდინარე არის მასპინძელი სახელმწიფოს ვალდებულება. მიხარია, რომ ევროკავშირის საელჩო, როგორც ჩანს, აღიარებს და კითხულობს ვენის კონვენციას. ახლა ერთადერთი რამე დარჩენიათ, ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც წაიკითხონ, სადაც წერია, რომ დიპლომატი ვალდებულია, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში. ამ პუნქტსაც თუ წაიკითხავენ და შეასრულებენ, ვენიის კონვენციის გარშემო ჰარმონიული თანაარსებობა იქნება. იმ მომენტშივე განიმარტა, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა, გარკვეული ხარვეზი, მათ შორის, არც ის მოგვერიდა, რომ ბოდიში მოგვეხადა, ვინაიდან იყო ეს ხარვეზი და გამოსწორდა კიდეც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაადასტურა, რომ 21 მაისს ევროკავშირის დელეგაციის წევრს, საიმონ ვანდერბრუკს თბილისის აეროპორტში შემოსვლის უფლება არ მისცეს. მათი განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადაეგზავნა და საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერად მოიბოდიშა.

ამასთან, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გაკეთდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. როგორც უწყებაში განმარტეს, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას და საკითხი ამოწურულია.

რა ეღირება დოლარი და ევრო 24 მაისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7376 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7383 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1061 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0924 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0137 ლარი შეადგინა.

ბრიუსელსა თუ ზოგიერთ დედაქალაქში აქვთ წარმოდგენა, რომ არსებობს სტანდარტი საკუთარ ოჯახში და საექსპორტო სტანდარტი მესამე სამყაროსთვის, ასე გვიყურებს ზოგიერთი -შალვა პაპუაშვილი

ბრიუსელსა თუ ზოგიერთ დედაქალაქში აქვთ წარმოდგენა, რომ არსებობს სტანდარტი საკუთარ ოჯახში და საექსპორტო სტანდარტი მესამე სამყაროსთვის, ასე გვიყურებს ზოგიერთი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოცდამეერთე საუკუნეში ევროპის პოლიტიკური ელიტაში არსებობენ პირები, რომლებიც ერებსა და ქვეყნებს სხვადასხვა კატეგორიად ყოფენ.

„ეს არის ბანალური ჭეშმარიტება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი ბრიუსელში ამ ჭეშმარიტებას არ აღიარებს. აბსოლუტურად მიმყარდება აზრი, რომ ბრიუსელსა თუ ზოგ დედაქალაქში ზოგიერთს ღირებულებებთან, სტანდარტებთან დაკავშირებით აქვთ ასეთი წარმოდგენა: არსებობს სტანდარტი, რომელიც უნდათ საკუთარ ოჯახში და არსებობს საექსპორტო სტანდარტი, რომელიც უფრო დაბალი, ბანანის რესპუბლიკებისთვის და მესამე სამყაროსთვისაა გათვალისწინებული. ასე გვიყურებს ზოგიერთი ჩვენ, ახლა ამ დამოკიდებულებებს ყოველდღიურად ვხედავთ. გახსოვთ, ვიდეოც კი დავდე, ბერლინში ადამიანი მაშხალას ისვრის, ვარდება ოთახში, ფეთქდება, ის ადამიანი დაიჭირეს და მიუსაჯეს რაღაცა. თბილისში ისვრიან მაშხალებს, ვარდება პარლამენტის შენობის ოთახში, ფეთქდება, გამოდიან ელჩები, მათ შორის იმ ქვეყნების, სადაც ეს ხდება, გერმანია, საფრანგეთი თუ სხვა, და ამბობენ, რომ ეს იყო მშვიდობა. საქართველოში ოთახის აფეთქება არის მშვიდობა და გერმანიაში არის ომი – ეს არა ორმაგი სტანდარტია, არამედ ესაა, რომ არ მიგვიჩნევს ზოგიერთი იმ დონედ, ჩვენზე რომ გავრცელდეს რაღაც ნორმალური შეხედულებები. ზოგიერთს ვგონივართ ბანანის რესპუბლიკა, მესამე სამყარო, რაც სამწუხაროა. კიდევ ერთხელ, ოცდამეერთე საუკუნეში ევროპის პოლიტიკური ელიტაში არსებობენ პირები, რომლებიც უბრალოდ ადამიანებს ყოფენ სხვადასხვა დონედ, კატეგორიად, ერებს ყოფენ კატეგორიებად და ქვეყნებს ყოფენ კატეგორიებად, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ვროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ „ევრონიუსზე“ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა: „უცხოური გავლენის შესახებ კანონები ორმაგი სტანდარტის გარეშე უნდა შემოწმდეს, რაც მიუღებელია საქართველოში ან უნგრეთში, ასეთნაირად უნდა შეფასდეს გერმანიასა და რუმინეთშიც“.

