Home Blog Page 10

 ,,არაბული ინვესტიციით თბილისში და აჭარაში ორი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული სივრცე განვითარდება”- პრემიერი

სერბეთში, Emaar ჯგუფმა დაიწყო მსხვილი პროექტის განხორციელება და მაშინ იქაური ოპოზიციაც განაწყენდა ამ ყველაფრის გამო,  თუმცა ბოლოს მოხდა ისე, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ბინებს ყიდულობდნენ  Emaar-ის მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედის კვირაში” განაცხადა.

პრემიერის თქმით, არაბული ინვესტიციით თბილისში და აჭარაში ორი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული სივრცე განვითარდება, საუბარია 3 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტ სივრცეზე.

„Emaar ჯგუფის წარმომადგენლები გვესაუბრებოდნენ სერბეთის მაგალითზე. სერბეთში, რამდენიმე წლის წინ დაიწყო Emaar ჯგუფმა ძალიან მსხვილი პროექტის განხორციელება და ასეთი რაღაც გვითხრეს, რომ მაშინ იქაური ოპოზიციაც განაწყენდა ამ ყველაფრის გამო, არ მოსწონდათ ის სიკეთე, რომელიც სერბეთმა მიიღო ამ მასშტაბური ინვესტიციის საფუძველზე, თუმცა ბოლოს მოხდა ისე, რომ ამ ოპოზიციის წარმომადგენლები ბინებს ყიდულობდნენ  Emaar-ის მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში.

ეს არის კლასიკური საინვესტიციო შეთანხმება, სადაც საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს არაბული ინვესტიციით ჩვენს ქვეყანაში. საუბარია თბილისში და აჭარაში ორი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული სივრცის განვითარებაზე, მთლიანობაში, საუბარია 3 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტ სივრცეზე, რაც უნდა აშენდეს ორივე ლოკაციაზე. აქ საუბარია არა მხოლოდ საცხოვრებელ სივრცეებზე, არამედ, განვითარდება სასტუმრო ინფრასტრუქტურა, ასევე სამედიცინო, სპორტული, სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის სკოლები, საბავშვო ბაღები, შოპინგ მოლები, იქნება ძალიან დიდი რეკრეაციული სივრცე, თბილისში, მაგალითად ტერიტორიის 34% დაეთმობა გამწვანებას და რეკრეაციას”, – განაცხადა პრემიერმა.

,,აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან”- ირაკლი კობახიძე

მზად ვართ, აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან, მათ შორის, გენერალურ მდივანთან, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გენერალურ მდივანთან კონკრეტულ საკითხებზეც შედგა შეთანხმება.

„საპარლამენტო ასამბლეას მაინც და მაინც დიდი დატვირთვა არ აქვს, მაგრამ ჩვენ ვრჩებით, ბუნებრივია, ევროსაბჭოს წევრად. მზად ვართ, აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან, მათ შორის, გენერალურ მდივანთან, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული და მასთან კონკრეტულ საკითხებზეც მივაღწიეთ შეთანხმება. რა თქმა უნდა, ჩვენ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობას განვაგრძობთ ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ჩვენი დელეგაციის და მისი ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის დამსახურებაა ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობისა და შესაბამისად, არჩევნების არაღიარების თაობაზე”- ირაკლი კობახიძე

მთლიანად დელეგაციამ და მისმა ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაეცვათ ჩვენი ქვეყნის პოზიციები და მათი განსაკუთრებული დამსახურებაა ის, რომ არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ქართულ დელეგაციას ეროვნული ინტერესებისა და პოზიციების პრინციპულად დაცვისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა მთლიანად დელეგაციამ და მისმა ხელმძღვანელმა, პირველ რიგში, ქალბატონმა თეა წულუკიანმა. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დაეცვათ ჩვენი ქვეყნის პოზიციები და მათი განსაკუთრებული დამსახურებაა ის, რომ არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობის შესახებ და შესაბამისად, არჩევნების არაღიარების თაობაზე. მინდა, თითოეულ მათგანს და პირველ რიგში თეა წულუკიანს გადავუხადო ამისათვის მადლობა, ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და პოზიციების პრინციპულად დაცვისთვის“, – განაცხადა პრემიერმა  გადაცემა „იმედის კვირაში“.

“უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალს ეძებს, უფალთან შეხვედრას ეძებს და ვისაც მისი დანახვა სურს” – მეუფე შიო

უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალს ეძებს, უფალთან შეხვედრას ეძებს და ვისაც მისი დანახვა სურს. მაგრამ როგორ უნდა დავინახოთ ქრისტე? – თუ დავიცავთ მის მცნებებს, შევუდგებით მას და გავხდებით მისი მოწაფეები, აი, მაშინ ვიხილავთ უფალს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანი სრულიად იცვლება, სრულიად სხვანაირი ხდება ქრისტეს შეხვედრის შემდეგ, ვიდრე იყო მანამდე.

“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დიდი მარხვის დაწყებამდე ერთი თვით ადრე მართლმადიდებელი ეკლესია იწყებს ჩვენს მომზადებას მარხვისთვის და გვახსენებს იმას, რისი გაგებაც მრავალ ადამიანს უჭირს, რომ უამრავი ცხოვრებისეული საზრუნავის გარდა, არსებობს კიდევ ზრუნვა სულზე, ჩვენს შინაგან სამყაროზე და რომ სწორედ ეს საზრუნავი არის პირველხარისხოვანი, უფრო მნიშვნელოვანი.

დღეს წმინდა სახარება მოგვითხრობს ერთ ძალიან მდიდარ კაცზე, რომელიც იყო გადასახადების ამკრეფთა უფროსი, სახელად ზაქე. იმ ეპოქაში ზაქეს ეს პროფესია დაკავშირებული იყო გამომძალველობასთან, მექრთამეობასთან, უსამართლობასთან, უწესობასთან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს მეზვერეები ადამიანებს სძულდათ.

ერთხელ, როდესაც უფალი იესო ქრისტე ქალაქში შედიოდა, ზაქემ მოინდომა მისი დანახვა, მაგრამ იმდენად ტანდაბალი იყო, რომ ამას ვერ ახერხებდა. ამიტომ მან გააკეთა ის, რაც იყო გმირობის ტოლფასი. იმდენად უნდოდა ქრისტეს დანახვა, რომ პატარა ბიჭივით ხეზე ავიდა, რათა იქიდან დაენახა უფალი. ე.ი. მთელი ამ ქალაქის თვალწინ (ყველა იცნობდა მას, რა თქმა უნდა), ის არ დაეძებდა, რომ ამისთვის შეიძლება დაეცინათ, დაემცირებინათ, ოღონდ მაცხოვარი ენახა.

გულთამხილველმა უფალმა, რა თქმა უნდა, შეამჩნია მისი ასეთი განწყობა; ამან მიიპყრო ქრისტეს ყურადღება და როდესაც ჩამოუარა ზაქეს, მოიხმო თავისთან და შემდეგ სახლშიც კი ესტუმრა მას. ზაქეზე იმდენად იმოქმედა უფლის გულმოწყალებამ, ლმობიერებამ, რომ მასში მოხდა ის, რასაც ეწოდება სინანული. მან უთხრა ქრისტეს, რომ მე ცოდვილი კაცი ვიყავი, მაგრამ ამიერიდან მინდა ჩემი ცხოვრება გამოვასწორო; ჩემი ქონების ნახევარს დავურიგებ გლახაკებს და თუ ვინმესთვის რამე გამომიძალავს, ოთხმაგად ავუნაზღაურებ, ოთხმაგად მივაგებო. უფალმა უთხრა: “დღეს მოვიდა ამ სახლის ხსნა, რადგან ესეც შვილი აბრაამისი არის“ (ლკ. 19,9). აი, ასე მოხდა ზაქეს ფერისცვალება.

