Home Blog Page 10

დადიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

“ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩამოიშალა, რის გამოც, გადაუდებელი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შემთხვევის ადგილი ლითონის ღობით შემოისაზღვრა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.

საპრევენციო ღონისძიებების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადართულია ალტერნატიულ მარშრუტებზე. კერძოდ, 12-მეტრიანი ავტობუსები N323, N317, N370 და N395 მოძრაობენ დავით გურამიშვილის გამზირიდან თორნიკე ერისთავის ქუჩის მიმართულებით, ხოლო წერეთლის გამზირის გავლით უკავშირდებიან სადგურის მოედანს; N323 და N395 სადგურის მოედნიდან მოძრაობას ფიროსმანის ქუჩით განაგრძობენ და უერთდებიან გიორგი ჩიტაიას ქუჩას, რის შემდეგაც გადაადგილდებიან დადგენილი სქემით, ორივე მიმართულებით.

რაც შეეხება 8-მეტრიან ავტობუსებს, N333, N362 და მიკროავტობუსები – N416, N436, N507 და N517, ცოტნე დადიანის ქუჩიდან მოძრაობისას, შედიან რევაზ ურიდიას ქუჩაზე, საიდანაც გადაადგილდებიან ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე. ამის შემდეგ, ხუდადოვის ქუჩაზე მარჯვნივ მოხვევით, ისევ უკავშირდებიან დადიანის ქუჩას (ე.წ. გადასასვლელ ხიდთან) და განაგრძობენ მოძრაობას დადგენილი მარშრუტებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!” – ნათქვამია ინფორმაციაში.

,,არავის დავუკავებივარ და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება” – დავით რიჟვაძე

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე, მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება, სადაც საუბარია იმაზე, თითქოს მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული.

ის აჭარის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იყო და თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა.

როგორც “პრაიმტაიმთან“ დავით რიჟვაძემ განაცხადა, ის არავის დაუკავებია და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

“სამწუხაროა, რომ ზოგიერთი თქვენი კოლეგა გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. არავის არ დავუკავებივარ, ვიმყოფები ოჯახში, არც არავის არ დავუბარებივარ. პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე დაკავებული თანამდებობა. ამ ეტაპზე არაფრით არ ვარ დაკავებული. მეტი ყურადღება და დრო მინდა დავუთმო საკუთარ თავს და ოჯახს.

32 წელი ღირსეულად, ჩემს ღირსეულ კოლეგებთან ერთად, ვემსახურე ამ რეგიონს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სრულიად საქართველოს. ამაყი ვარ იმ 32 წლით, რაც ვიმსახურე შინაგან საქმეთა ორგანოებში”, – განაცხადა დავით რიჟვაძემ.

მან ასევე ისაუბრა თორნიკე რიჟვაძის მიერ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს დატოვებასთან დაკავშირებითაც.

“როდესაც თანამდებობაზე იყო, პოლიტსაბჭოს წევრობა მაგას უკავშირდებოდა. თანამდებობა დატოვა, შესაბამისად დატოვა პოლიტსაბჭოს წევრობაც.

წარმატებას ვუსურვებთ მეც და ჩემი ოჯახიც განახლებულ პოლიტსაბჭოს და ვრჩებით ერთგულ ჯარისკაცებად. მეც და ჩემმა შვილმაც პირად საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება. 32 წელი ვიმუშავე, ვიმსახურე და გადავწყვიტე, მეტი დრო დავუთმო საკუთარ თავს და შვილიშვილებს”, – განაცხადა დავით რიჟვაძემ.

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აშშ-ის საელჩოს მიერ სავარაუდო ბომბების არსებობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე.

მოქალაქეთა უსაფრთხოება სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას ახორციელებს.

მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან“, – ნათქვამია სუსის განცხადებაში.

ინფორმაცია სავაჭრო ცენტრებში ბომბების სავარაუდო არსებობის შესახებ აშშ-ის საელჩომ თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა და საკუთარ მოქალაქეები გააფრთხილა.  

