Home Blog Page 10

ზელენსკიმ განმარტა, რატომ დაწესდა სანქციები ალექსეი არესტოვიჩისა და კიდევ 75 პირის წინააღმდეგ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რატომ დაწესდა სანქციები ალექსეი არესტოვიჩისა და კიდევ 75 პირის წინააღმდეგ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სანქციების მესამე პაკეტი მოიცავს ცხრა შემზღუდველ ზომას ფიზიკური პირების წინააღმდეგ.

„მათგან, სამწუხაროდ, შვიდს აქვს უკრაინის მოქალაქეობა, რომლებმაც თავიანთი ბედი დაუკავშირეს რუსეთის სახელმწიფოს ინტერესების პროპაგანდას და ამართლებენ ომს, ომში უკრაინისა და ჩვენი თავდაცვის საზიანოდ აქტიურ საინფორმაციო ოპერაციებს ატარებენ. ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ და სხვა სანქცირებული პირებისთვის დაწესებული შეზღუდვები მხარდაჭერილი იყოს პარტნიორ იურისდიქციებში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ძალაში შედის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ. სულ შეზღუდვები დაუწესდა 76 პირსა და 81 კომპანიას, მათ შორის „შავ სიაში“ შეიყვანეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი, რომელიც უკრაინაში არ იმყოფება.

საქართველოს საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის დაწყების გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„რუსული ავიაკომპანიის მიერ 2025 წლის 1 მაისს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლოატაციის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც არიან როგორც საქართველო, ასევე რუსეთის ფედერაცია.

ასევე შემაშფოთებელია რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მ.წ. 1 მაისს სარკინიგზო მიმოსვლის განხორციელება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ ქმედებებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის და ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთი არასდროს დაუშვებს უკრაინის 1991 წლის საზღვრებში დაბრუნებას -რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

კიევი და მისი მხარდამჭერი დასავლეთის ქვეყნები ხელმძღვანელობენ „კანიბალური ინსტინქტით“, როდესაც სურთ უკრაინის აღდგენა 1991 წლის საზღვრებში, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთი არასდროს დაუშვებს ასეთ სცენარს.

„აშკარაა, რომ კიევის რეჟიმისა და მისი დასავლელი მხარდამჭერების უშედეგო, უსაფუძვლო პრეტენზიების უკან, რომ უკრაინა 1991 წლის საზღვრებში აღდგეს, ყველაფერი რუსულის განადგურების კანიბალური ინსტინქტია. რა თქმა უნდა, რუსეთი არასდროს დაუშვებს ასეთი სცენარის განხორციელებას“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსეი არესტოვიჩს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ძალაში შედის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ.

ბრძანება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სულ შეზღუდვები დაწესდა 76 პირსა და 81 კომპანიას, მათ შორის შავ სიაში შეიყვანეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი, რომელიც უკრაინაში არ იმყოფება.

ბრძანების თანახმად, არესტოვიჩის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ითვალისწინებს სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას, აქტივების ბლოკირებას, უკრაინის გარეთ კაპიტალის გატანის, უკრაინის ტერიტორიაზე მედიის გავრცელებისა და უკრაინაში პრივატიზაციაში მონაწილეობის აკრძალვებს.

ცნობისთვის, აპრილის შუა რიცხვებში არესტოვიჩმა გააკრიტიკა უკრაინის ხელისუფლება ჟურნალისტებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო. კერძოდ, მან განაცხადა, რომ სანქციები, სავარაუდოდ, პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორების ინსტრუმენტად იქცა.

ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის პოსტი 2023 წლის იანვარში დატოვა. ეს მას შემდეგ, რაც მან გამოთქვა ვარაუდი, რომ დნეპრში საცხოვრებელი სახლს რუსული რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოგდების შედეგად დაეცა.

უკრაინაში არესტოვიჩის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, ერთი „ძალადობის პროპაგანდისთვის“, მეორე ცრუ ჩვენების მიცემისთვის.

