Home Blog Page 10

კახა კალაძე: გილოცავთ ყველას ამ შესანიშნავ გამარჯვებას – გპირდებით ამ პატივისცემასა და სიყვარულს ძალიან კარგი საქმეებით დავაბრუნებ

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი, დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე ამომრჩეველს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის.

საარჩევნო უბნების დახურვისა და ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება” მორიგ გამარჯვებას ზეიმობს, რაც ქართველი ამომრჩევლის დამსახურებაა.

„გილოცავთ ყველას ამ შესანიშნავ გამარჯვებას. ვულოცავ სრულიად საქართველოს! კიდევ ერთი პასუხი ღირსეული ქართველების იმ უსამშობლო აგენტების წარმომადგენლების მიმართ – მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს! ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება მსოფლიოში, რა გამოწვევები და პოლიტიკური ინტერესებია. ყველა ვხვდებით, რომ შემთხვევითი არ არის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ეს მარტივი არ არის. უამრავი შეურაცხყოფა, ცილისწამება, მუქარა მოვისმინეთ, მაგრამ ჩვენი მტკიცე პოლიტიკით, ვიცავთ ქვეყნის ინტერესებს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვხატო – ვამაყობ, რომ ვარ ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი. მინდა, მადლიერება გამოვხატო ამ ადამიანის მიმართ, რადგან დღეს ჩვენს ქვეყანაში რომ სუფევს მშვიდობა, მისი გამჭრიახობის, მტკიცე ხასიათის, დამოკიდებულებისა და იმ პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც მისი ხელმძღვანელობით ვახორციელებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ლევან მაჭავარიანს. განსაკუთრებული მადლობა კი კახა კალაძემ ქართველ ამომრჩეველს გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ჩვენი სიძლიერე ზუსტად იმაში მდგომარეობას, რომ ვართ ერთად, ვართ ერთი დიდი ოჯახი. მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. მადლობა ასევე მინდა, გადავუხადო თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ლევან მაჭავარიანს. განსაკუთრებული მადლობა კი თქვენ, ჩემს თანამებრძოლებს, ჩვენს მხარდამჭერებს. ზუსტად თქვენი თანადგომითა და მხარდაჭერით შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება. ხვალიდან ვიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ერთადერთი გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია, ქალაქი განავითაროს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა”, რაც არჩევნების შედეგებზეც აისახა.

„ერთადერთი გუნდი ვართ, ვისაც რეალური ხედვა ჰქონდა მთელი კამპანიის განმავლობაში და რომელიც კონკრეტულ პროექტებზე, გასაკეთებელ საქმეებსა და გამოწვევებზე საუბრობდა. არ მოგვრიდებია გვესაუბრა, თუ რა პრობლემებია დედაქალაქში. ზუსტად ვიცით, რა სჭირდება თბილისს, რა უნდა გაკეთდეს და როგორი უნდა იყოს ის ოთხი წლის შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვერდში დაგვიდექით, მხარი დაგვიჭირეთ. გპირდებით, როგორც დედაქალაქის მერი, რომ ამ პატივისცემასა და სიყვარულს ძალიან კარგი საქმეებით დავაბრუნებ. წარმატებები და გამარჯვებები ჩვენს ქვეყანას. თბილისს და ჩვენს გამარჯვებას გაუმარჯოს! ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი”, – განაცხადა თბილისის მერმა.

ცესკოს განცხადება მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი საარჩევნო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში, პროცედურების დაცვით მიმდინარეობს.

„თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მნიშვნელოვანი დარღვევების არარსებობის ფონზე ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან ისმის სპეკულაციური შეფასებები თუ განცხადებები ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი, მისი არსებობის შემთხვევაში, არ ნიშნავს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, ვინაიდან შეუძლებელია ნების იდენტიფიცირება. ამასთანავე, ბიულეტენი ხმის მთვლელ აპარატში მოთავსებამდე საარჩევნო კაბინიდან ამომრჩეველს ჩარჩო კონვერტით გამოაქვს, რომელიც სრულად ფარავს ბიულეტენზე საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალს და შესაბამისად მარკერის კვალს, მისი არსებობის შემთხვევაში.

