Home Blog Page 10

მიზანს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ -სალომე ზურაბიშვილი

მიზანს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ, – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას, რომლის თანახმადაც, იგი ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„სენატორო, მადლობა მუდმივი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ და მას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, ამერიკელმა სენატორმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ გააგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობამ წარმოადგინოს მათი ნება და ევროატლანტიკური მისწრაფებები.

„ქართველმა ხალხმა არაერთხელ უარყო ავტოკრატია, მართავენ რა საპროტესტო აქციებს საქართველოს ქუჩებში თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის. გავაგრძელებ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობამ წარმოადგინოს მათი ნება და ევროატლანტიკური მისწრაფებები“, – დაწერა ამერიკელმა სენატორმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

 ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ-ეუთო-ს სამეული

ეუთო-ს თავმჯდომარეობის სამეული 2024 წლის შემაჯამებელ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სხვა თემებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი.

ეუთო-ს ე.წ. სამეული, რომლის შემადგენლობაშიც ჩრდილოეთ მაკედონია, მალტა და ფინეთი შედიან, აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესია ევროპის უსაფრთხოებას, ნორმებისა და ღირებულებების საერთო სისტემას ძირს უთხრის.

განცხადებაში ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა.

„ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ აღვნიშნავთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას და მხარს ვუჭერთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემებისთვის რეალური შედეგების მიღწევის მნიშვნელობას, რაც 2024 წელს ყურადღების ცენტრში იყო. ჩვენ ერთგული ვრჩებით დადგენილი ძალისხმევისა და ინიციატივების, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე მუშაობის“, – ნათქვამია განცხადებაში.

 ჯერ კიდევ არის დრო თავის გადასარჩენად, მაგრამ როგორც კი სიაში მოხვდებით, იქ სამუდამოდ დარჩებით, არც ფული, არც მოგზაურობა -ჯო უილსონი

როგორც კი სიაში მოხვდებით, იქ სამუდამოდ დარჩებით, არც ფული, არც მოგზაურობა, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი და „მეგობარი აქტის“ ავტორი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.

„თუ თქვენ კორუმპირებული „ქართული კოშმარის“ ჩინეთისკენ, ირანისა და რუსეთისკენ მიმავალ მატარებელში იმყოფებით, ახლა ჩამოსვლის დროა. ივანიშვილი პირველი იყო, მაგრამ უკანასკნელი არ იქნება. ჯერ კიდევ არის დრო საკუთარი თავის გადასარჩენად, მაგრამ როგორც კი სიაში მოხვდებით, იქ სამუდამოდ დარჩებით! არც ფული, არც მოგზაურობა!“, – წერს ჯო უილსონი.

სალომე ზურაბიშვილმა 3/4-ით ცარიელ ევროპარლამენტში დაიფიცა, რომ არასოდეს დატოვებდა თანამდებობას, მისი გმირობა ხანმოკლე აღმოჩნდა, ბოლო სიტყვა ლეგიტიმურ ხელისუფლებას დარჩა-ტიერი მარიანი

3/4-ით ცარიელი ევროპარლამენტის წინ მან დაიფიცა, რომ არასოდეს დატოვებდა თანამდებობას, რომელიც 29 დეკემბერს დასრულდა, მისი გმირობა ხანმოკლე აღმოჩნდა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი სოციალურ ქსელში წერს.

ევროპარლამენტარის თქმით, ბოლო სიტყვა ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას დარჩა.

„დემოკრატიის გამარჯვება ბრიუსელისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიქტატის წინააღმდეგ საქართველოში. 3/4-ით ცარიელი ევროპარლამენტის წინ მან დაიფიცა, რომ არასოდეს დატოვებდა თანამდებობას, რომელიც 29 დეკემბერს დასრულდა. მისი გმირობა ხანმოკლე აღმოჩნდა. ბოლო სიტყვა ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას დარჩა“, – წერს ევროპარლამენტარი.

დონალდ ტრამპმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე მაიკ ჯონსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

დონალდ ტრამპმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე მაიკ ჯონსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სპიკერი მაიკ ჯონსონი კარგი, შრომისმოყვარე, რელიგიური ადამიანია. ის სწორად იმოქმედებს და ჩვენ გამარჯვებას გავაგრძელებთ. მაიკს ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს! MAGA!“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

მაიკ ჯონსონმა დონალდ ტრამპს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ახალ სპიკერს 3 იანვარს აირჩევს.