ევროკავშირის დელეგაციის წევრ საიმონ ვანდერბრუკთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, საკითხი ამოწურულია -საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრის, საიმონ ვანდერბრუკის საქართველში შემოსვლასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა გაუგებრობას.

როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, ევროკავშირის მხარესთან ჰქონდათ კომუნიკაცია და საკითხი ამოწურულია.

„ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას. აღნიშნულზე ევროკავშირის მხარესთან გვქონდა კომუნიკაცია, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია“, – აცხადებენ სამინისტროში.

მანამდე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაადასტურა, რომ 21 მაისს ევროკავშირის დელეგაციის წევრს, საიმონ ვანდერბრუკს თბილისის აეროპორტში შემოსვლის უფლება არ მისცეს. მათი განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადაეგზავნა და საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერად მოიბოდიშა.

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

19-20 ივნისს, თიბისის მხარდაჭერით, საგამოფენო სივრცე „ექსპო-ჯორჯია“ წელს პირველად ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს. ღონისძიება „ექსპო-ჯორჯიასა“ და საკონსულტაციო კომპანია Savvy-ს თანაორგანიზებით ტარდება და მისი მიზანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სწრაფად მზარდი სექტორის განვითარების ხელშეწყობაა. ლოგისტიკის გამოფენა გააერთიანებს ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას, მათ შორის საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და სარკინიგზო ლოგისტიკას, ასევე საწყობების ინფრასტრუქტურას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ფინანსურ მექანიზმებს.

ღონისძიება დარგისთვის მნიშვნელოვან ძირითად საკითხებს მოიცავს და ჩართულ მხარეებთან ერთად შექმნის პლატფორმას დისკუსიებისთვის არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე სასაუბროდ. ლოგისტიკის გამოფენა სხვადასხვა ფორმატში ჩატარდება და გააერთიანებს როგორც პრეზენტაციებს, ასევე პანელურ დისკუსიებს საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციებისა და კომპანიების ჩართულობით.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში ტრანსპორტირებისა და დასაწყობების სექტორი მკაფიო ზრდას აჩვენებს, მხოლოდ გასულ წელს 14%-იანი მატება დაფიქსირდა, მთლიანმა გამოშვებამ კი 9.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ლოგისტიკა, როგორც ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სექტორი, თიბისისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის დაფინანსებაც წლიდან წლამდე იზრდება.

„თიბისი აქტიურად უწყობს ხელს ლოგისტიკის სფეროს განვითარებას: ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენი პორტფელი ამ სექტორში 58%-ით გაიზარდა და 2024 წლისთვის 400 მილიონ ლარს მიაღწია. თიბისისთვის, როგორც ბიზნესის #1 მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, საბანკო პროდუქტების პარალელურად ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარებას შეუწყოს ხელი და მხარი დაუჭიროს დარგის განვითარებისთვის ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, როგორიც ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაა“-, გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

“ბოლო წლებში ლოგისტიკის სექტორი საქართველოში დინამიკურად ვითარდება და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად ყალიბდება. სწორედ ამ პროცესებმა განაპირობა ჩვენი გადაწყვეტილება – შევქმნათ ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და კონფერენცია, რომელიც გახდება პლატფორმა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების, საერთაშორისო ინვესტორებისა და სფეროს ექსპერტების შეხვედრებისთვის. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ინოვაციური მიდგომების პოპულარიზაციასა და ლოგისტიკური ეკოსისტემის სისტემურ გაძლიერებას რეგიონში”, – რესან ქიქავა, “ექსპო-ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი.