შესაბამისად, ჯერ კიდევ გასულ არჩევნებზე, ამ თემით აქცენტირება წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულ სპეკულაციას. მიუხედავად ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციამ, მსგავსი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად ხმის მთვლელ აპარატს დაამატა ჭრილის საფარი.

როგორც არჩევნების დღემდე არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩარჩო კონვერტისა და ხმის მთვლელ აპარატზე ბიულეტენისთვის განკუთვნილი ჭრილის საფარის არსებობით შეუძლებელია ბიულეტენზე მარკერის კვალის გაჟონვის შემთხვევაშიც კი მისი იდენტიფიცირება. 

იმ ფონზე, როცა გამოჟონვის კვალი იმთავითვე არ წარმოადგენს დარღვევას, მითუმეტეს, მაშინ როდესაც ნების იდენტიფიცირება შეუძლებელია, ვხედავთ საკითხის კვლავ სპეკულაციურად წამოჭრის მცდელობებს, რაც ადასტურებს, რომ ფარულობის თემა არა მხოლოდ ამ არჩევნებზე, არამედ გასულ წელსაც მხოლოდ მანიპულაცია იყო და არ ეყრდნობოდა ფაქტებს.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესს დღეს დილიდან აკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები და მათ მიერ პროცესი ფასდება როგორც მშვიდი და პოზიტიური. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, არ შევიდნენ შეცდომაში სპეკულაციური და უსაფუძვლო განცხადებებით და დაეყრდნონ საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია გადაამოწმონ საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამის საკომუნიკაციო საშუალებებზე.

ახლა კი გაგაცნობთ ინფორმაციას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. მიმდინარე საარჩევნო პროცესი აჩვენებს, რომ ისევე, როგორც გასულ წელს, ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და შეუფერხებლად აკეთებენ საკუთარ არჩევანს. ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგია: 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 175 817 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33.5%-ს შეადგენს.

აქვე შეგახსენებთ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურებს.

კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და  ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ“,-განაცხადა ნათია იოსელიანმა.

,,ველოდებით ჩვენს მოძმეებს, რომლებიც გზაში არიან, მას შემდეგ, რაც შემოგვიერთდებიან, დავიწყებთ საერთო სახალხო, ქართულ ეროვნულ ყრილობას”- ირაკლი ნადირაძე 

დღეს აქ ძალაუფლებას ხელში აიღებს ქართველი ხალხი, ქართველი ხალხი დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, ეს არჩევნები იქნება რუსული რეჟიმის მონაწილეობის გარეშე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ნადირაძის თქმით, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები სრულად შეიკრიბებიან, დაიწყება საერთო სახალხო, ქართული ეროვნული ყრილობა.

„გადავსებულია თავისუფლების მოედანი, ხალხი არის რესპუბლიკის მოედნამდე, არ წყდება ნაკადი. აქედან კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, არ გაბედო ამ ხალხთან დაპირისპირება, არ გაბედო, აქ დგას ანწუხელიძის საქართველო, ვინც არ შეურაცხყო გმირები. ეს ხალხი აქედან გამარჯვების გარეშე არ წავა. 13 წლის განმავლობაში თუ ვინმემ ისწავლა ჭკუა, ეს ჩვენ ვართ, ბიძინა, იცოდე, რომ ვეღარ მოგვატყუებთ, არავინ არ ჭამს შენს გადმოგდებულ პრემიერ-მინისტრს, შენს გადმოგდებულ მთავრობას, შენ მიერ დანიშნულ ვადამდელ არჩევნებს, დღეს აქ ძალაუფლებას ხელში აიღებს ქართველი ხალხი, ქართველი ხალხი დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, ეს არჩევნები იქნება შენი და შენი რუსული რეჟიმის მონაწილეობის გარეშე.