რადიკალურმა ოპოზიციამ, მარტო დეკემბერში, მინიმუმ 7-ჯერ უსინდისოდ მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი-რატი იონათამიშვილი

რადიკალურმა ოპოზიციამ, მარტო დეკემბრის თვეში, მინიმუმ 7-ჯერ უსინდისოდ და უტიფრად მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ოპოზიცია, სხვა დაპირებებთან ერთად, საკუთარ მხარდამჭერებს ჰპირდებოდა, რომ არ დაუშვებდნენ XI მოწვევის პარლამენტის შეკრებას, არ დაუშვებდნენ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას და მის ინაუგურაციას. იონათამიშვილის თქმით, საინტერესოა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მსგავსად, მხარდამჭერებიც არაფერს შეიმჩნევენ თუ მოსთხოვენ მათ პასუხს.

„რადიკალურმა ოპოზიციამ, მარტო დეკემბრის თვეში, მინიმუმ 7-ჯერ უსინდისოდ და უტიფრად მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი. კერძოდ, მათ გასცეს დაპირება, რომ:

არ დაუშვებდნენ

XI მოწვევის პარლამენტის შეკრებას;

არ დაუშვებდნენ პარლამენტის მხრიდან მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას;

არ დაუშვებდნენ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებას;

არ დაუშვებდნენ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას;

არ დაუშვებდნენ მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციას;

სალომე ზურაბიშვილი არ გამოვიდოდა პრეზიდენტის სასახლიდან;

არ ცნობდნენ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას და შესაბამისად, არ აიღებდა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მიღებულ დაფინანსებას.

როგორც დღეს შეგვიძლია ვთქვათ, თითოეული ეს დაპირება აღმოჩნდა მოკლევადიანი ტყუილი, რომელიც ყველაზე უპასუხისმგებლო და უშინაარსო პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეიძლება იკადრონ.

ცხადია, ამდენი ტყუილის შემდეგაც, ამ ე.წ. პოლიტიკოსებს არ გაუჭირდებათ საკუთარ მხარდამჭერებთან ისე დადგომა, თითქოს არაფერი მომხდარა და უკადრებელი არ უკადრიათ, მაგრამ მათი მხარდამჭერებიც არაფერს შეიმჩნევენ, თუ მოსთხოვენ პასუხს, ეს უფრო საინტერესოდ მიმაჩნია”, – წერს რატი იონათამიშვილი.

გერმანიის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ილონ მასკი ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს

გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიანა ჰოფმანმა განაცხადა, რომ ილონ მასკი თავისი განცხადებებით ცდილობს გავლენა მოახდინოს ფედერალურ არჩევნებზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გერმანიის მთავრობის სპიკერმა ასევრ აღნიშნა, რომ ილონ მასკი თავისუფალია საკუთარი აზრის გამოხატვაში და დასძინა, რომ „ბოლოს და ბოლოს, აზრის თავისუფლება ასევე ვრცელდება ყველაზე დიდ სისულელეზე“.

გერმანულმა გაზეთმა Welt am Sonntag-მა გამოაქვეყნა ილონ მასკის სტატია, რომელშიც კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალმა თანახელმძღვანელმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) შეაფასა, როგორც „იმედის ბოლო ნაპერწკალი“ გერმანიისთვის.

ილონ მასკის თქმით, გერმანია ეკონომიკური და კულტურული კოლაფსის ზღვარზეა და მხოლოდ AfD-ს შეუძლია გერმანია გადაარჩინოს.

რუსეთთან ტყვეების გაცვლის შედეგად უკრაინამ 189 მოქალაქე დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ტყვეების გაცვლის შედეგად უკრაინამ 189 მოქალაქე დაიბრუნა.

ამის შესახებ ზელენსკიმ „ტელეგრამ-არხში“ დაწერა.