რუსეთში არესტოვიჩს ბრალი წაყენებული აქვს ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდებებისა და რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებისთვის, ის შეიყვანეს როსფინმონიტორინგის „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიაში და დაუსწრებლად მისჯილი აქვს პატიმრობა.

 ევროსაბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას-საგარეო უწყება

2025 წლის 30 აპრილს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, დღის წესრიგის საკითხის – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მეთორმეტე გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ევროპის საბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

„გადაწყვეტილება აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და აგრძელებს უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ მიესალმებიან ევროპის საბჭოს 2023 წლის რეიკიავიკის ისტორიული სამიტის დეკლარაციას, რომლითაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ და საქართველოს ტერიტორიიდან ძალების დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაყვანისკენ. ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები მიესალმებიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლითაც დადგინდა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის პერიოდში და დასტურდება რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლი ოკუპირებულ აფხაზეთზე, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომამდე.

დოკუმენტი ასევე მიესალმება სტრასბურგის სასამართლოს ბოლო, 2024 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც სასამართლომ კიდევ ერთხელ ცნო რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების, მათ შორის ქონებრივი, დარღვევებზე. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის ორგანოების დაუყოვნებლივი, შეუზღუდავი შესვლა საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე.

აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების მიღება 2014 წლიდან ხდება. აღნიშნულით ევროპის საბჭო მკაფიოდ უსვამს ხაზს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის საკითხის პრიორიტეტულობას ორგანიზაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში და წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ, პოლიტიკურ დოკუმენტს, რომელიც ასახავს ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის მკაფიო პოზიციას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ქუთაისქალაქობა 2025 – წელს, დღესასწაულს თიბისიც უერთდება

გვირილობის საგაზაფხულო დღესასწაულში, რომელიც ქუთაისში ყოველწლიურად იმართება, წელს, მონაწილეობას თიბისიც მიიღებს და შევეცდებით, ადგილობრივებს ეს დღე უფრო გავულამაზოთ. ქუთაისელები ხომ გვირილობას განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნავენ. ეს მხოლოდ ერთი დღე არ არის – ეს მოგონებებია ბავშვობაზე, მეგობრობაზე, ერთგულებაზე და გაზაფხულზე, რომელიც ქალაქში ყოველთვის ცოტა ადრე შემოდის.

არაფერი სჯობს გაზაფხულზე ქუთაისს. გვირილობა ხომ ბუნების, ქალაქის და ხალხის დღესასწაულია. ქუთაისი ამ დღეს თავის წარსულსა და აწმყოს აერთიანებს. შენ კი, გიწვევს, რომ გახდე ამ სიხარულის ნაწილი.

აქ იმაზე მეტი სითბოა, ვიდრე ქალაქის გული დაიტევს.

აქ ერთიანდება ტრადიცია, თანამედროვეობა, ემოცია, სიხარული, მოგონებები და იმედი.

აქ ადგილობრივები და სტუმრები ერთად ზეიმობენ.

წელსაც, ტრადიციულად, ქალაქის ისტორიულ ცენტრში 12:00 საათიდან დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებები, სპორტული და საბავშვო აქტივობები, სპექტაკლები.

გულწრფელად გვიხარია, რომ წელს, თიბისი ამ ყველაფრის ნაწილი გახდება და ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს ბრენდირებულ საჩუქრებსა და მოსასვენებელ სივრცეს შესთავაზებს.

ამასთან, არ გამოტოვოთ თიბისის 2 მაისის შეთავაზება: გადაიხადე ქუთაისქალაქობაზე ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 20%, მაქსიმუმ 30 ლარი მომენტალურად, სულ 20 ობიექტში. აქცია ვრცელდება მხოლოდ ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებში. აქციაში მონაწილეობა შესაძლებელია რამდენჯერმე.

გელოდებით ქუთაისში!