®

“პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი ჩერქეზთა გადასახლების ხსოვნის შესახებ”-TRT

თურქულმა ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციის  – TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი ჩერქეზთა გადასახლების ხსოვნის შესახებ“, რომელშიც მოცემულია თურქეთის ტრადიციული შეფასება ცნობილი ისტორიული მოვლენის – რუსეთის იმპერიის ხელისუფლების მიერ ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩერქეზთა გადასახლებასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ გამოქვეყნებულ მასალას:

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განცხადება გააკეთა ჩერქეზების კავკასიიდან გადასახლების 161-ე წლისთავის აღსანიშნავად, რომელიც მე-19 საუკუნის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ ფურცლად – უსამართლოდ და არაადამიანურად – ითვლება.

ოთხშაბათს, X პლატფორმაზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში რეჯეფ ერდოღანმა დაწერა: „კავკასიაში საკუთარი სამშობლოდან უსამართლოდ, უკანონოდ და არაადამიანურად გადასახლებული ჩერქეზი ძმების ხსოვნის დღეს, დაღუპულებს ალაჰის წყალობას ვუსურვებ და გულწრფელად ვიზიარებ მათ განუზომელ ტკივილს“.

21 მაისი ჩერქეზთა გადასახლების 161-ე წლისთავი იყო. ეს ტრაგიკული მოვლენა რუსეთ-ჩერქეზების ომის დასრულების შემდეგ მოხდა. რუსეთის იმპერიის ბრძანებით, ასობით ათასი ჩერქეზი ჩრდილოეთ კავკასიიდან იძულებით გადაასახლეს და უმეტესობა ოსმალეთის იმპერიაში, სხვადასხვა ადგილებში გაგზავნეს. ძალადობითა და არაადამიანურ პირობებში განხორციელებული ეს გადასახლება, რომელსაც მასობრივი სიკვდილიანობა მოჰყვა, მე-19 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ეთნიკურ წმენდად ითვლება.

ჩერქეზთა გადასახლება მოიცავს 1864 წელს რუსეთ-ჩერქეზების ომის შემდეგ რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზების ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე წინაპართა მიწებიდან იძულებით გადაადგილების მოვლენებს. ამ პერიოდში 800 ათასიდან 1,5 მილიონამდე ჩერქეზი გადაასახლეს და უმეტესობა ოსმალეთის იმპერიაში გაგზავნეს. ხანგრძლივმა ლაშქრობებმა, გადატვირთულმა გემებმა, შიმშილმა და ავადმყოფობამ ათი ათასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

დღეს ჩერქეზული წარმოშობის ბევრი ადამიანი ცხოვრობს თურქეთში, სირიაში, იორდანიაში და ახლო აღმოსავლეთის სხვა რეგიონებში. ეს ტრაგედია ყოველწლიურად, 21 მაისს, მსოფლიოს ყველა ჩერქეზულ თემში აღინიშნება.

წყარო:

“ტრამპმა პუტინს მორიგი გამარჯვება მოუტანა”-The Atlantic

„წლების განმავლობაში დონალდ ტრამპი ტრაბახობდა, რომ მას წარმატებით შეუძლია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება – ყველას ახსოვს მისი ქადილი: „მე ამას 24 საათში შევძლებ“. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ მან მრჩევლებს დაავალა უმაღლეს დონეზე მოემზადებინათ შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან იმ იმედით, რომ იგი საჯაროდ, ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში ოფიციალურად გამოაცხადებდა ცეცხლის შეწყვეტას“, – ნათქვამია აშშ-ის ერთ-ერთი უძველეს ჟურნალ  The Atlantic-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ტრამპმა პუტინს მორიგი გამარჯვება მოუტანა“ (ავტორი – ჯონათან ლემირი).

პუბლიკაციაში განხილულია რუსეთ-უკრაინის ომის სავარაუდო შეწყვეტასთან დაკავშირებული მოვლენები. კერძოდ, გაანალიზებულია სიტუაცია დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ინაუგურაციიდან სამიოდე თვის გასვლის შემდეგ პრეზიდენტის გეგმები შეიცვალა: სარწმუნო პირების თქმით, დონალდ ტრამპს უკრაინის გარეშე სურს ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის განმტკიცება და აპირებს თავის რუს კოლეგასთან შეხვედრის მომზადების საკითხს ისევ დაუბრუნდეს, მაგრამ ამჯერად მათი სამიტის დროს უკრაინის თემატიკა – ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარების პერსპექტივა განხილული არ იქნება.