ასევე, კიდევ ერთხელ მივმართოთ პოლიციელებს, სპეცრაზმელებს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, ჩვენ არცერთ რიგით ადამიანს არ გებრძვით, თქვენ ზუსტად ისეთივე მოქალაქეები ხართ ამ ქვეყნის, როგორც არის აქ მდგომი დანარჩენი საქართველო. ის 5 პროცენტი, თქვენი ხელმძღვანელები, თქვენი უფროსობა, რომლებიც თქვენს ხარჯზე, თქვენი მუშაობის ხარჯზე ჯილდოებსაც იღებენ, ხელფასებსაც, წოდებებსაც, თანამდებობებსაც, მაგრამ თქვენ ყველაზე კარგად იცით, რიგითი პოლიციელისთვისაც ჩვეულებრივად გაძვირდა პური, შაქარი, ზეთი, კომუნალური, ცხოვრება, არც თქვენ გყოფნით ხელფასი, პენსია, მათ შორის ძალოვანის პენსია, არც თქვენს შვილებს აქვთ ნორმალური საქართველო. ამიტომ, თქვენც მოგიწოდებთ და მოვუწოდებ თქვენს მშობლებს, სპეცრაზმელების, ძალოვნების დედებო, მამებო, დებო, ძმებო, მოდით და წაიყვანეთ აქედან თქვენი შვილები, თქვენი ძმები, ვისაც დღეს დაავალებენ უკანონო დავალების შესრულებას. დღეს აქ ქართველი ქართველს არ უნდა დაუპირისპირდეს, დღეს მთელი მსოფლიო გვიყურებს და ყველამ უნდა დაინახოს, საქართველო არ გატყდა, არ დანებდა, საქართველო კვლავ ბრუნდება სიამაყის, ერთობის,  ევროპულ გზაზე. ველოდებით ჩვენს მოძმეებს, ჩვენს ძმებს, დებს, რომლებიც ახლა მოდიან, გზაში არიან საცობებში. მას შემდეგ, რაც შემოგვიერთდებიან, დავიწყებთ საერთო სახალხო ქართულ ეროვნულ ყრილობას“, – აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.

დამკვირვებელი ჯეი პატელი – არჩევნები პროფესიონალურად ტარდება, საარჩევნო პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს

ფუნდამენტური უფლებათა ცენტრის დამკვირვებელის, ჯეი პატელის განცხადებით, საქართველოში არჩევნები პროფესიონალურ დონეზე ტარდება და საარჩევნო პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს.

„არჩევნები სტაბილურად, პოზიტიურად მიმდინარეობს, პროფესიონალურად ტარდება. უბნები ეფექტურად იმართება, ისე როგორც ეს დასახული იყო. მთლიანობაში, მიდგომები თითოეულ ქალაქში საკმაოდ მსგავსია, თუმცა აქ, ქუთაისში ძალიან დიდი ენთუზიაზმი შეინიშნება“, – აღნიშნა ჯეი პატელმა.

4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება, მათ შორისაა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ათი უბანი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს.

4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია.

“ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს სცენარი არის სუს-ის მიერ დაწერილი, სუს-ის მიერ ზეწოლის შედეგად განხორციელებული”-სალომე სამადაშვილი

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ლელოს“ კანდიდატების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ტექსტებით პარტიის დატოვება სუს-ის მიერ დაწერილი სცენარია

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, სუს-ი ცდილობს, „ლელო – ძლიერი საქართველო“ ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის საკითხთან კავშირში დაადანაშაულოს .

„გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ, როგორც ჩანს, მიმდინარეობს სუს-ის მიერ წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული სპეცოპერაციის განხორციელება ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ. რამდენიმე საათის წინ რამდენიმე კანდიდატის მიერ ერთბაშად გავრცელდა ზუსტად ერთი და იგივე ტექსტი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის სუს-ი ცდილობს, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება დაადანაშაულოს ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის საკითხთან კავშირში.

ეს არის აბსურდი. მინდა, პირადად მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და სუს-ს, დღეს, როდესაც ისედაც მოქცეული ხართ საერთაშორისო იზოლაციაში, არ გაქვთ ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, გირჩევდით ,რომ საკუთარი თავი აბუჩად არ აიგდოთ ამ ბრალდებების შეკერვის მცდელობით. ეს ყველაფერი ძალიან ნათელია ყველასთვის. „ლელომ“ მრავალჯერ და არაერთხელ განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება აუცილებლად, ოღონდ არჩევნების გზით. დღევანდელ დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ საარჩევნო გარემო ძალიან შორს არის სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოსგან. ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს გამარჯვებამდე, მათ შორის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის უზრუნველყოფის გზით. მანამდე კი ყველას მოვუწოდებთ, რომ ჩვენი მხრიდან იქნება ძალიან მძიმე რეაგირება ყველა მცდელობაზე, ჩვენი პარტიის წინააღმდეგ აამუშაოს რაიმე სახის პროპაგანდა და შემდგომი რეპრესიული ზომები.

