“ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნა იმისთვის სჭირდება, რომ თქვან, თითქოს სასამართლოში ხდება უბედურება” – მამუკა მდინარაძე

55
spot_img

ვინმეს მიაჩნია, რომ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნა იმისთვის უნდა, რომ სასამართლოში მიღწეული პროგრესი დაადასტუროს?! არა, რა თქმა უნდა, მათ ეს იმისათვის სჭირდებათ, რომ თქვან, რომ სასამართლოში ხდება უბედურება მაშინ, როცა ეს ასე არ არის და ამით შეაფერხონ საქართველოს ევრო ინტეგრაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გუშინდელი გადაწყვეტილება ბუნებრივია არ შევცვალეთ! სოლიდარობა ქართულ სასამართლოს! თქვენ იცით, რომ წლის ბოლოს ევროკავშირმა შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, საქართველოს მისცეს თუ არა კანდიდატის სტატუსი. ეს სტატუსი ერთხელ ჩვენ არ მოგვეცა უსამართლოდ. ეს თავად ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კრიტერიუმებით დამტკიცდა და სხვას რას შეიძლება ემსახურებოდეს ახლა სასამართლოს თემაზე კომისიის შექმნა, თუ არა საბოტაჟს იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობასა“ და მთელ მის კლასტერს ვერ წარმოუდგენია „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ყველაფერს აკეთებენ ამის გამოსარიცხად. საზოგადოებამ გადაწყვიტოს რას შეიძლება ემსახურებოდეს სასამართლოსთან დაკავშირებული კომისიის შექმნა მაშინ, როდესაც საქართველოში გატარებული რეფორმებისა და პროგრესის საფუძველზე ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ. შესაბამისად, ამას სხვაგვარი პასუხი ობიექტურად ვერ გაეცემა. მტკიცებულებების გარეშე გვისანქცირებენ მოსამართლეებს, სავიზო შეზღუდვებს უწესებენ და შენ, ოპოზიციონერი რომ გქვია, ნაცვლად იმისა, რომ დადგე ქვეყნის გვერდით და თქვა, რომ მტკიცებულებების გარეშე ეს დაუშვებელია, პირიქით, ამის საფუძველზე ამბობ, რომ ჩვენ ახლა უნდა შევქმნათ მტკიცებულებები და შევქმნათ კომისია. ვინმეს მიაჩნია, რომ ოპოზიციას ამ კომისიის შექმნა იმისთვის უნდათ, რომ სასამართლოში მიღწეული პროგრესი დაადასტუროს?! არა, რა თქმა უნდა, მათ ეს იმისათვის სჭირდებათ, რომ თქვან, რომ სასამართლოში ხდება უბედურება, როცა ეს ასე არ არის და ამით შეაფერხონ საქართველოს ევროინტეგრაცია“,- განაცხადა მდინარაძემ.

აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

პარლამენტის 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა.

სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ კორუმის არარსებობის გამო ვერც 19 აპრილს შედგა. ამის მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.