ოთხი ქართველი მოსამართლე აშშ-ში გაემგზავრა

504
spot_img

რამდენიმე ქართველი მოსამართლე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამის შესახებ მოსამართლე ეკა არეშიძის Facebook „პოსტიდან“ გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მასთან ერთად შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ მოსამართლეები: ლევან დარბაიძე, თამარ ჩიხლაძე და ნინო ელიეშვილი.

 

აღსანიშნავია, რომ ნინო ელიეშვილი იმ ხუთი მოსამართლის თავდაპირველ შემადგენლობაში იყო, რომლებიც აშშ-ში სასწავლო ვიზიტით უნდა გამგზავრებულიყვნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციაში მონაწილეობის ბრალდებით ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, ოთხმა მოსამართლემ აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტზე უარი თქვა. არსებული ცნობით, სწორედ ლევან დარბაიძემ, თამარ ჩიხლაძემ და ნინო ელიეშვილმა ჩაანაცვლეს ისინი.

შტატებში ქართველი მოსამართლეების გამგზავრებას სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი თქმით, პატივისცემას იმსახურებენ ის მოსამართლეები, რომლებიც ოთხი მოსამართლის უარის შემდეგ დათანხმდნენ ვიზიტს.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო მოსამართლეების მიმდინარე სასწავლო ვიზიტს აშშ-ში. მოსამართლის ნებისმიერი საჯარო ნაბიჯი თუ გადაწყვეტილება მის მიმართ ნდობაზე აისახება და მიუთითებს, არის თუ არა მედეგი. როგორც იცით, რამდენიმე ხნის წინ მოსამართლეების ნაწილმა უარი თქვა სასწავლო ვიზიტში მონაწილეობაზე (5-დან 4-მა), შესაბამისად აღნიშნულმა აქტმა, ამ კონტექსტში, დატოვა განცდა, რომ ეს იყო არა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, არამედ ზემოქმედების შედეგი.

ასეთ დროს ჩნდება კითხვა: მოსამართლეს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა სასწავლო პროგრამაში მონაწილეობას; ის როგორ შეძლებს განაჩენის გამოტანას დამოუკიდებლად იმ შემთხვევაში, თუ მასზე პოლიტიკურ, შიდა ან სხვა სახის ზეგავლენას ექნება ადგილი?

ამჟამად სასწავლო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება რამდენიმე მოსამართლე. მათ შორისაა ქალბატონი ნინო ელიეშვილი. როგორც ჩანს, ის არ დაემორჩილა კლანურ წესებს და ფსევდო სოლიდარობის აქტში არ მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, პატივისცემას იმსახურებენ ის მოსამართლეები, რომლებმაც 4 მოსამართლის უარის შემდეგ დათანხმდნენ ვიზიტს.

მოსამართლეების ეს გადაწყვეტილება მათ მედეგობაზე მიუთითებს.

განსაკუთრებით ახლა, მოსამართლეების მიმართ ამ ინტენსიური ხელისუფლების განცხადებებისა და საპარლამენტო უმრავლესობის ე.წ. პოლიტიკური სოლიდარობის ფონზე“, – წერს ნაზი ჯანეზაშვილი Facebook-ზე.