აი, ასეთ ცოდვილ კაცში, რომელიც ყველას სძულდა და მუდამ სცოდავდა, გაიღვიძა ქრისტეს ხილვის წყურვილმა. მას ეს წყურვილი ჰქონდა ძალიან დიდი. ბევრი ადამიანი დადის ეკლესიაში, მაგრამ ასეთი წყურვილი ქრისტეს დანახვისა ბევრს არ აქვს. ადამიანები მოდიან სხვადასხვა პრობლემით, ზოგს შვილი ავად გაუხდა, ზოგს პატიმრობა ემუქრება, ზოგს რაღაც მძიმე აზრები აწუხებს, ან ნაწყენია და ამ წყენით მოცულია, ან შური აწუხებს, ან რაღაც სხვა პრობლემები და უნდათ ამისგან გათავისუფლება და ღმერთს სთხოვენ, მაგრამ რა იშვიათია, ძმებო და დებო, რომ ადამიანს ეთქვას: “მე მინდა ქრისტეს დანახვა!”. სწორედ ამიტომაც არ გვესმის, ჩვენც არ გვეუბნება უფალი იმ სიტყვებს, რომლებიც უთხრა ამ კაცს: “ზაქე, სწრაფად ჩამოდი, მე დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე” (ლკ. 19,5). რატომ უთხრა ეს? მხოლოდ იმიტომ, რომ ზაქემ მოინდომა მისი დანახვა და მასთან შეხვედრა.

ამდენად, უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალს ეძებს, უფალთან შეხვედრას ეძებს და ვისაც მისი დანახვა სურს. მაგრამ როგორ უნდა დავინახოთ ქრისტე? – თუ დავიცავთ მის მცნებებს, შევუდგებით მას და გავხდებით მისი მოწაფეები, აი, მაშინ ვიხილავთ უფალს.

მაშასადამე, რას გვასწავლის დღევანდელი სახარება? – თუ რაში მდგომარეობს სულის გადარჩენა, სულის ცხონება. ის მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი სრულიად იცვლება, სრულიად სხვანაირი ხდება ქრისტეს შეხვედრის შემდეგ, ვიდრე იყო მანამდე. მაგრამ ამისთვის საჭიროა, ზაქეს მსგავსად, ჩვენი ცხოვრების მთავარი მისწრაფება იყოს ქრისტეს დანახვა და მასთან დაახლოება. მხოლოდ ასეთი ადამიანი, ვინც მიაღწევს თავისი პიროვნების ფერისცვალებას, იმკვიდრებს ღმერთის სასუფეველს.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ ეს არის ქრისტიანობა. ამინ!

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, ილოცება ელისაბედაშვილების გვარი. ღმერთმა გაგახაროთ, გამრავლოთ და გაგაძლიეროთ.

ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ავტომაგისტრალზე საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

თბილისის გასასვლელში, ავტომაგისტრალზე პოლიციამ აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავა. მოქალაქეები პოლიციამ ავტომობილში ჩასვეს და გაიყვანეს.

პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის პერიოდულად არის დაპირისპირება.

მანამდე აქციაზე დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები, ნიკა მელია და თენგო თევზაძე.

,, ნორმალური არ არის, რომ მსოფლიოს უბრალოდ ჰქონდეს ერთპოლუსიანი ძალაუფლება”- მარკო რუბიო

ნორმალური არ არის, რომ მსოფლიოს უბრალოდ ჰქონდეს ერთპოლუსიანი ძალაუფლება, ეს იყო ანომალია და ცივი ომის პროდუქტი, მაგრამ საბოლოო ჯამში იქნება მულტიპოლარული მსოფლიო, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, მეგინ კელის შოუში განაცხადა.