შთაბეჭდილება ისეთია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის რამდენიმეთვიანი სამშვიდობო მცდელობა – მიაღწიოს ზავს მოსკოვსა და კიევს შორის –  უშედეგო აღმოჩნდა. დონალდ ტრამპმა  თავისი სტრატეგიის ცვლილებაზე ნათლად მიანიშნა მას შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრები დაასრულა და განაცხადა, რომ აღარ სურს პირადად შუამავლის როლის შესრულება საზავო შეთანხმების მისაღწევად.

რუსეთმა გაიმარჯვა: კრემლმა თავიდან აიცილა (დროებით მაინც) არასასურველი სანქციები თეთრი სახლისგან ისე, რომ უკრაინასთან ომს არ შეწყვეტს და გააგრძელებს. ვლადიმერ პუტინისათვის ფრიად სასიამოვნოა დონალდ ტრამპის სიტყვები: „იმედი მაქვს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება. და თუ არ მოხდება, მე, უბრალოდ, უკან დავიხევ და მათ ომის გაგრძელება მოუწევთ. ბოლოსდაბოლოს, ეს ევროპული სიტუაციაა და ევროპულ სიტუაციად დარჩება“.

ალბათ, ასეთი შედეგი გარდაუვალი იყო. დონალდ ტრამპი დიდი ხნის განმავლობაში ვლადიმერ პუტინს პატივისცემით ექცეოდა, სკეპტიკურად უყურებდა ევროპას და დარწმუნებული იყო, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტული ყურადღება უნდა დასთმობოდა ბიზნესის და ვაჭრობის განვითარებას. იგი ხშირად ადასტურებდა და იმოწმებდა რუსულ ვერსიას ომთან დაკავშირებით, რომ კონფლიქტის პროვოცირება უკრაინამ მოახდინა და ამიტომ დათმობებს უმეტესად კიევისაგან მოითხოვდა, მოსკოვს კი ნაკლებ პრეტენზიებს უყენებდა. დონალდ ტრამპის დამოკიდებულება თავისი რუსი კოლეგის მიმართ უფრო ლოიალური და მომთმენი იყო, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტისადმი. იგი იშვიათად ავლენდა თავის უკმაყოფილებას კრემლის მიმართ: ერთადერთი მეტ-ნაკლებად სერიოზული ანტიპუტინური განცხადება ტრამპმა რომის პაპის ფრანცისკას დაკრძალვის დროს გააკეთა, როცა იგი რუსეთს სანქციებით დაემუქრა, ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტაზე კრემლის უარის გამო, თუმცა მის ნათქვამს გაგრძელება არ მოჰყოლია – სანქციები დღემდე არ არის შემოღებული.

ვლადიმერ პუტინისათვის მომგებიანია დონალდ ტრამპის სტრატეგიის შეცვლა ომის მიმართ. რუსეთის ლიდერმა მიიღო ის, რაც სურდა – მოლაპარაკების უსასრულოდ გაჭიანურება. ცხადია, რომ რუსეთის არმია დარტყმებს გააგრძელებს და სულ უფრო მეტ ტერიტორიებს დაიპყრობს, რითაც კრემლი მდგომარეობა განიმტკიცებს სამომავლო მოლაპარაკებისათვის. ადრე თუ გვიან, საზავო შეხვედრა მაინც გაიმართება – ასე რომ, ვლადიმერ პუტინის გამბიტი მომგებიანია. რა თქმა უნდა, აშშ-ის პრეზიდენტისათვის სასიამოვნო ნამდვილად არ არის იმის აღიარება, რომ მისი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა.