,,სანქციები უკვე გაცვეთილია და რაც უფრო მეტად გაზრდიან მასშტაბს, მით უფრო ექნება უკუეფექტი”- გურამ მაჭარაშვილი

საქართველოს მიმართ სანქციები არ მოქმედებს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, სანქციები უკვე გაცვეთილია და რაც უფრო მეტად გაზრდიან მასშტაბს, მით უფრო ექნება უკუეფექტი.

„ევროკავშირის ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა თქვა, რომ სანქციები და უვიზო მიმოსვლის შეჩერება უკუეფექტს იწვევს და თავი ხომ არ შევიკავოთო. მიხვდნენ, რომ ქართულ საზოგადოებაში მათი პოლიტიკის მიმართ უკუეფექტი ჩნდება, რადგან საქართველოს ევროკავშირში იმიტომ უნდა, რომ მშვიდობა, ეკონომიკა და მეგობრობა გაიზარდოს. იმას თუ ამბობენ, რომ ვიდრე კაცების ქორწინება არ დაკანონდება და ომს არ დაიწყებთ ქვეყანაში, მანამდე ევროკავშირში არ შემიგიშვებთო, რა თქმა უნდა, ამაზე ქართული საზოგადოება უარს იტყვის, რადგან რეალურ ევროპულ ღირებულებებს კარვად ვიცნობთ. სანქციები უკვე გაცვეთილია და რაც უფრო მეტად გაზრდიან მასშტაბს, მით უფრო ექნება უკუეფექტი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ეს ადამიანი ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტიც არის“ და „კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ ხედავენ, როგორ გრძნობენ ამ ქვეყანას” – ლევან კოღუაშვილი

რეჟისორი ლევან კოღუაშვილი ეხმიანება დათა თავაძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლს, რომელიც უცენზურო გამონათქვამების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ პროპაგანდის შინაარსს ატარებს.

მისი განცხადებით, „ეს ადამიანი ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტიც არის“ და „კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ ხედავენ, როგორ გრძნობენ ამ ქვეყანას”.

„არ ვიცი რატომ გააკეთა ეს. ფულის გამო, კომპლექსების გამო, სკანდალის სიყვარულის გამო, რომ ნამდვილი შემოქმედების ნაკლებობა გადაიფაროს. შეიძლება უგემოვნების გამო, რადგანაც რაც ვნახეთ, ყველაფერთან ერთად ძალიან ზედაპირული, ვულგარული, სასაცილო და პროვინციული ცირკია.

შეიძლება მიზეზი ქედმაღლობასა და მარტივად უზრდელობაშია. იმიტომ, რომ შეიძლება მართლმადიდებლობა გძულდეს, მაგრამ ელემენტარული ზრდილობაა და აღზრდაა, რომ იმ ქვეყანას, რომელშიც ცხოვრობ, ოდნავ მაინც პატივი სცე და მისი მოსახლეობის უმრავლესობისთვის ყველაზე ძვირფასს ასეთი უხამსი ფორმით არ აგინო.. ამის ცოდნას დიდი განათლება არ უნდა. თუმცა აქ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ უზრდელობა…

ერთი რამეა კარგი ამ ყველაფერში. როგორც ვიცი, ეს ადამიანი ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტიც არის, ხოდა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ ხედავენ, როგორ გრძნობენ ამ ქვეყანას, რამდენად პატივს სცემენ მის ხალხს, ფასეულობებს, რწმენას.. წარმოიდგინეთ ესენი რომ ხელისუფლებაში მოვიდენენ რეებს დაატრიალებენ “თავისუფლების” და პროგრესის სახელით… თუმცა არაფერი ახალი არ არის ამაში. გაიხსენეთ ბოლშევიკები… ჯერ რელიგიას დასცინოდნენ, მერე ხატებს წვავდნენ და ტაძრებს ანგრევდნენ, მერე კიდევ სისხლის მდინარეები დააყეენეს..