მარკო რუბიოს თქმით, ამ სიტუაციას ახლა ჩინეთთან და გარკვეულწილად რუსეთთან ვხვდებით. აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მსოფლიო ყოველთვის ისე მუშაობდა, რომ ჩინელები გააკეთებენ იმას, რაც ჩინეთის საუკეთესო ინტერესებშია, რუსები ისე იმოქმედებენ, რაც მათ ინტერესებშია და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააკეთოს ის, რაც შეერთებული შტატების საუკეთესო ინტერესს წარმოადგენს.

„სადაც ჩვენი ინტერესები შეესაბამება, ეს არის იქ, სადაც თქვენ გაქვთ პარტნიორობა და ალიანსები; სადაც ჩვენი განსხვავებები არ შეესაბამება, ეს არის ის, სადაც დიპლომატიის საქმეა კონფლიქტის თავიდან აცილება ჩვენი ეროვნული ინტერესების შემდგომი განვითარებით და იმის გაგებით, რომ ისინიც იგივეს აპირებენ. და ეს დაიკარგა. მე ვფიქრობ, რომ ეს დაიკარგა ცივი ომის ბოლოს, რადგან ჩვენ მსოფლიოში ერთადერთი ძალა ვიყავით და ამიტომ ჩვენ ვიღებდით ამ პასუხისმგებლობას გლობალურ მართვაზე მრავალ შემთხვევაში, ვცდილობთ ყველა პრობლემის მოგვარებას. მსოფლიოში საშინელი რაღაცები ხდება. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ეროვნულ ინტერესზე, ჩვენ კვლავ უნდა გავითვალისწინოთ ისინი. ნორმალური არ არის, რომ მსოფლიოს უბრალოდ ჰქონდეს ერთპოლუსიანი ძალაუფლება, ეს იყო ანომალია და ცივი ომის პროდუქტი, საბოლოოდ, იქნება უკან დაბრუნება იმ წერტილამდე, სადაც პლანეტის სხვადასხვა ნაწილში იქნება მულტიპოლარული მსოფლიო, მრავალი დიდი ძალა. ჩვენ ამას ახლა ჩინეთთან და გარკვეულწილად რუსეთთან ვხვდებით, შემდეგ კი თქვენ გაქვთ ისეთი თაღლითი სახელმწიფოები, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა, რომელთაც უნდა გაუმკლავდეთ.

ასე რომ, ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე უნდა გვახსოვდეს, რომ საგარეო პოლიტიკა ყოველთვის უნდა ეხებოდეს შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესის განვითარებას და ამით, რამდენადაც შესაძლებელია, ომის და შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილებას. რაც გასულ საუკუნეში ორჯერ ვნახეთ, ძალიან ძვირად დაგვიჯდა. ისინი მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავს აღნიშნავენ. ვფიქრობ, თუ გადავხედავთ განადგურების და სიცოცხლის დაკარგვის მასშტაბს, რაც მოხდა, გაცილებით უარესი იქნებოდა, ახლა რომ გლობალური კონფლიქტი გვქონდა. ამან შეიძლება, მსოფლიოში სიცოცხლე დაასრულოს. ეს ჰიპერბოლურად ჟღერს, მაგრამ არის მრავალი ქვეყანა, რომელთაც აქვთ დედამიწაზე სიცოცხლის დასრულების შესაძლებლობა. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ შეიარაღებული კონფლიქტი, მაგრამ არასდროს, ჩვენი ეროვნული ინტერესის ხარჯზე. ასე რომ, ეს არის რთული ბალანსი. ეს არის ბალანსი, მაგრამ ეს არის ერთგვარი პრაგმატული და დამუშავებული ბალანსი, რომელიც უნდა გვქონდეს საგარეო პოლიტიკაში“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

სოზარ სუბარი – დონორებს ვაფრთხილებთ, ნუ წაახალისებენ და დააფინანსებენ იმას, რაც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და დანაშაულია

დანაშაულის წახალისების უფლება არავის არ აქვს და სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო შალვა პაპუაშვილის განცხადება მიმართული დონორის, ანუ ევროკავშირის მიმართ, – ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, არავინ არავის სარედაქციო დამოუკიდებლობაში არ ერევა, თუმცა დონორებს აფრთხილებენ, რომ ნუ წაახალისებენ და დააფინანსებენ იმას, რაც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და დანაშაულია.

