ორგანიზაცია Transparecia Electoral საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

21
spot_img

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, Transparencia Electoral-ის მიერ არჩევნებზე დასაკვირვებლად გამოგზავნილმა დელეგაციის წევრებმა გამართეს შეხვედრები, ასევე დააკვირდნენ საარჩევნო პროცესში დანერგილი ტექნოლოგიის მუშაობას.

„გასულ შაბათს, 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც პარლამენტის 150 წევრი აირჩიეს, დაახლოებით 60%-იანი აქტივობით. Transparencia Electoral-მა არჩევნებზე დასაკვირვებლად მიავლინა მოკლევადიანი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ გენერალური დირქტორი ედუარდო რეპილიოზა-ფერნანდესი და საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი მარსელო პერეგრინო ფერეირა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა ჯეკ კობს, რომელიც წარმოადგენს Pro V&V-ის ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნების დღეს გამოყენებული სისტემების აუდიტზე. კობმა განმარტა ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო დანადგარისა (VIU) და ხმების დათვლის ოპტიკური სკანერის (PCOS) მუშაობის დეტალები, ტექნოლოგიის, რომელიც საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის საკვანძოა.

არჩევნების დღემდე ელექტრონული ხმის მიცემის აღჭურვილობა, რომელსაც ამომრჩეველთა 90% იყენებდა, გაიგზავნა რაიონულ საწყობებში საარჩევნო ცენტრებში დასარიგებლად, რა დროსაც მათ დაცვას უსაფრთხოების ძალები უზრუნველყოფდნენ. დელეგაცია ასევე შეხვდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს. საუბარი შეეხო ცესკო-ს მიერ გამჭვირვალობის სტანდარტების შენარჩუნების მნიშვნელობას ამ ახალი სისტემების დანერგვისას. ჩვენი დელეგაცია ასევე შეხვდა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ლევან ნატროშვილს, რომლის ორგანიზაცია საქართველოში არჩევნებზე მნიშვნელოვანი დამკვირვებელია, რომელსაც არჩევნების დღეს 1 500-ზე მეტი დამკვირვებელი ჰყავდა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს საზოგადოებრივი მოძრაობა მრავალეროვნული საქართველოს“ (PMMG) წარმომადგენლებს, რომელიც ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების უფლებების, მათ შორის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ხელშეწყობასა და დაცვაზე მუშაობს.

არჩევნების დღეს ჩვენმა დელეგაციამ დაათვალიერა თბილისის საარჩევნო უბნები, რათა დაჰკვირვებოდა საარჩევნო პროცესში დანერგილი ტექნოლოგიის მუშაობას. ამ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა საარჩევნო მისიებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკური აქტორები შეთანხმდნენ იმაზე, რა უპირატესობებს მოიტანდა ეს და რომ ის გამართულად მუშაობდა არჩევნების დღეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ცესკო-მ დიდი ძალისხმევა მიმართა საარჩევნო ტექნოლოგიების დასანერგად, რათა გაეუმჯობესებინა არჩევნების გამჭვირვალობა და ეფექტურობა.

„ხელისუფლებამ დააყენა ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის 7 508 აპარატი, ხმების მთვლელი 4876 ოპტიკური სკანერი და 2263 პლანშეტი. არსებული ცნობებით, 14 647 ტექნოლოგიური მოწყობილობიდან 99,86% გამართულად მუშაობდა. დელეგაციის მიერ შეგროვებული ანგარიშებისა და დაკვირვების თანახმად, ტექნიკური დახმარება ხელმისაწვდომი იყო არჩევნების დღეს წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად. ასევე თვალს ადევნებდა არჩევნების დღის შემდგომ მოვლენებს და გააანალიზა ანგარიშები სხვა ეროვნული და საერთაშორისო დელეგაციების, რომლებიც ახორციელებდნენ გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას, სადაც ისინი აფრთხილებდნენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტმა მიიღო კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობის შეზღუდვას და სახელმწიფო რესურსები გამოიყენებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

მიუხედავად იმისა, რომ Transparencia Electoral-ს არ ჰქონდა დრო და რესურსი წინასაარჩევნო კვლევის ჩასატარებლად, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს საჩივრები და ბრალდებები პასუხისმგებლობით და ფორმალურად უნდა იყოს წარმოდგენილი ქართული ინსტიტუციური არხებით. ცესკო-ს გადაწყვეტილება, გადაეთვალა ხმის მიცემის უბნების 12%, რაც ამომრჩეველთა 14%-ის ეკვივალენტურია, იყო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად მიღებული ზომა, რომელმაც დაადგინა, რომ წინასწარ და საბოლოო დათვლას შორის, პრაქტიკულად, არანაირი განსხვავება არ იყო“, – ნათქვამია Transparencia Electoral-ის განცხადებაში.

ორგანიზაცია Transparencia Electoral მოუწოდებს კომპეტენტურ ინსტიტუტებს, პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით შეტანილ საჩივრებზე განხილვისა და დროული რეაგირების მექანიზმები დააჩქარონ.

„დემოკრატიის სიჯანსაღე დიდწილად ეყრდნობა აქტორების ნდობას კანონის უზენაესობის მიმართ, ამიტომ მათ, ვინც მიიჩნევს, რომ ზიანი მიადგა მათ პოლიტიკურ უფლებებს, უნდა ჰქონდეთ ქმედითი ინსტიტუციური პასუხის იმედი. ანალოგიურად, საჩივრების განხილვის შემდეგ, მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანობისა და არჩევნების სამართლიანობის პირობების შესაძლო გაუმჯობესების შესახებ დისკუსიისთვის ახალი სივრცეების ხელშეწყობა. ამ თვალსაზრისით, Transparencia Electoral-ს შეუძლია გამართოს შეხვედრები სხვადასხვა პოლიტიკურ, ინსტიტუციონალურ და სამოქალაქო საზოგადოების აქტორებთან, რათა გაიგოს მათი შთაბეჭდილებები და ამით შეიმუშაოს ადმინისტრაციული, საკანონმდებლო წინადადებები არჩევნებისა და ინსტიტუტების მიმართ ნდობის გასაუმჯობესებლად. ამჟამინდელ კონტექსტში აუცილებელია, რომ ყველა აქტორმა შეინარჩუნოს ღია პოზიცია და დაადასტუროს თავისი ერთგულება დემოკრატიისა და არჩევნებისადმი, როგორც ხალხის სახელით მთავრობების შექმნის ერთადერთი ლეგიტიმური გზისადმი“, – აღნიშნულია Transparencia Electoral-ის განცხადებაში.

Transparencia Electoral-ი არჩევნების დროს გამოყენებული ტექნოლოგიის შესახებ სრულ ანგარიშს მომდევნო დღეებში გამოაქვეყნებს.