ამით ცხადია, ვერც რწმენას დააკლებენ რამეს და ვერც ამ ქვეყანას.. თავის თავს მტრობენ და ეს არის ყველაზე ცუდი.. რატომ? რისთვის? რაში ხარჯავენ ნიჭს, ენერგიას, ცხოვრებას? ყველაზე მეტად თვითონაა ცოდვა და ისინი, ვინც ამ საქმეში ჩაითრია. ერთია, როცა მარტო შენ თავს ვნებ, მაგრამ გაცილებით უარესია, რომ სხვებსაც ხდი თანამონაწილეს. მთელი გულით ვუსურვებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მიხვდეს რა გააკეთა”, – აცხადებს რეჟისორი.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლიდან „ლიბერტე“ აუდიონაწყვეტი გავრცელდა. შინაარსმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, უცენზურო გამონათქვამების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ პროპაგანდის გამო.

„ქართული ოცნება“ ხავსს ეჭიდება, თითქოს „მეგობარი აქტი“ არ იქნება მიღებული და ხელმოწერილი ტრამპის მიერ”- გიორგი ბარამიძე 

მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო. ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

გიორგი ბარამიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ხავსს ეჭიდება, თითქოს „მეგობარი აქტი“ არ იქნება მიღებული და ხელმოწერილი ტრამპის მიერ.

„ამ მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო. ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში და ამავდროულად ისიც ჩანს, რომ ხავსს ეკიდებიან, თითქოს აშშ-ში კვლავ კობახიძის და ივანიშვილის ჭკუაზე გაივლის ვინმე და „მეგობარი აქტი“ არ იქნება მიღებული და ხელმოწერილი ტრამპის მიერ. როგორც მიიღო კონგრესის ქვედა პალატამ „მეგობარი აქტი“, ისე მიიღებს სენატიც ამ აქტს და პრეზიდენტი ტრამპიც მოაწერს ხელს. მას შემდეგ, რაც ეს მოღალატეთა ბანდა დამარცხდება ქართველ ხალხთან, ყველა კარგად დავინახავთ, თუ როგორ აგებენ პასუხს იმ ყველაფრის გამო, რასაც ჩადიან ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

,,როდესაც შენ მუქარის დონეზე აუქმებ პარტნიორობას, რას ემსახურება ეს, ვის წისქვილზე ასხამს წყალს? ”- ლევან ნიკოლეიშვილი

როდესაც შენ მუქარის დონეზე აუქმებ პარტნიორობას, რას ემსახურება ეს, ვის წისქვილზე ასხამს წყალს? შენ თუ გვეუბნები, რომ ჩვენი პარტნიორი ხარ, ვის პირისპირ გვტოვებ მარტო, ვის ეხმარები ამით? რუსეთს ხომ არა?!, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა, აშშ-ს მიერ საქართველოსთან მიმართებაში სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქართველო გამოირჩეოდა აშშ-ს მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერით, მათ შორის ავღანეთის და ერაყის მისებში, არ შეიძლება ამ ქვეყანასთან ასე ხელაღებით შეწყვიტო სტრატეგიული პარტნიორობა.

„გავიხსენოთ სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტა, გნებავთ თავდაცვის სფეროში, ჩვენ ვართ ის ქვეყანა ვინც ყველაზე დიდი მეგობრობა გამოვიჩინეთ თუნდაც თავდაცვის სფეროში შეერთებულ შტატებთან მიმართებაში იგივე ერაყში, იგივე ავღანეთში. უამრავი დაჭრილი, უამრავი დახოცილი და ა.შ. უფრო ძლიერი პარტნიორი ვისაც ჰქვია, მათ შორის ნატო-ს წევრები შეიძლება ითქვას მიზერულად მონაწილეობდნენ ამ ღონისძიებებში. ჩვენ რასაც იქ ვაკეთებდით, ეს იყო ერთგვარი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება მაგრამ მთავარი იყო აქ მხარდაჭერა შეერთებული შტატებისთვის. მე, პირადად არაერთხელ მომისმენია, ამერიკელი მაღალჩინოსანი გენერლებისგან თუ როგორ ამაყობენ ისინი ქართველი სამხედროების მონაწილეობით, მათი მომზადების დონით და ა.შ. როდესაც შენ ამ ქვეყანასთან მუქარის დონეზე აუქმებ პარტნიორობას, სწავლებას არ ჩავატარებ და ა.შ. რას ემსახურება ეს, ვის წისქვილზე ასხამს წყალს? შენ თუ გვეუბნები, რომ ჩვენი პარტნიორი ხარ, ვის პირისპირ გვტოვებ მარტო, როცა აუქმებ ამ პარტნიორობას და ვის ეხმარები ამით? რუსეთს ხომ არა?!