რა ეღირება დოლარი და ევრო 2 მაისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7487 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7487 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7492 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1143 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1239 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0096 ლარი შეადგინა.

საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური ურთიერთობა – კახა კალაძე

„საქართველოს მთავრობა მზად არის აშშ-თან მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობების გადატვირთვისა და კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, რასაც ახალი ადმინისტრაციისგან ველოდებით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან, პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური გუნდის აშშ-ში ვიზიტსა და ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების შესაძლო გადატვირთვაზე საუბრისას.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური დამოკიდებულება, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს.

„ჩვენ გვინდა მეგობრობა. ეს არაერთხელ პრინციპულად დაგვიფიქსირებია და კვლავაც ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები, მოხდეს გადატვირთვა, რასაც ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-თან ურთიერთობა. ის დამოკიდებულება, რაც იყო, არავისთვისაა მისაღები – არც ჩვენთვის და, დარწმუნებული ვარ, არც მათთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა, როგორ დიდ სახელმწიფოზეც არ უნდა იყოს საუბარი.

„არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო ვინმეს უკანა ეზო იყოს, როგორი დიდი ქვეყანაც არ უნდა იყოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს და ეს უნდა შევინარჩუნოთ, განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ. ჩვენ არ დავთმობთ ქვეყნის ინტერესს, შევინარჩუნებთ მშვიდობას. გრძელვადიანი მშვიდობა დღეს საქართველოს სჭირდება ისე, როგორც არასდროს. როგორც ევროპასთან ისე აშშ-თან გვინდა მეგობრობა და თანამშრომლობა და არა ბატონყმური დამოკიდებულება, ამას ვერ და არ დავუშვებთ, ეს არ არის სწორი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება „დიფ სთეითთან“ აშშ-ის პრეზიდენტის ბრძოლას, კახა კალაძე აცხადებს, რომ ეს ბრძოლა გრძელდება და საქართველოს ხელისუფლება აკვირდება ამ პროცესს.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ ვაკვირდებით პროცესებს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება ე.წ. დიფ სთეითის დამარცხება იყო. პროცესი მიმდინარეობს. ცხადია, ის ჯერ დამარცხებული არ არის. „დიფ სთეითს“ საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუ ის დამარცხებული იქნება და ამას შეძლებს აშშ-ის პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენზე და ჩვენთან ურთიერთობებზეც. არ იფიქროთ, რომ აშშ-ში ყველაფერი დალაგებულია. იქაც არსებობს პრობლემები და გამოწვევები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ერთი ნაბიჯით წინ – თიბისი ბიზნესი თვითდასაქმებულების მხარდასაჭერად

თუ ხარ თვითდასაქმებული და შენი საქმე გიყვარს, თიბისიში ყველა პირობა დაგხვდება იმისთვის, რომ იყო ერთი ნაბიჯით წინ. 

თიბისიში თვითდასაქმებულებს, ფრილანსერებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ მათზე მორგებული პროდუქტებითა და მომსახურებით და კიდევ უფრო განავითარონ საკუთარი საქმიანობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ნაწილი თავის საქმიანობას ბიზნესთან არ აიგივებს. 

თვითდასაქმებულებს, ბიზნესების წარმომადგენლების მსგავსად, შეუძლიათ ისარგებლონ თიბისის ბიზნესპროდუქტებით, მათ შორის ბიზნესესხით და ბიზნესნაკრებით, გაიმარტივონ წვდომა ფინანსებზე და იქცნენ რეალურ ბიზნესად. 

ამასთანავე, თიბისი ინდივიდუალურ მეწარმეებს ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკით, ასევე, ტერმინალით სარგებლობის შესაძლებლობასაც აძლევს, რაც გადახდებს, ასევე, სხვადასხვა საბანკო სერვისით თუ პროდუქტით სარგებლობას კიდევ უფრო ამარტივებს . 