მინდა ახლა მივმართო ყველა ამომრჩეველს, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო. ნუ მისცემთ ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობას წაგართვათ მთავარი კონსტიტუციური უფლება. ის უფლება, რასაც ჰქვია საკუთარი ხელისუფლების არჩევნების გზით ფორმირება. ვისაც შეგიძლიათ საარჩევნო ყუთებთან მიბრძანდით და პასუხი გაეცით ივანიშვილის უკანონობას. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ხელისუფლებას ძალიან ეშინია აქტიური ქართველი ამომრჩევლის“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დატოვეს თუ არა „ლელოს“ კანდიდატებმა პარტია, სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის სუს-ის სცენარი და განხორციელდა სუს-ის ზეწოლით.

„ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს სცენარი არის სუს-ის მიერ დაწერილი, სუს-ის მიერ ზეწოლის შედეგად განხორციელებული. ერთი და იგივე ტექსტი, რომელიც დაიწერა სუს-ის კაბინეტში და დაურიგდა ამ ადამიანებს. ასეთი იაფფასიანი შოუს დადგმით ბიძინა ივანიშვილის სუსი ვერ შეძლებს „ლელოს“ პოლიტიკურ დისკრედიტაციას. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ჩვენი პოზიცია, რომელიც არის ძალიან მყარი, ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება არჩევნების გზით. ამიტომაც ვმონაწილეობთ ამ არჩევნებშიც და მონაწილეობას მივიღებთ იმ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებშიც, რომლის დანიშვნაც მოუწევს ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება მშვიდ ვითარებაში, ხმის მიცემის პროცესი წარიმართება ძალადობისგან, მოსყიდვისგან, მუქარისა და ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში- მარიამ ქვრივიშვილი

არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება მშვიდ ვითარებაში, არჩევნებში მონაწილეობს იღებს 12 საარჩევნო სუბიექტი, რომლებსაც კონკურენტულ გარემოში ჰქონდათ საარჩევნო კამპანიის წარმართვის შესაძლებლობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხმის მიცემის პროცესი წარიმართება ძალადობისგან, მოსყიდვისგან, მუქარისა და ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდება 8,184 ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებელი 55 ორგანიზაციიდან, აგრეთვე 984 წარმომადგენელი 73 მედია-ორგანიზაციიდან. თითოეულ დამკვირვებელს და მედიის წარმომადგენელს აქვს სრული შესაძლებლობა, დააკვირდეს არჩევნების მიმდინარეობას და გააშუქოს საარჩევნო პროცესები. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, 15 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო თითქმის მილიონმა, 990 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა, რაც თანხვედრაშია 2014 და 2017 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობის მონაცემებთან. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, გამოიჩინონ აქტიურობა, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, რათა შეუფერხებლად გაგრძელდეს საქართველოს და მისი თითოეული კუთხის, თითოეული ქალაქისა და სოფლის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, რათა მეტი სიკეთე შევიდეს საქართველოს თითოეულ ქალაქსა და სოფელში“,- განაცხადა ქვრივიშვილმა.

15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 991 651 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 28.22 პროცენტს შეადგენს-ცესკო

15:00 საათისთვის საარჩევნო უბანზე 991 651 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.22 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 5 საჩივარი.

„კენჭისყრა ძირითადად მშვიდ და პროფესიულ გარემოში მიმდინარეობს. ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე.  რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა რომ ჩართულმა მხარეებმა იციან საჩივრების წარდგენის პროცედურები, გვესმის დაუსაბუთებული ბრალდებები. კიდევ ერთხელ შეგვიძლია განვმარტოთ, რომ საჩივრების დაწერას აქვს შესაბამისი პროცედურები და ეს პროცედურები აუცილებლად უნდა იყოს დაცული. ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 5 საჩივარი, რომელიც ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს: ფოტოსა და ვიდეოგადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობას და საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი. ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია.

