Home Blog Page 10

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას დაუყოვნებელი ნაბიჯები კრიზისიდან გამოსვლის კუთხით,ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით – ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები

შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ქვეყანა უფრო ღრმა პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალ გზას ადგას. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება გამოსავალი კრიზისიდან, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, – ამის შესახებ ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, შვედეთი) ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„სერიოზულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით. ჩვენ მოვითხოვეთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ და მის დროს დაფიქსირებული დარღვევების საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება, დავგმეთ ძალადობა და დაშინება მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ და ვგმობთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადადგას სასწრაფო ნაბიჯები კრიზისიდან გამოსვლის კუთხით, მათ შორის, ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით

„როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერები, შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ქვეყანა უფრო ღრმა პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალ გზაზე დგას. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება გამოსავალი კრიზისიდან, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომლის ტექსტს სოციალურ ქსელში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე ავრცელებს.

სამხრეთ კორეაში თვითმფრინავის კატასტროფას 179 ადამიანი ემსხვერპლა, ქვეყანაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა

სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 179 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყენაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა, რომლის დროსაც სამთავრობო უწყებებზე დროშები დაშვებული იქნება.

გამოცემის ცნობით, მაშველებმა ეკიპაჟის ორი წევრის გადარჩენა შეძლეს, როლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, Boeing 737-800-ი, რომელსაც მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას კედელს შეეჯახა. კატასტროფის დროს თვითმფრინავის ბორტზე 175 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, კატასტროფა თვითმფრინავის შასში ჩიტის მოხვედრამ გამოიწვია, თუმცა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 370-ზე მეტი დრონი, 280-მდე მართვადი ბომბი და 80 რაკეტა გამოიყენა – ვოლოდიმირ ზელენსკი

ჩვენი ქალაქები და თემები რუსეთის მხრიდან მუდმივი დაბომბვის ქვეშ არიან. შობის ღამესაც კი ტერორისტებმა მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 370-ზე მეტი თავდასხმის დრონი, დაახლოებით 280 მართვადი საავიაციო ბომბი და 80 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა“, – წერს ზელენსკი.

მისი თქმით, ასეთი ტერორის შეჩერება მხოლოდ ერთობლივი ძალით არის შესაძლებელი.

„ასეთი ტერორის შეჩერება მხოლოდ ერთობლივი ძალით არის შესაძლებელი. მადლობელი ვარ ჩვენი დამცველების, რომლებიც იხსნიან ჩვენს ხალხს ყოველდღიური თავდასხმებისგან და ჩვენი პარტნიორების, რომლებიც აცნობიერებენ საჰაერო თავდაცვის სისტემების დროული მიწოდების მნიშვნელობას ადამიანების სიცოცხლის დასაცავად და სამართლიან მშვიდობასთან ჩვენს მისაახლოებლად“, – აცხადებს ზელენსკი.

შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 6 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 6 პირი დააკავეს.

აქციის ექვსივე მონაწილე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო. პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დააკავა.

მანამდე, აქციის მონაწილეებს პოლიცია მოუწოდებდა, რომ ტროტუარზე გადასულიყვნენ და საავტომობილო მოძრაობა არ შეეზღუდათ.

თანამშრომლები ძალადობრივი მეთოდებით აკავებენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს – ამგვარი ქმედებები არის რეპრესიების გაგრძელება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს – საია

რუსთაველის გამზირზე პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებს აკავებს – დაკავების პროცესს თან ახლავს ისეთი ქმედებები, როგორიცაა თმების მოქაჩვა და ადამიანის მიწაზე თრევა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამგვარი ქმედებები არღვევს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, არ შეესაბამება სამართლებრივ ნორმებსა და არის იმ რეპრესიების გაგრძელება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს.

„29 დეკემბერს, დღის საათებში [14:14] შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ძალადობრივი მეთოდებით აკავებენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომელთა შორის იყვნენ ქალებიც.

დაკავების პროცესს თან ისეთი ქმედებები, როგორიცაა თმების მოქაჩვა და ადამიანის მიწაზე თრევა.

ამგვარი ქმედებები არღვევს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, არ შეესაბამება სამართლებრივ ნორმებსა და არის იმ რეპრესიების გაგრძელება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იყო პრეზიდენტი ნიშნავს იყო სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ არა მმართველი იყო ქვეყნის და არა პირადი ამბიციების ერთგული – შალვა პაპუაშვილი

იყო პრეზიდენტი ნიშნავს იყო სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ არა მმართველი იყო ქვეყნის და არა პირადი ამბიციების ერთგული, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი ცერემონიით, სრულად შედის ძალაში საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია და მყარდება საპარლამენტო რესპუბლიკა, რამაც კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და გააძლიეროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული საფუძვლები.