„აქვე გავიხსენებ, რომ როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონს ვიღებდით, ჩვენი ოპონენტები, მათ შორის „ენჯეოები“, პოლიტიკური პარტიები და ჟურნალისტების ნაწილი, გვეკითხებოდნენ, როგორ, საქართველოში დონორები ძირითადად ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები არიან და თქვენ ამბობთ, რომ ისინი ცუდ რამეებს აფინანსებენ ქვეყანაშიო? მაგრამ როცა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, მან და მისმა ადმინისტრაციამ ზუსტად ის თქვეს, რასაც ჩვენ ვამბობდით. არავის სარედაქციო დამოუკიდებლობაში არავინ ერევა, თუმცა დონორებს ვაფრთხილებთ, რომ ნუ წაახალისებენ და დააფინანსებენ იმას, რაც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და არის დანაშაულის წაქეზება“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ვისაუბრებ „ჰამასზე“ გამარჯვებასა და ირანის ტერორისტულ ღერძის ყველა კომპონენტთან გამკლავებაზე – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს აშშ-ში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნეთანიაჰუმ გამგზავრებამდე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ტრამპთან შეხვედრაზე „ჰამასზე“ გამარჯვების, ირანის წინააღმდეგ ბრძოლისა და არაბულ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაფართოების საკითხებს განიხილავს.

„ვისაუბრებთ „ჰამასზე“ გამარჯვებაზე, ყველა ჩვენი მძევლების გათავისუფლების მიღწევასა და ირანის ტერორისტულ ღერძის ყველა კომპონენტთან გამკლავებაზე“, – აღნიშნულია ნეთანიაჰუს განცხადებაში.

Associated Press-ი წერს, რომ სამშაბათს თეთრ სახლში დაგეგმილი შეხვედრა ტრამპის პირველი შეხვედრა იქნება უცხოელ ლიდერთან თანამდებობაზე მისი დაბრუნების შემდეგ. ეს ხდება მაშინ, როდესაც ამერიკელი და არაბი შუამავლები იწყებენ შეთანხმების მომდევნო ფაზაზე მუშაობას ღაზას სექტორში ომის შეწყვეტისა და ათობით მძევლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

თუ დაგვემორჩილებიან და მსვლელობა ექნებათ, გზის სავალი ნაწილის კონკრეტულ მონაკვეთში, დავეხმარებით – თუ არ დაგვემორჩილებიან კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ – გოგა მემანიშვილი

თუ დაგვემორჩილებიან და მსვლელობა ექნებათ, უბრალოდ გზის სავალი ნაწილის კონკრეტულ მონაკვეთში, ჩვენ თვითონ დავეხმარებით ამ მსვლელობას. თუ არ დაგვემორჩილებიან და შეეცდებიან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მსვლელობის მონაწილეებს განემარტებათ კანონი, რომლის თანახმად, სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით.

„საპოლიციო ძალები განაწილებულია ძირითადად ორ ლოკაციაზე, სადაც დაანონსებული იყო საპროტესტო აქცია, რადგან საზოგადოებრივი წესრიგი დავიცვათ. როგორც იცით მათ დაანონსეს, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა გადაკეტვა. მოგეხსენებათ, აღნიშნული უკვე შესულია სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში. შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით. ამ ყველაფერს ავუხსნით, განმარტებას მივცემთ აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს. შემდეგ უკვე დაველოდებით მოვლენების განვითარებას. თუ დაგვემორჩილებიან და მსვლელობა ექნებათ, უბრალოდ გზის სავალი ნაწილის კონკრეტულ მონაკვეთში, ჩვენ თვითონ დავეხმარებით ამ მსვლელობას. თუ არ დაგვემორჩილებიან და შეეცდებიან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა მემანიშვილმა.

