„ოცნებასაც“ გამოვიყენებთ და „ნაცებსაც“, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება” – ანა ბუჩუკური

12
spot_img

„ოცნებასაც“ გამოვიყენებთ და „ნაცებსაც“ სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება, რომ ხალხის ინტერესები გავატაროთ – პოლიტიკოსს, რომელსაც არ ესმის, რომ მუნიციპალურ დონეზე კოალიცია არ იქმნება, ან უვიცია, ან მატყუარა ან სასარგებლო იდიოტი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მუნიციპალიტეტებში გახარიას გუნდს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია აქვს.

ბუჩუკური აცხადებს, რომ როგორც „ოცნება“, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას ატყუებს.

„ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ არის პოლიტიკოსი და იმდენი არ ესმის, რომ მუნიციპალურ დონეზე კოალიცია არ იქმნება, ან უვიცია, ცოტა მეტი უნდა წაიკითხოს და ისე გამოვიდეს ეკრანზე იქნება თუ პარლამენტში, ან მატყუარაა ან სასარგებლო იდიოტი. რაც შეეხება გამოყენებას, „ოცნებასაც“ გამოვიყენებთ, „ნაცებსაც“, ყველგან სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება, რომ ხალხის ინტერესები გავატაროთ. მაგალითად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში “ოცნების“ წარდგენილ ბიუჯეტს დაუჭირა მხარი და რა ეს ნიშნავს, რომ „ოცნებასთან“ გვაქვს კოალიცია?! საზოგადოებას ატყუებენ პოლიტიკოსები, ერთი მხრივ „ოცნება“, მეორე მხრივ „ნაცმოძრაობა“. კოლექტიური “ოცნება” და კოლექტიური “ნაცმოძრაობა” ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, ზოგიერთს მართლა არ ესმის კოალიციის მნიშვნელობა, დარწმუნებული ვარ, უვიცები არიან, მაგრამ ზოგიერთი ამას აკეთებს მავნებლურად. გამოვიდა ახლა აქეთ მხარეს, „გირჩმა“ გაიმეორა იგივე, რასაც „ოცნება“ ამბობს, იქით „ნაცმოძრაობა“ გამოვიდა და მათი ინტერესები რომ ერთმანეთს ემთხვევა, ეს პირველად არ გამოჩენილა. ცოტა მეტი წაიკითხონ ან მოეშვან მავნებლობას. ჩვენი გუნდი გამოიყენებს „ოცნებასაც“, „ნაცმოძრაობასაც“ და ნებისმიერს იქ, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება, რომ ვემსახუროთ ხალხის ინტერესებს, ეს იქნება ბიუჯეტის დამტკიცება თუ სხვა ნებისმიერი საკითხი. ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და გავიმეორებ, რომ ერთი მხრივ, „ოცნება“ და მეორე მხრივ, „ნაცმოძრაობა“ არის წითელი ხაზი, აქედან გამომდინარეობს ჩვენი მიზანი და სხვებსაც იმის ნაცვლად, რომ კოლექტიურ “ოცნებად” და კოლექტიურ “ნაცებად” ჩამოყალიბდნენ, ვურჩევდით იდენტობა შეინარჩუნონ, გაძლიერდნენ თავად, რომ „ოცნებამ” და „ნაცებმა” ჯამში 50 პროცენტზე მეტი არ აიღონ, ყველამ ერთად ამ მნიშვნელოვან მიზანს მივაღწიოთ. შეხედეთ საზოგადოებრივ განწყობებს, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ქართველი ხალხის ძირითადი ნაწილისთვის მიუღებელია „ნაცმოძრაობა” და შემდეგ მას მოსდევს „ოცნება”. საზოგადოების დაკვეთა მარტივია, ეს ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს. „ნაცმოძრაობასთან“ და “ოცნებასთან” ჩვენი პოზიცია არ გადაიხედება, რაც შეეხება დანარჩენ კონფიგურაციას, არჩევნების შედეგებმა უნდა განსაზღვროს, რა კონფიგურაცია იქნება იქნება”, – განაცხადა ბუჩუკურმა.

კითხვაზე, თუ შედეგები არ აღმოჩნდა მათი მიზნის შესაბამისი, (რომლის თანახმად, “ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” 50 პროცენტზე მეტი არ უნდა აიღოს), რა გეგმა აქვს გახარიას გუნდს და ვისთან შეკრავენ კოალიციას? – ბუჩუკური პასუხობს: „მსჯელობა, ბადრიჯანს რომ ფრთები ჰქონდეს მერცხალი იქნებოდა, უბრალოდ არასერიოზულია“.