„ჩვენი ხალხის დაბრუნება რუსული ტყვეობიდან, ეს ყოველთვის კარგი სიახლეა ყველა ჩვენგანისთვის. დღეს ერთ-ერთი ასეთი დღეა. ჩვენმა გუნდმა შეძლო სახლში 189 უკრაინელის დაბრუნება. ისინი არიან დამცველები „აზოვსტალიდან“ და მარიუპოლიდან, ჩერნობილის ატომური სადგურიდან, კუნძულ ზმეინიდან, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის არიან ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები. არიან ეროვნული გვარდიის წევრები, მათ შორის აზოვიდან, მესაზღვრეები, ტერიტორიული თავდაცვის ძალების წევრები, სამხედრო-საზღვაო ძალების და შეიარაღებული ძალების მეომრები. ასევე, მარიუპოლში დაკავებული ორი სამოქალაქო პირი. თითოეულს სახლში ახლობლები და ნათესავები ელოდებიან. სასიხარულოა, რომ ჩვენ მათი დაბრუნება შევძელით. დღეს კიდევ 189 ოჯახია ბედნიერი“, – წერს ზელენსკი.

უკრაინის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, ეს ომის დაწყებიდან ტყვეების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაცვლაა.

2024 წელს რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა 11-ჯერ შედგა.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების პროცესის შედეგად გათავისუფლდა 150 რუსი სამხედრო.

უწყების ცნობით, ტყვეთა გაცვლა 150-150-ზე ფორმულით შედგა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სამხედრო ტყვეების გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა.

 ჩვენ არ ვართ იმედგაცრუებული, პირიქით, ჩვენი ხალხის იმედი გვაქვს -პაატა მანჯგალაძე

შენობასთან არანაირად არაა დაკავშირებული ლეგიტიმაცია, ყაველაშვილი თუ შევა იმ შენობაში, საქართველოს პრეზიდენტი ვერ გახდება,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არალეგიტიმური ხელისუფლება დიდხანს ვერ გაძლებს.

„შენობასთან დაკავშირებით, ჩვენ არანაირი რევოლუციური გეგმა არ გვქონია, შესაბამისად, არავინ იმედგაცრუებული არ არის. ხალხი ქუჩაშია, ხვალაც, ახალ წელს ძალიან ბევრი ადამიანი იქნება საქართველოსთვის ქუჩაში. ეს იმედს გვაძლევს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება დიდხანს ვერ გაძლებს. ასეთი გაგებით, თქვენ რომ ამბობთ, გეგმა არ არსებობს. გეგმა არის ხალხი ქუჩაში, რომ პროტესტი იყოს უწყვეტი, სანქციები დაედოს ყველა მავნებელს და ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე. რაც შეეხება იმას, რომ სალომე ამბობს, რომ იქნება ხალხთან, ჩვენ ვართ ხალხთან, ხალხი არის საქართველოსთან, ანუ, ყველა ერთად ვართ. საოცარი პროპაგანდაა. ბელარუსის გაკვეთილები კარგად შევისწავლეთ, თქვენ უნდა თქვათ, რომ ხალხი არ დადის, უნდა თქვათ, რომ იმედგაცრუებულია ოპოზიცია, ჩვენ არ ვართ იმედგაცრუებული, პირიქით, ჩვენი ხალხის იმედი გვაქვს. რატომ გინდათ, რომ ლეგიტიმაციის საკითხი, ან პრეზიდენტი ვინ იქნება, დაკავშირებული იყოს რაიმე შენობასთან? საერთოდ არ ვფიქრობ, რომ შენობაში ყოფნა-არ ყოფნით რაიმე იცვლება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მოსკოვში სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავეს

რუსმა სამართალდამცველებმა მოსკოვში სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი არშაკ კარაპეტიანი დააკავეს.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, კარაპეტიანი ოფიციალური ერევნის თხოვნის საფუძველზე დააკავეს. სომხეთში მას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ჩადენას ედავებიან.

უახლოეს მომავალში მისი სომხეთში ექსტრადირების საკითხს განიხილავენ.

არშაკ კარაპეტიანი სომხეთის თავდაცვის მინისტრად 2021 წელს დაინიშნა. რამდენიმე თვიანი მინისტრობის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა.

ილია მეორე მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

ილია მეორე მიხეილ ყაველაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.

„გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს. გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას და გისურვებთ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 31 დეკემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8068 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8068 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8021 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0125 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9306 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9142 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0198 ლარი შეადგინა.