შეერთებული შტატები არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც გააჩნია მულტი საშუალებები ინფორმაციის მიღების, ყველანაირი – ღია წყაროებით, დახურული წყაროებით, აგენტურით და ა.შ. წესით თავიდან ბოლომდე უნდა ფლობდეს იმ სურათს, რაც არის საქართველოში და იმ სურათიდან გამომდინარე რეალობის აღქმა უნდა გქონდეს და გაანალიზებისა თუ როგორ იქნება ეს ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ყველა ნორმალური პარტნიორი იფიქრებდა იმაზე, როგორ გააუმჯობესოს ამ ქვეყანასთან ურთიერთობა და როგორ გააკეთოს ისე, რომ ამ ხელისუფლებასთან საერთო მიზნები, საერთო ინტერესები გამოიყოს. მითუმეტეს, ჩვენ, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციები გვიჭირავს იგივე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და აღმოსავლეთი, როგორც ჩანს ამის გამოყენებას საკმაოდ რაციონალურად აკეთებს. თუ დასავლეთი ამაზე არ ფიქრობს, ეს მათთვის უფრო ცუდია ვიდრე ჩვენთვის“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

“ვლადიმერ პუტინმა რაიხსტაგის შენობის ასლი ააგო გამარჯვების დღის დღის აღსანიშნავად”-The Daily Telegraph

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვლადიმერ პუტინმა რაიხსტაგის შენობის ასლი ააგო გამარჯვების დღის დღის აღსანიშნავად“ (ავტორი – ჯეიმს ჯექსონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთმა რაიხსტაგის შენობის ასლი ააგო ნატურალურ ზომებში გამარჯვების დღის  აღნიშვნისათვის – განმეორდება 1945 წლის 30 აპრილის მოვლენები, როცა ბერლინის ცენტრში მდებარე შენობა, მეორე მსოფლიო ომის დროს, წითელი არმიის ქვედანაყოფებმა აიღეს და მასზე წითელი დროშა აღმართეს.

კრემლთან დაკავშირებულმა კინემატოგრაფისტებმა რაიხსტაგის (გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს – პარლამენტის) შენობა მოსკოვის კულტურისა და დასვენების პარკში ააშენეს იმ მოვლენების ასახვის მიზნით, რომელიც ბერლინის ცენტრში ხდებოდა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უშუალოდ დროშის აღმართვის პროცესს მესამე რაიხის პარლამენტის შენობაზე.

როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს იმით ამართლებს, რომ რუსეთისათვის აუცილებელი იყო მეზობელი ქვეყნის დენაციფიკაცია და ფაშიზმის ამოძირკვა რუსეთის ზღურბლთან.

მაგრამ სიტუაციის ირუნიულობა იმით გამოიხატება, რომ იმ წითელარმიელებს შორის, რომლებმაც რაიხსტაგზე წითელი დროშა აღმართეს, ერთ-ერთი ეროვნებით უკრაინელი იყო – ალექსი ბერესტი. სწორედ ლეიტენანტი ალექსი ბერესტი იყო ჯგუფის მეთაური, რომელშიც, მის გარდა, შედიოდნენ ეროვნებით რუსი სერჟანტი მიხეილ ეგოროვი და ქართველი უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია. ალექსი ბერესტი რაიხსტაგის დამცავ გერმანელ „ეს-ეს“-ელ (CC) ოფიცრებს მოელაპარაკა, აიძულა ისინი კაპიტულაციაზე დათანხმებულიყვნენ. რაიხსტაგის სახურავზე წითელარმიელებმა დროშა ჯერ ფრონტონზე მიამაგრეს, შემდეგ კი გუმბათზე გადაიტანეს.