“თვითდასაქმებულების მხარდაჭერა თიბისი ბიზნესისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. გვესმის, რა გამოწვევების წინაშე დგანან თვითდასაქმებული ადამიანები ყოველდღიურად. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვნერგავთ ისეთი მომსახურებას თუ პროდუქტებს, რაც მათ საქმიანობის გამარტივებაში დაეხმარებათ და შესაძლებლობას მისცემთ, კიდევ უფრო განვითარდნენ და უახლოეს მომავალში რეალურ ბიზნესებად ჩამოყალიბდნენ. ამ თემას დაეთმო ჩვენი ბოლო ხუთშაბათის შეხვედრების სესიაც, სადაც ფრილანსერებსა და ბიზნესებს სპიკერებმა საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები გაუზიარეს აუდიტორიას. ჩვენ ვაგრძელებთ თვითდასაქმებულების მხარდაჭერას და მათ არაერთ საინტერესო პროდუქტს და მომსახურებას შევთავაზებთ”, – ვეფხვია ლომინაშვილი, თიბისი ბიზნესის ლიდერი. 

“თიბისი ბიზნესისთვის – ერთი ნაბიჯით წინ” – თვითდასაქმებულების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე –  https://tbcbank.ge/ka/business/products-for-self-employed-individuals ასევე, თიბისი ბიზნესის ცხელ ხაზზე: (032) 2 2727*3 

r

სასამართლომ „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. შსს ორივესთვის პატიმრობას ითხოვდა.

განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. მანდატურის თანამშრომლებმა რამდენიმე პირი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციელი მირიან ქავთარაძე, სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესზე დაზარალებული-მოწმის სტატუსით გამოიკითხა და სასამართლო შენობას ტოვებდა.

დონალდ ტრამპმა შეიძლება ამალ კლუნს აშშ-ში შესვლა და ყოფნა აუკრძალოს – The Daily Telegraph

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპმა შეიძლება ამალ კლუნს აშშ-ში შესვლა და ყოფნა აუკრძალოს“ (ავტორი – ბედიქტ სმიტი). პუბლიკაცია ეხება ცნობილი მსახიობის ჯორჯ კლუნის მეუღლეს – ადვოკატს, რომელმაც თავის დროზე მხარი დაუჭირა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრებას.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ამალ კლუნი, ლიბანური წარმომავლობის ბრიტანეთის მოქალაქე, ადვოკატი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, რომელიც ცნობილი ამერიკელი მსახიობის ჯორჯ კლუნის ცოლი გახლავთ, შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან სანქციის მსხვერპლი გახდეს – მას შემდეგ, რაც კომისიამ, რომლის სხდომაშიც ამალ კლუნი მონაწილეობდა, რეკომენდაცია გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების თაობაზე, ღაზას სექტორში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამო.

ადვოკატები, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ  გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდნენ, მათ შორის ბარონესა კენედი და ლორდი ადრიან ფულფორდი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა, რომ შესაძლოა მათ აშშ-ში შესვლა აეკრძალოთ, – წერს გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“.

ამჟამად ზუსტად ცნობილი არ არის, რომ აკრძალვა გავრცელდება თუ არა ადვოკატ ამალ კლუნზეც, მაგრამ ფაქტია, რომ იგი იყო იმ კომისიის წევრი, რომელმაც რეკომენდაცია მისცა პროკურორ ქარიმ ხანს ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის მაშინდელი მინისტრის იოავა გალანტის დასაპატიმრებლად.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და აშშ-ში შესვლა აუკრძალა თვითონ პროკურორ ქარიმ ხანს და მის ოჯახის წევრებს, ყარადაღა დაადო მის ამერიკულ აქტივებს და გააფრთხილა, რომ კიდევ უფრო მეტ მკაცრ ზომებს მიიღებდა სასამართლოს თანამშრომლების მიმართ, რომელთა უკანონო და უსაფუძვლო მოქმედება მიმართულია აშშ-სა და მისი ახლო მეგობრის ისრაელის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ“.