შსს-ს განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ ხალხი არ მოსულიყო, ხალხი აქ არის – ჩვენ ერთიანები ვართ და სამშობლოს ვიცავთ, რაც უფრო მეტია პროტესტი, მით უფრო სწრაფად დავასრულებთ რეჟიმს – გიორგი ვაშაძე 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ აქ ხალხი არ მოსულიყო – ხალხი აქ არის და კიდევ ბევრი მოდის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც მოქალაქეები იკრიბებიან.

მისი თქმით, „რაც უფრო მეტია პროტესტი და ერთიანობა მით უფრო სწრაფად დასრულდება რეჟიმი.“

„შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ აქ ხალხი არ მოსულიყო – ხალხი აქ არის და კიდევ ბევრი მოდის. მთავარია, რომ ჩვენ ერთიანები ვართ და ჩვენს სამშობლოს ვიცავთ. რაც უფრო მეტია პროტესტი და ერთიანობა, მით უფრო სწრაფად დავასრულებთ ამ რეჟიმს და ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზა გააგრძელოს“, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა დღევანდელ აქციაზე აქციის მონაწილეების დაკავებას, ვაშაძემ უპასუხა, რომ „რეჟიმისგან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საპოლიციო ძალებზე დგას, ყველაფერი მოსალოდნელია“.

„მეტი რა აქვთ დარჩენილი – ქუჩაში ვერ დგანან, ხალხში ვერ გამოდიან, ვერსად ვერ დადიან, კაბინეტებში არიან გამოკეტილი და საპოლიციო ძალების ძალადობის ზურგს უკან არიან ამოფარებული“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში არჩევნების ჩატარება სურს – Reuters

შეერთებულ შტატებს სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება, პოტენციურად წლის ბოლომდე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კიევი შეძლებს რუსეთთან ზავის შეთანხმებას უახლოეს თვეებში. ამის შესახებ Reuters-ს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელზე უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგზე დაყრდნობით წერს.

მისი თქმით, უკრაინის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც შეჩერებულია რუსეთთან ომის დროს, უნდა ჩატარდეს.

“დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობას აქვს არჩევნები ომის დროს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ასე მოიქცნენ. ვფიქრობ, ეს კარგია დემოკრატიისთვის. ეს არის მყარი დემოკრატიის მშვენება“, – აღნიშნა კიტ კელოგმა.

რამდენი ნიღბიანიც არ უნდა გამოიყვანონ, ბატალიონი დააყენონ, შინაარსი არ აქვს, მიხვდებიან, რომ ხალხის შეჩერება შეუძლებელია – არ მოქმედებს არც დაჭერა, არც „ჩადება“, არც მუქარა და კანონის ცვლილებები – ზურაბ ჯაფარიძე

რამდენი ნიღბიანიც არ უნდა გამოიყვანონ, ბატალიონი დააყენონ, შინაარსი არ აქვს. მიხვდებიან, რომ ამ ხალხის შეჩერება შეუძლებელია,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს „თბილის მოლთან“ განუცხადა, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებია.

როგორც ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ აღნიშნა, არავინ დაიღლება და პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ხალხი არ გაიმარჯვებს.

„სანამ არ გავიმარჯვებთ ეს ხალხი პროტესტს გააგრძელებს, ხალხს არაფერი გააჩერებს. რამდენი ნიღბიანიც არ უნდა გამოიყვანონ, ბატალიონი დააყენონ, შინაარსი არ აქვს. მიხვდებიან, რომ ამ ხალხის შეჩერება შეუძლებელია. არ მოქმედებს არაფერი, არც დაჭერა, არც „ჩადება“, არც მუქარა, კანონის ცვლილებები.

სულ ღრღნით ვიღაცებს ეჭვი, რომ ხალხი დაიღლება, არავინ დაიღლება! პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ მოვიგებთ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.