მოგვიანებით, ომის დამთავრების შემდეგ, ალექსი ბერესტი დაუმსახურებლად იქნა შეურაცხყოფილი საბჭოთა ხელისუფლების მიერ, როცა 1946 წელს სერჟანტებს მიხეილ ეგოროვსა და მელიტონ ქანთარიას საბჭოთა კავშირის გმირის წოდებები მიანიჭეს, მათი მეთაური კი, ლეიტენანტი ალექსი ბერესტი მხოლოდ წითელი დროშის ორდენით დაჯილდოვდა, ალბათ, ეროვნული წარმომავლობის – უკრაინელობის გამო.

რაიხსტაგის ბრძოლების რეკონსტრუქცია, რომელიც კრემლს აქვს ჩაფიქრებული, მიანიშნებს იმას, რომ გამარჯვების დღე საომარ პირობებში ტარდება, მილიტარისტული მოწოდებების ფონზე, თუმცა საზეიმო განწყობით.

სპექტაკლი ღია  ცის ქვეშ სახელწოდებით „გამარჯვება: წითელი დროშა რაიხსტაგზე“ თეატრისა და კინოს რეჟისორის იგორ უგოლნიკოვის ხელმძღვანელობით დღეში ორჯერ ჩატარდება და წარმოადგენს იმ საზეიმო ღონისძიებების ერთ-ერთ ელემენტს, რომლის მთავარი ნაწილია სამხედრო აღლუმი წითელ მოედანზე – კრემლის მიერ რუსეთის სამხედრო ძლიერების ჩვენება.

საზეიმო ღონისძიებებს, სხვა უცხოელ სტუმრებთან ერთად, დაესწრებიან სი ძინპინი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე და რობერტ ფიცო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი.

რუსული მასმედია სპექტაკლს რეკლამას უწევს როგორც ძალზე საინტერესო და საოცარ ფაქტს, რომელიც მაქსიმალურად არის მიახლოებული 1945 წლის აპრილ-მაისს მომხდარ ნამდვილ მოვლენებთან. დეკორაცია მოგვიანებით გამოყენებული იქნება მხატვრული ფილმის გადასაღებად.

რაიხსტაგის შენობის ასლი ისევეა დანგრეული და დაცხრილული ნატურალური ზომის ნახვრეტებით, როგორც 80 წლის წინათ იყო. შენობის წინ ყრია აფეთქებული სამხედრო ტექნიკა, რომელთა რეკონსტრუქცია ომის დროს გადაღებული ფოტოების მიხედვით განხორციელდა.

რეჟისორის თქმით, მან შექმნა რეალისტურად ასახული სრული და ღრმა სურათი, საბჭოთა და გერმანული ავიაციის, აგრეთვე ტანკებისა და ჯავშანმანქანების მონაწილეობით.

თუმცა, როგორც ევროპული კვლევითი ცენტრის თანამშრომელი, ეროვნებით რუსი სერგეი სუმლენი ამბობს, რაიხსტაგის ბრძოლების რეკონსტრუქცია ყალბია, რითაც პუტინის რეჟიმი რუსეთის მოსახლეობის აზროვნებას ამახინჯებს. მისი თქმით, რუსული „გამარჯვების დღე“ სინამდვილეში „ძალადობის კულტს“ წარმოადგენს.

გერმანელი პოლიტიკოსები რაიხსტაგის აღების სპექტაკლის მიმართ დუმილს ინარჩუნებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ვიღაც-ვიღაცეებმა გერმანიაში, როგორც ჩანს, დაივიწყეს, რომ ჰიტლერმა და მისმა თანამოაზრეებმა – ფაშისტებმა, მესამე რაიხის მშენებლებმა – თავიანთ გზა ხელისუფლებისაკენ და მსოფლიო სისხლისღვრისაკენ სწორედ რაიხსტაგის გადაწვით დაიწყეს, 1933 წლის 27 თებერვალს“.

