“ოპოზიცია ცდილობს ეს შანსი გამოიყენოს“ – რატომ არ უნდა „ქართული ოცნებას“ საგამოძიებო კომისიის შექმნა

533
spot_img

„ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობა“ იგივე აღარ არის, რაც აქამდე იყო და კეზერაშვილის სკანდალის შემდეგ მით უმეტეს ვერ იქნება,“- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა არეულობაა. თბილისში ნიკა მელიას პოლიტიკური ოფისის გახსნას 15 აპრილს განცხადებით გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. როგორც ოპოზიციურმა პარტიამ თქვა, ყველას აქვს უფლება დამოუკიდებელი პარტია ჩამოაყალიბოს, თუმცა მიუღებელია ენმ-ის სახელით ამავე პარტიაზე თავდასხმები.

აღნიშნულ განცხადებას ნიკა მელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომელიც დღის წესრიგში დადგა არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ, (რომელიც ვაღიარე, მივულოცე და ვუსურვე ეპოვათ თავის თავში ძალა პარტია ემართათ ღირსებითა და სიმართლით), არამედ წარმოუდგენლად უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ, რამაც პარტია პრაქტიკულად ორად გაყო.

სწორედ ამ “ყრილობის” შემდეგ, დარჩა პარტიის ძალიან ბევრი წევრი (დაფუძნების დღიდან) პარტიის კარს მიღმა და ასევე ძალიან ბევრი ისეთი თანამოაზრე, რომელიც პარტიის ბრძოლას არა მთავრობაში, არამედ ოპოზიციაში ყოფნის დროს შემოუერთდა – ეს ხალხი გახდა მიუღებელი ახალი მენეჯმენტისათვის მათი პოზიციის გამო. ბოლო პერიოდში პარტიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა თბილისში. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეგრძელებინა ოპოზიციური აზრის კონსოლიდაცია და საერთო მიზნისათვის ბრძოლა და როგორც თბილისში გახსნილი ოფისის, ისე ჩვენი მიზნების შესახებ ეცნობა პარტიის მენეჯმენტს. ძალა არა ერთფეროვნებაში, არამედ განსხვავებულთა ერთობაშია!,”- წერს ნიკა მელია.

ლევან ხაბეიშვილი კი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბაჩო დოლიძე და ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის საკითხზე უნდა კონცენტრირდნენ.

„თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ, ვინ გადავაგდოთ, მითხარი. დავიღალე მართლა, აღარ შემიძლია. თავმჯდომარედ ამირჩია ხალხმა და პასუხისმგებლობა ხომ მაქვს,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

აღნიშნული მოვლენების პარალელურად, პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 51-მა წევრმა. კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ვერ შედგა. სხდომაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მიიღეს გადაწყვეტილება, არ გაიარონ რეგისტრაცია კენჭისყრამდე.

„ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ შეაფასა.

– რას მოუტანს „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის ორად გაყოფა? როგორ აისახება ეს მათ იმიჯზე და დაკარგავს თუ არა ამომრჩეველს?

– „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ფიქსირებული ამომრჩეველი ჰყავს. აქ უბრალოდ ამ ამომრჩევლების გაყოფაზე იქნება საუბარი, ანუ ვინ რამდენ პროცენტს წაიღებს. ჩემთვის ისედაც, დღემდე გაუგებარია „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორ უნდა დაუჭიროს კაცმა მხარი, მაგრამ ნახევარ მილიონამდე ადამიანია, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე მათ მხარს უჭერს. საუბარი იმაზე, რომ ამომრჩევლების ნაწილი უარს იტყვის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ძალიან საეჭვოა. სანამ იარსებებენ ძირითად ბირთვს მაინც შეინარჩუნებენ. დავუშვათ, თუ ორად გაიყოფა და მელია ცალკე გავა (ვფიქრობ, ჯერ არ გააკეთებს და არ გადადგამს ნაბიჯს) გაიყოფა იმ პროპორციით, როგორიც მელიას და ხაბეიშვილის მხარდაჭერა იყო. შეიძლება გადათამაშდეს კიდეც, რადგან ხაბეიშვილის დაპირებები „გამოკიდებული“ დარჩა. შესაძლოა, მელიას უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავდეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვიდრე ხაბეიშვილს. მაგრამ თუ ლაპარაკი იმაზეა, რომ კეზერაშვილის ამბავი და სხვა მოვლენები მოხდება პარტიაში, ან „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველი უარს ეტყვის და ა.შ. – ასეთი მოვლენები არ განვითარდება. უფრო სავარაუდოა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყოფა და შესაბამისად – ამომრჩეველიც. დღეს ეს გაყოფა რომ მოხდეს, ორივე ნაწილი არჩევნებში ბარიერს გადალახავს. 5% ბარიერის გადალახვის პრობლემა მათ არ უნდა შეექმნათ, მელია იქნება ეს, თუ ხაბეიშვილი.

– რატომ მოითხოვს ოპოზიცია დაჟინებით საგამოძიებო კომისიის შექმნას?

– ოპოზიცია ცდილობს ეს შანსი გამოიყენოს. შესაძლოა ამას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მოჰყვეს, მაგრამ არსებობს თვალსაზრისი, რომ ასე საკუთარი მოქმედების სტრატეგია და პროპაგანდა ააგოს. ოპოზიცია ცდილობს გამოიყენოს ეს და სწორადაც იქცევა, რადგან მათი ვალი სწორედ ესაა. თან სასამართლოს თემა ყოველთვის მტკივნეული იყო და რატომ არ უნდა გამოიყენოს ეს თავის სასიკეთოდ?!

– „ქართულ ოცნება“ ეწინააღმდეგება საგამოძიებო კომისიის შექმნა. რატომ არ აწყობთ და რა შეიძლება მივიღოთ ამ კომისიის შექმნის შემდეგ?

– რაც შეეხება იმას, რომ „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს კომისიის შექმნას – აქაც ძალიან ბუნებრივი თემაა, რადგან კომისია იმას მოახერხებს (თუ კარგად იმუშავა), რომ ამ 4 პირის მიმართ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტებს ამოიღებს და დადებს. თუ კომისია შეიქმნა ამაში დარწმუნებული ვარ. ისედაც შეუძლია რომ ეს ოპოზიციამ გააკეთოს, მაგრამ, როცა კომისია შეიქმნება, იქ უკვე ვალდებულებაა, რომ ყველა მათგანი მივიდეს და შესაბამის კითხვებს გასცეს პასუხი. თუ არასამთავრობო სექტორი აიღებს ან თუნდაც საპარლამენტო ჯგუფი, ვალდებულებაა უკვე იმის, რომ მივიდეს მოსამართლე და რომელიმე პირი, რომ მისცეს განმარტებები. ამიტომ ცდილობს „ქართული ოცნება“ კომისია არ შეიქმნას და დარწმუნებული ვარ ყველაფერს გამოიყენებს, რომ მის შექმნას ბოიკოტი გამოუცხადოს და იზოლირება გაუკეთოს.

/ ნინო ოთარაშვილი /