„ორი კვირის წინ, 2024 წლის 14 დეკემბერს, აქ, ამ დარბაზში, ახალი კონსტიტუციური წესით გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები. 300 წევრისგან შემდგარმა საარჩევნო კოლეგიამ 224 ხმით საქართველოს პრეზიდენტად ბატონი მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. ქართული პოლიტიკის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პრეზიდენტის სტატუსი, დიდ პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა. იყო პრეზიდენტი ნიშნავს: იყო სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ არა სახელმწიფოს მმართველი; იყო სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, მაგრამ არა პოლიტიკური აქტივისტი; იყო ქვეყნის და არა პირადი ამბიციების ერთგული. ეს ის ფაქიზი ზღვარია, რომლის დანახვაც ზოგიერთს გაუჭირდა და ადვილად გადალახა. მათ შორის, ამაზე პასუხიც იყო 26 ოქტომბერს, 1 120 000 ჩვენი თანამოქალაქის მიერ მტკიცედ და ხმამაღლა თავისი ურყევი ნების დაფიქსირება, რომელიც დღეიდან ზურგს გაუმაგრებს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს. სწორედ ამ მაღალი ნდობიდან გამომდინარე, საქართველოს ახალი პრეზიდენტის როლი იქნება მნიშვნელოვანი ეროვნული თანხმობის მიღწევაში, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის განმტკიცებასა და საქართველოს სათანადოდ წარმოჩენაში მსოფლიოს ერთა წინაშე. ამ ისტორიულ დღეს გვსურს ასევე საფუძველი ჩავუყაროთ პრეზიდენტის ინაუგურაციის ახალ ტრადიციას. ისევე როგორც ტრადიციულ საპარლამენტო რესპუბლიკებში დღეიდან საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება პარლამენტის სასახლეში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სპეციალურად პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიისთვის საქართველოს პარლამენტმა გამოსცა საინაუგურაციო კონსტიტუცია. დაიბეჭდა მისი სამი თანაბარწონადი ეგზემპლარი, რომლიდანაც ერთი შეინახება საქართველოს პარლამენტში, ერთი დაცული იქნება ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ერთი – საქართველოს ეროვნულ არქივში. საინაუგურაციო კონსტიტუციის ზუსტი ასლები ასევე გადაეცემა პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრებს და ინაუგურაციაზე დამსწრე პირებს. „მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიმართ, რომელმაც საქართველოს პარლამენტს საჩუქრად გადმოსცა სპეციალურად ამ ცერემონიისთვის შემკული ბიბლია. ისევე როგორც საინაუგურაციო კონსტიტუცია, ეს ბიბლიაც დაცული იქნება საქართველოს პარლამენტში, როგორც მომავალი პრეზიდენტების საინაუგურაციო ბიბლია. დღეიდან, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ხალხის ჭეშმარიტ ნებას და კონსტიტუციას დაიცავს! დღეიდან, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ღირებულებების და ინტერესების სადარაჯოზე იქნება! მინდა, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს ვუსურვო წარმატება მისი საპატიო მისიის აღსრულებაში. ღმერთი იყოს მისი და ჩვენი სამშობლოს მფარველი!“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, ვინც ხალხის გვერდით იდგება და არა ისე, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა – „ხალხთან, მაგრამ ცოტა უფრო მაღლა“ – უამრავ სასიკეთო  საქმეს, მეცენატობას ჩაუდგება სათავეში – გია ვოლსკი

მიხეილ ყაველაშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც თავის ქვეყანას პრობლემებს შეუქმნის. ის არის ადამიანი, ვინც ხალხის გვერდით იდგება და არა ისე, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა – „ხალხთან, მაგრამ ცოტა უფრო მაღლა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ყაველაშვილს არ აქვს ამბიცია, რომ ხალხზე უფრო მაღლა იდგეს.

„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემები გვქონდა, მარგველაშვილთან დაკავშირებით პრობლემები გვქონდა, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით პრობლემები იყო. მიხეილ ყაველაშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც თავის ქვეყანას პრობლემებს შეუქმნის. ის არის ადამიანი, ვინც ხალხის გვერდით იდგება და არა ისე, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა – „ხალხთან, მაგრამ ცოტა უფრო მაღლა“. არ აქვს ეს ამბიცია, რომ უფრო მაღლა იდგეს. ის დაიცავს კონსტიტუციას. ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც განმსჭვალულია ქვეყნის სიყვარულით, პატრიოტიზმით, თავდადებით; ზუსტად ესმის თავისი მოვალეობა და ფუნქცია და უამრავ სასიკეთო საქმეს – მეცენატობას ჩაუდგება სათავეში, იქნება ინიციატორი. ადამიანი, რომელიც თავის მოვალეობას შეასრულებს იმ კონსტიტუციურ ფორმატში, ჩარჩოებში, რომელიც განსაზღვრული აქვს საქართველოს პარლამენტს. ასე რომ მას წარმატება ვუსურვოთ, ღმერთმა დალოცოს საქართველო და მისი პრეზიდენტი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ქვეყანა ამ მძიმე კრიზისიდან უნდა გამოვიდეს, ამის გამოსავალი არის ახალი არჩევნები – არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება არის არალეგიტიმური – ბადრი ჯაფარიძე