რუსეთი რაიხსტაგის აღებას პატრიოტიზმის ფუძემდებლურ მოვლენად მიიჩნევს. შენობის ასლის შექმნის მცდელობები ადრეც იყო. მაგალითად, 2017 წელს სერგეი შოიგუ, თავდაცვის იმდროინდელი მინისტრი, მიესალმა მინიატურული რაიხსტაგის შექმნას კადეტთა სასწავლებელში, რომელიც მან „სამხედრო დისნეილენდად“ მონათლა.

ცნობილია, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ისტორიული მოვლენებისადმი გარკვეული მიდრეკილება და ინტერესი აქვს. ჯერ კიდევ უკრაინაში შეჭრამდე მან გრძელი ისტორიული ტრაქტატი გამოაქვეყნა სახელწოდებით „რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთობის შესახებ“, რომელშიც ამტკიცებდა, რომ რუსები, უკრაინელები და ბელორუსები ერთ ერს წარმოადგენენ.

კრემლთან დაკავშირებული გაზეთების მტკიცებით, ევროპა იმიტომ უჭერს მხარს უკრაინას, რომ როგორმე მეორე მსოფლიო ომში [და უფრო ადრინდელ ომებშიც] რუსეთისაგან განცდილი მარცხის კომპენსაცია მოახდინოს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

 ,,26 მაისი იქნება თუ სხვა საბაბი, შეეცდებიან, სისხლისღვრის პროვოცირება მოახდინონ”- ირაკლი ქადაგიშვილი

სალომე ზურაბიშვილის კურატორს, „მაკკეინის ინსტიტუტის“ წარმომადგენელს წამოსცდა, ამდენი ხანია და ერთი სისხლი არ დაღვრილაო, სისხლისღვრას საკრალური მნიშვნელობა და ძალა აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, 26 მაისი იქნება თუ სხვა საბაბი, შეეცდებიან, სისხლისღვრის პროვოცირება მოახდინონ.

„ამ ადამიანებს სისხლისღვრის კადრები არ ყოფნით. სალომე ზურაბიშვილის კურატორს, „მაკკეინის ინსტიტუტის“ წარმომადგენელს წამოსცდა – ამდენი ხანია და ერთი სისხლი არ დაღვრილაო. მათი მიზანი ეს იყო და ეს არის. მათი ამოცანაა, ქვეყანაში რამენაირად დაპირისპირება გაღვივდეს. სხვა მიზანი არ გააჩნიათ. სისხლისღვრას საკრალური მნიშვნელობა და ძალა აქვს. ამიტომ, ისინი შეეცდებიან, რომ 26 მაისი იქნება თუ სხვა საბაბი, ამის პროვოცირება მოახდინონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 8 მაისს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7467 ლარი ეღირება, ევრო – 3.1219 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6668 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7473 ლარი ღირდა, ევრო – 3.1105 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6643 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 8 მაისს ამოქმედდება.

“ინდოეთმა პაკისტანს დარტყმები მიაყენა – რა იქნება შემდეგ?”-BBC

მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებს ამ დღეებში კიდევ ერთი ცხელი კერა დაემატა: საერთაშორისო მასმედიის ყურადღება ამჯერად სამხრეთ აზიისკენაა მიპყრობილი, სადაც ინდოეთისა და პაკისტანის ტრადიციული დაპირისპირება მოულოდნელად გამწვავდა სადაო ტერიტორიაზე – ქაშმირში მომხდარი სისხლიანი ინციდენტის შედეგად. ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“ (BBC) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ინდოეთმა პაკისტანს დარტყმები მიაყენა: რა იქნება შემდეგ?“ (ავტორი – ანბარასან ეტირაჯანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ინდოეთი: „ჩვენ სამართლიანად ვიქცევით…“

ინდოეთმა განაცხადა, რომ დარტყმები მიაყენა პაკისტანს და ქვეყნის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ქაშმირის იმ ნაწილს, სადაც ტერორისტული ცენტრებია განლაგებული.  საომარი მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, როცა ორი კვირის წინ ნიუ-დელმა ისლამაბადი ქაშმირში ტურისტებზე თავდასხმაში დაადანაშაულა. ინციდენტის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. პაკისტანის ხელისუფლებამ მეზობელი ინდოეთის ბრალდება უარყო.

„ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ოპერაცია „სინდურის“ განხორციელება და დარტყმები მიაყენეს პაკისტანის ტერორისტულ ინფრასტრუქტურას ჯამუში და ქაშმირის იმ ნაწილში, რომელიც პაკისტანს აქვს ოკუპირებული. სწორედ იქ იგეგმებოდა ტერორისტული აქტები ინდოეთის ტეროტორიაზე“, – ნათქვამია ინდოეთის ხელისუფლების განცხადებაში.

ინდოეთის მთავრობის მტკიცებით, სარაკეტო დარტყმებით განადგურდა ცხრა სამიზნე, სადაც „ბოევიკები“ და ტერორისტები მზადდებოდნენ, თუმცა პაკისტანი უარყოფს.

„ჩვენი მოქმედება მიზანმიმართულია, აწონილ-დაწონილი და არაესკალაციური. ჩვენ არცერთი სამხედრო ობიექტი არ დაგვიბომბავს, მხოლოდ ტერორისტთა ბაზები გავანადგურეთ“, – აცხადებს ინდოეთი.

პაკისტანის მთავრობა კი აცხადებს, რომ ინდოეთის დარტყმების ქვეშ აღმოჩნდა არა ტერორისტთა ბაზები, არამედ სამოქალაქო მშვიდობიანი მოსახლეობა: „ინდოეთის სამხედრო თვითმფრინავებმა რაკეტები პაკისტანის მიმართულებით ისე ისროლეს, რომ ისინი საკუთარ საჰაერო სივრცეს არ პაკისტანის მთავრობის პრეს-სამსახურის მტკიცებით, ინდური დარტყმების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 35 დაიჭრა, ორი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. უფრო ადრე პაკისტანის არმიის პრეს-მდივანმა აჰმედ შარიფმა განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. ერთ-ერთი რაკეტა კი მეჩეთს დაეცა.

პაკისტანი: „მზაკვარ ინდოეთს პასუხს გავცემთ…“

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა მიან-მუჰამად შაჰბაზ-შარიფმა განაცხადა, რომ ინდოეთის მტრულ გამოხდომას უპასუხოდ არ დატოვებს.

„მზაკვარმა მტერმა ვერაგული დარტყმა მიაყენა ჩვენს ხუთ ადგილს. შესაბამისად, გვაქვს სრული უფლება საკადრისი პასუხი გავცეთ. გარწმუნებთ, რომ ინდოეთი მალე იგრძნობს ჩვენს დარტყმას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მოგვიანებით პაკისტანის არმიის პრესსამსახურმა ადრე გაკეთებული განცხადების შინაარსი შეცვალა და განაცხადა, რომ ჩამოგდებულია ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 5 თვითმფრინავი, მათ შორის სამი ფრანგული წარმოების ავიაგამანადგურებელი Rafale და ორი საბჭოური წარმოების – Су-30МКИ და МиГ-29. გარდა ამისა, პაკისტანის არმიამ, ინდოეთთან საარტილერიო დუელის დროს, ინდური ბრიგადის შტაბი გაანადგურა.

ინდოეთმა და პაკისტანმა მოსაზღვრე რეგიონებში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. სესწყდა სასწავლო პროცესი სკოლებში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ბოლო დღეებში, სიტუაციის პერმანენტული გამწვავების ფონზე, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ მოვლენები ისეთივე სცენარით განვითარდებოდა, როგორც ეს 2016 და 2019 წლებში მოხდა, როცა ინდოეთმა პაკისტანი იმ დროშიც ტერორიზმის პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა.

