„ეს ბინძური კამპანია ემსახურება მხოლოდ ცხრა წლის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის, სააკაშვილის მიერ დამკვიდრებულ მავნებლურ პრაქტიკას, რომელიც სახელმწიფოს, ქართველი ხალხის სახსრებს იყენებდა პირადი სარგებლობისთვის, ოჯახის სარგებლისთვის. ყველას კარგად გვახსოვს ვიზაჟისტების, მასაჟისტების მიმოფრენა აქეთ-იქით საკუთარი სიამოვნებისთვის, ისევე როგორც ათასი გაუგებარი საჩუქარი სხვადასხვა ქალბატონისთვის, იყო ეს სამაჯურები, საათები, ტელეფონები თუ ა.შ. კომერციული მიზნით პრემიერ-მინისტრის მიერ შესრულებული ეს რეისი არის არა ქართველი ხალხის, სახელმწიფო ხარჯებით, არამედ პირადი ხარჯებით დაფინანსებული, რისი უფლებაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. აღნიშნული ბორტი იმყოფება ისეთი კომპანიის ბალანსზე, რომელსაც საკუთარი წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით აქვს აბსოლუტური უფლება, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, იქნება ეს პრემიერ-მინისტრი თუ ნებისმიერი თქვენგანი, თუ გექნებათ და ღმერთმა მოგცეთ საშუალება, მიაქირაოს ეს ბორტი და მოემსახუროს მას. ამაში დანაშაულის შემცველი არაფერი გახლავთ.
ოპოზიცია ახლა ცდილობს ცხრა წლის განმავლობაში დატოვებული ბინძური კვალის გადაფარვას. საკუთარი ოჯახის წევრების სწავლის დაფინანსების გადაფარვა არ მოხერხდება. არც „ტვ პირველის“ სიუჟეტით მოხდება და არც ბინძური მოლაპარაკე თავების მიერ გავრცელებული ინფორმაციით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოიქცა აბსოლუტურად დადგენილი წესით, იმ შესაძლებლობის გამოყენება მოახერხა, რაც არის აბსოლუტურად შეთავსებადი საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან“,- აღნიშნა ოდიშარიამ.