ოპონენტებს რუსეთთან მიმართებით ორმაგი სტანდარტი აქვთ, სადაც საქმე ეხება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, იქ გვაქვს როგორც პრაგმატული, ისე პრინციპული პოზიცია და ამას გავყვებით ბოლომდე -პრემიერი

7
spot_img

საქართველო-რუსეთის ურთიერთობების კუთხით ყველაფერი ცხადია; პრინციპში, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა გარშემო, ვისაც რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იგივე მოლდოვას, მეზობელ სომხეთს და საქართველოს გარშემო პრაქტიკულად ყველა ქვეყანას აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან.

„საქართველოს დღესაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები. ამის მიზეზი არის ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. საბოლოო ჯამში, ყველას მოეხსენება, რაც არის ჩვენი პოლიტიკის ხაზი – ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა, ამასთან ერთად ეს პოლიტიკა არის აბსოლუტურად პრინციპული. აქტიურად ვმუშაობთ არაღიარების მიმართულებით. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ის ციფრი, რაც დაგვრჩა 2012 წელს ე.წ აღიარების ნაწილში, უცვლელია და ვახერხებთ ამ პოლიტიკის სათანადოდ წარმატებით წარმოებას. ჩვენი პოლიტიკა არის აბსოლუტურად ცხადი. დანარჩენი ყველაფერი სპეკულაციებია და არის უამრავი ყალბი ემოცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ რუსეთთან დამოკიდებულებაში ოპონენტების ორმაგ სტანდარტებზე ისაუბრა.

„როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში რუსულ ენაზე გამოდიოდა ვიღაც, ეს იწვევდა ხოლმე სერიოზულ აღშფოთებას, თუმცა იყო სხვა ფაქტებიც. როდესაც „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ აქციაზე რუსულ ენაზე სიმღერა შესრულდა, ამას არავითარი მღელვარება არ გამოუწვევია. ასევე გახსოვთ, რომ უკრაინელმა, თუ როგორც არის, პოლიტიკოსმა არახამიამ, უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, რუსულ ენაზე მიმართა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას და იქაც არავის მღელვარება ამას არ გამოუწვევია. იქ არის ორმაგი სტანდარტი, ბევრი სიყალბე. ჩვენ არ გვაქვს არავითარი სიყალბე, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხაზები. არ გვჭირდება არც ჭარბი სიძულვილის და აგრესიის გამოვლენა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება პრინციპულობა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ პრობლემებს. სადაც საქმე ეხება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, იქ გვაქვს ჩვენ როგორც პრაგმატული, ისე პრინციპული პოზიცია. ამას გავყვებით თავიდან ბოლომდე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვას, ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი პირების ქვეყანაში შემოსვლის კონტროლის შესახებ მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ კანონის აღსრულება კონტროლდება და შესაძლოა, ვინმეს კონკრეტული შემთხვევა გაეპაროს, თუმცა ყოველ ჯერზე მოწმდება, აქვს თუ არა დარღვეული ვიზიტორს ოკუპაციის შესახებ კანონი.

„2016 წელს, ზაფხულში საქართველოში გაიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია, სადაც მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და მაშინდელი ოპოზიცია „ნაცმოძრაობა“ შეჯერდნენ იმაზე, რომ ნება უნდა დაერთოთ დუმის ოთხი დეპუტატისთვის, შემოსულიყვნენ საქართველოში და დასწრებოდნენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას. დუმის ოთხი დეპუტატი, რომელსაც ჰქონდა ოკუპაციის შესახებ კანონი, ოფიციალურად ესწრებოდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას. ეს იყო სლუცკი, ეფ-ეს-ბეს ყოფილი ხელმძღვანელი და ა.შ. ანუ მაშინ იყო ასეთი დამოკიდებულება. ახლა ამაზეც არის ორმაგი სტანდარტი და ეს ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ გვაქვს ერთი სტანდარტი – თან პრაგმატული პოლიტიკა, თან პრინციპული პოლიტიკა ყველა საკითხთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებულია იმაზე, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები იყოს დაცული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.