ევროპას ძალიან გაუჭირდება უკრაინისადმი სრულყოფილი დახმარების გაწევა და უსაფრთხოების გარანტიით უზრუნველყოფა ამერიკის გარეშე. დიდი სურვილის მიუხედავად, ევროპა ამერიკას ვერ ჩაანაცვლებს და ვერც ევროპული  არმიები ვერ შეედრებიან ამერიკის არმიას. და თუ აშშ თავის ჯარებს ევროპიდან გაიყვანს, ამით რუსეთი კვლავ მოგებული დარჩება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

ელჩებისგან იგრძნობოდა, რომ ყველაფერს უთეთრებდნენ სააკაშვილს, თეთრი სახლიდან გამარჯვება მაშინ მიულოცეს, როცა ცესკო-ს ჯერ არ ჰქონდა გამოცხადებული შედეგები, ამას მოჰყვა პუტინის მილოცვაც -ლევან გაჩეჩილაძე

ელჩებისგან პირდაპირ იგრძნობოდა, რომ ისინი თავიდან ბოლომდე ყველაფერს უთეთრებდნენ სააკაშვილს. არჩევების გამარჯვების მოლოცვა თეთრი სახლიდან მოხდა იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ცესკო-ს ოფიციალურად გამოცხადებული არ ჰქონდა, ვინ მოიგო და წააგო, – ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

ლევან გაჩეჩილაძის თქმით, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მილოცვას მალევე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მილოცვაც მოჰყვა.

„ინტენსიური შეხვედრები მქონდა აშშ-ის ელჩთან და სხვადასხვა ელჩთან, პირდაპირ იგრძნობოდა, რომ ისინი ოპოზიციის მხარეს არ იყვნენ. არჩევნების გამარჯვების მილოცვა თეთრი სახლიდან იმ დროს მოხდა, როდესაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა ცესკო-ს, ლევან თარხნიშვილს გამოცხადებული, ვინ მოიგო და ვინ წააგო ოფიციალურად. სხვათა შორის, ეს იყო ბუშის მილოცვა, რომელსაც ნახევარ საათში მოჰყვა პუტინის მილოცვაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან სერიოზული არაფორმალური ხიდები იყო გაჩაღებული რუსეთთან. ესეც მსმენია. იმდროინდელი რუსეთის ელჩი ეროსი კიწმარიშვილი ამბობდა, რომ ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ შეიძლებოდა, მთლიანად ავცილებოდით ამ ომს და ავცილებოდით აფხაზეთის, ოსეთის არაღიარებას, შეგვენარჩუნებინა ტერიტორიული მთლიანობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს ყველაფერი დავკარგეთ. დავკარგეთ უამრავი სოფელი, მივიღეთ ბევრი დაჩაგრული დევნილი. ომის წაგებამ ჩვენ მეტი არაფერი მოგვიტანა, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წკიპზე ვიყავით“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

ამასთან, კომისიის სხდომაზე ლევან გაჩეჩილაძემ 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ „სააკაშვილი უაზრო ავანტიურაში ჩაერთო“.

„ჩემი აზრით, ომის წამოწყების, ამ ავანტიურაში ჩართვის ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ სააკაშვილი მიხვდა, მან საზოგადოებაში ნდობა დაკარგა და ყველაფერს აკეთებდა, რათა ნდობა აღედგინა. ისიც გამიგია, რუსული სამშვიდობოების გენერლისთვის ფულიც კი იყო გადახდილი, რომ შესულიყვნენ ცხინვალში, გასულიყვნენ ბოლომდე და ასე დაებრუნებინათ ცხინვალის რეგიონი. ასე გამიგია, რომ იქ ფულიც იყო გადახდილი, მაგრამ ფაქტები არ მაქვს. ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილი ჩაერთო ამ უაზრო ავანტიურაში, დაუწყო ცხინვალს დაბომბვა და დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა: საქართველომ, პრაქტიკულად, დაკარგა სახელმწიფოებრიობა, ისინი, ვინც ომი წამოიწყო, ყველა „წითელ ხიდზე“ გაიქცა, ისევ ღირსეული ნაწილი შერჩა ომს და არც იცოდა, რა გაეკეთებინა“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს.

კენჭისყრა საკრებულოს სხდომაზე დღეს გაიმართა. ზურაბ აბაშიძეს მხარი დაუჭირა საკრებულოს 26-მა წევრმა.

ზურაბ აბაშიძემ მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ
ირაკლი კობახიძეს, დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, გიორგი ტყემალაძეს და საკრებულოს წევრებს გამოცხადებული ნდობისთვის.