დონალდ ტრამპის განკარგულება მოიცავს აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღები და რეკომენდაციის მიმცემი პირებისათვის აშშ-ში არსებული ქონების გაყინვას და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას.

ამბობენ, რომ კლუნების ოჯახი ძირითადად საფრანგეთში ცხოვრობს, მათ აქვთ სახლები დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში, თუმცა ამჟამად ისინი ნიუ-იორკში იმყოფებიან, სადაც მისტერ კლუნი მთავარ როლს ასრულებს ბროდვეის შოუში „ღამე მშვიდობისა და წარმატებები“.

დონალდ ტრამპის განკარგულების აღსასრულებლად 60-დღიანი ვადაა განსაზღვრული, რომელიც მალე დასრულდება, ანუ სანქციის გადაწყვეტილების მიღების დრო ახლოვდება. 

როგორც ამალ კლუნმა დაწერა „კლუნის სამართლიანობის ფონდის“ ვებ-საიტზე, იგი მართლაც მონაწილეობდა კომისიის სხდომაში და მართლაც მოაწერა ხელი რეკომენდაციას იმ პირების დაპატიმრების თაობაზე, რომლებმაც ღაზას სექტორში ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და სხვა დანაშაულობები ჩაიდინეს. „ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის კანონი (კონვენცია) 100 წლის წინათ იქნა მიღებული და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოქმედებს, კონფლიქტის მიზეზების მიუხედავად. მე მჯერა, რომ კანონის უზენაესობა და მისი მოთხოვნები უნდა აღსრულდეს“.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასევე მიიღო ტერორისტული ორგანიზაციის „ჰამასის“ სამი ლიდერის დაპატიმრების ორდერიც, თუმცა ისინი მოკლულები იქნენ ისრაელის არმიის ჯარისკაცების მიერ.

ჯორჯ კლუნი აშშ-ის დემოკრატიული პარტიის დიდი ხნის მხარდამჭერია. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შარშან საპრეზიდენტო კამპანიის დროს, აქტიურად ეხმარებოდა იმდროინდელ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ფულის შეგროვებაში, თუმცა საბოლოოდ, როცა დარწმუნდა, რომ ჯო ბაიდენს პრეზიდენტად არჩევის შანსები აღარ ჰქონდა, ჯორჯ კლუნმა მას კამპანიის შეწყვეტისაკენ მოუწოდა.

მარტში პროგრამა „60 წუთისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ჯორჯ კლუნმა დონალდ ტრამპი გააკრიტიკა – რესპუბლიკელი პრეზიდენტი მასმედიას ავიწროვებსო, რის გამოც თეთრი სახლის ბინადარის რისხვა დაიმსახურა: „ვინ არის ჯორჯ კლუნი? მეორეხარისხოვანი მსახიობი და არშემდგარი პოლიტოლოგი. მისი ინტერვიუ ყალბია. ჯორჯ კლუნი მძინარე ჯოს ასარჩევად ყველაფერზე მიდიოდა, შემდეგ კი, ჩემთან დებატებში მარცხის გამო, უპატრონო ძაღლივით მოექცა და მიატოვა. შემდეგ, როგორც ვიცი, ბარაკ ობამას რჩევით, კამალა ჰარისის დახმარება გადაწყვიტა, მაგრამ იქაც არაფერი გამოუვიდა“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth-ის სოციალურ ქსელში.

წყარო

თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ იწყება

თიბისის მხარდაჭერით ხვალ, 2 მაისიდან,  „ქოლგა თბილისი ფოტო” იწყება. ფოტოკვირეული წელს 24-ედ ტარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. 

2-დან 6 მაისის ჩათვლით დამთვალიერებლებს შეუძლიათ დაესწრონ თანამედროვე ფოტოგრაფიის მოწვეული და ადგილობრივი ხელოვანების გამოფენებს, მონაწილეობა მიიღონ საინტერესო საგანმანათლებლო შეხვედრებსა და ჩაერთონ დისკუსიაში.

