ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს მიმართეს, 11 აპრილს რიგგარეშე სხდომა აღარ დანიშნოს

47
spot_img

დღეს მეორედ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მიერ გაგზავნილი მიმართვის შემდეგ, რომელიც ეხებოდა, ხვალ, 11 აპრილს რიგგარეშე სესიის მოწვევას, მოულოდნელად ორმა დეპუტატმა დაუგეგმავად დატოვა საქართველო. ამიტომ ხვალ ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, სხდომა მაშინ უნდა გაიმართოს, როდესაც ოპოზიცია სრულად იქნება პარლამენტში.

როგორც კორძაიამ დააზუსტა, საუბარია ლევან ხაბეიშვილსა და ანა წითლიძეზე.

„იმისთვის, რომ აღმოვფხვრათ ზედმეტი ინტერპრეტაციები, ამ თხოვნის მიზანი პრეზიდენტისადმი არის ის, რომ საქართველოს პარლამენტში მყოფი ოპოზიცია შეთანხმებულია საგამოძიებო კომისიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და ამიტომ, გვსურს, რომ კენჭისყრა ჩატარდეს სწორედ მაშინ, როცა ოპოზიცია სრულად იქნება პარლამენტში წარმოდგენილი. ბოდიშს ვუხდით პრეზიდენტს, რომ ეს დაუგეგმავი ვითარება შეიქმნა. მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ხვალინდელი სხდომა არ მოიწვიოს“, – განაცხადა კორძაიამ.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ მათთვის მთავარია, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებული საკითხი არ ჩავარდეს და მომავალ კვირას გაიტანონ კენჭისყრაზე.

სამნიძის განცხადებით, წინასწარ შეთანხმებული იყო მთელი ოპოზიცია, რომ იქნებოდნენ მობილიზებული და იმედი აქვს, ასეთი ტიპის პრობლემები არ შეიქმნება მომავალ კვირას.

„ოპოზიციაში საკმარისი ხმები არის, ოპოზიცია შეთანხმებულია, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, ოპოზიციაში გააზრებულია, რომ ამ საკითხის ბოლომდე მიყვანა, კომისიის შექმნა არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა თითოეული ოპოზიციონერი დეპუტატის, ვინც იქნება დარბაზში ამ საკითხის კენჭისყრის დროს. ჩვენ შეგვეძლო, კენჭისყრაზე გაგვეტანა ეს საკითხი. ამიტომ მივმართეთ დილით პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნასთან დაკავშირებით, მაგრამ, ბოდიშს ვიხდით ამისთვის, ახლა, საღამოს გვიწევს მიმართვა, რომ არ ჩაინიშნოს რიგგარეშე სხდომა. აქვე, ხაზი უნდა გავუსვა, რომ ეს საკითხი დარეგისტრირებულია, საკითხს სჭირდება მხოლოდ კენჭისყრა და ჩვენ შეგვიძლია, კენჭი ვუყაროთ კომისიის შექმნას მომავალ კვირას მორიგ სხდომაზე. ანუ, საკითხი დღესაც დგას დღის წესრიგში და ჩვენი ამ ბრიფინგის მიზანია, ეს საკითხი გადაწყდეს და მორიგ სხდომაზე გავიტანოთ კენჭისყრაზე. თუ ამას არ გავაკეთებდით, შეიძლება, საკითხი ჩავარდნილიყო და ამ საკითხის მნიშვნელობას იაზრებს თითოეული ოპოზიციონერი. ამიტომ მობილიზება იქნება მომავალ კვირას, მორიგ სხდომაზე, სადაც აუცილებლად იქნება დღის წესრიგში კომისიის შექმნის საკითხი. ჩვენ წინასწარ არ ვიცოდით, 52 ოპოზიციონერი დეპუტატი და მანდატი არსებობს პარლამენტში, ვიცოდით, რომ საკმარისი ხმები გვქონდა, სწორედ ამიტომ მივმართეთ პრეზიდენტს, მაგრამ არ ვიცოდით, რომ მოგვიანებით, როცა უკვე გაიგზავნა თხოვნა პრეზიდენტთან, ქალბატონმა წითლიძემ და ბატონმა ხაბეიშვილმა დატოვეს ქვეყანა, როგორც ვიცი, დაუგეგმავად. იმედი მაქვს, ასეთი ტიპის პრობლემები არ შეიქმნება მომავალ კვირას, სხვა ინფორმაცია არ მაქვს. წინასწარ შეთანხმებულ იყო მთელი ოპოზიცია, რომ ვიქნებოდით მობილიზებულად ყველანი აქ, დავთვალეთ ხმები, შევუთანხმდით ერთმანეთს, 50 ხმა იყო საკმარისი, რათა შექმნილიყო და კენჭი გვეყარა ხვალ, მაგრამ რადგან ასეთი ვითარება აღარ არის ამ საღამოსთვის, ვთხოვეთ პრეზიდენტს, არ ჩაინიშნოს რიგგარეშე სხდომა და ამ საკითხს გავიტანთ მომავალ კვირას, მორიგ სხდომაზე“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ოპოზიციამ პრეზიდენტს  11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით დღეს, დღის პირველ ნახევარში მიმართა.

ამასთან, ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო პოლონეთიდან, რომელზეც მასთან ერთად არიან ანა წითლიძე, გიული ალასანია, გიორგი ჩალაძე და ევროპარლამენტის წევრი პოლონეთიდან ანა ფოტიგა.