„ეს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა და ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ საქმიანობას ჩვენი დედაქალაქის, მისი თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ. ყველა გამოწვევას ერთობლივი ძალისხმევით გადავჭრით. ვხედავთ, რამდენი რამე გაკეთდა უკანასკნელი წლებში თბილისის განვითარებისთვის. ყველა მნიშვნელოვანი საქმე უკავშირდება თბილისის მერ კახა კალაძეს და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ ინიციატივებს და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ სასიკეთო პროექტს განვახორციელებთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ამასთან, თბილისის საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ გიორგი ტყემალაძეს, რომელიც საკრებულომ დედაქალაქის ვიცე-მერის თანამდებობაზე დაამტკიცა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„გიორგი ტყემალაძე ახლა უკვე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან გააგრძელებს საქმიანობას და ჩვენს ქალაქსა და თანამოქალაქეებზე ზრუნვას. მსურს, წარმატებები ვუსურვო მას მომავალ საქმიანობაში“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ტყემალაძემ თბილისის ვიცე-მერის პოსტი დაიკავა.

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალურივიდეორგოლის პრემიერა შედგა

ქართული სცენის ლეგენდის, ნანი ბრეგვაძის, პირველი ვინილისა და ბიოგრაფიული წიგნის გამოცემის შემდეგ, თიბისი კონცეპტის ინიციატივითა და მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის ერთობლივ ნამუშევარზე, სიმღერაზე  „მთვარეო“ ვიდეორგოლი შეიქმნა.

ყველასათვის საყვარელი სიმღერა „გზები მაინც გამინათე მთვარეო“ 1973 წელს კინოფილმისთვის „ვერის უბნის მელოდიები“ მორის ფოცხიშვილის ტექსტზე გოგი ცაბაძემ შექმნა. ფილმში სიმღერას ნანი ბრეგვაძე ასრულებს, მას შემდეგ ეს სიმღერა ნანის შემოქმედების განუყოფელი ნაწილი გახდა.

ალექსანდრე კორძაიამ (Kordz) ამ სიმღერაზე ნანისთან ერთად იმუშავა და ერთად ახალი ვერსია შემოგვთავაზეს.

„ნანისთან ერთად ვიმუშავე ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ ქართულ სიმღერაზე, რომელიც მან პირველად 1973 წელს ჩაწერა. მთელი ეს პროცესი ჩემთვის ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი იყო” – ალექსანდრე კორძაია.

სიმღერის ახლებური ვერსიის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი ახალი თაობისთვის განსხვავებულად წარმოჩენა და ამ გზით სიმღერისთვის ახალი სიცოცხლის შეძენა იყო.

®

7 ნოემბერს, დილის ექვს საათზე სამი ათასამდე ადამიანი გამოვიდა კინო „რუსთაველიდან“ და 30 მოშიმშილეს უმოწყალოდ დაგვიწყეს ცემა, იმ დღეს სასიკვდილოდ სცემეს კობა დავითაშვილი -ლევან გაჩეჩილაძე

ლევან გაჩეჩილაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე 7 ნოემბრის აქცია და განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, კინო „რუსთაველიდან“ გამოსულმა დაახლოებით სამი ათასმა კაცმა უმოწყალოდ სცემეს 30 კაცი, მათ შორის ლევან გაჩეჩილაძე, რომლებიც იმ დროს შიმშილობდნენ.