ცესკო-ს თავმდჯომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, წინასწარი შედეგები კენჭისყრის დასრულებიდან დაახლოებით ორი საათში გახდება ცნობილი.

პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტი წარადგინა

მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტი წარადგინა.

კომიტეტში, ბურჭულაძის გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე არიან.

ბურჭულაძის განმარტებით, სწორედ ამ კომიტეტიდან წამოვა ინიციატივები, რომლებსაც ხალხი უნდა გაჰყვეს.

„რომ იცოდეთ ვინ ხელმძღვანელობს, ვინ არის საორგანიზაციო კომიტეტში, წარმოგიდგენთ: ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე და თქვენი მონა მორჩილი, [პაატა ბურჭულაძე]. ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ვაკეთებთ ამის ორგანიზაციას და ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ჩვენგან უნდა მოვიდეს მომავალი ნაბიჯები. უნდა მიიღოთ ეს, რომ ჩვენგან არის ეს მომავალი ნაბიჯები და ამას უნდა გავყვეთ ყველა. ეს მიგვიყვანს გამარჯვებამდე. ბრძოლა ბოლომდე! დროშები არ დაგავიწყდეთ. გამარჯვება ჩვენკენაა”,- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება -შსს

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, – ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

„საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბრიუსელისთვის დღეს იქნება ლაკმუსის ტესტი, ერთგული არიან ევროპული ღირებულებების, თუ ჩაერევიან პოლიტიკურ ინტრიგაში, დაგვანახონ, დემოკრატია არის ღირებულება და არა ლითონის სიტყვები-შალვა პაპუაშვილი

საქართველო მარიონეტულ სახელმწიფოდ ქცევის ცრუ იმედები ვისაც ჰქონდა, დღეს საქართველოს მოქალაქეები დაანახებენ, სად არის ქართველი ხალხის ნება, ბრიუსელისთვის კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიუსელის ზოგიერთ წარმომადგენელს შარშან საკუთარი მარიონეტული წარმომადგენლების ხილვა სურდა საქართველოს ხელისუფლებაში და მათთვის ეს არის შანსი, ქართველ ხალხს დაანახონ, საქმე გვაქვს 21-ე საუკუნის, თუ ასი წლის წინანდელ ევროპასთან.

„რა თქმა უნდა, ექსტრემისტებს არაფერი ეშველებათ, ისინი დემოკრატიის მტრები არიან. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ საკონსტიტუციო სარჩელზე ექსტრემისტული პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. ჩვენ ექსტრემიზმს ვერ შევეწინააღმდეგებით ტკბილი სიტყვით, საჭიროა იმ საკანონმდებლო ინსტრუმენტების გამოყენება, რითაც ყველა ქვეყანაში ექსტრემიზმს ებრძვიან. ექსტრემისტული ორგანიზაცია ცოტა ხნის წინ გაუქმდა გერმანიაში, ერთი პარტია გაუქმდა მოლდოვაში. სახელმწიფო საკუთარ დემოკრატიაზე ზრუნავს. დემოკრატიამ საკუთარი თავი უნდა დაიცვას დემოკრატიის მტრებისგან. ექსტრემისტებს არაფერი ეშველებათ გარდა იმისა, რომ კანონისმიერი პასუხი გაეცეთ. ვისაც ცრუ იმედები ჰქონდა, რომ საქართველო მარიონეტულ სახელმწიფოდ იქცეოდა, მათ დღეს საქართველოს მოქალაქეები დაანახებენ, სად არის ქართველი ხალხის ნება. ბრიუსელისთვის კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი იქნება – ერთგული არიან ჭეშმარიტი, ევროპული ღირებულებების, რაც სახალხო ლეგიტიმაციას გულისხმობს, თუ ჩაერევიან იმ პოლიტიკურ ინტრიგაში, რასაც შარშან, არჩევნების შემდეგ ვხედავდით, როცა ბრიუსელში, ზოგიერთს უნდოდა, საკუთარი მარიონეტული წარმომადგენლების ხილვა საქართველოს ხელისუფლებაში. შარშან, საპარლამენტო არჩევნების წინ, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ელჩი პირდაპირ ჩართული იყო საარჩევნო კამპანიაში და როცა არჩევნებში დამარცხდნენ, შემდეგ ელჩები და უცხოელი პოლიტიკოსები ცრუ რეალობის შექმნას ცდილობდნენ. მათთვის ეს არის შანსი, ქართველ ხალხს დაანახონ, საქმე გვაქვს 21-ე საუკუნის ევროპასთან, თუ ასი წლის წინანდელ ევროპასთან. დაგვანახონ, დემოკრატია ეს არის ღირებულება და არა ლითონის სიტყვები“, – განაცხადა პაპუაშილმა.