ჩვენ უკვე წარვადგინეთ [ხელახალი არჩევნებისთვის საჭირო დოკუმენტის დეტალები] და შესაბამისად, მონაწილეობა მივიღეთ, ახლა სხვებიც მუშაობენ და ეს იქნება შეჯერებული, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ დაძაბულობამ იკლოს.

„იმისათვის, რომ მოხდეს გამოსავლის მოძებნა იმ კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანა “ქართულმა ოცნებამ” შეიყვანა, თავდაპირველად, მოწოდება იყო დიალოგისკენ, რომელიც დარჩა უპასუხოდ “ქართული ოცნების” მხრიდან. ის კვლავ დგამს ნაბიჯებს იმისათვის, რომ იკლოს დაძაბულობამ, რათა ხალხში მოხდეს არა დაპირისპირება, არამედ შერიგება ამ იდეის ირგვლივ. ქვეყანა ამ მძიმე კრიზისიდან უნდა გამოვიდეს. ამის გამოსავალი არის ახალი არჩევნები.

არალეგიტიმური პარლამენტის მიერ ყველა მიღებული გადაწყვეტილება არის არალეგიტიმური.

ჩვენ უკვე წარვადგინეთ [ხელახალი არჩევნებისთვის საჭირო დოკუმენტის დეტალები] და შესაბამისად, მონაწილეობა მივიღეთ, ახლა სხვებიც მუშაობენ და ეს იქნება შეჯერებული”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ნახევრად საიდუმლო ცერემონიაზე მხოლოდ საკუთარი პარტიის მიერ არჩეული და აღიარებული ადამიანის ინაუგურაცია მოხდა – გიტანას ნაუსედა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე

კიდევ ერთი დღე “ტრადიციულ” ევროპულ დემოკრატიაში, სადაც “ოცნების პარტიას” სერიოზულად ვერავინ აღიქვამს და ნახევრად საიდუმლო ცერემონიაზე მხოლოდ საკუთარი პარტიის მიერ არჩეული და აღიარებული ადამიანის ინაუგურაცია მოხდა, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ნაუსედა საარჩევნო კოლგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველომ ან დემოკრატიის ახალი განსაზღვრება უნდა იპოვოს, ან საერთოდ უარი თქვას პარლამენტსა და პრეზიდენტზე.

ჩემთვის საქართველოს თითოეული მოქალაქე ძვირფასია, მე ვაპირებ, ვიყო ყველას პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, ვის მოვწონვარ და ვის არა -მიხეილ ყაველაშვილი

დღეს ჩვენი ქვეყანა დგას გარედან თავს მოხვეული, საზოგადოების ხელოვნური პოლარიზაციის წინაშე. ჩემთვის საქართველოს თითოეული მოქალაქე ძვირფასია, მათი შეხედულებებისა თუ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. მე ვაპირებ ვიყო ყველაპრეზიდენტი, იმის მიუხედავად, ვის მოვწონვარ და ვის არა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ მისი ძალისხმევა მიმართული იქნება საზოგადოების კონსოლიდაციისა და გაერთიანებისკენ.

„ჩემი მომავალი ძალისხმევა მიმართული იქნება საზოგადოების კონსოლიდაციისა და გაერთიანებისკენ. მიუხედავად იმისა ვის რა შეხედულებები აქვს ამა თუ იმ საკითხზე – ჩვენ უნდა მოვახერხოთ გაერთიანება ჩვენი სამშობლოს, ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული წესების გარშემო. იმ მომავლის გარშემო, რომლის შენებაც ჩვენ ერთად უნდა განვაგრძოთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ამერიკელმა კუბილიუსმა მიიწვია სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე, აქაც არაფერი საინტერესო არ არის, მოქალაქე ზურაბიშვილს შეუძლია დაესწროს ინაუგურაციას – ირაკლი კობახიძე

რეალობა არის ერთი, 1 120 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მხარი დაუჭირა მმართველ ძალას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამ ლეგიტიმაციის შედეგია, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევა.

„მანამდეც, სალომე ზურაბიშვილი იყო უმცირესობის პრეზიდენტი, უფრო კონკრეტულად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის” პრეზიდენტი. დღეს ის გახდა მოქალაქე ზურაბიშვილი. ეს არის ერთადერთი რეალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.