„2 ნოემბერს დავნიშნეთ მიტინგი, უკვე სამ თუ ოთხ ნოემბერს, შიმშილობა გამოვაცხადეთ, რადგან შტურმზე არ წავსულიყავით. 7 ნოემბერს, დილის ექვს საათზე ვიყავით 30 მოშიმშილე. დაახლოებით სამი ათასი ყვითელ „პლაშებში“ ჩაცმული კაცი გამოვიდა კინო „რუსთაველიდან“ და უმოწყალოდ დაგვიწყეს არა დარბევა, აწიოკება, ცემა. სპორტსმენებს, რომლებიც საჩხუბრად იყვნენ მოსული, ეხმარებოდნენ ყვითელფორმიანებს, რომლებზეც შემდეგ ამბობდნენ, დასუფთავების სამსახურიდან არიანო. ენით აღუწერელი ჟლეტა იყო. ეს 30 კაცი ყველა სერიოზულად დავზარალდით. მე 7 ნოემბრის დაზარალებულიც ვარ. ასე გაგვყარეს ტერიტორიიდან, სადაც ვიყავით და ვშიმშილობდით. შიმშილობის დროს პარლამენტის წევრებიდან ვიყავით მე და კობა დავითაშვილი. მივედით „რესპუბლიკელების“ ოფისში, სადაც ვთქვით, რომ ასე ნაცემი წამოსვლა არ შეიძლებოდა. მაშინ ჯერ კიდევ მუშაობდა „იმედი“. დალეწეს კამერები, ყველაფერი, ჟურნალისტები წაიყვანეს. საერთოდ გააქრეს იმ მოედნიდან ყველა, ვისაც ფოტოაპარატი და კამერა ეჭირა. უცებ გაქრა ეს ხალხი. ისეთი იზოლაცია მოუწყვეს, რომ ფიზიკურად ვეღარ დაინახავდი, სად წავიდნენ. მიუხედავად ამისა, „რესპუბლიკელების“ ოფისში მოვიდნენ ტელევიზიები, რაც შეგვეძლო, მოვუწოდეთ საზოგადოებას, გამოსულიყო. სოზარიც იყო და სოზარსაც ბევრი დეტალი, ნიუანსი ემახსოვრება. მე ვთქვი, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ და დავიბრუნოთ ის ტერიტორია, რაც დავკარგეთ-მეთქი. უკვე გაბევრებული, დაახლოებით ხუთი ათას კაცამდე წამოვედით და დავბრუნდით. სხვათა შორის, მშვიდობიანად შემოვედით, გაიწიენ, აღარ გვეჩხუბენ, რადგან დაგვინახეს, რომ ძალიან აღგზნებული, ძირითადად კაცების მასა მოვდიოდით, ხუთი დღის ნაშიმშილარი ხალხი. ასეთი დასისხლიანებულები რომ დაგვინახეს, შეიძლება გადარეულებადაც ჩაგვთვალეს და გახსნეს, ისევ შეგვუიშვეს იქ“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

ასევე ლევან გაჩეჩილაძემ გაიხსენა, როგორ წაიყვანეს კობა დავითაშვილი და სცემეს.

„კობა დავითაშვილმა მითხრა, სულ დალეწილია აპარატურა, წავალ ბაზარში და ახალს ვიყიდი, თუ ნებას დამრთავო. ვუთხარი, წადი-მეთქი. იქიდან მოიპარეს კობა დავითაშვილი და სასიკვდილოდ სცემეს. მართალი გითხრათ, არც დაბრუნებულა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ძალიან ბევრი იყო, არ გვაკეტინებდნენ გზას. ბევრი ხალხით მივაწექით და, საბოლოო ჯამში, რუსთაველიც გადავკეტეთ“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

 ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების „არალეგიტიმურად“ მოხსენიება დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა, რისი მიზანიც ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის შექმნაა -შალვა პაპუაშვილი

ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების „არალეგიტიმურად“ მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის შექმნაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, საგანგაშოა, რომ ევროკავშირის და შვედეთის საელჩოები არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით ექსტრემიზმის წახალისებაზე.

„ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების „არალეგიტიმურად“ მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის შექმნაა. ესტონეთში რეგისტრირებულ „ენჯეოს“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ყველაზე დიდი დაფინანსება ევროკომისიისა და შვედეთის ბიუჯეტიდან აქვს. საგანგაშოა, რომ ევროკავშირის და შვედეთის საელჩოები არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით ექსტრემიზმის წახალისებაზე. პასუხისმგებლიანი დონორობა არა არჩევანი, არამედ საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებაა, რომელიც „დახმარების ეფექტიანობის შესახებ“ პარიზის დეკლარაციით არის გამყარებული. მისი დარღვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა.

P.S. სპეკულაციის გამოსარიცხად აქვე ვიტყვი, რომ ეს არა „ცუდად საუბარი“ ან „თავდასხმა“, არამედ „ლეგიტიმური კრიტიკაა“, რომელსაც პასუხი სჭირდება“, – დაწერა შალვა პაპაუშვილმა.

https://www.facebook.com/shpapuashvili/posts/pfbid02mpskcMgtpFzisQ2VGsUHLvgXEP4PNAFcUbauhaLrWbWpHdWP9SrjJ2mhvhas62o3l