12:00 საათვისთვის თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 17.15 პროცენტს შეადგენს-ცესკო

12:00 საათვისთვის თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 17.15 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივარი არ შესულა.

„სანამ აქტივობის შესახებ მოგაწვდიდეთ ინფორმაციას, ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ინფორმაციაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი ჩვენთვის. ცესკო-ს სახელით მოქალაქეებს ურეკავენ, თითქოსდა იმის გადასამოწმებლად, იყვნენ თუ არა არჩევნებზე. რაც, თავის მხრივ, ჰგავს სხვადასხვა პროვოკაციული განცხადებისთვის მზადებას ცესკო-ს სახელით. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ მსგავსი სატელეფონო ზარები საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან არ განხორციელებულა. როგორც ჩანს, გარკვეული პირები მიზანმიმართულად იყენებენ ცესკოს სახელს ინსტიტუციის დაზიანების მიზნით და მსგავსი მანიპულაციებით ცდილობენ ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ყველას, ნუ გამოიყენებენ ცესკო-ს სახელს და ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს.

ახლა კი გაგაცნობთ ინფორმაციას აქტივობის შესახებ, 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 602 445 ამომრჩეველი მივიდა. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეშია. ასევე გაცნობებთ, რომ ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივარი არ შესულა“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი. ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია.

ცესკო-ს თავმდჯომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, წინასწარი შედეგები კენჭისყრის დასრულებიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

დღეს არის დიდგორი, სცენიდან წავიკითხავთ დეკლარაციას და ხელისუფლება იმ წუთიდან ხალხის ხელში იქნება -პაატა ბურჭულაძე

დღეს არის დიდგორი, საქართველო იბრუნებს თავისუფლებას, გარეთ გამოდით ყველანი, დროშა გვაქვს დღეს საქართველოს მოქალაქეებს დასაცავი, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ საზოგადოებისთვის მიმაფთვისას განაცხადა.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე წაიკითხავენ დეკლარაციას, რომელსაც ქართველი ხალხი მიიღებს და  ხელისუფლება ხალხის ხელში იქნება.

„ქალბატონებო და ბატონებო, დღეს არის დიდგორი. საქართველო იბრუნებს თავისუფლებას. გარეთ გამოდით ყველანი, დროშები არ დაგავიწყდეთ. დროშა გვაქვს დღეს საქართველოს მოქალაქეებს დასაცავი. ყველაფერი კარგად არის, უამრავი ხალხი გამოვა. ყველა დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და გავთავისუფლდებით ბიძინა ივანიშვილისგან და მისი რეჟიმისგან. ვიყოთ ერთად, ბრძოლა ბოლომდე, ჩვენ გავიმარჯვებთ. გამარჯვება გარდაუვალია. ვუყურებდი ახლა ბევრი საპოლიციო ძალა იყო იქით და აქეთ, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით,  აცდენენ ამ ბიჭებს და ქვეყნის მოღალატეების მხარეს აყენებენ, მაგრამ დარწმუნებულო ვარ, ისინი ჩვენზე ხელს არ აწევენ. ვინც აწევს,  ინანებს. ჩვენ მოვედით მშვიდობიანად და აუცილებლად გავიმარჯვებთ, სხვა გზა არ არსებობს, ყველაფერი კარგად იქნება. გამოდით გარეთ, მთელი საქართველო აქ უნდა იყოს. აქ იქნება სცენა, წავიკითხავთ დეკლარაციას, რომელსაც მიიღებს ქართველი ხალხი და იმ წუთიდან ხელისუფლება ხალხის ხელში იქნება“, – განაცხადა ბურჭულაძემ.