რაც შეეხება ინაუგურაციაზე მიწვევას, ამერიკელმა კუბილიუსმა მიიწვია ის ინაუგურაციაზე. აქაც არაფერი საინტერესო არ არის. მოქალაქე ზურაბიშვილს შეუძლია დაესწროს ინაუგურაციას, როგორც ამას აკეთებს ასი ათასობით ადამიანი. ამერიკელი კუბილიუსის განცხადებებს არავითარი დატვირთვა არ აქვს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჩვენმა ხალხმა შექმნა ქვეყანა და რაც მთავარია, მარადიული იდეა, რომელსაც სამშობლო ჰქვია, სწორედ ამ იდეას უფრთხილდება და იცავს მუდმივად ქართველი ერი -მიხეილ ყაველაშვილი

საქართველომ საუკუნეების განმავლობაში მრავალი ქარტეხილი გამოიარა, ჩვენმა ჭირ-ვარამ გამოვლილმა ხალხმა კი საკუთარი სამშობლოსა და ღირსების დასაცავად, ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლო – მსოფლიოს უდიდეს იმპერიებთან, ბევრად მრავალრიცხოვან მტერთან ათასწლეულების მანძილზე შეუპოვრად იბრძოლა, გადარჩა და შემოგვინახა ის ღირებულებები და ფასეულობები, რომელსაც ჩვენი ერი დაეფუძნა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო ისტორიული ერია, ქართველებმა შექმნეს ქვეყანა და რაც მთავარია – მარადიული იდეა, რომელსაც სამშობლო ჰქვია და სწორედ ამ იდეას უფრთხილდება და იცავს მუდმივად ქართველი ერი. მისივე თქმით, მშვიდობისთვის მუდმივმა ბრძოლამ ხალხს ხასიათი გამოუწრთო და ერთობის სასიცოცხლო მნიშვნელობაში დაარწმუნა; ერთობის, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულზეა დაფუძნებული.

„ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ ერთ-ერთი გამორჩეული და ისტორიული ერი ვართ, რომლის ჩამოყალიბებაც უძველეს დროში დაიწყო – ჩვენმა ხალხმა შექმნა ქვეყანა და რაც მთავარია – მარადიული იდეა, რომელსაც სამშობლო ჰქვია. სწორედ ამ იდეას უფრთხილდება და იცავს მუდმივად ქართველი ერი. ჩვენ შევქმენით უნიკალური კულტურა, რომელიც აგერ უკვე საუკუნეებია, დროსა და სივრცეში უხილავი ძაფებით – საერთო ტრადიციებითა და ღირებულებებით გვაკავშირებს ქართველებს. მშვიდობისთვის მუდმივმა ბრძოლამ და მტრების მოგერიებაში გატარებულმა ასწლეულებმა ჩვენს ხალხს ხასიათი გამოუწრთო და ერთობის სასიცოცხლო მნიშვნელობაში დაარწმუნა; ერთობის, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულზეა დაფუძნებული; სადაც ძლიერი ოჯახი ძლიერ საქართველოს ნიშნავს, ხოლო ძლიერი საქართველო ძლიერი ოჯახის ტოლფასია. ქართული ოჯახი არის ადგილი, სადაც შვილები ბავშვობიდან სწავლობენ მშობლებისა და ბებია-ბაბუების პატივისცემას, თავისუფლების სიყვარულს, უსამართლობასთან ბრძოლას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და ეზიარებიან ჩვენი წინაპრების მიერ შემონახულ ტრადიციებს, რომელიც აერთიანებს ქართველ ხალხს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული ენა ყველაზე კარგად აჩვენებს ქართველი ადამიანის ხასიათს და იმ ემოციებს, რომელიც მხოლოდ ქართველებისთვისაა დამახასიათებელი.

„ქართველი ხალხის ბუნება, ისტორია და კულტურა კარგად ჩანს ჩვენს ენაში, რომელიც მსოფლიოს უძველეს ენათა შორის იკავებს საპატიო ადგილს. არაერთი ქართული სიტყვა, ფრაზა თუ გამონათქვამი ანარეკლია ჩვენი წარსულის, რომელიც სავსეა ქართველი ხალხის თავდადებისა თუ შეუპოვრობის ისტორიებით. ქართულ ენაზე შექმნილია მსოფლიო დონის არაერთი შედევრი, რომელიც დღესაც აღაფრთოვანებს მკითხველს. ქართული ენა ყველაზე კარგად აჩვენებს ქართველი ადამიანის ხასიათს და იმ ემოციებს, რომელიც მხოლოდ ჩვენთვისაა დამახასიათებელი“,  – განაცხადა პრეზიდენტმა.