კომენტარი: „დიდი და სახიფათო ავანტიურა“

ორ მეზობელ ქვეყანას შორის მომხდარი ეს მკვეთრი ესკალაცია ძალიან სახიფათოა – იმიტომ, რომ ინდოეთიც და პაკისტანიც ბირთვულ იარაღს ფლობენ. ის, რომ ინდოეთი სამხედრო მოქმედების დაიწყებდა, პრინციპში, მოსალოდნელი იყო, მაგრამ მისი სარაკეტო დარტყმების ინტენსიურობამ პაკისტანის ტერიტორიის წინააღმდეგ ბევრი გააკვირვა.

ინდოეთი თავს იმართლებს, რომ იძულებული გახდა ტერორისტებისა და „ბოევიკების“ ცენტრები დაებომბა, პაკისტანის არმიის სამხედრო ობიექტების განადგურება კი მის მიზნებში არ შედიოდა.

ორივე მხარე თვლის, რომ სიტუაციას აკონტროლებენ და არ დაუშვებენ ესკალაციას, რომ საქმე ბირთვული იარაღის გამოყენებამდე მივიდეს. მაგრამ რადგანაც დაძაბულობა მაღალია, აქედან გამომდინარე, კონფლიქტის მსვლელობა შესაძლოა კონტროლს აღარ დაექვემდებაროს.

გასულ წლებში ინდოეთსა და პაკისტანს შორის ინციდენტების მოგვარებაში აშშ და სხვა ქვეყნები ერეოდნენ ხოლმე, ესკალაციის შესაჩერებლად.

მაგრამ ახლა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სხვა გლობალური საკითხებით არის გართული და გაურკვეველია, თუ რა სწრაფ ნაბიჯებს გადადგამს აშშ წარსულში ბრიტანეთის  კოლონიური ტერიტორიისა და ამჟამად ბრიტანული ერთა თანამეგობრობის წევრების შესაჩერებლად.

ორივე ქვეყნის – ინდოეთისა და პაკისტანის – პოლიტიკური ლიდერები, ალბათ, მოისურვებენ, რომ გადამწყვეტად, გაბედულად იმოქმედონ და თითოეულმა თავისი გამარჯვება გამოაცხადოს.

ორივემ დიდი და სახიფათო ავანტიურა დაიწყო, რაც მსოფლიოსათვის სარისკოა და კარგს არაფერს უქადის.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

 თუ ევროპა მოახერხებს “დიფ სთეითის” გავლენის დაძლევას, ამ შემთხვევაში, ურთიერთობები გაჯანსაღდება, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია-ირაკლი კობახიძე

ევროპა თუ მოახერხებს არსებითად „დიფ სთეითის“ გავლენის დაძლევას, ამ შემთხვევაში, ურთიერთობები გაჯანსაღდება, მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან სანქციებს შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ყველაზე მეტად აქვთ დაკარგული სუვერენიტეტი, მოქმედებენ „დიფ სთეითის“ კარნახით და ეს ყველაფერი სწორედ ამას უკავშირდება.

„ბალტიისპირეთის ქვეყნებს ყველაზე მეტად აქვთ დაკარგული სუვერენიტეტი და ამ ყველაფერს უკავშირდება ის, რომ ისინი მთლიანად მოქმედებენ „დიფ სთეითის“ კარნახით. შესაბამისად, სამწუხაროდ, ყველაზე აქტიურად სწორედ ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები უპირისპირდებიან ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა ჩვენთვის, იმიტომ, რომ განსაკუთრებული სენტიმენტები გვაქვს, როგორც ესტონელი, ასევე ლატვიელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ. ჩვენთვის დასანანია, სამწუხაროა და სწორედ ამიტომ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში სამივე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკასთან. რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობებს, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვისკენ მათი მხრიდან ნაბიჯის გადადგმას, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია, ვართ მოლოდინის რეჟიმში. ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან პრაგმატული ნაბიჯების იმედი გვაქვს. დღეს, ევროპული ბიუროკრატია არის, სამწუხაროდ, „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ, ეს გავლენა არის არსებითი. თუ ევროპაც მოახერხებს არსებითად „დიფ სთეითის“ გავლენის დაძლევას, ამ შემთხვევაში, ურთიერთობები გაჯანსაღდება. მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს,“- განაცხადა პრემიერმა.