ფესტივალის პროგრამა:

2 მაისი 19:30 | ფოტოკონკურსი ქოლგა 2025, გახსნის ცერემონია. მუსიკალური მასპინძელი „Tape Visitors” | ფექტორი თბილისი, დავით ბაქრაძის ქ. N3.

3 მაისი 10:00 | პორტფოლიოს განხილვის სესია: ჩარლზ ფორდი, ჯაილზ კლარკი, ბაირონ სმითი, ანდრეს ბირგერი | დიზაინის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის ქ. 82.

3 მაისი 13:00 | ანდერს ბირგერის ვორქშოფი: A workshop on your future |დიზაინის ინსტიტუტი, დომიტრი უზნაძის ქ. 82.

3 მაისი 18:00 | ჩარლზ ფორდი, გამოფენა: Fleeting Narratives: Street Photos 80s-90s | გალერეა ფოტოატელიე, პავლე ინგოროყვას ქ. 14.

3 მაისი 19:00 |მარიო ლასალანდრა, გამოფენა: Poets, Masks, Actors, Ghosts. Photographs from 1962 – 2017 | მარიო ლასალანდრას სურეალისტური პერფორმანსი1„    ს „მაჯიკოს“ ირაკლი ნასიძისეული რეინტერპრეტაცია რინა ჩერნაიას მონაწილეობით – ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი | შოთა რუსთაველის გამზ. 27.

4 მაისი 11:30 |ოთარ ყარალაშვილისა და ანდრეას ოეტკერ-კასტის ხელმძღვანელობით ფოტოწიგნის ვორქშოფი |დიზაინის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის ქ. 82.

4 მაისი 12:00| ჩარლზ ფორდის სამუშაო შეხვედრა: ქუჩის ფოტოგრაფია – მოულოდნელის მოხელთება გაიმართება |დიზაინის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის ქ. 82.

4 მაისი 18:00 | ბაირონ სმიტი, გამოფენა: Testament ‘22 | ვასილ პეტრიაშვილის ქ. 1.

4 მაისი 18:00| ზურაბ არაბიძე, გამოფენა: მომაკვდინებელი დუმილი|ვასილ პეტრიაშვილის ქ. 1.

5 მაისი 18:00 | Byron Smith ლექცია: Focal Points: Navigating Narratives through Photographs | თიბისი კონცეპტის მულტიფუნქცუიური სივრცე | კოტე მარჯანიშვილის ქ. 7.

5 მაისი 19:00 | Giles Clarke, ლექცია: Covering the Civilian Cost of Conflict | თიბისი კონცეპტის მულტიფუნქცუიური სივრცე | კოტე მარჯანიშვილის ქ. 7.

6 მაისი 18:00 | ანა ყაჭეიშვილი, გამოფენა: LOST HIGHWAY – Art Conference Tbilisi | გიორგი წერეთლის გასასვლელი 4.

6 მაისი 19:00 | თაკო რობაქიძე, National Geographic საქართველო – პანკისის ხეობის ხმები – მელიკ აზარიანცის სახლი |შოთა რუსთაველის გამზ. 37.

წლევანდელ კონკურსში 600-მდე ადგილობრივმა და უცხოელმა ფოტოგრაფმა, ჯამურად 820 ფოტო პროექტი წარადგინა. 2 მაისს, ქოლგა თბილისი ფოტო კვირეულის გახსნის ცერემონიაზე, გამოვლინდებიან 2025 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში:  დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი, მობილური ერთი კადრი. ასევე დასახელდებიან სპეციალური პრიზების გამარჯვებულები.

ქოლგა თბილისი ფოტო 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე. ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას.

თიბისისთვის ახალგაზრდა თაობის განათლება, მათი მხარდაჭერა და შთაგონება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც უკვე ორ ათწლეულზე მეტია თიბისი „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ერთგული მხარდამჭერია.